რომანი და დეტექტივი

„ვენსერემოს“ ანუ ჩვენ გავიმარჯვებთ

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 13 წუთის წინ

ფოტო
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #42 (1347)

გვირაბის გამთხრელს ორი ახალგაზრდა მოვუყვანე და მუშაობაც გაჩაღდა. ლუის კორვალანი, საკონცენტრაციო ბანაკის კარცერში იხდიდა ტყვეობას და სწორედ იმ კარცერამდე ითხრებოდა გვირაბი. თორმეტი დღე რომ გავიდა, მთხრელმა მითხრა:

– შვიდიოდე მეტრი დარჩა და ხვალ კორვალანი თავისუფალი იქნება. პირდაპირ მოსკოვის გზას გავუდგებით. მას ჩვენ ზღვით ჩავიყვანთ კუბაში, იქიდან კი თვითმფრინავით – მოსკოვში.

– რომელ საათზე გამოიყვანთ მას?

– ღამის თორმეტზე. მაგ დროისთვის შემოწმება უკვე დასრულებული იქნება და ხელს არავინ შეგვიშლის.

ნათქვამია, კაცი ბჭობდაო... ხელის შემშლელი ბუნებრივი სტიქია აღმოჩნდა. მეორე დღეს სანტიაგოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ძლიერი არ ყოფილა. არავინ და არაფერი დაშავებულა, თუმცა, გვირაბს ეყო – საპყრობილეში მიწა ჩავარდა. გვირაბი გაიშიფრა და კვალი რომ გამოიკვლიეს, მიხვდნენ, კორვალანს „პაბეგს“ უწყობდნენ. ამიტომ ჩილეს პირველი კომუნისტი მეორე სართულზე, დაჯავშნულ საკანში გამოკეტეს, დაცვა გაუძლიერეს და მისი გაქცევის ყველა საშუალება მოისპო.

ლუის კორვალანმა ასეთ ყოფაში თითქმის 3 წელი – 34 თვე გაატარა და 1976 წლის 18 დეკემბერს შვეიცარიაში, საბჭოთა პოლიტიკურ პატიმარ ბუკოვსკიზე გაცვალეს. ლუის კორვალანი აეროპორტიდან პირდაპირ კრემლში მიუყვანეს ბრეჟნევს. საბჭოთა ლიდერი ჩილეს პირველ კომუნისტს გულთბილად შეხვდა. მაგრად ჩაიხუტა გულში და რუსული ტრადიციისამებრ სამჯერ გადაკოცნა... სენიორ ლუისი მოსკოვში დაასახლეს. ჩიტის რძესაც არ აკლებდნენ და ბრეჟნევს ის სრულ კომფორტში ჰყავდა. ხოლო როდესაც ბრეჟნევი გარდაიცვალა და მისი ადგილი „კაგებეს“ ყოფილმა შეფმა იური ანდროპოვმა დაიკავა, მან კორვალანის გააქტიურების ბრძანება გასცა. უკვე ქვეყნის ხელმძღვანელმა ანდროპოვმა ჩებრიკოვი დაიბარა და უთხრა:

– კორვალანი სადაა და რას საქმიანობს?

– დიდს არაფერს, იური ვლადიმიროვიჩ. კომფორტულად ცხოვრობს ფეშენებელურ აპარტამენტებში, მოსკოვის ცენტრში, ცოლთან ერთად. დროდადრო საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლებს ხვდება და ლაყბობითაა დაკავებული. ფაქტობრივად, ბუტაფორიაა.

– რამდენი წლისაა?

– სამოცდაშვიდის.

– დროა ეს ბუტაფორია გავააქტიუროთ. როგორც ვიცი, საკმაოდ ენერგიული და ჯანმრთელია. დროა თავის სამშობლოში დაბრუნდეს და საქმეს მიხედოს. პინოჩეტი უკვე 10 წელია, ქვეყანას მართავს და მთელი ოპოზიცია თითქმის მოსპო.

– რა ფორმით უნდა დაბრუნდეს ჩილეში კორვალანი?

– პირდაპირი ფორმით. ფიზიკურად. ოდნავ სახეშეცვლილი.

ერთი სიტყვით, ლუის კორვალანს პლასტიკურმა ქირურგებმა ოსტატურად შეუცვალეს სახე და საკმაოდ გააახალგაზრდავეს კიდეც. ლუბიანკაზე მას არგენტინელი პროფესორის საბუთები დაუმზადეს და „კაგებეს“ ოფიცერთან ერთად, არგენტინის გავლით სანტიაგოში ჩამოიყვანეს. ცენტრიდან უკვე მიღებული მქონდა ინფორმაცია კორვალანის შესახებ და მისი კურატორობა დამევალა. მაგრამ კორვალანს არ უნდა სცოდნოდა, რომ ვიცოდი მისი ნამდვილი ვინაობა. იმავდროულად, მას არ უნდა ეგრძნო, რომ კურატორი ჰყავდა და ჰგონებოდა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა სრული კარტბლანში. ერთი სიტყვით, კორვალანს უნდა შექმნოდა ილუზია, რომ ის იყო ყველაფრის ყველაფერი. კორვალანის თანმხლებმა პირადად გამაცნო მოსკოვიდან დანაბარები და დაამატა:

– ცენტრმა ძალიან გთხოვათ, რომ კორვალანის მიმართ ყველა ეს პირობა დაიცვათ და ის არ მიხვდეს, რომ თქვენ იცით, ვინაა სინამდვილეში.

– თქვენთან დაკავშირებით როგორაა საქმე? – ვკითხე თანხმლებს.

– მან იცის, რომ მე არ ვიცი, კორვალანი რომაა.

– გასაგებია. კიდევ რამე გაქვთ ჩემთვის გადმოსაცემი?

– დიახ. აქ მე საგანგებო მისიით ვარ ჩამოსული და მხოლოდ კორვალანის თანხლება არ მევალებოდა. თქვენ კი სათადარიგო ვარიანტის განხორციელებაში უნდა დამეხმაროთ, თუკი ასეთი საჭიროება დადგება.

– გისმენთ. მზად ვარ, ყველანაირად დაგიდგეთ გვერდში.

– მე აუგუსტო პინოჩეტის ლიკვიდაცია მაქვს დავალებული. ის პუტჩის მეათე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას უნდა გავანეიტრალო ლა მონედას აივანზე. შემდგომ კი ბუენოს-აირესში გავფრინდე. თქვენ ორი რამ გევალებათ: პირველი – თუკი სანტიაგოდან დროულად გასვლას ვერ მოვახერხებ, მაშინ საიმედო კონსპირაციულ ბინაში უნდა დამმალოთ. მეორე კი ისაა, რომ პინოჩეტის მკვლელობა კინოფირზე უნდა გადაიღოთ თქვენი სახლიდან და შემდგომ ეს კადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

მოსკოვიდან ჩამოსულის სიტყვები ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვკითხე:

– სასროლი პოზიცია სადაა?

– თქვენი სახლის გვერდით სახლში, იქ, სადაც ჩილეს დღევანდელი მთავრობის ელიტა ცხოვრობს. მანძილი 500 მეტრია. ფეთქებადი ტყვიით განვახორციელებ ერთ გასროლას და პინოჩეტი იქვე განადგურდება.

– კარგი. წარმატებას გისურვებთ! იმედია, სათადარიგო ვარიანტის გამოყენება საჭირო არ გახდება. თუმცა, მე ყველაფერი მზად მექნება და საიმედოდ გადაგმალავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდატორი ესპანურად უზადოდ ლაპარაკობდა და მის ლათინოსობაში ეჭვის შეპარვა შეუძლებელი იყო, მე ის კავკასიელად მივიჩნიე. მეტიც, ჩემი აზრით, ის ქართველი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ასე რატომ ვიფიქრე, ნამდვილად არ ვიცი. და აი, დადგა 1983 წლის 11 სექტემბერი. საღამოს 6 საათზე პინოჩეტი ლა მონედას აივანზე გამოვიდა და გამოსვლა დაიწყო ათეულ-ათასობით ადამიანის წინაშე, რომლებიც მოედანზე იყვნენ შეკრებილი. მე კი ვიდეოკამერა მოვიმარჯვე და გადაღება დავიწყე. სულ რაღაც, სამიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ აუგუსტო პინოჩეტს მკერდი აუფეთქდა და დარტყმის ტალღამ შენობის ოთახში შეაგდო. მოედანზე შეკრებილი ხალხი კი აჩოჩქოლდა. ქალაქში ხმა გავარდა, პინოჩეტი მოკლესო. ლიკვიდატორი აღარ გამოჩენილა და როგორც მივხვდი, მან მშვიდობიანად გაასწრო ბუენოს-აირესში... დავალება შესრულებული იყო, მაგრამ რეალობა კი – სულ სხვა. ზუსტად საღამოს 8 საათზე ტელევიზიით საღ-სალამათი პინოჩეტი გამოვიდა და თქვა, რომ მკვლელის ტყვიისგან ის ჯავშანჟილეტმა იხსნა. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუე იყო – ჩემ მიერ გადაღებულ კადრებშიც აშკარად ჩანდა, თუ როგორ ააფეთქა ტყვიამ ის ადამიანი, ვისაც ლიკვიდატორის ტყვია მოხვდა. ის ადამიანი კი სინამდვილეში პინოჩეტის ორეული იყო და დიქტატორი ცოცხალი და საღ-სალამათი გადარჩა. პინოჩეტს ამერიკელი რჩეული აგენტები იცავდნენ. შეერთებულ შტატებს ჩილელი დიქტატორი ძალიან სჭირდებოდათ და ცივ ნიავსაც არ აკარებდნენ. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ამერიკელებმა „ცეერუს“ დახურული არხით „კაგებეს“ შეატყობინეს, რომ ნებისმიერი თავდასხმა პინოჩეტზე მისი ორეულის განადგურებით დასრულდებოდა და რჩევას იძლეოდნენ, რომ ორეულების ხოცვისგან თავი შეეკავებინათ. ეს საბჭოთა დაზვერვის სირცხვილი იყო. შესაბამისი პროფილის თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს იმის გარკვევა, რომ საჯარო გამოსვლების დროს პინოჩეტს ორეული ცვლიდა. ამიტომ ჩემ მიერ გადაღებული კადრების გავრცელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ისინი „კაგებეს“ არქივში იქნა შენახული. სამაგიეროდ, ამერიკელებმა გააჩაღეს მძლავრი სარეკლამო კამპანია და ეს შემთხვევა, ერთი მხრივ, ამერიკული სამხედრო საქონლის სადიდებლად გამოიყენეს. მეორე მხრივ კი, დაფარულად, საბჭოთა უშიშროებას ეუბნებოდნენ, რომ ამერიკული უსაფრთხოების სისტემა „კაგებესთვის“ შეუვალი იყო.

ლუის კორვალანმა, რომელიც არგენტინელი პროფესორის ლუის მენდოსას ვინაობით მოღვაწეობდა სანტიაგოს უნივერსიტეტში და როგორც შევატყვე ერნესტო ჩე გევარად წარმოედგინა საკუთარი თავი, პინოჩეტზე, თავდასხმასთან დაკავშირებით მითხრა.

– დიდი შეცდომა დაუშვა შემსრულებელმა.

– რას გულისხმობთ, სენიორ მენდოსა? – ვკითხე კორვალანს.

– პინოჩეტზე თავდასხმას.

– ანუ?

– ანუ ის, რომ სნაიპერს შაშხანის ნაცვლად ნაღმსატყორცნი უნდა გამოეყენებინა და არა მარტო პინოჩეტი განადგურდებოდა, არამედ ყველა იქ მყოფი.

გუნებაში გამეცინა კორვალანის სიტყვებზე. მას კი ვუთხარი:

– სავარაუდოდ, მასე უნდა მოქცეულიყვნენ და შეცდომა დაუშვეს.

კორვალანმა კი დაამატა:

– ახლა, იმ ნაძირალა პინოჩეტის ცხვირსაც კი ვერ გამოაყოფინებ გარეთ და მისი განადგურება ძალიან გაჭირდება. თუმცა, მე მაინც შევეცდები ამას.

– სენიორ ლუის, თქვენ, როგორც ვიცი, უფრო ხელმძღვანელის ფუნქცია გაკისრიათ, ვიდრე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, – ვცადე, დიპლომატიურად მივდგომოდი ჩილეს პირველ კომუნისტს. ტანმორჩილი კორვალანი კი ჩემმა ფრაზამ გააღიზიანა. რაც შეეძლო, გაიჭიმა. როგორც უკვე აღვნიშნე მას თავი ჩე გევარად წარმოედგინა და კოპებშეკრულმა მითხრა:

– ერთი მეორეს არ უშლის ხელს. ჩემი ლეგენდარული თანამემამულე, კომენდანტი ჩეც, აგრეთვე ფიდელიც (კასტრო) პირადად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში და მუსრს ავლებდნენ მტრებს.

– დიახ. სრულ სიმართლეს ბრძანებთ, სენიორ ლუის. მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. აქ თქვენ ხელმძღვანელად ხართ საჭირო. საბრძოლო დავალების შესასრულებლად კი გამოიძებნება ხალხი.

კორვალანს ესიამოვნა, რომ მას ხელმძღვანელი ვუწოდე და სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა. ის 68 წლის იყო, მაგრამ ლათინოსებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით გამოირჩეოდა და მასში შერწყმული იყო ემოციურობა და ავანტიურიზმი. ამ თვისებებს თან ერთვოდა სისასტიკეც. ანუ, კორვალანი მაკიაველის ფორმულას ემხრობოდა. მას მიაჩნდა, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენება შეიძლებოდა და თუკი მაგალითად, პინოჩეტის განადგურების საშუალება აფეთქების გზით გამოჩნდებოდა, არ აღელვებდა, რომ მასთან ერთად უამრავი ადამიანიც დაიღუპებოდა... კორვალანი ამ პრინციპს არ ღალატობდა. ერთი მხრივ, ცენტრს სთხოვდა, რომ მისთვის კარგად მომზადებული ამფეთქებლები მოემზადებინათ და ჩილეში გამოეშვათ. ის პირადად გეგმავდა საბრძოლო აქციებს და ყველა მათგანი სისხლიანი იყო. მოსკოვიდან კი ასეთი მითითებები მომდიოდა, ცენტრი მეუბნებოდა: ჩვენ მიერ მომზადებული კადრები გაფრთხილებული გვყავს, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლები უდანაშაულო სისხლი დაღვარონ, განახორციელონ ზუსტი წერტილოვანი დარტყმები. კორვალანს კი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ნურაფერში შეეწინააღმდეგებით. განსაკუთრებით დაგეგმვაში. დე, იფიქროს, რომ ის ერთპიროვნული მმართველია. რა უნდა მექნა? კორვალანის მიერ დაგეგმილი ყველა აქცია უკიდურესად სისხლიანი იყო. მარტო სანტიაგოს სამხედრო ყაზარმის აფეთქება რად ღირდა, სადაც უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა და დასახიჩრდა. ამ შემთხვევამ პინოჩეტის მხრიდან უკიდურესი რეაქცია გამოივწია. დიქტატორის „სიკვდილის ბრიგადებმა“ საშინელი ეგზეკუცია მოაწყვეს. მცირედი ეჭვის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ისინი ადამიანებს ადგილზევე ხვრეტდნენ. ან პოლიციის ჯურღმულებში მიათრევდნენ და წამებით კლავდნენ. ერთი სიტყვით, ჩილეში დიდი განუკითხაობა ტრიალებდა და პინოჩეტი ვერ ახერხებდა მომძლავრებული ტერორისტული ტალღის შეჩერებას. ზოგადად, მეოცე საუკუნის 80-იანი წლები საერთაშორისო ტერორიზმის აღზევებით გამოირჩეოდა და მათ ლომის წილი „კაგებეს“ მიერ მომზადებულ ტერორისტებზე მოდიოდა. ნაწილობრივ ეს ტენდენცია იური ანდროპოვის სიკვდილმა შეაჩერა, რომელიც 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. თუმცა, ჩილეში იატაკქვეშა ბრძოლა არ შეჩერებულა და მან, უბრალოდ, ნაწილობრივ შეცვალა ფორმები. „კაგებემ“ იმდენი მოახერხა, რომ პინოჩეტმა რეპრესიები გაანახევრა და ხალხმა ქუჩებში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ისინი უზარმაზარი ბანერებითა და „ვენსერემოსის“ სიმღერით ავსებდნენ ქუჩებსა და პინოჩეტის წასვლას მოითხოვდნენ. გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ და ამერიკელებთან საბჭოეთის დაახლოებამ პინოჩეტს ტახტი შეურყია. 1985 წლიდან უკვე თვით ამერიკელები აკრიტიკებდნენ მათ მიერვე დასმულ და მხარდაჭერილ დიქტატორს. დემოკრატიის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ და ძალაუფლებას ხელიდან აცლიდნენ. 1990 წელს პინოჩეტმა, ამერიკელების ზეწოლით, მას მერე, რაც 1988 წელს პლებისციტი წააგო, პრეზიდენტის პოსტი დათმო. კორვალანის იატაკქვეშეთში ყოფნა კი უკვე აღარ იყო საჭირო. და არც „კაგებეს“ ჰქონდა მისი დარდი. მე და ლენა კი მოსკოვში გამოგვიწვიეს და შვილებთან ერთად ვემზადებოდით სამშობლოში დასაბრუნებლად. ჩემი ბოლო დავალება კი კორვალანის არგენტინაში გაყვანა იყო, საიდანაც ის უკვე ლეგალურად დაბრუნდა ჩილეში. ბუენოს-აირესში კი პლასტიკურმა ქირურგებმა მას თავისი ნამდვილი სახე დაუბრუნეს. ჩვენ და ლუისი (კორვალანი) ერთი რეისით გავფრინდით არგენტინის დედაქალაქში. ლენა და ბავშვები აეროპორტში დავტოვე, რომ 3 საათში მოსკოვის რეისზე გადავმსხდარიყავით კორვალანი კი საიმედო მისამართზე მივიყვანე და ბედნიერება ვუსურვე. ჩილეს პირველი კომუნისტი, მოულოდნელად რუსულად დამელაპარაკა და მითხრა:

– თქვენც ბედნიერებას გისურვებთ, ამხანაგო!

მე კი გამეცინა. თუმცა, კონსპირაციის ნორმები მაინც არ დამირღვევია და ესპანურად ვუპასუხე:

– სენიორ, ვენსერემოს!..

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი