წარსულის ექო
ავტორი: ნია დვალი 48 წუთის წინ
შაბათ დილას მარიმ კარადიდან დოკუმენტების ყუთი გამოიტანა და პირდაპირ საძინებლის იატაკზე მოკალათდა. ერთ კვირაში დანიელი შეჯიბრებაზე უნდა წასულიყო, ხოლო მწვრთნელმა წინა დღეს მშობლების ჩატში დოკუმენტების გრძელი სია გამოაგზავნა: დაბადების მოწმობის ასლი, დაზღვევა, სამედიცინო ცნობა, ერთ-ერთი მშობლის პასპორტი. დოკუმენტები მალევე იპოვა და ის იყო, კარადის დახურვას აპირებდა, როდესაც მოგრძო კონვერტი შენიშნა, რომელიც მანქანის საბუთებს შორის იყო შეჩრილი. რატომღაც, გამოაძვრინა. მარიმ მექანიკურად გახსნა. ფურცლის ზემოთ გვარები ეწერა, შვილის და ქმრის. შემდეგ ეწერა: ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა. ბიოლოგიური მამობის ალბათობა – 99 მთელი და რაღაც ათეული პროცენტი. შედეგს არ გაუკვირვებია, სხვა რამ იყო გასაკვირი. ფურცელი გადააბრუნა. გამოკვლევის თარიღს დახედა – სამი კვირის წინანდელი იყო.
ამ სამი კვირის განმავლობაში ნიკა მასთან ერთად ჭამდა, მასთან ერთად ეძინა ერთ ლოგინში, საღამოობით ერთად უყურებდნენ ტელევიზორს და სიტყვაც არ დასცდენია იმის შესახებ, რომ არკვევდა, მათი შვილი, რომელიც თერთმეტი წლის ხდებოდა, იყო თუ არა მისი შვილი. ამ ფიქრებიდან დანიელის ხმამ გამოარკვია:
– დედა, სარდაფის გასაღები სად არის?
მარიმ სწრაფად დამალა ფურცელი.
– მამაშენის უჯრებში ნახე.
– იქ ვერაფერს იპოვი, ისეთი ამბავი ხდება.
– უნდა სცადო.
მარი ისევ იატაკზე იჯდა. შვილის თანდასწრებით სცენის მოწყობას არ აპირებდა. მით უმეტეს, რომ დანიელი ნახევარ საათში მეგობართან მიდიოდა, ხოლო საღამოს იმ ბიჭის მშობლები წაიყვანდნენ მწვრთნელთან. ამიტომ კონვერტი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და სახლის საქმეები წამოიწყო. სარეცხის მანქანა ჩართო. მარკეტში წავიდა პროდუქტების მოსატანად. თავის დასაც კი დაურეკა და მოახერხა, ემსჯელა იმის შესახებ, თუ რომელი პომიდორი სჯობდა დასამწნილებლად. საღამოს შვიდი საათისთვის ნიკა სამუშაოდან დაბრუნდა. ხელები დაიბანა, გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა, მაგიდაზე კონვერტი დაინახა და გაშეშდა. მარი ამ დროს სალათას ამზადებდა. ნიკას არ უკითხავს, სად იპოვა მარიმ კონვერტი. არც გაკვირვებია. არც უცდია კონვერტის აღება. სკამზე დაჯდა. ქმრის ამ მშვიდმა რეაქციამ, რატომღაც, უფრო გააბრაზა მარი, ვიდრე ის გააბრაზებდა, თავის გამართლება რომ დაეწყო.
– მარ, მოდი, ნორმალურად ვილაპარაკოთ.
– მე საერთოდ არაფერი მითქვამს. ჩემი ქმარი, რატომღაც, ჩუმად აკეთებს გენეტიკურ ტესტს.
ნიკამ უხერხულად თქვა:
– რომ მეთქვა, შენ ეს არ მოგეწონებოდა.
მარიმ და ნიკამ ერთმანეთი თოთხმეტი წლის წინ გაიცნეს. თითქმის ერთ წელს ხვდებოდნენ, შემდეგ ბინა დაიქირავეს და ერთად ცხოვრება დაიწყეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეს ხელი. კიდევ ორი წლის შემდეგ დანიელი დაიბადა. არასდროს ჰქონიათ კონფლიქტი, დროებითი განშორებები მათ ქორწინებაში არ ყოფილა. მარის ქმარი ღალატში არასოდეს გამოუჭერია, არც ნიკას – ის. ჰქონდათ ხოლმე ჩვეულებრივი ოჯახური კამათი, ყოფითი, უმნიშვნელო… ამიტომ მარის ახლა სურდა, მოესმინა, თუნდაც, ერთი მიზეზი, თუ რატომ მოიქცა ნიკა ასე: თუნდაც უსიამოვნო, თუნდაც სულელური, მაგრამ კონკრეტული. ნიკამ შორიდან დაიწყო:
– სამსახურში ლაპარაკი ჩამოვარდა.
მარიმ კიტრის ჭრა შეწყვიტა:
– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელება დასაწყისზე უკეთესი აღმოჩნდება.
– ბიჭები ჩვენს ერთ ყოფილ თანამშრომელზე ლაპარაკობდნენ. ალიმენტს იხდის, იქ რაღაც ისტორია იყო. ერთმა მოყვა ნაცნობზე, რომელმაც ათი წლის შემდეგ გაარკვია, რომ ბავშვი მისი არ იყო.
მარი ქმარს უყურებდა:
– მერე?!
– მერე საბამ თქვა: ნორმალურმა კაცმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმოს, მისია თუ არა შვილი. უბრალოდ იმიტომ, რომ ზუსტად იცოდესო.
რამდენიმე წამით სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა.
მარიმ მოულოდნელად იკითხა:
– ეს ის საბა არ არის, შარშან ნავის ძრავი რომ იყიდა კრედიტით და ნავი არ აქვს?
ნიკა შეიჭმუხნა:
– რა შუაშია ძრავი?
– ვცდილობ, განვსაზღვრო იმ ექსპერტის დონე, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის.
ნიკამ წყალი დაისხა:
– თავიდან მეც გამეცინა. მაგრამ, რატომღაც, თავში ჩამრჩა.
– კონკრეტულად რა?
– ნუ… დანიელი არ მგავს.
– ჯდომის ერთნაირი მანერა გაქვთ. ერთნაირი გემოვნება. ერთნაირი ჩვევები. კონკრეტულად რამ დაგაეჭვა?
– ჩვევებზე არ ვამბობ.
– აბა, რაზე?
– თვალები ყავისფერი აქვს.
– ჩემსავით.
– ვიცი.
მარიმ გაკვირვებულმა შეხედა:
– ნიკაპი სხვაგვარი აქვს.
– მამაჩემივით.
– ჰო, მამაშენს ჰგავს.
– კიდევ რა მტკიცებულებებმა გაგიჩინა ეჭვი?
– დანიელს მათემატიკა უყვარს, მე – არა. მე საშუალო სიმაღლის ვარ, დანიელი მაღალია.
მარის სიცილი აუტყდა:
– ნიკა შენ ახლა სერიოზულად მიხსნი, რომ ჩემში ეჭვი შეიტანე იმიტომ, რომ ჩვენს შვილს წილადები შენზე უკეთ ესმის?
– მე შენს ერთგულებაში ეჭვი არ შემიტანია.
– აბა, რას ამოწმებდი, საკუთარ ერთგულებას?! – მარის ხარხარი აუტყდა.
ნიკამ პასუხი მაშინვე ვერ გასცა:
– ჩემი ეჭვის გაქრობა მინდოდა.
– რომელიც არ გქონდა, სანამ საბამ არ შეგატყობინა, როგორ უნდა მოიქცეს ჭკვიანი ქმარი?!
ნიკა გაჩუმდა.
– და ამ საბუთს რატომ ინახავდი? – ჰკითხა მარიმ.
– უბრალოდ შევინახე, რომ მქონოდა, ყოველი შემთხვევისთვის.
– რომელი შემთხვევისთვის?
– დედაჩემსაც ვაჩვენე.
მარის თვალები შუბლზე აუვიდა:
– დედაშენს რაში სჭირდებოდა ამის ნახვა?
– ისიც რომ დამშვიდებულიყო.
– დედაშენსაც ეჭვი ეპარებოდა თუ მანაც საბას დაუჯერა? – მარი წონასწორობას კარგავდა.
ნიკა მიხვდა, რომ ზედმეტი თქვა და ენა დაება:
– არა, უბრალოდ, ხანდახან ამბობდა, რომ დანიელი ჩვენ არაფრით არ გვგავდა.
– და რამდენი წელია, ამას ამბობს დედაშენი?
– ზუსტად არ მახსოვს.
– ხუთი წელია, ათი წელია?! – არ ცხრებოდა მარი.
ნიკამ თვალები აარიდა.
– დაახლოებით. რა მნიშვნელობა აქვს?!
მარის თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა:
– უზარმაზარი. გამოდის, დედაშენთან ერთად მრავალი წელია, განიხილავდით, ვისი შვილი იყო ჩვენი შვილი?!
ნიკამ ცოლის დამშვიდება სცადა:
– ხომ გაირკვა ყველაფერი?! დედაჩემიც დაწყნარდა.
მარი ყურებს არ უჯერებდა, მაგრამ სიმშვიდე მაინც შეინარჩუნა:
– შენ მალულად აიღე ბავშვის ბიომასალა, დახარჯე ოჯახის ფული, შეამოწმე ჩემი ერთგულება ლაბორატორიის მეშვეობით, უჩვენე შედეგი დედას და სამი კვირა დუმდი.
– მე შენ არ შემომიწმებიხარ.
– აბა, ვინ შეამოწმე?
– ჩემი თავი. ეს მე ჩემი სიმშვიდისთვის გავაკეთე.
მარიმ თავი დაუქნია:
– კარგი.
– რა არის კარგი?
– რაც შენ გააკეთე, რომ მშვიდად ყოფილიყავი, მეც მიყვარს სიმშვიდე და გარკვეულობა, – ეს ფრაზა მარიმ იმდენად ორაზროვნად წარმოთქვა, რომ ნიკა დაიბნა, მაგრამ არაფერი დაუზუსტებია, იმიტომ რომ ამ საუბრის გაგრძელებას ერიდებოდა.
***
დანიელი მწვრთნელმა წაიყვანა და ცოლ-ქმარი მარტო დარჩა სახლში. მესამე დღეს მარიმ მოულოდნელად უთხრა ქმარს:
– მოდი. შენი მშობლები დავპატოჟოთ და ტკბილი ოჯახური საღამო მოვაწყოთ. დედაჩემსაც დავპატიჟებ.
ნიკას გაუკვირდა, თუმცა არ შეიმჩნია და ცოლს დაეთანხმა. მარი მართლაც საფუძვლიანად მოემზადა ოჯახური წვეულებისთვის, თითოეული სტუმრის საყვარელი კერძები მოამზადა და თავადაც არანაკლებ საფუძვლიანად მოიკაზმა. ნიკას დედა–მამა, ბუნებრივია, ერთად მოვიდა. დედამთილი, ჩვეულებისამებრ, შემფასებლური გამომეტყველებით მიუჯდა გაწყობილ სუფრას და, ასევე, ჩვეულებისამებრ, ამოიოხრა, როდესაც შვილს გადახედა:
– ძალიან გახდა ამ ბოლო დროს, – ჩაილაპარაკა ვითომ თავისთვის, მაგრამ ისე, რომ მარის გაეგო.
თუ სხვა დროს მარი აიფოფრებოდა, ამჯერად გაიღიმა და თავადაც ჩაილაპარაკა:
– კაცი საკალანდე ღორივით არ უნდა მოასუქო.
დედამთილი წამოწითლდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ამასობაში მარის დედაც მოვიდა. დიასახლისი იმდენად ბუნებრივად იქცეოდა, რომ საფრთხეს ვერავინ გრძნობდა.
როდესაც ივახშმეს და მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს, მარიმ ყავა და ხილი მიართვა. შემდეგ კი დედამთილს მიმართა:
– ქალბატონო ეთერ, გავიგე, რომ დაწყნარებულხართ, ნიკამ რომ დე ენ ემის კვლევა ჩაატარა.
დედამთილს ლუკმა ყელში გაეჩხირა მოულოდნელობისგან და ხველება აუტყდა. მარი მივიდა მასთან და ზურგში რამდენჯერმე ძლიერად დაჰკრა ხელი. მარის დედა დაიბნა და შვილს გაკვირვებული უყურებდა. მამამთილი კი ცოლს უყურებდა გაოცებული. ნიკა უხერხულად შეიშმუშნა:
– მარი, რა საჭირო იყო ამის თქმა ახლა?! ხომ გავარკვიეთ ყველაფერი?
– არა, კიდევ დაგვრჩა გასარკვევი, – მშვიდად წარმოთქვა მარიმ და დედამთილს წყალი დაუსხა, – მოსვით და გადაიტანს.
– ვინმე ამიხსნის, რა ხდება? – მკაცრად იკითხა ნიკას მამამ.
– მე აგიხსნით, – მიმართა მარიმ, – თქვენმა მეუღლემ და შვილმა ეჭვი შეიტანეს, რომ დანიელი ნიკას შვილი იყო და ამიტომ დე ენ ემის კვლევა ჩაატარეს. ნიკამ მითხრა, რომ თქვენი მეუღლე, როგორც იქნა, დაწყნარდა, ისევე, როგორც თავად დამშვიდდა და ეჭვი აღარ ეპარება დანიელის მამობაში.
ბინაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ნიკას მამა წამოწითლდა, შემდეგ ხელი გულზე მიიდო და თვალები მილულა. მარი შეშინებული მივარდა მამამთილს…
სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა, ნიკას მამამ კატეგორიული უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე, მით უფრო, რომ კარდიოგრამას რამე საგანგაშო დარღვევა არ უჩვენებია. სასწრაფო დახმარების ექიმები წავიდნენ. ბატონი ოთარი მისაღებში, დივანზე იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. შემდეგ თვალდახუჭულმავე ხმადაბლა თქვა:
– ყველანი გადით და მარისთან მარტო დამტოვეთ. ნიკამ სცადა, პროტესტი გამოეხატა, მაგრამ მამამისმა ხელით შეაჩერა. ყველანი უხმოდ გავიდნენ…
ერთხანს ხანში შესული მამაკაცი ჩუმად იყო, შემდეგ ხელით თავისთან მიიხმო მარი. მარიმ სკამი მის სასთუმალთან მიიტანა და ჩამოჯდა. ოთარმა მოყოლა დაიწყო:
– არ მინდოდა ამ ამბის გამჟღავნება, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ამას ახლა არც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვიცი რამდენად შეურაცხყოფილი ხარ. თან, ჩემი შვილიშვილის დედა ხარ და იმსახურებ, იცოდე სიმართლე. შენ ყოველთვის კარგი დედა იყავი და ხარ დანიელისთვის და კარგი ცოლი – ჩემი შვილისთვის. ეთერისგან არ გეწყინოს. ის საკუთარ თავს ვერ იღებს და ებრძვის.
მარიმ გაკვირვებულმა შეხედა მამამთილს. მან კი განაგრძო: ნიკა ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის, ჩემს ცოლს ჰგონია, რომ მე ეს არ ვიცი, არადა ვიცი, უბრალოდ, ის იმდენად მიყვარდა, რომ ჩემთვის ამას არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
მარი უნებლიეთ წამოწითლდა, თითქოს ვიღაცის საძინებელში შემთხვევით შეიხედა.
– ასე რომ, შენ არაფერ შუაში ხარ, ეთერი საკუთარი თავით მსჯელობს და იმიტომ ჩაუგდო ეჭვის მარცვალი ნიკას.
მარი უხერხულად შეიშმუშნა სკამზე და თავი ჩაქინდრა.
– ნიკა კარგი ბიჭია, ამის გამო ნუ დაანგრევ ოჯახს, დედამისს მასზე დიდი გავლენა აქვს და იმიტომ მოხდა, რაც მოხდა.
მარიმ არ იცოდა, რა ეთქვა, თავდახრილი იჯდა, ცდილობდა, გაეაზრებინა ის, რაც გაიგო და ნიკა, რატომღაც, შეეცოდა. შეეცოდა დედამისიც, რომელიც საკუთარ დიდ ღალატს ატარებდა ტვირთად და ამიტომ ყველას ეჭვით უყურებდა. მარიმ არ იცოდა, როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემას და გამთელდებოდა თუ არა ბზარი, რომელიც მის ოჯახში გაჩნდა, თუმცა, უკვე საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რომ ყველა ეჭვიანი ადამიანის შიგნით მოღალატე იმალებოდა…
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





