რომანი და დეტექტივი

უსაფრთხოების სისტემა

№39

ავტორი: ნია დვალი 20:00 09.10

უსაფრთხოების სისტემა
დაკოპირებულია

როგორი შეიძლება, იყოს იდეალური დილა? ზუსტად ასეთი, როგორიც ჩემი ყველა დილაა: ქეთი სამზარეულოში ტრიალებს, თავისთვის რაღაცას ღიღინებს, მელოდიურს, უცნაურს, გულში რომ გეღვრება, როგორც მზის სითბო; მთელ ბინაში ახლად მოდუღებული ყავის სურნელი ტრიალებს და ახლად გამომცხვარი თაფლის ორცხობილის არომატს ერწყმის.

მე კი, ზაზა ლომოური, კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი, სამსახურში წასასვლელად ვემზადები და გონებაში ვატრიალებ დღევანდელი შეხვედრების თანმიმდევრობას.

– ზაზ, საუზმე მზადაა! – ქეთის ხმა შინაურულია, შემპარავი, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც უცხო ინტონაციაა შერეული.

ჩემ პირდაპირ ზის. აბრეშუმის სადა, საშინაო ხალათშიც კი ძალიან მომხიბვლელია. ვამჩნევ მის ახალ ვარცხნილობას: თმა შეუმოკლებია, როდის მოასწრო? მცირე მაკიაჟი აქვს, არადა ჯერ კიდევ დილის რვა საათიდან უცნობი სუნამო ოდნავ შესამჩნევად მიხიცინებს ნესტოებში.

– დღეს დამაგვიანდება, – ქეთი ფრთხილად უსვამს ჯემს ტოსტზე და აშკარად მარიდებს თვალს, – ახალმა პროექტმა გაგვაწვალა.

– რომელი პროექტია? – ვეკითხები მე და ყავას ვწრუპავ, ცხელია და ენა მეწვის.

– არაფერი განსაკუთრებული… – ქეთი უდარდელად იქნევს ხელს და მზის სხივი მის სამაჯურზე კიდევ უფრო ოქროსფრად ანათებს.

ადრე დაწვრილებით მიყვებოდა თავის სამუშაოზე, თითოეულ დეტალს მაცნობდა. თითოეული წარმატება, თუნდაც, უმნიშვნელო, ბავშვივით ახარებდა. ვამჩნევ, როგორ ამოწმებს თავის ტელეფონს. ეკრანს ისე აბრუნებს, რომ შეტყობინებები ვერ დავინახო. მეუცნაურება მისი ეს ახალი ჩვევა, მაგრამ მაშინვე ვკიცხავ საკუთარ თავს: უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიულმა პარანოიამ პირად ცხოვრებაში გადმოინაცვლა?! აბეზარ ფიქრებს თავიდან ვიცილებ და ქეთის ვუღიმი. ლოყაზე ვკოცნი და სამსახურში მივდივარ.

***

ოფისში კომპიუტერებისა და კონდიციონერების ჩვეული გუგუნია. მექანიკურად ვამოწმებ დაცვის სისტემებს, ვპასუხობ წერილებს, ვატარებ თათბირს. თავში კი ჩემი ცოლის ქცევის უცნაური წვრილმანები მიტრიალებს და ეს დღეს, დილას, არ დაწყებულა. ბოლო რამდენიმე თვეა, მის გარდერობში იმატა ახალმა ტანსაცმელმა, ფეხსაცმელმა, აქსესუარებმა, ღამეული შეხვედრებიც გახშირდა და ლამის წესად ქცეული დაგვიანებებიც...

თანაცხოვრების სამი წლის თავზე ეჭვების ღრუბლებში მოვექეცი, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია:

– ბატონო ნიკოლოზ, შეიძლება, ხვალ დასვენების დღე ავიღო? შვებულებიდან გამომიქვითეთ, – ვეუბნები უსაფრთხოების დირექტორს.

– რა თქმა უნდა, პირველად მესმის შენგან ასეთი თხოვნა სამი წლის განმავლობაში.

შესვენებაზე ჩემი სამუშაო კარადიდან ვიღებ ვიდეოთვალთვალის კომპაქტურ კამერას და „მაპატიე, ქეთუშ“, – ვამბობ გონებაში.

ქეთი იმ საღამოსაც გვიან ბრუნდება, ვამჩნევ, რომ ლოყები აწითლებული აქვს და, საერთოდაც, უცნაურად გამოიყურება. არ ვიმჩნევ. დილას ისევ ყავისა და ორცხობილის არომატი ავსებს ბინას, რომელიც ერწყმის ქეთის ღიღინს. ლოყაზე მკოცნის და სამსახურში მიდის. მხოლოდ ახლა ვხვდები, როგორი ხელოვნურია ეს ყველაფერი, გაწერილ სცენარს ჰგავს, რომელიც საშუალო დონის სცენარისტმა დაწერა. მისი წასვლისთანავე კამერას მისაღებ ოთახში ვამონტაჟებ, ყველაზე ინფორმაციულ ადგილას. პროფესიონალსაც კი გაუჭირდება მისი პოვნა აპარატურის გარეშე. ვიცი, რომ ეს ცუდი საქციელია, მაგრამ ეჭვები მღრღნის და მათგან მინდა თავის დაღწევა...

***

შემდეგი დღეები ტრანსლაციის შემოწმებების უსასრულო პროცესად გადაიქცა, მაგრამ საეჭვო არაფერი გამოჩენილა. გული თითქოს დამიმშვიდდა და სინდისის ქენჯნაც კი ვიგრძენი, მაგრამ დადგა ხუთშაბათი და ქეთიმ დილითვე მომწერა:

– საყვარელო, დღეს მნიშვნელოვანი პრეზენტაციაა კლიენტებისთვის. გვიან დავბრუნდები! გკოცნი, მიყვარხარ!

სამსახურის შემდეგ კაფეში შევედი, ჩვენი სახლის სიახლოვეს და ნოუთბუქი ჩავრთე. სამსახურში ამისთვის ვერ მოვიცალე. ჩანაწერი გადავახვიე:

დღის პირველ საათზე ჩვენი ბინის შესასვლელის კარი იღება:

ქეთი მარტო არ არის, მასთან ერთად ჩვენს ბინაში მამაკაცი შედის, მაღალი, უნაკლოდ ჩაცმული, თითქოს მისი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი და უცებ ვიცანი – იოსები, ქეთის კომპანიის ახალი ფინანსური დირექტორი.

– ჩაის დალევ თუ რამე სხვას? – ქეთის ხმა რბილია, მაგრამ მასში ჩემთვის აქამდე უცნობი ნოტებია, მაცდუნებელი.

– შენ როგორ ფიქრობ? – ფინანსური დირექტორი თავისკენ იზიდავს ჩემს ცოლს.

თვალებში მიბნელდება. ნოუთბუქს ვხურავ და მიმტანს ვანიშნებ, რომ ანგარიში მომიტანონ. მიკვირს, მაგრამ ხელები არ მიკანკალებს. იმის ნაცვლად, რომ სახლში გავქანდე, ვხსნი სამუშაო ფოსტას და ვიწყებ მოქმედებას – მშვიდად, აუღელვებლად.

***

საღამოს ქეთი სახეგაბრწყინებული ბრუნდება სახლში.

– წარმოგიდგენია, ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ! – ლოყაზე მკოცნის. ვხედავ, როგორ შედის აბაზანაში და მხოლოდ ის მიკვირს, რომ ასე ოსტატურად იტყუება ან იქნებ მე ვიტყუებდი თავს ბედნიერი ქმრის როლით?! მეორე დღეს ისევ ვაცდენ სამსახურს და სახლში ვრჩები. კაბინეტში ვზივარ და ვმუშაობ, ჩემი ნოუთბუქი გახსნილია.

ისინი ზუსტად იმავე დროს შემოდიან. მე კაბინეტიდან გამოვდივარ, როდესაც ისინი მისაღებ ოთახში ერთმანეთს ეხვევიან. ქეთი ადგილზე შეშდება, იოსები მას ეფარება და ჩემკენ დგამს ნაბიჯს, მე მას ხელის მოძრაობით ვაჩერებ:

– ნუ ღელავთ, – ვამბობ მშვიდად, თითქმის ღიმილით, – ქეთი, მე დავუკავშირდი იურისტს. დოკუმენტები ორშაბათისთვის იქნება მზად. ბინა უკვე ვიქირავე, ნივთებს ხვალ წავიღებ.

– შენ… მე მითვალთვალებდი?!

– არა, საყვარელო, მე, უბრალოდ, უზრუნველვყოფდი ჩემი სახლის უსაფრთხოებას. პროფესიული ჩვევაა.

ბინიდან უკანმოუხედავად გამოვდივარ. სამი წელი სამიოდ წუთში დასრულდა.

ნაქირავები ბინა სიცარიელითა და ნაბიჯების ექოთი მხვდება. ავეჯი თითქმის არ არის, სივრცე ბევრია. ნოუთბუქი, სამუშაო მაგიდა, საწოლი – იდეალური ადგილია გადატვირთვისთვის.

ქეთი ცდილობს, დამიკავშირდეს: „ზაზა, ვილაპარაკოთ, ყველაფერს აგიხსნი, შემეშალა...“

საბოლოოდ, მის ნომერს ვბლოკავ. გაირკვა, რომ იოსები კომპანიის მფლობელის ქალიშვილზეა დანიშნული და როგორც კი მისი სამსახურებრივი რომანი გაიშიფრა, ქეთი მიატოვა.

***

ვმუშაობ, მაგრამ ენერგიას ვერ ვხარჯავ, ამიტომ ვვარჯიშობ და ვერც კი შევამჩნიე, როგორ დავიწყე მიმსგავსება აპოლონთან (ეს ჩვენი ბუღალტრის შედარებაა და რატომაც არა?!).

ერთ დღესაც დირექტორის მოადგილე საკონფერენციო დარბაზში მიხმობს:

– სპეციალისტები მოვიდნენ პარტნიორი კომპანიიდან. თქვენი კონსულტაცია სჭირდებათ.

ვდგები და მივყვები...

***

საკონფერენციო დარბაზში სიურპრიზი მელოდება: ელენე ლოლაძე, საინფორმაციო უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი, მაშინვე ხვდება ჩემი თვალთახედვის არეში.

– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – მიღიმის და ხელს მიწვდის, – შთამბეჭდავი შედეგები გაქვთ.

თავისი აღნაგობისთვის უჩვეულოდ მტკიცედ მართმევს ხელს, თვალებში მიყურებს და მისი მხრიდან ფლირტის ნატამალიც არ იგრძნობა. მასთან მუშაობა მოულოდნელად საინტერესოა – კარგი ინტუიცია და პროფესიული ალღო აქვს.

ხანდახან გვიწევს, ერთად ვისადილოთ, იმიტომ რომ, დრო არ გვყოფნის სამუშაოს დასასრულებლად.

– ყოველთვის ასე გატაცებით ლაპარაკობთ სამუშაოზე? – მეკითხება.

– მხოლოდ მაშინ, როდესაც თანამოსაუბრეს ნამდვილად ესმის ის, რაზეც ვლაპარაკობ.

ელენე იღიმება, მაგრამ ისევ და ისევ საქმიანად.

ჩემი ცოლი კი კვლავ მიტევს შეტყობინებებით უცხო ნომრებიდან. მე ვკითხულობ მის ნაწერებს და მაშინვე ვბლოკავ ნომერს, მაგრამ ის ახალი ნომრიდან თავიდან იწყებს შეტევას.

ბოლოს, მოდის შეტყობინება, რომელიც მახვედრებს, თუ რატომ მწერს ამდენს:

– როგორ გაიგე?

– მეტისმეტად დიდხანს ვაიგნორებდი სისტემის გაფრთხილებას, – მივწერე და ზუსტად ვიცოდი, ვერაფერს მიხვდებოდა, ამიტომ დავამატე – თუ გააგრძელებ ჩემთვის თავის მობეზრებას, პოლიციას მივმართავ.

ცხადია, არავისთვის მიმართვას არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს, როგორი აზრი აქვს ჩემზე, მიცნობს თუ არა ქალი, ვისთან ერთადაც სამი წლის განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრე, მანამდე კი ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით.

ტელეფონის ის ნომერი არ დამიბლოკავს, მაგრამ ქეთის მეტჯერ აღარ მოუწერია. მან ვერც ეს ტესტი გაიარა.

***

ელენესთან მუშაობა ცვლის ჩემს მიდგომას უსაფრთხოებისადმი. ის მაჩვენებს იმას, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი.

– იცი, ზაზა, ხანდახან დაცვის ყველაზე საიმედო სისტემები აგებულია არა აკრძალვებზე, არამედ ნდობაზე.

– ნდობა არასაიმედო პარამეტრია, – ვიღიმები დიდსულოვნად.

– შეამოწმეთ სტატისტიკა. სისტემებს, რომლებიც აგებულია აბსოლუტურ კონტროლზე, ყველაზე ხშირად ტეხენ. ისევე, როგორც სასჯელის გამკაცრება არ ამცირებს დანაშაულის ოდენობას.

ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, ამიტომ იმავე საღამოს ვეცნობი შესაბამის ინფორმაციას. ელენე სიმართლეს ამბობდა.

მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ ჩემს საყვარელ კაფეში შევდივარ, იქვე, ჩემს ოფისთან. ელენეც იქ ზის, მაგიდასთან, რომელიც ფანჯარასთან დგას. ვერ მხედვას, იმიტომ რომ თავი ნოუთბუქში აქვს ჩარგული.

– შეიძლება, შემოგიერთდეთ? – ვეკითხები. თუმცა მეორე თვეა, ერთად ვმუშაობთ, ერთმანეთს მაინც თქვენობით მივმართავთ.

– რა თქმა უნდა, – მიღიმის, – და იქნებ შენობით?!

მე თავს ვუქნევ და სითამამე მემატება:

– შევუკვეთოთ რამე.

ელენე ნოუთბუქს ხურავს.

– დიახ, კარგი იქნებოდა, მარტო არ მიყვარს ვახშმობა კაფეში.

თავს უჩვეულოდ თავისუფლად ვგრძნობ. ბუნებრივად ვსაუბრობთ...

***

– ბატონო ზაზა, იცით, ამ ბოლო დროს ხშირად იღიმებით და რაღაცნაირად სხვანაირად დადიხართ, თითქოს ანათებთ, – მოულოდნელად მეუბნება ბუღალტერი, აი, დამწყებ აპოლონს რომ მამსგავსებს.

– მართლა? – თავს ცოტათი უხერხულად ვგრძნობ.

– მართლა და ეს ძალიან კარგია, – ხანში შესული ქალი შეთქმულივით ხმადაბლა ამბობს ამ ფრაზას და ვითომც არაფერი მომხდარაო გზას განაგრძობს საპირფარეშოსკენ.

მე კი მეღიმება...

***

კვირის ბოლოს შემთხვევით ქეთის გადავეყარე სავაჭრო ცენტრში. დაღლილი სახე აქვს:

– ზაზა, – თვალები უწყლიანდება, მაგრამ ფრაზას არ ვასრულებინებ:

– გამარჯობა, ქეთი, როგორ ხარ?

– მე… მე... მენატრები.

ვუყურებ მის ლამაზ სახესა და სხეულს და ვგრძნობ, რომ არც არაფერს ვგრძნობ და, რასაც ვხედავ, სრულიად უცხოა ჩემთვის. ამიტომ ვითომ ვერ ვიგებ, რისი თქმა უნდა.

– თავს გაუფრთხილდი. მეჩქარება, – ვტრიალდები და მივდივარ. ზურგით ვგრძნობ, როგორ უთრთის ქეთის მხრები, მაგრამ ეს უკვე მისი პრობლემაა. სინანულსაც კი არ ვგრძნობ. პირიქით, თითქოს მისი მადლიერიც კი ვარ, იმიტომ რომ იდეალური სისტემა არ არსებობს. ხელოვნურად შექმნილი იდეალური სისტემა ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გატყდება. მას ვერ დაიცავ. არსებობა მხოლოდ ბუნებრივ სისტემას შეუძლია, რომელიც ბუნებრივადაა სრულყოფილი და არა ხელოვნურად, ამიტომ მას ვერ გატეხავ...

საღამოა, ჩემი ბინის აივანზე ვზივარ და დაისს ვუყურებ. ტელეფონი რეკავს. ელენეა:

– ხვალ კარგი ამინდი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ სინოპტიკისები. ხომ არ გაგვესეირნა ქალაქგარეთ

– სიამოვნებით, – ვპასუხობ და ჩემი ტუჩის კუთხეები ბუნებრივად იწელება ღიმილად.

***

ჩვენ აივანზე ვსხედვართ, ვსაუზმობთ და ვსაუბრობთ. რაზე? არ ვიცი, უფრო არაფერზე, საერთოდ არაფერზე, უბრალოდ, ვსაუბრობთ და მსიამოვნებს მისი ხმა, რომელიც მესმის, მისი ყოფნა ჩემს სიახლოვეს. თითქოს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ელენე რაღაცას მიყვება და თვალები უციმციმებს, მე კი ვუყურებ და ვფიქრობ, თუ როგორ უცნაურადაა მოწყობილი ცხოვრება: ხანდახან უბრალოდ აუცილებელია, ყველაფერი დაკარგო, რომ იპოვო მთავარი, იმიტომ რომ ნდობა უსაფრთხოების საუკეთესო სისტემაა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი