დუმილის ჰონორარი
ავტორი: ნიკა ლაშაური 26 წუთის წინ
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღვთიური ქმნილებაა და მასში სიკეთის საწყისებია ჩადებული, მხოლოდ უფალმა თუ უწყის, რა გამოვა მისგან მომავალში. როგორ განვითარდება გონებრივად, ფიზიკურად და როგორ გარემოში მოხვდება ის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
ამ ისტორიის მთავარი გმირიც, სავარაუდოდ, კეთილსაწყისჩადებული ადამიანი იყო და თუ რა გამოვიდა მისგან შემდგომ, სწორედ ამაზე მოგითხრობთ.
მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე მოსკოვში ჩემი ფეშენებელური ბინა გავყიდე და ცოლ-შვილთან ერთად თბილისში დავბრუნდი. ჩემი მშობლები მოხუცები იყვნენ. მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, ჩემ გარდა შვილი არ გააჩნდათ და სწორედ ამან მიბიძგა ამ ნაბიჯისკენ. რუსეთში 25 წელი ვიცხოვრე და სამხედრო დაზვერვაში ვმუშაობდი. იქიდან რომ წამოვედი, მოსკოვში კერძო სამძებრო სამსახური გავხსენი. თბილისში ჩამოსვლის მერე ეს საქმიანობა აქ განვაგრძე. სიმართლე რომ ვთქვა, სამუშაო მაინცდამაინც არც თავზე საყრელი იყო. ძირითადად, ჩვენი კლიენტები თავიანთი მეორე ნახევრების თვალთვალს გვიკვეთდნენ და ამაში მსუყე თანხებს იხდიდნენ. ცოლები ქმრებზე ეჭვიანობდნენ, ქმრები კი – ცოლებზე. და ასეთი შეკვეთის 95 პროცენტი შემკვეთის გადამეტებული ეჭვიანობის შედეგი იყო და „ობიექტები“ მათ წინაშე „სუფთები“ იყვნენ, ანუ მათი მეორე ნახევრები ტყუილუბრალოდ სდებდნენ ბრალს.
2004 წლის დასაწყისში ჩემი უწყების ოფისში ახალგაზრდა ქალი მოვიდა. ძალიან აღელვებული იყო და ლაპარაკის დაწყება უჭირდა. მას მე წყალი მივუტანე, დავამშვიდე და ვუთხარი:
– ნუ ღელავთ, ქალბატონო. დამშვიდდით. ძალები მოიკრიბეთ და თქვენი გასაჭირი მომიყევით.
ქალმა ძალები მოიკრიბა, წყალი დალია, ღრმად ამოისუნთქა და მითხრა:
– შარშან, დეკემბერში ცამეტი წლის ერთადერთი შვილი დამეკარგა. ის წყნეთში, თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე იყო. ბავშვი აგარაკის ეზოდან გაქრა. წამოსაყვანად რომ მივედით, ჩემს გოგას ტყე-ღრეში ეძებდნენ, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა. მილიცია-პოლიციას უკვე ერთი თვე აქვს ეს საქმე, მაგრამ ძვრა არაა. გამოძიება ჩიხშია შესული... ან, საერთოდ, იძიებენ კი?..
ქალს ქეთევანი ერქვა და ვკითხე:
– ქალბატონო ქეთევან, პოლიციამ იქ მყოფები, ალბათ, დაჰკითხა და ისინი რას ამბობენ?
– როგორც საერთო სურათიდან ჩანს, გოგა თანაკლასელებთან ერთად გუნდაობდა და დაახლოებით, დღის 2 საათზე გაუჩინარდა. იმ დღეს ძალიან ინტენსიურად თოვდა და კვალი, ნაფეხურები მალევე იფარებოდა თოვლით. გემუდარებით, თქვენ ჩემი ერთადერთი იმედი ხართ. პოლიცია ამ საქმის გამხსნელი არაა. თუკი რაიმე გამაჩნია, ყველაფერს გავყიდი, ოღონდ ჩემი გოგა დამიბრუნდეს ცოცხალი და საღ-სალამათი.
ქალის მიერ წარმოდგენილი სურათიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ უიმედო საქმე იყო. სავარაუდოდ, პოლიციაშიც ასე ფიქრობდნენ. თუმცა, შემთხვევის ადგილი აუცილებლად უნდა დამეთვალიერებინა. იქ მყოფების ჩვენებებს უნდა გავცნობოდი. მათ პირადადაც უნდა დავლაპარაკებოდი. დიდი იმედი არ მქონდა, რომ დაკარგულ ბავშვს ვიპოვიდი. თუმცა, ეს ქალისთვის არ მითქვამს და მივუგე:
– არაფრის გაყიდვა არაა საჭირო, ქალბატონო ქეთევან. გარწმუნებთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ. თუმცა, საკმაოდ ძნელი საქმეა და ერთი თვეა გასული. ანაზღაურებაზე კი მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი კარგად იქნება.
ბოლო ფრაზა ავტომატურად ამომიფრინდა პირიდან, მაგრამ, ქალს იმედი მიეცა და მითხრა:
– ესე იგი, კეთილი იმედი არსებობს, ხომ?
– დიახ. დამშვიდდით. ამ საქმის გამოძიებას ახლავე შევუდგები და თქვენი კოორდინატები დამიტოვეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
ქალბატონმა ქეთევანმა თავისი მისამართი, სახლის ტელეფონისა და მობილურის ნომერი დამიტოვა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მობილური ტელეფონი ყველას არ გააჩნდა და მასობრივი შემოსვლა იწყებოდა.
გამოძიება იმით დავიწყე, რომ ბავშვებისა და წყნეთში, დაბადების დღეზე მყოფი უფროსების ჩვენებებს გავეცანი. შემდგომ თითოეულ მათგანს პირადადაც ვესაუბრე. თუმცა, არაფერი ახალი არ გამიგია. მათი მონათხრობებიდან გამოდიოდა, რომ 13 წლის გოგა მოულოდნელად ისე გაუჩინარებულა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია. არადა 13 წლის ბავშვი, ზოგადად, საკმაოდ განვითარებულია და დაკვირვებული. ის ბევრ რამეს ამჩნევს. მხედველობიდან არაფერი ეპარება. მისი ძალით, უხმოდ გატაცება იოლი საქმე არაა. მე რამდენიმე ვერსია შევიმუშავე. ყველაზე სწორად კი გოგას გატყუება და გატაცება მიმაჩნდა. მით უმეტეს, რომ აგარაკი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ტყისგან არაფრით იყო გამოყოფილი და ბავშვი, სავარაუდოდ, ამ გზით გაიყვანეს. ძიებისას შევისწავლე ახლომდებარე აგარაკების მობინადრეები და არცერთი მათგანი ეჭვს არ იწვევდა. სულ ექვსნი იყვნენ. ორი „ცეხავიკი“, სამი ყოფილი პარტიული ფუნქციონერი და ერთი ფსიქოლოგიის პროფესორი, მარტოხელა, 60 წლის მამაკაცი. ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ამ საქმის ძიებისას ის იყო, რომ გავარკვიე – ბოლო სამი წლის განმავლობაში ასე მოულოდნელად, უგზო-უკვლოდ, გოგას გარდა, კიდევ ექვსი ბავშვი იყო დაკარგული – ოთხი გოგონა და ორი ვაჟი. მათ შორის ყველაზე პატარა 8 წლის ბიჭი იყო. გოგა კი – ყველაზე უფროსი – 13 წლის. არცერთი მათგანის კვალი არ ჩანდა და თითოეული სხვადასხვა რეგიონიდან იყო გამქრალი. დანარჩენი საქმეების შესწავლისას რაიმე გამორჩეული, საერთო მახასიათებელი მათ შორის მხოლოდ მოულოდნელი გაუჩინარება იყო, ანუ ის, რომ მათი დაკარგვა ბევრ ადამიანის თანდასწრებით მოხდა და ვერავინ შეამჩნია. ბავშვების გაუჩინარების მთავარ საბაბად საშინელი რამ მქონდა ნავარაუდევი, რისი წარმოდგენაც კი მზარავდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პატარა ბავშვებს ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით იტაცებდა. იმ პერიოდში ასეთ ბიზნესზე მთელ მსოფლიოში იყო ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა და რეალური ფაქტები არავის ჰქონდა წარმოდგენილი. ყველაფერი ზემოთქმულის თავმოყრას, სულ რაღაც, ერთი კვირა მოვანდომე და ამაში ჩემი ახალგაზრდა ხელქვეითი და კოლეგა მაქსიმე მეხმარებოდა. 20 წლის მაქსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ჩემთან მუშაობდა. ის თავად მოვიდა. გავესაუბრე, მომეწონა და სამსახურში ავიყვანე. ეს ახალგაზრდა დაუზარელი, გამჭრიახი გონებისა და მიზანდასახული ადამიანი იყო. მან შეგროვილი მასალა მაგიდაზე დაალაგა და მითხრა:
– ზღვა მასალაა და მისი ანალიზი უამრავ დროს წაიღებს... მაგრამ, ერთი აზრი მაქვს.
– რა აზრი? – ვკითხე მაქსიმეს.
– ერთი პროგრამა აღმოვაჩინე ამერიკულ საიტზე, კომპიუტერში შეგყავს ინფორმაციები, ეს პროგრამა კი მათ ამუშავებს და საერთო მახასიათებელს ამოაგდებს.
მე მაგიდაზე დალაგებულ საქაღალდეებს შევავლე თვალი და ვუთხარი:
– მაქს, შენ გინდა თქვა, რომ მთელი ეს სქელტანიანი საქაღალდეები კომპიუტერში უნდა ავტვირთო?
– დიახ. სწორედ მასეა. მაგრამ მე საკმაოდ სწრაფად შემიძლია ტექსტების აკრეფა და ვფიქრობ, ამის გაკეთებას ორ დღეში შევძლებ.
– კარგი, მაქს, ეგრე იყოს. მე კი ამ საღამოს მოსკოვში მივფრინავ. ორ-სამ დღეში ჩამოვალ და ვფიქრობ, ჩემს ჩამოსვლამდე ყველაფერს მოასწრებ.
– დიახ. მოვასწრებ, – მითხრა მაქსიმემ. თუმცა არ უკითხავს, რატომ მივემგზავრებოდი მოსკოვში.
მე კი მოსკოვში უკანასკნელი იმედით მივემგზავრებოდი, რომლისაც ბოლომდე არც კი მჯეროდა. საქმე ის იყო, რომ უწყებაში, სადაც მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ანუ გენერალურ შტაბთან არსებულ სამხედრო დაზვერვაში, ეგრეთ წოდებულ, „გრუში“, ჩემი მუშაობის პერიოდში კოსმოსში სამხედრო დანიშნულების კოსმოსური თანამგზავრები ჰყავდათ. ისინი ჯაშუში თანამგზავრების ფუნქციას ახორციელებდნენ. დაფრინავდნენ მთელი დედამიწის გარშემო, ქვეყნების თავზე და ყველაფერს ლაივ რეჟიმში იღებდნენ. ეს ინფორმაცია კი კოსმოსიდან ცენტრში იგზავნებოდა და არქივში ინახებოდა. ჩემი ვოიაჟის მიზანი იყო კოსმოსიდან გადაღებული იმ კადრების მიღება და დათვალიერება, რომლებზეც ბავშვების გაუჩინარების ადგილი და გატაცების მომენტი იყო დაფიქსირებული. თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები არსებობდა და თუ მე მათ გადმომცემდნენ. ერთი სიტყვით, უამრავი წინაღობა იყო გადასალახი. ეს ჩემი ბოლო იმედი იყო და მოსკოვშიც ამიტომ ჩავედი.
„გრუში“ ჩემი ყოფელი ხელქვეითები მოწინავე თანამდებობებზე მსახურობდნენ. უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი კოლცოვი კი ჩემს ხელში გაზრდილი და დაწინაურებული პროფესიონალი იყო. სასტუმროში რომ დავბინავდი, კოლცოვს სამსახურში დავურეკე:
– დიახ. გისმენთ, – მიპასუხა მან.
– როგორ ხარ, ტოლია? – ვკითხე „გრუს“ უფროსის მოადგილეს.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, – მაშინვე მიცნო კოლცოვმა, – თქვენ როგორ ხართ? რამდენი ხანია, არ გამოჩენილხართ.
– აი, ხომ გამოვჩნდი, ტოლია.
– მოსკოვში ხართ?
– კი. საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი.
– ახლა სად ხართ?
– სასტუმროდან გირეკავ.
– არანაირი სასტუმრო. ჩემთან წამობრძანდით. თხუთმეტ წუთში გამოგივლით. დამელოდეთ, – მითხრა კოლცოვმა და ტელეფონი გათიშა.
ნახევარი საათის შემდეგ რუბლიოვკის ელიტურ დასახლებაში, ვიტალი კოლცოვის კერძო სახლში, გაშლილ სუფრას ვუსხედით. ტოლიას უმშვენიერესი მეუღლე, ნატაშა კი სუფრასთან ტრიალებდა და გვემსახურებოდა. ნატაშაც ჩემი ყოფილი ხელქვეითი იყო. პირადად მივიღე სამსახურში მშიფრავად. ტოლიამ იქ გაიცნო და მალევე დაქორწინდნენ.
– თქვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს, ამხანაგო პოლკოვნიკო! – მადღეგრძელა ტოლიამ და ჩემი ჩამოტანილი წითელი ღვინო შესვა.
– მადლობა, ტოლია. თქვენს ოჯახს გაუმარჯოს! – ვთქვი მე, ჭიქა დავცალე და დავდგი. შემდეგ კი საქმეზე გადავედი, – შენთან ერთი თხოვნით ჩამოვედი. თუ, რა თქმა უნდა, მისი შესრულებაა შესაძლებელი.
– ბრძანეთ, ამხანაგო პოლკოვნიკო და რაც ჩემს ძალებს არ აღემატება, ყველაფერს შეგისრულებთ.
– ტოლია, თუ ეს სამხედრო საიდუმლო არაა, მითხარი, ჩვენი თანამგზავრ-ჯაშუშები ისევ მწყობრში არიან?
– თქვენ გეტყვით. მწყობრში კი არიან, მაგრამ ძველებურ ფუნქციას ვეღარ ასრულებენ.
– ანუ?
– ანუ ის, ამხანაგო პოლკოვნიკო, რომ თუკი ადრე ისინი მთელი დედამიწის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას უზრუნველყოფდნენ, დღესდღეობით მათი არეალი საგრძნობლადაა შეზღუდული.
– და რა დიაპაზონს მოიცავს?
– მხოლოდ და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს და მასაც არასრულად.
– საქართველო შედის ამ სივრცეში?
– ბალტიისპირეთის გარდა, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა.
– ძალიან კარგი. მე საქართველო მაინტერესებს.
– რატომ, რა ხდება?
კოლცოვს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– ერთადერთი იმედია ეს კოსმოსური კადრები. ბოროტმოქმედებზე გასვლა მხოლოდ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი.
– თარიღები და არეალები მითხარით. დანარჩენი ჩემზე იყოს, – მითხრა კოლცოვმა.
ორი დღის შემდეგ ვიტალი კოლცოვმა შვიდივე გატაცების არა მარტო კადრები მომიტანა, არამედ იმ ორი ლოკაციის მისამართი, სადაც ისინი მიიყვანეს. მან, აგრეთვე, გადმომცა გამტაცებელთა ფოტოსურათები და ისინი სულ სამნი იყვნენ. გენერალმა პირადად გამაცილა აეროპორტში და გამომშვიდობებისას მითხრა:
– ვფიქრობ, ამომწურავი ინფორმაციები მოგაწოდეთ, ამხანაგო პოლკოვნიკო და ამ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებთ. ხოლო ჩემი დახმარება თუ დაგჭირდათ, დაუყოვნებლივ დამიკავშირდით.
– მადლობა, ტოლია. ნახვამდის, – გადავეხვიე კოლცოვს და თვითმფრინავისკენ წავედი.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





