რომანი და დეტექტივი

ორ ოცნებას შუა

№38

ავტორი: ნია დვალი 20:00

ოცნება
დაკოპირებულია

– შენ რა, ცოლი შეირთე?! გაგიჟდი?! მე ვარ შენი ერთადერთი და კანონიერი ცოლი და არა ეს საიდანღაც მოთრეული დედაკაცი! – ლალი, ფაქტობრივად, კიოდა და არ ჩუმდებოდა, – დიდი ამბავი, თუ სადღაც წავედი ცოტა ხნით, საქმე მქონდა, ვმუშაობდი, შენ ხომ მშვენივრად იცოდი, რომ დავბრუნდებოდი?! იცოდი და მაინც სასამართლოში გაიქეცი, რომ გამყროდი! თემო, მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. გაპატიებ და ამას არასდროს გაგახსენებ თუ ამ გაუგებრობა ქალს გაეყრები! – ამბობდა ლალი და თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების...

***

თემომ ლალი მაშინ გაიცნო, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მხიარული, მოძრავი, ნაკადულივით მორაკრაკე გოგონა თითქმის ყველა ბიჭის ყურადღებას იქცევდა. მაგრამ, თუკი თანაკურსელები, უბრალოდ, ლექციებზე დადიოდნენ, სემინარებზე კი იშვიათად ჩნდებოდნენ და გამოცდების წინ სევდიანად ოხრავდნენ, ლალის მთებზე აბოდებდა, იმიტომ რომ ისინი თავდავიწყებით უყვარდა.

ჯერ კიდევ პირველ კურსზე იცოდა ზეპირად მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა მინერალი და ოცნებობდა, როგორ გაემგზავრებოდა შორეულ ექსპედიციებში მათ საძიებლად. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ბევრ დროს ატარებდა მთებში და ახლაც ახალ მოგზაურობებზე ოცნებობდა. თემოსაც მოსწონდა არჩეული სპეციალობა, თუმცა მან არჩევანი არა მინერალების, არამედ ნავთობისა და გაზის სასარგებლოდ გააკეთა. მას ჯერ კიდევ შეუსწავლელი საბადოების დამუშავებაში უნდოდა ჩართულიყო, ამიტომაც დიდ ყურადღებას უთმობდა სწავლას, მუდმივად რაღაც პროექტებს ამზადებდა, ლექციებს არ აცდენდა და საკუთარ თავზე მუშაობდა. ესმოდა, რომ ცოდნის ხარისხზე პირდაპირ იყო დამოკიდებული მისი მომავალი, ვინაიდან, ეგრეთ წოდებული, პატრონი მას არც ჰყავდა და არც ეყოლებოდა.

ლალისთან მთებისა და სწავლის სიყვარულმა დააახლოვა და თავადაც ვერ შეამჩნია, როგორ შეუყვარდა...

დამამთავრებელ კურსზე ლალი უკვე დაღლილი იყო ლექციებზე დასწრებით. თანაც, გონებაში უკვე მომწიფებოდა თავისი მომავალი მიღწევების გეგმა. ამდენად, უნივერსიტეტის ჩარჩოები ახლა მას მხოლოდ ხელს უშლიდა, თუმცა როგორღაც დაასრულა სწავლა, დიპლომი აიღო და მაშინვე სამოგზაუროდ გაემზადა:

– თემო, წამოხვალ ჩემთან ერთად? მთებში მივდივართ, ქვეყნები უნდა შემოვიაროთ, ვიხეტიალოთ.

– ხომ იცი, რომ არ შემიძლია. ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყე, ვინ გამომიშვებს?

– როგორც გინდა, – გაიღიმა ლალიმ, – ესე იგი, მარტო მივდივარ. შენ არ მოიწყინო! მპირდები?!

– და როდის დაბრუნდები? – ჰკითხა თემომ უხალისოდ.

– არ ვიცი. როცა დავბრუნდები, დავბრუნდები... – ჩაიკისკისა ლალიმ და გაუჩინარდა.

თემოს აღარაფერი უთქვამს. იცოდა, ამას აზრი არ ჰქონდა, ლალი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და, მართლაც, ლალი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. თემოს ეჭვიც კი შეეპარა, რომ ლალიმ, უბრალოდ, მიატოვა და მთებში ხეტიალი საბაბი იყო, მაგრამ ეჭვები მალევე გაუქარწყლდა: ლალი ისევე მოულოდნელად გამოჩნდა, როგორც გაუჩინარდა. თემოს კისერზე ჩამოეკონწიალა და უამრავი სასიყვარული სიტყვაც უთხრა.

ორიოდე თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მათი ოჯახური ცხოვრებაც დაიწყო.

თემო ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მუშაობდა. ახალგაზრდა სპეციალისტის ხელფასი არც ისე დიდი იყო, სამაგიეროდ, კარიერული ზრდის პერსპექტივა აშკარად ჩანდა. გულმოდგინედ მუშაობდა და ყველაზე რთულსა და შრომატევად პროექტებში მონაწილეობას თანხმდებოდა.

აი, ლალიმ კი დიდხანს ვერ იპოვა სამსახური: შიშობდა, რომ ოფისში მთელი დღის გატარება დათრგუნავდა, ისევ მოგზაურობაზე ოცნებობდა და ასე აღმოჩნდა პატარა კვლევით ინსტიტუტში, რომელიც გრანტებით ფინანსდებოდა და მინერალების შესწავლით იყო დაკავებული. დაფინანსება დიდი არ იყო, ამიტომაც მათი საქმიანობა ძირითადად, თანამშრომლების გულწრფელ ენთუზიაზმს ემყარებოდა.

თემოს ხელფასი გაჭირვებით ჰყოფნიდა წყვილს, რადგან ლალის ხელფასი მის მივლინებებში იხარჯებოდა. ამჯერადაც მივიდა ქმართან და განუცხადა:

– ხვალ ტიან–შანზე მივდივართ; წარმოგიდგენია, რა საინტერესო იქნება?! ცოტა ფული მომეცი, გთხოვ! გაქვს, ვიცი.

– ხომ შეგეძლო, წინასწარ გეთქვა, შეგეთანხმებონა ან სად მიდიხარ?!

– ხომ იცი, რომ მოგზაურობის გარეშე მოვკვდები. მომცემ ფულს?!

– არა, არ მოგცემ. არსად გამგზავრებას არ ვაპირებ, ამიტომ მინდა კომფორტულად ვიცხოვრო და ფულს იპოთეკის წინასწარი შენატანისთვის ვაგროვებ.

ლალი არ შეეპუა ქმრის წინააღმდეგობას და წავიდა. თვეზე მეტხანს არ გამოჩენილა, ხოლო როდესაც ჩამოვიდა, თემოს უკვე თავისი ახალი ოცნება გაუზიარა:

– ენების სწავლას დავიწყებ: კომუნიკაცია ძალიან გაჭირდა! ინგლისურით დავიწყებ, ფრანგულის სწავლაც მინდა. მომავალ წელს ალპებში ვაპირებთ წასვლას.

თემომ მხოლოდ ამოიოხრა და ისევ გაჩუმება არჩია. ამასობაში კი სამსახურში დააწინაურეს და ხელფასიც გაუზარდეს. მაგრამ ლალისთვის არაფერი უთქვამს. გაზაფხულზე ლალიმ კვლავ დაიწყო მოგზაურობისთვის მზადება:

– ჩვენი ჯგუფი ალტაიში მივდივართ – იქ ახლა ისეთი სილამაზეა!

– კიდევ სადღაც რატომ უნდა წახვიდე?! ამდენი ხანია, დაქორწინებულები ვართ და შვილი არ გვყავს.

– თემო, რა შვილი?! მაშინ ხომ ვერსად წავალ: ჯერ ორსულობა, მერე მშობიარობა, მერე ბავშვის კვება... არა, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერს მოვასწრებ – მოგზაურობასაც და გაჩენასაც.

ალტაიდან ლალი ერთ თვეში დაბრუნდა და მაშინვე დაიწყო მზადება მეორე მოგზაურობისთვის, ამჯერად – საფრანგეთის ალპებში.

– თქვენი ღარიბი კვლევითი ინსტიტუტი ანაზღაურებს ასეთ ძვირად ღირებულ მგზავრობას? – ეჭვი შეეპარა თემოს..

– სამწუხაროდ, არა. ამიტომ მივდივართ ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით. სხვათა შორის, ხომ არ მასესხებდი ფულს, რაკი ისე არ მაძლევ? – შემპარავად ჰკითხა ქმარს.

– მე უკვე გითხარი, რომ შენი მოგზაურობებისთვის ფულს არ მოგცემ. მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა!

ლალიმ ტუჩები დაბრიცა და ნაწყენი სახე მიიღო, თუმცა ამან ვერ გატეხა თემოს უარი. საუბარი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ლალის სამგზავრო ჩანთა უკვე მზად იყო.

– ეს რა არის? – იკითხა სახლში დაბრუნებულმა თემომ: სადმე მიდიხარ?

– ხომ გითხარი, ალპებში-მეთქი.

– და ფული?

– რა მნიშვნელობა აქვს. – ხელი აუქნია ლალიმ, ჩანთას ხელი სტაცა და ნაჩქარევად გავიდა სახლიდან, – ტაქსი მელოდება.

***

რამდენიმე კვირის შემდეგ, თუმცა მისი ცოლისგან არაფერი ისმოდა, თემოს სიდედრმა დაურეკა:

– თემურ, გამარჯობა. აბა, როგორ ჩაიარა თქვენმა გარიგებამ, იმედი მაქვს, წარმატებით. ვადა ამოიწურა, რადგან არ დამირეკე, მე გირეკავ, როდის შეძლებ ფულის დაბრუნებას? მე ვუთხარი ლალის, რომ თანხა დამჭირდებოდა სამ კვირაში, ხომ გესმის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, თორემ არც კი მოგთხოვდით. თან, მცირე თანხაც არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

– რა თანხა და რა გარიგება? მე არაფერი ვიცი, – უთხრა ქალბატონ ანას სიძემ.

– როგორ?! ლალიკომ დამირეკა და ფული ისესხა ბინის პირველადი შენატანისთვის, თქვა, ბოლოს და ბოლოს, იპოთეკას ვიღებთო! თქვა, რომ, მაქსიმუმ ათი დღით, იმიტომ რომ თვის ბოლოს შენ დიდ პრემიას ელოდებოდი.

– პირველად მესმის ამ ყველაფრის შესახებ. თქვენი ქალიშვილი ისევ სამოგზაუროდაა და, როგორც ჩანს, ფული სწორედ მგზავრობისთვის ისესხა.

– კი მაგრამ, როდის დააბრუნებთ თანხას? – სიდედრს ხმაში გაღიზიანება შეეტყო.

– მე არ ვიცი, ლალი რომ დაბრუნდება, მას ჰკითხეთ. მან ისესხა და მანვე უნდა დააბრუნოს. მე ხომ არ მოვსულვარ თქვენთან?!

სიდედრს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თემო ზრდილობიანად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

***

ლალის დაბრუნების შემდეგ ნამდვილი სკანდალი ატყდა: ცოლი დიდხანს უხდიდა ბოდიშს ქმარს ტყუილისთვის, შემდეგ კი დედამისისთვის ფულის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა, მაგრამ თემო კატეგორიული იყო:

– სამსახური შეიცვალე და თავად გადაიხადე.

მაგრამ ლალი აწუწუნდა:

– ხომ იცი, რომ საოფისე მუშაობა ჩემთვის არ არის?! სივიწროვეა, ვიხუთები, მე სუფთა ჰაერი მიყვარს! თავისუფლება მიყვარს! შენ კიდევ ფრთებს მაჭრი.

– ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა. ასე არ გამოვა და, საერთოდაც, რატომ გამომყევი ცოლად, თუ ერთ ადგილზე ერთი კვირაც კი ვერ ჩერდები?!

საბოლოოდ, ლალი მოტყდა და სამსახურის ძიება დაიწყო. დიდხანს ვერ პოულობდა თავის სურვილებზე მორგებულ ვარიანტს: ზოგან ხელფასი იყო დაბალი, ზოგან – დიდი სამუშაო დღე, ხან ოფისი იყო მოუხერხებელი. ამასობაში რამდენიმე თვე გავიდა და სრულიად მოულოდნელად ქალბატონი ანა გარდაიცვალა, ხოლო, რადგან მას ქალიშვილის გარდა არავინ ჰყავდა, მისი ბინა ლალის ერგო მემკვიდრეობით.

– აი, ახლა ნამდვილად ვიყიდით ჩვენს საკუთარ ბინას. ეს ბინა გავყიდოთ, ცოტა დავამატოთ და ჩვენი ბინაც გევქნება, – შესთავაზა თემომ ცოლს.

მაგრამ ლალიმ თავი გააქნია:

– არ გამოვა... ბინის მყიდველი უკვე ვიპოვე, მაგრამ ფული ჩემი ოცნების მოგზაურობაში უნდა დავხარჯო. კილიმანჯაროზე მინდა.

– სულ გაგიჟდი?! – ვერ მოითმინა თემომ, მოკლედ, შენ არ იცვლები, ამიტომ მე აღარ მინდა შენთან ერთად ცხოვრება.

თემოს მოეჩვენა, რომ მისმა შეთავაზებამ ლალი გაამხიარულა, თითქოს თავად ვერ ბედავდა ამის თქმას ან ერჩივნა, რიმ თემოს ეთქვა. მოკლედ, თემომ მეორე დღესვე შეიტანა განქორწინებაზე განცხადება, რადგან საერთო არც არაფერი ჰქონდათ, ნაქირავები ბინის გარდა და არც შვილები ჰყავდათ, პროცედურამ მარტივად ჩაიარა. ორიოდე კვირის შემდეგ კი ლალი გამოეცხადა ნაქირავებ ბინაში:

– თემო, ბინა გავყიდე. აი, ფული, ოღონდ ისევ ერთად ვიცხოვროთ, გთხოვ. მიყვარხარ, ისევე, როგორც ჩემი მთები და არც უშენოდ შემიძლია და არც მთების გარეშე, – ლალი თემოს მიეკრო და ასლუკუნდა...

***

მოკლედ, შერიგდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს. ლალი, რატომღაც, მალევე დაფეხმძიმდა და ვაჟი შეეძინათ. ლექსო დაარქვეს, ლალისა და თემო მამების სახელი.

სანამ ლექსო პატარა იყო, ლალი მას სანიმუშო დედობას უწევდა და მეტად მოსიყვარულე ცოლიც გახდა, მაგრამ, როგორც კი ბავშვს 6 წელი შეუსრულდა, დედამ გადაწყვიტა, რომ ის თავისი სიყვარულისთვის ეზიარებინა.

– ლექსო, წამოდი, მთებში წავიდეთ, მარტო მე და შენ, მამიკო კი აქ დაგვიცდის. იმდენ რამეს გაჩვენებ!.. – მაგრამ შვილი ვერა და ვერ დაიყოლია.

ლალიმ კიდევ რამდენჯერმე სცადა შვილის დაყოლიება, მაგრამ აშკარა იყო, რომ პატარას მოგზაურობისა და მთების სიყვარული დედისგან არ გადასცემოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად ლალის აღარ შეეძლო უკვე ერთ ადგილას ჯდომა, მისი სული თავისუფლებისკენ მიილტვოდა, მან კიდევ ერთ წელს ითმინა მთების გარეშე და ბოლოს მისმა სურვილმა ისევ ამოხეთქა:

– თემო, ასე აღარ შემიძლია. უკვე ვიყიდე ბილეთები აფრიკაში, კილიმანჯარო მეძახის, იქ მინდა წასვლა.

– ისევ თავიდან იწყებ? ან ფული საიდან გაქვს? – თემოს არ მოეწონა ცოლის აღტკინება.

– ანგარიშიდან მოვხსენი თანხა, რაც დედაჩემის ბინის გაყიდვიდან დამრჩა.

– მე კარგი, მაგრამ შვილსაც ტოვებ?!

– სულ ხომ არ ვტოვებ, დავბრუნდები, – გაიკვირვა ლალიმ.

– თუ წახვალ, გაგეყრები! – უთხრა თემომ ცოლს, მაგრამ ლალიმ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და მართლაც წავიდა..

***

ლალის მოგზაურობა უსაშველოდ გაგრძელდა, იმიტომ რომ მწვერვალიდან დაბრუნებულს მალარია შეეყარა და დიდხანს მოუწია მკურნალობა. ფინანსურადაც გაუჭირდა და ძლივს ახერხებდა მკურნალობის ხარჯის დაფარვას...

ამასობაში ოთხი წელიც გავიდა... ლალი დაბრუნდა და, რა თქმა უნდა, თავის სახლს მიადგა, სადაც უცხო ადამიანები დახვდნენ. თემოს ახალი ბინა ეყიდა... ბედად, მეზობელმა ლექსოს ნომერი მისცა და ლალიმ შვილს დაურეკა. სწორედ მისგან გაიგო, რომ თემოს სხვა ცოლი ჰყავდა...

– და ახლა მე რა ვქნა? სად ვიცხოვრო? – შვილს დედამისის ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

– არ ვიცი. მამამ აიღო იპოთეკური სესხი და ახლა ჩვენ ახალ სახლში ვცხოვრობთ მარინასთან ერთად.

– მარინა?! ეგ ვინღაა?!

– მამას ახალი ცოლი, მარინა ორსულადაა და მალე დაიკო მეყოლება, – ლექსოს აშკარად ეტყობოდა ხმაზე. რომ ბედნიერი იყო.

ლალი სიბრაზისგან ლამის გასკდა: მამაშენის ტელეფონის ნომერი მომეცი...

მაგრამ თემოსთან ლაპარაკი უშედეგო გამოდგა. ლალიმ სატუმროში იქირავა ნომერი და მთელი საღამო ბორგავდა:

– ამას წარმოვიდგენდი, რომ უბინაოდ და უშვილოდ დამტოვებდა! სასამართლოში შევიტან სარჩელს, დავამტკიცებ, რომ უკანონოდ გაგვყარეს და ჩემს წილსაც მოვითხოვ მის ბინაში. ყოველთვის ოფისის ჭია იყო, სულ სახლში იჯდა, მე კი ოთხ კედელში სული მეხუთება. ბავშვი გავუჩინე, გავუზარდე, ცოტა ხნით წავედი და მაშინვე განქორწინება მოითხოვა... არ შევარჩენ!

მაგრამ ლალის ყველა სარჩელი ფიასკოთი დასრულდა. მთებიც შორეულ ოცნებად დარჩა, იმიტომ რომ იქ წასასვლელი ფული, უბრალოდ, აღარ ჰქონდა. თემო კი ისე ცხოვრობდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად, როგორ ცხოვრებაზეც ყოველთვის ოცნებობდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი