რომანი და დეტექტივი

ჩიპი

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.08

ჩიპი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #32 (1337)

მეორე დღეს კი „ფეისბუქი“ აჭრელებული იყო ინფორმაციებით – ქვემო ფონიჭალაში განხორციელებული ნარკომოვაჭრის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებით. მე უკვე კარგა ხნის ამდგარი ვიყავი, როდესაც გოგონამაც გაიღვიძა. გამიღიმა და დილა მშვიდობისა მისურვა.

– მე ლალი მქვია. რომ არა თქვენ, დღეს შეიძლება, ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ის ნაძირლები აუცილებლად მომკლავდნენ, – მითხრა გოგონამ.

– თუ საიდუმლო არაა, რას გერჩიან?

ჩემმა კითხვამ ლალი შეაკრთო და გაფითრდა. მივხვდი, თქმა არ უნდოდა და დავამშვიდე:

– უბრალოდ გკითხეთ. სულაც არ ვარ ცნობისმოყვარე და ნამდვილად არ მაინტერესებს თქვენი ამბები.

– გეტყვით. თქვენ რომ არა, ახლა უეჭველად მკვდარი ვიქნებოდი. თანაც, არავინ მყავს გვერდით და იქნებ მირჩიოთ ან, სულაც, დამეხმაროთ. დაბნეული ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ლალის სიტყვებმა დამაინტრიგა და ვუთხარი:

– გისმენთ.

გოგონამ ამოიხვნეშა და თქვა:

– ჩემი ქმარი შავბნელ საქმეებში იყო გარეული. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაში. ძალიან დიდ ფულს შოულობდა და მეფურად ვცხოვრობდით. სულ რაღაც, 2 წლის დაქორწინებული ვიყავით, შვილი არ გვყავდა, ორი თვის წინ კი ის მოკლეს. ჩვენს კერძო სახლში აღმოვაჩინე საშინლად ნაწამები და წამებისგან გული გაუსკდა. მთელი სახლი კი გადაბრუნებული დამხვდა. აშკარა იყო, რომ რაღაცას ეძებდნენ. რომ დავასაფლავე და ამ ამბებმა თითქოს ჩაიარა, ერთ საღამოს ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჩემთან და ჩიპი მომთხოვეს. ჩემმა ქმარმა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მართლაც გადმომცა ჩიპი და მითხრა: აქ უამრავი სიმდიდრეა და საიდუმლო ინფორმაციები. საიმედოდ შეინახე. თუ ვინმემ მოგაკითხა და მოგთხოვა, თავი გაიშტერე და უთხარი, რომ არაფერი იცი. გარკვეული დროის მერე კი ამ ჩიპის შიგთავსს გაეცანი და შენ თვითონ მიხვდები, თუ როგორ მოიქცე მომავალშიო. ის ჩიპი ჩემს საიდუმლო ბინაში მაქვს საიმედოდ შენახული, სადაც მე ვიმალებოდი და მაინც მომაგნეს. სწორედ იქ, სადაც თქვენ გუშინ მოულოდნელად გამოჩნდით. მე სახლიდან მაღაზიაში ვიყავი გასული, უკან რომ დავბრუნდი, სახლში ის ორი კაცი დამხვდა. მე გაქცევას ვცდილობდი და სწორედ მაშინ გამოჩნდით. დანარჩენი კი იცით.

– ჩიპის შიგთავსი ნანახი გაქვთ?

– არა. სულ აფორიაქებული ვიყავი. ვფიქრობდი, დავმშვიდდები და მერე ვნახავ-მეთქი. მაგრამ გუშინ ასე მოხდა.

– თქვენი ბინა რომ გაეჩხრიკათ, ჩიპს აღმოაჩენდნენ?

– გოგონამ თავი გააქნია და მითხრა:

– დარწმუნებული ვარ, რომ არა. სამზარეულოში ჩემი დახატული ნატურმორტი მიკიდია და დოქზე მაქვს წებოვანი საღებავით მიკრული. ძალიანაც რომ გინდოდეს, თუ არ იცი, სადაა, ვერ იპოვი.

– გასაგებია. პირველ რიგში, ჩიპი უნდა ინახოს და გაარკვიოთ, თუ რა არის მასზე ჩაწერილი. არ გამოვრიცხავ, რომ თქვენი გადარჩენის გასაღები სწორედ მაგ ჩიპშია.

– შეიძლება, მაგრამ როგორ ავიღოთ ეს ჩიპი? დიდი შანსია, რომ იქ ჩასაფრება იყოს.

– უნდა გავრისკოთ. თუ მენდობით, მაშინ მე შევეცდები ამ ჩიპის მოპოვებას.

– გენდობით, – მითხრა გოგონამ. ბინის გასაღები მომცა და ქვემო ფონიჭალისკენ ავიღე გეზი.

ჩიპის ასაღებად მივდიოდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ასეთი საქციელი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის უპატიებელ შეცდომად ითვლებოდა. კონსპირაციის ყველა ნორმა დავარღვიე და იმავეს ვაგრძელებდი. ღმერთმა უწყოდა, თუ კიდევ რა მელოდა წინ. ლალის სახლში საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ შევედი და ჩიპი წამოვიღე. კუდი არ შემიმჩნევია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის მანევრი გავაკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავჯექი მანქანაში და დიდი დიღმისკენ ავიღე გეზი. რომ მივედი, ლალი გაფითრებული დამხვდა.

– რა ხდება, რატომ ცახცახებ? – ვკითხე გოგონას.

ლალიმ თავისი „ფეისბუქი“ მაჩვენა და მითხრა:

– წაიკითხეთ, რას მწერენ.

ვიღაც თავკომბალა გივია ლალის წერდა: „ვისთან ერთადაც ახლა ხარ, ის კაცია, ვინც გუშინ მკვლელობა ჩაიდინა სახურავიდან. ხვალ დილამდე გაძლევთ ვადას, რომ ჩიპი გადმოგვცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენცა და შენც ქილერსაც წამებაში ამოგხდით სულს. ისევე, როგორც შენს ქმარს. თანხმობა ახლავე მომწერე და გეტყვი, თუ სად მოხვიდე შენი ჩიპით.“

თავი გავაქნიე. ჩამეცინა და ვთქვი:

– გასაგებია. ჭკვიანი ხალხი მუშაობს. თუმცა, ამის მიხვედრას რა დიდი ჭკუა სჭირდება.

ლალი კიდევ უფრო მეტად გაფითრდა და მითხრა:

– რა არის გასაგები, მართლა ქილერი ხარ?

– მოდი, ასე მოვიქცეთ. პირველ რიგში, ჩიპის შიგთავსს გავეცნოთ. შემდგომ კი ვითარების მიხედვით ვიმოქმედოთ, – ვუთხარი ლალის.

– კარგი, – დამეთანხმა აცახცახებული გოგონა და ჩიპი კომპიუტერს შევუერთეთ.

ჩიპის შიგთავსს გულდასმით გავეცანი და მივხვდი, თუ რატომ ნადირობდნენ მასზე ასე გამალებით. ლალის ქმარი მართლაც დიდ შავბნელ საქმეებში იყო გახვეული და ფულის გათეთრებიდან შანტაჟის ჩათვლით, არაერთ კრიმინალურ ბიზნესში იყო ჩართული. მის ჩიპზე თანამიმდევრულად იყო აღბეჭდილი ყველა ის დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოში ხორციელდებოდა. აქვე იყვნენ მთავრობის წევრები და პარლამანტარები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვინც ამ სქემებს კრიშავდნენ. მითითებული იყო ის საბანკო ანგარიშებიც, სადაც ლალის ქმარს დიდი თანხები ჰქონდა შეტანილი. ამავე ჩიპზე იყო აღბეჭდილი ზოგიერთი მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტი და აქ იდო ის ნაღდი ფაქტები, რომლებიც ადასტურებდა მათ პირდაპირ კავშირს ძალოვან სტრუქტურებთან. ერთი სიტყვით, ეს იყო ბომბი, რომელიც რომ აფეთქებულიყო, ისეთ საშინელ ქაოსსა და არეულობას გამოიწვევდა, რომ მათ დალაგებას წლები არ ეყოფოდა. ჩიპზე ყველა ჩანაწერის გაცნობა რომ დავასრულეთ, ვთქვი:

– ძალიან ბინძურ საქმეებში ყოფილა გარეული თქვენი ქმარი. როგორც ეტყობა, ამ ჩიპს დაზღვეად ინახავდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

– უკან რომ დავაბრუნოთ, არ შეგვეშვებიან? – მკითხა ლალიმ.

– გამორიცხულია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ცოცხალი მოწმეები მათ არ სჭირდებათ. აუცილებლად დაგვხოცავენ, როგორც კი ამ ჩიპს გადავცემთ.

– აბა, რა უნდა ვქნა?

– ვქნათ, – ვთქვი და დავამატე, – ახლა უკვე ორნი ვართ. მათ თუ არ იციან ჩემი ვინაობა, აუცილებლად გაიგებენ და თქვენთან ერთაც მეც „მეტკა“ მადევს

– საიდან გაიგებენ?

– ფულით. ფულს გადაიხდიან და ნებისმიერი გამყიდის. ჩვენს ბიზნესში ერთგულება გამორიცხულია.

– ესე იგი, მართლა ქილერი ხართ?

პასუხს კვლავ თავი ავარიდე და ლალის ვუთხარი:

– პირველ რიგში, აქედან უნდა წავიდეთ. ორ-სამ დღეზე მეტი არ დასჭირდებათ, ჩემი პიროვნების დასადგენად და ამ ბინასაც გაშიფრავენ. ამიტომ სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ.

– თუ ასეთი ყოვლისშემძლეები არიან, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ საშველი არ ყოფილა და ახალ ადგილზეც მოგვაგნებენ.

– გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ აქ, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში უნდა დავრჩეთ უჩინმაჩინები. ხოლო როცა მოსკოვში ჩასვლას მოვახერხებთ, იქ ბევრად უფრო ადვილი იქნება დამალვა. მე რამდენიმე კონსპირაციული ბინა მაქვს და თავს იქ შევაფარებთ.

– კარგი, მასე იყოს, – მითხრა ლალიმ.

სანამ თბილისსა და საქართველოში ვიმყოფებოდით, შენიღბვის ხერხად ინვალიდის ეტლი და მონაზვნის სამოსი გამოვიყენეთ. ერთი თაღლითი მათხოვრისგან საკმაოდ სარფიანად შევიძინეთ ინვალიდის ეტლი. მისიონერ დედებს კი მათი ცისფერ-თეთრი სამოსი მოვპარეთ და თბილისის ქუჩებსა და ტრანსპორტში ამგვარად გადავადგილდებოდით. ერთ-ერთ მძღოლს შევუთანხმდი, საკმაო ფული გადავუხადე და ინკოგნიტოდ ვლადიკავკაზში ჩავედით. მოსკოვში რომ ლალი პირადობის მოწმობის გარეშე არ შესულიყო, ამაში კიდევ უფრო დიდი თანხა გადავიხადე. შემდგომ ინვალიდის ეტლი გადავაგდეთ, ახალი ტანსაცმელი ვიყიდეთ, გარეგნობაც შეძლებისდაგვარად შევიცვალეთ და ვლადიკავკაზიდან მოსკოვში მატარებლით ჩავედით. მთელ ამ ვოიაჟში თბილისიდან მოსკოვამდე – 11 დღე დაგვჭირდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილური ტელეფონი გამორთული მქონდა და მხოლოდ მოსკოვში ჩავრთე, ისიც ქუჩაში და არა კონსპირაციულ ბინაში, სადაც მე და ლალი უნდა მივსულიყავით. ჩაირთო თუ არა ტელეფონი, მაშინვე როიზმანის რამდენიმე ესემესი მომივიდა. მათში ის მწერდა, თუ სად დავიკარგე, ხომ მშვიდობაა, სად ვარ და როდის ჩამოვალ. მალევე დარეკა თავად როიზმანმა და მითხრა:

– მადლობა ღმერთს, რომ შენი ხმა გავიგონე. სად ხარ, რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული?

– ტელეფონით არ ითქმის, რომ გნახავ ყველაფერს მოგიყვები.

– შენთან მეც სასწრაფო საქმე მაქვს.

– გისმენ.

– არც ეს ითქმის ტელეფონით, პირადად უნდა გნახო. სად ხარ?

როიზმანს ჩემი ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის მისამართი ვუთხარი. იქვე ჩემი მეორე კონსპირაციული ბინაც მდებარეობდა. ტელეფონი გამოვრთე და მეორე ბინაში გადავედით. შემდეგ მონიტორებიან ოთახში შევედით, ლალი გვერდით მოვისვი და ვუთხარი:

– უყურე. სულ მალე ღალატშოუ დაიწყება. და თუ მეშლება, მაშინ შენ წინ მოვიკლავ თავს ცილისწამებისთვის.

ჩემმა სიტყვებმა ლალი შეაშინა და მითხრა:

– რას ამბობ. რა თავს მოიკლავ?!

– გეხუმრე. მონიტორებს შეხედე. შოუ იწყება.

მონიტორებში ის კონსპირაციული ბინა ჩანდა, რომლის მისამართიც როიზმანს მივეცი. იქ მე უამრავი ვიდეოთვალი მქონდა დამონტაჟებული და სწორედ იქაურობას ვუყურებდით. სურათი ასეთი იყო: ჩემს კონსპირაციულ ბინაში ოთხი მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ორი კი მათ გარეთ ელოდებოდა. ამ ხალხს სამხედრო პოლიციური უნიფორმა ეცვა. მთელი ბინა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და გაწბილებულები წავიდნენ. ლალის კი ვკითხე:

– რას იტყვი, მოგეწონა შოუ?

– რა მოსაწონი იყო. ვიღაც შეიარაღებულები ბინაში დადიოდნენ და წავიდნენ. ალბათ, ვიღაცას ეძებდნენ.

– ჩვენ.

– რა ჩვენ? – ვერ მიხვდა ლალი.

– ჩვენ გვეძებდნენ. გამყიდა ჩემმა ვითომ მეგობარმა. გასაგებია?

– გასაგებია, – მითხრა გაფითრებულმა ლალიმ.

– ახლა კი კარგად მომისმინე. აქ დარჩები. მე კი საქმეებზე უნდა წავიდე. მობილური არ გაქვს და არც შეიძლება აქ მობილურით სარგებლობა. საჭმელი მაცივარშია და ჩემს მოსვლამდე გეყოფა. ფარდები არ გადასწიო და სასურველი არაა, რომ მთელი ბინა გააჩახჩახო. თუ ვინმე მოვიდა, კარი არ გაუღო. შემოჭრით ვერავინ შემოიჭრება. მე კი რომ მოვალ, კარს თავადვე გავაღებ და შემოვალ. გასაგებია?

– როდის მოხვალ?

– რაც შეიძლება, მალე. ნახვამდის! – ვუთხარი ლალის და წავედი.

რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრება ჩვენთვის ძალიან სახიფათო იყო. ამიტომ, რომელიმე საიმედო ქვეყანაში უნდა გადავსულიყავით და ამას „ვჩალიჩობდი“. ერთ ძველ ნაცნობს მივაკითხე. ჩემთვის და ლალისთვის პასპორტები შევუკვეთე და იმაზე ორჯერ მეტი ფული გადავიხადე, ვიდრე ისინი ღირდა. შემდგომ ერთ, ასეთივე ძველ მეზღვაურ-კონტრაბანდისტს მოველაპარაკე და მითხრა, რომ ხუთ დღეში რეისში გადიოდა და წაგვიყვანდა. მოკლედ, აქედან წასვლის დღეს, გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვა ტელეფონიდან როიზმანს დავურეკე და რომ მიპასუხა, ვუთხარი.

– რაო, შენმა ბიჭებმა ვერ მოგვაგნეს?

სერჟანტს მაიმუნობა აღარ უცდია და პიდრაპირ მითხრა:

– ხომ იცი, „მეტკა“ თუ დაგადეს, მაინც მოგიხელთებენ. სად ხარ ახლა?

– შენ სად ხარ? – კითხვა შევუბრუნე როიზმანს.

– სახლში მივდივარ. მანქანაში ვარ.

– მარტო?

– კი. შეხვედრა ხომ არ გინდა?

– მე არა, მაგრამ სულ მალე ზემოთ იქნები, – ვუთხარი როიზმანს და დისტანციურ პულტს თითი დავაჭირე.

აფეთქების ხმა მკაფიოდ გაისმა ტელეფოში და მე ის მდინარეში გადავაგდე. ორიოდე საათის მერე კი მე და ლალი სამუდამოდ გავემგზავრეთ აქედან თან მიგვქონდა ჩიპი, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა და დღემდე ერთად ვართ.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი