რომანი და დეტექტივი

არასრულწლოვანი მანიპულატორი

№33

ავტორი: ნია დვალი 12 წუთის წინ

მანიპულატორი
დაკოპირებულია

ტატამ გაიგონა, როგორ დატრიალდა საკეტში გასაღები. წიგნი დახურა და შემოსასვლელში გავიდა. თან, საათს დახედა: ღამის პირველი საათი დაწყებულიყო. წესით, კარგა ხნის წინ უნდა დაწოლილიყო, რადგან ხვალ დილით ადრე უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, მაგრამ ვერ დაიძინა, იმიტომ რომ შვილს ელოდებოდა. საერთოდაც, ყოველთვის უჭირდა დაძინება, თუ შვილი სახლში არ იყო. ტატა შემოსასვლელში იდგა, როდესაც გეგამ კარი გააღო და სახლში შემოვიდა. მის უკან გოგონას თავი მოჩანდა, ხშირი წაბლისფერი თმის ხვეულებით.

– დედა?! რატომ არ გძინავს? გვიანია უკვე, – უთხრა დაბნეულმა გეგამ.

– შენ გელოდები. გამარჯობა, გოგონა! გამაცნობ სტუმარს? – ჰკითხა დედამ შვილს. გეგა უხერხულად შეიშმუშნა და თავის თანამგზავრს გახედა. ტატა იდგა და პასუხს ელოდებოდა, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ტატა არ ბრაზობდა, არც კი ნერვიულობდა, იმიტომ რომ შვილს ენდობოდა და მისგან ცუდს არაფერს ელოდა, ხოლო სერიოზული და გამეხებული გამომეტყველება უფრო დედის როლის გასამართლებლად მიიღო.

– დედა, ეს ნატაა. ღამის გასათევი არ აქვს და ვიფიქრე, რომ შეგვიძლია, ცოტა ხნით შევიფაროთ. ქუჩაში ხომ არ დაიძინებს?!

ტატამ ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი: „ძალიან ახალგაზრდაა, მგონი, სკოლა არც კი აქვს დამთავრებული. ნეტავ, რა შარში გაეხვია გეგა?“ – უნებლიეთ გაიფიქრა. შესაბამისად, პაუზა გაიწელა. ნატამ გეგას სახელოში მოქაჩა.

– ჯობია, წავიდე.

გეგა მკვეთრად მიტრიალდა მისკენ.

– სად უნდა წახვიდე? გაგიჟდი?!

აქ უკვე ტატა ჩაერია:

– ღამით, რა თქმა უნდა, არავის გავაგდებ გარეთ. დამშვიდდით. წავედით სამზარეულოში, ჩაი დავლიოთ და წავიხემსოთ.

ტატა გონიერი ქალი იყო. მან გათვალა, რომ წახემსების შემდეგ უსახლკარო გოგონა უფრო გაუზიარებდა თავის გასაჭირს და გულს გადაუშლიდა... სანამ წყალი დუღდებოდა და მაგიდაზე ჭიქები, ლამბაქები, ხელსახოცები, ლარნაკი კანფეტებითა და ორცხობილებით, ხოლო თეფშები ღვეზელებითა და ნამცხვრებით ჩნდებოდა, სამივე დუმდა. მაგრამ როგორც კი ქაფქაფა ჩაიმ ჭიქები აავსო და ნატამ მორიდებულად აიღო ღვეზელი საერთო თეფშიდან, ტატამ ორივეს ჰკითხა:

– აბა, მოყევით, ახალგაზრდებო, რა შეგემთხვათ.

ნატას თვალები მაშინვე აუცრემლიანდა, ამიტომ ინიციატივა გეგამ აიღო თავის ხელში:

– ნატა დედამისს ეჩხუბა და სახლიდან გამოაგდეს.

ტატას თვალები გაუფართოვდა.

– და შენ სად იპოვე?

– ავტობუსის გაჩერებაზე. ვხედავ, ზის მოკუნტული. ვკითხე, აქ რას აკეთებ–მეთქი... და აი, მოვიყვანე.

ტატას გაახსენდა, რომ გეგას მთელი ბავშვობა სახლში ამოჰყავდა უპატრონო ლეკვები და კატის კნუტები და გაეღიმა.

– დიდი ხანია, სახლიდან წამოხვედი? – მიმართა ნატას.

– თითქმის ერთი კვირაა. ორი დღე დაქალთან ვცხოვრობდი, მაგრამ შემდეგ მისმა მშობლებმა მითხრეს, ჯობია, სახლში დაბრუნდეო.

– მერე? – ჩაეკითხა ტატა.

– მივედი სახლში, მაგრამ ჩემი გასაღები არ მოერგო. დედამ საკეტები გამოცვალა, სანამ მე არ ვიყავი. საღამომდე ველოდე, როდის დაბრუნდებოდა სამსახურიდან, მან კი, რომ დამინახა, დამიყვირა, აღარ დამენახვოო და... – გოგონას ცრემლები წასკდა.

– დედა, დააცადე, მშვიდად ჭამოს. ხვალ ყველაფერს გაარკვევ. – საყვედურით უთხრა შვილმა და ტატაც გაჩუმდა.

ცოტა ხანში ადგა და სტუმარს ლოგინი ქალიშვილის ყოფილ ოთახში გაუშალა და თავად თავის საძინებელში შევიდა. ესმოდა, როგორ უხსნიდა გეგა, სად რა იდო სააბაზანოში, როგორ ეძებდა რაღაცას კარადაში. ტატას გეგას ფორიაქი ძაბავდა და ჩაძინება გაუჭირდა. დილით გეგას ოთახის კარზე დააკაკუნა

– უნივერსიტეტში დაგაგვიანდება. გაიღვიძე!

– უკვე ვდგები. – გამოსძახა შვილმა, – ნატამ გაიღვიძა?

– არ ვიცი. ჯერ არ გამოსულა.

– უნდა ადგეს, სკოლაშია წასასვლელი.

– მოსწავლეა? ანუ არასრულწლოვანი?! – ტატა ანერვიულდა, მაგრამ საქმის გარჩევის დრო არ იყო. სამსახურში აგვიანდებოდა.

***

– რაღაც დაძაბული სახე გაქვს, ისევ უძილობამ შეგაწუხა? – ჰკითხა ნანამ, ტატას აჭრილი სახე რომ დაინახა. ნანა ტატას ბავშვობის მეგობარი იყო და ისე მოხდა, რომ ერთადაც მუშაობდნენ.

ტატამ ყველაფერი უამბო და ნანა უფრო მეტადაც კი ანერვიულდა:

– დედა–შვილი გაგიჟდით! ხვდები, რომ, თუ გოგონა არასრულწლოვანია, გეგას შეიძლება, პრობლემები შეექმნას... და თაღლითი რომ იყოს? დედამისმა შეიძლება, სასამართლოს მიმართოს და თქვას, რომ გეგამ ისარგებლა არასრულწლოვნის უმწეო მდგომარეობითო. ნამდვილად ფულის გამოძალვა უნდა თქვენგან, – დაასკვნა ნანამ.

– კარგი, ნუ დახატე აპოკალიფსი, – გაეღიმა ტატას.

– რა აპოკალიფსი! თვითონ დაფიქრდი! – არ შეეპუა ნანა და ტატასაც ეჭვი გაუმძაფრდა:

– გულს ნუ მიხეთქავ, ისედაც ვნერვიულობ.

– კარგი, კარგი, მაპატიე. უცებ დაგესხი თავს. გაიგე მისი მისამართი და გვარი. მე დღესვე გავარკვევ, ვინ არიან მისი მშობლები, რა მოხდა მათთან და ეგრევე დაგირეკავ.

შეთანხმდნენ და სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ.

ტატა სახლში მიიჩქაროდა, მაგრამ, ზღურბლს რომ გადააბიჯა, მიხვდა, რომ ბინაში არავინ იყო. სიცარიელესა და სიჩუმეს დაესადგურებინა. ტატას უნებურად გაახსენდა, რომ მთელი ცხოვრება ხმაურსა და შვილების ჟრიამულში გაატარა. ადრე მათ სახლში ხალხმრავლობა იყო, ახლა კი, უფროსი ქალშვილი უცხოეთში სწავლობდა და იქვე დაქორწინდა, გეგა სულ გარეთ იყო, ქმარი რამდენიმე წლის წინ თავის ახალგაზრდა საყვარელთან გადაბარგდა... და ასე შერჩნენ ერთმანეთს ტატა და გეგა. გეგამ გაითვალისწინა დედის მარტოობა და აქ დარჩა სასწავლებლად და თუმცა მთელი დღის განმავლობაში სახლში არ იყო, ტატამ იცოდა, რომ შვილი გვერდით ჰყავდა.

ტატას მობილურმა დაიწკრიალა, გეგა სწერდა:

– მე და ნატა ნატას მშობლებთან წავედით ნივთების ასაღებად.

ტატამ ამოისუნთქა და სადილი დადგა გასაცხელებლად. როდესაც გამოიცვალა და ივახშმა, გეგა და ნატაც მოვიდნენ. ტატამ გადაწყვიტა, ეტიკეტი გვერდზე გადაედო და დაწვრილებით გამოეკითხა შემოსახლებული სტუმრისთვის ყველაფერი, რაც აინტერესებდა.

ნატამაც უყოყმანოდ უპასუხა ყველა კითხვაზე და გაირკვა, რომ გოგონას მამა არ ჰყავდა და დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. მამა არც არასდროს უნახავს და არც კი იცოდა, ვინ იყო. მამინაცვალს კი დედამისი მაშინ გაჰყვა ცოლად, როდესაც გოგონა მეოთხე კლასში იყო. ის ბევრად უმცროსიც იყო დედამისზე. ჰყავდა ორი ძმა, 3 და 5 წლის.

– დედასთან რატომ მოგივიდა კონფლიქტი? – ფრთხილად ჰკითხა ტატამ.

გოგონამ თავი დახარა:

– ეჭვიანობის გამო.

ტატა დაიბნა:

– ვისზე ეჭვიანობდა?

– ჩემს მამინაცვალზე. მეუბნებოდა, ეპრანჭები და იწვევო.

ტატას სისხლი გაეყინა.

– იმ დღეს კი ისტერიკა მოაწყო, იმიტომ რომ მამინაცვალმა ლოყაზე მაკოცა სკოლაში წასვლის წინ და ცოტა ფული მომცა, დაქალები სადმე დაპატიჟეო.

ტატამ გოგონას თავზე ხელი გადაუსვა და, როდესაც გამოკითხვა დაასრულა, შეუმჩნევლად გავიდა აივანზე. მაშინვე ნანას ნომერი აკრიფა:

– გავიგე ყველაფერი, მისამართი, სახელი, გვარი.

– მშვენიერია, გაგვიმართლა, მაგ სახლში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. დამელოდე, გადმოგირეკავ. უკვე ყველაფერი მეცოდინება.

ნანამ ზუსტად ორ საათში დარეკა:

– მოკლედ, ნატას ყველა მეზობელი კარგად ახასიათებს; გოგონა თავაზიანია, საყვარელი. ბოლო ორი წელია, სახლში გვიან ბრუნდებოდა. როგორც ჩანს, იმიტომ რომ დედამისი ერთი ჭირვეული და ისტერიული ქალია. ისე ხმამაღლა ჩხუბობს, რომ მთელ სადარბაზოს ესმის. ვფიქრობ, რაც მოყვა, შეიძლება, სიმართლე იყოს.

– დიდი მადლობა, ცოტა მომეშვა გულზე, – ამოისუნთქა ტატამ: მაშინ ჯერ დარჩეს აქ და მერე ვნახოთ.

აი, ასე ჩაუსახლდა ტატას ბინაში ნატა, რომელიც საკმაოდ კომუნიკაბელური და მხიარული გოგონა აღმოჩნდა. ტატას ეხმარებოდა სახლის საქმეებში, უყვებოდა სასაცილო ისტორიებს, რაც სკოლაში ხდებოდა და არც თუ ცუდად სწავლობდა. ტატას ის თავის უფროს ქალიშვილს აგონებდა. გეგაც ისე ექცეოდა გოგონას, როგორც ღვიძლ დას. ყოველ შემთხვევაში, ტატას მათ შორის არასდროს შეუმჩნევია არშიყის მსგავსი რამ.

მარტში ნატას თვრამეტი წელიც შეუსრულდა და ტატამ შვებით ამოისუნთქა. ტორტიც კი შეუკვეთა და მეტად პომპეზურადაც იზეიმეს შესახლებულის დღეობა. მაისის დასაწყისში კი ნატას დედამაც დარეკა. ტატას გაეცნო და პირდაპირ მიახალა:

– გავიგე, ქორწილისთვის ემზადებით.

ტატა დაიბნა:

– საიდან მოიტანეთ?

– მე არაფერი მომიტანია, ნატამ დარეკა და გვითხრა, რომ ზაფხულის ბოლოს ქორწინდებიან.

– მე არ ვიცი, რა გითხრათ ნატამ, მაგრამ ეს სრული აბსურდია, – ენა დაება ტატას, – იხუმრა, ალბათ.

– მე არ ვიცი, რა მოგიყვათ მაგ ტუტუცმა გოგომ, მაგრამ მინდა, სიმართლე იცოდეთ. – დაიწყო ნატას დედამ და ტატას ის-ის იყო, უნდა გაეთიშა, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრა: „მოვუსმენ, ვნახოთ, რას იტყვის“, – და სმენად იქცა, ნატას დედამ კი განაგრძო:

– ნატას მამამ თავი ჩამოიხრჩო, როდესაც მასზე ფეხმძიმედ ვიყავი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ. როდესაც დავქორწინდით, მერე გავიგე. ჩემი მეორე ქმარი ძალიან კარგად ეპყრობოდა ნატას, პრობლემა არ გვქონია, სანამ ბიჭები გაჩნდებოდნენ. მერე კი ეჭვიანობა დაიწყო, თითქოს გაგიჟდა. აუტანლად იქცეოდა, ჭირვეულობდა, მავნებლობდა, ისტერიკებს აწყობდა.

– იქნებ მას ეჩვენებოდა, რომ აღარ გჭირდებოდათ? – ფრთხილად შეაპარა ტატამ.

– მეც ასე ვიფიქრე. მაგრამ აშკარა გახდა, რომ პრობლემებს მიქმნიდა ცარიელ ადგილზე.

– მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო? – გაუკვირდა ტატას.

– დიახ, მაგრამ მერე დაიწყო, რაც დაიწყო: რაც მეცხრე კლასში გადავიდა, სახლიდან ქრებოდა ფული, ძვირფასეულობა, ჭურჭელიც კი. ვიცოდი, რომ ნატას გაჰქონდა, ვეჩხუბებოდი. ის კი მხოლოდ იცინოდა. მერე სიგარეტის მოწევა დაიწყო, ღამეები არ მოდიოდა სახლში, სკოლაში აღარ დადიოდა.

– ის კარგად სწავლობს, რას ამბობთ?! – გააპროტესტა ტატამ.

– იმდენი ვეხვეწე სკოლის დირექტორს, რომ არ გაერიცხათ...

– წელს ხომ სკოლას ამთავრებს?! – ტატა ხავსს ეჭიდებოდა.

– რა სკოლას ამთავრებს?! ბოლო წელს სკოლაში არც უვლია, გატყუებთ. თქვენ ხომ არ შეგიმოწმებიათ, სად დადის?!

ტატა დაფიქრდა და, მართლაც, ის არასდროს მისულა ნატას სკოლაში. არც მის მასწავლებლებს დალაპარაკებია.

– და სახლიდან რატომ გამოაგდეთ? – ძლივს გასაგონად ჰკითხა ტატამ.

– ერთ დღესაც სახლში რომ მივედი, ლოგინზე იჯდა შიშველი, თმა აწეწილი ჰქონდა, იქვე ვიღაც ნახევრად შიშველი კაციც იდგა, რომელიც სწრაფად იცვამდა. ნატა კი იცინოდა. მე ჩხუბი დავიწყე, ის კაცი გაიქცა, ნატა კი უტიფრად მიყურებდა და მეუბნებოდა, მალე შენს ქმარსაც ჩავიგორებ ლოგინში და მერე დავაჭერინებ გარყვნილი ქმედების გამოო. მე გაგაფრთხილეთ, ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია, რას იზამთ. ის თქვენს ვაჟზე დაქორწინებას გეგმავს. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა.

ნატას დედამ ტელეფონი გათიშა. ტატა თავზარდაცემული იდგა, მერე იმ ოთახში შევარდა, რომელშიც ნატა ცხოვრობდა: თვალწინ დაუდგა ნატას სახე და მისი ნათქვამები და ქცევები: მათემატიკაში მეცადინეობა საღამოს ცხრა საათამდე, დაქალთან მეცადინეობა ღამის თითქმის თერთმეტ საათამდე... მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ნატა ატყუებდა. ტატას ფიქრისგან თავი უსკდებოდა: როგორ ეთქვა ეს ყველაფერი გეგასთვის?! ამიტომ გადაწყვიტა, ჯერ ნატას დალაპარაკებოდა, იმიტომ რომ გულში მაინც იმედი ჰქონდა, რომ სწორედ ნატას დედა იტყუებოდა.

საღამოს ნატა უფრო ადრე დაბრუნდა სახლში, ვიდრე გეგა. უტიფრად გაუსწორა თვალი დიასახლისს და მიახალა:

– დედაჩემმა მითხრა, რომ დარეკა და რომ იცოდეთ, მე ბავშვს ველოდები გეგასგან.

ტატა დივანზე დაეშვა ღონემიხდილი. ერთხანს ფანჯარაში იყურებოდა, ბოლოს კი ამოთქვა:

– სადმე გადი ერთი საათით. უნდა ვიფიქრო.

ნატამ ჩაიცინა, მაგრამ წავიდა, ტატამ კი მაშინვე ნანას დაურეკა, ჯერ გული მოიოხა ტირილით, ბოლოს კი წუწუნით დააგვირგვინა.

– როგორ გავაგდო სახლიდან, როდესაც ჩემი შვილიშვილი ჰყავს მუცელში?! შეიძლება, მართლა უყვარს გეგა და შეიცვალა?! – ნანა მხოლოდ უსმენდა, ვინაიდან იცოდა, რომ ასეთ საქმეში რჩევა უმადური საქმეა და დუმილი სჯობს. ბოლოს, ტატა დამშვიდდა და ამასობაში გეგაც მოვიდა სახლში.

– ნატაზე დაქორწინებას აპირებ? – მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ჰკითხა შვილს.

– ჯერ არ გვეჩქარება, – ბანზე აუგდო სიტყვა შვილმა.

„როგორ არ გეჩქარებათ, როდესაც ბავშვს ელოდება? – გაიფიქრა ნატამ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი თქვა, – იქნებ არც უთქვამს ჯერ გეგასთვის“.

ამასობაში მაისიც გაილია. ტატა თითქმის არ ელაპარაკებოდა ნატას, უჭირდა მისი დანახვის ატანაც კი, გეგა კი ყოველდღე ეტრაბახებოდა დედამისს, თუ რა კარგად სწავლობდა ნატა და როგორ მაგრად იყო მომზადებული გამოცდებისთვის. ნატაც თავს უქნევდა და ისე ბუნებრივად იცინოდა, რომ ტატას სირცხვილისგან თავად ეწვოდა ყურები. გამოსაშვებ საღამომდე ორი დღით ადრე, გეგამ უცებ ნატას უთხრა:

– მინდა, შენს გამოსაშვებ საღამოზე მოვიდე. პრობლემა ხომ არ იქნება?! ტატას ლუკმა გადასცდა სასულეში და ხველება აუტყდა. თუმცა ესიამოვნა იმის დანახვა, თუ როგორ დაიბნა ნატა და აილეწა.

– რა თქმა უნდა, ერთად წავიდეთ...

ნატა მეორე დილასვე გაუჩინარდა, უთენია მოკრიბა თავისი ბარგი–ბარხანა და ტელეფონიც გამორთო. მხოლოდ საღამოს მოუვიდა გეგას შეტყობინება უცხო ნომრიდან: „მაპატიე, სხვა მიყვარს და მასთან მივდივარ. მადლობა შენ და დედაშენს. ტატას ჩემ ნაცვლად მოუბოდიშე – რაც ვუთხარი, ტყუილი იყო, ნუ ინერვიულებს. მშვიდობით!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი