თვალთვალის ფასი
ავტორი: ნია დვალი 20:00
– ლიზიკო, მეჩვენება, თუ შენს კარადასთან რაღაც ციმციმებს? – მკითხა ნატამ, ჩემმა მეგობარმა, როდესაც სამზარეულოში ყავას ვსვამდით.
– სად? – ვკითხე ისე, რომ თავიც არ ამიწევია.
– აი, იქ, ხედავ მანათობელ წერტილს? – მიმითითა ჭერისკენ.
თავი ავწიე და იმ ადგილს მივაშტერდი. მართლაც, კუთხეში, ზედა კარადის თავზე რაღაც ძლივსშესამჩნევად ციმციმებდა.
– ალბათ, გაზის დეტექტორია, – ვივარაუდე ხმამაღლა, მაგრამ მაშინვე თავადვე დავეჭვდი, – მაგრამ იქ არ უნდა იყოს...
– კვამლის დეტექტორი წითლად ციმციმებს, – თავი გააქნია ნატამ, – ეს – მწვანედ. მოიცადე, ავძვრები და ვნახავ.
სკამი მოიტანა, ავიდა და მალევე პატარა მოწყობილობით ხელში ჩამოვიდა.
– ლიზიკო, ეს კამერაა, – თქვა და ამოიოხრა, – ნამდვილი მინი-კამერა. ჩემს სიძესაც ასეთივე აქვს ოფისში.
უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. არ ვიცოდი, რა მეთქვა.
– დავათვალიეროთ ბინა, სხვაგანაც იქნება, – ნატა წამოდგა და სკამით ხელში საძინებლისკენ გაემართა. მე არ გავნძრეულვარ.
– სასწრაფოდ მოდი! – დამიძახა ნატამ.
– ხედავ? – და მიმითითა საძინებლის კუთხეში, კარადის კარის ღრიჭოში ჩამაგრებულ მოწყობილობაზე.
– კამერა? ჩვენს საძინებელში? ვინ დააყენა? რისთვის? – თითქმის დავიყვირე.
– იქნებ აკაკიმ დააყენა? – ივარაუდა ნატამ, – იქნებ ბინას უთვალთვალებს, როცა თქვენ არ ხართ? უსაფრთხოებისთვის ანუ...
– საძინებელში? – არ დავეთანხმე მეგობარს და ძებნა განვაგრძეთ. კიდევ ერთი კამერა ვიპოვეთ – მისაღებში.
– ლიზიკო, სასწრაფოდ უნდა დაელაპარაკო აკაკის, – მტკიცედ მითხრა ნატამ: ეს სახუმარო საქმე არაა.
მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, დავლოდებოდი ქმარს. აკაკი სამსახურიდან საღამოს შვიდ საათზე დაბრუნდა. მთელი დღე გალიაში დამწყვდეული მხეცივით ვაწყდებოდი კედლებს. ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მიზეზი. ისიც კი ვიფიქრე, რომ აკაკი ეჭვიანობდა და ამ გზით მამოწმებდა.
როგორც კი კარმა გაიჩხაკუნა, შემოსასვლელში გავჩნდი:
– აკო, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, ამიხსენი, ეს რა არის? – მივახალე და კამერა გავუწოდე. მან შეხედა და, ჩემდა გასაოცრად, თავი უხერხულად ჩაღუნა...
– სად იპოვე? – ჩაიბუტბუტა.
– ჩვენს საძინებელში! – დავიყვირე მე, – ესე იგი, იცოდი? გაგიჟდი? მითვალთვალებ?!
– მე არა, – თქვა და შეყოვნდა.
– აბა, ვინ? – ცოტა მაკლდა ისტერიკას.
– დედაჩემმა დააყენა.
წამით მეტყველების უნარი დავკარგე:
– დედაშენმა? რომელიც ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს და ყოველდღე ერთი წუთით შემოდის და მთელი დღე რჩება?!
ჩემმა ქმარმა არაფერი მიპასუხა.
– დედაშენმა დააყენა კამერები ჩვენს ბინაში? – ამჯერად მშვიდი ხმით გავიმეორე, – და შენ იცოდი?
– ხომ იცი, როგორ ნერვიულობს ბავშვების გამო და უნდოდა, ენახა, როგორ იქცევიან, როდესაც ჩვენ სამსახურში ვართ. ვაითუ, ბავშვებს რამე დაემართოსო...
– ბავშვები სკოლაში არიან დღის სამ საათამდე! – გავაწყვეტინე, – და საძინებელში რისთვის? ბავშვები იქ არიან ხოლმე?!
– უბრალოდ, თავი დაიზღვია, ყოველი შემთხვევისთვის.
– რა ყოველი შემთხვევისთვის? გაგიჟდი? ამართლებ? – სიბრაზისგან ავცახცახდი, – გესმის, რომ დედაშენი ჩვენ გვითვალთვალებდა! გვითვალთვალებდა საძინებელში.
– რა გვითვალთვალებდა, – გაღიზიანდა აკაკი, – უბრალოდ ხანდახან ამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.
– ხანდახან? ხანდახან?! – ვიმეორებდი შეპყრობილივით.
აკაკი ხმას არ მცემდა და უცებ თავში აზრმა გამიელვა. აკაკის მივვარდი და ხელიდან მობილური ტელეფონი გამოვგლიჯე.
– რას აკეთებ? – წართმევა სცადა, მაგრამ მე სააბაზანოში შევვარდი და კარი ჩავკეტე. ტელეფონი მაშინვე გავხსენი და დავინახე აპლიკაცია: სამი კამერა ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.
– რამდენი ხანია, რაც ეს ხდება? – გამოვძახე სააბაზანოდან.
– გამოდი და გეტყვი...
კარი გავაღე და თვალებში მივაშტერდი.
– დაახლოებით, სამი თვეა, რა ამბავი ატეხე?! ბევრს აქვს კამერები ბინაში. უსაფრთხოების ამბავია... – მითხრა უტიფრად.
– ბევრს აქვს? საძინებელში?! მთელს სახლში? უკითხავად?! – უცებ მივხვდი, რომ აკაკისთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ტელეფონი დავუბრუნე. საძინებელში შევედი და კარი ჩავკეტე. ბედად ბავშვები დედაჩემთან იყვნენ და შემეძლო ამის გაკეთება, იმიტომ რომ აკაკის დანახვა ჩემს ძალებს აღემატებოდა.
***
მეორე დღეს, დილითვე ავედი ჩემს დედამთილთან. გასაღები მქონდა. მე დავიჟინე, იმიტომ რომ ის გაუფრთხილებლად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს ბინაში, ამიტომ მეც მოვითხოვე მისი ბინის გასაღები. უხმაუროდ გადავატრიალე საკეტი და ფეხაკრეფით შევედი.
ჩემი დედამთილი სამზარეულოში იჯდა მეგობრებთან ერთად. ყველანი პლანშეტს მისჩერებოდნენ.
– ნახეთ, ისევ პელმენებს ხარშავს, ამ კვირაში უკვე მესამედ! ვეუბნებოდი აკუნას, ზარმაცი ცოლი გყავს-მეთქი და, აჰა, ბატონო.
ამის თქმა დავაცადე და ჩავახველე. სამი წყვილი თვალი მომაჩერდა. პლანშეტის ეკრანზე ჩვენი სამზარეულო ჩანდა და მე. მართლაც პელმენებს ვხარშავდი, ოღონდ ნაყიდს არა – ჩემს მომზადებულს.
– ჩემი ბინიდან უყურებთ პირდაპირ ტრანსლაციას? – ვკითხე ძალიან მშვიდად.
– ლიზიკუნა, – აფუსფუსდა ჩემი დედამთილი, – ჩაის დალევას ვაპირებთ. შემოგვიერთდები?
– კითხვა დაგისვით!
– არა, უბრალოდ, ვაჩვენებდი, რა კარგი რძალი მყავს, – უსინდისოდ იცრუა ჩემმა დედამთილმა, – გოგოები არ მიჯერებდნენ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს შორისაც არიან კარგი ცოლები და ამას ვაჩვენებდი.
– უტიფრად იტყუებით! – მივახალე, – ჩემი ცხოვრება თქვენი მეგობრებისთვის რეალითი შოუ გახადეთ? რამდენმა ადამიანმა ნახა ეს ჩანაწერები?
– როგორ ელაპარაკებით უფროს ადამიანს? – არანაკლებ უტიფრად ააჭარტალა ენა ჩემი დედამთილის ერთ-ერთმა მეგობარმა.
– ან რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული? ჯგუფში ვუყურებდით, ჩვენი ჯგუფი გვაქვს WhatsApp–ში, სულ რაღაც, 20 მეზობელია... – წაეშველა მეორე – ამისთვის აყენებთ შეურაცხყოფას თქვენი ქმრის დედას?!
– ესე იგი, დღეში 20 ადამიანი უყურებდა, როგორ დავდიოდი ბინაში შილიფად ჩაცმული, როგორ ვწვებოდი და ვდგებოდი?! – დავიყვირე მთელი ხმით. შემდეგ გამოვტრიალდი და კარი გამოვიჯახუნე. საკუთარი თავის შემეშინდა, რომ ჩემს მოქმედებებს ვეღარ გავაკონტროლებდი.
სახლში შევვარდი და აკაკის ლეპტოპი გავხსენი. მესენჯერში უამრავი შეტყობინება ჰქონდა დედისგან:
– აკუნა, ისევ არ გააუთოვა შენი პერანგები. ხომ გეუბნებოდი, რომ არ ივარგებდა დიასახლისად? ამომიტანე, მე გაგიუთოებ.
– ნახე სამშაბათის ჩანაწერი, საღამოს ხუთიდან ექვსამდე ტელეფონზე ლაქლაქებდა, იმის ნაცვლად, რომ შენთვის ვახშამი მოემზადებინა.
– მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინო. მამაკაცი ხარ, ოჯახის უფროსი. არ შეიძლება, ცოლს ასეთი თავნებობის უფლება მისცე.
ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი. დედა-შვილი განიხილავდა ჩემს თითოეულ მოქმედებას, სიტყვას. ერთად გეგმავდნენ ჩემი აღზრდის დეტალებს, თუ რა უნდა გამომესწორებინა. კითხვას აზრი აღარ ჰქონდა: საერთო სურათი უკვე ვიცოდი, ამიტომ ლეპტოპის სხვა ფაილების თვალიერება დავიწყე და შემდეგ ერთ ფოლდერს გადავაწყდი. მასში ერთი თვის წინანდელი ვიდეო ინახებოდა. გავხსენი. ჩანაწერში ჩვენი საძინებელი ჩანდა, მე ტელეფონზე ვლაპარაკობდი ჩემს ყოფილ კოლეგასთან, ლაშასთან. ვიდეოს დავაჭირე...
– ლაშა, გასაგებად აგიხსენი, რომ გათხოვილი ვარ... რაც მოხდა, მეც მესიამოვნა... აღარ უნდა გავიმეოროთ... შეცდომაა... მე ჩემი ქმარი მიყვარს... შეგვიძლია, შევხვდეთ...
დავფიქრდი: ლაშას ნამდვილად ველაპარაკე ტელეფონით, მაგრამ, რაკი არც არაფერი მომხდარა, ვერაფერი მესიამოვნებოდა და არც არაფერი იყო გასამეორებელი. ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. იმიტომ რომ ლაშას იმ დღეს საკმაოდ უხეშად დაველაპარაკე. მხოლოდ ის ფრაზები იყო დატოვებული: გათხოვილი ვარ და ჩემი ქმარი მიყვარს. დანარჩენი საუბარი დამონტაჟებული იყო.
– აკუნა, ცხვირწინ გღალატობს. მე ეს ყოველთვის ვიცოდი. არ არის შენი შესაფერისი. შეგიძლია, მშვიდად მოითხოვო განქორწინება. ბინას ბავშვებს შეუნახავ. ის ვერაფერს მიიღებს. თავად არის დამნაშავე. უსინდისო ქალი. უთხარი, რომ ბავშვებს ეტყვი, როგორი გარყვნილია და არა მხოლოდ ბავშვებს, თუ რამეს მოითხოვს გაყრის შემდეგ, – არიგებდა ჩემი დედამთილი ჩემს ქმარს.
და უცებ მივხვდი, რომ მან ეს კარგა ხნის წინ დაგეგმა და ამ გეგმას ახორციელებდა. უნდოდა, ჩემი რაღაცაში გამოჭერა, კომპრომატების შეგროვება და გამოუვიდა კიდეც: ჩანაწერი ისე დაჭრა, რომ თითქოს საყვარელს შეხვედრაზე ვუთანხმდებოდი.
– ლიზ, რა გემართება? – თავზე აკაკი წამომადგა, – დედაჩემმა დარეკა, მითხრა, რომ მასთან იყავი და მას და მის მეგობრებს უხეშად ელაპარაკე...
– დაბრძანდი, – ვუთხარი და სკამი გამოვუწიე, – გავუხსენი მესენჯერი და ის ავბედითი ფაილიც, – ხედავ, რას აკეთებდა დედაშენი?! ჩვენი ბინიდან ჩანაწერებს ჯგუფში აზიარებდა.
– არასწორად გაიგე... – გაფითრდა ჩემი ქმარი.
– აბა, მითხარი, სწორად როგორ უნდა გავიგო? – ვკითხე იქედნურად, – დედაშენი სამი თვეა, მითვალთვალებს, ამონტაჟებს ვიდეოს, რომ მოღალატედ გამომიყვანოს, ჩვენი ცხოვრების ჩანაწერებს მთელ ეზოს აჩვენებს. შენ კი მას დაეხმარე კამერების შერჩევაში, დაყენებაში, მის რჩევებს ისმენდი და ემზადებოდი გაყრისთვის. თან, ისე, რომ ჩემთვის ყველაფერი წაგერთმია.
– მე, უბრალოდ, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ, – აკაკი თავის მართლებას ცდილობდა.
– და სად არიან ჩანაწერში ბავშვები?! – გადავიხარხარე მე, – გესმის, რომ დედაშენმა ყალბი ვიდეოჩანაწერი შექმნა?! და შენ ამ ჩანაწერის გამოყენებას აპირებდი განქორწინებისას ჩემი შანტაჟის მიზნით.
– არ ვაპირებდი...
– ნუ ცრუობ! შეხედე, რას წერს დედაშენი: „ახლა რომ შევიტანოთ სასამართლოში სარჩელი, როდის ჩანიშნავენ სხდომას? ძალიან გაწელავენ?“
აკაკი დუმდა. მაგრამ შემდეგ ფეხზე წამოდგა:
– აბა, რა უნდა მექნა? დედა მართალია, ხან შენი მომზადებული სადილი არ ვარგა, ხან პერანგებია დაჭმუჭნული, ხან ბავშვებს ეჩხუბები, ხან სახლია დაულაგებელი...
– რაც ჩამოთვალე, ამით დედაშენია უკმაყოფილო. პირადად შენ რით ხარ უკმაყოფილო? – ვკითხე და ისევ თვალი გავუსწორე.
ჩემი ქმარი შეიშმუშნა და ენა დაება: მე... მე...
– არც კი იცი... უბრალოდ, იმას აკეთებ, რასაც დედაშენი გეუბნება, არადა ოცდაჩვიდმეტი წლის ხარ.
ფოლდერი ჩემს ტელეფონში გადმოვიწერე. სკამიდან ავდექი, კარადასთან მივედი და ნივთების ჩანთაში ჩალაგება დავიწყე.
– რას აკეთებ? – შეშფოთდა აკაკი, მოდი, მშვიდად ვილაპარაკოთ.
– სამი თვეა, დედაშენი ფარული კამერით მიღებდა. ჩანაწერებს მთელ ეზოს აჩვენებდა. კომპრომატს ამონტაჟებდა. შენ კი ეხმარებოდი. და გინდა, რომ ეს მშვიდად განვიხილო?
– ჩვენ ხომ ოჯახი გვაქვს?! ან სად უნდა წახვიდე?
– დღეს ნატასთან, ხვალ – ადვოკატთან. დედაშენსაც უთხარი, რომ კონსულტაცია გაიაროს, იმიტომ რომ მე მას ვუჩივლებ ფარულ თვალთვალში და ვიდეოს დამონტაჟებისთვის ჩემი შანტაჟის მიზნით.
– დედაჩემს უჩივლებ? – შეცბა აკაკი.
– არა, ბიჭო, ვუხათრებ. თან, ისეთი ბრიყვები ხართ, რომ არც კი შეამოწმეთ, რომ ბინა ჩემს სახელზეა. შენ სესხი არ მოგცეს და ამიტომ ბინა ჩემზე გავაფორმეთ, რომ სესხი აგვეღო. სესხი აღარ დაგვჭირდა, ბინა კი ჩემს სახელზე დარჩა. ეს დედაშენმა არ იცოდა, არ გითქვამს.
უცებ სიცილი ამიტყდა. აკაკი კი ბოთესავით იდგა შუა ოთახში. მე აუცილებელი ნივთები ჩავალაგე. ჩავიცვი, შემდეგ აკაკის მივუბრუნდი:
– ერთ კვირას გაძლევ. აქ აღარ დამხვდე. დედაშენს კი მოუწევს კანონისთვის პასუხის გაცემა.
***
– ოჰ ეს ნაძირლები! – ვერ მოითმინა ნატამ, – მართლა უჩივლებ ნანას?
– დიახ. აკაკის კი ბინიდანაც გავაგდებ, – ვუთხარი თავდაჯერებულად.
ნატა პირდაღებული მიყურებდა, მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. იმავე საღამოს დავემატე დახურულ ჯგუფში და წევრებს მოვახსენე, რომ პოლიციისთვის ვაპირებდი მიმართვას და, თუ შენახული ჰქონდათ ჩანაწერები ან ვინმეს აჩვენეს, მათაც მივაყოლებდი ჩემს აწ უკვე ყოფილ დედამთილს. ჯგუფი ხუთ წუთში წაიშალა. ვიცოდი, რომ აკაკი და დედამისი ასე იოლად არ დანებდებოდნენ, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ არც მე დავთმობდი, ჩემს ცხოვრებაში პირველად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





