რომანი და დეტექტივი

საპასუხო სვლა

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.05

საპასუხო სვლა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #16 (1321)

თვალსა და ყურს არ ვუჯერებდი – აგარაკზე შეკრებილთა ნახევარი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები იყვნენ, მათ შორის, მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეები. მათი უმრავლესობა კი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყო. იქ იყო ერთი თურქი, ბათუმში მცხოვრები ბიზნესმენი, რომელიც ფეშენებელური სასტუმროების ქსელს ფლობდა. ის დიდი სიამაყით ამბობდა, რომ მის ბუნაგებში ტანწერწეტა, ქართველ და რუს გოგონებს ამუშავებდა მეძავებად და რომ კლიენტურა ფრიად კმაყოფილი იყო ამით. ის თურქი კოორდინაციას უწევდა საქართველოდან თურქეთში ნარკოტიკების ტრანსპორტირებას. ანუ საზღვარზე გადაჰქონდა და ხმელთაშუა ზღვამდე მიჰქონდა. იქიდან კი ნარკოტიკები, ძირითადად, ევროპის სამხრეთ ნაწილებში იგზავნებოდა. ნარკოტვირთი კი აგარაკის მფლობელის შვილის კომპანიას მიჰქონდა ტრაილერებით. როგორც ცნობილი გახდა, მთელი ამ ბანდის უფროსი სწორედ აგარაკის მფლობელი, თადარიგის პოლკოვნიკი იყო. ის ისმენდა და იბარებდა ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. იძლეოდა რჩევებსა და განკარგულებებს. უშიშროების სამსახურის განყოფილების უფროსმა პოლკოვნიკს უთხრა:.

– ჩემი მოადგილე ცხვირს ჰყოფს იქ, სადაც საჭირო არაა.

– კონკრეტულად?

– მე მგონი, ხვდება, რომ ნარკოტრაფიკს ვმფარველობთ.

– რას ჰქვია, ვმფარველობთ! მრავლობითში რატომ იძახი. მან რა, ჩვენ შესახებაც იცის რამე? – მრისხანედ იკითხა პოლკოვნიკმა.

– არა. თქვენზე არაფერი იცის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ჩემზე გამოსვლას ცდილობს.

– რატომ გგონია?

– იმიტომ, რომ გუშინ ჩამინამიოკა, ჩვენს უწყებაში ვირთხაა შემოპარული. ნარკობიზნესს მფარველობს და უნდა გაისრისოსო. ლოგიკურად, ჩვენი განყოფილების მეტს არავის შეუძლია ამის გაკეთება და აშკარაა, რომ მე მგულისხმობდა.

– მერე შენ რა უთხარი?

– რა უნდა მეთქვა. ხუმრობაში გადავიტანე და ვუთხარი, აუცილებლად გასასრესია და ერთად ვიმოქმედოთ-მეთქი. ერთი სიტყვით, მემი მოადგილე გასაფაიზაღებელია.

პოლკოვნიკი გაცოფდა და განყოფილების უფროსს უღრიალა:

– შენი დედაც... შენი მოადგილე ღლაპი და უპატრონო კოტიკო ხომ არ გგონია. მას რომ რაიმე დაემართოს, ყველაფერს დაწვრილებით გამოიძიებენ და შენზე გამოვლენ. შენ კი ყველას გაგვყიდი.

– რას ამბობთ, პოლკოვნიკო?!

– რაც გესმის, შე კრეტინო. კოტიკოს მოკვლა სულაც არ იყო საჭირო.

– აბა, რა უნდა გვექნა. ის ყველას კუდზე გვაჯდა.

– რა და, ფული უნდა მიგეცათ. ბევრი ფული და საქმეში ჩაგეთრიათ, მაშინ არც იდიოტი „ცალტვინასა“ და მისი ჯგუფის გამოყენება დაგჭირდებოდა. თუ კლავდი, ნარკომანობა კი არ უნდა დაგებრალებინა და პათანატომი ჩაგერთო საქმეში, არამედ შარშანდელი თოვლივით გაგექროთ. გასაგებია?

– დიახ, გასაგებია.

აგარაკზე კიდევ მრავალი საინტერესო რამ შევიტყვეთ და ისე, რომ ჩვენი სქემის შესავსებად ძალადობის გამოყენება, ვინმეს გატაცება და დაკითხვა აღარ იყო საჭირო... თუმცა, ერთი ასეთი აქტი მაინც უნდა განმეხორციელებინა. შური უნდა მეძია ჩემი კოტიკოს მკვლელებზე და აგარაკზე რომ თათბირი დასრულდა და ნარკოდამნაშავეები წავიდნენ, ნატოსთვის რაც უნდა მეკითხა, იმის თქმა მან დამასწრო:

– „ცალტვინა“ ჩვენი უწყების თანამშრომელია. ოპერატიული მუშაკი. ხოლო ვინ იგულისხმება დანარჩენებში, არ ვიცი.

– ამას მალევე გავიგებთ, – შევპირდი ნატოს და დავამატე, – ხომ გაიგონე, განყოფილების უფროსი თავისი მოადგილის ლიკვიდაციას აპირებს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ.

– გეთანხმები. ის უნდა გავაფრთხილოთ, – მითხრა ნატომ.

– პირადად იცნობ?

– კი. პირქუში და სიტყვაძუნწია, მაგრამ პატიოსანი. ჩვენთან ის ბევრს არ ეხატება გულზე. შეიძლება, უარი თქვას ჩვენთან თანამშრომლობაზე ამ ფორმით და გვითხრას, კანონის მიხედვით ვიმოქმედებო.

– ეს ძალიან ცუდია. რომ მოკლან, ჩვენი ბრალი იქნება, ამიტომ უნდა ვცადოთ.

ნატო დამთანხმდა და გადავწყვიტეთ, რომ განყოფილების უფროსის მოადგილეს ერთად შევხვდებოდით და შევეცდებოდით, დაგვეყოლიებინა ჩვენთან თანამშრომლობაზე.

სანამ განყოფილების უფროსის მოადგილეს შევხვდებოდით, კოტიკოს მკვლელებს მივხედე. „ცალტვინას“ დავუდარაჯე და კუდზე დავაჯექი. მას ბინძურ საქმეებში აღებული ფულით კერძო სახლი ჰქონდა ნაყიდი მცხეთაში და იქ მოვიხელთე. თავზე რომ წამოვადექი, გაოგნდა. წინააღმდეგობის გაწევა დააპირა, მაგრამ პისტოლეტი მივუშვირე და გაშეშდა. მიხვდა, რაც მინდოდა და ჩემი მოსყიდვა სცადა. ამის გამო იარაღის ტარი ყბაში მოხვდა და იატაკზე გათიშული დაენარცხა. გონება რომ დაუბრუნდა, დანარჩენებთან დავარეკინე და იქ მოვაყვანინე. ისინი სამოქალაქო პირები აღმოჩნდნენ. სამივე ნაძირალა ერთ რიგში დავაყენე, განაჩენი წავუკითხე, ზუსტად ისე, როგორც ეს ომის დროს ხდება ხოლმე და ყველანი თითო გასროლით დავხოცე. შემდეგ სახლში დავბრუნდი და იმ ღამეს კარგად მეძინა.

მეორე დღეს, როგორც შეთანხმებული ვიყავით, მე და ნატო განყოფილების უფროსის მოადგილის სახლთან მივედით. ჩემი მანქანით ვმოძრაობდით. საჭესთან დავრჩი და ნატომ სადარბაზოსთან გააჩერა უფროსის მოადგილე. ათიოდე წამი ელაპარაკა და ორივე მანქანაში ჩაჯდა. ნატო უკანა სავარძელზე მოთავსდა, ის კაცი კი – ჩემ გვერდით.

– გაიცანით: ეს კოტიკოს დეიდაშვილია, – უთხრა ნატომ მას და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. საუბარი მე განვაგრძე და ახალგაცნობილს ვუთხარი:

– ერთი საათი უნდა დაგვითმოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოგაწვდით.

– ინფორმაციებს? მასეა საქმე? ესე იგი, ბევრი ინფორმაცია გაქვთ.

– ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი, – ვთქვი მე.

– ბრძანეთ.

– წამობრძანდით და საკუთარი თვალით ნახავთ და საკუთარი ყურებით მოისმენთ.

– წავედით, – თქვა მან და ღვედი შეიკრა.

განყოფილების უფროსის მოადგილე ნაქირავებ აგარაკზე მივიყვანეთ. მონიტორებიან ოთხაში შევუძეხით და ვუთხარით:

– აი, ბატონო, ყველაფერი აქაა და ძირითადს გიჩვენებთ. დანარჩენზე კი მერე დავილაპარაკოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი მრავლისმნახველი, ვაჟკაცი ადამიანი იყო, ნანახმა მასზე დიდი ეფექტი მოახდინა. განსაკუთრებით კი ეს იმ დროს დაეტყო, როდესაც მისი უფროსი მის მკვლელობაზე საუბრობდა... ვიდეოსეანსი რომ დასრულდა, ნატომ ჰკითხა:

– რას იტყვით?

– რა უნდა ვთქვა. ყველაფერი ნათელია. სისტემა ლპობას იწყებს და შველაა საჭირო.

სწორედ ამიტომ მოგიყვანეთ აქ, ბატონო და ეს ყველაფერი განახვეთ.

– ჩემგან რას მოითხოვთ?

– პირველ რიგში, თავს გაუფრთხილდით. დანარჩენი კი მოფიქრებული გვაქვს.

– ესე იგი, ხმა არ ამოვიღო.

– დიახ, – დავუდასტურეთ მე და ნატომ.

– საცოდავი კოტიკო. შესანიშნავი თანამშრომელი იყო. სწორედ მე დავავალე ამ საქმის გამოძიება და მისი დაცვა კი ვერ შევძელი. „ცალტვინას“ მაინც ავუგებ წესს.

– უკვე ავუგე, – ვთქვი მე.

– როგორ? მოკალით?

– მე არა. მან და მისმა ნაძირლებმა წუხელ ერთმანეთი დახოცეს და კუპრში ბანაობენ.

– მაინც რას აპირებთ. დანარჩენებიც უნდა დახოცოთ? ხომ არ აჯობებდა, რომ კანონი ავამოქმედოთ?

– არ გაჭრის. გადარჩებიან. მათ ზემოთ მფარველი ჰყავთ.

– აბა, რას აპირებთ?

მე და ნატომ მას ჩვენი გეგმა გავაცანით.; უფროსის მოადგილე გულისყურით გვისმენდა. ბოლოს კი გვითხრა:

– საუკეთესო ვარიანტია. მიდით იმოქმედეთ! მე კი ერთკვირიან შვებულებას ავიღებ, ხომ ჩაეტევით ამ დროში?

– დიახ. ჩავეტევით.

– და, ერთიც, მე არსად არასდროს მახსენოთ.

– თავისთავად.

– ნახვამდის, მეგობრებო, წავედი! გისურვებთ წარმატებას! – გვითხრა განყოფილების უფროსის მოადგილემ და წავიდა.

სამი დღის შემდეგ „ეფბეერის“ თბილისურ ფილიალს მთელი ჩვენი „ნაშრომი“ ინკოგნიტოდ გავუგზავნეთ. კიდევ ორი დღე რომ გავიდა, „ეფბეერმა“ და საქართველოს ანტიტერორისტულმა სამსახურმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს. დააპატიმრეს ფირებზე აღბეჭდილი ყველა ადამიანი, გარდა თურქისა. თურქი წინა დღით ბათუმ-მახინჯაურის მაგისტრალზე საკუთარ მანქანაში აფეთქდა.

ძალოვან სტრუქტურებსა და ზოგიერთ სამთავრობო უწყებაში კადრების ცვლილება განხორციელდა. უფროსის მოადგილე კი ყოფილი, დაპატიმრებული უფროსის ადგილზე დანიშნეს. ყველა დაპატიმრებული და მათ შორის თადარიგის პოლკოვნიკიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს და რადგან დადგინდა, რომ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობით ამ ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიდნენ, იქვე გაასამართლეს და ბევრ მათგანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს...

***

მალე ნატოს მშობიარობის დროც დადგა და მშვენიერი ვაჟკაცი მოევლინა ქვეყანას. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა კოტიკოს და მას, რა თქმა უნდა, მამამისის სახელი დავარქვით.

ერთ დღეს მობილურზე განყოფილების უფროსმა დამირეკა და მთხოვა, ერთ მყუდრო რესტორანში შევხვედროდი. რომ მივედი და ერთმანეთს მივესალმეთ, მან ჯერ ნატო და კოტიკო მოიკითხა, შემდგომ კი საქმეზე გადავიდა და მითხრა:

– უმუშევარი ხართ, ხომ?

– დიახ. ჯართან აღარ გავაგრძელე კონტრაქტი.

– მე თქვენი პირადი საქმე შევისწავლე და სამსახურს გთავაზობთ.

– რა სამსახურს?

– ჩემთან, უშიშროებაში. საგანგებო-ოპერატიული რაზმის მეთაურად. დიდი საბრძოლო გამოცდილება გაქვთ. მაღალი კლასის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი. ერთი სიტყვით, ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, რაც ჩემთან სამუშაოდაა საჭირო.

– აბა, რა ვიცი. უშიშროების სისტემაში არასდროს მიმუშავია.

– მერე რა? – მხრები აიჩეჩა და დაამატა, – ახლა ჩემთან ტოტალური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ბევრი თანამშრომელი გავუშვი. ახლებს ვეძებ და თქვენ და თქვენნაირები მჭირდებით. ხომ გახსოვთ, იქ რომ ვთქვი – სისტემა, ლპება-მეთქი. გადავწყვიტე, რომ ეს ლპობა შევაჩერო.

– შევძლებთ კი?

– მოვინდომებთ და შევძლებთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?

– რომ მოვიფიქრო?

– ახლა ფიქრის დრო არაა. ხვალ დილით გელოდებით თქვენზე საშვი იქნება დაშვებული და დანარჩენზე იქ დავილაპარაკოთ.

– კარგი. მოვალ.

– ახლა კი ვივახშმოთ და სამსახურზე ლაპარაკი შევწყვიტოთ. მინდა, ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, თქვა მან და წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია. თუმცა, სიტყვის თქმა არ დასცალდა, სნაიპერმა მას შიგ შუბლში მოარტყა ტვია და სანამ სულს დალევდა, წარმოთქვა: სისტემა დალპა...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი