რომანი და დეტექტივი

სამზარეულო პროტესტი

№20

ავტორი: ნია დვალი 20:00

სამზარეულო პროტესტი
დაკოპირებულია

ლალისფერი სითხე ხმაურით ჩაიღვარა ნიჟარაში, ხოლო ნაგვის ურნაში კი წვნიანის შიგთავსი ეყარა: წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი და ბოსტნეული. სადილი, რომლის მოსამზადებლადაც 3 საათი დავხარჯე ჩემს ერთადერთ დასვენების დღეს, განადგურებული იყო.

– ეს შენი ბორშჩი პირში არ ჩაისვლებოდა და შენ კი დიასახლისობა ვერა და ვერ ისწავლე, – დედამთილმა მოზეიმე სახით გადმომხედა, როდესაც დემონსტრაციულად გადაღვარა კერძი და ზიზღით დაახეთქა ცარიელი ქვაბი მაგიდაზე. ქვაბმა ჟღრიალის ხმა გამოსცა, რითიც თითქოს საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩემს დღემდე უსასრულო მოთმინებას.

თინამ ჩემ წინ იდგა: მოვლილი სამოცი წლის ქალი, კოხტა ვარცხნილობით, მაკიაჟითა და მოკუმული პირით. ჩემი დედამთილი ჩვენთან ექვსი თვის წინ გადმოვიდა, მოტივით, რომ მის ბინაში კაპიტალური რემონტი დაიწყო, ამ არეულობაში ცხოვრება კი არ შეეძლო. ხოლო, რადგან ვაჟი ჰყავდა, ბინის ქირაობაზე არც უფიქრია, თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

გადმოვიდა და დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი: ათვალიერებდა კარადებს, ამოწმებდა ალეკოს პერანგებს, შარვლებს, სვიტერებს, წინდებს, საცვლებს. თეთრ ხელსახოცს უსვამდა ავეჯს, რომ დარწმუნებულიყო, როგორ იყო მტვერი გადაწმენდილი. არანაკლებ აკრიტიკებდა ჩემს პროფესიასაც – არქიტექტორობა, ამტკიცებდა, რომ ეს მამაკაცების საქმე იყო.

– ქალი სახლში უნდა ტრიალებდეს და მთელ დღეებს კომპიუტერთან არ უნდა ატარებდეს, – არწმუნებდა ალეკოს.

ამ ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ბებიაჩემის რეცეპტით მომზადებული წვნიანის გადაქცევა ჩემთვის შეურაცხყოფის მწვერვალად იქცა. მით უმეტეს, მინდოდა, მესიამოვნებინა დედამთილისთვის, რომელმაც ორიოდე დღის წინ დაიჩივლა, რომ კარგა ხანია, წვნიანი არ უჭამია. ამ ფაქტმა გულში რაღაც ჩამწყვიტა, მაგრამ თვალებზე ცრემლიც კი არ მომდგომია. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი და მიზეზიც ვიცოდი: ამ ადამიანს პატივს საერთოდ აღარ ვცემდი და თუ მისი შვილი, ანუ ჩემი ქმარი მის მხარეს დაიჭერდა, აღარც ის მაინტერესებდა. ასეთ უმადურ ადამიანებთან ცხოვრებასა და ნათესაობას აღარ ვაპირებდი.

– როგორც გენებოთ, – ვუთხარი წყნარი ხმით, ავიღე ქვაბი და გავრეცხე.

ჩემი დედამთილი აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ მშვიდ რეაქციას. სავარაუდოდ, ფიქრობდა, სკანდალს თუ არა, ისტერიკას მაინც მოვაწყობდი, რომ შემდეგ ალეკოს თვალში ისევ მსხვერპლად წარმოეჩინა თავი, რომელსაც რძალი ტანჯავს და ამცირებს. მაგრამ მე, უბრალოდ, გავედი სამზარეულოდან.

იმ მომენტიდან თამაშის წესები შეიცვალა. გადავწყვიტე, საბოტაჟი მომეწყო და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ალეკო გამომეცადა და გადამეწყვიტა: ასე გამეგრძელებინა ცხოვრება, უსამართლოდ შეურაცხყოფილს, თუ რადიკალურად შემეცვალა ჩემდამი უპატივცემულო დამოკიდებულება.

ორშაბათის დილა ჩვეულებრივად დაიწყო. 8 საათზე უკვე სამზარეულოში ვიყავი. ამ დროს ვიწყებდი საუზმის მომზადებას. ახლა ბინაში სამნი ვიყავით, ვინაიდან ჩვენი ორივე შვილი უცხოეთში იყო საზაფხულო სწავლებაზე. ჩემი დედამთილი 9-ის ნახევრისთვის შემოდიოდა, აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი და ამრეზით ათვალიერებდა ხოლმე უკვე გაწყობილ მაგიდას. რა თქმა უნდა, მას შეეძლო, დაეძინა და ჩვენი წასვლის შემდეგ ესაუზმა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გაუშვებდა შესაძლებლობას, ჩემთვის დილიდანვე ჩაეშხამებინა დღე შენიშვნებით.

ალეკო 9-ის 15 წუთზე შემოვიდა, ბლინები უცბად გადასანსლა და სამსახურში გაიქცა. მე მაგიდა უკვე ალაგებული მქონდა. ყავას ვსვამდი და ტელეფონში სიახლეებს ვეცნობოდი. ჩემი სამსახური ათ საათზე იწყებოდა.

– სად არის საუზმე? – ჩამესმა თინას პრეტენზიული ხმა.

– დილა მშვიდობის, – მივესალმე თავაზიანად, – ალეკომ ბლინები მიირთვა და წავიდა. მე დილაობით მხოლოდ იოგურტს ვჭამ.

– და მე რა უნდა ვჭამო? – მკითხა თვალებგაფართოებულმა.

მე მხრები ავიჩეჩე.

– მთელი ღამე ვიფიქრე თქვენს სიტყვებზე. და მივხვდი, რომ მართალი ხართ. მზარეულის ნიჭი სრულებით არ მაქვს. ამიტომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ.

თინამ უნებლიეთ პირი დააღო და სახე აელეწა:

– დამცინი?!

– როგორ გეკადრებათ?! უბრალოდ, მივიღე თქვენი შენიშვნები. მაცივარი თქვენს განკარგულებაშია. იქ ყველაფერია. მოამზადეთ, რაც გესიამოვნებათ.

ყავის დალევა დავასრულე, ჩემი ფინჯანი გავრეცხე, გასაშრობ თაროზე დავდე, დედამთილს კარგი დღე ვუსურვე და სამსახურში წავედი.

საღამოს, როდესაც სახლში დავბრუნდი, ნიჟარაში ჭურჭლის გროვა დამხვდა – მიმწვარი ტაფა, ჭუჭყიანი თეფში და ჭიქა. ჩემი დედამთილი მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. თითქოს ვერც შეამჩნია ჩემი მისვლა.

ადრე გამოვიცვლიდი და ჭურჭლის რეცხვას შევუდგებოდი, ახლა კი ვითომც არაფერი მომხდარაო, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარის მეორე განყოფილებაში გადავიტანე და ვახშმის მომზადებას შევუდექი. აეროგრილში ორაგულის ორი ნაჭერი მოვამზადე თავისი გარნირით და როდესაც ალეკო დაბრუნდა, სავახშმოდ დავსხედით.

– ძალიან გემრიელია, ანი, მითხრა ალეკომ და ცერა თითი აწია ამის დასტურად, შემდეგ დედამისს გასძახა:

– დედა, შენ რატომ არ ვახშმობ?! უგემრიელესი თევზია.

– არ მშია, მადა არ მაქვს, – ცივი ტონით გამოსძახა ჩემმა დედამთილმა შვილს.

ალეკომ მხრები აიჩეჩა, დედამისის მძიმე ხასიათსა და განწყობის ხშირ ცვლილებას შეჩვეული იყო. ვივახშმეთ და მე სუფრა ავალაგე. ჭურჭელი გავრეცხე, ოღონდ ჩემი დედამთილის მიერ გაჭუჭყიანებული ჭურჭლისთვის ხელი არ მიხლია.

დაძაბულობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ნიჟარის მარჯვენა ნახევარი ჭუჭყიანი ჭურჭლით ივსებოდა, იმიტომ რომ ყოველდღიურად იქ ვაწყობდი ჩემი დედამთილის მიერ ნახმარ ჭურჭელს. მაგრამ ბრძოლის მთავარ ველად სააბაზანო გადაიქცა.

საღამოობით ჩვეულებისამებრ გასარეცხ ტანსაცმელს ვახარისხებდი და შემდეგ ვრეცხავდი. ჩემი დედამთილის ტანსაცმელი რეცხვის განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვდა და სპეციალურ დამარბილებლებს.

ოთხშაბათ საღამოს თინა საძინებელში შემომეჭრა, ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი და წიგნს ვკითხულობდი. ხელში თავისი საყვარელი ხორცისფერი აბრეშუმის ზედატანი ეჭირა:

– ეს რატომ არის ისევ კალათში? ხვალ კლინიკაში მივდივარ, ამის ჩაცმა მინდა და ისევ გაურეცხავია.

წიგნი გვერდზე გადავდე.

– მე ახლა მხოლოდ ჩემსა და ალეკოს ტანსაცმელს ვრეცხავ.

– ანუ? – ჩემი დედამთილი აღშფოთებისგან თითქოს გაიბერა.

– თქვენ მე უვარგისი დიასახლისი მიწოდეთ, ამიტომ მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, გავრეცხო ასეთი თხელი და ძვირად ღირებული ქსოვილი. სარეცხი მანქანა თავისუფალია, ფხვნილი კარადაშია. თავად გარეცხეთ.

– როგორ მიბედავ?! – დასჭექა ჩემმა დედამთილმა, – მე შენი ქმრის დედა ვარ, თან, შენზე უფროსი! ვალდებული ხარ, პატივი მცე.

– პატივისცემა ორმხრივია, – ვუპასუხე მშვიდად, – როდესაც ჩემს ნაშრომს ნიჟარაში ასხამდით, პატივისცემაზე არ ფიქრობდით. მე არ გედავებით, უბრალოდ, იმის გაკეთება შევწყვიტე, რასაც, თქვენი აზრით, ცუდად ვაკეთებ.

ჩემი დედამთილი ოთახიდან დამდუღრულივით გავარდა და კარი ძლიერად გაიჯახუნა. ხუთიოდე წუთის შემდეგ გავიგონე, როგორ ამუშავდა სარეცხი მანქანა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ბინაში ყვირილი გაისმა. თინას ხალათის ჯიბეების შემოწმება დავიწყებოდა, რომელიც სარეცხ მანქანაში ზედატანთან ერთად მოათავსა, ჯიბეში კი რაღაც ფერადი ქაღალდები ჰქონია, ამიტომ მისი საყვარელი სამოსი ლურჯი ლაქებთ იყო დაფარული.

მე მისთვის ნიშნი არ მომიგია, მაგრამ არც შევწუხებულვარ, იმიტომ რომ წითელი კვერცხების გორება მომბეზრდა. პარასკევს, საღამოს, მე და ალეკო სუპერმარკეტში წავედით შემდეგი კვირის პროდუქტების შესაძენად. ჩვეულებრივ, ურიკას მე ვავსებდი ხოლმე, მათ შორის, ჩემი დედამთილის საყვარელი პროდუქტებით.

ამჯერად მხოლოდ ის პროდუქტები შევიძინე, რომლებსაც მე და ქმარი ვჭამდით. ალეკომ, რომელსაც ურიკის მართვის ფუნქცია ჰქონდა, გაკვირვებულმა შეხედა პროდუქტებს, რომლებიც სალაროსთან ამოვალაგე. მანამდე ყურადღება არც მიუქცევია:

– ანი, დედაჩემისთვის კეფირი, ობიანი ყველი და სხვა პროდუქტები სად არის? – მკითხა გაკვირვებულმა, როდესაც ურიკა მანქანასთან მივაგორეთ.

– დედაშენი ზრდასრული, ქმედუნარიანი ადამიანია, კარგი შემოსავლით, რომელიც ქმარმა დაუტოვა. თან, სულ მლანძღავს და ნახელავს მიწუნებს. ეს შენც იცი და ჩუმად ხარ. მეც ჩუმად ვარ, იმიტომ რომ სკანდალები არ მინდა. მე ვიყიდე ჩვენი პროდუქტები, იმიტომ რომ დავიღალე მისი შენიშვნებით. ჩემი გაკეთებული და ნაყიდი არაფერი მოსწონს. შენ გცემ პატივს და ამას ვიტან. მაგრამ მის მონად და ფეხის საწმენდ ტილოდ ვერ ვიქცევი. თუ შენც მას ეთანხმები და ასეთი ქცევა ნორმალური გგონია, ესე იგი, შენც არაფრად გიღირვარ და ჩვენი ოჯახი შეცდომა იყო.

– იჩხუბეთ? – მკითხა ალეკომ: დედაჩემს არაფერი უთქვამს.

– არა, უბრალოდ, თვითმომსახურებაზე გადავედით.

ალეკოს ხმა არ ამოუღია. პროდუქტები ჩუმად ჩააწყო მანქანაში.

სახლში რომ დავბრუნდით, პროდუქტები ამოვალაგე. ჩემი დედამთილი თავზე დამადგა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემს მოქმედებებს.

– ჩემი ყველი სად არის? კეფირი? ძეხვი, ანანასი?! – დამაყარა კითხვები.

– მარკეტში... ჩვენ მხოლოდ ის ვიყიდეთ, რასაც ჩვენ ვჭამთ. მაცივარში ზედა თაროები თქვენი იქნება, ჩვენი – ქვედა.

ჩემი დედამთილი სამზარეულოდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა და ჩემს ქმარს წამოადგა თავზე:

– ხედავ, შენი ცოლი როგორ იქცევა?! შიმშილით მომკლავს! უნდა, რომ სახლიდან გამაგდოს.

მე ყურები დავცქვიტე: იმიტომ რომ ახლა ალეკოს რეაქციაზე იყო დამოკიდებული, შენარჩუნდებოდა ჩემი ოჯახი თუ დაინგრეოდა. გული ამიჩქარდა და სმენად ვიქეცი.

ალეკომ, რომელიც ამ მომენტამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა:

– დედა, მე შენ ძალიან მიყვარხარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ, მაგრამ არ მახსოვს, ერთხელ მაინც მოგწონებოდა, რასაც ჩვენ ვყიდულობთ. მე მოგცემ ფულს, მარკეტი გვერდითაა, მშვენიერი ამინდია და იყიდე შენთვის, რაც შენ გაგიხარდება.

ჩემი დედამთილი გახევდა. პირველი შემთხვევა იყო, რომ მისმა ვაჟმა უსიტყვოდ არ დაუჭირა მხარი. ამან აშკარად თავზარი დასცა. გავიგონე, როგორ ხმაურით გატრიალდა და თავის ოთახში შევიდა უსიტყვოდ. როგორც ჩანს, უნდა გაეაზრებინა ის, რაც მისმა შვილმა უთხრა.

იმ ავბედითი კვირა დღიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ჩვენი სამზარეულო სიურეალისტურ ნახატს დაემსგავსა. ახლა უკვე მთელი სამზარეულოს მარჯვენა მხარე იყო სავსე ჭუჭყიანი ჭურჭლით და უსიამოვნო სუნიც ასდიოდა. მე ვიცოდი, რომ ეს ნერვების თამაში იყო გამძლეობაზე, ამიტომ მედგრად ვუძლებდი.

მაცივარშიც ზედა თაროები თითქმის ცარიელი იყო, განსხვავებით ქვედა თაროებისგან. იმ კვირა დღეს ჩემი დედამთილი თავისი ოთახიდან არც გამოსულა. მე მშვიდად მოვამზადე სადილი.

შუადღეს თინამ ინება ოთახიდან გამოსვლა. უმაკიაჟოდ იყო და თმაც სახელდახელოდ ჰქონდა გადავარცხნილი. მოტეხილი მეჩვენა. მაცივართან მივიდა და გამოაღო. თავის ცარიელ თაროებს შეხედა. შემდეგ – ჩვენსას და კარი ისევ მიხურა. შემდეგ ნიჟარასთან მივიდა და საკუთარი ჭუჭყიანი ჭურჭლის გორას გადახედა. ამოიოხრა. ონკანი გახსნა და ღრუბელი აიღო.

მე ჩუმად ვჭამდი და უკანა მზერით ვუყურებდი. ის გაუბედავად რეცხავდა ჭურჭელს. მან ფუფუნებაში გაატარა ცხოვრება და სახლის საქმეებს არასდროს აკეთებდა: ქმარი ხელის გულზე ატარებდა, თავის ბინაში დამხმარე ქალი ჰყავდა და აქ, ჩვენთან, როგორც ჩანს, მე დამიგულა უფასო მოახლედ. ჭურჭლის რეცხვა რომ მოამთავრა, მაგიდასთან მოვიდა და ჩემ გვერდით დადგა. მე ცოტათი დავიძაბე.

– ანი... – მომმართა ძალიან ჩუმად, – მაპატიე...

ლუკმა ყელში გამეჩხირა და ჩანგალი ხელიდან გამივარდა.

– რა გაქვთ საპატიებელი? – ვკითხე გულწრფელად.

– მე მთელი ცხოვრება მბრძანებლობას შევეჩვიე. მეგონა, თუ ყველაფერს არ გავაკონტროლებდი, ყველაფერი დაინგრეოდა. თქვენთან რომ გადმოვედი, ზედმეტად ვიგრძენი თავი. თქვენ საკუთარი ცხოვრება გაქვთ და შენ ყველაფერს ასწრებ – მუშაობ, გემრიელ საჭმელს ამზადებ, სახლში სისუფთავეა, ქმარი მოვლილია, ერთმანეთთან კარგად ხართ.

ჩემს დედამთილს ხმა აუკანკალდა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, – იცი, უბრალოდ შემშურდა, მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ თქვენ რომ გიყურებდით, იმის ნაცვლად, გამხარებოდა, შხამის ფრქვევა დავიწყე. ვცდილობდი, ალეკოს თვალში ისე გამომეყვანა, რომ მე შენზე უკეთესი ვარ, შენ კი არაფრად ვარგიხარ. ძალიან ეგოისტი ვარ და სულელი, – ჩემს დედამთილს გული ამოუჯდა და მეც უხერხულად ვიგრძენი თავი. წამოვდექი და სკამზე დავსვი.

ყინულის საფარი, რომელშიც მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი გახვეული, ლღვებოდა. თუმცა გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამას არ ველოდი და, მართლაც, ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ეს ეღიარებინა. ჩემი დედამთილისადმი პატივისცემა ვიგრძენი.

– ახალი რეცეპტი მითხრეს, მოგეწონებათ. უცბად მზადდება, ბროკოლით, პომიდვრითა და ყველით. გშიათ? მოვამზადო? გინდათ? – მივაყარე ერთბაშად.

მადლიერი თვალებითა მომხედა:

– მინდა, ძალიან მინდა.

იმ დღიდან ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. არა, ქალბატონი თინა ანგელოზი არ გამხდარა, შენიშვნებს ისევ ამბობდა ხოლმე, მაგრამ არასდროს მოუმართავს უპატივცემულოდ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი