რომანი და დეტექტივი

როლისთვის შეუფერებელი

№16

ავტორი: ნია დვალი 20:00

ეგოისტი
დაკოპირებულია

ის–ის იყო, ყავა დავისხი, თხილეულით სავსე ლანგარი ახლოს მივიჩოჩე და ჩემი საყვარელი სერიალის ყურება უნდა დამეწყო, რომ ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. დავხედე – ნატა მირეკავდა, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და ამოვიოხრე, იმიტომ რომ საათობით ლაპარაკი უყვარდა.

– ესეც ჩემი ჩაშლილი სერიალ–სეანსი, – ჩავილაპარაკე და ტელეფონს დავწვდი.

– გადამარჩენ? – ნატას ხმა უკანკალებდა.

დავიძაბე.

– რა მოხდა? მშვიდობაა?!

– გახსოვს, ერთ კაცზე რომ გიყვებოდი, „ტინდერით“ გავიცანი-მეთქი?! ჰოდა... დაჟინებით მთხოვს შეხვედრას. უკვე ყველაფერი მოაგვარა, რესტორანი დაჯავშნა. მე კი მივხვდი, რომ არ მინდა მასთან შეხვედრა. მერიდება. გასართობად დავრეგისტრირდი და უკვე წავშალე კიდეც ჩემი მონაცემები, მაგრამ შეხვედრის გაუქმება უხერხულია, ისე ეცადა და ამის უფრო მრცხვენია...

ცალი ყურით ვუსმენდი, ნატა კი რაღაც დეტალებს მიყვებოდა და არ ჩერდებოდა. იმეორებდა, რომ ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ასეთი ტიპაჟები არ მოსწონს და უცებ დააბრეხვა:

– შენ წადი ჩემ ნაცვლად. აი, რა დაგიშავდება? უბრალოდ, ივახშმებთ, იჭორავებთ. იქნებ ერთმანეთი მოგეწონოთ კიდეც.

სიჩუმე ჩამოწვა. უცებ ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა.

– სერიოზულად ამბობ? – ამოვიღე ხმა, როგორც იქნა.

– ძალიან სერიოზულად. დამეხმარე, გთხოვ. ნორმალური კაცია, უზრუნველყოფილი. შენთვისაც არ იქნება ურიგო ვინმეს გაცნობა.

ფრაზამ – „შენთვისაც არ იქნება ურიგო“, გული მატკინა. თითქოს სახლში მარტო ვზივარ და ვიტანჯები. თითქოს ისე სასოწარკვეთილად მჭირდება ვინმე შარვლიანი, რომ მზად ვარ, სხვის სათადარიგო ვარიანტს წამოვეგო. მაგრამ მაშინვე სერიალები გამახსენდა, რომლებიც საკმაოდ მახალისებს ხოლმე და ჩემთვის გასაოცრად უცებ დავთანხმდი და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების დახმარება ჩვევად მაქვს.

ნატამ რესტორნის მისამართი გამომიგზავნა. ინტერნეტში მოვძებნე და რესტორნის ინტერიერი რომ დავათვალიერე, მერე სარკეში ჩემი თავიც შევათვალიერე: ჯინსები, სვიტერი, მოხერხებული ფეხსაცმელი. მსუბუქი მაკიაჟი. თმა შეკრული. ჩემი ჩაცმულობა, იმას გარდა, რომ სრულიად არ შეესაბამებოდა იმ რესტორნის ინტერიერს, აშკარად აჩვენებდა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა, ვინმეს მოვწონებოდი. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ არ უნდა ვყოფილიყავი?! მე ვცვლიდი მეგობარს. ეს იყო და ეს.

დარბაზში რომ შევედი, ჩემი კავალერი უკვე მაგიდასთან იჯდა (მიმტანმა მიმითითა), მაგიდა ფანჯარასთან იდგა. ეტყობოდა, რომ მაღალი, მოხდენილი მამაკაცი იყო, შევერცხლილი თმითა და კოხტად გაკრეჭილი წვერით; კარგად ჩაცმული. დაახლოებით, 50-55 წლის იქნებოდა და სახეზე ეწერა, რომ საკუთარი თავის ფასი იცოდა და ისიც, თუ რა უნდოდა ცხოვრებისგან.

როდესაც დამინახა, რომ მისი მაგიდისკენ მივემართებოდი, წამოდგა, ხელი გამომიწოდა და თავაზიანად გამიღიმა. მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ შემათვალიერა, შემაფასა ფეხსაცმლიდან ვარცხნილობამდე.

– ირაკლი, – ხმაც სასიამოვნო ჰქონდა.

– ლენუკა.

დავსხედით. მან მაშინვე აიღო მენიუ და გამომიწოდა. მე ვიუარე:

– თქვენს გემოვნებას ვენდობი.

კერძებს ხმამაღლა არჩევდა და მაინც მითანხმებდა. მე, უბრალოდ, თავს ვუქნევდი, ვეთანხმებოდი. საბოლოოდ, მიმტანი მოვიდა და შეკვეთაც ჩაიწერა.

და მან კითხვების დასმა დაიწყო. თავიდან ამაში უჩვეულო ვერაფერი შევნიშნე, გაცნობის მიზნით დასმულ ბანალურ კითხვებს ჰგავდა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ უბრალოდ, ჩემს კანდიდატურას სწავლობდა.

– მუშაობ? სად? დიდი ხანია?

– დიახ, სადისტრიბუციო კომპანიაში, თითქმის ათი წელია.

– კარგია. მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად?

– მარტო.

– მანქანა გყავს?

– დიახ.

– მართვის მოწმობა როდის აიღე?

კინაღამ გამეცინა და ენას კბილი დავაჭირე, რომ არ მეკითხა, ნასამართლობის ცნობაც ხომ არ უნდა წარმედგინა.

– დიდი ხანია, – კითხვა ბანზე ავუგდე.

– როგორი შემოსავალი გაქვს? თავს თავად ირჩენ?

აი, აქ კი მივხვდი, რომ საუბარი არასწორი მიმართულებით წავიდა. ჩანგალი დავდე და თვალებში შევხედე:

– ამის ცოდნა რა საჭიროა?

ჩემდა გასაოცრად, არ დაბნეულა:

– როგორ თუ რა საჭიროა?! ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, ვისთან ვიწყებ ურთიერთობას. მე სერიოზულ ურთიერთობას ვეძებ.

– და ამ კითხვებს რა კავშირი აქვს სერიოზულ ურთიერთობასთან? – ვა-ბანკზე წავედი, იმიტომ რომ მე დასაკარგი არაფერი მქონდა.

– პირდაპირი. მე მჭირდება ქალი, რომელმაც იცის, რა უნდა. რომელიც კისერზე არ ჩამომეკიდება. იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ ამავე დროს დამთმობი.

– მაშინ განაგრძეთ დაკითხვა, – ირაკლიმ არ შეიმჩნია, რომ დავიგესლე.

– შენ გჭირდება სერიოზული ურთიერთობა? – მკითხა და ცოტა ახლოს მოიწია, – თუ, უბრალოდ, ისე მოხვედი, დროის გასაყვანად?

– შენ ვის ეძებ?

– პარტნიორს. ადამიანს, ვისთან ერთადაც ცხოვრებას ავაწყობ. ჩვენს ასაკში შეცდომების დრო აღარ არის. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს.

მისი განმარტება გონივრული ჩანდა, მაგრამ, რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა, მით მეტად ვგრძნობდი, რომ პარტნიორი კი არ სჭირდებოდა, არამედ ფუნქციური ელემენტი, რომლითაც თავის ცხოვრებას დამუხტავდა. მას არც კი უკითხავს, რა მიყვარს, რაზე ვოცნებობ, რისი მეშინია, მაქვს თუ არა ჰობი.

ძირითადი კერძი მოიტანეს. ჩუმად ვჭამდი, ის კი საუბარს განაგრძობდა. ყვებოდა თავის ცხოვრებაზე: თუ როგორ ააწყო ბიზნესი. როგორ გაზარდა შვილი. როგორ გაეყარა მეუღლეს ხუთი წლის წინ და როგორ მიხვდა, რომ სიმშვიდე უნდა.

– ვნებები არ მჭირდება, – ამბობდა ის, – მხოლოდ სტაბილურობა. ქალი, რომელიც პრობლემებს არ შექმნის. რომელსაც შეუძლია, მხარი დამიჭიროს, ჩემს საქმეებში არ ჩაერიოს, მაგრამ ამავე დროს გვერდით იყოს.

ვუსმენდი და ვფიქრობდი: რომ ადამიანს კი არ აღწერდა, არამედ იდეალურ ნივთს, მოხერხებულს, საიმედოს, უხმაუროს.

– და ეს როგორ წარმოგიდგენია? – დავაზუსტე ყოველი შემთხვევისთვის.

– მარტივად. ვხვდებით, ერთმანეთს ვეცნობით. თუ ერთმანეთს შევეფერებით, ერთად ცხოვრებას ვიწყებთ. დიდი ბინა მაქვს, ადგილი ყველას ეყოფა. შენ შენი საქმეებით დაკავდები, მე – ჩემით. საღამოს ერთად ვივახშმებთ, დასვენების დღეებში სადმე წავალთ. ყველაფერი ლოგიკურია.

– სიყვარული?

ჩაიცინა.

– რა დროს სიყვარულია ჩვენს ასაკში?! ჩვენ გვჭირდება ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება.

– მე მგონია, ქალს ეძებდი, შენ კი იდეალურ რობოტს ეძებ. იქნებ გამოგეწერა?! ეს დღეს არ არის პრობლემა.

სახე შეეცვალა. ღიმილი ჩამოერეცხა:

– ამით რის თქმა გინდა?

– რაც ვთქვი, იმის. გინდა, რომ შენს ცხოვრებაში ჩართო ვიღაც უსახური, როგორც, მაგალითად, დივანი ინტერიერში.

ჩანგალს ხელი გაუშვა და გამომცდელად შემომხედა:

– რაღაც ზედმეტად ხისტი ხარ და პრეტენზიული, შენმა მეგობარმა სხვანაირად დაგახასიათა.

დავიბენი:

– და კონკრეტულად რა გითხრა ჩემმა მეგობარმა? – ვიგრძენი, როგორ ადუღდა ბრაზი ჩემ შიგნით.

– რომ მარტოობით დაიღალე და სერიოზული ურთიერთობა გჭირდება. რომ მზად ხარ დათმობებისთვის, რომ შენთან ადვილია საერთო ენის გამონახვა.

ესე იგი, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა დამახასიათა, როგორც დახლზე დასადები საქონელი, ფასდაკლებული და მარტოობის დეფექტით.

– ნატამ იცრუა, – ვთქვი ხმადაბლა.

– მაშინ რატომ მოხვედი?

– იმიტომ, რომ ნატამ მთხოვა. იმიტომ რომ სულელი ვარ, რომელმაც უარის თქმა არ იცის.

გაკვირვებული მიყურებდა:

– უცნაური ხარ. შეგვეძლო, გვეცადა. რატომ ართულებ. უხეში ხარ. ასეთ ქალებთან ურთიერთობა ძნელია.

მე მხრები ავიჩეჩე. ყავა ჩუმად დავლიეთ. ირაკლიმ გადაიხადა და ქუჩაში გამოვედით, ცივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ჩემი მანქანისკენ მივდიოდი და უცნაურ შვებას ვგრძნობდი.

ჩემმა ტელეფონმა დარეკა, როდესაც უკვე სახლს ვუახლოვდებოდი.

– ეს რა ჩაიდინე?! – ნატა ყვიროდა, – ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, რომ უხეშად ელაპარაკე, რომ ყველაფერი გააფუჭე! მე შენი დახმარება მინდოდა, შენ კი...

– ჩემი დახმარება გინდოდა?! – გავიმეორე კითხვა

– დიახ. ამდენი ხანია, მარტო ხარ, რაც იმ გოგიმ მიგატოვა! ირაკლი კი ნორმალური კაცია, უზრუნველყოფილი, პრობლემების გარეშე! შეიძლებოდა, ცოტა რბილად მოქცეულიყავი, არ გეყოყლოჩინა, თითქოს საქმროების რიგი გიდგას.

გოგის ხსენებამ გული ჩამწყვიტა: არა, გოგი ჩემთვის უკვე არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მეგობრისგან მეწყინა წამოძახება.

– ერთხელ მაინც მკითხე, მჭირდებოდა თუ არა ეს დახმარება? – ვეცადე სიმშვიდის შენარჩუნებას.

– და აქ რა არის საკითხავი? სულელი ხომ არ ხარ, უნდა გესმოდეს, ჩვენს ასაკში შანსებს ასე არ ფანტავენ!

– როგორც საქონელი, ისე დამახასიათე, უცხო კაცს უთხარი, რომ ყველაფერზე მზად ვარ, ოღონდ მარტო არ ვიყო. საერთოდ ხვდები, რა დამამცირებელია ეს?

– კარგი, რა. მე შენთვის ვცდილობდი! ვფიქრობდი, იქნებ ერთმანეთი მოეწონოთ-მეთქი, შენ კი ყველაფერი გააფუჭე!

– შენ გამომიყენე. და ახლა ბრაზობ, რომ შენი სცენარით როლი არ ვითამაშე?

ნატა გაჩუმდა. შემდეგ ცივად თქვა:

– ეგოისტი ხარ და ყოველთვის იყავი. უბრალოდ, ამას არ გეუბნებოდი.

– შეიძლება, ეგოისტი ვარ, მაგრამ არ მინდა, დებილი ვიყო.

საუბარი დავასრულეთ. ჩემი ბინის ფანჯრებს ავხედე, მაგრამ სახლში ასვლა არ მინდოდა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული: ტუტუცმა და გაქსუებულმა კაცმა გადაწყვიტა მოსახერხებელი ცოლის პოვნა, მაგრამ ადამიანმა, ვისაც ჩემს მეგობრად მიმაჩნდა, რატომ გადაწყვიტა, ემოქმედა ჩემ ნაცვლად?!

მანქანა ისევ დავძარი და ღამის ქალაქის მოძრაობას შევერიე. ორ საათს მაინც ვიხეტიალე და განუწყვეტლივ ვფიქრობდი.

სულ ახლახან ერთი მამაკაცი გამინაწყენდა, იმიტომ რომ მისთვის მოსახერხებელი ვარიანტი არ აღმოვჩნდი: დიდი ხნის მეგობარი გამინაწყენდა, იმიტომ რომ მისი სცენარისთვის მოსახერხებელი როლი არ შევასრულე. მოკლედ, ორივე გაბრაზდა, რაკი მათ მიერ ჩემთვის გამოყოფილი როლების თამაშზე უარი თქვი.

მაგრამ პრობლემა ის იყო, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ მე მათ ნებას დავყვებოდი?! ესე იგი, მე მქონდა პრობლემა და არა მათ. მანქანა გავაჩერე, ჩემი ცხოვრება გავიხსენე და ჩემს თავს დავუსვი კითხვა:

– რატომ ვარ მარტო?! რატომ ავირჩიე მარტოობა?! რატომ ვგრძნობ ყველაზე კომფორტულად თავს საკუთარ თავთან?!

პასუხი მარტივი იყო, იმიტომ რომ საკუთარ თავთან თამაში არ მჭირდებოდა, არ ვცდილობდი, მოსახერხებელი ვყოფილიყავი, ვიყავი ისეთი, როგორიც ვარ.

ძალიან მწარე იყო ამის აღიარება, მაგრამ მთელი ჩემი 45 წლის განმავლობაში ყოველთვის ყველას გულის მოგებას ვცდილობდი: ბავშვობაში – მშობლების, განსაკუთრებით დედაჩემის. მთელი არსებით ვცდილობდი, თავი მომეწონებინა დედაჩემისთვის, ამიტომ ვაკეთებდი იმას, რაც არ მინდოდა; ვიყავი მოსახერხებელი მეგობარი, ვცდილობდი, ჩემს მეგობრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ ჩემთან, ამიტომ არაფერზე ვეუბნებოდი მათ უარს; ვიყავი მოსახერხებელი კოლეგა, მომწონდა, რომ ყველას ჩემი იმედი ჰქონდა და ვერც კი ვხედავდი, რომ სხვებზე ათჯერ მეტს ვმუშაობდი; გავხდი მოსახერხებელი ცოლი, ვცდილობდი, ჩემი ქმრის სურვილები უთქმელად ამომეცნო და, საბოლოოდ, ჩემი ქმარი სხვასთან წავიდა, იმიტომ რომ ჩემთან მოსწყინდა; დედაც კი მოსახერხებელი ვიყავი, მაგრამ ამის გამო არ ვწუხდი, იმიტომ რომ ჩემი შვილი უკვე ცალკე ცხოვრობდა და ჩემდა ბედად, მის ცოლს ერჩივნა, შორს ვყოფილიყავი მათი ოჯახური ცხოვრებისგან, თორემ მოსახერხებელი დედამთილიც ვიქნებოდი. ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა: დედაჩემი მწერდა, რომ წნევის გაზომვა უნდოდა და მოითხოვდა, მივსულიყავი.

და თუკი ადრე მაშინვე გავიქცეოდი, ახლა, უბრალოდ, ტელეფონი გამოვრთე, იმიტომ რომ დედასთან ჩემი და ცხოვრობდა, რომელიც დაბადებიდან მოუხერხებელი ბავშვი იყო. მანქანის სარკე გავასწორე და სახლისკენ გადავუხვიე. უნებურად მეღიმებოდა და ძალიან მადლიერი ვიყავი ნატასი და იმ ხეპრე ირაკლისიც, იმიტომ რომ უნებლიეთ გამომაფხიზლეს.

გამახსენდა, რომ შვებულება ორი წელია, არ ამიღია, ყოველთვის თანამშრომლებს ვუთმობდი:

– დროა, დაისვენო, – ვუთხარი საკუთარ თავს და დავპირდი, რომ ამიერიდან მხოლოდ მისთვის ვიქნებოდი მოსახერხებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი