რომანი და დეტექტივი

საპასუხო სვლა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

საპასუხო სვლა
დაკოპირებულია

ერაყის მისიიდან ისედაც ნერვებდაწყვეტილი ჩამოვედი. აქ კი უბედურება დამხვდა – ჩემი კოტიკო გარდაცვლილიყო.

კოტიკო ჩემი დეიდაშვილი იყო. ერთადერთი ნათესავი მყავდა ამქვეყნად და ისიც უფალს მიებარა.

ჩვენი დედები ტყუპები იყვნენ და ერთ დღეს დალიეს სული. ორივეს მძიმე სენი ჰქონდა. მაშინ კოტიკო 10 წლის იყო, მე კი – ოცის. მისი აღზრდა მე ვითავე და ცივ ნიავსაც არ ვაკარებდი. 23 წლის რომ გახდა, თბილისის უნივერსიტეტი დაამთავრა და ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. წარმატებული ადამიანი იყო. მე ჯარში ვმსახურობდი და 34 წლისა ერაყში გამაგზავნეს ორი წლით. კოტიკომ გამაცილა და მითხრა:.

– აბა, შენ იცი, ლევან, მაინცდამაინც თავს ნუ შეუშვერ ტყვიებს. უვნებელი დაბრუნდი.

– დარდი ნუ გაქვს. ჭკვიანად იყავი. იცოდე, ცოლ-შვილით უნდა დამხვდე.

ტრაპზე ასვლის წინ გადამეხვია და მე კიბეებს ავუყევი. სალონში შესვლის წინ კოტიკოს გავხედე და სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი ბოლო მზერა; ლამაზი სახე, ქერა, გრძელი თმა და მომწვანო-მოცისფრო თვალები.

სახლში რომ მივედი, ვიფიქრე: კოტიკო, ალბათ, სამსახურშია-მეთქი. დეიდა მარგომ კი თვალცრემლიანმა მაუწყა:

– ლევან, შვილო, კოტიკო აღარ გვყავს.

თავზარდაცემული გავქვავდი. ნათქვამს ვიაზრებდი და ვკითხე:

– რა დაემართა?

დეიდა მარგო ჩვენი კარის მეზობელი იყო. მან სახლიდან გარდაცვალების ცნობა და პათანატომის დასკვნა გამომიტანა. მასში ეწერა, რომ კოტიკო ნარკოტიკის ზედოზირებით იყო გარდაცვლილი... თარიღით დავადგინე, რომ ეს ორი თვის წინ მოხდა. სულ რაღაც ერთი საათის ჩამოსული ვიყავი. კარი არც კი ჩამიკეტავს, ისე გავვარდი სასაფლაოზე. კოტიკო ტყუპი დების გვერდით იყო დაკრძალული. ქვაზე მიკრული სურათიდან კი ის კოტიკო მიმზერდა, რომელიც თვითმფრინავის სალონში შესვლის წინ ვიხილე. თავში ხელი შემოვირტყი, საფლავზე დავემხე და საშინლად ავღრიალდი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიმყოფებოდი ასეთ დღეში. ალბათ, ძალების გამოცლამდე და შეიძლება, გონებაც კი დამეკარგა, ხელის შეხებამ მომიყვანა გონზე. თავი ავწიე და თვალცრემლიანი, ლამაზი გოგონა დავინახე. მან ნამტირალევი ხმით მითხრა:

– თქვენ, ალბათ ლევანი ხართ, კოტიკოს დეიდაშვილი.

– დიახ. თქვენ?

– მე ნატო მქვია.

ფეხზე წამოვდექი და გოგონას ვუთხარი:

– დიახ, ნატო, გისმენთ.

– უკვე ერთი საათია, გიყურებთ. აქ მე ყოველდღე დავდივარ. კოტიკო ხშირად მიყვებოდა თქვენ შესახებ. ძალიან უყვარდით.

– მეც ძალიან მიყვარს.

– ლევან, შეიძლება, დაგელაპარაკოთ?

– რა თქმა უნდა. გისმენთ.

– აქ არა. ჩემთან წავიდეთ. მანქანით ვარ და მარტო ვცხოვრობ. იქ ხელს არავინ შეგვიშლის.

ნატოს სახლში წავყევი. სავარძლებში ჩავსხედით და გოგონამ მითხრა:

– მე და კოტიკო დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს არავისთან ვამჟღავნებდით. მისგან ფეხმძიმედ ვარ და კოტიკო ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ არც კი იცოდა, თუ შვილი უნდა შესძენოდა. სწორედ იმ დღეს შევიტყვე ეს ამბავი, როდესაც კოტიკო გარდაცვლილი იპოვეს თქვენს ბინაში.

– მეზობელმა მომიყვა. პათანატომის დასკვნაც მაქვს. იქ წერია, რომ კოტიკო ზედოზირებით გარდაიცვალა.

– არ დაიჯეროთ, ტყუილია!

– არც მჯერა.

– კოტიკო მოკლეს.

– ვინ და რატომ? მშვიდობისმოყვარე, წესიერი ბიჭი იყო და არც მტრები ჰყავდა.

– როგორც ეტყობა, ჰყავდა.

– ხომ ვერ მეტყვი, ვინ?

– ეს, ჯერჯერობით, ჩემი ვარაუდია. ერთი კი ცხადია, რომ კოტიკოს მკვლელობა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

– ენათმეცნიერების ინსტიტიუტში ისეთს რას აკეთებდა, რომ მოკლეს? – ვკითხე გაოცებულმა.

ნატომ თავი გააქნია და მითხრა:

– ენათმეცნიერების ინსტიტუტს მხოლოდ კომუფლაჟად იყენებენ, სინამდვილეში კი კოტიკო უშიშროების სამსახურის სპეციალური აგენტი იყო. მეც იმ უწყებაში ვმსახურობ, მაგრამ კადრების განყოფილებაში. ერთმანეთიც სწორედ იქ გავიცანით.

ნატოს სიტყვები დაუჯერებლად მეჩვენებოდა. კოტიკო არაფერს მიმალავდა და ეს ამბავი რატომ არ მითხრა. თავი გავაქნიე და ვთქვი:

– მე რატომ დამიმალა, ნეტავ?

– კოტიკო მეუბნებოდა, არ მინდა, ლევანს ზედმეტი საფიქრალი გავუჩინოო. მაგრამ აპირებდა, როცა ჩამოხვიდოდით, ყველაფერი მოეყოლა, მიუხედავად იმისა, რომ წესდებით, თავისი სტატუსის გამხელა უმკაცრესად ეკრძალებოდა. ჩემთვის თქმის უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს მიყვებოდა და ვიცი, რასაც საქმიანობდა.

– მაინც რას?

– ნარკოტრაფიკს აჯდა კუდზე. საერთაშორისო სინდიკატზე გავიდა და ამ საქმით იყო დაკავებული.

– საშინელ საქმეში ყოფილა გარეული და იმიტომაც მოკლეს. ნეტავ აქ ვყოფილიყავი და მცოდნოდა.

– რას იზამდით?

– დავეხმარებოდი. ყოველ შემთხვევაში, ცოცხალი იქნებოდა.

– მე დამეხმარეთ.

– ნებისმიერ საკითხში. მითხარი, რა გჭირდება და გვერდში დაგიდგები. ფული იქნება ეს თუ სხვა რამ. როგორც ვხვდები, ბავშვის გაჩენას აპირებ და ჩათვალე, რომ კოტიკოა შენ გვერდით. დღეიდან შენ და ეგ ბავშვი ჩემი საზრუნავი ხართ.

– არც ფული მინდა და არც სხვა მატერიალური. ყველაფერი საჭიროზე მეტი მაქვს. შურისძიებაში დამეხმარეთ.

– შურისძიებაში?

– დიახ. საპასუხო, გამანადგურებელი სვლა მინდა გავუკეთო ამ ნაძირლებს. ვფიქრობ, ამ ორ თქვეში კარგად ვიმუშავე. მაგრამ მარტო მოქმედება მაინც ძალიან ძნელია და დამხმარე მჭირდება, თქვენნაირი დამხმარე.

– ყველაფრისთვის მზად ვარ. მომიყევი, რა გააკეთე.

ნატომ მიჩვენა ნარკოტრაფიკის სქემა, რომელიც კოტიკოს ჰქონდა გაშიფრული. ამ სქემას ზოგიერთი დეტალი აკლდა, რისი შევსებაც კოტიკომ ვერ მოასწრო. სქემა შედგებოდა მონაწილეთა სიისგან. გეოგრაფიული წერტილებისგან, გადაადგილების მარშრუტის, საშუალებებისა და გრაფიკისგან. ნატოს ამ სქემაში მრავალი რამ ჰქონდა დამატებული და ისეთი პროფესიონალიზმით შესრულებული, რომ გულწრფელად გავოცდი. გონიერებასთან ერთად ეს ლამაზი, ნაზი გოგონა ძალიან მამაცი იყო და მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებით. სქემის დათვალიერებას რომ მოვრჩი, ვკითხე:

– დამატებების გაკეთება როგორ მოახერხე?

– ლოგიკურად. კოტიკოს მონაყოლების გაანალიზების საშუალებით.

მე კიდევ უფრო მეტად განვცვიფრდი და ვუთხარი:

– ახლა შენი გეგმა გამაცანი.

– მარტივი გეგმაა, მაგრამ, არც თუ ისე იოლად შესასრულებელი. უნდა გავიგოთ იმათი ვინაობები, ვინც ამ სქემას აკლია. ძირითადად, ამაში მჭირდება თქვენი დახმარება. ნატოს შევაწყვეტინე და ვუთხარი:

– მოდი, შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს შენობით ველაპარაკოთ.

– ლევან, მათი ვინაობები ცნობილი მონაწილეებისგან უნდა შევიტყოთ. ამისთვის კი მათი დაკითხვაა საჭირო.

გამეცინა და ვუთხარი:

– ნებისმიერს ისე გავიტაცებ და ყველაფერს დავაფქვევინებ, რომ ერთ ასოსაც არ გამოტოვებს.

– მართალია, უკანონობაა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. კოტიკო რომ კანონს არ არღვევდა, ამიტომაც მოკლეს.

– შემდეგ?

– მოსასმენი და ვიდეოაპარატურა უნდა ვიყიდოთ. თურქული საქონელია. აქ, ერთ მაღაზიაში იყიდება. ეს ტექნიკური საშუალებები ერთ აგარაკზე უნდა დავამონტაჟოთ. იქ იკრიბებიან ეს ნაძირლები და მათი საუბრები უნდა დავაფიქსიროთ, – მითხრა ნატომ და ისიც დაამატა, თუ რა იყო ამის საბოლოო მიზანი.

საუბარს რომ მოვრჩით, უკვე შუაღამეს გადაცილებული იყო. წამოვდექი და ვთქვი:

– წავედი. ხვალ დაგირეკავ და შევხვდეთ.

– წაგიყვან.

– არა. დაისვენე. მირჩევნია, ფეხით გავიარო და რაღაც-რაღაცები გავიაზრო, – ვუთხარი ნატოს. შუბლზე ვაკოცე და წამოვედი.

ნატოს სახლიდან ჩემს სახლამდე კარგა მანძილი იყო. ნელი ნაბიჯით მივდიოდი და სამიოდე საათი მოვუნდი. გზაში, ძირითადად, კოტიკოზე ვფიქრობდი. წარსულს ვიხსენებდი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. დილის ოთხის ნახევარი იყო, როცა სახლში მივედი და მაშინღა გავიაზრე, რომ ტანსაცმელი გამოცვლილი არ მქონდა და ამერიკულ კომუფლაჟში ვიყავი გამოწყობილი. საწოლზე ტანზე გაუხდელად დავწექი და უმალვე ჩამეძინა.

საქმე ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად მიიწევდა წინ. პირველ რიგში, ნარკობარონთა შესაკრებ აგარაკზე დავამონტაჟე ტექნიკური მოწყობილობები. მანამდე კი მათი ხარისხი შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ მაღალი ხარისხის იყო. ყოველი შემთხვევისთვის, მეზობელი აგარაკი ვიქირავე ერთი წლით. ფული წინასწარ გადავიხადე და ერთ-ერთ იზოლირებულ ოთახში მონიტორები დავამონტაჟე. მათზე მოდიოდა სათვალთვალო და ხმოვანი სიგნალები. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა და ისმინებოდა. სახლის სარდაფში კი პრეს-ხატა მქონდა მოწყობილი. დაქირავებული აგარაკი მცირე მეწარმეს ეკუთვნოდა და რადგან ფული წინასწარ მქონდა გადახდილი, არც მოდიოდა და მობილურზეც კი არ მირეკავდა. აგარაკი, რომელსაც ვუთვალთვალებდით, უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკს ეკუთვნოდა. ის იქ საყვარელთან ერთად ცხოვრობდა. პოლკოვნიკის ვაჟი კი სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი იყო. თვალთვალის ერთმა თვემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საეჭვო იქ არავინ გამოჩენილა. თუმცა, ტექნიკური მოწყობილობები მათთან მისულ ყველა სტუმარსა და მათ ურთიერთობებს აფიქსირებდა, რომელთა ყურებისა და მოსმენის არანაირი სურვილი არ მქონდა. თუმცა, მაინც ვიწერდი და ვინახავდი... მეტი დრო რომ მქონოდა, ჯართან კონტრაქტი აღარ გავაგრძელე. რა თქმა უნდა, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ნატოს ხარჯზე ვცხოვრობდი. მამამისი ძველი „ცეხავიკი“ ყოფილა და სიკვდილის წინ თავის დედისერთა ქალიშვილს დიდძალი უძრავი ქონება, ძვირფასეულობა და ვალუტა დაუტოვა. ნატოს დედა კი უფრო ადრე გარდაიცვალა. ნატო ხელფასსაც იღებდა – ის მუშაობას აგრძელებდა უშიშროების კადრების განყოფილებაში და საჭირო ინფორმაციებსაც მოიპოვებდა ჩვენი საქმისთვის. მან იმდენი მოახერხა, რომ ანტინარკოტიკული განყოფილების უფროსის კაბინეტში ორი მოსასმენი „ჟუკი“ დაამონტაჟა. ეს კაცი ჩვენი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო და დიდი ალბათობით, ნარკოტრაფიკში მონაწილეობდა. ნატოს მიმღები საშუალება მობილურ ტელეფონში ჰქონდა და უსმენდა კიდეც, თანაც იწერდა და ინახავდა. ყველაფერი ნორმალურად კი მიდიოდა, მაგრამ ერთი პრობლემა გვქონდა, ნატოს მუცელი ეზრდებოდა და საბოლოოდ მისი ფეხმძიმობა მალე გამჟღავნდებოდა. ეს კი მაინდამაინც სასურველი არ იყო. მას, რა თქმა უნდა, შეეძლო სამსახურის მიტოვება, მაგრამ ეს ჩვენს საქმეს დააბრკოლებდა. ამიტომ, ამ საქმის მოგვარება სხვაგვარად გადავწყვიტეთ. ნატომ მითხრა:

– მეტს ვეღარ დავმალავ ჩემს მუცელს, მაქსიმუმ, ორი კვირაც და ცხვირამდე გამეზრდება.

– მოიფიქრე რამე?

– კი.

– რა მოიფიქრე?

– ხვალ რომ მივალ სამსახურში, მთელი დღე მოწყენილი ვიქნები. შესვენებაზეც არ ჩავალ სასადილოში. ჩვენი უფროსი რომ მკითხევს მიზეზს, ყოყმანის მერე მოვუყვები, როგორ მიმატოვა შეყვარებულმა, რომელიც ცოლად მოყვანას მპირდებოდა.

– მარტივი და ჭკვიანურია. სხვა გზა არ გვაქვს, – ვუთხარი ნატოს.

მეორე დღეს, ნატო რომ სამსახურიდან დაბრუნდა, მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თანამშრომლები თანამიგრძნობდნენ. უფროსმა კი მითხრა, დატვირთვებს შეგიმცირებ, დეკრეტშიც ადრე გაგიშვებ და ყველაფერში დაგეხმარებიო.

– ძალიან კარგი, – ვუთხარი ნატოს. ამ დროს კი სათვალთვალო მონიტორზე გამოჩნდა, რომ აგარაკზე სტუმრები იკრიბებოდნენ.

– აბა, ვნახოთ, რა მოხდება, – ვუთხარი ნატოს, ყურსასმენები მივეცი და მეც გავიკეთე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი