მუზის მსხვერპლი
ავტორი: ნია დვალი 20:00
– შენ, რა, ბინიდან მაგდებ? – ეკა გულიანად იცინოდა. იმიტომ რომ სერიოზულად არც მიუღია ქმრის ნათქვამი.
– არა, არ გაგდებ... უბრალოდ, სივრცე მჭირდება. ჰაერი. არ გესმის ჩემი?! – მირიანი თვალებში არ უყურებდა ცოლს, თავის სამუშაო მაგიდაზე ფერადი მინის ნატეხებს თითებით აწვალებდა. ეკა მისი სახელოსნოს კართან იდგა, რომელიც თავის დროზე საკუჭნაო იყო და ნახევარი წლის წინ სახელოსნოდ გადააკეთეს. ეკას ხელები ნერვულად აუთამაშდა და ღიმილიც ნელ-ნელა ქრებოდა მისი სახიდან:
– რა ჰაერი, რა სივრცე?! – ჩაეკითხა ქმარს და მაგიდასთან მივიდა, – სამოთახიანი ბინა გვაქვს, სამმეტრიანი ჭერით და ჰაერი და სივრცე არ გყოფნის? ჩემი სუნთქვაც ხომ არ გაწუხებს?!
მირიანი აშკარად გაღიზიანდა:
– მოზაიკა ხელოვნებაა. მას განსაკუთრებული ატმოსფერო სჭირდება, – მირიანმა, ბოლოს და ბოლოს, მიატრიალა სახე ცოლისკენ, – ყოველდღიურობა გფიტავს, ცოცხლად გხრავს, სულ ერთი და იგივე: სამსახური, სახლი, წვნიანი, თან, განრიგით. ვგრძნობ, როგორ აობებს ეს ყოველდღიურობა ჩემს ნიჭს. მე მჭირდება სუფთა ფურცელი, სითეთრე, სიწყნარე...
– და შენი წარმოდგენით, იმ სუფთა ფურცელზე მე არ უნდა ვიყო?!
– როგორ არ გესმის?! ეს ჩემს მუზას სჭირდება, მინდა, მარტო ვიცხოვრო... ერთი თვე... შეიძლება, ორი. გამიგე, ბიზნესცენტრის ჰოლისთვის პანო უნდა დავასრულო. დამკვეთი, უბრალოდ, არაადამიანია. ამიტომ სიმშვიდე მჭირდება, კონცენტრაცია. შენ კი მუდმივად ჩემ თვალწინ ტრიალებ. ხან ჩაიდანი, ხან ქვაბები, ხან ტელეფონი, ხან დედაშენი რეკავს... ეს რიტმიდან მაგდებს.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ეკა ქმარს უყურებდა, რომელთანაც ხუთი წელი იცხოვრა და თითქოს პირველად ხედავდა მის მოდურ წვერს, მინისგან დასერილ თითებს, პერანგს, რომელიც გასულ კვირას თავად უყიდა. მირიანი უცხოდ ეჩვენებოდა, უცხოდ და პრიმიტიულად.
– ესე იგი, მთავაზობ, რომ ნივთები უნდა ჩავალაგო, დედაჩემთან წავიდე და ბებიაჩემის ბინაში შენი შემოქმედებისთვის სივრცე გაგითავისუფლო?! – ეკას მკაცრი ხმა ჰქონდა.
– რატომ ამბობ ასე უხეშად?! რას ჰქვია „წავიდე“?! უბრალოდ, ესტუმრე. ელენეს გაუხარდება, დარწმუნებული ვარ. მე კი აქ... გადავიტვირთები, – მირიანი წამოდგა და ცოლისთვის მხრებზე მოხვევა დააპირა, მაგრამ ეკა განზე გადგა.
– ესე იგი, გადაიტვირთები, – გაიმეორა ეკამ და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა და ეს არ იყო წყენა, ეს უსიამოვნო წინათგრძნობა იყო. ინტუიცია... მირიანი ტყუოდა და, რაც მთავარია, ტყუოდა უნიჭოდ.
– კარგი, ვიფიქრებ, თქვა ეკამ და გავიდა, კარი ფრთხილად მიხურა. მირიანმა ამოისუნთქა, თმაზე ხელი გადაისვა და ჩაიღიმა.
– მგონი, გადაყლაპა, – გაიფიქრა კმაყოფილებით და მისმა ტელეფონმაც დაიწკრიალა. ინგამ მოსწერა:
– კარგი ამბავი გაქვს ჩემთვის?! გაათავისუფლე ტერიტორია? მიყვარხარ!
***
– ნუ დარდობ, ძმაო. ქალები პლასტელინივით არიან. ვითომ მაგრობენ, მაგრამ ტყდებიან, მერე შეათბობ და რასაც გინდა, გამოძერწავ, – სანდრიკამ ჩაიხითხითა და ლუდი მოსვა.
სანდრიკა მირიანის ბავშვობის მეგობარი იყო, ნახევარი წლის წინ გაშორდა ცოლს და ახლა თავი ამ საკითხის გურუდ მიაჩნდა. მას თავისი თეორია ჰქონდა, რომლის ლაიტმოტივი იყო თეზა, რომ ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, კაცმა კი ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა აიღოს, რაც ასაღებია, იმიტომ რომ კაცია და ეკუთვნის.
– რაღაცნაირი გახდა, – დაიწუწუნა მირიანმა და ლუდის ქილა ხელში დაატრიალა, – ისე მიყურებს, თითქოს რენტგენში მატარებს. არც ისტერიკას აწყობს, არ ტირის, არც წუწუნებს. თქვა, ვიფიქრებო და დადის ჩუმად, ლანდივით.
– ეს ტაქტიკაა, – ბრძნული სახით განაცხადა სანდრიკამ, – თავს გაცოდებს. მსხვერპლის როლს თამაშობს. შენ, მთავარია, არ გატყდე. ბინა გჭირდება? გჭირდება. სახელოსნო იქ გაქვს მოწყობილი? გაქვს. სად უნდა წახვიდე? ნაქირავებში? შენი ქვებითა და წებოთი? არა, ძმაო, ასე არ ივარგებს.
– არსად წასვლას არ ვაპირებ. კარგი ბინაა, ცენტრშია. ბებიამისი მაინც სულ აგარაკზე ცხოვრობს. ეკა იცხოვრებს დედამისთან. დედამისს მე, რა თქმა უნდა, არ ვუყვარვარ, მაგრამ შვილს მიიღებს. ქუჩაში ხომ არ დატოვებს?!
– სწორად მსჯელობ! – სანდრიკამ მირიანს მხარზე დაჰკრა ხელი, – ხელოვანი ხარ! შენ მუზა გჭირდება, შთაგონება და არა წვნიანი და ტვინის ბურღი. და ინგა როგორაა?
ინგას ხსენებაზე მირიანს სახე გაუნათდა. ინგა მათ არტსტუდიაში ადმინისტრატორად მუშაობდა. დასამახსოვრებელი გარეგნობა ჰქონდა, ხასიათი – თავხედური, თამამი, მოკლედ, ეკას ანტიპოდი იყო. ინგასთან თავს მხიარულად გრძნობდა. ინგა არ ეკითხებოდა, იყიდა თუ არა პური, მხოლოდ იმას აზუსტებდა, როდის წავიდოდნენ კლუბში.
– ინგა ცეცხლია. აი, მელოდება, როდის მოვაგვარებ ბინის ამბავს. ჩემთან გადმოსვლა უნდა. ამბობს, რომ ნაქირავებ ბინაში ცუდი აურაა და მუშაობაში ხელს უშლის.
– მერე მოაგვარე, რომ დროზე წავიდეს დედამისთან. კაცი არ ხარ?! უთხარი, ეკა, დავიღალე, საკუთარ თავთან უნდა დავრჩე...
***
ამ დროს კი ქალაქის მეორე ბოლოში ეკა კაფეში იჯდა მირიანის ძმასთან, კოტესტან, ერთად. კოტე ძმას არ ჰგავდა: მიწაზე მყარად იდგა, ავტოსალონი ჰქონდა და მუზებს არ დასდევდა.
– მირიანი სულ გათავხედებულა, – კოტემ წარბები შეიჭმუხნა და ყავას მოურია, – ეკა, არ მინდოდა შენთვის თქმა, მეგონა, დროებითი ამბავი იყო, მაგრამ უკვე ერთი თვეა, დედასთან წუწუნებს, რომ ახრჩობ.
– მე ვახრჩობ? – ეკას მწარედ ჩაეღიმა, – ბოლო სამი წელია, სანამ შეკვეთები არ ჰქონდა, ჩემზე იყო ყველაფერი. ახალი შუშები ჩემი შვებულების ფულით ვუყიდე... და, თურმე, ვახრჩობ...
– აშკარად ვიღაც ჰყავს, – ჩაილაპარაკა ეკამ.
კოტეს არაფერი უთქვამს. ეკამ მუდარით სავსე თვალებით შეხედა.
– თუ რამე იცი, მითხარი, – ეკა ხვდებოდა, რომ შესაძლოა, გულისრევამდე ბანალური სცენარი გამოკვეთილიყო.
– არაფერი ვიცი, იმას გარდა, რომ დედაჩემმა მითხრა გუშინ, მირიანს ქალი-დღესასწაული სჭირდება, ეკა კი ყოველდღიურობააო, – კოტე თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ თქვა ეს.
– ესე იგი, ქალი-დღესასწაული, არა?! – ეკა უცებ წელში გაიმართა. თვალებში ცრემლების ნაცვლად სიავე აუკიაფდა: კარგი, რადგან ყოველდღიურობა მობეზრდა, მოვუწყოთ დასვენების დღეები.
– ეკა, ოღონდ სისულელე არ გააკეთო. გაეყარე და მორჩება ყველაფერი, – კოტემ მაინცდამაინც ახლა გადაწყვიტა ძმაზე ჯავრის ამოყრა, რომელიც დედამისს ყოველთვის მასზე მეტად უყვარდა.
– უბრალოდ გაყრა ზედმეტად მარტივი სცენარია. მას უნდა, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ჰოდა, ისეთ სუფთა ფურცელს მიიღებს, რომ თვალებს არ დაუჯერებს.
***
– მე კი გეუბნები და დამიჯერე, რომ სრული უფლება გაქვს, იქ იცხოვრო! იმ ბინაში იმდენი ენერგია ჩადე! შენ გააკეთე რემონტი...
– რა რემონტი, დედა, – მირიანსაც კი შერცხვა, ისეთი უტიფარი ტყუილი იყო.
– რა რემონტი და, აბაზანაში ფილები ხომ შენი ხელით დააგე?! – დედამისმა იხტიბარი არ გაიტეხა.
მირიანი მისაღებ ოთახში დივანზე იწვა, ფეხები სახელურზე ჰქონდა შემოწყობილი. ეკა სახლში არ იყო – თავის ცენტრში მეცადინეობებს ატარებდა.
– დედა, ბინა ბებიამისზეა გაფორმებული.
– მერე რა? ბებია მოხუცია, მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია. იქ ცხოვრობ! ქმარი ხარ! სინდისის კანონით, ნახევარი შენია. წამოსვლაზე არც იფიქრო. დაე, ის წავიდეს. დედა ჰყავს და დიდი ბინა აქვს. მე და მამაშენი კი ოროთახიანში ძლივს ვეტევით. შენ აქ ვერ მოთავსდები. მაშინ სამუშაოზე უარი უნდა თქვა. ეგ ეკა არასდროს მომწონდა. გაფხორილი დაიარება. ეგეც მყავს, რა?!
მირიანი მიხვდა, რომ დედამისისთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა და დაემშვიდობა, თუმცა დედის მხარდაჭერა თავდაჯერებულობას ჰმატებდა.
მართლაც, რატომ უნდა წავიდეს?! ეკას ბებიის მინგრეული ბინიდან ოქროსავით ბინა გააკეთა. სამზარეულოში მოზაიკა, ფაქტობრივად, შედევრია და, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ბინაა. აქ მუშაობს, აქ ცხოვრობს. ამასობაში საკეტმაც გაიჩხაკუნა. ეკა დაბრუნდა, მაგრამ მირიანი არც კი განძრეულა, ტელეფონში „ფეისბუქს“ სქროლავდა. ეკა ოთახში შევიდა, ფეხზე არც კი გაეხადა. პალტოც ეცვა და ჩანთაც ხელში ეჭირა. უცნაურად გამოიყურებოდა, ზედმეტად მშვიდად და ორგანიზებულად:
– მირიან, უნდა ვილაპარაკოთ, – უთხრა ქმარს.
– ისევ? ხომ ვთქვი, დრო მჭირდება და სიწყნარე. რატომ იწყებ ტვინის ბურღვას? — საყვედურნარევი ხმით ჩაილაპარაკა .
– ბებიაჩემს ველაპარაკე, – ამის გაგონებაზე მირიანი დაიძაბა, მაგრამ არ შეიმჩნია.
– და როგორ ბრძანდება, ქალბატონი ვერიკო?
– შესანიშნავად. მკითხა, როდის გადახვალო.
მირიანი დივანზე წამოჯდა:
– სად გადახვალო?
– ამ სახლიდანო.
– კი მაგრამ, რატომ უნდა გადახვიდე? – გაიკვირვა მირიანმა.
– ვუთხარი, რომ ვიყრებით.
– მე და შენ?!
– დიახ, მე და შენ.
მირიანი დივნიდან წამოხტა.
– რას ბოდავ? რა გაყრა? მე, უბრალოდ, პაუზა გთხოვე!
– პაუზა, რომ ჩემს საწოლში შენს საყვარელს ფეხები გააშლევინო? – ეკამ ეს ისე მშვიდად წარმოთქვა, რომ მირიანი თავიდან ვერც კი მიხვდა, რა უთხრა ცოლმა.
– ბოდავ, – გამოცრა კბილებში და უტიფრობოთ სცადა ფონს გასვლა, – რა საყვარელი? ეჭვიანობის ნიადაგზე პარანოია დაგემართა?! გიჟი ხარ!
– ნუ ყვირი, თუ ძმა ხარ, – აგდებით უთხრა ეკამ. მაგიდასთან მივიდა და მირიანის მომავალი პანოს ესკიზი აიღო, – ლამაზია.
– ადგილზე დადე! – დაუყვირა მირიანმა: და არ გაბედო ჩემს ნივთებთან შეხება!
– შენს ნივთებთან? კარგი, მოდი. ვნახოთ შენი ნივთები.
– გგონია, შენს ისტერიკებს მოვითმენ? – მირიანი შეტევაზე გადავიდა. გრძნობდა, რომ წონასწორობას კარგავდა და ეს უფრო აბრაზებდა, – მე შემოქმედი ვარ! მე ვშოულობ...
– რას შვები?! – გადაიხარხარა ეკამ და უცებ ხმა ყინულივით ცივი გაუხდა, – შე პარაზიტო! ამდენი წელია, ჩემს ხარჯზე ცხოვრობ! ხან მუზა არ მოგდის, ხან დამკვეთი გატყუებს და ახლა გადაწყვიტე, რომ, ეს თუ ასეთი სულელია, ბარემ მისი ბინიდანაც გავაგდებ და აქ საყვარელს მოვიყვანო.
– მოკეტე! – მირიანმა სცადა, ეკაზე ხმამაღლა ეყვირა და სახე ბრაზისგან მოექცა: შენ ანგარებიანი ქალი ხარ! ყველაფერს ითვლი, ხელოვნების არაფერი გესმის.
– დიახ, ვითვლი, – ეკას ხმა საეჭვოდ დაუმშვიდდა და სახელოსნოსკენ წავიდა. მირიანი გაეკიდა. ეკამ სახელოსნოს მოავლო თვალი და ის მოზრდილი ყუთები დაინახა, რომლებშიც მის მიერ ნაყიდი ძვირად ღირებული მასალა იდო. დაუფიქრებლად დასწვდა და გადმოყარა.
– რას აკეთებ?! ეს ხომ ჩემია?! რატომ მიფუჭებ?!
– შენი არ არის, ჩემია, ჩემი ფულითაა ნაყიდი. ახლავე გაეთრიე აქედან.
– ეს ჩემი ნივთებია და შენ არ გაქვს უფლება, გაანადგურო. პოლიციას გამოვიძახებ.
– შენ? – გაეცინა ეკას, – გამოიძახე. აბა, რას იზამ – ეს ბინა შენი არ არის, რაც აქ დგას, შენი არ არის, რაც დავაზიანე, შენი არ არის, ჩემი ნაყიდია. გადარიცხვებიც კი მაქვს. ბებიაჩემი ზუსტად ნახევარ საათში მოვა თავის შვილიშვილთან, ანუ ჩემს ბიძაშვილთან ერთად. ხომ გახსოვს რომელია? ერთ ლუკმად რომ არ ეყოფი. ჰოდა, იმათ ელაპარაკე ამ ბინაზე შენს უფლებებზე, მანამდე კი პოლიცია გამოიძახე.
მირიანმა ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ თავს მოერია.
– ბლეფობ, შენ, უბრალოდ, იეჭვიანე, შენ ხარ ჩემი ოტელო კაბაში, – მირიანმა ხმა დაიტკბო და ეკას სიყვარულით შეხედა.
– ოტელო იდიოტი იყო, იმიტომ რომ მოკლა ის, ვინც უყვარდა. მოკლედ, ჩასალაგებლად გაძლევ 20 წუთს, რასაც ვერ წაიღებ, მე გამოგიგზავნი, ოღონდ ჩემი ნაყიდი არაფერი წაიღო, მათხოვრებს დავურიგებ.
მირიანს ხელები არ ემორჩილებოდა. დაბნეული უყურებდა ცოლს, სადღაც გამქრალიყო რბილი და თბილი ეკა, მის წინ ახლა საშიში მტერი იდგა.
– კარგი... – ჩაილაპარაკა მან, – მე წავალ. მაგრამ ინანებ. ჩემთან გამოიქცევი, როცა მიხვდები, ვინ დაკარგე. მაგრამ გვიან იქნება.
– დრო ჩაირთო! – დაუყვირა ეკამ და საათზე დემონსტრაციულად დაიხედე, – სუფთა ფურცლიდან დაწყების საშუალებას გაძლევ. ახლა მთელი სამყარო შენია, ისუნთქე ღრმად და თავისუფლად.
მირიანს ხელები აუკანკალდა: ასეთ დამცირებას არ ელოდა, ძაღლივით აგდებდნენ ქუჩაში. თავს გათელილად გრძნობდა, მაგრამ ცოლისადმი წრეგადასული ბრაზის მიუხედავად, მისგან გაცლის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ ის კართან იდგა ორი ჩემოდნით ხელში და იღლიაში ამოჩრილი ყუთით.
– გასაღებები! – მოითხოვა ზღურბლზე მდგარმა ეკამ. მირიანმა აცმა ესროლა. ეკამ დაიჭირა და კარი მიუჯახუნა.
მირიანმა მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ინგას დაურეკა:
– ფისო, ყველაფერი დამთავრდა. წამოვედი. თავისუფალი ვარ. კი, სკანდალი მოაწყო, რა თქმა უნდა. ისტერიულია. პირდაპირ შენთან მოვდივარ... რა? რა ახლა არა... აბა, როდის? ინგა, ინგა...
მირიანს ტელეფონი ეჭირა ხელში და სულელივით უყურებდა ჩამქრალ ეკრანს. კიდევ აკრიფა ინგას ნომერი, მაგრამ ავტომატმა აუწყა, რომ აბონენტი მიუწვდომელი იყო. მირიანი მიხვდა, რომ მოტყუვდა, სანამ ეკას მოტყუებას გეგმავდა და ახორციელებდა, თავად მოატყუეს. ერთხანს იფიქრა, ისევ უკან დაბრუნებულიყო და ეკასთვის პატიება ეთხოვა, მაგრამ ლიფტის ხმამ გამოაფხიზლა. ეკას ბებიის ხმა იცნო და ეკას ბიძაშვილის ზურგსაც მოჰკრა თვალი. მირიანი გაირინდა და როგორც კი კარი მიიხურა, კიბეზე ჩაიძურწა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





