რომანი და დეტექტივი

თბილისის დროით

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

თბილისის დროით
დაკოპირებულია

1988 წლის თებერვალი იდგა. ავღანეთის ომი დასასრულს უახლოვდებოდა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ დატოვა ეს დაუმორჩილებელი ქვეყანა უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა. ჩემი „სროკი“ კი ძალებს იკრებდა.

1985 წელს დამაპატიმრეს და 15 წელი მომისაჯეს ზემდგომი ოფიცრის დაინვალიდებისთვის. ეს ინციდენტი ქაბულში, ავღანეთის დედაქალაქში მოხდა. ოფიცერთა სასადილოში ახალ წელს აღვნიშნავდით. ამ დროს საგანგებო ნაწილის უფროსი შემოვიდა. არყით იყო გალეშილი და შარს ეძებდა. საშინელი ვინმე იყო. გოლიათური აღნაგობა და ურჩხულის სახე ჰქონდა. მეტსახელად „ყასაბს“ ეძახდნენ და თავისი „კლიჩკით“ ამაყობდა. მისი ერთ-ერთი მოვალეობა ტყვეებთან მუშაობა, ძირითადად, მათი დაკითხვა იყო. ყასაბი ტყვეებს ცოცხლად აძრობდა ტყავს. კიდურებს უმტვრევდა, ფრჩხილებს აგლეჯდა. ერთი სიტყვით მთელ იმ ჯალათურ სპექტრს იყენებდა, რაც „გესტაპოს“ არსენალში იყო და ისეთსაც, რასაც „გესტაპოშიც“ კი არ კადრულობდნენ...

„ყასაბმა“ ბოროტი მზერა მოგვავლო შეკრებილებს, შემდეგ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა. არყის ბოთლი უცერემონიოდ აიღო, მოიყუდა და დარჩენილი შიგთავსი ბოლომდე დალია.

– ცხვირ-პირი არ უნდა გაუერთიანო ამ ღორს? – მითხრა კაპიტანმა კოროლიოვმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა და ზიზღით შესცქეროდა „ყასაბს“. კაპიტნის მამა გენერალი იყო და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

– არ ღირს ღორის გამო ხელების გასვრა, შარს გადაგკიდებს... ჩახეთქავს და წაეთრევა, – მივუგე კოროლიოვს.

ყასაბმა ცარიელი ბოთლი იატაკზე დაანარცხა და მეორეს წაატანა ხელი. კაპიტანმა ვეღარ მოითმინა. ყასაბს მაჯაში ჩასჭიდა ხელი და კბილებში გამოსცრა:

– წაეთრიე, შე ღორო!

კონფლიქტი რომ არ გაღრმავებულიყო, წამოვდექი. მათ შორის ჩავდექი და „ყასაბს“ ვუთხარი:

– გეყოფა. მშვიდობიანად წადი აქედან. კონფლიქტი არ გვჭირდება.

„ყასაბს“ იმდენი ჭკუა კი ჰქონდა, რომ გენერლის შვილთან კონფლიქტი არ გაეღვივებინა, მაგრამ შარზე იყო, გამჩენი არ ასვენებდა. თავისი ბოროტი ენერგია უნდა გამოეშვა და მე დამეტაკა. ზიზღით შემომხედა და მითხრა:

– შენ ვინ ხარ, დამპალო ქართველო, რომ მშვიდობიანად წასვლას მიბრძანებ. შენი დედაც, შე ძაღლისშვილო!..

რჯული და დედა რომ არ შეეგინებინა, მთვრალ კაცს ხელს არ დავაკარებდი და ფხიზელს მოვთხოვდი პასუხს. ასეთი შეურაცხყოფა კი ვერ მოვითმინე და პოლკოვნიკს ისეთი აპერკოტი ამოვარტყი, რომ ეს გოლიათი კაცი გაფრინდა, მეზობელ მაგიდაზე დავარდა და დაამსხვრია. თავად კი გაითიშა და ის მისივე ხელქვეითებმა წაიღეს ყაზარმაში.

მეორე დღეს „ყასაბი“ შტაბის წინ დამხვდა და უხეში ფორმით გვერდით გასვლა მომთხოვა. მე ვურჩიე, რომ მშვიდობიანად გამცლოდა.

– რაო, სპეცო, ჩაისვარე? – დაცინვით მითხრა ყასაბმა.

– უგონოდ ჩასვრილი ბევრმა გნახა წუხელ, – არ დავაყოვნე პასუხი.

„ყასაბმა“ პისტოლეტი გააძრო. შუბლზე დამადო და ჩახმახი შეაყენა. გამორიცხული არ იყო, რომ სასხლეტისთვის თითი გამოეკრა და ჩემთვის შუბლი გაეხვრიტა, ამიტომ ჩვეული მოძრაობით ყასაბს სწრაფად ავართვი პისტოლეტი. შემდგომ მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე და ეს უზარმაზარი მასა შტაბის წინ, ფილაქანზე დავანარცხე. „ყასაბმა“ ტკივილისგან დაიღმუვლა და უბილწესი გინება დამიწყო. მე მას მისსავე პისტოლეტის ტარით კბილები ჩავულეწე და გამწარებულმა ეს უზარმაზარი მასა წამოვაყენე, შტაბის კედელზე ავაყუდე და ისეთი გამალებით დავცხე, რომ არა მარტო სახე, არამედ მთელი სამხედრო კომუფლაჟი სისხლით შეეღება. მას უკვე არაქათი ჰქონდა გამოცლილი და არც ლაპარაკი შეეძლო, არც ფეხზე დგომა. სამაგიეროდ, მე მქონდა გონება გადაკეტილი და ვეღარ ვჩერდებოდი. ამ სცენას უამრავი ხალხი უყურებდა, მაგრამ არამც თუ მისახმარებლად არავინ მისულა „ყასაბთან“, ჩემთვისაც კი არავის უთქვამს, გეყოფაო. ბოლოს, კედელზე აყუდებული „ყასაბი“ ძიუდოს ილეთით ისე ძლიერად დავანარცხე ფილაქანზე, რომ მას ხერხემალი გადაუტყდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მე კი გამასამართლეს და 15 წლით სამხედროებისთვის განკუთვნილ ციხეში გამამწესეს, რომელიც უზბეკეთში მდებარეობდა. ეს საპყრობილე ამერიკულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, ციხეში სულ 500 ადგილი იყო და თითოეულ საკანში 2-2 პატიმარი ვცხოვრობდით, ყველა ოფიცერი. გენერლების საპყრობილე ცალკე მდებარეობდა. არაოფიცირებისა კი, ეგრეთ წოდებული, „დისბატიც“ – სხვაგან. ჩვენს ციხეში ცხოვრება და გაძლება საკმაოდ რთული იყო. თითქმის ყველა პატიმარს საბრძოლო გამოცდილება გვქონდა მიღებული, ბევრი ჩვენგანი კი საბრძოლო ორდენებით იყო დაჯილდოებული, ერთი სიტყვით, ყველას სიკვდილისთვის თვალებში გვქონდა ჩახედული და ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, ასეთი კონტინგენტის მოტეხვა ურთულესი საქმე იყო. თუმცა, ციხის ადმინისტრაცია მცდელობას არ აკლებდა და ყოველმხრივ ცდილობდა პატიმრებს შორის შუღლის ჩამოგდებას, რომ შემდგომ ეს სიტუაცია ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ასეთ ვითარებაში გავიდა 3 წელი.

1988 წლის თებერვალში კი ციხის უფროსმა დამიბარა და რომ მივედი, მის კაბინეტში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, ორმოცდხუთიოდე წლის მამაკაცი დამხვდა. მან დაჯდომა შემომთავაზა და ციხის უფროსს გახედა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კაბინეტიდან უნდა გასულიყო. მარტონი რომ დავრჩით, სამოქალაქოსამოსიანმა მითხრა:

– მე სემიონ სემიონოვიჩი ვარ.

– რისთვის შეწუხებულხართ, სემიონოვიჩ? – ვთქვი მე.

– ვფიქრობ, ციხეში ჯდომა მოგბეზრდათ.

– არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს ეს.

– შანსია, რომ აქედან გაგიყვანოთ, – მითხრა სემიონ სემიონოვიჩმა და გამომცდელად შემომხედა.

– რა დამსახურების გამო?

– დამსახურება, მართლაც რომ, შთამბეჭდავი გაქვთ. საბრძოლო ორდენებს ტყუილად არავის ურიგებენ, – ორაზროვნად მიპასუხა სამოქალაქოსამოსიანმა.

– კონკრეტულად?

– სემიონ სემიონოვიჩს გაეცინა და მითხრა:

– კონკრეტიკა – მოგვიანებით. თავის დროზე ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ. ისე კი გეტყვით, რომ ციხიდან დახსნის საფასურად ჩვენ მცირე სამსახური უნდა გაგვიწიოთ.

– ვის თქვენ?

– ჩვენ, – ღიმილით გაიმეორა სემიონ სემიონოვიჩმა და დაამატა, – ამასაც ოდნავ გვიან შეიტყობთ.

– გასაგებია. ყველაფერი – მერე, მოგვიანებით. ახლა შემიძლია, წავიდე?

სემიონოვიჩმა წინ პასპორტი დამიდო და მითხრა:

– ეს თქვენი ახალი პასპორტია. რატომ გვიან? ხვალ დილით აქედან გადიხართ. დილით ეზოში რომ გახვალთ სასეირნოდ, აღმოსავლეთ მხარის კარი ღია დაგხვდებათ და სწრაფად გახვალთ გარეთ. იქვე უფანჯრებო ფურგონი დაგვხდებათ. მას არ ამოწმებენ. ჩაჯდებით და ციხის ტერიტორიას დატოვებთ. დილით არაფერი შეგეშალოთ. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ.

საკანში რომ დავბრუნდი, ჩემმა მეზობელმა, მაიორმა იური ივანოვმა მკითხა:

– რაო, რა მინდაო ციხის უფროსმა, ჩენთან ითანამშრომლეო, ხომ?

მაიორ ივანოვს 10 წელი ჰქონდა მისჯილი პოლკოვნიკის ცემისთვის. დაახლოებით, ისეთივე ისტორია იყო, როგორიც მე შემემთხვა, მაგრამ ბევრად უფრო მშვიდობიანი გაგრძელებითა და დასასრულით. იური კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბოლო ერთი წელი ერთად ვისხედით და დავახლოვდით, ამიტომ არ დავუმალე და ვუთხარი:

– აქედან გავყავართ და შენც ხომ არ შემომიერთდები?

ჩემს სიტყვებზე მაიორი შეცბა. შემდეგ გამიღიმა და მითხრა:

– მეხუმრები, ხომ?

– სულაც არა, – ავიჩეჩე მხრები და დავამატე, – მართლა. წამოხვალ?

– მერე და წამიყვანენ?

– აქედან ნამდვილად გავალთ და თუკი ჩემთან ერთად არ წამოგიყვანენ, შენი გზით წახვალ. გაწყობს ასეთი ვარიანტი?

– მაწყობს. მომბეზრდა აქ ყოფნა. თანაც, ტყუილად დამაპატიმრეს და დროა, აქაურობა დავტოვო.

– შევთანხმდით. ახლა კი დავიძინოთ, იურა. ხვალ მძიმე დღე გველოდება.

– მძიმე კი არადა, სასიხარულო, – ღამე მშვიდობისა! – მითხრა მაიორმა და საკანში სიჩუმემ დაისადგურა.

მეორე დღეს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სემიონ სემიონოვიჩმა მითხრა. გარდა ერთი დეტალისა და ეს დეტალი ჩემი თანამესაკნის ჩემთან ერთად გაქცევა იყო. დახურულ ფურგონში რომ ჩავსხედით, მძღოლს ივანოვი არ დაუნახავს და საპყრობილე მშვიდობიანად დავტოვეთ. დაახლოებით, 45-წუთიანი მგზავრობის მერე ჩვენი ფურგონი გაჩერდა, კარი გაიღო და სემიონ სემიონოვიჩი დავინახე, რომელმაც მითხრა:

– დრო არ ითმენს, გადმოდი და წავედით!

მე და ივანოვი ფურგონიდან გადმოვედით. იქვე „ვოლგა“ „გაზ 24“ იდგა. უდაბური ადგილი იყო და კაციშვილი არ ჭაჭანებდა. „ვოლგაში“ კი მძღოლის გარდა კიდევ ორი ადამიანი იჯდა.

– ეს ჩემი თანამოსაკნეა. ციხეში ჯდომა მობეზრდა და ჩემთან ერთად გამოიქცა. თუ ჩვენთან ერთად წამოყვანა არ შეიძლება, თავის გზაზე წავა, – ვუთხარი სემინოვიჩს.

– ჩაჯექი მანქანაში! – მითხრა სემიონოვიჩმა და მე „ვოლგისკენ“ გავემართე და ჩავჯექი. სემიონოვიჩმა კი უცებ პისტოლეტი ამოაცურა და ივანოვს სხეულზე მთელი მჭიდი დააცალა და სანამ მე რამეს მოვიმოქმედებდი ჩემ გვერდით მსხდომმა მამაკაცმა სახეში პულვერიზატორიდან სითხე შემასხა და გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, ოთახში, ტახტზე ვიწექი და სემიონოვიჩის გარდა, თავზე კიდევ სამი მამაკაცი მედგა.

– როგორც იქნა, გონება დაგიბრუნდა, – მითხრა სიმიონოვიჩმა და გამიღიმა.

– ივანოვი რატომ მოკალით? – ვკითხე მე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ადგილზე დავრჩი.

– ის ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, – განმიმარტა სემიონოვიჩმა და დაამატა, – ზედმეტად ნუ იმოძრავებთ, ჯერ კიდევ სუსტად ხართ და თავს გაუფრთხილდით.

– ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? – ვიკითხე მე და ტელევიზორს შევხედე, სადაც ჩემს სურათს აჩვენებდნენ.

სემიონოვიჩამა ხელი გაიშვირა და თქვა:

– უსმინეთ!

დიქტორი ამბობდა: „...გუშინ ციხიდან გაქცეული ორი პატიმრიდან, ერთ-ერთი, ყოფილი მაიორი იური ივანოვი მოკლული აღმოაჩინეს. ის მისმა თანამესაკნემ, მეორე გაქცეულმა ჩაცხრილა და მიიმალა. გრძელდება მეორე გაქცეულის ძებნა და თუკი ვინმემ იცის მისი ადგილმდებარეობა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მილიციას. ინფორმატორი დაჯილდოვდება...“

– ხომ ხედავთ, ყველგან გეძებენ და თქვენს ადგილზე, უფრო მშვიდად და გონიერად მოვიქცეოდი, – მითხრა სემიონოვმა.

– მაგრამ ივანოვი ხომ მე არ მომიკლავს, – ვუთხარი სემიონოვიჩს.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მკვლელი თქვენ ჰგონიხართ და გეძებენ.

– მაინც, რა გინდათ?

– ისეთი არაფერი. დაისვენეთ, ფორმაში ჩადექით და მერე ვნახოთ.

– სად ვიმყოფები?

– საიმედო ადგილზე. იქ, სადაც არამც თუ მილიცია, ეშმაკიც კი ვერ მოგაგნებთ.

როგორც აღმოჩნდა, „გრუს“ ერთ-ერთ საიდუმლო ბაზაზე ვიმყოფებოდი, უზბეკეთში. უდაბური ადგილი იყო. ირგვლივ უზარმაზარი მთები გვერტყა. ტერიტორია სამმაგი მავთულხლართით იყო გარშემორტყმული. საგულდაგულოდ იყო დაცული და იმ ტერიტორიაზე შეუმჩნევლად ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა. სემიონ სემიონოვიჩი „გრუს“ პოლკოვნიკი იყო. მისი თანმხლებნი კი – ხელქვეითები.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი