რომანი და დეტექტივი

ცხოვრების გამოცდა

№45

ავტორი: ნია დვალი 12 წუთის წინ

ცხოვრების გამოცდა
დაკოპირებულია

– ჩემი სოფლელი ცოლი ბარგს დღესვე ჩაალაგებს და აქედან დაახვევს, – თვითკმაყოფილებით თქვა ირაკლიმ და სარკის წინ ძვირად ღირებული მუქი ლურჯი ჰალსტუხი გაისწორა, – კი, ლიკუნა, ყველაფერი ოფიციალურად იქნება. გვეყოფა დამალვა. დღეს კორპორატიულზე ერთად წავიდეთ.

ირაკლი მისაღებში ლაპარაკობდა ტელეფონით, საძინებლის კარი კი ოდნავ ღია იყო. ანას ხელში ქმრის ახლად დაუთოებული პერანგების დასტა ეჭირა და ლოგინის კიდეში იჯდა. თეთრი ქსოვილი მის მუხლებზე კოხტად ეწყო და სარეცხი ფხვნილის, უთოსა და იმ ოჯახური სითბოს სუნი ასდიოდა, რომელსაც ანა წლების განმავლობაში საკუთარი ხელებით ქმნიდა. მან მაშინვე ვერ გაიაზრა, რაც გაიგონა. თავდაპირველად ტვინმა თითქოს უარი თქვა ამ სიტყვების მიღებაზე.

– სოფლელი ცოლი, – ასე უწოდა ირაკლიმ მას, არა უცხო ქალს, არა შემთხვევით ნაცნობს, არამედ საკუთარ ცოლს. ქალს, რომელიც რვა წლის განმავლობაში გვერდში ედგა, როდესაც მას არც კოსტიუმები ჰქონდა, არც მანქანა ჰყავდა, არც თანამდებობა და არც თვითდაჯერებულობა აწუხებდა.

შემოსასვლელში რბილი, ყვითელი შუქი ენთო. კედელზე ეკიდა ბრინჯაოსჩარჩოიანი დიდი სარკე, რომელსაც ანა თითქმის ერთ თვეს ირჩევდა. მის ქვემოთ იდგა ვიწრო კონსოლი, დახვეწილი და სადა. ამ ბინაში ყველაფერი ანას გემოვნებით იყო მოწყობილი: მშვიდი, რძისფერი კედლები, თბილი ფერის პარკეტი, სქელი, სპილოსძვლისფერი ფარდები, ამავე ფერის სამზარეულო, სადაც ყოველთვის ყავის, დარიჩინისა და ახალგამომცვარი ნამცხვრის სურნელი იდგა.

სახლი მყუდრო იყო და იქ თითქოს ბედნიერება და სიმშვიდე ცხოვრობდა, მაგრამ ირაკლის სიტყვები მოწმობდა, რომ იქ აღარც ბედნიერება იყო და აღარც სიმშვიდე.

– არა, სკანდალს არ მოაწყობს, – განაგრძობდა ირაკლი, – წყნარია, მორჩილი, იტირებს, მაგრამ აკრეფს თავის ძონძებს და თავის დაქალთან წავა. კარგად ვიცნობ.

ანამ ნელა დადო პერანგები საწოლზე. ოთახში სიჩუმე იდგა, მხოლოდ ფანჯრის მიღმა წკრიალებდა მინაზე წვიმა. ოქტომბრის საღამოს სველ ქუჩას ღამის ლამპიონები ანათებდა და გუბეებში ირეკლებოდა. სადღაც ქვემოთ ყრუდ სადარბაზოს კარი გაჯახუნდა.

ირაკლიმ გაიცინა.

– რა სიყვარული?! ახალგაზრდა ვიყავი, შევეჩვიე. ახლა სხვა დონის ქალი მჭირდება.

ანა წამოდგა. საძინებელში სარკესთან მივიდა. ანარეკლში მას ოცდარვა წლის ქალი უყურებდა. ლამაზი, მაგრამ დაღლილი. მუქი თმა სახელდახელოდ ჰქონდა აწეული კეფაზე, თვალების ქვეშ უძილო ღამეების მსუბუქი ჩრდილი გადაკრავდა, ტუჩები ფერმკრთალი ჰქონდა, სახლის სვიტერი ეცვა, ოდნავ გაწელილი, იმიტომ რომ საკუთარი თავისთვის ფულის დახარჯვა ენანებოდა.

ანამ თვალები დახუჭა და ლიკა გაიხსენა, რომელიც ერთხელ ნახა ქმრის ტელეფონში ფოტოზე: ქერად შეღებილი თმა ჰქონდა და ალუბლისფერი ტუჩები, ტანზე მოტმასნილი კაბა ეცვა და იმ ქალის გამომეტყველებით იღიმებოდა, რომელიც მიჩვეულია სხვისი საკუთრების მითვისებას. ამასობაში ირაკლიმ საუბარი დაასრულა. შემოსასვლელში საათმაც ჩამოჰკრა.

– ანა! – დაუძახა მან ცოლს საკმაოდ ხალისიანი ხმით, – ხომ გაიგონე, რაც ვთქვი?! მოდი, სცენების გარეშე ვისაუბროთ, ბოლოს და ბოლოს, ზრდასრული ადამიანები ვართ.

ანა გამოვიდა. ირაკლი სარკესთან იდგა: სიმპათიური, მოვლილი, ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი, რომლის ყიდვაშიც ანა დაეხმარა. ოდესღაც ეს კოსტიუმი ანასთვის ქმრის წარმატების სიმბოლო იყო, ახლა კი ხვდებოდა, რომ ის თავისივე სიბრმავის სიმბოლო გამხდარიყო.

– დიახ, გავიგონე, – მშვიდად უპასუხა ანამ.

ირაკლის უხერხულობა არ უგრძნია:

– ჰოდა, ძალიან კარგი. დიდი ხანია, დალაპარაკება მინდოდა.

– დალაპარაკება?! – გაიმეორა ანამ.

– დიახ, იმიტომ რომ დავიღალე. შენც დაიღალე. სხვადასხვანაირები ვართ. მე გავიზარდე ან შენ ისევ იქ დარჩი, შენს რაიონში.

ანა დუმდა.

– ნუ ბრაზობ, – დაამატა ირაკლიმ და ხმაში გაღიზიანება შეეტყო, შენ თვითონაც ხვდები, რომ ჩემი ცოლი ჩემს ახალ მდგომარეობას უნდა შეეფერებოდეს. თანამდებობა მაქვს, პარტნიორები მყავს, ღონისძიებებს ვესწრები, შენ კი ამ ყველაფერში არ ეწერები.

ანა შემოსასვლელში გავიდა, დადგა და ხელები გულზე დაიკრიფა. თან, რატომღაც, ირაკლის გაპრიალებულ ფეხსაცმელებს შეხედა.

– არ ვეწერები? – ისევ გაიმეორა ქმრის ბოლო სიტყვები.

– ჰო. კარგი ხარ. კომფორტული, მაგრამ ჩემ გვერდით უნდა იყოს ქალი, რომელმაც თავის დაჭერა იცის. რომელიც ისე არ გამოიყურება, თითქოს ახლახან ბაზრიდან კარტოფილი მოიტანა.

ირაკლის გაეღიმა თავისსავე შედარებაზე, ანას შიგნით კი რაღაც გატყდა.

– გასაგებია, – თქვა მშვიდად.

ირაკლიმ გაოცება ვერ დამალა:

– და სულ ეს არის?

– დიახ, სულ ეს არის.

– როგორ, არ იყვირებ, არ გააპროტესტებ?

– არა. – თავი გააქნია ანამ.

ირაკლიმ შვებით ამოისუნთქა:

– ვიცოდი, რომ ნორმალური ხარ. ამ ორ დღეში ჩაალაგე ნივთები. ცოტა ფულსაც მოგცემ, რომ სადმე მოეწყო, სანამ გადაწყვეტ, როგორ გააგრძელო ცხოვრება.

ანამ თვალები დახარა:

– შენი ფული არ მჭირდება.

ირაკლიმ ჩაიღიმა:

– აბა, რით აპირებ ცხოვრებას?

და ანამ პირველად გაიღიმა:

– ჩემი ფულით.

როდესაც ირაკლის უკან კარი დაიხურა, ბინამ თითქოს შვებით ამოისუნთქა; ბინამ და ანამაც, თუმცა დიდხანს იდგა შემოსასვლელის შუაგულში. შემდეგ ამოიოხრა და სამზარეულოში შევიდა.

სამზარეულო თბილი განათებითა და წვნიანის სურნელით შეხვდა. ქურაზე ქვაბი იდგა: ირაკლის სწორედ ასეთი წვნიანი უყვარდა, სქელი, ნივრითა და ბევრი მწვანილით.

მაცივარი გააღო – ზედა თაროზე ტორტი იდო, პატარა, შოკოლადის. დილით იყიდა, რადგან საღამოს ქმართან მშვიდად დალაპარაკება უნდოდა, რომ ეთხოვა რამდენიმედღიანი ერთობლივი დასვენება.

ახლა ტორტი სასაცილოდ გამოიყურებოდა. თითქმის საცოდავად.

ანამ მაცივარი დახურა. და გაეცინა. წყნარად. მწარედ. მაგიდასთან ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

ცრემლებს მაშინვე არ მოუკითხავთ. სრულ სიცარიელეს დაესადგურებინა მის არსებაში. თანდათან წყენა შეეპარა და გულისტკივილი, ბოლოს სირცხვილის გრძნობა: თურმე, რამდენ ხანს აძლევდა უფლებას ირაკლის, რომ ის დაემცირებინა.

თვალწინ ერთად გატარებული წლები ფოტოკადრებივით ამოუტივტივდა. მათი პირველი ნაქირავები ბინა, მრუდე აივნით; ირაკლი ძველ სვიტერში, სამზარეულოში დიპლომს რომ წერდა. საკუთარი თავიც დაინახა, ავტობუსში რომ ეძინებოდა სამუშაოს მერე და თავისივე ხელები, რომლებსაც მუდმივად ცომისა და სარეცხი საშუალების სუნი ასდიოდა.

ზარივით ჩაესმა ყურში ირაკლის სიტყვები:

– ან, როცა ფეხზე დავდგები, დედოფალივით იცხოვრებ.

ანას მაშინ ამ სიტყვებზე სიამოვნებისგან ეღიმებოდა. სჯეროდა, რომ ასეც იქნებოდა.

ანა ირაკლისთვის ახალ პერანგებს ყიდულობდა, რომ გასაუბრებებზე ღირსეულად გამოჩენილიყო, საკუთარ თავზე კი ეკონომიას აკეთებდა. იხდიდა ირაკლის სასწავლო კურსების საფასურს. ღამღამობით ირაკლის ანგარიშებს კითხულობდა და ასწორებდა, იმიტომ რომ ირაკლი ნერვიულობდა და ციფრებში იბნეოდა. და როდესაც ირაკლი დიდ კომპანიაში აიყვანეს სამუშაოდ, ანამ იტირა.

ირაკლიმ კი ახლახან მასზე თქვა: „სოფლელი ცოლი“.

ანამ ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა. საძინებელში შევიდა და კარადა გამოაღო: დიდი ჩემოდანი გამოიღო, მაგრამ საკუთარი ნივთებისთვის ხელი არ უხლია, ირაკლის ნივთების ჩალაგება დაიწყო.

***

ღამის პირველ საათზე ნანამ დარეკა:

– ანი, ახლა ვნახე, რომ მოგიწერია. რა მოხდა? სასწრაფო საქმე მაქვსო.

ნანა მისი ერთადერთი ნამდვილი დაქალი იყო – ხისტი, ჭკვიანი, სიმართლის პირში თქმის ჩვევით.

– ის საყვარელთან მიდის, – მშვიდად უთხრა ანამ.

ციტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა:

– როგორც იქნა, – თქვა ნანამ.

ანა გაოგნდა:

– რა?

– მაპატიე, მაგრამ დიდი ხანია, ველოდებოდი, როდის გამოაჩენდა ეს ფარშევანგი თავის ნამდვილ სახეს.

– ნან…

– არა, მომისმინე. ახლა არ ტირი, არ ევედრები, არ იხსენებ, რა კარგი იყო ათასი წლის წინათ. საბუთებს აგროვებ.

– რომელ საბუთებს? – შეაწყვეტინა ანამ.

– ბინა როდის იყიდეთ?

– ქორწინებაში.

– პირველი შენატანი ვისი იყო?

ანა დაფიქრდა:

– ჩემი. ბებიაჩემის ბინა გავყიდე.

– საბუთები გაქვს? – დააზუსტა ნანამ.

– კი.

– გადმორიცხვებს ვნახავთ? – დააზუსტა ნანამ.

– მგონი, კი. წესით, ვნახავთ.

– მშვენიერია. და მანქანა?

– მის სახელზეა.

– ვინ იყიდა?

– საერთო ფულით ვიყიდეთ.

– მშვენიერია, – ნანამ ტაში შემოკრა.

ანა წელში გაიმართა:

– ნანა… მე ომი არ მინდა, – წარმოთქვა გაუბედავად.

ნანას ხმა გაუმკაცრდა:

– ანი, ომი უკვე დაიწყო. უბრალოდ, შენ ჯერ კიდევ წვნიანის ქვაბით ხელში დგახარ და გგონია, რომ ეს ოჯახური ვახშამია.

ამ სიტყვებმა გულში დაჭრა ანა და მიხვდა, რომ ისევ რომანტიკული საბურველიდან აფასებდა თავის მდგომარეობას.

ირაკლი, დაახლოებით, ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ალკოჰოლის, ძვირფასი სუნამოსა და სხვა ქალის სუნით გაჟღენთილი. რიხით შევიდა საძინებელში. მაგრამ ზღურბლთანვე გაჩერდა.

მისი ჩემოდნები კართან იდგა. კოხტად ეწყო ერთმანეთზე. ზემოდან იდო მანქანის გასაღები.

– ეს რა არის? – ხმა გაუბოროტდა.

ანა ფანჯარასთან სავარძელში იჯდა. საშინაო კაბა ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა, გამომეტყველება – მშვიდი.

– საცხოვრებელი ფართის გათავისუფლებაში გეხმარები.

– სულ შეიშალე? – აყვირდა ირაკლი.

– არა. უბრალოდ, გავიგონე, რომ სოფლელი ცოლი, როგორც იქნა, მიდის. ჰოდა, შენ მიდიხარ, ძვირფასო.

ირაკლი მიუახლოვდა. ანამ თვალი თვალში გაუყარა:

– ეს ბინა ჩემიც არის. და ამას სასამართლო გაარკვევს.

ირაკლიმ ჩაიღიმა:

– სასამართლო? ნუ მაცინებ. შენ ვინ ხარ ჩემ წინააღმდეგ?

ანამ თვალი ისევ გაუსწორა:

– ქალი, რომელიც რვა წლის განმავლობაში შენი დასაყრდენი იყო და რომელიც ამიერიდან აღარ იქნება საყრდენი.

ირაკლი წამოწითლდა:

– მემუქრები?

ანამ თავი გააქნია:

– ფაქტს ვამბობ.

– ვის რაში სჭირდები? – ჩაილაპარაკა ირაკლიმ აგდებით, – ჩემ გარეშე არაფერი ხარ.

ანა წამოდგა:

– მოდი, შევამოწმოთ.

***

რაღაცნაირი რუხი დილა გათენდა. ანას თითქმის არ ეძინა ღამით. სამზარეულოში იჯდა და უშაქრო მაგარ ყავას სვამდა. ბინა უცხოდ ეჩვენებოდა, თითქოს კედლებმა ყველაფერი გაიგონეს და ახლა მდუმარედ ელოდნენ სცენის გაგრძელებას.

ტელეფონზე ირაკლისგან შეტყობინება მოვიდა:

– ნუ ბოროტობ. 20 ათასს მოგცემ და ორიოდე თვით ბინას გიქირავებ.

ანა დიდხანს უყურებდა ეკრანს. შემდეგ უპასუხა:

– ჩემი ადვოკატი დაგიკავშირდება.

ზუსტად ერთ წუთში ირაკლიმ დარეკა. ანა დიდხანს უყურებდა ეკრანს და ზარი გათიშა.

შემდეგ დედამთილმა დარეკა. მასაც გაუთიშა;

შემდეგ ისევ ირაკლიმ და, ბოლოს, უცნობმა ნომერმა.

ანამ ტელეფონს ხმა გამოურთო.

შუადღეს ნანა მოვიდა დიდი საქაღალდით, ყავითა და იმ ადამიანის გამომეტყველებით, რომელიც მზად არის, რომ ყველას მაგივრად იომოს.

ანა გაემზადა და ყურადღებით ჩააშტერდა საბუთებს.

***

საღამომდე ისხდნენ მაგიდასთან და საბუთებს არჩევდნენ: ნასყიდობის ხელშეკრულება, ბანკის ამონაწერები, გადმორიცხვები, ცნობები, ძველი ქვითრები...

ნანა ხან წარბებს ჭმუხნიდა, ხან კმაყოფილი აქნევდა თავს:

– ანი, ძლიერია შენი პოზიცია, – უთხრა ბოლოსკენ.

– მართლა? – სახე გაუცისკროვნდა ანას.

– დიახ, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია.

– რა? – გაუკვირდა ანას.

ნანამ ნოუთბუქი შემოატრიალა:

– შეხედე. ლიკა ირაკლის კომპანიაში კონსულტანტად ირიცხება. ხელფასს იღებს. მაგრამ, ფაქტობრივად, არ მუშაობს.

ანა შეიჭმუხნა:

– საიდან იცი?

– ჩემი ჯგუფელი მუშაობს ირაკლისთან. დიდი ხანია, ამბობს, რომ იქ უცნაური გადახდებია.

– ანუ?

– ანუ ის, რომ შენი ქმარი უბრალოდ მოღალატე კი არ არის, არამედ საკმაოდ შტერიცაა.

ანას ბოლო 24 საათის განმავლობაში პირველად გაეცინა გულწრფელად…

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი