გარიგება
ავტორი: ნიკა ლაშაური 17 წუთის წინ
დილის 9 საათი იყო. უკვე სახლიდან გავდიოდი, როდესაც მობილურმა დარეკა. ეკრანს დავხედე. უცნობი ნომრიდან მირეკავდნენ.
– გისმენთ, – ვუპასუხე ზარს.
– დილა მშვიდობისა, პაკო, – გაისმა ქალის ხმა და ძარღვებში სისხლი გამეყინა.
პაკოს ნატო მეძახდა. ის კი ოცდახუთი წლის წინ გარდაიცვალა. ეს სახელი მან შემარქვა და ჩვენ ორის გარდა, არავინ იცოდა. ვიფიქრე, მომესმა-მეთქი და ვთქვი:
– დიახ, გისმენთ. რა ბრძანეთ?
– ჰო. არ გეშლება, მე ვარ, პაკუნა, – თქვა ქალის ხმამ და ლამის ინფარქტმა დამარტყა.
პაკო – პატარა კოტეს ნიშნავდა. კოტე ბაბუაჩემი იყო. მას ძალიან ვგავდი გარეგნულად. ის ჩვენი სკოლის დირექტორი იყო. მე და ნატო კი თანაკლასელები ვიყავით, შეყვარებულები. არ მომწონდა ეს მეტსახელი, მაგრამ ნატო ჯიუტი იყო, თუკი რამეს დაიჩემებდა, ვეღარ გადაათქმევინებდი, თანაც, ჩემი გაღიზიანება უყვარდა და თავისას არ იშლიდა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პაკოს სხვების წინაშე არ დამიძახებდა და, რომ იტყვიან, ეს სახელი ნატოს პირად სარგებლობაში ჰქონდა.
– ნატო, შენ?
– პაკუნა, შენი ნახვა მინდა და რაც შეიძლება, მალე. როდის და სად შევხვდეთ?
– თუ გინდა, ჩემთან მოდი. სახლში ვარ.
– მერე შენი ცოლ-შვილი?
– დასასვენებლად წავიდნენ. მარტო ვარ.
– კარგი, მოვალ.
– მერე იცი ჩემი მისამართი? სხვაგან ვცხოვრობ.
– ვიცი. საირმის გორაზე.
– სწორია. გელოდები.
ნატო ტაქსით მოვიდა. მართალია, 20-ის არ იყო, მაგრამ მის გარეგნობას ქალური სილამაზე ამშვენებდა. მხოლოდ გადავკოცნე. დიდი ხნის მონატრებულობის რეაქცია არცერთს არ გამოგვიხატავს. სავარძელზე მივუთითე და ვუთხარი:
– დაჯექი... ისევ ისეთი ლამაზი ხარ, უბრალოდ, დაქალებულხარ. ეს კი არისტოკრატულ იერს გაძლევს.
– მადლობა კომპლიმენტისთვის.
– რა მოგართვა?
– მხოლოდ წყალი, დიდ ჭიქაში.
– აი, ინებე! – მაგიდაზე ცივი წყლით სასე ჭიქა დავუდგი.
ნატომ წყალი მოსვა და მითხრა:
– მიხარია, რომ ცოცხალი ხარ და იმ საშინელ პერიოდს გადაურჩი.
უცებ თავში დამკრა და მივუგე:
– და ამიტომ გაითამაშე საკუთარი სიკვდილი, ხომ? იფიქრე, მომკლავდნენ. შეგეშინდა, მეც არ მიმაყოლონო და ვითომ ავარიაში დაიღუპე. მით უმეტეს, რომ ფეხმძიმობა უდროოდ შეგიწყდა, ბავშვი დაკარგე. სწორად მივხვდი?
– თითქმის. მაგრამ, ბოლომდე – არა. და სწორედ პაკუნას ბედზე მინდა, დაგელაპარაკო.
– ეგ ვინაა?
– შენი ვაჟი.
– რაო?
– მე მშვიდობიანად ვიმშობიარე და ვაჟი გავაჩინე. შემდგომ კი მოხდა ის, რაც მოხდა – აქედან გადავიხვეწეთ, რომ ცოცხლები დავრჩენილიყავით.
მინდოდა, ნატოს ყელში ვწდომოდი და მომეხრჩო. სახეც შესაბამისი მივიღე. მაგრამ, მხოლოდ ამოვიხვნეშე და ვთქვი:
– და?
– შენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მომწყვეტდი თავს, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.
– რა აზრი აქვს. უკვე ვეღარაფერს გამოასწორებ. თანაც, ამდენი წელი გავიდა.
– შენს ვაჟს პაკო დავარქვი. პაკო ორტეგა. ის 25 წლისაა და დიდ გასაჭირშია.
– რა სჭირს?
– ნიუ-იორკის ციხეში ზის და სასამართლოს ელოდება. როგორც კი მიუსჯიან, სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ და იქ მას უეჭველად მოკლავენ.
– ვინ?
– რუსები.
– რატომ?
– მათი მაფიის შეფის ძმა მოკლა.
– ჩემგან გადაეცა გენით?
– არა. პაკო პატიოსანი ადამიანია და რესტორნების ბიზნესი აქვს, ქსელური ბიზნესი. რუსები პაკოს წილს სთხოვდნენ და შეხვედრაზე დაიბარეს. იქ კი შეხლა-შემოხლა მოხდა და შენმა ვაჟმა მისთვის მოქნეული ხანჯალი გულში გაურჭო იმ რუსს.
– გამოდის, რომ აუცილებელი მოგერიება იყო და უნდა გაათავისუფლონ.
– ადვოკატიც ამას ამბობს, მაგრამ რუსებმა ცრუ მოწმეები დაიქირავეს და პაკოს იქ მივარდნასა და მკვლელობას აბრალებენ. ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ პაკოს პატიმრობა მიუსაჯონ, ციხე გამოუცვალონ და იქ კი უეჭველად მოკლავენ. ახლა ცალკე საკანში ზის და სასეირნოდაც კი არ გამოდის.
– თუ „მეტკა“ დაადეს, იქაც მოკლავენ, – ვთქვი მე.
– იყო ერთი მცდელობა. ციხის მორიგემ საკნიდან გამოიყვანა, ვითომ საკანი უნდა გაეჩხრიკა. სინამდვილეში კი პაკო მეოთხე სართულიდან უნდა გადაეგდო. მაგრამ, შენმა ვაჟმა ის მორიგე იქვე მითიშა და მისივე ხელბორკილებით მიაბა კიბის მოაჯირზე. თავად კი საკანში შებრუნდა და სხვა მორიგეები რომ მოვიდნენ, ყველაფერი მოუყვა. ამის მერე ის მორიგე დააპატიმრეს.
– ჰოდა, სწორედ მან უნდა დაასახელოს დამქირავებელი და პაკოს გაამართლებენ.
– შეუძლებელია.
– რატომ მოკლეს?
– კი. როგორც ეტყობა რუსებმა მოიცილეს. ორი დღის მერე საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
– მდაა, – ვთქვი და ოთახში ბოლთის ცემას შევუდექი. ვფიქრობდი, რა მეღონა. შემდეგ ნატოს სიგარეტი გამოვართვი და გავაბოლე.
– როგორც ვიცი, არ ეწეოდი და ისევ დაიწყე? – მითხრა ნატომ.
– ჰო. ათი წელია, არ მომიწევია, – ვუთხარი ნატოს და დავუმატე, – კი, მაგრამ ჩემზე საიდან იცი ამდენი?
– ჩვენი სამყარო პატარაა, ჩემო პაკუნა და თუ მოინდომე, ყველაფერს იზამ.
– ჰო, ძალიან უნდა მოვინდომოთ და გაგვიმართლოს, რომ ჩვენი ვაჟი ამ განსაცდელიდან ვიხსნათ.
– სწორედ ამიტომ შეგეხმიანე. უბრალოდ, სხვა გზა ვერ ვნახე. თორემ არც კი გაგაგებინებდი ყოველივეს.
– გათხოვილი ხარ?
– არა.
– ორტეგა ვისი გვარია?
– აქედან რომ მივდიოდით, ვინც საბუთები გაგვიკეთა, იმან ჩაწერა ეს გვარი და მას მერე არც შეგვიცვლია.
– პირდაპირ შტატებში გაემგზავრეთ?
– სამი წელიწადი თურქეთში ვცხოვრობდით. და, პაკო რომ წამოიზარდა, შემდეგ გემით გავემგზავრეთ ნიუ-იორკში.
– შენ სად გაჩერდი?
– ჩემს სახლში.
– როგორც ვიცი, შენი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, შენი სახლი შენმა მამიდაშვილმა გაყიდა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.
– სწორია. ლალი ჩვენთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში. სახლი კი ინტერნეტით შევიძინე სამი წლის წინ.
– ალბათ, მთელ ამ სპეცოპერაციაში ლალი გიწყობდა ხელს.
– პირიქით.
– რა პირიქით.
– ლალი მევედრებოდა, ეს არ ქნა. პაკოს ცოლად გაჰყევი. ძალიან უყვარხარ და მასთან ბედნიერი იქნებიო. მაგრამ მე მას არ დავუჯერე. მთელი ეს სპექტაკლი კი დედ-მამამ დამადგმევინა.
– მე კი ყოველწლიურად შენს საფლავზე დავდიოდი და ვარდების თაიგულს გჩუქნიდი. დღეს ხომ შენი გარდაცვალების დღეა და სასაფლაოზე უნდა ამოვსულიყავი.
– თუ პაკოს ამბავი არ მოგვარდება, მაშინ მართლა მოგიწევთ ჩემი დასაფლავება.
– ეჰ, ნატო, ნატო, დაგეჯერებინა ლალისთვის, – ვთქვი, ხელი ჩავიქნიე და დავამატე, – რა გვარია მოკლული?
– ვაისმანი.
– რუსი კი არა, ებრაელი ყოფილა.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– ძალიან დიდი. რუსებსა და ებრაელებს ერთმანეთში „გრიზნია“ აქვთ. ადრე ვიცნობდი რუს მაფიოზებს და შევეცდები, დავუკავშირდე მათ.
– დრო არ ითმენს, პაკო. იჩქარე, ჩვენი შვილი განსაცდელშია.
– წადი ახლა და დაისვენე. შენთან კავშირზე ვიქნები. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ვიწყებ მოქმედებას.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, პაკუნა. ბოდიში ყველაფრისთვის, მაპატიე.
– კარგი. წადი და დაისვენე, – ვუთხარი ნატოს და გავისტუმრე. შემდეგ „უფროსთან“ დავრეკე.
– გისმენ. დილა მშვიდობისა!
– „ურო-ჯან“, სად ხარ?
– ჰო, ესე იგი, რაღაც მოხდა, რადგან „კლიჩკით“ მომმართავ. რა ხდება?
– უნდა დაგელაპარაკო.
– ჩემს ოფისში ვარ. თუ აქ მოსვლა არ გინდა, მითხარი, სად მოვიდე.
– ნახევარ საათში მანდ ვარ, – ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.
„ურო“ თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ბანდიტი იყო და ერთად ვჩალიჩობდით. ეს მეტსახელი კი იმიტომ შევარქვი, რომ თავისი უზარმაზარი მუშტით კერამიკის ღუმელს ნაწილაკებად ამსხვრევდა. ორჯერ მძიმედ იყო დაჭრილი და ორჯერვე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე წელი ციხეშიც იჯდა. იქიდან რომ გათავისუფლდა, ნაგროვები ფულით მცირე ბიზნესი წამოიწყო. შემდგომ ეს ბიზნესი ძალიან გააფართოვა და მილიონერი გახდა. ისევე, როგორც მე და როგორც სხვა თბილისელი ბანდიტები, ვინც ცოცხლები გადავრჩით. „უროს“ სინამდვილეში გურამი ერქვა და ძველი მეგობრები მას გუროთი მივმართავდით. დანარჩენი საზოგადოებისთვის კი ის ბატონი გურამი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ურო“ ძალიან რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და ბიზნესსაქმიანობა დოკუმენტურად, კანონის ჩარჩოებში ჰქონდა ჩასმული, კრიმინალთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ის ბევრ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ავტორიტეტებსა და დაჯგუფების მეთაურებს იცნობდა და სწორედ ამიტომ დავუკავშირდი და ოფისში მივადექი.
– რა ხდება, რა გაგჭირვებია? – მკითხა გურამმა და გააბოლა.
– ნატო გამომეცხადა ამ დილით.
– ვინ ნატო? – ვერ მიხვდა გურამი.
– ჩემი ნატო, გურო.
– ხუმრობ?
– არა. რას ვხუმრობ.
– ნატო ხომ 25 წლის წინ დავასაფლავეთ. კაკ რაზ დღეს ხომ მისი გარდაცვალების დღეა.
– მოკლედ, ცოცხალია და არც ჩვენი შვილი დაღუპულა, ბიჭი გაუჩენია. პაკო ჰქვია და ნიუ-იორკის ციხეში ზის.
– საოცარია. დაუჯერებელი, – თავი გააქნია გურამმა.
– მეც არ მჯეროდა, რომ დამირეკა და სანამ არ ვნახე, სიზმარი მეგონა.
– აქაურობას გაერიდა, ხომ? ალბათ, იფიქრა მოკლავენ. ჩვენც არ მიგვაყოლონო.
– კი, მასეა.
– გასაგებია. რა დააშავა შენმა ვაჟმა?
– მოისეი ვაისმანის ძმა მოუკლავს ნიუ-იორკში. გსმენია მასეთი?
– კი. ლენინგრადელია. რუსებთან „სტიჩკა“ მოუვიდა და ამერიკაში გაიქცა. დიდი მაყუთით წავიდა იქ, პავლოვებს დაემალა.
– ვინ პავლოვებს?
– არ გახსოვს?
– ვის, „მხედრიონელებს“ რომ გამოგლიჯე ხელიდან და მისი გულისთვის რომ მეორედ მძიმედ დაგჭრეს?
– კი.
– ვა! ახლა სად არიან?
– ლენინგრადში. უფრო სწორად, პიტერში. ახლა რომ ძველი სახელი დაუბრუნეს.
– რას აკეთებენ?
– რას უნდა აკეთებდნენ. მთელი ქალაქი და რაიონი მათ ხელშია და მათ გარეშე პატარა კიოსკსაც კი ვერავინ ჩადგამს იქ.
– შენ თუ ახსოვხართ?
– რაო, ვახსოვარ? ჯერ ერთი, რომ კვირა არ გავა, არ დამირეკოს და მომიკითხოს. ჩემი საქონელი კი რუსეთში ყოველგვარი „ნალოგის“ გარეშე მოძრაობს. კაპიკს არ მართმევენ. თვით ჩეჩნებთანაც კი მომიგვარეს საქმე.
– რა საქმე?
– ხუთიოდე წლის წინ აქედან დიდი პარტია სპირტი გავუშვი. ჩემს ცისტერნებს ჩეჩნეთზე უნდა გაევლო. იმათმა კი დააკავეს და „პოლნი“ წილს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ წაგართმევთო. მე ტოლია პავლოვს დავურეკე და ალბათ, ლაპარაკიც არ მქონდა დამთავრებული, რომ ჩეჩნებმა ჩემი ცისტერნები უკაპიკოდ გაატარეს და რამდენიმე კაციც კი გააყოლეს, რომ გზაში არავის შეეწუხებინათ.
– გასაგებია ახლა ის მითხარი, ვაისმანის „ზუბი“ ისევ აქვთ?
– აქვთო? ტოლიამ ერთხელ მითხრა, – ასი წელი რომ გავიდეს, იმ „გნიდა ჟიდს“ სულს მაინც ამოვართმევო. ასე რომ, ვაისმანს პავლოვების „მეტკა“ მყარად ადევს და ადრე თუ გვიან მას ბოლოს მოუღებენ.
– გურო, ტოლია პავლოვი უნდა ვნახოთ, დაველაპარაკოთ და დახმარება ვთხოვოთ.
– ახლავე დავურეკავ და შენ წინ დაველაპარაკები.
გურამმა დინამიკი ჩართო და დარეკა.
– გამარჯობა, გურო, როგორ ხარ? – გაისმა ტოლია პავლოვის ხმა.
– არა მიშავს. შენ როგორ ხარ, ტოლია?
– მეც არა მიშავს. ხომ მშვიდობაა, გურო?
– ტოლია, პირადად უნდა დაგელაპარაკოთ. ჩემს ძმაკაცს შენთან საქმე აქვს და სად გნახოთ?
– როგორც მოგეხერხებათ, ძმებო. გინდათ პიტერში ჩამოდით. გინდათ, მე გეახლებით, სადაც მეტყვით. თქვენ გადაწყვიტეთ.
– ჩვენ ჩამოვფრინდებით. ალბათ, კერძო თვითმფრინავით.
– პულკოვოში დაგხვდებით. შეხვედრამდე, ძმებო! მოუთმენლად გელოდებით, – თქვა ტოლია პავლოვმა და ტელეფონი გათიშა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





