გამოსასვლელი დღე
ავტორი: ნია დვალი 23 წუთის წინ
ქალაქი თავისი ჩვეული რიტმით ცხოვრობდა: ტრანსპორტი ღმუოდა და ბოლავდა, ქუჩები ხმაურობდა. ადამიანები თავიანთ საქმეებზე მიიჩქაროდნენ და ერთმანეთს თითქოს ვერც ამჩნევდნენ, ზოგი იმასაც კი ახერხებდა, რომ თან დადიოდა, თან – ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. ლიკას ცხოვრება კი სულ სხვა სიჩქარით მიჰქროდა, თავდავიწყებით და ცვეთაზე.
დედამისს, ქალბატონ ნანას, ინსულტის შემდეგ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაეწყო: ხელახლა სწავლობდა ღიმილს, კოვზის დაჭერას, ლაპარაკს, სიარულს… ექიმები აიმედებდნენ, რომ რეაბილიტაცია, ვარჯიშები, მოთმინება და კარგი მოვლა შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. და ვის უნდა მოევლო დედისთვის, თუ არა ლიკას?! იმავდროულად, თითქოს ჯინაზეო, ლიკას სახელოსნო გაფართოვდა, იმიტომ რომ შეკვეთები გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა.
ლიკა აკეთებდა იმას, რაც ბუნებრივად, დაბადებიდან იცოდა, იმიტომ რომ ეს არასდროს არსად უსწავლია – მას ჩვეულებრივი დღეებისგანაც კი ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა შეეძლო და მისთვისაც ეს სამუშაო ნამდვილი დღესასწაული იყო. მაგრამ აი, სახლში კი ოთო ელოდებოდა, ოდესღაც გალანტური და მოქარგულად მოლაპარაკე, ყურადღებიანი და მზრუნველი.
ქორწინების დასაწყისი ნაკადულივით ლაღად მიედინებოდა, მაგრამ თანდათან მათი ურთიერთობა მძიმდებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლიკამ ოფისში მუშაობას თავი დაანება და თავისი საქმის გახსნა გადაწყვიტა. ოთო ამ ამბავს აგრესიულად შეხვდა და, რაც მთავარია, უნდობლობით, შესაბამისად, ცოლის გონს მოყვანა გადაწყვიტა:
– იქ გარანტირებული ხელფასი იყო, შვებულება. ახლა კი რა მოხდება?!
– ოთო, – ეუბნებოდა ლიკა მშვიდად, თუმცა შიგნიდან დუღდა: ეს სამუშაო ჩემთვის სუნთქვასავითაა. ვცოცხლდები, ოფისში კი ვკვდები…
– ოჰ, როგორი დრამატიზმია?! – სახე დაემანჭა ოთოს, – ანუ მარტო მე უნდა ვარჩინო ოჯახი?!
ლიკას გაუკვირდა, იმიტომ რომ ამ დღემდე ქმრისთვის მერკანტილობა და სიძუნწე არ შეუმჩნევია, ამიტომ არაფერი უთქვამს. ისე მოხდა, შეკვეთები ძალიან მალე გაუჩნდა, აი, ოთო კი მაინც იღუშებოდა და რაც მეტი შეკვეთა ჰქონდა ლიკას, მით მეტად იბღვირებოდა მისი ქმარი.
მერე კი ლიკას დედას ინსულტი დაემართა და ლიკამ სამ ადგილას დაიწყო ცხოვრება: ოთოსა და თავის ბინაში, დედამისის ოროთახიან ბინაში და თავის სტუდიოში, სადაც მუშაობდა. ლიკა დარბოდა, უთანხმდებოდა კლიენტებს, ამზადებდა დღესასწაულებს, ხან დედამისის ექიმებს სწერდა და მათ რჩევებს ასრულებდა, ხან სადილს ამზადებდა და წუთებს ითვლიდა.
აი, ოთო კი სულ სხვა რამეს ითვლიდა: რამდენჯერ დააგვიანა ლიკამ ვახშამზე, რამდენჯერ არ იყო პერანგი სათანადოდ გახამებული, რამდენჯერ არ იყო სახლში ლიკა გვიანობამდე და არ ჰქონდა სრულფასოვანი ვახშამი.
– რა შენ და რა მეტეორი, – უთხრა ერთ საღამოს ცოლს, როდესაც ლიკა დაღლილი შემოვიდა სახლში, წამლების პაკეტითა და საქაღალდით, – შემოფრინდები, გაფრინდები. მგონი, მალე ვეღარც გიცნობ.
– ჩემი ბრალი ხომ არ არის?! – ამოიოხრა ლიკამ, – დედას დახმარება სჭირდება, უჭირს.
– ჰო, დედას სჭირდება, მაგრამ ჩვენზე ფიქრობ? აღარ არის დრო, ბავშვებზე იფიქრო?! თუ გადაწყვიტე, მთელი ცხოვრება სხვას მიუძღვნა?!
– სხვას?! – ლიკას არ ესიამოვნა ქმრის ნათქვამი, – ის სხვა არ არის, დედაჩემია.
– დიახ, დედაშენია და თითქოს პლანეტაზე მარტო დედაშენი იყოს, – უსიამოვნოდ ჩაეცინა ოთოს, – და აი, ასე უნდა იცხოვრო ექიმებში?!
ლიკამ პაკეტი მაგიდაზე დადო.
არ გეკადრება ასე ლაპარაკი.
– მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რასაც ვხედავ, – არ ცხრებოდა ოთო, – ყველაფერი შენს თავზე აიღე… და მეც, სხვათა შორის, ადამიანი ვარ. სამუშაოდან მოვდივარ, დაღლილი, ნორმალურად კვება მჭირდება და არა შენებური წახემსებები.
– მართლა?! შენ დაიღალე, მე კი კურორტზე დავდივარ?!
– არ არის საჭირო დრამატიზება, – მოუჭრა ოთომ, – მომვლელი დაიქირავე. შენ ხომ ყველაზე მეტ ფულს აკეთებ?!
– მე ფულს ჩემი შრომით გამოვიმუშავებ, – ჩაილაპარაკა ლიკამ, – და იცი რა, მაკარონის მოხარშვა და კარტოფილის შეწვა შენც შეგიძლია. ზრდასრული ხარ.
– მთავაზობ, რომ სამზარეულოში ვიტრიალო? – წარბები ასწია ოთომ, – სულ გააფრინე?!
– არა, არ გამიფრენია, მე გთავაზობ, მოიქცე როგორც ადამიანი, ანუ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატო.
– მე საკმაოდ ბევრს ვიტან და არაფერს ვამბობ, მზარეულობას კი არ ვაპირებ! – ოთო წამოდგა, რითიც ცოლს აგრძნობინა, რომ საუბარი დასრულებული იყო.
ამ საუბრის შემდეგ ლიკა მიხვდა, რომ სრულისდ მარტო იყო და ეს გრძნობა დაღლილობაზე მეტად თანგავდა. მაგრამ კარგი ამბებიც ხდებოდა: დედამისი ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა და ლიკას თითოეული წვრილმანი აბედნიერებდა.
ერთხელაც ნანა შვილს თითებზე მოეფერა.
– მგონია, რომ ძალიან დაძაბული ხარ. ძალიან იღლები?
– ყველაფერი ნორმალურადაა, დედა, – უპასუხა ლიკამ, – უბრალოდ, მართლა დაძაბული გრაფიკი მაქვს, პრეტენზიული კლიენტები შემხვდნენ.
კლიენტი მართლაც იყო და ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ კლიენტებს. საკმაოდ მსხვილ ბიზნესს ფლობდა, თუმცა ლიკას ისე შეხვდა, თითქოს რიგითი თანამშრომელი ყოფილიყო.
– ლიკა, არა? - დააზუსტა და ხელი ჩამოართვა. ლიკამ თავი დაუქნია.
– დაბრძანდით. პროექტი მაქვს თანამშრომლებისთვის, ოღონდ არა პროექტი პროექტისთვის, მინდა, რომ ადამიანები ნამდვილად განიტვირთონ და ეს დღე სასიამოვნო მოგონებად გაჰყვეთ, რაც შეიძლება, დიდხანს. თქვენ რეკომენდაცია სამმა ჩემმა ნაცნობმა გაგიწიათ... – შემდეგ აკაკი შეყოვნდა და მოულოდნელად თქვა, – დაღლილი თვალები გაქვთ. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, როდესაც ადამიანს, კიდევ ერთი კლიენტი კი არა, პაუზა სჭირდება. თქვენ პაუზა გჭირდებათ.
ლიკას ის ის იყო, უნდა ეპასუხა, რას ბრძანებთ, ყეველაფერი რიგზეაო, რომ უცებ ყელში რაღაცამ მოუჭირა და ცრემლები ღვარად წამოუვიდა. სახეზე ხელები მიიფარა და გაწითლდა.
აკაკი არ დაბნეულა, არც არაფერი გაჰკვირვებია, წყლის ჭიქა მიუცურა და მშვიდად უთხრა:
– იტირეთ და შეეცადეთ, ღრმად ისუნთქოთ. არსად გვაგვიანდება.
ლიკამ მადლიერებით შეხედა და ამოიოხრა. პირველად, მრავალი თვის განმავლობაში, საკუთარ თავს უფლება მისცა, არ ყოფილიყო ძლიერი.
– მაპატიეთ, – ჩაიჩურჩულა, ეს... ძალიან არაპროფესიონალურია.
– ეს ძალიან ადამიანურია, – უპასუხა აკაკიმ, – დედათქვენთან ვინმე თუ შეძლებს დარჩენას?
ლიკა ვერ მიხვდა, რისკენ მიჰყავდა საუბარი მის მასპინძელს.
– ბალიზე დასასვენებლად წასვლას არ გთავაზობთ. უბრალოდ გამორთეთ ტელეფონი და ისე დაიძინეთ, რომ ტვინმა შეწყვიტოს საქმეებზე ფიქრი. აგარაკი მაქვს ბაზალეთზე. სრული სიწყნარე და სიმშვიდეა. წაგიყვანთ და უკან წამოგიყვანთ. ზედმეტი კითხვების გარეშე. თანახმა ხართ?
ლიკას, ბუნებრივია, უნდოდა, უარი ეთქვა, მაგრამ თავისდა უნებურად, აღმოხდა:
– კარგი იქნებოდა…
უცნაური ის იყო, რომ უხერხულობა არ უგრძნია.
– შემიძლია, მეზობელს ვთხოვო, ღამე მაინც დედასთან რჩება ხოლმე. დიდი სიამოვნებით გაატარებენ ერთად დროს.
– მაშინ შევთანხმდით, – საქმიანად უთხრა აკაკიმ.
ლიკამ ამოისუნთქა და ოთო გაახსენდა, მისი მუდმივი უკმაყოფილება. წუწუნი და დედამისზე საყვედურები.
ორიოდე საათის შემდეგ ისინი უკვე ქალაქიდან გადიოდნენ. აკაკიმ მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო და დააზუსტა, ხომ არ აღიზიანებდა ლიკას ჯაზი. ლიკამ თავი გააქნია და თვალები თავისით მიელულა. მიხვდა, რომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში არ ფიქრობდა არც წამლებზე, არც გრაფიკებზე, არც პროექტებზე და არც იმაზე, რომ ხვალ რაღაც უნდა მოესწრო.
სახლი სადა იყო, მაგრამ ძალიან კომფორტული და გემოვნებით გაწყობილი.
– მე ხელს არ შეგიშლით, – თქვა სახლის პატრონმა და საჭმელი ამოალაგა, – მიირთვით, დაიძინეთ. მე გვერდით ოთახში ვიქნები, რაღაც მაქვს დასასრულებელი.
ლიკას სავარძელშივე ჩაეძინა და რომ გაიღვიძა, პლედი ჰქონდა გადაფარებული. გულში სითბო ჩაეღვარა.
გარეთ უკვე ჩამობნელდა და ოთახს მხოლოდ ბუხარში მოთამაშე ცეცხლის ენები ანათებდა. საუბარი თავისთავად აეწყო. ბუნებრივად, თითქოს დიდი ხნის კარგი ნაცნობები იყვნენ, დროისა თუ სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო ერთმანეთს დაშორებულები და ამიტომ ერთმანეთის ნახვას მოწყურებულები. არც კი უხსენებიათ გეგმები, ბიზნესი, პროექტები. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ეშინიათ ხოლმე ადამიანებს სისუსტის აღიარება; როგორ ერევათ ხანდახან სტაბილურობა გულგრილობაში; თუ როგორი იოლია, შეეჩვიო ლოკომოტივად ყოფნას და დაგავიწყდეს, რომ ლოკომოტივსაც აქვს ძრავი, რომელიც შეიძლება გადახურდეს.
ლიკა უსმენდა და გრძნობდა, რომ მის შიგნით რაღაც სწორდებოდა, ფრთხილად, ფაქიზად… აკაკის ხმა ძალიან ახლობელი და მშობლიური იყო, დიდი ხნის წინ გაგონილი, მაგრამ ვერდავიწყებული, ხოლო, როდესაც ლიკასკენ დაიხარა, რომ ბუხარში შეშა შეეკეთებინა, ლიკას მოეჩვენა, რომ მისი მასპინძლის კანის სურნელი ტკივილამდე ნაცნობი იყო. თვალები დახუჭა…
***
ისე ღრმად ეძინა, რომ სიზმარიც არ უნახავს. დილით რომ გაიღვიძა, საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. აკაკის ჯერ ისევ ეძინა, ყოველ შემთხვევაში, თვალები დახუჭული ჰქონდა. ლიკა საწოლზე წამოჯდა და თმა შეიკრა. აკაკისგან ზურგით იჯდა, მაგრამ იგრძნო, რომ მის მასპინძელს არ ეძინა, არვ მობრუნებულა, ისე უთხრა:
– მოდი, ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი ყოფილა. ასე უფრო ადვილი იქნება ჩემთვის.
– როგორც იტყვი, – უპასუხა აკაკიმ მშვიდად, – ოღონდ უფრო ადვილი არ ნიშნავს, რომ სწორია.
ლიკა ქალაქში ჩამოიყვანა და სახლთან მიიყვანა.
– თუ გაგიჭირდება, მომწერე.
ლიკამ თავი დაუქნია და გაუღიმა.
– მადლობა.
სახლში ოთო შეხვდა, რომელმაც ცოლს თავზე საყვედურები დაახვავა:
– სად იყავი? მთელი ღამე სახლში არ ყოფილხარ!
– ნუ ყვირი, – უთხრა ლიკამ, – იქ ვიყავი, სადაც ამოსუნთქვის საშუალება მომცეს.
– სულ გახვედი თავს? – განაგრძობდა ოთო, ვახშამი არ დამხვდა, სახლშიც ნივთები მიყრილ-მოყრილი იყო.
– ოთო, ხვდები, რომ ჩემს ამბავს კი არ კითხულობ, სად ვიყავი, ეს არც გაინტერესებს, არამედ შენს კომფორტზე წუხარ. დედაჩემი ხელახლა სწავლობს ყველაფერს. სამუშაო მაქვს, რომელიც ორივეს გვარჩენს და ძალიან დავიღალე, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს.
– შენ ხომ პრობლემების მოგვარების ოსტატი ხარ? ჰოდა, მოაგვარე, – იქედნურად უთხრა ქმარმა.
– დიახ, ვარ და ახლაც მოვაგვარებ.
– დაიწყო დრამის დადგმა, – ჩაიქირქილა ოთომ.
– არა, – შეუსწორა ლიკამ, – დრამა არ იქნება. სახლში მინდა ცხოვრება, დასვენება და არა შენთვის იდეალური მოსამსახურის როლის შესრულება.
ოთო გაკვირვებული უყურებდა ცოლს, აქამდე ლიკა მსგავსად არასდროს მოქცეულა.
– რისი თქმა გინდა?
– კი არ მინდა, ვამბობ, – შეუღრინა ლიკამ: მხარდაჭერა მჭირდება, სიყვარული, ზრუნვა. შენ მხოლოდ პრეტენზიებს მიყენებ. ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ და არა რობოტი. სასახური, დედაჩემის პრობლემები…
– და შენ გგონია, ვინმეს სჭირდები შენი პრობლემებით? – ოთოს ეს ფრაზა ავტომატურად წამოსცდა, მაგრამ ის თქვა, რაც გულში ჰქონდა.
ლიკა არ გაბრაზებულა, პირიქით, უჩვეულო სიმშვიდე დაუეფლა და მადლიერება იგრძნო ქმრისადმი:
– როგორც იქნა, შენგან გულწრფელი პასუხი გავიგონე.
საქმიანად განქორწინდნენ, საქმიანად და ცივილიზებურად. ლიკამ დედამისის სახლთან ახლოს იქირავა ბინა, ამის საშუალებას საკუთარი შემოსავალი აძლევდა.
რა თქმა უნდა, პარალელურად აკაკის პროექტზე მუშაობდა და როგორც შეთანხმდნენ, არც ერთი აღარ ახსენებდა ერთმანეთს მომხდარს. დღესასწაულის შემდეგ ლიკასთან ახალი შეკვეთების ნაკადი წამოვიდა. ბევრს მუშაობდა, მაგრამ უკვე სხვანაირად: ისწავლა საქმის დელეგირება, დაიქირავა თანაშემწე, გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა და თავად მხოლოდ აკონტროლებდა პროცესს.
აკაკი რაღაცნაირად უცნაურად იქცეოდა: არც თავს აბეზრებდა და თითქოს არც იყო. ბუნებრივად ჩნდებოდა ხოლმე ლიკას გვერდით. იმ დღესაც ასე ბუნებრივად აღმოჩნდა სიახლოვეს, როდესაც ლიკას გული წაუვიდა. რა თქმა უნდა, კლინიკაში მიიყვანა, თავისი მეგობრის კლინიკაში და ანალიზების პასუხსაც დაელოდა.
დაძაბული ელოდებოდა მეგობარს, სთხოვა, რომ ჯერ მისთვის ეთქვა პასუხები.
– შენი ვინ არის? - ამ კითხვამ აკაკი დააბნია და დაძაბა:
– რამე სერიოზული სჭირს?
მეგობარ ექიმს გაეცინა.
– არა… გასაგებია, ვინც არის. მოკლედ, მალე მამა გახდები.
აკაკის გაეღიმა. ის, უბრალოდ, იმ სიტყვას ასრულებდა, რაც ლიკას მისცა და მისგან ელოდებოდა მომდევნო ნაბიჯს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. შეთანხმება, რომ არაფერი მომხდარა, ბუნებრივად ანულირდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





