ცხოვრების გამოცდა
ავტორი: ნია დვალი 22 წუთის წინ
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“#45 (1350)
***
ერთი კვირის შემდეგ კი სრული კოშმარი დაიწყო. ირაკლი თავდაპირველად აგრესიულ შეტყობინებებს უგზავნიდა:
– ინანებ;
– გაგანადგურებ;
– ჩემ გარეშე არავის სჭირდები…
შემდეგ მისი ტონი შერბილდა:
– ან, მოდი ველაპარაკოთ,
– მთვრალი ვიყავი:
– ყველაფერი არასწორად გაიგე...
კულმინაცია კი მაშინ მოხდა, როდესაც დედამთილი ეწვია რძალს.
ქალბატონი ვერიკო ბინაში დაუპატიჟებლად შევიდა, ვინაიდან სათადარიგო გასაღებები ჰქონდა. იგი უხეში ქალი იყო, ხმელი, მოგრძო ცხვირით, ცივი თვალებითა და იმ გამომეტყველებით, რომელიც ლამის ყვიროდა, რომ მის გარშემო ყველას მისი ვალი ჰქონდა.
– მიაღწიე, არა, იმას, რაც გინდოდა? – დაუყვირა რძალს ზღურბლიდანვე.
– მშვიდობიანი დღე, ქალბატონო ვერიკო! – მიესალმა დაუპატიჟებელ სტუმარს.
– ზრდილობიანის როლს ნუ თამაშობ. შენ ოჯახი დაანგრიე.
– ოჯახი თქვენმა შვილმა დაანგრია. – შეუსწორა რძალმა, – ეს მნიშვნელოვანი დეტალია.
– მამაკაცები ცდებიან.
– ქალებიც ვცდებით და ჩემი შეცდომა ისაა, რომ დიდხანს ვითმენდი.
დედამთილმა თვალები მოჭუტა:
– შენ მის გარეშე არაფერი ხარ. პროვინციელი. ტალახიდან ამოგიყვანა, თორემ დღესაც იქ იქნებოდი.
ანას გაეცინა:
– და თვითონ სად იყო ამ დროს? როდესაც ერთმანეთი გავიცანით. სამგზავრო ფულიც კი არ ჰქონდა.
– ნუ იტყუები! – დაიქუხა დედამთილმა.
– მე არ ვიტყუები. უბრალოდ, მახსოვს ის, რაც თქვენ, რატომღაც, დაგავიწყდათ.
ქალბატონი ვერიკო მისაღებ ოთახში შევიდა და მიმოიხედა:
– აი, ეს ყველაფერი ჩემი შვილის ნამუშევარია.
ანა მაგიდასთან მივიდა და დედამთილს წინ საბუთების ასლები დაუდო:
– ყურადღებით წაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებით.
დედამთილმა ქაღალდებს ხელი დაავლო და კითხვა დაიწყო. სახეზე ფერი თანდათან ეკარგებოდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა:
– ეს არაფერს ნიშნავს.
– სასამართლოსთვის ნიშნავს, – გაიღიმა ანამ.
– ხარბი ხარ!
– არა. მე, უბრალოდ, ჩემს წილს მოვითხოვ. იმის საფასურს, რაც ვიმსახურე.
***
ამის შემდეგ მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ირაკლის კომპანიის შემოწმება დაიწყო. ლიკა ისე უეცრად გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა არათუ ირაკლის ცხოვრებაში, არამედ საერთოდაც. ფოტოები წაშალა, პროფილი დახურა, ზარებს აღარ პასუხობდა, შემდეგ კი მისი ნიმერი, უბრალოდ, გაუქმდა...
ორი კვირის შემდეგ ირაკლი ანასთან მივიდა. ძველებურად მდიდრულად აღარ გამოიყურებოდა. ჰალსტუხი არ ეკეთა. სახე ჩამოსტიროდა.
– მიმატოვა, – მოახსენა სევდიანად ანას.
ანა კართან იდგა და არც კი უფიქრია ირაკლის შემოპატიჟება.
– თანაგიგრძნობ, – უპასუხა ირაკლის მშვიდად.
– შევცდი, მაპატიე…
– შეცდომა ისაა, როდესაც ჩაიში მარილს ჩაიყრი შაქრის ნაცვლად.
– ნუ ამბობ ასე…
– მე იმას ვამბობ, როგორც არის.
ირაკლიმ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა:
– დავიბენი. ვერ გავუძელი, სტრესი მქონდა. უცებ ამეწყო კარიერა, გარემოს ზეწოლას ვერ გავუძელი…
– ამიტომ დამარქვი სოფლელი ცოლი?!
ირაკლიმ თვალი აარიდა ანას:
– ასე არ ვფიქრობ.
– ფიქრობ. ისევ ნუ ცდილობ ჩემს მოტყუებას. უბრალოდ, არ გეგონა, რომ გავიგონებდი. უფრო სწორად, არ გეგონა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
ირაკლი უცებ კიბის საფეხურზე დაჯდა. მოწყვეტით. ასეთი არასდროს ენახა ანას.
– ყველაფერს ვკარგავ.
ანამ ზემოდან დახედა. ოდესღაც შეშინდებოდა. ანერვიულდებოდა. მივარდებოდა. ჩაეხუტებოდა. მის გადარჩენას დაიწყებდა. ისევ დაივიწყებდა საკუთარ თავს, მაგრამ ახლა არაფერს გრძნობდა. ებრალებოდა, როგორც ადამიანი, მაგრამ სულ ეს იყო.
– არა, შენ კარგავ მხოლოდ იმას, რასაც არასდროს აფასებდი და ესე იგი, არასდროს შენი არ ყოფილა.
სასამართლო რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ანა სოლიდურად ჩაცმული მიდიოდა პროცესებზე. ირაკლის თავდაპირველად ძვირად ღირებული ადვოკატი ჰყავდა დაქირავებული და ძველებურად თავდაჯერებულად გამოიყურებიდა, შემდეგ ეს თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა.
სხდომებზე გაირკვა, რომ მათი საერთო ანგარიშიდან ფულის ნაწილს ირაკლი ლიკას ურიცხავდა; რომ მანქანა ანას ფულითაც იყო ნაყიდი; რომ ბინის პირველი შენატანი ანას ეკუთვნოდა… ირაკლი ნერვიულობდა, წითლდებოდა, სიტყვას აწყვეტინებდა…
ერთხელაც დერეფანში ანას დაეწია.
– მართლა ჩემი ბოლომდე განადგურება გინდა?
– არა. მე მინდა, დავიბრუნო ის, რაც ჩემია.
– ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?!
ანას გაეცინა.
– მე მიყვარდი. შენ მიყენებდი.
ირაკლის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მართლაც დარტყმა გახდა. ბინა უნდა გაენაწილებინათ და ფულის დიდი ნაწილი ანას ხვდებოდა… ირაკლის კომპანიაში კი შემოწმება გრძელდებოდა.
– სასტიკი გახდი, – უთხრა ირაკლიმ უკვე ყოფილ ცოლს, როდესაც სასამართლო დავა დასრულდა.
– არა. უბრალოდ, რაც სიკეთე მეგონა, სიბრიყვე ყოფილა. – უთხრა ანამ და გზას გაუყვა.
***
გაზაფხულზე ანა ახალ ბინაში გადავიდა. პატარა, კოხტა სტუდიოში. დილაობით ოთახში მზე შემოდიოდა, რაფაზე თეთრი ტიტები ხარობდა, სამზარეულოში კი ახალი პურისა და ყავის სურნელი ტრიალებდა. ანამ თავისი გარდერობი განაახლა, ვარცხნილობაც შეიცვალა და არა იმიტომ, რომ ვინმეს მოსწონებოდა, არამედ იმიტომ, რომ თავად მოუნდა სიახლე. ცეკვის წრეზე ჩაეწერა: გაახსენდა, რომ ყოველთვის უნდოდა, ეცეკვა ტანგო. მცირე კურსებიც გახსნა, რომელზეც ბუღალტერიის პროგრამებს ასწავლიდა. პირველი კლიენტი ნანას რეკომენდაციით მივიდა მასთან. პირველს მეორე მოჰყვა, შემდეგ – მეხუთე. ნახევარი წლის შემდეგ ანა უკვე პატარა ოფისს ქირაობდა.
ხანდახან იქ საღამომდე რჩებოდა, მაგრამ ახლა სხვანაირად იღლებოდა, არა დამცირებისა და ქანცგაწყვეტისგან, არამედ იმ ცხოვრებისგან, რომელსაც თავად აშენებდა.
ირაკლი კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. შემთხვევით დაინახა კაფესთან. შესასვლელთან იდგა და ეტყობოდა, ვიღაცას ელოდებოდა. პერანგი დაჭმუჭნული ეცვა და თავადაც აღარ ასხივებდა იმ ბზინვარებას, რასაც ადრე ანას წყალობით აფრქვევდა.
– ან... გამარჯობა. კარგად გამოიყურები.
– ვიცი, იმიტომ რომ კარგად ვცხოვრობ.
ირაკლიმ თვალები დახარა.
– ხშირად ვფიქრობ ჩვენზე.
– ნუ ფიქრობ.
– ყველაფერი გავიაზრე.
– ადამიანები ხშირად მაშინ იაზრებენ ყველაფერს, როდესაც კომფორტს კარგავენ
– მე შენ დაგკარგე.
– არა. შენ დაკარგე ქალი, რომელიც ითმენდა. ნამდვილ ანას არც კი იცნობდი.
– ერთი შანსი მომეცი. – სთხოვა ირაკლიმ.
ანამ თავი გააქნია.
– მშვიდობით, ააწყვე შენი ცხოვრება და ყველაფერი გამოგივა.
საღამოს ანა აივანზე იჯდა და პიტნის ჩაის წრუპავდა. ტენტზე წვიმის წვეთები ეცემოდა და ჰაერში სველი ფოთლებისა და თავისუფლების სუნი ტრიალებდა. პლედში გაეხვია და გაირინდა. წლების განმავლობაში პირველად იგრძნო არა მარტოობა, არამედ სიმშვიდე. ანა მიხვდა მთავარს: ხანდახან ცხოვრება დასასჯელად კი არ გართმევს რამეს ან ვინმეს, არამედ იმისთვის, რომ ადგილი გათავისუფლდეს უკეთესის მოსასვლელად.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





