რომანი და დეტექტივი

ცისფერი დოქის საიდუმლო

№6

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.02, 2023 წელი

ცისფერი დოქის საიდუმლო
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #3-5 (1153)

– მაშასადამე, დაუჯერებელი არ იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ფაიფური ტერნერების ნივთების აუქციონზე შეიძინა. უცნაური დამთხვევაა, ან ის, რასაც მე „ბრმა მართლმსაჯულებას“ ვუწოდებ. გნებავთ, ბედისწერის საჩუქარი იყოს. ჰარტინგტონ, ახლავე უნდა გაარკვიოთ ბიძათქვენთან, როდის იყიდა ეს დოქი.

ჯეკმა ყურები ჩამოყარა. – შეუძლებელია. ბიძია ჯორჯი კონტინენტზე გაემგზავრა. არც ვიცი, სად მივწერო.

– რამდენ ხანს დარჩება იქ?

– სამ-ოთხ კვირას. სიჩუმე ჩამოვარდა. აღელვებული ფელიზი ხან ერთ მამაკაცს უყურებდა, ხან მეორეს.

– ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება? – იკითხა სასოწარკვეთილმა.

– არა, რატომ. რამეს მოვიფიქრებთ, – მიუგო ლევინგტონმა, რომელიც თვითონაც ღელავდა.

- ჰარტინგტონ, ის დოქი აქ უნდა მოიტანოთ. თუ მადმუაზელი ნებას დაგვრთავს, ცისფერ დოქს თან წავიღებთ და ღამეს კოტეჯ „ჰითერში“ გავატარებთ.

ჯეკმა იგრძნო, რომ ჟრუანტელმა დაუარა. – თქვენი აზრით, რა მოხდება? – იკითხა შეშფოთებით.

– წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საიდუმლოს გავხსნით და მოჩვენებებიც გაქრება. გამორიცხული არაა, დოქს ორმაგი ფსკერი ჰქონდეს და მასში რამე იყოს დამალული. თუ უჩვეულო არაფერი მოხდება, თავს ძალას დავატანთ და რამეს მოვიფიქრებთ.

ფელიზმა ტაში შემოჰკრა. – შესანიშნავი აზრია! – შესძახა და თვალები გაუბრწყინდა. ჯეკი მის აღფრთოვანებას არ იზიარებდა – ჩანაფიქრი აშინებდა, თუმცა ფელიზის წინაშე არ ამჟღავნებდა. ექიმი ისე იქცეოდა, თითქოს ამაზე ბუნებრივი არავის არაფერი შეუთავაზებია.

– როდის მოახერხებთ დოქის მოტანას? – ჰკითხა ფელიზმა ჯეკს.

– ხვალ, – უხალისოდ მიუგო ახალგაზრდა კაცმა. მან გაიფიქრა, რომ ეს საქმე მალე უნდა დაემთავრებინა, თუმცა, როცა ქალის სასოწარკვეთილი ყვირილი ახსენდებოდა, რომელიც საშველად უხმობდა, ხვდებოდა, რომ ამას ასე სწრაფად ვერ დაივიწყებდა. მომდევნო საღამოს ბიძამისის სახლში მივიდა და დოქი წამოიღო. როდესაც შეხედა, მყისვე მიხვდა, რომ ზუსტად ნახატზე გამოსახულ დოქს ჰგავდა. მერე ყურადღებით, გულმოდგინედ შეამოწმა, მაგრამ სამალავი ვერ აღმოაჩინა. თერთმეტი საათისთვის ის და ლევინგტონი კოტეჯ „ჰითერში“ მივიდნენ. ფელიზი კართან იდგა და მანამ გამოაღო, სანამ დააკაკუნებდნენ.

– შემოდით, – თქვა ხმადაბლა, – მამას მაღლა სძინავს. არ უნდა გავაღვიძოთ. ახლავე ყავას მოგიმზადებთ. ქალიშვილი მათ მყუდრო სასტუმრო ოთახში შეუძღვა და სურნელოვანი ყავა მოადუღა. ამასობაში ჯეკმა დოქი შემოხვეული ქაღალდებისგან გამოათავისუფლა. მის დანახვაზე ფელიზმა გაოცებისგან პირი დააღო.

– დიახ, დიახ! – თქვა აღელვებულმა, – ის არის. მას ყველგან ამოვიცნობ. ლევინგტონი მომზადებას შეუდგა. პატარა მაგიდიდან ყველაფერი ზედმეტი გადადო და ის ოთახის შუაგულში დადგა, გარშემო კი სამი სკამი შემოუწყო. შემდეგ ჯეკს ცისფერი დოქი გამოართვა და მაგიდის შუაგულში მიუჩინა ადგილი.

– ახლა ყველაფერი მზადაა, – განაცხადა კმაყოფილმა, – შუქი გამოვრთოთ და მაგიდის გარშემო სიბნელეში დავსხდეთ. ასეც მოიქცნენ. კვლავ გაისმა ლევინგტონის ხმა:

– გონება არ დაძაბოთ. გამორიცხული არ არის, რომელიმე ჩვენგანს მედიუმის ნიჭი აღმოაჩნდეს. ამ შემთხვევაში ის შესაძლოა ტრანსში შევიდეს. დაიმახსოვრეთ: ეს საშიში არაა. განდევნეთ შიში თქვენი გულებიდან და გაცურეთ... გაცურეთ... ექიმი გაჩუმდა და სიჩუმე ჩამოვარდა. წუთი წუთს მისდევდა. ეს სიჩუმე თითქოს უამრავ შესაძლებლობას აჩენდა. ლევინგტონისთვის სათქმელად ადვილი იყო: „განდევნეთ შიში“. ჯეკი შიშმა კი არა, პანიკამ მოიცვა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ფელიზიც იმავეს გრძნობდა. უეცრად ქალიშვილის შეშინებული ჩურჩული მოესმა: – ვგრძნობ, რაღაც საშინელება მოხდება.

– განდევნეთ შიში, – გაიმეორა ლევინგტონმა, – ნურაფერს შეეწინააღმდეგებით. სიბნელე წყვდიადად გადაიქცა, სიჩუმე გამძაფრდა. სულ უფრო ახლოვდებოდა საფრთხის გაურკვეველი შეგრძნება. ჯეკს სუნთქვა ეკვროდა... სული ეხუთებოდა... გრძნობდა, რომ ბოროტება სულ ახლოს იყო... და ამ მომენტში კრიზისი დასრულდა... მან გაცურა... გაცურა დინების მიმართულებით... თვალები დახუჭა... სიმშვიდე... წყვდიადი...

ჯეკი ოდნავ შეირხა. თავი დამძიმებოდა... ტყვიასავით დამძიმებოდა. სად იყო? მზე... ჩიტები... იწვა და ცას შესცქეროდა. თანდათან ახსენდებოდა: სკამები. პატარა ოთახი. ფელიზი და ექიმი. რა მოხდა? წამოჯდა. თავი უსიამოვნოდ უფეთქავდა. მიმოიხედა. პატარა კორომზე იწვა, კოტეჯის ახლოს. ირგვლივ არავინ ჩანდა. საათი ამოიღო. მისდა გასაოცრად, პირველის ნახევარი იყო. ჯეკი გაჭირვებით წამოდგა და რაც შეეძლო, სწრაფად გაიქცა კოტეჯისკენ. ისინი, ალბათ, შეშფოთდნენ, რომ ტრანსიდან ვერ გამოვიდა, და სუფთა ჰაერზე გამოიყვანეს. კოტეჯთან მივიდა და კარზე მაგრად დააკაკუნა. არავინ უპასუხა. ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა. შესაძლოა, დახმარების გამოსაძახებლად წავიდნენ. ან... ჯეკმა იგრძნო, რომ კვლავ ეუფლებოდა გაურკვეველი შიში. რა მოხდა წუხელ? სასწრაფოდ დაბრუნდა სასტუმროში. ის იყო, გადაწყვიტა, რომ ოფისის შესახებ შეეტყო რამე, რომ უეცრად ნეკნებქვეშ ვიღაცამ დაარტყა. აღშფოთებული შეტრიალდა და მის წინ ჭაღარათმიანი შუახნის ჯენტლმენი იდგა და ხრინწიანი ხმით იცინოდა.

– არ მელოდი, ჩემო ბიჭუნი? არ მელოდი, ხომ? – ჰკითხა კაცმა.

– ბიძია ჯორჯ, მეგონა, აქედან შორს იყავით... სადღაც... იტალიაში.

– აჰ, იქ არ ვყოფილვარ. წუხელ დუვრში ჩამოვედი. გადავწყვიტე, მანქანით წამოვსულიყავი ქალაქში, მომენახულებინე და რა აღმოვაჩინე? მთელი ღამე სხვაგან გაატარე. კარგი საქმეა...

– ბიძია ჯორჯ, – გააწყვეტინა ჯეკმა, – ძალზე უჩვეულო ამბავი უნდა გიამბოთ. ვშიშობ, არ დაიჯერებთ.

- არ დავიჯერებ? – სიცილით მიუგო მოხუცმა ბიძამ, მაგრამ შეეცადე. – ოღონდ ჯერ რამე უნდა ვჭამო. ძალიან მშია.

ჯეკი თან ჭამდა და თან ბიძამისს უყვებოდა, რაც თავს გადახდა. – და ღმერთმა იცის, რა დაემართათ, – დაასრულა მან. მოხუც ჯენტლმენს ისეთი სახე ჰქონდა, კაცი იფიქრებდა, საცაა ტვინში სისხლი ჩაექცევაო.

– დოქი, – მოახერხა და ამოღერღა, – ცისფერი დოქი! სად არის? ჯეკი ბიძამისს მიაშტერდა, მაგრამ თანდათან ყველაფერს მიხვდა, როდესაც სიტყვების ნიაღვარი დაატყდა თავს:

- უნიკალური... ჩემი კოლექციის მარგალიტი... არანაკლებ ათი ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს... გუგენჰაიმი, ამერიკელი მილიონერიც კი მეხვეწებოდა, დამითმეო... მსოფლიოში ერთადერთი... დალახვროს ეშმაკმა, რა უქენით ჩემს ცისფერ დოქს?

ჯეკ ლევინგტონი ოფისში გავარდა. იქ ახალგაზრდა ქალმა ცივად უთხრა: – ექიმი ლევინგტონი გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა მანქანით. თქვენ წერილი დაგიტოვათ. ჯეკმა კონვერტი გახია. ბარათში მოკლედ და საქმიანად ეწერა: „ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო, შეწყდა ზებუნებრივი მოვლენები? გულითადი მოკითხვა ფელიზისგან, მისი „ავადმყოფი მამისგან“ და ჩემგან. მარაგში თორმეტი საათი გვაქვს, სანამ ამ დოქთან ერთად გავუჩინარდებით. ეს სრულიად საკმარისია. გულწრფელად თქვენი ამბროუზ ლევინგტონი, სულების ექიმი.“

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი