რომანი და დეტექტივი

ტკივილი, როგორც წამალი

№15

ავტორი: ნია დვალი 20:00

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #14 (1319)

ადვოკატისგან სულ სხვა ადამიანი გამოვედი: აღარ ვიყავი მსხვერპლი, მე მქონდა გეგმა და მას მივყვებოდი ჩემი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

შემდეგი თვე–ნახევარი მსახიობივით ვცხოვრობდი და მინდა, გითხრათ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება გამოდგა.

დილით ქმრის გვერდით ვიღვიძებდი. საუზმეს ვამზადებდი. ვეკითხებოდი, როგორ მიდიოდა მისი საქმეები სამსახურში. სადილების მომზადებაც განვაახლე. საღამოობით ერთად ვუყურებდით ტელევიზორს, მაგრამ შინაგანად უკვე სხვა ადამიანი ვიყავი: ვამჩნევდი იმას, რასაც ადრე საერთოდ ვერ ვხედავდი; როგორ ატრიალებდა ნოდარი თვალებს, როდესაც მე ვლაპარაკობდი. როგორ დადიოდა მისი და ჩვენს ბინაში და ნივთებს ხელით ეხებოდა. ადრე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ, ცნობისმოყვარეობას ავლენდა, ახლა კი ვრწმუნდებოდი, რომ ლანას ყოველთვის შურდა ჩვენი, ჩვენი ბინის, ჩვენი ცხოვრების. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთი იყო.

სახლში ისევ მიჩაჩულ–მოჩაჩული დავდიოდი, თმასაც არ ვივარცხნიდი ხეირიანად, რომ ვერ შეემჩნიათ ჩემი სახეცვლილება: მე არა მხოლოდ შინაგანად შევიცვალე, არამედ გარეგნულადაც. ხოლო ჩემი ქმარი იმდენად აღარ მაქცევდა ყურადღებას, რომ ვერც კი ამჩნევდა, თმის ფერიც რომ სხვანაირი მქონდა

ერთ საღამოს მთხოვა:

– თეო, პერანგზე ღილი ამწყდა.

ავიღე ნემსი და ძაფი და ღილი დავაკერე. ნოდარს თავიც არ აუწევია ტელეფონიდან, რა თქმა უნდა, არც მადლობა უთქვამს. არც ველოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ბოლოჯერ ვზრუნავდი მასზე. მეტი აღარ მომიწევდა.

სავახშმოდ დავსხედით:

– თეო, ამ ბოლო დროს ასეთი სიტყვაძუნწი რატომ ხარ?

– დავიღალე.

– ისევ წუწუნებ?

ადრე აღვშფოთდებოდი და ვეტყოდი, რომ არ ვწუწუნებ, არამედ უბრალოდ, ვუზიარებ ჩემს განწყობას, მაგრამ ახლა ეს რატომ უნდა გამეკეთებინა? მე ხომ ამ ყველაფერს წერტილს ვუსვამდი?!

– არა.

ვჭამე. მაგიდა ავალაგე და საძინებელში შევედი.

მესმოდა, როგორ დაურეკა ლანას და რაღაცას ეჩურჩულებოდა, ყურადღება დავძაბე და გავიგონე:

– არ ვიცი, რა სჭირს. რაღაცნაირი უცნაური გახდა. სულ ჩუმად არის.

ჩამეცინა...

ქალბატონ ქეთევანთან ყველაფერი შევათანხმე და სარჩელიც მოვამზადეთ. მინდობილობა მივუტანე. ადვოკატმა ყველაფერი ამიხსნა, თუმცა მე არ ვაპირებდი პროცესზე დასწრებას.

– ბინას გავყოფთ. შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ მან თქვენი წილი გამოისყიდოს. ან ყველაფერი გაყიდოთ და ფული გაიყოთ. თქვენ გადაწყვიტეთ.

– წილის მიღება მინდა.

– კეთილი. ამას მივუთითებთ.

მან დოკუმენტი შეადგინა და ჩემკენ გამოაჩოჩა:

– გადახედეთ მაინც. ხვალ სასამართლოში შევიტანთ. უწყება მიუვა. მანამდე ჩუმად იყავით. აგარაკზე უნდა მორიგდეთ. ვფიქრობ, ნახევარი მან წაიღოს, ნახევარი თქვენ დაგრჩებათ.

***

ნოდარს უწყება სამსახურში მიუვიდა. ჩვენ კვლავ ერთად ვცხოვრობდით. სახლში გააფთრებული დაბრუნდა. ხელში ფურცელი ეჭირა. გაოგნებული სახე ჰქონდა:

– ეს რას ნიშნავს?! – უწყება მაგიდაზე დააგდო.

მე სამზარეულოში ვიჯექი და მშვიდად ვსვამდი მწვანე ჩაის.

– განქორწინებას, ნოდარ, ერთმანეთს ვეყრებით.

– ასე უცებ?! ამიხსენი მაინც! ვინმე გყავს? იმიტომ შეიცვალე?

ფინჯანი დავდგი და შევხედე:

– ქოლგისთვის დავბრუნდი და გავიგონე, როგორ განმიხილავდი ლანასთან.

ნოდარი ამას არ მოელოდა და გაფითრდა:

– საიდან მოიტანე?!

– გეყოფა თვალთმაქცობა. ჩემი ყურით გავიგონე ყველაფერი. ჩავიწერე კიდეც, იმიტომ რომ ვიცოდი, იუარებდი, – ეს მოვიტყუე, მაგრამ ჩემმა ტყუილმა მიზანში მოარტყა.

– ჩვენ სულ სხვა რამ ვიგულისხმეთ... – და მისი ამ პასუხით მივხვდი, რომ ხშირად განმიხილავდნენ, რადგან იმ ამბიდან რამდენიმე თვე იყო გასული და, წესით, არც უნდა ხსომებოდა.

– სწორედ ის იგულისხმეთ, რაც თქვი, რომ გასუქდაო, რომ სულ ვწუწუნებ, რომ არ იცი, რატომ მიტან. ჰოდა, გადავწყვიტე, საჩუქარი გამეკეთებინა შენთვის და აღარ იქნები იძულებული, ამიტანო.

– მაგრამ ჩვენ ხომ, უბრალოდ, ვლაპარაკობდით. ეს არასერიოზულია.

– ჩემთვის, ძალიან სერიოზული ამბავია.

ნოდარი მომიახლოვდა, სცადა, ხელი ხელზე დაედო. მე ხელი ავაცალე.

– თეო, გამიგე. ეს უბრალო საუბარი იყო. სისულელე. მე ხომ შენ მიყვარხარ?!

გადავიხარხარე:

– მართლა? მაშინ რატომ ეუბნები ლანას, რომ მიტან?!

– არასწორად გამოვთქვი აზრი.

– ძალიან სწორადაც გამოთქვი. ჩემმა ადვოკატმა უკვე ყველაფერი დაწერა სარჩელში. საბუთები შეტანილია. ბინას შუაზე გავიყოფთ. დანაზოგსაც. შეგიძლია, ჩემი წილი გამოისყიდო ან გავყიდოთ და ფული გავინაწილოთ. აგარაკზეც უნდა მოვილაპარაკოთ. იმედია, შვილს ცარიელ–ტარიელს არ დატოვებ. მერე დასხედით შენ და შენი და რამდენიც გინდათ, განმიხილეთ.

– გაგიჟდი! როგორ უნდა იცხოვრო?!

– ბინას ვიქირავებ... ან ჩემი წილით უფრო პატარას ვიყიდი. შენ ამაზე არ იდარდო.

– მაგრამ ამდენი წელია, ერთად ვართ?!

– ოცდაერთი წელია, ერთად ვართ. მახსოვს, მაგრამ ეს მე ვიყავი შენთან ერთად, შენ კი, თურმე, მიტანდი.

მე ავდექი და მის წინ დავტრიალდი: ახალი კაბა მეცვა, თმაც ლამაზად მქონდა დავარცხნილი და მსუბუქი მაკიაჟიც მეკეთა:

– იმდენად არ გაინტერესებ, რომ ვერც კი მამჩნევ. სამაგიეროდ, მე შევამჩნიე ჩემი თავი და თავიდან აღმოვაჩინე. ამისთვის მადლიერიც კი ვარ შენი.

ნოდარი მაგიდასთან დაჯდა და თავზე ხელები შემოიწყო:

– იდიოტი ვარ. მაპატიე.

– რა თქმა უნდა, გპატიობ და შენი მადლიერიც ვარ, მაგრამ უკან არ დავბრუნდები.

– თეო...

– ნოდარ, დამთავრდა. გადაწყვეტილება მიღებულია.

ავდექი. საძინებელში შევედი და კარი დავკეტე.

მესმოდა, როგორ ურეკავდა ლანას. კარი ოდნავ შევაღე: ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე და სამზარეულოსკენ ფეხაკრეფით გავედი:

ლანა რაღაცას ყვიროდა ტელეფონში, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე სულერთი იყო.

***

საღამოს სანდროს დავურეკე. მან მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა:

– დედა, მშვიდობაა?

– მამას ვეყრები.

სიჩუმე ჩამოწვა. მე დავაცადე, რომ პირველ შოკს მორეოდა:

– რის გამო?

მე მოკლედ მოვუყევი.

– გასაგებია, – სანდრომ ამოიოხრა, – დედა, მე შენს მხარეს ვარ. მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია. თუ დახმარება დაგჭირდება, მითხარი.

– გმადლობ, შვილო.

ტელეფონი რომ გავთიშე, ავტირდი. პირველად ამ კვირების განმავლობაში. თურმე, როგორ გაზრდილა ჩემი ბიჭი, მე კი ისევ პატარა მგონია....

ჩემი ადვოკატი მართლაც მარიფათიანი აღმოჩნდა. სასამართლო პროცესი მალე ჩაინიშნა, მანამდე კი მოსამართლემ მორიგება შემოგვთავაზა. ბინა გავყავით. ჩემი წილი ნოდარმა გამოისყიდა და ფული მომცა. აგარაკი კი სანდროს გადავუფორმეთ. ერთოთახიანი ბინა ვიქირავე. პატარა, მყუდრო. ძველი სახლის მეხუთე სართულზე. ფანჯრები ეზოში გადიოდა და ყოველ საღამოს ვტკბებოდი სიწყნარით. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვგრძნობდი თავს მშვიდად.

მშობლებს არაფერი ვუთხარი, იმიტომ რომ დედაჩემს ნოდარი უყვარდა და არ მომიწონებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ლანამ „ივაჟკაცა“ და ერთ საღამოსაც ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა: დედაჩემი მესტუმრა.

თამარი საკმაოდ მკაცრი და გოროზი ქალი იყო, თავისნათქვამა, ამიტომ მოვემზადე ქარიშხლისთვის.

– არ უნდა გეთქვა?! სხვებისგან უნდა გავიგო?! – მითხრა უხეშად და შეპატიჟებას არც დალოდებია, ისე შემოვიდა ბინაში, – ან რატომ ყრი ფულს, გადმოსულიყავი ჩვენთან ან როდემდე უნდა იცხოვრო ნაქირავებში?!

– როდემდეც მომინდება, – ვუპასუხე მშვიდად და დედაჩემის უმკაცრესი მზერაც დავიმსახურე.

– და ხალხი რას იტყვის?! ოჯახს არცხვენ? დღესვე გადმოხვალ ჩვენთან. მოიცა და, თმის ფერი შეიცვალე და ვარცხნილობა?! ვიღაც გაიჩინე?! მარტო არ ხარ?! – დედაჩემი უცებ გიჟივით შევარდა ოთახში და ძებნა დაიწყო, – სად არის?!

– ვინ სად არის, დედა?! – უკან გავყევი.

– ვინ და შენი საყვარელი, ვის გამოც ოჯახი დაანგრიე!

– ეს შენ არ იმჩნევდი მამაჩემის საყვარლებს, იმის შიშით, თუ რას იტყოდა ხალხი. არადა ისინი ისეთებს ამბობდნენ, რომ... – დედაჩემი გაფითრდა, მაგრამ მე ჩემი საზღვრები უნდა დამეცვა, ამიტომ სათქმელი ბოლომდე ამოვთქვი, – მეც ვისწავლე სიყალბეში ცხოვრება, მაგრამ ახლა აღარ მინდა. პატარა გოგო აღარ ვარ. თუ ჭკუის სასწავლებლად მოხვედი, წადი და მოდი, როდესაც გაიაზრებ, რომ გავიზარდე და პატივი უნდა მცე.

დედაჩემი უხმოდ გავიდა. მეც დავიძაბე. არ მესიამოვნა ჩემივე ნათქვამი, თუმცა სრული სიმართლე ვთქვი. გადავწყვიტე, გამესეირნა და ბედის ირონიით ნოდარს გადავაწყდი. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. რომ დამინახა, დაიბნა, მაგრამ მომიახლოვდა და მომესალმა.

– როგორ ხარ? – დავარღვიე სიჩუმე.

– ნორმალურად.

– თეო, იქნებ დავილაპარაკოთ? არ მეგონა, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. სულელურად გამომივიდა, მაპატიე.

– მე გაპატიე, უბრალოდ/ უკან აღარ მინდა.

– როგორ შეიცვალე?!

– კი, ასეა. სანამ ტვირთი ვიყავი, საკუთარი თავი არ მახსოვდა. ახლა ჩიტივით ლაღი და თავისუფალი ვარ.

– შენ არ ყოფილხარ ტვირთი ჩემთვის, – ამოიოხრა ნოდარმა.

და ზუსტად ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა.

– შენ იმას ამბობდი და ფიქრობდი, რაც შენს დას უნდოდა, იმიტომ რომ ვერ გაიზარდე და ბიჭად დარჩი. თუმცა, რაღაც დოზით, მართალიც იყავი. მე ჩავთვალე, რომ ყველანაირი გეყვარებოდი, მაგრამ შენ არ გიყვარდი. ვინც უყვართ, მას ეუბნებიან, რა გამოასწორონ და ეხმარებიან. შენ კი ქალივით ჩემზე ჭორაობდი. ისე, სარკეში ჩაგიხედავს?! არც მე მომწონდა არასდროს შენი უფორმო სხეული, არამამაკაცური, შენი ღიპი და ცოტა წვრილი ხმა, – თავადაც ვერ მივხვდი, როგორ ვთქვი ეს სასტიკი სიტყვები და მაშინვე ზურგით მივტრიალდი ჩემი ყოფილი ქმრისკენ და გზა განვაგრძე. ცოტა ხანში უკან მოვიხედე: ნოდარი ისევ გაჩერებაზე იდგა. დაპატარავებულიყო და დაბერებულიყო. მე კი სახლში მივდიოდი. ჩემს ბინაში. ჩემს ცხოვრებაში და უზომოდ მადლიერი ვიყავი მისი, იმიტომ რომ გამომაფხიზლა.

ის საუბარი რომ არ მომესმინა, გაგრძელდებოდა ტყუილი, რომელშიც ვცხოვრობდი. ჩაიდანი დავდგი და ფანჯარასთან მოვკალათდი. წვიმას იწყებდა და სულ მალე მინაზე წვრილ ნაკადულებად დაეშვა წვეთები. მომინდა, რომ ისევ გავსულიყავი წვიმაში უქოლგოდ და დავსველებულიყავი, იმიტომ რომ ქოლგა არც გჭირდება – არც წვიმისგან დასაცავად, რადგან, ბოლოს და ბოლოს, გაშრები და არც სიტყვებისგან დასაცავად, რომლებიც გტკენენ, მაგრამ სწორედ ის ტკივილი გაფხიზლებს და მიგაქანებს შენი თავის ხელახლა პოვნისკენ. იქნებ მეც დავეხმარე დღეს დედაჩემსა და ჩემს ყოფილ ქმარს, იპოვონ საკუთარი თავი?! მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა. ჩაი მოვწრუპე და თვალები დავხუჭე, რომ წვიმისა და მინის სიმფონია მთელი არსებით შემეგრძნო.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი