ნუცა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14 (1319)
მე ლუბიანკაზე დამიბარეს და დაწვრილებით გამომკითხეს, თუ რა ვიცოდი ნუცას შესახებ. თავი მოვიკატუნე. არ დაიჯერეს. თუმცა, არ მაგრძნობინეს ეს, მაგრამ მივხვდი, რომ არ დაიჯერეს... სამაგიეროდ, ისეთი კომბინაცია დამიტრიალეს, რამეც ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა და სწორედ ესაა ჩემი მონათხრობის მთავარი მომენტი... „კაგებე“ რის „კაგებე“ იქნებოდა, რომ თავისი მიზნისთვის გადაეხვია და დასახულ გეგმაზე უარი ეთქვა. ჩემი მოქმედებით (ნუცასთან ქორწინებით) მე მხოლოდ კორექტივები შევატანინე მათ ამ გეგმებში.
ჩვენს დაქორწინებას ორივე მხარე დიდი სიხარულით შეხვდა. განსაკუთრებით კი ნუცას დედა და მამაჩემი. ქორწილი მოსკოვში, რესტორან „არაგვში“ გადავიხადეთ. მხოლოდ ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთად და სწორედ მაშინ, როცა ნუცას, სულ რაღაც, ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი მშობიარობამდე, ლუბიანკაზე გამომიძახეს და მაცნობეს, რომ ანგოლაში მგზავნიდნენ მივლინებით. ვადები არ უთქვამთ და არც მე მიკითხავს, რადგან ეს ბრძანება იყო და უნდა შემესრულებინა. რა თქმა უნდა, ეს სიახლე არ მეპიტნავა. თუმცა, გავიფიქრე – ალბათ, რამდენიმედღიანი მივლინებაა-მეთქი. გენერალმა ხომ ჩემი დაბრუნების დღეს მითხრა, ხანგრძლივი მივლინებები აღარ გექნებაო... მაგრამ ეს „მცირე“ მივლინება წელიწად-ნახევარი გაიწელა.
ამ აფრიკულ ქვეყანაში მე ადგილობრივ პარტიზანებთან მებრძოლი სპეცჯგუფის უფროსად გამამწესეს. იქ გატარებული თვრამეტი თვე არანაკლებ მძიმე იყო, ვიდრე ხუთწლიანი ავღანური ექსპედიცია. ზოგ შემთხვევაში კი – უფრო რთული და ზოგჯერ – გამოუვალიც. მაგრამ, გამოსავალს მაინც ყოვლთვის ვპოულობდი. ავღანური სპეციფიკისთვის კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ, ძირითადად, შუა აზიის მთიან რეგიონებისთვის. ანგოლურ ჯუნგლებსა და გაუვალ ჭაობებში კი პირველად მოვხვდი და რომ არა სწრაფი ადაპტაციის უნარი და რა თქმა უნდა, გამართლება, იქიდან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებოდი.
მიუხედავად ყველაფრისა, მოსკოვში მაინც საღ-სალამათი დავბრუნდი. თანაც, ძალიან გამიმართლა – პოლიტიკურ დონეზე შეთანხმება მოხდა და ჩვენი იქ ყოფნა უკვე აღარ იყო საჭირო. ამასთან, მაიორის მორიგი, რიგგარეშე ჩინი მივიღე და მესამე საბრძოლო ორდენითაც დამაჯილდოვეს.
რომ ვიფიქრე, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ და კარიერულად წინსვლას გავაგრძელებ-მეთქი, ჩემი ბედისწერის ჩარხმა სწორედ მაშინ დაიწყო უკუღმა ტრიალი... ლუანდიდან (ანგოლის დედაქალაქი) მოსკოვში რომ ჩავფრინდი, ტრაპთან შავი „ვოლგა“ დამხვდა და ლუბიანკაზე გავემგზავრეთ. იქ კი მითხრეს, რომ ნუცა ორწლიან მივლინებაშია გაგზავნილი საზღვარგარეთ, მაგრამ სად, არ დაუკონკრეტებიათ. მხოლოდ ის დაამატეს, რომ ჩემი ცოლი დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობდა და რვა თვეში დაბრუნდებოდა სამშობლოში. ჩემი წლინახევრის ქალიშვილი, ქეთევანი რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ გოგონა კარგადაა და ჩიტის რძე არ აკლიაო. ასეთი განმარტება უცნაურად მომეჩვენა და ვიკითხე:
– ვინ ზრდის ჩემს ქეთევანს, ჩემი მშობლები თუ ჩემი მეუღლის, მოსკოვშია თუ თბილისში? თუმცა, კარგად რომ იქნება და ზრუნვა არ მოაკლდება ამაში ეჭვიც არ მეპარება.
შევატყვე, რომ პოლკოვნიკი, რომელიც მესაუბრებოდა შეიშმუშნა, უხერხულობა იგრძნო, მაგრამ ჩემთან საუბარი მას ჰქონდა დავალებული და მითხრა:
– თქვენი და თქვენი მეუღლის მშობლები მოუცლელი ხალხია, ამიტომ გადაწყდა, რომ ბავშვი გამოცდილი აღმზრდელისთვის მიგვებარებინა და უკვე თექვსმეტი თვეა, ის პატრონობს. თანაც, მეტი უსაფრთხოებისთვის მის გვარზეა ჩაწერილი. თუმცა, ყველაფერი რომ დალაგდება, ნამდვილ გვარზე გადმოვწერთო.
ბოლო ინფორმაციამ ლამის ჭკუიდან შემშალა. თხრობის თანამიმდევრობას დავარღვევ და ვიტყვი ამ ქმედების ნამდვილ მიზეზს. ნუცა არალეგალურ სამუშაოზე იყო გაგზავნილი საფრანგეთში და „ნატოს“ შტაბ-ბინაში მსახურობდა. თურმე, მას არალეგალის სტატუსით მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა მივლინებაში, ისე, როგორც პრაქტიკაშია გათვალისწინებული. თუმცა, ნუცამ ეს არ იცოდა. მას უთხრეს, რომ ორ წელიწადში უკან დააბრუნებდნენ. ჩემმა მეუღლემ შვილთან მხოლოდ ორი თვე დაჰყო და ამის მერე ქეთი გააშვილეს და ეს ნუცას უთხრეს. „კაგებეს“ ასეთი კომბინაცია კი იმიტომ დასჭირდა, რომ ნუცას სცოდნოდა, რომ მისი შვილი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ღალატი არ ჩაედინა. ეს იყო პრევენციული ზომა. ანუ, უწყებამ ქეთი, ფაქტობრივად, მძევლად დაიტოვა. ეს ყოველივე მოგვიანებით გავშიფრე და დავალაგე გონებაში. მაშინ კი ყველა დეტალი არ ვიცოდი და პოლკოვნიკს ვუთხარი:
– ახლა ხომ შემიძლია, ჩემი შვილი წამოვიყვანო და მე მივხედო?
– რა თქმა უნდა, აბა, სხვაგვარად როგორ იქნება?! – მიპასუხა მან მისამართი მომცა და სანამ გამომისტუმრებდა, დაამატა, – სამ დღეში უკან უნდა დაბრუნდეთ. ბალაშიხაში გელოდებიანო.
ქეთევანი ცენტრალური რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში იყო მიბარებული. აღმზრდელები შუა ხნის უშვილო ცოლ-ქმარი იყვნენ, მართლა ძალიან კარგი ადამიანები და ბავშვს თვალის ჩინივით უვლიდნენ. თუმცა ჩემი შვილი რუსულ ყაიდაზე იზრდებოდა. ქართულად ერთი სიტყვაც არ იცოდა და ძალიან მიუცხოვა. ხელში როცა ავიყვანე, ისეთი ისტერიული ტირილი მორთო, რომ კარგა ხანს აწყნარებდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქეთევანი ცოლ-ქმართან დავტოვე. შვიდი წელიწადი მათთან იზრდებოდა და ბოლოს, მაინც ოჯახს დაუბრუნდა. დღემდე ის სხვის გვარს ატარებს. რუსული, ქართულზე უკეთ იცის და მიაჩნია, რომ საკმარისი ძალისხმევა არ გამოვიჩინეთ საიმისოდ, რომ სამშობლოსა და მშობლიურ ოჯახში აღზრდილიყო. დაახლოებით, ისეთი სიუჟეტია, როგორც „იავნანამ რა ჰქმნაში“. ქეთევანი სპეცსამსახურების სისტემიდან შორს დგას და არც აინტერესებს. ამას ერთვის მისი ჯიუტი და თავნება ხასიათიც. მთავარი კი ისაა, რომ იცის, უზომოდ გვიყვარს. ამით სარგებლობს და გულს გვტკენს ხოლმე.
მიყრუებული სოფლიდან თავზარდაცემული დავბრუნდი. ის მანუგეშებდა, რომ რვა თვეში ნუცა დაბრუნდებოდა. ჩავიდოდით ჩვენს გოგონასთან, ქეთი დედას იცნობდა და მას ოჯახში დავაბრუნებდით. მაგრამ, ბედისწერის უკუღმა დატრიალებულმა ჩარხმა ბრუნვებს უმატა და რვა თვის მერე მითხრეს, რომ ნუცას მივლინება ორი წლით გახანგრძლივდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო. კინაღამ შევიშალე, მაგრამ რა უნდა მექნა? მუშაობა განვაგრძე. თუმცა, ძველი ენთუზიაზმი გამიქრა და დროს ცოლ-შვილზე ფიქრში ვატარებდი. საათებს ვითვლიდი და ნუცას დაბრუნებას ველოდი. დროგამოშვებით ქეთევანის მოსანახულებლადაც ჩავდიოდი და შორიდან ვტკბებოდი მისი სილამაზით. გოგონა დედამისივით ლამაზი იყო და როგორც ცოლ-ქმარი მეუბნებოდა, ნიჭიერიც. ორი წელი ილეოდა. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჩვენი უწყება რუსეთის ფედერაციის კუთვნილება გახდა. ძველი ხელმძღვანელობა სრულად შეიცვალა. უწყებიდან კადრების დენადობა დაიწყო და ქართველებს განსაკუთრებულად არ გვწყალობდნენ. მე ბალაშიხას მომაშორეს, ვითომ დამაწინაურეს და ლუბიანკაზე გადამიყვანეს ანალიტიკურ სამსახურში. ისეთივე სიტუაცია იყო სხვა უწყებებშიც. მამაჩემი უცხოეთიდან მოსკოვში გამოიძახეს და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნაკლები რანგის პოსტზე დანიშნეს. მამამ იქ სამი თვე იმუშავა. შემდგომ კი, განცხადება დაწერა, წამოვიდა და თბილისში დაბრუნდა. იმ პერიოდში გენერალი კალუგინი დასავლეთში გაიქცა და რაც კი იცოდა, ყველაფერი „დაუფქვა“ ამერიკელებს. არაერთი არალეგალი გაშიფრა და მათ შორის იყო ნუცაც. ჩემი მეუღლე საფრანგეთიდან რუმინეთში იყო გაგზავნილი სამუშაოდ და ის ადგილობრივმა კონტრდაზვერვამ დააპატიმრა. ეს ამბავი მე ერთი კვირის მერე შევიტყვე. დასავლური პრესა აჭრელებული იყო ინფორმაციებით „ნატოს“ წევრ ქვეყნებში რუსი აგენტების დაკავების თაობაზე. სულ ექვსი ადამიანი იყო. აქვეყნებდნენ მათ ფოტოებს და ერთ-ერთი მათგანი ნუცა იყო. თუმცა, მხოლოდ ორმა აღიარა, რომ საბჭოთა და რუსი აგენტები იყვნენ. დანარჩენი ოთხი კი დუმდა და მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც. ჩემთვის ეს საშინელი სტრესი იყო, მაგრამ თავს ვძლიე და რუსეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს შევხვდი და ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში დახმარება ვთხოვე. მან დამაიმედა და გამომისტუმრა. თუმცა, არც სისტემა და არც რუსეთის ფედერაციის მთავრობა ყურს არ იბერტყავდა. ნუცა კი უკვე ნახევარი წლის განმავლობაში რუმინეთის ციხეში იჯდა. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა და უვადო პატიმრობა ელოდა. ჭკუაზე აღარ ვიყავი. ნუცაზე დარდმა ქეთევანის პრობლემა საერთოდ გადამავიწყა. მყარად ვიცოდი ორი რამ: პირველი და უმთავრესი – ის, რომ ჩემი მეუღლე ტყვეობიდან უნდა დამეხსნა და ამას აუცილებლად გავაკეთებდი. მეორე კი ის, რომ მთავრობა ამაში არ დამეხმარებოდა და ეს ჩემი ძალებით უნდა განმეხორციელებინა. ჩემი და ნუცას მშობლები განადგურებული იყვნენ. განსაკუთრებით კი ამას ჩემი სიდედრი და მამაჩემი განიცდიდნენ. მანამდე სრულიად გაწონასწორებულ მამას დროდადრო უკიდურეს შეშფოთებას ვამჩნევდი. თუმცა, ცდილობდა, რომ ეს არ გამოეხატა. მაგრამ, ყოველთვის არ გამოსდიოდა. ერთხელ თავისთან მიხმო და მითხრა:
– ნუცასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე?
– არაფერი ახალი, – თავი გავაქნიე მე. თუმცა, ნუცას გათავისუფლების გეგმის რამდენიმე ვარიანტის მონახაზი უკვე მქონდა და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდი. თბილისშიც სამი დღით იმიტომ ჩავედი. მაგრამ ამის აფიშირებას არ ვახდენდი.
– და შენ ასე მშვიდად მეუბნები ამას? – მითხრა მამამ და ცინიკურად დაამატა, – თუ არ ვცდები, „რემბო“ ხარ და რატომ არაფერს მოიმოქმედებ?!
მამაჩემის ცინიზმმა შეურაცხმყო, მაგრამ სიტყვას როგორ შევუბრუნებდი. მის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რადგან სიჭაბუკეში ჩემი საქციელით უკიდურესად ვტკენდი გულს. ვითომ არ გამიგონია მისი სიტყვები და ვუთხარი:
– ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობ.
– ისე ხომ არა, როგორც ეს დედამო... რუსეთის მთავრობა? – კბილებში გამოსცრა მამამ.
გავშრი... ჯერ ერთი, რომ მამაჩემისგან არასდროს გამიგონია მთავრობის ლანძღვა და გინება თუ იცოდა, არ მეგონა, თანაც ასეთი გაღიზიანებული არასოდეს მინახავს.
– დამშვიდდი, მამა. ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა დრო მჭირდება.
მამაჩემმა ლონდონური „თაიმსის“ ბოლო ნომერი დამიდო წინ და მითხრა:
– აქ ერთი ძალიან გათვითცნობიერებული ანალიტიკოსი წერს, რომ ნუცას მუდმივი პატიმრობა ელოდება და რომ მას ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდა და როგორც კი რუმინეთიდან მისი ექსტრადირება მოხდება, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დასდებენ ბრალს. იცი, შენ რას ნიშნავს ეს?.. ნუცას „მი 6“ მოჰკიდებს ხელს და ისე მოექცევიან, როგორც ირლანდიელ ტერორისტებს ექცევიან. მათ კი ლონდონი არ ინდობს.
დიალოგი აღარ გამიგრძელებია. ამის არც სურვილი მქონდა და რაც მთავარია, იგორმა დამირეკა და შეხვედრაზე დამიბარა...
იგორი თბილისელი რუსი იყო. ჩემი კოლეგა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის ერთ-ერთი პირველი წამოვიდა უწყებიდან. საქართველოს დედაქალაქში დარუნდა და იარაღების მაღაზია გახსნა. იგორი პალესტინურ მიმართულებაზე მუშაობდა და ცენტრის დავალებით, იასერ არაფატის ტერორისტულ ჯგუფებს არალეგალურად ამარაგებდა საბრძოლო მასალით. სწორედ მას მივმართე დახმარებისთვის და ჩემ მიერ შემუშავებული გეგმის ვარიანტები გავაცანი.
შეხვედრაზე რომ მივედი, მითხრა:
– მარიუსი, ჩაუშესკუს უშიშროების სამსახურში „სეკურიტატეს“ თანამშრომელი იყო და ხშირად ტანდემში გვიწევდა მუშაობა. ძალიან მაგარი პროფესიონალია. ერთგული კაცი და რაც მთავარია, ვერ იტანს რუმინეთის პროდასავლურ მთავრობას. ბუქარესტში სწორედ მას შევხვდი და ყველა ინფორმაცია მანვე მოიპოვა ძველი მეგობრების დახმარებით. ნუცა ტიმიშოარას განსაკუთრებული რეჟიმის ციხეშია. ერთადგილიან საკანში. ყველა ბრალდებას უარყოფს და ძველ ლეგენდას მიჰყვება. აცხადებს, ფრანგი ვარო და საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ძალიან ცუდ პირობებშია, მაგრამ უძლებს. თუმცა, ახალი პრობლემა წარმოიშვა და უნდა ვიჩქაროთ. დიდი ბრიტანეთი მოითხოვს ნუცას ექსტრადაციას და მაქსიმუმ, სამ კვირაში გადაცემას უპირებენ და თუ ეს ასე მოხდა, მისი გამოხსნა ასმაგად რთული იქნება. რუმინეთში „ბარდაგია“ და ამით უნდა ვისარგებლოთ. დიდი ბრიტანეთი კი, ამ მხრივ, ურთულესი მისადგომია.
– გასაგებია. მარიუსი თანახმაა?
– დიდი სიხარულით დამეთანხმა. შენს გეგმას რაღაც-რაღაცები დაამატა. აქ ჩამოყვანის სქემაც შეადგინა და როცა ამის საჭიროება დადგება, „სეკურიტატეს“ სპეციარაღების სამალავიდან საჭირო ატრიბუტიკით მოგვამარაგებს.
– გასაგებია. ვიზები და პასპორტები მზადაა და ხვალ ღამით თურქეთში გადავალთ და იქიდან კი – რუმინეთში. ამაღამ მოსკოვში ჩავფრინდები, ერთკვირიან ბიულეტენს მივიტან და ხვალვე ჩამოვალ.
ნუცას გათავისუფლების გეგმა მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელი იყო. თუმცა, სხვა გზა არ მქონდა და უშიშროების მოქმედი თანამშრომელი ნუცას გამო წავედი ამაზე.
ჩვენი ტრიო ტიმიშოარას ციხის უფროსს დახურული მიკროავტობუსით მივადექით კერძო სახლში. იარაღის მუქარით გავიტაცეთ მისი ცოლი და ორი ვაჟი, რომლებიც 18-ისა და 15 წლის იყვნენ. ციხის უფროსი გავუშვით. მისი ცოლ-შვილი კი საიმედო ადგილას დავმალეთ და გამთენიამდე დრო მივეცით, რომ ნუცა ციხიდან გამოეყვანა და ჩვენთვის საღ-სალამათი ჩაებარებინა. ეს ამბავი კი ყოველგვარი „კუდის“ გარეშე მოეგვარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცოლ-შვილის დახოცვით დავემუქრეთ. ამან გაჭრა და ციხის უფროსმა ნუცა დილის 5 საათზე მოგვიყვანა. ჩვენ ის მიკროავტობუსში გაკოჭილი დავტოვეთ. მისი ცოლ-შვილის ადგილმდებარეობა ვუთხარით და ნუცასთან ერთად იქაურობას სასწრაფოდ მოვშორდით. გამოცდილმა მარიუსმა კარპატებით დასავლეთ უკრაინაში ჩაგვიყვანა და უკან გაბრუნდა. ჩვენ კი ოდესის გავლით ბათუმში ჩავედით. იქიდან კი თბილისში მამაჩემს მივადექით. იმ შეწყვეტილი დიალოგიდან, როდესაც იგორმა დამირეკა, სულ რაღაც, 72 საათი იყო გასული. მამამ გული რომ იჯერა რძალთან ჩახუტებითა და ფერებით, წელში გასწორდა. კვლავ ბრიტანელ ლორდს დაემსგავსა და ნუცას ინგლისურ ენაზე ჩემთვის გაუგებარი ფრაზა უთხრა: „ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდა.. ყოფნა, ყოფნა და კიდევ ერთხელ ყოფნა...“
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





