რომანი და დეტექტივი

ცისფერი დოქის საიდუმლო

№4

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 05.02, 2023 წელი

ცისფერი დოქის საიდუმლო
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ 3 (1151)

მისმა გამამხნევებელმა კილომ ჯეკი გააღიზიანა. „დალახვროს ეშმაკმა, – გაიფიქრა მან, – მგონი, შთაგონებით ცდილობს ჩემს განკურნებას“

– სავსებით ჯანმრთელი ვარ, – თქვა და უფრო მეტად გაღიზიანდა.

– ძალიან კარგი, – სწრაფად და მშვიდად ჩაილაპარაკა ქალიშვილმა. ჯეკმა ცოტა ხანს კიდევ ითამაშა და სასაუზმოდ გაემართა. სანამ ჭამდა, უკვე მერამდენედ იგრძნო მეზობელი მაგიდიდან ვიღაც მამაკაცის გამომცდელი მზერა. ეს იყო შუახნის კაცი სახის გამოკვეთილი ნაკვთებით. შავი წვერი, გამჭრიახი ნაცრისფერი თვალები და ქცევის ის სიმსუბუქე და თავდაჯერება ჰქონდა, რაც მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებდა. ჯეკმა იცოდა მისი გვარი – ლევინგტონი და ყური მოეკრა, რომ მედიცინის სფეროში ჩინებულ სპეციალისტად იცნობდნენ. აშკარად იგრძნო, რომ აკვირდებოდნენ და ამან შეაშფოთა. „სახეზე ხომ არ მაწერია რამე, რაც ყურადღებას იპყრობს?“ იქნებ ამ ადამიანმა თავისი პროფესიული უნარების წყალობით შეამჩნია, რომ მის თავში რაღაც ხდებოდა? ამის გაფიქრებაზე ჯეკს გააჟრჟოლა. ნუთუ ეს სიმართლე იყო? მართლა შეშლილობის ზღვარზე ხომ არ იდგა? რას ნიშნავდა ის ხმა – ჰალუცინაციებს თუ ვინმეს ბოროტ ხუმრობას? უეცრად გონება გაუნათდა: ამის დადგენა ძალზე მარტივად შეიძლებოდა. ის ხომ ყოველთვის მარტო იყო ვარჯიშის დროს, მაგრამ თუ მის გვერდით ვინმე იქნებოდა, სამი შესაძლო შემთხვევიდან ერთი მოხდებოდა: ან არავინ დაიყვირებდა, ან ყვირილს ორივენი გაიგებდა, ან ხმას მხოლოდ ის, ჯეკი, გაიგონებდა. ჯეკმა გადაწყვიტა, გეგმის შესრულება აღარ გადაედო. ლევინგტონი ზედმიწევნით გამოდგებოდა ამ როლისთვის. მათ იოლად გამონახეს საერთო ენა – ექიმი თითქოს ელოდა ამ შემთხვევას. ჯეკმა ის რაღაცით დააინტერესა. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დილას საუზმობამდე შეხვედროდნენ ერთმანეთს გოლფის სათამაშოდ. თამაში შვიდ საათამდე დაიწყეს. ჩინებული, წყნარი, უღრუბლო, თუმცა არცთუ თბილი დღე იდგა. ექიმი საკმაოდ კარგად თამაშობდა, ჯეკს კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მთელი ყურადღება ერთ რამეზე გადაეტანა – როდის დადგებოდა საბედისწერო მომენტი. მალულად წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა. როდესაც ის და ექიმი მეშვიდე ნიშნულს მიუახლოვდნენ, რვის ოცი წუთი იქნებოდა. ამ დროს ფოსოსა და კოტეჯს შორის იმყოფებოდნენ. ქალიშვილი, როგორც ყოველთვის, ბაღში მუშაობდა. ამჯერად თავი არ აუწევია. მინდორზე ორი ბურთი ეგდო. ჯეკის – ფოსოს ახლოს და ექიმის – ცოტა მოშორებით.

– ყველაფერი მზადაა დარტყმისთვის, – თქვა ლევინგტონმა, – მგონი, ჩემი ჯერია. ის დაიხარა და დაფიქრდა, როგორი პოზიცია შეერჩია. ჯეკი გაშეშდა და საათის ისრებს დააცქერდა. ზუსტად რვის ოცდახუთი წუთი იყო. ბურთი სწრაფად გაგორდა ბალახზე ფოსოსკენ, წამით მის კიდეზე შეჩერდა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა, შემდეგ კი ჩავარდა.

– კარგი დარტყმაა, – თქვა ჯეკმა ხრინწიანი, უცხო ხმით, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა და საათი მაჯის ზევით ასწია. არაფერი მოხდა. ჯადო მოიხსნა. – თუ წინააღმდეგი არა ხართ, ჩიბუხს ავიღებ, – დაამატა მან. ორივე მცირე ხნით შეყოვნდა მერვე ნიშნულთან. ჯეკმა ჩიბუხი დატენა და გააბოლა. თითები ოდნავ უცახცახებდა. მოეჩვენა, რომ გულიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა.

– ღმერთო, რა საუცხოო დღეა, – ჩაილაპარაკა და კმაყოფილმა მოავლო თვალი პეიზაჟს, – მიდი, ლევინგტონ, დაარტყით, თქვენი რიგია. ....და ის კვლავ მოხდა – სწორედ მაშინ, როცა ექიმმა დაარტყა, ქალის სასოწარკვეთილი ყვირილი გაისმა.

– მკლავენ! მიშველეთ! მკლავენ! - ჯეკი ხმის მიმართულებით შეტრიალდა და

მოდუნებული ხელიდან ჩიბუხი გაუვარდა, თუმცა მალევე მოეგო გონს და სუნთქვაშეკრული მიაჩერდა კომპანიონს. ლევინგტონმა თვალი ხელით მოიჩრდილა და დარტყმის ხაზს გახედა.

– ცოტა დამაკლდა... თუმცა, მგონი, ბუნკერს გასცდა. მას არაფერი გაუგონია. ჯეკს მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. შებარბაცდა და ორიოდე ნაბიჯი გადადგა. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა, რომ გაზონზე იწვა, ლევინგტონი კი მისკენ დახრილიყო. – მშვიდად... მშვიდად.

– რა დამემართა? – გული წაგივიდათ, ახალგაზრდავ... ყოველ შემთხვევაში, ამის კარგი მცდელობა გქონდათ.

– ღმერთო! – დაიკვნესა ჯეკმა.

– რა მოხდა? რამე შეგემთხვათ? – ახლავე გეტყვით, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გკითხოთ. ექიმმა ჩიბუხი გააბოლა და ნაყარზე დაჯდა.

– მკითხეთ, რაც გნებავთ, – თქვა უდარდელად.

– ვიცი, რომ ბოლო ერთი-ორი დღე მაკვირდებით. რატომ?

ლევინგტონს თვალები ოდნავ გაუბრწყინდა

– უხერხული შეკითხვაა. ნათქვამია, კატამ დედოფალს შეხედაო.

– სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ. სერიოზულად გეკითხებით. რატომ? ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ლევინგტონი დასერიოზულდა.

– გულწრფელად გეტყვით, ძლიერი დაძაბულობა შეგნიშნეთ და მიზეზმა დამაინტერესა.

– შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, – მწარედ ჩაილაპარაკა ჯეკმა, – ჭკუაზე ვიშლები.

- საინტერესოა, – ჩაიბურტყუნა ლევინგტონმა, – ძალზე საინტერესოა.

ჯეკი აღშფოთდა: - ექიმები ძალზე უგულონი ხართ.

– კარგი, კარგი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ჯერ ერთი, მართალია, ხარისხი მაქვს, სამედიცინო პრაქტიკას არ მივდევ. არა ვარ ექიმი, რომელიც სხეულს მკურნალობს. მე ჩემს თავს სულის მკურნალს ვუწოდებ. მოდი, შევთანხმდეთ და განსაზღვრება მოვუძებნოთ რეალურ მოვლენას, რომელიც სხეულისგან ცალკე და დამოუკიდებლად არსებობს. ახალგაზრდავ, უნდა შეეგუოთ სულის არსებობას. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ღვთისმსახურთა მოგონილი რელიგიური ტერმინი როდია. ასე ვუწოდებთ გონებას ან ქვეცნობიერ „მეს“. თუ გნებავთ, უფრო შესაფერისი სიტყვა შეარჩიეთ. ახლახან ჩემზე განაწყენდით, მაგრამ გარწმუნებთ, გამიკვირდა და მეუცნაურა, რომ ასეთი გაწონასწორებული, აბსოლუტურად ნორმალური ახალგაზრდა კაცი უეცრად ჰალუცინაციებით იტანჯება, თითქოს ჭკუაზე იშლება.

– მართლა აღარ ვარ სრულ ჭკუაზე. მგონი, გავგიჟდი. ჰალუცინაციები მაქვს. ის მესმის, რაც სხვას არ ესმის.

– ათასიდან ერთ ადამიანს შეუძლია იუპიტერის თანამგზავრების, ანუ მთვარეების დანახვა. თუკი დანარჩენი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ვერ ხედავს, ეს არ ნიშნავს, რომ იუპიტერის მთვარეები არ არსებობს. ბუნებრივია, არც იმის საფუძველს იძლევა, რომ იმ მეათასე ადამიანს მთვარეული ვუწოდოთ.

– იუპიტერის თანამგზავრები დადასტურებული მეცნიერული ფაქტია.

– სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც დღეს ჰალუცინაცია გვგონია, ხვალ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი გახდეს. ჯეკის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ლევინგტონის საქმიანმა კილომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეტყობოდა, რომ გამხნევდა. ექიმი ყურადღებით მისჩერებოდა ორიოდე წუთს, შემდეგ კი თავი დააქნია.

– ასე უკეთესია, – თქვა მან, – ახალგაზრდებს ერთი პრობლემა გაქვთ – ისეთი თავდაჯერებულები ხართ, შესაძლოა თავგზა აგებნეთ, თუკი ისეთი რამე მოხდება, რაც თქვენს ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. მოდი, თქვენი მოსაზრებები მოვისმინოთ, რათა განვსაზღვროთ, რატომ გიჟდებით, როგორც თვითონ ამბობთ, და მხოლოდ შემდეგ გადავწყვიტოთ, მოგათავსოთ თუ არა საგიჟეთში.

ჯეკმა შეძლებისდაგვარად დეტალურად უამბო, რაც თავს გადახდა. – მაგრამ აი, რა ვერ გამიგია, – თქვა ბოლოს, – რატომ გაისმა დღეს ყვირილი რვის ნახევარზე, ხუთი წუთით გვიან.

ლევინგტონი ორიოდე წუთით ჩაფიქრდა. – რა დროს უჩვენებს ახლა თქვენი საათი? – იკითხა უცებ მან.

– რვას თხუთმეტი წუთი აკლია, – მიუგო ჯეკმა, როცა საათს დახედა. – თუ ასეა, ყველაფერი გასაგებია. ჩემსაზე რვას ოცი წუთი აკლია. თქვენი საათი ხუთი წუთით წინ არის. ეს ფაქტი ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია.

– რატომ? – დაინტერესდა ჯეკი.

– ამას ასე ავხსნი: პირველ დილას თქვენ მართლა გაიგონეთ მსგავსი ყვირილი. შესაძლოა ვინმემ იხუმრა, შესაძლოა – არა. მომდევნო ჯერზე საკუთარ თავს ჩააგონეთ, რომ მას იმავე დროს გაიგონებდით.

– დარწმუნებული ვარ, ეს არ გამიკეთებია.

– ბუნებრივია, ეს თქვენგან გაუცნობიერებლად მოხდა. როდესაც საქმეში ქვეცნობიერი ერთვება, ამაზე უარესიც ხდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ახსნას ვერ უგულვებელვყოფთ. მაშასადამე, თუ ეს თვითშთაგონება იყო, ყვირილი თქვენი საათის მიხედვით, რვის ოცდახუთ წუთზე უნდა გაგეგონათ – თქვენ ხომ არასოდეს გაგიგონიათ ყვირილი მოგვიანებით - დახმარების ამ მოწოდებამ მკაცრად განსაზღვრული ადგილი დაიკავა დროსა და სივრცეში. ადგილი – კოტეჯის მიმდებარე ტერიტორიაა, დრო – რვის ოცდახუთი წუთი.

– დიახ, მაგრამ რატომ გავიგონე ყვირილი მაინცდამაინც მე? არ მჯერა მოჩვენებების, სპირიტიზმისა და მისთანების. რატომ გავიგონე ეს წყეული ფრაზა?

– აჰ, ამჟამად ამის ახსნა არ შეგვიძლია. საინტერესოა, რომ ბევრი სახელგანთქმული მედიუმი, იმავდროულად, მტკიცე სკეპტიკოსია. ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ოკულტური მოვლენები. ისინი არც თავიანთი უნარების აფიშირებას ახდენენ. ზოგი იმას ხედავს, რაც სხვებისთვის შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის ასე. ამასთან, ათიდან ცხრა ადამიანს ამის დანახვა, ან მოსმენა არც უნდა და თქვენსავით დარწმუნებულია, რომ ჰალუცინაციებით იტანჯება. უეჭველია, ოდესმე ისიც გვეცოდინება, რატომ არ გვესმის მე და ქალიშვილს ის, რაც თქვენ გესმით. ხომ იცით, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი ბუნების კანონებს ემორჩილება და ზებუნებრივი არ არსებობს, მაგრამ იმ კანონების აღმოჩენა, რომლებიც პარანორმალურ მოვლენებს მართავენ, ძალზე რთული ამოცანაა, თუმცა ნებისმიერი დეტალი შეიძლება გამოგვადგეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი