თბილისის დროით
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #20 (1325)
ერთი კვირა არავის შევუწუხებივარ. არც სემიონოვიჩი და მისი ხელქვეითები გამოჩენილან, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა კაცი მემსახურებოდა. მას საჭმელი მოჰქონდა და ცარიელი ჭურჭელი მიჰქონდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა. მხოლოდ იმას მეუბნებოდა, სეირნობის დროაო, ჩემთვის განკუთვნილ სასეირნო ზოლამდე მაცილებდა და თვალყურს მადევნებდა. ერთი სიტყვით, საიმედოდ დაცული ტყვე ვიყავი და ძალიანაც რომ მდომოდა, იმ ტერიტორიას ჩემი ნებით ვერ დავტოვებდი. ციხის მერე ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ცუდი არ იყო. მაგრამ, გაურკვევლობა ძალიან მაღიზიანებდა და კომფორტული ტყვეობა მომბეზრდა. თითქოს წინასწარ იცოდნენო, როცა ყველაფერი ყელში ამომივიდა, სწორედ იმ დღეს გამოჩნდა სემიონ სემიონოვიჩი ამალითურთ.
– ხომ არ მოიწყინეთ? – მკითხა სემიონოვიჩმა.
– გაურკვევლობა მომბეზრდა.
– ბუნებრივია. ნელ-ნელა შეგიყვანთ საქმის კურსში.
– კარგს იზამთ.
– მაშინ დავიწყოთ, – თქვა სემიონოვიჩმა და დაამატა, – ესენი ჩემი თანაშემწეები არიან. მე კი „გრუს“ პოლკოვნიკი ვარ. ციხიდან თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოგიყვანეთ.
– პოლიტიკური მოსაზრებების?
– დიახ. თქვენ ხომ უკიდურესად უკმაყოფილო ხართ გორბაჩოვის პოლიტიკით და ფიქრობთ, რომ ის დიად ქვეყანას ანგრევს?
– არა მარტო გორბაჩოვის, ჩემი თანამემამულისაც.
– შევარდნაძე მხოლოდ პაიკია ამ თამაშში. პაიკია გორბაჩოვიც, მაგრამ ის მთავარი შემსრულებელია.
ასეთი შესავალი რომ მოვისმინე, თავში გამიელვა; „ნუთუ გორბაჩოვის სალიკვიდაციოდ გამომიყვანეს ციხიდან?..“ სემიონოვიჩს კი ვუთხარი:
– და იმის გამო გამომიყვანეთ ციხიდან, რომ „პერესტროიკა“ განვიხილოთ?!
– რა თქმა უნდა, არა, – გაეცინა სემიონოვიჩს და დაამატა, – ციხიდან იმიტომ გამოგიყვანეთ, რომ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად შეასრულოთ ის პატრიოტული მისია, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია.
– კონკრეტულად?
– ეს განუკითხაობა უნდა შევაჩეროთ.
– როგორ?
– მთავარი ამრევი უნდა მოვაშოროთ მმართველობას.
– თუ სწორად მივხვდი, გორბაჩოვის ლიკვიდაცეაზეა საუბარი?
– დიახ. სწორად მიხვდით.
– და მაინცდამაინც მე რატომ ამირჩიეთ ამ როლისთვის?
– უკვე ხომ გითხარით, პირველ რიგში, თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამასთანავე, დიდი საბრძოლო გამოცდილება გაქვთ და ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ. თქვენნაირები სანთლითაა საძებნელი.
– უარი რომ ვთქვა?
სემიონ სემიონოვიჩმა თავის ხელქვეითებს გადახედა, შემდგომ მომიბრუნდა და მითხრა:
– ნება თქვენია. შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ ამ უდიდეს პატრიოტულ მისიაზე. ახლავე გაგიშვებთ. მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარ დაგეხმარებით და 48 საათიც არ გავა, რომ მილიციას ჩაუვარდებით ხელში და ჯოჯოხეთში დაგაბრუნებენ. ხოლო წინააღმდეგობას თუ გაუწევთ, მოგკლავენ. მათ ბრძანება აქვთ მიღებული, რომ განსაკუთრებით საშიში დამნაშავე ხართ და მცირედი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი თქვენი ლიკვიდაციაა დაგეგმილი.
სემიონოვიჩის სიტყვები კი სინამდვილეში იმას ნიშნავდა, რომ თუკი მათ არ დავთანხმდებოდი, ივანოვის ბედი მეწეოდა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი გორბაჩოვს მოვკლავდი, არც იმ შემთხვევაში დამტოვებდნენ ცოცხალს. ჩემნაირი მოწმე დიდ საშიშროებას წარმოადგენს და განწირული ვიყავი. ამიტომ სიცოცხლე რომ შემენარჩუნებინა, ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რომ ამ სახიფათო ჯგუფისთვის ეს სასიკვდილო თამაში მომეგო. ასე რომ მომხდარიყო, პირველ რიგში, უნდა დავმშვიდებულიყავი და მათთვის მორჩილად მომეჩვენებინა თავი. სემიონ სემიონოვიჩს გავუღიმე და ვუთხარი:
– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. გორბაჩოვი მოსაშორებელია. მაგრამ ვინ მოვა მის ადგილზე, ესაა საკითხავი. მისნაირივე რომ მოვიდეს?
– გარწმუნებთ, რომ არ მოვა. ამ საკითხზე სხვები იზრუნებენ. ჩვენ კი ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ.
– შევასრულოთ. მე მზად ვარ, – ვუთხარი სემიონ სემიონოვიჩს და გავუღიმე.
აშკარა იყო, რომ „პერესტროიკის“ მამის, მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მზადდებოდა და ჩვენ მხოლოდ ერთი რგოლი ვიყავით. მთავარი შეთქმულება, რა თქმა უნდა, სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. პირველ რიგში, „პერესტროიკა“ სწორედ მათ სიძლიერეს ზღუდავდა და ქვეყნის პირველი პირის მოშორებაც ამიტომ განიზრახეს. გეგმა, რომელიც სემიონ სემიონოვიჩმა გამაცნო, ძალიან მარტივი იყო. გორბაჩოვის ლიკვიდაცია ისე უნდა განხორციელებულიყო, როგორც ამას „ცეერუ“ ფიდელ კასტროს უპირებდა, მაგრამ ჩაეშალათ სასიკვდილო იარაღის არასრულყოფილების გამო. „ცეერუს“ აგენტს კუბის ლიდერი შხამიანი ისრით უნდა მოეკლა, როდესაც კასტრო ჰავანის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოვიდოდა. შხამიანი ისარი ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საწერკალამში იყო ჩამონტაჟებული და 50 მეტრზე მიზანში ხვდებოდა. თუმცა, როდესაც მკვლელმა გასროლა განახორციელა, ქარმა შხამიან ისარს ტრაექტორია შეუცვალა. ის კასტროს ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ადგილზევე მოკლა. თავდასხმა ჩაიშალა. კასტრო გადარჩა და მკვლელობის მექანიზმიც გაიშიფრა. სემიონ სემიონოვიჩმა ლიკვიდაციაზე ლაპარაკი კასტროს ისტორიით დაიწყო და მითხრა:
– ჩვენ ამ იარაღის გაუმჯობესებული ვარიანტი გვაქვს და მიზანს არ ასცდება. მთავარია, მსროლელი იყოს გაწაფული. ესე იგი, თქვენ.
– გორბაჩოვი შხამიანი ისრით უნდა მოვკლა? – ვკითხე „გრუს“ პოლკოვნიკს.
– დიახ. შხამიანი ისრით. წითელ მოედანზე სეირნობის დროს, დაახლოებით, 29-31 მაისის პერიოდში.
– იმ დღეებში რა ხდება?
– ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ჩამოდის მოსკოვში ვიზიტით. გორბაჩოვი მას წითელ მოედანზე გაასეირნებს და ეს უდიდესი პატრიოტული მისია ამ დროს უნდა შესრულდეს.
– მერე და ასე იოლად გამოვა გორბაჩოვთან მიახლოება, მით უმეტეს, თუ მის გვერდით რეიგანიც იქნება?
– მიახლოება სულაც არაა საჭირო. 50 მეტრი საკმარისი იქნება მიზანში მოსახვედრად. ამ მანძილის გარანტიას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ. თქვენ კი მანამდე ისე უნდა გაიწაფოთ შხამიანი ისრის ტყორცნაში, რომ თვალდახუჭული ახვედრებდეთ მიზანს.
თითქმის სამი თვე ინტენსიურად ვვარჯიშობდი და ბოლოს ისე გავიწაფე სროლაში, რომ 50 მეტრის მანძილიდან საწერკალმიდან გატყორცნილ ისარს ათიანში ვარტყამდი სწრაფად მოძრავ მიზანს. 1988 წლის 24 მაისს „გრუს“ ბაზიდან მოსკოვში ჩავედით. მე კონსპირაციულ ბინაში მომათავსეს და პოლკოვნიკმა მითხრა:
– ქუჩაში გასვლა გეკრძალებათ. ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაასმაგებულია და ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმემ გიცნოს. ყველა საჭირო პროდუქტი მაცივარშია. ველოდებით ინფორმაციას, თუ როდის გაასეირნებს გორბაჩოვი რეიგანს წითელ მოედანზე და მოქმედებას დავიწყებთ. მანამდე კი აქ უნდა იყოთ.
მე მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებოდი. 29 მაისს სემიონ სემიონოვიჩი მოვიდა. აგზნებული ჩანდა. ხელში დიდი ტყავის ჩანთა ეკავა და მითხრა:
– აქაა თქვენი კოსტიუმი და ჯავშანჟილეტი. აი, ეს ქსივებიც. ჩაიცვით და მზადყოფნაში იყავით. მოვალ და წაგიყვანთ.
სანამ ვიცვამდი, პოლკოვნიკი თვალს არ მაშორებდა და ბოლოს მითხრა:
– მშვენიერია. ვერავინ მიხვდება, რომ უდიდეს მისიას ასრულებთ. დაცვის მესამე სარტყელის ნამდვილი ოპერმუშაკი ხართ.
– ჯავშანჟილეტი რისთვისაა საჭირო?
– ამ ტიპის ოპერმუშაკების აუცილებელი ატრიბუტია. აი, პისტოლეტიც. ახლა კი წავედი და მალევე მოგაკითხავთ, – მითხრა პოლკოვნიკმა და კონსპირაციული ბინიდან გავიდა.
ჯავშანჟილეტს რომ ვიცვამდი, უცნაურმა, მაგრამ ნაცნობმა სუნმა დამაეჭვა. თუმცა, პოლკოვნიკის წინ ეს არ გამიმჟღავნებია და მის წასვლას დაველოდე. ტროტილისა და დიოქსიდის სპეციფიკური, მხოლოდ მცოდნესთვის ცნობილი სუნი იყო. ამ ნივთიერებებს მძლავრი აფეთქებებისთვის ვიყენებდით და მათ კარგად ვიცნობდი. ამიტომ პოლკოვნიკი რომ წავიდა, ჯავშანჟილეტი გავიხადე და ფრთხილად შევუდექი მის დაშლას. ვარაუდში არ შევმცდარვარ – ჯავშანჟილეტში უმძლავრესი ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო ჩამონტაჟებული. იქვე იყო მიკრული რადიოშუქურა, რომლის საშუალებითაც ბომბის დეტონაცია ხორციელდებოდა დისტანციური ასაფეთქებლით. ტანში გამცრა და გავიფიქრე: „აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე. შხამიანი ისარი ფიქციაა და მხოლოდ თვალის ასახვევად მავარჯიშებდნენ. თურმე, ცოცხალ ბომბად უნდათ ჩემი გამოყენება. გორბაჩოვის დედაც... მაგრამ ამ აფეთქებას უამრავი ხალხი ემსხვერპლება და რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. სწრაფი მოქმედებაა საჭირო... ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვა...
პირველ რიგში, რადიოშუქურა გამოვაძვრე, გავაუვნებელყვე და დანაღმული ჟილეტი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა. შემდეგ ჟილეტი ტყავის ჩანთაში ჩავდე, კონსპირაციული ბინიდან ფრთხილად გამოვედი და კიბეზე დავეშვი. ქუჩა სავსე იყო მილიციელებით, სამხედრო პატრულითა და სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი უშიშროების თანამშრომლებით. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მისვლა. რა თქმა უნდა, ლუბიანკაზეც შემეძლო ამ ინფორმაციის მიტანა, მაგრამ გამორიცხული არ იყო, რომ შეთქმულთა შორის „კაგებეს“ მაღალჩინოსნებიც ყოფილიყვნენ და ეს ინფორმაცია დაებლოკათ. მე კი ავეორთქლებინეთ. ამერიკელები კი ამას არ იზამდნენ და საელჩოსკენ ავიღე გეზი. ჩემდა საბედნიეროდ, გზაში არავის გავუჩერებივარ. საელჩოს შენობასთან რომ მივედი, პირველი პოსტი მილიციას ეკავა და მხოლოდ მისი გავლის მერე მოხვდებოდი ამერიკულ პოსტზე. პირველ პოსტთან რომ მივედი, მილიციელმა მკითხა:
– საით გაგიწევიათ?
– საელჩოში. სასწრაფო საქმე მაქვს. გამატარეთ.
– რა საქმე. ჩანთაში რა გიდევთ?
დრო არ ითმენდა. მე წინ წავიწიე და პირველ მილიციელს ხელი ვკარი და წავაქციე. მეორე მილიციელს კი, რომელმაც იარაღისკენ წაიღო ხელი, ყბაში მუშტი ჩავცხე, დავაგდე და ამერიკული პოსტისკენ სასწრაფოდ გავქანდი. გზა საზღვაო ფეხოსნებმა გადამიღობეს, რომლებიც ყველაფერს ხედავდნენ. მე ჩანთა მიწაზე დავდე, ხელები ავწიე და დამტვრეული ინგლისურით ვთქვი:
– ჩქარა, კომპეტენტურ პირს შემახვედრეთ, რეიგანზე ტერაქტი მზადდება-მეთქი.
ხუთიოდუ წუთის მერე ხელბორკილდადებული ამერიკის სამხედრო ატაშეს წინაშე წარმადგინეს. მე მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და ბოლოს დავამატე:
– იჩქარეთ, შეთქმულებს, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებიც ექნებათ. მე კი თავშესაფარს ვითხოვ.
ატაშემ ბრძანა, რომ ჩემთვის ხელბორკილები მოეხსნათ და ღირსეულად მომპყრობოდნენ. თავად კი მომიბოდიშა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
გორბაჩოვ-რეიგანის სეირნობა წითელ მოედანზე იმ დღეს აღარ შედგა და მეორე დღისთვის გადაიდო. მე კი უკვე საელჩოს გაფართოებული შემადგენლობის წინაშე მოვყევი ჩემი ისტორია და კიდევ ერთხელ მოვითხოვე თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საუბარს რომ მოვრჩი, ელჩმა წინ ამერიკული პასპორტი დამიდო, რომელშიც ჩემი ფოტოსურათი იყო ჩაკრული და მითხრა:
– თქვენ ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე ხართ. ბატონ რეიგანს რომ ვაუწყეთ თქვენი დამსახურების შესახებ, მან თავისი ექსკლუზიური უფლება გამოიყენა და პირდაპირ მოგანიჭათ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა. დღესვე გაემგზავრებით ვაშინგტონში. პრეზიდენტი კი სამშობლოში დაბრუნებისთანავე მიგიღებთ ოვალურ კაბინეტში.
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელჩმა მითხრა. ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე რონალდ რეიგანს შემახვედრეს. პრეზიდენტი 20 წუთს მელაპარაკა. მადლობა გადამიხადა და ბოლოს მითხრა:
– ქართველებმა დიდი დახმარება გაუწიეთ ამერიკას და ამას არასდროს დაგივიწყებთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ. ნახვამდის...
არ ვიცი, ვიხსენი თუ არა პლანეტა მესამე მსოფლიო ომისგან, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ მოვიქეცი. თბილისურად თბილისის დროით ვიმოქმედე და ამისთვის არასდროს გადამიხვევია.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





