რომანი და დეტექტივი

წამობრძანდით, ქალბატონო

№19

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.05

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18 (1218)

***

– ედვარდ! – ელსის სახე გაუნათდა სტამბოლში, ბაქანზე მისკენ მომავალი ქმრის დანახვაზე. წუთით ძვირფასეულობის დაკარგვაც გადაავიწყდა და საშრობზე აღმოჩენილი უცნაური სიტყვებიც. არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ ქმარი ორი კვირის უნახავი ჰყავდა. მიუხედავად პირქუში გარეგნობისა, კაცი მართლაც მიმზიდველი პიროვნება ჩანდა. უკვე მიდიოდნენ, რომ ელსიმ მხარზე მეგობრული ხელის მოთათუნება იგრძნო, მოიხედა და მისტერ პარკერ პაინი დაინახა. თავაზიანი სახე სიკეთით უბრწყინავდა.

– მისის ჯეფრის, ნახევარ საათში ოტელ „თოკათლიანში” ხომ ვერ მოხვალთ ჩემს სანახავად? ვფიქრობ, კარგ ამბებს დაგახვედრებთ. – უთხრა მან.

ელსიმ ჭოჭმანით შეხედა ედვარდს. მერე ერთმანეთს წარუდგინა:

– გაიცანით – ეს ჩემი მეუღლეა.

– მისტერ პარკერ პაინი.

– ალბათ, თქვენმა მეუღლემ შეგატყობინათ დეპეშით, რომ ძვირფასეულობა მოჰპარეს, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა, – რაც შემეძლო, ვცდილობდი, დაკარგული ნივთები მეპოვა და ასე მგონია, ნახევარ საათში მას ახალ ამბებს დავახვედრებ.

ელსიმ თვალებით ჰკითხა ედვარდს, რა ვქნაო, ქმარმა მაშინვე უპასუხა:

– უნდა წახვიდე, ჩემო ძვირფასო, „თოკათლიანი“ თქვით, არა, მისტერ პაინ? კეთილი, აუცილებლად მოვა.

ნახევარი საათის შემდეგ ელსი მისტერ პარკერ პაინის ნომერში შეიყვანეს. კაცი წამოდგა და შეეგება.

– იმედები გაგიცრუეთ, არა, მისის ჯეფრის, – უთხრა მან, – არა, ნუ უარყოფთ. მე თავი ჯადოქრად არ მომაქვს, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ, აბა, ერთი აქ ჩაიხედეთ. მაგიდაზე პატარა გაბერილი მუყაოს ყუთი გამოაცურა, ელსიმ გააღო იგი: ბეჭდები, ბროშები, სამაჯურები, ყელსაბამი – ყველაფერი შიგ იდო.

– მისტერ პაინ, შესანიშნავია!

მისტერ პაინმა თავმდაბლად გაიღიმა. – მოხარული ვარ, რომ იმედი არ გაგიცრუეთ, ჩემო ძვირფასო ქალბატონო.

– ოჰ, მისტერ პაინ, რა საზიზღარი არსება ვარ! ტრიესტიდან მოყოლებული აუტანლად გექცეოდოთ. ახლა კი... მაგრამ როგორ მიაგენით? როდის? სად?

მისტერ პარკერ პაინმა ფიქრიანად გააქნია თავი.

– გრძელი ამბავია, – თქვა მან, – ერთხელაც შეიძლება, გაიგოთ, თუმცა ერთხელაც კი არა და შეიძლება, სულ მალე გაიგოთ.

– რატომ ახლა არა?

– ამას თავისი მიზეზები აქვს. – მიუგო მისტერ პარკერ პაინმა.

ელსი ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი წავიდა. მისი წასვლის შემდეგ, მისტერ პარკერ პაინმა ქუდი და ხელჯოხი აიღო და ქუჩაში გავიდა, მიდიოდა და თავისთვის იღიმებოდა, ბოლოს მივიდა ერთ პატარა კაფესთან, „ოქროს რქას” რომ გადაჰყურებდა და იმ დროს ცარიელი იყო. იქითა მხარეს სტამბოლის მეჩეთები მოჩანდა, მინარეთები ცისკენ აღმართულიყვნენ. მშვენიერი სანახაობა იყო. მისტერ პაინი დაჯდა და ორი ყავა შეუკვეთა. მოუტანეს სქელი და ტკბილი ყავა. ის-ის იყო მოსვა, რომ წინ ვიღაც კაცი დაუჯდა. ედვარდ ჯეფრისი იყო.

– თქვენთვის ყავა შევუკვეთე, – მიუთითა მისტერ პარკერ პაინმა პატარა ფინჯანზე.

– როგორ მიხვდით?

მისტერ პარკერ პაინი ნეტარებით წრუპავდა ყავას.

– თქვენმა მეუღლემ გიამბოთ, რაც აღმოაჩინა საშრობქაღალდზე? არა? აჰ. აუცილებლად გეტყვით, უბრალოდ, გადაავიწყდა. ჰოდა, უამბო ელსის აღმოჩენის ამბავი.

– დიახ, ეს კი მშვენივრად ეხამებოდა იმ უცნაურ შემთხვევას, ვენეციამდე რომ მოხდა. რაღაც მიზეზით თქვენ თქვენივე ცოლის ძვირფასეულობის მოპარვას ცდილობდით, მაგრამ რას ნიშნავდა ფრაზა „ვენეციამდე, სწორედ რომ, დროული იქნება“? თითქოს უაზრობა გამოდიოდა. რატომ არ მიანდვეთ თქვენს აგენტს, თავად აერჩია დრო და ადგილი? მერე კი უცბად მივხვდი, რაშიც იყო საქმე. თქვენი ცოლის ძვირფასეულობა მანამდე იყო მოპარული და უბრალო თვლებით შეცვლილი, სანამ თქვენ ლონდონში გამოემგზავრებოდით. მაგრამ ამ ამბის ასე დატოვება არ გაკმაყოფილებდათ, თქვენ კეთილშობილი, ნამუსიანი ყმაწვილი კაცი ხართ, გეშინოდათ, რომელიმე მსახურს ან ვინმე უდანაშაულო ადამიანს არ დაჰბრალებოდა რამე, ქურდობა უნდა მომხდარიყო ისეთნაირად და ისეთ ადგილას, რომ ეჭვი რომელიმე თქვენს ნაცნობზე არ მიეტანათ. ამის განსახორციელებლად ძვირფასეულობის ყუთის გასაღები და მხრჩოლავი ბომბი გჭირდებოდათ. შესაფერის მომენტში თქვენი აგენტი განგაშს ატეხდა, შეიპარებოდა თქვენი ცოლის კუპეში, გააღებდა ძვირფასეულობის ყუთს და უბრალო თვლებს ზღვაში გადაყრიდა. მასზე შეიძლება ეჭვი მიეტანათ და გაეჩხრიკათ, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებდნენ, რადგანაც ძვირფასეულობა თან არ ექნებოდა. ახლა კი ისიც ცხადი ხდება, რად აირჩიეთ ქურდობის განსახორციელებლად ეს ადგილი. თქვენს აგენტს ძვირფასეულობა ლიანდაგზე რომ გადაეყარა, აუცილებლად იპოვიდნენ. ამიტომ იმ წუთებით უნდა ესარგებლა, როცა მატარებელი ზღვის ხიდზე გადავიდოდა. ამასობაში აქ ძვირფასეულობის გაყიდვას ცდილობდით, უკვე მათ გასაღებას აპირებდით, ჩემს დეპეშას რომ არ მოესწრო. ჩემს მითითებას დაემორჩილეთ. ძვირფასეულობის ყუთი „თოკათლიანში“ გადმოიტანეთ და ჩემს ჩამოსვლას დაელოდეთ, რადგან იცოდით, ჩემს მუქარას – ასე თუ არ მოიქცევით, პოლიციას ვაცნობებ ყველაფერს–მეთქი, ავასრულებდი, ასევე დაჰყევით ჩემს ნებას და აქ შემხვდით.

ედუარდ ჯეფრისმა ვედრებით შეხედა მისტერ პაინს. ლამაზი ყმაწვილი კაცი იყო, მაღალი და თხელი, მრგვალი ნიკაპი და ასევე ძალზე მრგვალი თვალები ჰქონდა.

– როგორ აგიხსნათ? თქვენთვის მე, ალბათ, ერთი უბრალო ქურდი ვარ, – თქვა მან უმწეოდ.

– სულაც არა, – მიუგო მისტერ პარკერ პაინმა. – პირიქით, უნდა გითხრათ, რომ თქვენ მეტისმეტად პატიოსანი ხართ. მე ადამიანებს რამდენიმე ტიპად ვყოფ. თქვენ, ჩემო ძვირფასო, მსხვერპლთა კატეგორიას განეკუთვნებით. აბა, ახლა კი ყველაფერი მიამბეთ.

– ერთი სიტყვით გეტყვით – შანტაჟის მეშინია.

– შანტაჟის?

– თქვენ ნახეთ ჩემი ცოლი, ხომ მიხვდით, რა წმინდა, უმწიკვლო არსებაა, მას ვერც წარმოუდგენია, ამქვეყნად ბოროტება თუ არსებობს.

– დიახ, დიახ.

– ისეთი სუფთა იდეალები აქვს, რომ გაიგოს, რაც ჩავიდინე, მიმატოვებს.

– მართლა ასე გგონიათ? რა ჩაიდინეთ ასეთი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? ალბათ, ქალთან დაკავშირებული ამბავია.

ედვარდ ჯეფრისმა თავი დაუქნია.

– თქვენი ქორწინების შემდეგ იყო თუ მანამდე?

– მანამდე, რა თქმა უნდა, მანამდე.

– კეთილი, მაინც რა მოხდა?

– არაფერი, სრულებით არაფერი. ყველაზე დიდი საშინელებაც სწორედ ეგაა. ვესტ-ინდოეთში, სასტუმროში მოხდა მოსახდენი. იქ ერთი ძალზე მომხიბვლელი ქალი – ვინმე მისის როსისტერი ცხოვრობდა. მისი ქმარი შმაგი, სასტიკი კაცი იყო. ერთ ღამეს ქალს რევოლვერით დაემუქრა. ქალმა ძლივს დააღწია თავი და ჩემს ოთახში შემოვარდა. შიშისგან ჭკუიდან იყო გადასული. მთხოვა, დილამდე თქვენთან დავრჩებიო. რა უნდა მექნა?

მისტერ პარკერ პაინი ახალგაზრდა კაცს შეჰყურებდა და ისიც ალალად მისჩერებოდა.

– სხვა სიტყვებით, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, თქვენ გამოუცდელი, მიამიტი გნახეს და გამოგიჭირეს, არა, მისტერ ჯეფრის? – ამოიოხრა მისტერ პარკერ პაინმა.

– მართლაც ასე იყო...

– დიახ, დიახ, ძალიან ძველი ოინია, მაგრამ მოდონკიხოტო ყმაწვილებზე კარგად სჭრის. თქვენი ქორწინება რომ მოახლოვდა და გამოაცხადეთ, მაშინ წაგიჭირეს?

– დიახ. წერილი მივიღე. გარკვეულ თანხას თუ არ გავუგზავნიდი, ყველაფერს ჩემს მომავალ სასიმამროს ეტყოდნენ – როგორ შევაცდინე და ქმარს წავართვი ქალი, როგორ მოდიოდა იგი ჩემს ოთახში. ქმარი ცოლთან გაცილებას მოინდომებდა. მართლაც, მისტერ პაინ, მთელ ამ ამბავში საძაგელ არამზადად ვჩანდი, – აღელვებულმა ყმაწვილმა კაცმა წარბზე მოისვა ხელი.

– დიახ, დიახ, გასაგებია. ასე რომ, წაგგლიჯეს ფული და დროდადრო ისევ შეგახსენებდნენ ხოლმე თავს, არა?

– დიახ, ეს კი ბოლო დარტყმა გახლდათ, ჩვენი საქმეც, როგორღაც, ცუდად აეწყო, ხელზე ნაღდი ფული არ მქონდა და ეს გეგმა მოვიფიქრე, – ედვარდმა თავისი უკვე გაცივებული ყავის ფინჯანი აიღო, გაფანტული მზერა შეავლო და მოსვა. – ახლა როგორღა მოვიქცე? – იკითხა საბრალოდ, – როგორ მოვიქცე, მისტერ პაინ?

– მე გასწავლით, – მტკიცედ უპასუხა პარკერ პაინმა, – მე გავუსწორდები თქვენს მწვალებლებს. რაც შეეხება თქვენს ცოლს, ახლავე დაბრუნდით მასთან და სიმართლე უამბეთ ან სიმართლის ნაწილი მაინც. მხოლოდ ვესტ-ინდოეთში მომხდარი ფაქტების მოყოლისას ნუ გამოუტყდებით სიმართლეში. უნდა დაუმალოთ ცოლს, რომ ასეთი მიამიტი ხართ, რომ ასე გაგაცურეს და გამოგიყენეს.

– კი, მაგრამ...

– ჩემო ძვირფასო მისტერ ჯეფრის, თქვენ ქალების არა გაგეგებათ რა. ქალს რომ მიანდო არჩევანი, უბიწოსა და დონჟუანს შორის, იგი აუცილებლად დონჟუანს აირჩევს. თქვენი ცოლი, მისტერ ჯეფრის, მომხიბვლელი, პატიოსანი, დიდბუნებოვანი ყმაწვილი ქალია და ძალიან ბედნიერია იმით, რომ თქვენ მოგიპოვათ. ედვარდ ჯეფრისი პირდაღებული შეჰყურებდა მისტერ პარკერ პაინს.

– ნამდვილად იმას ვფიქრობ, რასაც გეუბნებით, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა, – ახლა ძალიან უყვარხართ ცოლს, მაგრამ ვატყობ, რომ შეიძლება შეიცვალოს თქვენ მიმართ, თუ ისევ ასე უნაკლოდ და უმანკოდ დაანახვებთ თავს, ეს ხომ უკვე მოსაწყენია.

ედვარდმა თვალები აახამხამა.

– წადით მასთან, – კეთილად უთხრა მისტერ პარკერ პაინმა. – ყველაფერში გამოუტყდით, რაც კი მოგაგონდეთ, მერე აუხსენით, რომ იმ წუთიდან, როცა იგი დაინახეთ, ძველი ცხოვრება მიატოვეთ. ძვირფასეულობაც იმიტომ მოიპარეთ, რომ მის ყურამდე ხმებს არ მიეღწია. ქალი სიამოვნებით მოგიტევებთ. მოსატევებელი კი მართლაც ბევრი არაფერია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ცოლქმრული ცხოვრების ძირითადი აქსიომა ის გახლავთ, რომ ქალს ტყუილი უთხრათ. მას მოსწონს ეს! მიდი და შეირგე პატიება, ჩემო ძვირფასო. მერე კი იყავით და იცხოვრეთ ბედნიერად. მომავალში თქვენი ცოლი მუდამ, როცა კი ლამაზი ქალი გაგივლით გვერდით, აუცილებლად თვალყურს მოგადევნებთ.

– ზოგ მამაკაცს არ ეამება ეს ამბავი, თქვენ კი, ასე მგონია, ერთობ გეამებათ.

– ელსის გარდა სხვა ქალისკენ გახედვაც არა მსურს, – უბრალოდ თქვა მისტერ ჯეფრისმა.

– ძალიან კარგია ეს, ჩემო, ძვირფასო, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა, – მაგრამ თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამას ცოლს არ გავაგებინებდი. არც ერთ ქალს არ მოსწონს ასეთი იოლი ლუკმა, – დაარიგა პარკერ პაინმა.

ედვარდ ჯეფრისი წამოდგა.

– მართლა ასე გგონიათ?

– ღრმად მწამს, რომ ასეა, – მტკიცედ მიუგო მისტერ პარკერ პაინმა და გულითადად გაუღიმა.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული