ტრანსფერი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
რაც არ უნდა აძაგონ, მაინც ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირი მშვენიერი ქვეყანა იყო. რა თქმა უნდა, მინუსები ამ სახელმწიფოსაც ჰქონდა, მაგრამ პლუსები უფრო მეტი იყო და საბჭოთა ადამიანები შესანიშნავად ვცხოვრობდით, თუნდაც იმ რკინის ფარდის მიღმა. და, საერთოდ, იმ შეზღუდულობის ეპოქაში უფრო მეტი მიღწევები გვქონდა. მაშინ იყო ჩვენი რენესანსი. აღორძინების ხანა. ახლანდელ, ეგრეთ წოდებულ, თავისუფლებას ის „შეზღუდულობა“ ნამდვილად სჯობდა. როგორც ეტყობა, ასეა მოწყობილი ქართველის ტვინი. რაც უფრო მეტი ზეწოლაა შენზე, მით უფრო მეტად გინდა, რომ ზეწოლას აჯობო, თანაც, ისე, რომ ზეწოლის ცენზურას ოსტატურად აუარო გვერდი. ძირითადად, ეს ქართულ კინოსა და ლიტერატურა-პოეზიას ეხება. გავიხსენოთ ქართული კინოს შედევრები ან, თუნდაც, რომანი „დათა თუთაშხია“, რომელიც გარღვევა იყო ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. ან ის რად ღირს, რომ ქართველი გიორგი მახარაშვილი რუს ოფიცერს სილას აწნის შუა გერმანიაში ვაზის დაზიანების გამო... ახლა ასეთ შედევრებს, რატომღაც ვერც კინოში ვქმნით და ვერც ლიტერატურაში. ერთადერთი სპორტი დაგვრჩა, თანაც სანახევროდ, სადაც ჩვენი ეროვნული იდენტურობა მთელ მსოფლიოს გავაცანით. თუმცა, ვიმეორებ – სანახევროდ. ძირითადად, ეს ძალისმიერ სახეობებს ეხება, იმ სახეობებს, სადაც მხოლოდ ინდივიდუალურობა ვლინდება. თანაც, მათ განვითარებას ბევრი ფულიც არ სჭირდება... აი, გუნდურში კი, ადრინდელთან შედარებით, მოვიკოჭლებთ, განსაკუთრებით კი ფეხბურთში დავკარგეთ ძველი დიდება. ფეხბურთი კი ყველა სპორტზე მაღლა დგას, თან ყველაფრით და ამ სფეროს სპორტში ვერაფერი შეედრება. მართალია, ქართველი ფეხბურთელები საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა გუნდში ვარსკვლავებივით ბრწყინავენ და ზოგჯერ ნაკრებიც გვახარებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვიტყვით. მაშინ კი, იმ „უძრაობისას“, ქართული ფეხბურთი დიდების ზენიტში, პიკში იყო და ის პიკი კარგა ხანს გაგრძელდა. ყველას თბილისის „დინამოში“ თამაში გვსურდა, მათ შორის მეც და თავს არ ვზოგავდი ამის განსახორციელებლად. 1982 წლის იანვარია. თბილისის „დინამო“ თასების თასის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება. მე 17 წლის ვარ. უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობ, თან, საფეხბურთო სკოლას ვამთავრებ. მოკლედ, შუა იანვარია და საღამოს ვარჯიშიდან რომ დავბრუნდი, მამაჩემმა მითხრა:
– ინსტიტუტში რომ წახვედი, დაგირეკეს და გიკითხეს. მითხრეს, რომ საღამოს დავრეკავთო.
– ვინ იყო?
– არ ვიცი. არ მიკითხავს, – მითხრა მამამ და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ტელეფონმაც დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა მამამ და დაამატა, დიახ, ახლავე.
ყურმილი მომაწოდა და მეც ვუპასუხე:
– დიახ, გისმენთ.
– თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი, სერგო კუტივაძე ვარ. მიცნობთ, ალბათ.
ვიფიქრე, ალბათ, ვიღაც მეხუმრება-მეთქი. მაგრამ ჩემი ფიქრები არ გამიმჟღავრებია და ვთქვი:
– დიახ, ბატონო სერგო, გისმენთ.
– ხვალ დილით, 9 საათზე „დინამოს“ ბაზაზე უნდა გამოცხადდე. ფარსადანოვიჩი გიბარებს. ხომ იცი, ვინაა?
– დიახ, ბატონი ნოდარ ახალკაცი.
– ბაზა სადაა, ხომ იცი?
– დიღმის მასივში.
– ყველაფერი გცოდნია. მოკლედ, ხვალ დილით გელოდებით და არ დააგვიანო. ნახვამდის!
– მოიცა, არ დაკიდო! რომელი ხარ? ტყუილად ნუ მიმიყვან ხვალ დილით დიღმის მასივში.
ჩემთან მოსაუბრეს გულიანად გაეცინა და მითხრა:
– ნამდვილად სერგო კუტივაძე ვარ. ხვალ გელოდებით და არ დააგვიანო! ნახვამდის!
– ნახვამდის, – ვთქვი მე და ყურმილი დავკიდე.
ნახევარი ღამე არ მძინებია, ერთი მხრივ სიხარული არ მაძინებდა, მეორე მხრივ კი – ეჭვი, რომ ვიღაცამ გამაშაყირა. დილით ადრე ავდექი. ჩაი დავლიე, ჩანთაში საჭირო ინვენტარი ჩავაწყე და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ტაქსით გავემგზავრე. მძღოლმა რომ გაიგო, „დინამოს“ ბაზაზე მივდიოდი, ათასი კითხვა დამაყარა. ისიც ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი აღმოჩნდა, ისევე, როგორც იმ პერიოდის მთელი ქართველი მოსახლეობა და არა მარტო ქართველი მოსახლეობა...
დილის ცხრის ნახევარი იყო. ბაზის შესასვლელთან დავდექი, დარაჯის „ბუტკიდან“ ხელმარცხნივ. მხარზე სპორტული ჩანთა მქონდა გადაკიდებული. მაინც არ მჯეროდა, რომ ბაზაზე ვიყავი დაბარებული და თავი მოტყუებული მეგონა. წასვლაც კი დავაპირე, მაგრამ იმან შემაჩერა, რომ ბაზაზე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებმა დაიწყეს მოსვლა. უმეტეს მათგანს „ვოლგები“ ჰყავდათ და მანქანის ნომრად თავიანთი საფეხბურთო ნომრები ჰქონდათ. ჩივაძემ, დარასელიამ, გაბელიამ და ყველამ ჩემ წინ ჩაიარა. ბაზის კარი ღია იყო და დარაჯი მათ მეგობრულად უწევდა ხელს. მე კი ლამის თვალები გადმომიცვივდა. უცებ დათო ყიფიანი გამოჩნდა, თავისი 10-10 ნომრით. დათო მაშინ ტრავმას იშუშებდა და ნელ-ნელა იწყებდა ვარჯიშს. რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი. ასე ახლოდან ყიფო არასდროს მენახა. ის ბოლოს შევიდა ბაზაზე და დარაჯმა კარიც მიხურა. შემდეგ მე მომიბრუნდა, ვინაობა გამომკითხა და რომ გაიგო, ვინც ვიყავი, მითხრა:
– ცხრა სრულდება, რას დგახარ ამდენ ხანს. ფარსადანოვიჩს დისციპლინის დარღვევა არ უყვარს. აბა, შედი სწრაფად, თორემ გაბრაზდება და შეგახურებს...
თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო ბაზის დარაჯის სიტყვებმა საბოლოოდ მომიხსნა ყველა ეჭვი. შურდულივით შევვარდი ბაზაზე და მთავარ შენობაში გაბედულად შევდგი ფეხი. პირველი სერგო კუტივაძე შემომხვდა. ღიმილით შემომხედა. ვინაობა გამომკითხა და მითხრა.
– აი, ხომ ხედავ, რომ მართლა მე დაგირეკე და არ მომიტყუებიხარ. კეთილი იყოს აქ შენი ფეხი! მიდი, ახალკაცი გელოდება.
ნოდარ ახალკაცი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი „მონსტრი“, როგორც მას ახასიათებდნენ. ღიმილით შემომეგება, წინ დამისვა, თითქმის ყველა თემაზე მესაუბრა და ბოლოს მითხრა:
– ხვალ, დილის რვა საათზე აქ უნდა გამოცხადდე. შეკრებაზე მოდიხარ და არ დააგვიანო. ახლა კი ადმინისტრატორთან მიდი და სპორტული ამუნაცია მიიღე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1982 წლის იანვარში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ ახალკაცმა წინა სასეზონო მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე, გუნდთან ერთად, ლესელიძეში წამიყვანა. თავი ზღაპარში მეგონა. ჩემ ირგვლივ მსოფლიო ფეხბურთის მოქმედი ლეგენდები იყვნენ. ძალიან მორიდებულად ვიყავი. ხუმრობაა, ვის ახლოს ნახვასაც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, ახლა ჩემი პარტნიორები იყვნენ. შეკრებაზე ძალიან მონდომებით ვვარჯიშობდი. ვცდილობდი, არავის ჩამოვრჩენოდი და თუკი მინდვრის გარეთ ძალიან მორიდებულად ვიქცეოდი, მინდორზე სითამამე ნამდვილად არ მაკლდა. ყოველ მეხუთე-მეექვსე დღეს საკონტროლო თამაშები გვქონდა. პირველი შეხვედრა კიევის „დინამოსთან“ ჩავატარეთ. მძიმე თამაში გვიწევდა. კიეველები ძალიან მოძრავი გუნდი იყო და ლობანოვსკი ისეთივე თავდადებასა და სრულ დატვირთვას მოითხოვდა თავისი შეგირდებისგან, როგორც ოფიციალურ შეხვედრებში. ის თამაში 2:2 დავამთავრეთ. ფარსადანოვიჩმა ბოლო 15 წუთით შემიშვა მინდორზე. 2:1 ვაგებდით და მითხრა, მარცხენა ხავბეკს ითამაშებ. დარასელიას შეცვლიო. რამხელა ნდობა იყო ჩემ მიმართ. მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მთავარი გოლის ავტორის ნაცვლად შემიშვა. შევდგი თუ არა ფეხი მინდორზე, წამითაც არ მიგრძნია შებოჭილობა ან შიში იმის გამო, რომ ჩემ წინააღმდეგ ლეგენდარული საბჭოთა ფეხბურთელები თამაშობდნენ, მათ შორის ოქროს ბურთის მფლობელი, ოლეგ ბლოხინი. როგორც კი ბურთი მივიღე, ეგრევე დიაგონალური პასი გავაკეთე და შენგელიამ ძელს მოარტყა ბურთი. უცებ თვალი მოვკარი, რომ სათადარიგო სკამზე მჯდომი დავით ყიფიანი აღტაცებით წამოხტა ზეზე და ღიმილით თავი გააქნია. მას მის სტილში გაკეთებული პასი მოეწონა, რაც თამაშის შემდეგ მითხრა კიდეც... ბოლო წუთი მიმდინარეობდა. ბურთი მარცხენა ფლანგზე მივიღე ჩივაძისგან. ორი კიეველი „მოვასრიალე“, ჩემკენ წამოსული ბესონოვიც „მოვტეხე“ და ჩანოვს ცხრიანში „ჩავუსვი“... კიეველებმა თავები გააქნიეს. მსაჯმა ცენტრიდან დააწყებინა თამაში და მატჩიც დაასრულა... ახალკაცმა თავი დამიქნია და მითხრა: ყოჩაღ! ასე გააგრძელე...
ექვსი დღის მერე უკვე მოსკოვის „სპარტაკს“ ვეთამაშებოდით. ფარსადანოვიჩმა ისევ ბოლო თხუთმეტი წუთი მომცა სათამაშოდ და ის თამაში 3:1 მოვიგეთ. მე კი დასაევს ლამაზი გოლი გავუტანე. ახალკაცმა კვლავ შემაქო. თუმცა ისევ სიტყვაძუნწი იყო.
ბოლო საკონტროლო მატჩი მოსკოვის „დინამოსთან“ გვქონდა. მატჩის წინ რომ სასტარტო შემადგენლობაში ჩემი სახელი გავიგონე, ძალიან გამიხარდა. ძირითადში დამაყენა, მაგრამ ნეტავ არ დავეყენებინე. დღემდე ვნანობ ამას. მოკლედ, მარჯვენა ფლანგზე გუცაევი იდგა, ცენტრში – ჩელე, მარცხნივ კი – მე. პირველივე ტაიმში გოლი გავიტანე. მოსკოველთა სამი მცველი მოვატყუე და ცხრიანში შევაგდე. პირველი ტაიმის ბოლოს, რეიდი გავიმეორე. მახოვიკოვი და ბუბნოვი „მოვაცურე“, საჯარიმოში შევძვერი და ზუსტად ისეთივე გოლი გამქონდა, როგორიც თამაშის დასაწყისში, მაგრამ „კოსტალომი“ ნოვიკოვი გამოქანდა, მთელი ძალით ბუცის წვერი მუხლში მომარტყა და ძირს დამცა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ რა მეპენალტებოდა... მუხლი წამში გამისივდა და გულის წასვლამდე მტკიოდა. მინდორზე ანზორ გაბიტაშვილი შემოვარდა. მას ზაქრო თელია აედევნა და ჩემს მუხლზე დახრილ მასაჟისტს გუნდის მთავარმა ექიმმა დაუყვირა – „ნე ტროგაი!“ (ხელი არ მოკიდოო) შემდეგ მოვიდა, დამხედა და თქვა: მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება აღდგენას. ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. „დინამოს“ სრულფასოვან წევრობამდე თითქმის არაფერი მაკლდა და ნოვიკოვმა ჩემს კარიერას წერტილი დაუსვა.
ფეხბურთელის კარიერა კი დავასრულე, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარული წამითაც არ გამნელებია. თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე. რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ფეხბურთთან ახლოს ვყოფილიყავი. ბოლოს კი საფეხბურთო აგენტი გავხდი და ქართველ ტალანტებს საზღვარგარეთის კლუბებში გადასვლაში ვეხმარებოდი. რა თქმა უნდა, ამ საქმიანობაში ფულს ვშოულობდი, გასული საუკუნის მიწურულს – არც თუ ისე ბევრს, ამ საუკუნეში კი საფეხბურთო ბუმმა პიკს მიაღწია და ქართველ ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი ფასი დაედოთ. მეც მოვუმატე „სტავკას“ და ტრანსფერებიდან გარკვეული პროცენტები მრჩებოდა, რაც ზოგჯერ ექვსნიშნა რიცხვსაც აღწევდა. ერთი შეხედვით, ეს სარფიანი და უწყინარი საქმიანობა საკმაოდ ჩახლართული და კრიმინალიზებული საქმე აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ფეხბურთში დიდი შავი ფული თეთრდებოდა და ეს კომბინაცია, ძირითადად, ვარსკვლავების ტრანსფერებით ხორციელდებოდა. თითქმის ყოველთვის გადაჭარბებული იყო თვით ყველაზე საუკეთესო ვარსკვლავის ფასიც კი და საქმე „ატკატებით“ სრულდებოდა. ასეთი სქემა, ძირითადად, რუსულ ფეხბურთში მოქმედებდა და საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტები და მეპატრონეები მილიარდობით დოლარს „აპრავებდნენ“. ეს ფული კი ნარკოტიკებისა და იარაღის არალეგალური ვაჭრობით იყო ნაშოვნი. პირველ ასეთ შემთხვევას ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე წავაწყდი. საკმაოდ ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ერთი საშუალო დონის რუსული კლუბის პრეზიდენტს შევთავაზე. მან ფეხბურთელის ღირებულებაზე ოთხჯერ მეტი თანხა შემომთავაზა. თავიდან ვერ მივხვდი, თუ რაში იყო საქმე და ვიფიქრე, ეშლება-მეთქი. მას კი გაეცინა და მითხრა:
– შეგვიძლია, ოცჯერ მეტიც კი გავიღოთ, მაგრამ ძალიან სახიფათოა. დავიწვებით. ჯერ ამ თანხას დავჯერდეთ, შემდეგ კი ვნახოთ.
– ბოდიში, მაგრამ ვერაფერს ვხვდები. რას გულისხმობთ?
კლუბის პრეზიდენტმა შემომხედა და მითხრა:
– შენ რა, მეგობარო, მარსიდან ჩამოხვედი? ამდენ ფულს რომ გადავიხდით, სამი მეოთხედი უკან უნდა დააბრუნო. „ატკატებზე“ არაფერი გსმენია?
– ყველაფერი გასაგებია.
– რა არის გასაგები. თანახმა არ ხარ, მეგობარო?
– უნდა მოვიფიქრო.
– რა არის აქ საფიქრალი. შენ იმდენ პროცენტს მიიღებ, რომ მეფესავით იცხოვრებ. გირჩევ, დამთანხმდე. შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, სხვაგან წაიყვანო შენი ტალანტი, მაგრამ ყველგან იმავეს გეტყვიან, თანაც სხვაგან ფასები ჩვენთან შედარებით დაბალია.
– თუ მასეა, მაშინ თანახმა ვარ, – ვუთხარი კლუბის პრეზიდენტს და პირველი რუსული ტრანსფერი ამგვარად გავჩარხე.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





