რომანი და დეტექტივი

არარსებულები

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.07

არარსებულები
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26 (1331)

ბევრი რომ არ გავაგრძელო, არამც თუ ნაკრებიდან გამრიცხეს, სავარჯიშო დარბაზშიც კი ამიკრძალეს შესვლა და ეს იმას ნიშნავდა, რომ საყვარელი საქმისთვის თავი უნდა დამენებებინა. და ასეც მოხდა. ინსტიტუტიდანაც გამომრიცხეს. ფაქტობრივად, საქმე არ მქონდა. არც ვიცოდი, რა გზას უნდა დავდგომოდი და არც ახლო ნათესავი და ჭკუის დამრიგებელი მყავდა, რომ სწორ გზაზე დავეყენებინე... ერთი პერიოდი რეჟიმით ცხოვრებას ვაგრძელებდი. ვვარჯიშობდი, მაგრამ ჭიდაობას რომ ჩამოშორებული ვიყავი, ნელ-ნელა თავი საერთოდ დავანებე. შემდგომ სიგარეტის მოწევაც დავიწყე, სასმელსაც წავეპოტინე და საბოლოოდ ქუჩის კამპანიაშიც ამოვყავი თავი. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც გავიცანი და კრიმინალშიც შევდგი ფეხი. თავდაპირველად წვრილმანი საქმეებით ვიყავი დაკავებული, შემდგომ კი უფრო ღრმად შევტოპე. ბოლოს კი მძარცველთა ბანდაში მოვხვდი და შეიარაღებულ თავდასხმებს ვახორციელებდით. ძირითადად, ინკასატორებზე. ზოგჯერ, ეგრეთ წოდებულ, „ცეხავიკებსაც“ ვესხმოდით თავს და ფულთან ერთად, ძვირფასეულობასა და ანტიკვარულ ნივთებსაც ვართმევდით. მიუხედავად იმისა, რომ მილიცია კარგად მუშაობდა, კუდზე გვასხდნენ და ჩვენს დაჭერამდე ბევრი არ აკლდათ, ხუთი წელი ვითარეშეთ. მაგრამ ბოლოს მაინც ჩავვარდით. მოსკოვში ერთი მსხვილი საწარმოს ინკასატორებს დავესხით თავს და ნახევარ მილიონ მანეთამდე ფული წავიღეთ. თუმცა, ურთიერთსროლა მოგვიწია. ორი კაცი მოგვიკლეს, ერთი მძიმედ დაჭრეს. ჩვენ კი ერთი „ინკასატორი“ მოვკალით და ერთიც დავჭერით. მოკლული ბანდის უფროსის მსხვერპლი იყო, დაჭრილი – ჩემი. სწორედ ჩვენ ორმა მოვახერხეთ გაქცევა და ფულის წაღება, მაგრამ სამ დღეში დაგვიჭირეს. გაგვასამართლეს. მე 15 წელი მომისაჯეს, მეთაური კი სიკვდილით დასაჯეს. ციხეში რომ შევედი, სულ რაღაც, 25 წლის ვიყავი. განსაკუთრებული რეჟიმის საპყრობილეში ვიხდიდი სასჯელს. მე ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი ვიყავი და ირგვლივ კი თავზეხელაღებული ადამიანები იყვნენ, ისეთები, ვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირდათ. ორი წელიწადი ასეთ ყოფაში გავატარე. ერთ დღეს კი პაემანზე გამიყვანეს. მართალია, არავის ველოდებოდი, მაგრამ ინტერესმა დამძლია და გავედი. ჩემ წინ უცნობი კაცი იჯდა და მაშინ არ ვიცოდი, რომ ის გენერალი იყო.

– გამარჯობა, – მითხრა უცნობმა.

– გაგიმარჯოს, – მოკლედ მივუგე და გაოცებით შევხედე.

– მე გენერალი ვარ. პირდაპირ საქმეზე გადავალ.

– ბრძანეთ.

– აქედან გასვლა გინდა?

– ვის არ უნდა?!

– დროზე ბევრად ადრე, სულ მალე...

– და ამისთვის რა უნდა გავაკეთო. „სტუკაჩობას“ ხომ არ მთავაზობთ?

– ასეთი რამ ციხის თანამშრომლების საქმეა. მე კი უშიშროების გენერალი ვარ. სხვა მისია მაქვს.

– ბრძანეთ.

– თუ თანახმა იქნები, მაშინ აქედან ერთ კვირაში გაგიყვან. მაგრამ ყველაფერი ისე უნდა შეასრულო, როგორც გეტყვი. თანახმა ხარ?

– თუ „სტუკაჩობას“ არ მთავაზობთ ან რაიმე უარესს, მაშინ თანახმა ვარ.

– უარესს, მაგრამ არა ისეთს, რაზეც უარს იტყვი.

– გისმენთ.

– მე ყურადღებით გავეცანი შენს დოსიეს და მივხვდი, რომ ჩვენი საქმისთვის იდეალური კანდიდატი ხარ. ჩვენი საქმე კი სამშობლოს მტრების განადგურებაა.

– ფრონტის წინა ხაზზე ხომ არ მიპირებთ გაგზავნას, გენერალო?

– კი. მაგრამ უხილავი ფრონტის წინა ხაზზე, – დააზუსტა გენერალმა.

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი დეტექტივი მქონდა წაკითხული. ვიცოდი, რომ უხილავ ფრონტს დაზვერვას უწოდებდნენ და გენერალს ვუთხარი:

– მზვერავობას ხომ არ მთავაზობთ, გენერალო?

– საიდუმლო-ოპერატიული სამუშაოს შესრულებას. ამ სამუშაოს კი სამშობლოს მტრების ლიკვიდაცია ეწოდება.

– ესე იგი, მკვლელად გახდომას მთავაზობთ?

– მკვლელი სისხლის სამართლის დამნაშავეა. სამშობლოს მოღალატის გამანადგურებელი კი – გმირი.

– ესე იგი, ნიკოლაი ივანეს ძე კუზნეცოვობას? – ვთქვი მე და დავამატე, – ის კაცი იყო გმირი-ლიკვიდატორი. თუმცა, ფაშისტ ბობოლებს ხოცავდა ომის დროს.

– კი, დაახლოებით, კუზნეცოვობას. მართალი ხარ. შენს დოსიეში თეთრზე შავით წერია – სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა უყვარსო, – ღიმილით მითხრა გენერალმა.

– დიახ. მიყვარს და ბევრიც წამიკითხავს.

– ესე იგი, თანახმა ხარ?

– დიახ. საინტერესო საქმეა. თანაც, აქედან გასვლის შანსი მაქვს.

– მაგრამ იცოდე, უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იქნები. არ იფიქრო, რომ მოგვატყუებ და ჩვენგან თავს დააღწევ. ასეც რომ მოიქცე, მაინც მოგწვდებით. გასაგებია?

– გასაგებია, გენერალო.

– წავედი. შევხვდებით ერთ კვირაში, ნახვამდის!

ერთი კვირის შემდეგ მე ეტაპით გამგზავნეს ციმბირის ერთ-ერთ კოლონიაში. თუმცა, მხოლოდ საბუთებით. იქ ისიც ეწერა, რომ გზაში ვაგონს ცეცხლი წაეკიდა. დავიწვი, დავნახშირდი და მას მერე, რაც ჩემს სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დამმარხეს. სინამდვილეში კი უშიშროების სპეციალურ სასწავლო ბაზაზე განმათავსეს. ჩემთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და სწორედ ეს ხუთეული მოგვამზადეს. 18 თვე გვასწავლიდნენ და ბოლოს თვითმფრინავით გაგვამგზავრეს მოსკოვში სულ სხვა, ახალი საბუთებით. თვითმფრინავი კი, რომლითაც ჩვენ ვიმგზავრეთ, საბუთების მიხედვით, ჰაერში აფეთქდა და შავ ზღვაში ჩავარდა. ეს ტრიუკი კი იმისთვის იყოს საჭირო, რომ ჩვენი კვალი ბოლომდე წაეშალათ და მთელი ეს კომბინაცია გენერლის მიერ იყო მოგონილი. მხოლოდ მან იცოდა „არარსებულების“ არსებობის შესახებ და ამიტომაც მითხრა, რაიმე რომ დამემართოს, უკურატოროდ დარჩებითო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ჯგუფი ძალიან ეფექტურად მუშაობდა. ლიკვიდაციებს ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში ვახორციელებდით. ჩვენი სამიზნეების 60 პროცენტი საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ და უმეტესი მათგანი მაღალ პარტიულ თანამდებობებს იკავებდნენ, როგორც პარტიულ ელიტაში, ასევე შავ სამყაროში. დანარჩენი 40 პროცენტი კი დისიდენტური წრეების წარმომადგენელი იყო. ლიკვიდაციების ნახევარი ყოველგვარი გასროლისა და ნაჩხვლეტ-ნაკვეთის გარეშე ხორციელდებოდა, ანუ ობიექტის სიკვდილს ძალადობის ნიშანი არ უნდა ჰქონოდა და ამას სხვადასხვა ხერხით ვაღწევდით. ძირითადად, შხამების, საწამლავების მეშვეობით. ზოგიერთი ლიკვიდაცია კი პირიქით, ძალიან სისხლიანი იყო. ამ მეთოდს, ძირითადად, შავი სამყაროს წარმომადგენლების მიმართ ვიყენებდით. იმიტომ რომ მათ შორის შუღლის ჩამოგდება იყო საჭირო და საამისოდ სწორედ სისხლიანი მეთოდი იყო ყველაზე დამაჯერებელი. ჩვენმა ჯგუფმა ხუთი წელიწადი იმუშავა ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. მეექვსე წელიწადს კი ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფის სამი წევრი დავკარგე. ერთი ავტოავარიაში დაიღუპა, მეორეს ინფარქტი მოუვიდა, მესამეს კი დენმა დაარტყა სახლში. ეს ყოველივე ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ უკვე სამი თვე უქმად ვიყავით და დავალებას არ გვაძლევდნენ. დავაპირე, გენერალთან გამერკვია ყველაფერი და მასთან მისვლა გადავწყვიტე, მაგრამ გენერალი მისსავე აგარაკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. აშკარა იყო, რომ ჩვენს ჯგუფს სპობდნენ და დიდი ალბათობით, ამას ჩემი ჯგუფის მეოთხე წევრის ხელით ახორციელებდნენ. და თუ ეს მართლა ასე იყო, რიგში უკვე მე ვიყავი და შემდგომ, ალბათ, მეოთხე წევრსაც მოუღებდნენ ბოლოს. ამიტომ, ვფრთხილობდი. მეოთხე წევრი ძალიან ჩუმად უნდა მომეხელთებინა. სახლში აღარ ვჩერდებოდი და ყოველდღე ვიცვლიდი ღამის გასათევს. იმავდროულად, ჩემი ჯგუფის მეოთხე წევრს ვეძებდი და როგორც იქნა, მოვიხელთე... მას ძველი საყვარლის ბინაში მივაგენი. ამ ბინის მისამართი კი ადრე სწორედ გენერალმა მომცა და საერთოდ, ჩემი ჯგუფის ყველა წევრზე საფუძვლიანი ინფორმაცია მან მომაწოდა. მაშინ ვკითხე, რატომ აკეთებდა ამას. გენერალმა მიპასუხა:

– ადრე თუ გვიან ამ კატეგორიის ხალხი კონტროლიდან გამოდიან. კვალის წაშლას ცდილობენ და ერთი სიტყვით, არასანდონი არიან. შენ კი მათი უფროსი ხარ. მათზე კონტროლი გევალება და მათ შესახებ ყველაფერი უნდა იცოდე.

– მეც ხომ ამ კატეგორიის ვარ და იქნებ ჩემზეც აწვდით მათ ინფორმაციებს და ასეთივე სიტყვებს ეუბნებით? – არ მოვერიდე გენერალს.

– არა, – გაეცინა გენერალს და დაამატა, – შენ სულ სხვა კატეგორია ხარ. ისინი კი – სულ სხვა. ისინი შენზე ბევრად საშიშნი არიან, ყველაფერზე ხელის მომწერნი. შენ მხოლოდ მძარცველი იყავი, ისინი დაუნდობელი მკვლელები არიან.

– და მაინც, გენერალო, ჩემსა და მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვპოულობ.

– სამაგიეროდ მე ვიპოვე და შენ სწროედ ამიტომ გაგამწესე მათ მეთაურად. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრე ეს ინფორმაციები. შეიძლება, ძალიან საჭირო დროს გამოგადგეს.:

და მართლაც რომ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამომადგა გენერლის მიერ მოცემული ინფორმაცია. მეოთხე წევრი რომ მოვიხელთე, მისი ყოფილი საყვარელი ბინაში არ იმყოფებოდა. სახლში კატასავით შევიპარე და ჩავსაფრდი. მეოთხე წევრი რომ მოვიდა, ივახშმა და მოდუნდა, სამალავიდან გამოვედი. იარაღი მივუშვირე და ვკითხე:

– შენ მოიშორე გენერალი და ჩვენები?

– გენერალი ვინაა? – კითხვა შემომიბრუნა მეოთხე წევრმა.

– თავს ნუ ისულელებ. კითხვაზე მიპასუხე. წინააღმდეგ შემთხვევაში აქვე გაგაფრთხობინებ სულს.

– კი. ჩემი ნამუშევარია.

– ვინ დაგავალა?

– უფროსობამ.

– კონკრეტულად?

– მე დავავალე. იარაღი დააგდე და გვერდით ამოუდექი, – მომესმა ნაცნობი ხმა.

იარაღი ძირს დავაგდე. მეოთხე წევრს გვერდით ამოვუდექი და ირონიით ვთქვი:

– ჩემმა მზემ, კარგი სპექტაკლი კი დადგით, გენერალო.

ჩემ წინ გენერალი იდგა და ხმები მისი ჩამოხრჩობის შესახებ „ოდნავ გადამეტებული“ აღმოჩნდა. მას ხელში მსხვილკალიბრიანი პისტოლეტი ეკავა და ირონიით მიყურებდა. შემდეგ მეოთხე წევრი შუბლში გასროლით მოკლა და მითხრა:

– ხომ გითხარი, რომ ეს ინფორმაცია ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოგადგება-მეთქი. მართალი ვყოფილვარ?

– უფრო სწორი იქნებოდა, გეთქვათ, რომ ეს ხრიკი ჩემს შემოსატყუებლად გამოიყენეთ, ხომ?

– ასეც შეიძლება ითქვას, – დამიდასტურა გენერალმა.

– ყოჩაღ. ჩაგეთვალათ, გენერალო.

– სულაც არ ვარ გენერალი. ეს მხოლოდ ფსეკვდონიმია და მეტი არაფერი.

– აბა, ვინ ხართ?

– ისეთივე რიგითი საზარბაზნე ხორცი, როგორიც შენ და სხვები. თუმცა, იმდენი მოვახერხე, რომ სისტემას თავგზა ავუბნიე და თითქმის ყველა მოწმე მოვსპე, ვისაც ჩემი არსებობის დადასტურება შეეძლო.

– მხოლოდ მე დავრჩი, არა?

– კი, მხოლოდ შენ დარჩი.

– რამდენი დამრჩა?

– რა?

– სიცოცხლე.

გენერალმა იარაღი მომაწოდა და მითხრა:

– აი, გამომართვი.

– აბა, თავიდან უნდა მოგიშოროო? – ვკითხე მე.

– მსგავსი არაფერი მითთქვამს. შენ იფიქრე მასე.

– რა ხდება, აღარ მეტყვი?

გენერალმა იარაღი შეინახა, მეც ასე მოვიქეცი და გენერალმა მითხრა:

– გეოლოგიური ექსპედიციის დროს მხოლოდ შენი მშობლები არ დაღუპულან, ორი წლით ადრე ჩემებიც ზუსტად ასე დახოცეს. მკვლელები და ოქროს გამტაცებლები კი სწორედ ის სამი ნაძირალა იყო.

– ჩემი ჯგუფის წევრები?

– კი, – დამიდასტურა გენერალმა.

– შური იძიე, ხომ?

– კი. ჩვენი მშობლების სისხლი ავიღე. ახლა კი დრო არ ითმენს, ყველანი მკვდრები ვართ. ის ნაძირლები მართლა მკვდრები არიან, ჩვენ კი – ვითომ. თუმცა, უნდა ვიჩქაროთ. არარსებულები ვართ და უნდა გავქრეთ. წავედით!..

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი