რომანი და დეტექტივი

ანგარებიდან სიყვარულამდე

№30

ავტორი: ნია დვალი 20:00

ანგარებიდან სიყვარულამდე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28-29 (1334)

გულდამძიმებული მივიდა ანა სახლში. იმ საღამოს ლადოც გვიან დაბრუნდა სამსახურიდან. ანას გაეღვიძა, როდესაც ქმარმა საძინებლის კარი შეაღო...

– უნდა დავილაპარაკოთ, – მკაცრი ხმით უთხრა ლადომ ცოლს და შუქი აანთო.

ანამ შენიშნა, რომ ლადო თავის თავს არ ჰგავდა. საწოლზე წამოჯდა. ასეთი ქმარი მას აქამდე არასდროს ენახა.

– ჩვენს ნიშნობამდე, როდესაც მივლინებაში ვიყავი წასული, ჩვენთან დიმიტრი მოვიდა? – ჰკითხა ლადომ.

– შენ საიდან იცი? – კითხვა დაუბრუნა ანამ და მაშინვე შეშინებულმა აიფარა ხელი პირზე, მიხვდა, რომ თავი გასცა.

– მე არაფერი ვიცოდი, შენ მითხარი ახლა, – მწარედ ჩაიღიმა ლადომ: ნოდარი ჩემი შვილი არ არის. დღეს დნმ-ის ტესტის პასუხი მივიღე. არადა მე მხოლოდ ეჭვების გაფანტვა მინდოდა... ბოლო დროს მეჩვენებოდა, რომ ბიჭი საერთოდ არ მგავდა, თანაც მის კისერზე, აი, ის ხალი მოსვენებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი, რომ პარანოია მჭირდა, ამიტომაც გადავწყვიტე დნმ-ის ტესტის გაკეთება. მაგრამ პასუხის მიღების შემდეგ, სადაც ჩემი მამობის ალბათობა ნულამდეა, ყველაფერს მივხვდი. მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ ასეთივე ხალით.

ანას არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც ახლა მის თავს ხდებოდა და ძალიან ეშინოდა.

ლადო არ ცხრებოდა: შენ ხომ ამბობდი, რომ გიყვარდი?! რომ გინდოდა ჩემზე გათხოვება?! არადა პირველივე შესაძლებლობა გამოიყენე და მიღალატე. მე სულელმა კი ჩამოსვლისთანავე ცოლობა შემოგთავაზე. იმიტომ რომ გენდობოდი, შენ კი ჩემს საუკეთესო მოსწავლესთან... შვილივით მიყვარდა და ორივემ მიღალატეთ.

ანა დუმდა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე.

– იცი, რამდენი ლამაზი ქალი ცდილობდა ჩემს ცდუნებას ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცოლი ცოცხალი იყო?! ძალიან ბევრი იყვნენ, მაგრამ არც ერთხელ არ ავყოლივარ. მისი ერთგული ვიყავი და შენი ერთგულიც ვიყავი. მაგრამ, ჩემი ცოლისგან განსხვავებით, შენ ქუჩის ქალი აღმოჩნდი!

ანა კანკალებდა. ლადოს კი სახე კიდევ უფრო გაუსასტიკდა:

– აღარ მინდა შენი და შენი ბავშვის აქ დანახვა! ჩაალაგე ბარგი და ჩემი სახლიდან გაეთრიე! ტაქსი გამოიძახე, იმიტომ რომ მანქანა აღარ გყავს!

***

იმ ღამეს ანამ სასწრაფოდ ჩაალაგა თავისი და ბავშვის ნივთები და ოლიკოს მიადგა. ოთო ცოლისდას ჩანთების ატანაში დაეხმარა, ანასა და პატარას მაშინვე საძინებელი დაუთმეს, სადაც რემონტის შემდეგ დიდი საწოლის ყიდვა მოესწროთ.

– შენ და ნოდიკო აქ უფრო კომფორტულად იქნებით, – უთხრა ოლიკომ დას და ჩაეხუტა.

– თქვენ? – ცრემლიანი თვალებით შეხედა ანამ დას.

– მისაღებ ოთახში, დივანზე დავიძინებთ. დიდია, ადგილი გვეყოფა.

– მადლობა, – ანა დას ეხუტებოდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე.

– ნუ ტირი, დაიკო, – ამშვიდებდა ოლიკო, – ყველაფერი მოგვარდება. ბავშვზე იფიქრე, რძე არ გაგიშრეს.

– რაღაცას მოვიფიქრებ, ბინას ვიქირავებ, დიდხანს არ დავრჩები, ხელს არ შეგიშლით, – სლუკუნებდა ანა.

– კარგი, რა, – შეაწყვეტინა ოთომ, – ეს შენი სახლია. შენი ქმარი კი პირუტყვია! რაც უნდა დაგეშავებინა მის წინაშე, არ ვიცი, თქვენ შორის რა მოხდა, მაგრამ შუაღამისას ბავშვით ხელში შენი გამოგდება არაკაცობაა. ქუთაისში კარგი სამსახური შემომთავაზეს. ასე რომ, ეს ბინა მალე მთლიანად შენს განკარგულებაში იქნება, მაქსიმუმ, ორ თვეში. ჩვენ მაინც იქ გადავდივართ. იქნებ ამასობაში შენმა ქმარმა გადაწყვეტილებაც შეცვალოს.

– არა, ოთო, ის ნამდვილად არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. არასდროს მაპატიებს, – და ანა კვლავ ატირდა.

– არა უშავს, – ოლიკომ დას ბავშვი გამოართვა, მის გარეშეც იცხოვრებ, რაღაცას მოვიფიქრებთ. ახლა კი დაისვენე.

***

ანამ სასამართლოს უწყება მალევე მიიღო, როგორც ჩანს, ლადოს ნაცნობობამ თემიდასთანაც გაჭრა. ოლიკოს უნდოდა, გაჰყოლოდა დას პროცესზე, მაგრამ ანამ უარი უთხრა და სთხოვა, ბავშვთან დარჩენილიყო.

ანა სრულიად მარტო იყო, როდესაც ლადოს ადვოკატმა მას ბრალი არა უბრალოდ ტყუილში, არამედ თაღლითობაში დასდო, რომ ანამ მოატყუა მისი კლიენტი და დაარწმუნა, რომ ბავშვის მამა იყო, რაც დნმ-ის ტესტმა უარყო. ადვოკატმა მოითხოვა, რომ ანას ნებაყოფლობით ეთქვა უარი მისი კლიენტის ყოველგვარ ქონებრივ პრეტენზიაზე, რათა სხვა სასამართლო დავები თავიდან აეცილებინა.

ბუნებრივია, პლასტიკურმა ქირურგმა გადაჭრით თქვა უარი ნოდიკოს მამობის უფლებაზე – ის არ აპირებდა სხვისი შვილისთვის ალიმენტის გადახდას. ანამ ყველა დოკუმენტს, რომელიც ადვოკატმა წინ დაუდო, ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ არაფრის გასაჩივრებას არ გეგმავდა. მოსარიგებელი სხდომა დასრულდა ისე, რომ პროცესი არც ჩანიშნულა. საკუთარი მისამართით იმდენი საძაგლობა მოისმინა, რომ მხოლოდ ერთი რამ უნდოდა – რაც შეიძლება, სწრაფად გასცლოდა ყოფილი ქმრის ადვოკატს. მეორე მხრივ, ლადოს არც არაფერში ადანაშაულებდა, რადგან იაზრებდა, რომ დამნაშავე თავად იყო.

- აი, ასე დავრჩი გაბზარულ ვარცლთან, – ტიროდა ანა, – აი, ასე სამარცხვინოდ დასრულდა ჩემი ოჯახური ცხოვრება. როგორ დამამცირეს დღეს, არადა ვიმსახურებდი.

ოლიკო დას ეხუტებოდა და ამშვიდებდა. შემდეგ სამზარეულოში გაიყვანა და დამამშვიდებელი ჩაი დაუსხა.

– ახლა როგორ ვიცხოვრო? არსებობისთვის არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია. ლადომ ჯერ კიდევ ორსულობის პირველ თვეებში მაიძულა სამსახურიდან წამოსვლა. არც დეკრეტული გაუფორმებიათ. ტანსაცმლიდანაც მხოლოდ ის დამრჩა, რისი წამოღებაც იმ ღამეს მოვასწარი, – ანა ისევ შესჩიოდა დას და ვერ ჩერდებოდა, – ყოფილი ქმრის სახლიდან მეტს ვეღარაფერს წამოვიღებ. ბავშვის ნივთებსა და ტანსაცმელსაც კი. ნოდიკო საწოლისა და ეტლის გარეშეც დარჩა, ჩემი ზამთრის ტანსაცმელიც კი იმ სახლშია, ალბათ, დაწვავს ან გადაყრის, მე კი არაფერს მომცემს.

– რაც მთავარია, თავზე ჭერი გაქვს, – მშვიდად უთხრა ოლიკომ და ფინჯანს დასწვდა, რომ ჩაი კიდევ დაესხა, – შენ და ნოდიკო ჯანმრთელები ხართ, რამე სამუშაოს იპოვი, ჩვენც დაგეხმარებით. ყველაფერი მოგვარდება, ნუ გეშინია.

ანამ მადლიერებით შეხედა დას და ცრემლები გადაყლაპა.

სანამ ოლიკო გაემგზავრებოდა და ნოდიკოს დატოვება შეეძლო, ანამ დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი და მარტოხელა დედის სტატუსიც მიიღო. შეცვალა ნოდიკოს დაბადების მოწმობაც და ახლა ნოდიკოც დედის გვარს ატარებდა.

ანას ბევრი არ უფიქრია, გაწევრიანდა ჯგუფებში, სადაც დედები ბავშვების მეორად ტანსაცმელს სიმბოლურ ფასად, ზოგჯერ კი უფასოდაც სთავაზობდნენ ერთმანეთს. ნოდიკო სწრაფად იზრდებოდა და ტანსაცმელი სულ უფრო და უფრო მეტი სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ანამ მალე განუახლა შვილს გარდერობი და კეთილმა ადამიანებმა მას ბავშვის საწოლიც კი აჩუქეს. ბედად, იპოვა განცხადება, ბავშვის ეტლ-ტრანსფორმერს უფასოდ სთავაზობდნენ მსურველებს.

ანამ სასწრაფოდ დარეკა, აუხსნა თავისი ვითარება და შეხვედრის ადგილზეც შეთანხმდნენ. ნოდიკო ოლიკოს დაუტოვა. როდესაც კარი გაუღეს, ანა გაშრა და ხმაც ჩაუვარდა – მის წინ დიტოს ცოლი იდგა, რომელმაც ანა, ცხადია, ვერ იცნო.

– ეტლის წასაღებად მოხვედით, არა? – თავი დაუკრა დიასახლისმა და სახლში შეიპატიჟა.

ანას მხოლოდ ის ახარებდა, რომ მასპინძელმა ვერ იცნო, ეს არც იყო გასაკვირი, იმიტომ რომ ანას ახლა ძალიან სადად ეცვა და სრულიად არ ჰგავდა თავის თავს იმ წვეულებიდან, რესტორანში.

– თქვენი სახე მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან, - ვერ მოითმინა ბოლოს მასპინძელმა, – სადმე შევხვედრილვართ ერთმანეთს?

– არა, არ მგონია, – ენა დაება ანას და უხერხულად გაიღიმა, – ბავშვი მეზობელთან დავტოვე. მეჩქარება...

– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, – შეწუხდა მასპინძელი და უცებ წამოიძახა, – გამახსენდა! თქვენ ხომ ანა ხართ, ბატონი ვლადიმერის კლინიკიდან!

– არა, გეშლებათ, – ჩაიბურტყუნა ანამ და ეტლი ლიფტთან მიაგორა.

– მოიცადეთ, ახლა ჩემი ქმარი მოვა და დაგეხმარებათ! – მიაძახა მასპინძელმა.

დიტოსთან შეხვედრა ანას ძალებს აღემატებოდა, ამიტომ უცებ შევარდა ლიფტში, რომელიც ბედად მაშინვე გაიღო:

– არ შეწუხდეთ, ტაქსი მელოდება, ლიფტიც უკვე მოვიდა. დიდი მადლობა! – მიაძახა მასპინძელს.

ანა აღელვებული იყო და ხელებს ვერ იმორჩილებდა. შვებით მხოლოდ მას შემდეგ ამოისუთქა, როდესაც ეტლი ტაქსის საბარგულში ჩადო, თავად კი მძღოლის გვერდით დაჯდა. მთელი გზა ცრემლებს იკავებდა, მოგონებები მის თვალწინ კინოკადრებივით ენაცვლებოდა ერთმანეთს: იხსენებდა იმ ერთადერთ დღეს დიტოსთან ერთად, თუმცა იცოდა, რომ ის სამუდამოდ ჩაჰბარდა წარსულს. თავს გამოუტყდა, რომ ძალიან შურდა დიტოს კანონიერი ცოლის: ის ისეთი ბედნიერი ჩანდა. ალბათ, მათი ურთიერთობა მოგვარდა, ფიქრობდა ანა და ის ამშვიდებდა, რომ მათი ქალიშვილი კარგად იყო. ანას აღარ უნდოდა მათი ოჯახის დანგრევა, მან ისედაც საკმარისად დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ლადო მოატყუა. ახალი უბედურების დამატება აღარ უნდოდა.

როდესაც სახლში დაბრუნდა, პირდაპირ შემოსასვლელში, იატაკზე, ჩამოჯდა და ატირდა.

– ახლა რაღა მოხდა, დაიკო? – ოლიკო შეშინდა, და რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა, – ცუდად ხარ?

– ძალიან ცუდად ვარ, – უმატა ტირილს ანამ და დას დიტოს ცოლთან შეხვედრის ამბავი უამბო.

– აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად? – გაუკვირდა ოლიკოს.

– არ ვიცი. თითქოს ბათუმში უნდა ეცხოვრათ. ისღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის, რომ სადმე შემთხვევით შევხვდე.

ოლიკო გულდამძიმებული გაემგზავრა, თუმცა მან და ოთომ დედასა და შვილს ყველაფერი აუცილებელი უყიდეს, რისი ყიდვაც წინასწარ შეიძლებოდა. ცოტა ფულიც დაუტოვეს და არც ანა იჯდა გულხელდაკრეფილი. მან სოციალური დახმარება გააფორმა და შეთავსებით სამუშაოც იპოვა: ბიჟუტერიის მაღაზიის შეკვეთით სამკაულებს აწყობდა. მასალა მასთან სახლში მიჰქონდათ და მზა შეკვეთების წასაღებადაც თავად აკითხავდნენ. ამ საქმეს მცირეოდენი შემოსავალი მოჰქონდა მისთვის. მეზობლები და მათი ნაცნობებიც სთხოვდნენ ხოლმე ხან ნემსის გაკეთებას, ხან – სისტემის დადგმას, რაშიც ფულსაც უხდიდნენ.

ანას ძალიან ახარებდა, რომ ნოდიკო თავისი ცხოვრების 10 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ გამხდარა ავად. დისა და სიძის გამგზავრების შემდეგ კი მისი ცხოვრება, მართლაც, თანდათანობით დალაგდა. ისინი თითქმის ყოველდღე ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით, ასე რომ, ანა თავს მარტო არ გრძნობდა.

ზაფხულის თბილ საღამოებს დედა-შვილი პარკში ატარებდა. ბედის ირონია ის იყო, რომ ეტლი ნოდიკოს მამის მხრიდან ღვიძლი დისგან ერგო, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოდესმე გაეცნოთ კიდეც.

როგორც არ უნდა ეცადა, ანას თავში სულ მუდამ დიტო უტრიალებდა. ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, ერთად რომ ყოფილიყვნენ ან უფრო ადრე შეხვედროდნენ ერთმანეთს. მის წარმოსახვაში სურათხატები ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მაშინვე ფერმკრთალდებოდა, როგორც კი ანას შიში შეეპარებოდა: შემთხვევით ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო?! ანას აღარ უნდოდა კიდევ ერთი ტკივილის გადატანა.

სახლში დაბრუნებამდე ანა ყოველთვის შეივლიდა ხოლმე ეკლესიაში და სანთლებს ანთებდა, თან, არა მხოლოდ პატარა ნოდიკოსთვის, თავისი დისა და სიძისთვის, არამედ თავისი ყოფილი ქმრის, დიტოს, მისი ცოლისა და მათი ქალიშვილის სახელზეც და ღმერთს პატიებას სთხოვდა.

ერთ საღამოსაც პარკში ანა მირანდას გადაეყარა, შუა ხნის ქალს, რომელიც მისი ყოფილი ქმრის სახლში დამხმარე ქალად მუშაობდა, როდესაც ანა ლადოს ცოლი იყო და მან დაწვრილებით უამბო, თუ როგორ გააჩუქა მისმა ყოფილმა ქმარმა ანასა და ნოდიკოს ნივთები და ავეჯი...

– ბავშვი ხომ არაფერშია დამნაშავე?! მას რატომ მოექცა ასე? – ვიშვიშებდა ხანშიშესული ქალი და ნოდიკოს ეთამაშებოდა.

ანამ მადლობა გადაუხადა მირანდას და კეთილგანწყობილად დაემშვიდობა, თუმცა მისი დანახვა არ გახარებია, იმიტომ რომ აღარ უნდოდა წარსულის ქექვა, მით უმეტეს, რომ ეს დიდ ტკივილს აყენებდა. ახლა უკვე პარკის იმ ხეივნებში სეირნობდა, სადაც ყველაზე ნაკლები ხალხი ირეოდა, არ უნდოდა, ძველ ნაცნობებს გადაჰყროდა, მაგრამ ბედისწერას სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული...

***

ნოდიკომ სათამაშო ძირს დააგდო და მხიარულად გაიცინა, როდესაც ანა დაიხარა, რომ აეღო, მის წინ დიტო იდგა. ანა დაიბნა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

– ანა?! – არანაკლებ გაოცებული იყო დიტოც, – აქ შენს ნახვას ნამდვილად არ ველოდი. დღეს ჩამოვედი. რა საყვარელი პატარაა, – დიტომ ნოდიკოს გაუღიმა, – როგორ ხარ? – მიუბრუნდა ანას.

– მაპატიე, გვეჩქარება, – ანამ ეტლი მოატრიალა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა პარკის გასასვლელისკენ.

„იმავე შეცდომას აღარ ჩაიდენ“... – უმეორებდა საკუთარ თავს. ანა არ აპირებდა, ისევ მიეცა დიტოსთვის უფლება, მის ცხოვრებაში შეჭრილიყო და დაენგრია ის, რასაც ძლივძლივობით აკოწიწებდა.

– მოიცადე, სად მირბიხარ, დავილაპარაკოთ, – დაედევნა დიტო.

ანა ხმას არ იღებდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა, ყელში კი თითქოს ბურთი გაეჩხირა. ნაბიჯს სულ უფრო და უფრო უჩქარებდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი