რომანი და დეტექტივი

ანგარებიდან სიყვარულამდე

№29

ავტორი: ნია დვალი 20:00

რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28 (1333)

– ეს რაღამ მოიყვანა? – თქვა ხმამაღლა, თუმცა იმ პირველივე და ერთადერთი შეხვედრისას ახალგაზრდა კაცმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ საღამოს ორიოდე სიტყვაც გაცვალეს და თუმცა სულ ეს იყო, ანამ მაინც იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქირურგი ზედმეტი ინტერესით ათვალიერებდა. იმ წვეულების შემდეგ თავადაც არაერთხელ დაუჭერია თავი, რომ დიტოზე ფიქრობდა ხოლმე, თუმცა მსგავს ფანტაზიებს მაშინვე გაურბოდა. ამდენად, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვა არ ესიამოვნა.

აკანკალებული ხელით ღილაკს თითი დააჭირა.

– დილა მშვიდობის, დიმიტრი. ვლადიმერი მივლინებაშია.

– დიახ, ვიცი, – არც კი შემცბარა სტუმარი, – შენთან მინდა დალაპარაკება.

– ნეტავ რაზე უნდა ველაპარაკო? – გაიფიქრა ანამ, როდესაც კარი გააღო და თავისი მომავალი ქმრის საუკეთესო მოსწავლე სახლში შემოუშვა.

– სიმართლე გითხრა, დღეს არავის ველოდებოდი, – თავი იმართლა ანამ და სველი თმა შეისწორა.

– მე ხომ ოფიციალური ვიზიტით არ მოვსულვარ, – გაუღიმა დიტომ, შემდეგ კი ისეთი მზერა შეავლო ანას, რომ ახალგაზრდა ქალს ჟრუანტელმა დაუარა. ანა თავისდა უნებურად გაწითლდა, დიტომ ეს ვითომ ვერ შეამჩნია.

– ყავას დამალევინებ? – ჰკითხა დიასახლისს.

ანამ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და სტუმარი მისაღებ ოთახში, დივანზე, ჩამოჯდა. ანა სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ორი ფინჯნით ხელში დაბრუნდა. ანა მის წინ დაჯდა სავარძელში და ცდილობდა, გამოეცნო, რისთვის მოვიდა ლადოს მოსწავლე მასთან სახლში მაშინ, როდესაც მასპინძელი სახლში არ იყო.

– დიდი ხანია, რაც შენ და ბატონი ლადო ერთად ცხოვრობთ?

ანა უცებ დაიბნა, არ ელოდა ასეთ პირდაპირობას.

– არც ისე.

– მასზე გათხოვებას აპირებ? – დიტომ ყავა მოსვა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა, – ის ხომ შენზე ბევრად უფროსია, შენ კი ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, რაში გჭირდება ეს ქორწინება?

ანა გაბრაზდა, ამ ტიპის საუბარი არ ესიამოვნა:

– ამაზე შენ რატომ უნდა გელაპარაკო? ეს მხოლოდ მე და ლადოს გვეხება.

– მეც მეხება, – თქვა დიტომ, წამოდგა და ანასკენ გაიწია.

ანა ფეხზე წამოდგა.

– შენ რატომ უნდა გეხებოდეს? – ანას გაქცევა მოუნდა, მაგრამ მის წინ დიტო იდგა, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა.

ანამ თავი ხაფანგში მოქცეულივით იგრძნო: მაინც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, უფრო სწორად, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. დიტო მისკენ დაიხარა და სახეზე ხელი ჩამოუსვა, ანამ მისი სუნთქვა იგრძნო და გაინაბა. ისევ დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში. განძრევას ვერ ახერხებდა, დიტოს ხელები კი უკვე მის სხეულზე დასრიალებდა. ანამ იცოდა, რომ ეს უნდა შეეწყვიტა, მაგრამ იმდენად უჩვეულო შეგრძნებები დაეუფლა, რომ, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა, ამის ვერც სურვილს გრძნობდა.

ანა გონებაში უმეორებდა საკუთარ თავს, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შეეწყვიტა და ეს თავხედი სტუმარი დაუყოვნებლივ გაეგდო სახლიდან, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. ანა შეძრწუნდა, როდესაც მიხვდა, რომ ახლა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე სწორედ ამ დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად უნდოდა ყოფნა. სუნთქვა გაუხშირდა და თვალები დაებინდა. აქამდე უჩვეულო ვნებამ ისეთ მორევში გაიტაცა, რომლის არსებობაზეც მას აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

***

ისინი დივანზე იწვნენ. ანა დიტოს კისერზე უყურებდა, უკანა მხარეს, მარჯვენა მხრისკენ გულის ფორმის ხალი ჰქონდა.

– ეს არასწორია, – თქვა ბოლოს ანამ, – ლადო ამას არ იმსახურებს და არც შენი ცოლი. არც შენი პატარა ქალიშვილი.

დიტო ხმას არ იღებდა.

– ჯობია, წახვიდე, – უთხრა ანამ და წამოდგომა დააპირა, დიტოს დუმილმა გააღიზიანა, მაგრამ კაცმა დაიჭირა.

– არც უნდა მოვსულიყავი, მაგრამ არ შემეძლო.

– და ახლა რა იქნება? – ჰკითხა ანამ.

– შენ წამოხვალ აქედან, მე ცოლს გავშორდები. ჩვენ მხოლოდ ბავშვის გამო დავქორწინდით, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაფუჭდა.

ანა ცდილობდა, არ დაეჯერებინა დიტოს სიტყვები. ბოლოს უთხრა:

– შენ წახვალ და აღარ დაბრუნდები. და მე დავრჩები მარტო ამ სირცხვილთან ერთად.

– ასეთი ნაძირალა გგონივარ? – დიტომ ანას თვალებში შეხედა.

ანამ თავი დახარა.

– მე ახლა წავალ, რომ განქორწინებაზე საბუთები შევიტანო და რაც შეიძლება, მალე დავბრუნდები. ლადოს თავად დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი. შენ არაფერი უთხრა.

იმ დღემ ანასთვის ბურანში ჩაიარა. აღელვებული დადიოდა ოთახიდან ოთახში და უკვე მერამდენედ კრეფდა დიტოს ნომერს, თუმცა მხოლოდ ავტომოპასუხე ატყობინებდა, რომ მობილური ტელეფონი გამორთული იყო. ასე გავიდა ერთი დღე. შემდეგ მეორე. დიტო არ ჩანდა.

– იქნებ რამე შეემთხვა? ავარია?! ამიტომ ვერ მიკავშირდება?! – შფოთავდა ანა და პასუხებს ვერ პოულობდა. ეს გაურკვევლობა ჭკუიდან შლიდა.

მესამე საღამოს დიტოსგან შეტყობინება მიიღო:

– მაპატიე, ვერ ვლაპარაკობ. საავადმყოფოში ვარ. ჩემი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია.

ანა ძალაგამოცლილი მიესვენა დივანზე. თავში უამრავი აზრი უტრიალებდა, თუმცა მისთვის ნათელი ერთი რამ იყო, – დიტოს შვილის ავადმყოფობა ღალატის საზღაური იყო და ამაში ანა თავის თავსაც იდანაშაულებდა.

– როგორ შეიძლებოდა, ასე ავყოლოდით გრძნობებს და არავისზე გვეფიქრა? – ანას სინდისი ქენჯნიდა. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ, თუ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა, არავითარ შემთვევაში არ გაუღებდა კარს დიტოს. თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოს სახლში არ იყო, დიტოც წავიდოდა, თავის ოჯახს დაუბრუნდებოდა და მაშინ მის პატარას, ალბათ, არაფერი დაემართებოდა.

ანა მუხლებზე დამდგარი ლოცულობდა, ღმერთს პატიებას სთხოვდა და პატარას გამოჯანმრთელებას.

– ლადოს საუკეთესო ცოლობას გავუწევ, ცხოვრების ბოლომდე მასთან ვიქნები. სამუდამოდ დავივიწყებ დიტოს, ოღონდ გვაპატიე... – ევედრებოდა ანა ღმერთს.

გვიან ღამით ანა ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. დიტო ურეკავდა:

– ბავშვი უკეთ გახდა, კრიზისმა ჩაიარა, მაგრამ ახლა განქორწინებაზე ვერ დაველაპარაკები. ცოტა ხანს მოვიცადოთ...

– მართალი ხარ, – უთხრა ანამ დიტოს, – რაც მოხდა, შეცდომა იყო და ჯობია, დავივიწყოთ. ცოლს არ უნდა გასცილდე, შენ მასაც სჭირდები და შენს ქალიშვილსაც. აღარ დამირეკო.

ტელეფონი გათიშა და დიტოს ნომერი დაბლოკა. ღმერთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ მისი ლოცვა შეისმინა. ახლა უკვე ანას ჯერი იყო, თავისი პირობა შეესრულებინა.

და ანამ მთელი ღამე ტირილში გაატარა.

***

როდესაც ლადო დაბრუნდა, ანა უკვე მშვიდად იყო. მოასწრო გონს მოსვლა. ლადო დიდი და ულამაზესი თაიგულით ხელში გამოეცხადა და საზეიმოდ აცნობა:

– დღეს, საღამოს, რესტორანში ვვახშმობთ. შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს.

ანა საგულდაგულოდ გამოეწყო და, მართლაც, საღამოს, ლადომ საუკეთესო რესტორანში წაიყვანა. კერძები არც კი მოეტანათ, როდესაც ლადომ ჯიბიდან ხავერდის მეწამულისფერი პატარა ყუთი ამოაძვრინა, გახსნა და ანას გაუწოდა:

– გამომყვები ცოლად?

ანა უყურებდა ულამაზესსა და უძვირეს ბეჭედს და ცრემლებს ვერ იკავებდა: სულ რაღაც, ერთიოდე კვირის წინ ამაზე დღე და ღამ ოცნებობდა, ახლა კი მის ფიქრებში მხოლოდ დიტო იყო.

ბუნებრივია, ლადომ ანას ცრემლები აღელვებით ახსნა. ქალმა კი თავი დახარა და ისე, რომ თვალებში არ შეუხედავს ლადოსთვის, ჩუმად უპასუხა:

– დიახ, გამოგყვები.

იმ ღამით უკვე თავის საქმროსთან სარეცლის გაყოფა ანასთვის მოულოდნელად უსიამოვნო აღმოჩნდა. ადრე ლადო ნაზი და ალერსიანი ეგონა, მისი უკვე არცთუ ახალგაზრდა სხეული – საკმაოდ მოხდენილი და არც არანაირ უარყოფით გრძნობას არ იწვევდა, მაგრამ დიტოს შემდეგ საქმრო უფერულად, უღიმღამოდ ეჩვენებოდა და ანა ნანობდა. ნანობდა, რომ გაიგო განსხვავება ნამდვილ ვნებასა და იმას შორის, რაც ლადოსთან აკავშირებდა.

***

აგვისტოში მთაში გაემგზავრნენ. სუფთა ჰაერმა და სიმწვანემ ანას ხასიათი გამოუკეთა. უკან დაბრუნებულებმა ხელიც მოაწერეს და ამჯერად ზღვაზე წავიდნენ დასასვენებლად. ხელი ვიწრო წრეში მოაწერეს, უფრო ზუსტად, ვიწროზე ვიწრო წრეში. ლადოს ქალშვილებმა მამას განუცხადეს, რომ ვერ ჩამოვიდოდნენ. ახალდაქორწინებულმა კლინიკაშიც მოაწყვეს პატარა წვეულება.

პერსონალი გაოგნებული დარჩა, ვინაიდან ბოლო წუთამდე არაფერი იცოდნენ მათი ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის ასეთი ურთიერთობის შესახებ და ფაქტის წინაშე დადგნენ.

ანამ ჯერ კიდევ მთაში დასვენებისას იგრძნო მცირე დისკომფორტი. უკეთესობა არც ზღვის სანაპიროზე შეეტყო: თითქმის ყოველ დილას გულისრევა აწუხებდა, რაც აკლიმატიზაციას მიაწერა, სანამ ერთ დღეს თავში უცნაური აზრი არ მოუვიდა. მაშინვე ორსულობის ტესტი იყიდა და ისიც დადებითი აღმოჩნდა.

ლადო მეცხრე ცაზე დაფრინავდა ბედნიერებისგან და მზად იყო, ანა ხელში აყვანილს ეტარებინა. ცივ ნიავსაც არ აკარებდა და ისე ეპყრობოდა, როგორც ბროლის ლარნაკს. მაშინვე კლინიკაში დარეკა და ახალი ადმინისტრატორის მოძებნის განკარგულება გასცა, რომ მის ახალგაზრდა ცოლს დაესვენა და მხოლოდ საკუთარ თავსა და მომავალ მემკვიდრეზე ეზრუნა.

ლადომ თავისი მეუღლის მშობიარობისთვის საუკეთესო კერძო კლინიკა შეარჩია, სადაც ანას მთელი ორსულობის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ორსულობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. ლადოს უნდოდა, ვაჟის დაბადებას დასწრებოდა, მაგრამ ანამ გადააფიქრებინა.

გაზაფხულზე ანამ ჯანმრთელი და ფუნთუშა ბიჭი გააჩინა. ლადომ ცოლს მანქანა გამოუცვალა, რომ მას პატარასთან ერთად მგზავრობა გაადვილებოდა. ბავშვის ოთახი წინდაწინ მოამზადა და ყველაფერი შეიძინა. პატარას ნოდარი დაარქვეს – ლადოს მამის საპატივსაცემოდ.

ანა თავს ბედნიერად გრძნობდა, იმიტომ რომ ყველა მისი ოცნება ახდა: სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, გვერდით საიმედო ქმარი ჰყავდა, რომელთანაც სამუდამოდ დააკავშირა ვაჟმა. ლადოს ძალიან უყვარდა ნოდიკო, სულ ხელში ატარებდა, თავად ბანდა ყოველ საღამოს, ანას კი ამ დროს შეეძლო, წამოწოლილიყო და აღტაცებით ეცქირა ამ სასიამოვნო სურათისთვის.

ლადომ დამხმარე ქალბატონი ანას ფეხმძიმობის გაგებისთანავე აიყვანა, რასაც ნოდიკოს გაჩენის შემდეგ ძიძაც დაემატა. ასე რომ, ანას ბევრი დრო ჰქონდა შვილთან დროის გასატარებლად, იმიტომ რომ შავ სამუშაოს სხვები ასრულებდნენ. ის ხშირად დადიოდა თავის დასთან, რომელიც ამასობაში ცოლადაც გაჰყვა თავის პროგრამისტს და ისინიც ანასა და ოლიკოს ბინაში ბედნიერად ცხოვრობდნენ. ბებია სოფელში დაბრუნდა, ოლიკომ ვერაფრით გადააფიქრებინა.

დეიდამ მთელი გულით შეიყვარა თავისი დისშვილი და ანაც მხოლოდ მას უტოვებდა ხოლმე შვილს, როდესაც სტილისტთან მიდიოდა ან სალონში მასაჟზე.

– ან, ნახე, რა უცნაური ხალი აქვს ნოდიკოს ყურის უკან, – უთხრა ერთხელაც დამ ანას.

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ანამ, – თავიდან ნაკეცებში დიდად არ ჩანდა, ძალიან ფუმფულა დაიბადა. ახლა გამოუჩნდა და უკვე შეუძლია თავის დაჭერა.

– ლამაზი ფორმა აქვს, გულს ჰგავს, - გაიღიმა ოლიკომ.

ანას ამ სიტყვებმა თავზარი დასცა.

– როგორ ვერ მივაქციე ამას ადრე ყურადღება?! არა, ეს შეუძლებელია! – გაიფიქრა და გაფითრდა.

– რა დაგემართა? – შეშფოთდა ოლიკო, – სახეზე ფერი არ გადევს.

ანა სკამზე ჩამოჯდა და თავზე ხელები შემოიჭირა. ბავშვი ატირდა. ოლიკომ ხელში აიყვანა, მიეფერა, დაამშვიდა და დას მიაპყრო თვალები:

- აღარ იტყვი, რა დაგემართა?

– როგორც ჩანს, ლადო არ არის ნოდიკოს მამა, – ხმადაბლა თქვა ანამ და თავი ჩაქინდრა.

– როგორ თუ არ არის?! - ოლიკოც ჩამოჯდა დის გვერდით.

და ანამ დას ყველაფერი უამბო დიტოზე...

– დაუჯერებელია და ამდენ ხანს ჩუმად იყავი?!

– და რა უნდა მეთქვა?! მე მინდოდა, დამევიწყებინა, რაც მოხდა. ხანდახან დიტოზე ვფიქრობდი, როგორც ზღაპარზე, სიზმარზე. ვერც კი წარმოიდგენ, მასთან რა კარგი იყო... მაშინ მომეჩვენა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი, თითქოს სულ მას ვეძებდი.

– შენ ყოველთვის მდიდარ ქმარს ეძებდი, მე მაინც ნუ მატყუებ, - შეაწყვეტინა დამ.

– კი, ზუსტად ასე იყო, სანამ დიტოს შევხვდებოდი. ამის მერე ლადოს თვალებში ვეღარ ვუყურებდი, მხოლოდ ბავშვის დაბადების მოლოდინმა შეძლო ჩემი ნუგეშისცემა. უკვე შევეჩვიე კიდეც ასეთ ცხოვრებას, ჩემს ოჯახში ბედნიერიც კი ვიყავი და დიტო აღარც მახსენდებოდა. მაგრამ ახლა...

– მას შემდეგ მასთან აღარ გილაპარაკია? – ჰკითხა ოლიკომ.

– არა, საერთოდ არაფერი ვიცი მასზე და არც არაფრის გაგება არ მინდოდა. ისიც საკმარისია, რომ ჩვენი იმ... შემდეგ მისი ქალიშვილი მძიმედ გახდა ავად. მე ვიფიქრე, რომ ეს სასჯელი იყო, ამიტომაც მისი ნომერი მაშინვე დავბლოკე. ვფიქრობ, ის ისევ ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია. მე კი არ ვიცი, ახლა რა ვქნა, როდესაც ეს ხალი უკვე ზედმეტად შესამჩნევი გახდა. ადრე თუ გვიან, ლადო შეიძლება, მიხვდეს.

– რომ უთხრა? – შესთავაზა დამ.

– არა, რას ამბობ?! როგორ წარმოგიდგენია?! ან რა მოხდება, თუ გაიგებს?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი