ანგარებიდან სიყვარულამდე
ავტორი: ნია დვალი 20:00 24.07
როდესაც მშობლები ავტოავარიაში დაიღუპნენ, ანა 15 წლის იყო, ოლიკო – 19-ის. ბებია მათთან გადავიდა საცხოვრებლად და, ბუნებრივია, გაუჭირდათ. ოროთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ოლიკო სწავლობდა და პარალელურად, მუშაობაც დაიწყო. ბებიას ეხმარებოდა, ანა კი ოცნებობდა, მდიდარ კაცზე გათხოვილიყო და ცხოვრება აეწყო. იმიტომ, რომ, თუკი ოლიკო ეგუებოდა დუხჭირ ყოფას, ანას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდოდა, თავი დაეღწია სიღარიბიდან.
სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრდა და ექთნის სპეციალობას დაეუფლა. სამსახურს გულდასმით არჩევდა. ამის შესაძლებლობას აძლევდა პროფესია, იმიტომ რომ ექთნებს არც ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდათ და სამედიცინო სფეროში მათი ნაკლებობაც იყო. ანამ მაშინვე საქმროსთვის შესაფერისი კანდიდატის ძიებას მიჰყო ხელი და, თუმცა სამედიცინო სფეროში შეძლებული ექიმები იყვნენ დასაქმებული, თავისუფალი მამაკაცის პოვნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, გოგონა უკან დახევას არ აპირებდა. დიპლომის წარმატებით დაცვის შემდეგ სამსახურს იმ პრინციპით არჩევდა, ჰყავდა თუ არა კლინიკას პოტენციური მდიდარი სასიძოები.
რა თქმა უნდა, უპირველესად, ყველაზე ცნობილ კერძო კლინიკებს გადაავლო თვალი. განსაკუთრებულ ყურადღებას დირექტორებსა და მთავარ ექიმებს აქცევდა: გამოცდილსა და წარმატებულ მამაკაცებს. ცხადია, ისინი მასზე ასაკით ბევრად უფროსები იყვნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა. ახალგაზრდა გოგონა სიყვარულსა და რომანტიკაზე არ ფიქრობდა: მისთვის მთავარი იყო, იმდენი ფული ჰქონოდა, რომელიც უზრუნველად აცხოვრებდა მასაც და მის დასაც, რა თქმა უნდა, ბებიასაც.
საბოლოოდ გაუმართლა. ვაკანსია პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში იპოვა, რომლის მფლობელი და ხელმძღვანელი საკმაოდ ცნობილი, წარმატებული პლასტიკური ქირურგი ვლადიმერ კაპანაძე იყო.
ანამ ინტერნეტში დაწვრილებით მოიძია ინფორმაცია ვლადიმერ კაპანაძეზე და შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ცნობილი სპეციალისტი იყო, არამედ მასთან პლასტიკური ოპერაცია თითქმის ორჯერ ძვირი ღირდა და მიუხედავად ამისა, რიგები ჰქონდა. მასთან პაციენტები სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ, რაც ნიშნავდა, რომ კარგი შემოსავალი ჰქონდა. რაც მთავარია, არ ჰყავდა ცოლი. პლასტიკური ქირურგი, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაქვრივებულიყო. მის ზრდასრულ ქალიშვილებს ოჯახები ჰქონდათ და საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.
20 წლის ანას კაპანაძის ასაკი არ აშინებდა, არადა ის თითქმის 30 წლით უფროსი იყო მასზე, თუმცა ფოტოებზე საკმაოდ ახალგაზრდულად და სიმპათიურად გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში, ანამ თავისთვის ასე დაადგინა.
თავად ანა ლამაზი იყო, თან, იცოდა, როგორ გაესვა ხაზი საკუთარი სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის ტანსაცმლისა და კოსმეტიკის მეშვეობით.
სულაც არ შეფერხებულა იმ ფაქტის გამო, რომ მის მიერ შერჩეულ კლინიკაში მხოლოდ ადმინისტრატორის ვაკანსია იყო და ნაკლებ ხელფასს აიღებდა, ვიდრე ექთნად მუშაობის შემთხვევაში. მას სხვა მიზანი ჰქონდა – კაპანაძის მოხიბვლა და მასზე გათხოვება.
როდესაც თავისი გეგმების შესახებ უფროს დას უამბო, ოლიკოს სახეზე მაშინვე შეეტყო, რომ ეს ამბავი არ ესიამოვნა. თავად ოლიკო ძალიან ჩვეულებრივ ბიჭს ხვდებოდა. ოთო პროგრამისტად მვშაობდა და ოლიკო დარწმუნებულიც იყო, რომ მთავარია სიყვარული და არა ფული.
კლინიკაში ანა მალევე მიიღეს. კაპანაძემ, რომელიც თავად არჩევდა ხოლმე კადრებს, გასაუბრებაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო მას და უფროს ადმინისტრატორს დაავალა, რომ ახალი თანამშრომელი მუშაობის სპეციფიკაში გაერკვია.
ანა არც ელოდა, რომ უფროსის ყურადღებას სწრაფად მიიპყრობდა; მას გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგაც კი, როდესაც სამიზნესთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა, მისი ყურადღება ვერა და ვერ მიიპყრო. ამიტომ გადაწყვიტა, ცოტა სხვაგვარად ემოქმედა.
ერთ დღეს, როდესაც ქირურგის გრაფიკში თავისუფალი დრო დაინახა, პირადი შეხვედრა სთხოვა.
– ბატონო ვლადიმერ, თქვენი პროფესიული რჩევა მჭირდება, მორცხვად დახარა თვალები ანამ, როდესაც უფროსის კაბინეტში შევიდა.
მამაკაცმა სკამისკენ მიუთითა:
– გისმენთ.
– იქნებ ჩემი მკერდი შეაფასოთ და მითხრათ, რამე კორექცია ხომ არ სჭირდება? მგონია, რომ კაცებთან ურთიერთობა სწორედ ამის გამო არ გამომდის...
კაპანაძემ თავი დაუქნია და ანამაც მაშინვე გაიხადა ხალათი. ქირურგმა შეათვალიერა პოტენციური პაციენტი.
– ჩემი აზრით, იდეალური მკერდი გაქვთ. არანაირი კორექცია მას არ სჭირდება.
ანა მადლიერების ნიშნად ქირურგს ჩაეხუტა და ბატონი ვლადიმერი აშკარად დაიბნა, ანა ამაზე არ აპირებდა გაჩერებას, მაგრამ მოულოდნელად კაბინეტის კარზე დააკაკუნეს და ანას გეგმის რეალიზაცია დროებით ჩაიშალა.
იმ დღის შემდეგ ანა მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ ქირურგისთვის არ ეგრძნობინებინა საკუთარი სიმპათია მის მიმართ. ეს იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ერთ დღესაც კაპანაძემ ის ფინჯან ყავაზე დაპატიჟა. ანას აღელვებისგან სუნთქვა უჭირდა სამუშაო დღის დასრულებამდე, მაგრამ მან ჯერ არ იცოდა, რომ განხიბვლა ელოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ კაპანაძე თავისი ახალგაზრდა სხეულით მოხიბლა.
კაფეში დასხდნენ, ორივე დუმდა და როდესაც ყავა მიუტანეს, კაპანაძემ ხელი ხელზე დაადო ახალგაზრდა ქალს, თვალებში შეხედა და მტკიცე ხმით უთხრა:
– ძალიან მომხიბვლელი ხართ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა საიმისოდ, რიმ მე და თქვენ, გარდა საქმიანისა, რაღაც ტიპის ურთიერთობა გვქონდეს.
ანამ ხელი გამოჰგლიჯა და კაფედან ატირებული გაიქცა. მისი რეაქცია აბსოლუტურად გულწრფელი იყო. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ მისი გრძნობები უარყვეს, მას ქირურგი არ უყვარდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამდენი ლოდინი და ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა.
გარეთ წვიმდა. ამას ანა მას შემდეგ მიხვდა, რაც დასველდა, მაგრამ მისდა გასაკვირად, კაპანაძე დაეწია. მანქანაში ჩაისვა და სახლში წაიყვანა.
იმ საღამოდან მათი ურთიერთობა შეიცვალა...
***
ერთი თვის შემდეგ ბატონმა ვლადიმერმა ანას შესთავაზა, რომ მის დიდსა და კეთილმოწყობილ კერძო სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. მართალია, ანა ხელის თხოვნას ელოდა, მაგრამ ამ წინადადებას მაინც დათანხმდა, თუმცა მაშინვე არა. დრო ითხოვა მოსაფიქრებლად, მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმას არ აპირებდა.
– ჩემს დას უნდა ვკითხო. ჩვენ ხომ მშობლები არ გვყავს და ოლიკო ჩემთვის დედასავითაა, – თვალებზე ცრემლები მოიყენა ანამ.
ამ პასუხმა ვლადიმერი ააღელვა და ანას მზრუნველობით გადაუსვა თავზე ხელი.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ანამ ლადოს უთხრა, რომ კვირაში ორჯერ მოახერხებდა მასთან დარჩენას. გადასვლისგან თავს იკავებდა, იმ იმედით, რომ ლადო მიხვდებოდა, რომ მისთვის ხელი უნდა ეთხოვა და მხოლოდ საყვარლის როლი არ უნდა შეეთავაზებინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქირურგი ყურადღებიანი, თბილი და გულუხვი ადამიანი აღმოჩნდა. ანას ძვირად ღირებულ საჩუქრებს ჩუქნიდა, არც ყვავილები ავიწყდებოდა, ხოლო დაბადების დღეზე კი ისეთი სიურპრიზი მოუწყო, რაც ანას მანამდე მხოლოდ ფილმებში ენახა.
იმ ღამით ანა ლადოსთან დარჩა და დილით, როგორც კი თვალები გაახილა, დაინახა, რომ ლადო საწოლთან იდგა და უღიმოდა, ხელში რაღაცას ათამაშებდა. ანამ გაკვირვებულმა შეხედა. ლადო მისკენ დაიხარა და საიდანღაც წითელი ლენტა ამოაძვრინა;
– წინააღმდეგი ხომ არ ხარ, თვალები აგიხვიო?
ანას გაუკვირდა, მაგრამ სასიამოვნოს მოლოდინში გაინაბა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ლადო დაიხარა და ფრთხილად აუხვია თვალები ახალგაზრდა ქალს, შემდეგ ხელი მოჰკიდა და წამოაყენა:
– მომენდე და მშვიდობით მიგიყვან დანიშნულების ადგილას.
ანა ნაბიჯებით გრძნობდა, რომ აივნისკენ მიდიოდნენ. მოაჯირს რომ მიუახლოვდნენ, ლადომ ჰკითხა:
– მზად ხარ?
ანამ ისევ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და ლადომ თვალებიდან ლენტი მოხსნა. დილის კრიალა ცამ ერთ წამს ანას თითქოს მზერა დაუბინდა, მან თვალი მოავლო ეზოს და ცენტრში დაინახა წითელი მანქანა ამავე ფერის ლენტებში გაბანტული. უცებ ვერაფერს მიხვდა, შემდეგ კი გაიაზრა, რაც ხდებოდა და ლადოს კისერზე ჩამოეკიდა აღფრთოვანებული. სიხარულისგან პატარა ბავშვივით ხტუნავდა და ბედნიერების ცრემლები მოსდიოდა. ძალიან გულწრფელი იყო ანას რეაქცია და ლადო კმაყოფილი იღიმებოდა.
***
იმ დღიდან ანა ლადოს სახლში დარჩა საცხოვრებლად. წყვილი კლინიკაში არ იმჩნევდა, რომ უკვე ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა თანამშრომლები ამჩნევდნენ, რომ პლასტიკური ქირურგი თითქოს გაახალგაზრდავდა, უფრო ენერგიული და სიმპათიურიც კი გახდა. ამას ყველა შენიშნავდა და დერეფნებში ჩურჩულს უმატეს. ანა კმაყოფილი იყო – ლადო იმდენად კეთილად იყო განწყობილი მისადმი, რომ რაღაც მომენტში დაიჯერა, რომ შეუყვარდა. ლადო ყურადღებითა და ფაქიზად ეპყრობოდა ანას, ანებივრებდა და ნებისმიერ სურვილს უსრულებდა.
– ძალიან მანებივრებ, – ეუბნებოდა კიდეც ლადოს.
– პირიქით, შენ გამილამაზე ცხოვრება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი წილი ცხოვრება მოვჭამე და აწი მხოლოდ საქმითა და შვილიშვილებით თუ გავიხალისებდი ყოფას. მაგრამ ღმერთმა ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა.
ანას გული ეთანაღრებოდა, რომ მხოლოდ ერთად ცხოვრობდნენ და ლადო ხელს არ სთხოვდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა: ამ დიდსა და კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრება სჯობდა იმ ოროთახიანსა და ძველრემონტიან ბინაში ცხოვრებას, ამიტომ ბედს მაინც არ უჩიოდა. მით უმეტეს, რომ ოლიკოს უკვე სთხოვა ხელი მისმა შეყვარებულმა და, რადგან მას ბინა არ ჰქონდა, უფრო ზუსტად, დასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, დიდი ალბათობით, სწორედ ანასა და ოლიკოს ბინაში იცხოვრებდნენ.
***
ივნისის ბოლოს პლასტიკური ქირურგიის კლინიკა თავისი ათი წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამიტომ ვლადიმერ კაპანაძემ რესტორანში საზეიმო წვეულება გამართა, რომელზეც არა მხოლოდ კლინიკის მთელი პერსონალი შეიკრიბა, არამედ მისი საუკეთესო მოწაფეც ჩამოვიდა, რომელიც მოპოვებული გრანტით ევროპის კლინიკაში გადიოდა სტაჟირებას. ვლადიმერმა გასულ წელს შეწყვიტა სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციების კურსი, იმიტომ რომ დაძაბული სამუშაო გრაფიკი უკვე აღარ აძლევდა ამის საშუალებას. ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი დიტო კი სულ ცოტა ხსნის წინ დაბრუნდა სტაჟირებიდან და ბათუმში აპირებდა მუშაობის დაწყებას, ახლად გახსნილ კლინიკაში.
ბატონმა ვლადიმერმა თავისი საყვარელი მოსწავლე კოლეგებს წარუდგინა და არ დაუმალავს, რომ მის გადმობირებას აპირებდა, რადგან დიტო, მისი აზრით, საუკეთესო იყო თავისი თაობის პლასტიკურ ქირურგებს შორის.
ანამ თავისთვის შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცი, მართლაც, სიმპათიური იყო: წარმოსადეგი, კარგი აღნაგობის, ხშირი, მუქი და ოდნავ ხვეული თმით, გამოკვეთილი ნიკაპითა და თაფლისფერი თვალებით. ისიც უნდა ითქვას, რომ კლინიკის თანამშრომელი ქალები მას თვალს არ აშორებდნენ.
თუმცა, დიტო წვეულებაზე ცოლთან ერთად იყო, რომელიც, უდავოდ, მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, მაგრამ ცოლსა და ქმარს შორის დაძაბულობა აშკარად იგრძნობოდა. ლიზიკომ, ასე ერქვა ახალგაზრდა ქირურგის ცოლს, რამდენჯერმე საკმაოდ უსიამოვნო შენიშნვა მისცა ქმარს, იმდენად ხმამაღლა, რომ მისი ნათქვამი სხვების ყურსაც მისწვდა. თუმცა დიტომ ოსტატურად გადაიტანა ცოლის ნათქვამი ხუმრობაში და დაძაბულობა განმუხტა.
როდესაც ამ წყვილმა წვეულება დატოვა, ლადომ ანას უთხრა, რომ მათ სამი თვის ქალიშვილი ჰყავდათ და, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალის დაძაბულობაც სწორედ სახლში დატოვებულ ჩვილზე ფიქრით იყო გამოწვეული. ანამ მხრები აიჩეჩა, იმიტომ რომ მისთვის აბსოლუტურად სულერთი იყო, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმარს ერთმანეთთან, მაგრამ, როგორც ჩანს, მასწავლებელს თავად არ მოეწონა მოსწავლის ცოლის უტაქტობა. ანა ამ დროს იმაზე ფიქრობდა, თავად როდის გახდებოდა პლასტიკური ქირურგის ცოლი, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ლოდინით უნდა აღჭურვილიყო.
***
ივლისის შუა რიცხვებში ლადო უცხოეთში გაემგზავრა ახალი აპარატურის ჩამოსატანად. ანა, ბუნებრივია, მარტო დარჩა მის სახლში. სამსახურში ლადოს მიერ ნაჩუქარი მანქანით დადიოდა. ბარათიც ლადოსი ჰქონდა, იმთავითვე გადასცა ყველა იმ ხარჯისთვის, რაც ანას მოესურვებოდა. ასე რომ, ანა თავს შესანიშნავად გრძნობდა და გეგმებს აწყობდა, თუ როგორ გახდებოდა მომავალ წელს ბატონი ვლადიმერის კანონიერი ცოლი.
კვირა დღეც დადგა და ანა აპირებდა, რომ დასვენების დღით ბოლომდე დამტკბარიყო. ამიტომ ჯერ ისევ ლოგინში ნებივრობდა, ადგომას არ ჩქარობდა და საუზმის მენიუს ადგენდა. ლადომ მისი არყოფნის მთელი პერიოდისთვის წინასწარ მოიმარაგა პროდუქტები, მათ შორის, ეგზოტიკურებიც, რომ ანას არაფერი მოკლებოდა. ანამ შხაპი მიიღო, სხეულზე საგულდაგულოდ შეიზილა ტანის კარაქი და ის-ის იყო, ყავის აპარატი ჩართო, რომ ზარის ხმა გაიგონა კარზე.
– ნეტავ ვინ უნდა იყოს? – გაიფიქრა და ხალათი პირდაპირ შიშველ სხეულზე შემოიცვა, დომოფონის ეკრანს მიუახლოვდა და გაოცდა – მათ ჭიშკართან დიტო იდგა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





