ძმები
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #28 (1333)
ერთხელ ერთი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის აყვანას ვაპირებდი და ჩასაფრებული ვიყავი. როცა გამოჩნდა, დანებება შევთავაზე, ის კი გადახტა და ცეცხლი გამიხსნა. საპასუხო ცეცხლით საკმაოდ მძიმედ დავჭერი. უკაცრიელ ადგილზე ვიყავით. სისხლდენა დროებით შევუჩერე, მხარზე მოვიგდე, ტრასაზე გავედი, მანქანა გავაჩერე და საავადმყოფოში მივიყვანე. საკუთარი სისხლიც გადავუსხი და სიკვდილს გადარჩა. შემდგომ, როცა გამოჯანმრთელდა, 6 წლით „გასროკეს“. რუსეთში გაგზავნეს და რომ დაბრუნდა, ჩემი სახლის სადარბაზოსთან დამხვდა, გამიღიმა და მითხრა.
– მიცანი?
– ჯერ გამარჯობა, – მივუგე მას, ხელი ჩამოვართვი და დავამატე, – შენს თავს რა დამავიწყებს. რაც მხრებით გატარე, იმის მერე თირკმელები მტკივა და სისხლნაკლებობა მაწუხებს.
ჩემს ამ ხუმრობაზე მას გაეცინა, გადამეხვია და მითხრა:
– მინდა, დიდი მადლობა გითხრა, რომ სიკვდილს გადამარჩინე.
– თუმცა ჩემი ნასროლი ტყვია გკლავდა, – შევაგებე სიტყვა.
– რას იზამ. ასეთია ჩვენი ცხოვრება. ახლა კი ერთი კაცური თხოვნა მაქვს შენთან და უარს ნუ მეტყვი.
– გისმენ.
– წამოდი, რესტორანში თითო ჭიქა დავლიოთ.
– წავედით! – ვთქვი მე და რესტორან „არაგვში“ მივედით.
მე და მან სამიოდე საათი გავატარეთ რესტორანში და მისგან იაშკას ამბავი შევიტყვე.
– იქ, „ლაგერში“ ერთი ქართველი შემხვდა, შენი მოგვარე და შორეული ნათესავი ხომ არაა შენი?
გული კინაღამ ამომივარდა, თავს ძლივს მოვერიე და ვკითხე:
– რა ჰქვია?
– იაშკა.
– ჩემი უმცროსი ძმაა.
ჩემს თანამოსუფრეს სახეზე აღტაცება გამოეხატა და მისგან შევიტყვე, რომ ჩემი ძმა კანონიერი ქურდი გამხდარა. რუსეთში ძალიან ცნობილი და პატივცემული ყოფილა. ჩემმა თანამესუფრემ ისიც მითხრა, რომ სწორედ იაშკამ მიანიჭა მას ქურდის ტიტული ზონაზე.
– ძალიან მაგარი ძმა გყავს, კაცური კაცია, ნამდვილი ქურდი.
– სამწუხაროდ, ვერ ვუპატრონე, – სინანულით ვთქვი და დავამატე, – თხუთმეტი წელია, არ მინახავს. ჩემთან ურთიერთობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
– სხვათა შორის, მას მე შენი ამბავი მოვუყევი და მინიშნებითაც კი არ უთქვამს, ძმააო. თხრობა რომ დავასრულე, ესღა მითხრა, – ყველა ვაჟკაცს გაუმარჯოს, შავი იქნება თუ მილიციელიო.
ჩემ მიერ სიკვდილს გადარჩენილი რამდენიმე წელიწადში თბილისში მოკლეს. ეს დიდი არეულობისა და „ბესპრიძელის“ პერიოდი იყო, რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ტრიალებდა. საბჭოთა კავშირი უკვე ხუთი წლის დაშლილი იყო. მე პოლიციის პოლკოვნიკის ჩინით ამ უწყებაში მაღალი თანამდებობა მეკავა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აღარ ვეკუთვნოდით, ჩემს რუს კოლეგებთან ძველ ურთიერთობებს ვინარჩუნებდი. ერთ საღამოს მოსკოვიდან ჩემმა ძველმა მეგობარმა გენერალმა დამირეკა. მომიკითხა და მითხრა:
– ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინო: შენი ძმა მოკლეს.
– როდის?
– გუშინ საღამოს. ქილერმა ის მანქანაში ჩაჯდომის დროს ჩაცხრილა კაზინოსთან.
– რა თქმა უნდა, ქილერის კვალს ვერ დაადექით.
– პირიქით. ქილერი ცხელ კვალზე ავიყვანეთ. ამ საქმეს მე ვკურატორობ და ის ჩვენებას იძლევა. ზეგ ასაფლავებენ და შეგიძლია ჩამოხვიდე?
– მადლობა ინფორმაციისთვის. აუცილებლად ჩამოვალ, – ვუთხარი ჩემს მეგობარს, ტელეფონის ყურმილი აპარატზე დავდე და მწარედ ავტირდი.
ჩემი იაშკა თითქმის 20 წლის უნახავი მყავდა და ბოლოს სასამართლო დარბაზში ვნახე, როდესაც ის 18 წლის ბავშვი იყო და ჩემთვის არც კი შემოუხედავს. ვქვითინებდი და მახსენდებოდა ჩვენი ოჯახი, ჩვენი მოსიყვარულე დედ-მამა. ის ტრაგედია, რამაც 40 დღეში ორივე მშობელი წაგვართვა; კომისართან შეხვედრა, იაშკას გაქუჩისბიჭობა, რომელიც მე ვერ შევამჩნიე... მახსენდებოდა და ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ასეთ ყოფაში ჩამეძინა. მეორე დღეს კი მოსკოვში გავფრინდი.
იაშკას დასაფლავებამ პომპეზურად ჩაიარა. თუკი ვინმე ცნობილი კრიმინალი იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველანი იქ იყვნენ. მათ უკვე იცოდნენ, თუ ვინ ვიყავი და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ქელეხში სამი ჭიქა დავლიე და წამოვედი. რესტორნიდან რომ გამოვედი, მანქანიდან ჩემმა მეგობარმა გენერალმა დამიძახა. მე მანქანაში ჩავუჯექი, სანამ დაძრავდა მკითხა:
– სად გაჩერდი?
– არსად. უკან დღესვე დავბრუნდები. მაქსიმუმ, ხვალ.
– კარგი. როგორც შენ გინდა. ჩემთან წავიდეთ. შენთან სალაპარაკო მაქვს და მერე გადაწყვიტე, როდის წახვალ.
– კარგი, – დავეთანხმე გენერალს და სახლში წავყევი.
– მოკლედ, ასე ჩემო კარგო, – მითხრა გენერალმა და დაამატა, – ამ ქვეყანას ვერაფერი გაასწორებს. რა ჩამყაყებულიც იყო ყველაფერი, ისევ ისე დარჩა. მეტსაც გეტყვი: კრიმინალური სამყარო ბევრად უფრო პატიოსანია, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურები, მით უმეტეს, ჩვენი უწყება. ამ ერთგვარი პატიოსნების განსახიერება იყო იაშკა.
უცებ ვერ მივხვდი გენერლის სიტყვების არსს და ვკითხე:
– ვინ იაშკა.
– შენი ძმა.
– ჩემი ძმა?
– ჰო, შენი ძმა. ის პატიოსანი ქურდი იყო, ხოლო, ვინც მისი სიკვდილი შეუკვეთა, სიდამპლისა და არაკაცობის განსახიერებაა, თავის „ხაზეინებითურთ“.
– უფრო კონკრეტულად?
– უფრო კონკრეტულად... – თქვა გენერალმა და დაამატა, უფრო კონკრეტულად კი, ჩემო მეგობარო, სანამ მე შენ წუხელ ტელეფონზე გელაპარაკებოდი, ქილერი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხის საკანში ჩამოახრჩვეს. რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. საქმის უშუალო გამომძიებელი კი მოულოდნელად მივლინებაში გაგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში და რაც მთავარია, საქმიდან გაქრა ქილერის ჩვენება. თუმცა, მე მისი ასლი მაქვს. ეს კი საკმარისია, რომ ყველაფერი ზუსტად იცოდე.
– მაინც, ისეთი რა ინფორმაცია გაქვს, რის გამოც ასეთი მონოლოგი წარმოთქვი?
გენერალს ჩაეცინა და მითხრა:
– პირველ რიგში, ის, რომ „პარტნოი“ ჯერ მილიციის, შემდეგ კი პოლიციის აგენტია და სწორედ მან მოგისამძიმრა პირველმა, როცა შენ გამოჩნდი.
– შრამიანს გულისხმობ?
– კი. სხვათა შორის, სწორედ იაშკამ დაასვა მას ეს „ბოზური შრამი“ ლოყაზე.
– ჩემმა ძმამ?
– კი, შენმა ძმამ, კოლიმაზე, ზონაში. შელაპარაკება მოუვიდათ და იაშკამ მას სამართებელი დაუსვა.
– რატომ?
– რატომ და შენი ძმა ქურდს აკურთხებდა, რომელსაც მძიმედ დაჭრილს მილიციელმა გადაუსხა სისხლი. „პორტნოის“ კი ირონიით უთქვამს: მის ძარღვებში „ძაღლის“ სისხლი ჩქეფსო. მას, ვინც ქურდად უნდა ეკურთხებინათ, სანამ ქურდი გახდებოდა, უფლება არ ჰქონდა „პარტნოისთვის“ თითი დაეკარებინა და უთქვამს: მართალია, ჩემს ძარღვებში მილიციელის სისხლი ჩქეფს, მაგრამ სულით ქურდი ვარო. იაშკას კი „პარტნოისთვის“ სამართებელი დაუსვამს ლოყაზე და უკითხავს, აბა, ვნახო, შენ რა ფერის სისხლი გაქვს. წითელი გქონია და წითელი ხომ არ ხარო. შენს ძმას კი, აბა, ვინ მოსთხოვდა პასუხს. მით უმეტეს, რომ მართალი იყო. და „პარტნოის“ ეს „ბოზური შრამი“ მთელი ცხოვრება დარჩა.
თავი გავაქნიე და ვთქვი:
– ეს ამბავი რომ არ მოუყოლია?
– ვის უნდა მოეყოლა? – მკითხა გენერალმა.
– მე ვარ ის მილიციელი.
– შენ?
– ჰო. მე და ამ „შრამის“ გამო შეუკვეთა „პარტნოიმ“ ჩემი ძმის სიკვდილი?
– არა. ეს, უბრალოდ, ძველი ამბავია. მთავარი შეკვეთა კი გენერალ კალინინისგან მოდის.
– ვინ კალინინისგან.
– ჩემი უფროსისგან.
– როგორ, რატომ?
– წეღან სწორედ ამიტომ გითხარი, ამ ქვეყანას არაფერი გაასწორებს-მეთქი. კალინინი „პარტნოის“ ბინძურ კლანს მფარველობს. შენი ძმა კი მათ ამაში მხილებას აპირებდა უახლოეს „სხოდკაზე“ და იმ ნაძირლებმა დასწრებაზე ითამაშეს. „პარტნოი“ ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მუშაობდა კალინინზე. მისი აგენტი იყო და ასეა დღემდე. არა, რუსეთში მექრთამეობით ვერავის გააოცებ, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. „პარტნოისა“ და კალინინისთვის კი ეს ზღვარი მოშლილია. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობენ და ბავშვთა პორნოგრაფიას ლობირებდნპენ. გასაგებია?
– გასაგები კი არის, მაგრამ ერთი ეს მითხარი, როგორც თქვი, ჩემი ძმა „პარპტნოის“ მხილებას აპირებდა „სხოდკაზე“ და ეს „პარტნოიმ“ საიდან გაიგო?
– საიდან და იაშკა, ცოტა არ იყოს, ფიცხი იყო. მან „პარტნოის“ უთხრა, შე პედოფილო და ნარკობარიგავ, სულ მალე „სხოდკის“ წინაშე აგებ პასუხს ამეების გამოო. „პარტნოიმ“ კი ეს ამბავი გენერალ კალინინს მოუყვა და იმან კი თავის აგენტს იაშკას ლიკვიდაცია დაავალა.
– ერთი ეს მითხარი, ჩემმა ძმამ საიდან იცოდა კალინინისა და „პარტნოის“ ბინძური საქმეები?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – კითხვა შემიბრუნა გენერალმა. თავი გავაქნიე და ვუთხარი:.
– შენგან, ხომ?
–. კი, ჩემგან. იაშკას მე ინკოგნიტოდ გავუგზავნე ოპერატიული მასალა, სადაც „პარტნოი“ და კალინინი ნარკოვაჭრობისა და ბავშვთა პროსტიტუციის ამბებს განიხილავენ.
– გასაგებია. კალინინის ადგილს უმიზნებ?
– გენერალს ჩაეცინა და მითხრა:
– პირველ რიგში, ამ სიბინძურეს ვებრძვი, ხოლო თუკი კალინინის ადგილს დავიკავებ, ამ ნაძირლების მოსასპობად კიდევ უფრო მეტი რესურსი და უფლებამოსილება მექნება.
– ჩემგან რაღა გინდა?
– მინდა, „პარტნოის“ შეხვდე და რაც მე მოგიყევი, ყველაფერი გაუმეორო. მხოლოდ ის არ უთხრა, თუ საიდან გაქვს ეს ინფორმაცია. ის შენთან თავის მართლებას დაიწყებს. ფულსაც შემოგთავაზებს და იტყვის, რომ გენერალი კალინინი 20 წლის განმავლობაში აიძულებს მას ამ სიბინძურის კეთებას. ერთი მხრივ, საკუთარ თავსაც გაშიფრავს და კალინინსაც. მეც ვიხეირებ და შენც. ჩემი ბიჭები ამ შეხვედრას გადაიღებენ და მე კალინინთან მივიტან და გადადგომას შევთავაზებ. თანაც, ეს ჩანაწერი ქურდებთანაც მივა და ისინი „ბოზს“ თავს მოაჭრიან.
– შენ კალინინის ადგილს დაიკავებ და მე იაშკას სისხლს ავიღებ, ხომ?
– ჰო. რა, არ გაწყობს?
– კი, მაწყობს, მაგრამ ერთი ეჭვი მაქვს.
– რა ეჭვი?
– რა ეჭვი და ის, ჩემო კარგო, რომ კალინინის ადგილს რომ დაიკავებ, ვერც შენ გაუძლებ ფულის ცდუნებას.
გენერალს ჩაეცინა და მითხრა:
– ყოველ შემთხვევაში, ბავშვთა პორნოგრაფიის მწარმოებლებს მუსრს გავავლებ.
– ნარკობარიგებს კი არა, ხომ?
– ყველანაირად შევავიწროვებ. თუმცა, მათი მოსპობა შეუძლებელია.
– შეუძლებელი?
– ჰო, შეუძლებელი. არ გაწყობს ჩემი წინადადება?
– მაწყობს.
„პარტნოის“ ორი დღის შემდეგ პირისპირ შევხვდი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში და ზუსტად ისეთი საუბარი გავუბი, როგორც გენერალს შევუთანხმდი და ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც გენერალი ვარაუდობდა. „პარტნოიმ“ ფული შემომთავაზა და მითხრა:
– იცით, 500 ათასი დოლარი თან მაქვს. აი, ეს თქვენია.
პატარა კეისში 10 ათას დოლარი დასტებად იყო ჩაწყობილი. „პარტნოიმ“ ის დამიტოვა და წავიდა. მე ეს კეისი თბილისში ჩამოვიტანე და ერთ-ერთ საქველმოქმედო საბავშვო ფონდს ჩავაბარე და რადგან ვიცოდი, რომ იქ პატიოსანი ხალხი მუშაობდა, წამითაც არ შემპარვია მათში ეჭვი.
ერთი კვირის შემდეგ გენერალი კალინინი გადადგა და მისი ადგილი ჩემმა მეგობარმა გენერალმა დაიკავა. „პარტნოი“ კი მოსკოვის გარეუბანში თავმოკვეთილი იპოვეს. თითქმის ყველაფერი შესრულებული იყო. იაშკასთვის შურიც ვიძიე და მექრთამე კალინინის მაგივრად კი შედარებით პატიოსანი გენერალი დაჯდა. თუმცა, ერთი თვის მერე ახალგაზრდა კაცმა პატარა კეისი მომიტანა და მითხრა, თქვენმა მეგობარმა გენერალმა გამოგიგზავნათო. თავად კი სწრაფად წავიდა. კეისში 500 ათასი დოლარი იდო. ირონიით გავაქნიე თავი და ის ჩემოდანიც ბავშვთა ფონდში შევიტანე. გულში კი გავიფიქრე: „ამ ქვეყანას არაფერი გაასწორებს. ჭაობში ვცხოვრობთ და ეს ჭაობი უფრო და უფრო მეტ ადამიანს ითრევს.“
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





