რომანი და დეტექტივი

ძმები

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.07

ძმები
დაკოპირებულია

მე და იაშკა ძმები ვიყავით, ერთი დედ-მამის შვილები. იაშკა ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო. თბილისის ძველ უბანში დავიბადეთ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში. იაშკა განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. სკოლაში შესანიშნავად სწავლობდა და ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე კი – პირიქით, სწავლა მეზარებოდა. სულ ქუჩაში მინდოდა ყოფნა და თუ ფეხბურთს არ ვთამაშობდი, ვჩხუბობდი. სხვა უბნებში მივდიოდი საქმის გასარჩევად და ჩვენს უბანში მოსულებს ანალოგიური მისიით ვხვდებოდი. ერთი სიტყვით, ღვიძლი ძმები რადიკალურად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. რომ იტყვიან, ურთიერსაწინააღმდეგო პოლუსზე ვიმყოფებოდით... მაგრამ ყველაფერი წამში შეიცვალა. მე სკოლას ვამთავრებდი, იაშკა კი მეცხრე კლასში წარჩინებით გადავიდა. გაზაფხული იწურებოდა. თბილისში მაისის სურნელი იდგა. მამა სახანძრო რაზმის უფროსი იყო და ერთ დღეს დედაქალაქის ცენტრში გაჩენილ ხანძარს შეეწირა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობები მიიღო და ორ დღეში დალია სული. დედა, სულ რაღაც, ორმოც დღეში მიჰყვა უკან და მე და 15 წლის იაშკა მარტონი დავრჩით. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ძმებს მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა და თუკი ერთად არ გავიტანდით ამ ცხოვრებას, არავინ დაგვეხმარებოდა. მივხვდი იმასაც, რომ უფროსი ძმა ვიყავი და იაშკასთვის მე უნდა გამეწია მფარველობა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს ძველ ცხოვრებას გადავხედე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქუჩისთვისა და ბლატაობისთვის თავი უნდა დამენებებინა. საქმე მომეძებნა და ოჯახს გავძღოლოდი; ამასობაში ჯარიდან გამოძახება მომივიდა. კომისარიატში გამოვცხადდი. სამედიცინო კომისია გავიარე. შემდეგ კი კომისარმა თავისთან მიხმო და მკითხა:

– რას აპირებ?

– რას გულისხმობთ, ძია რეზო? – კითხვა შევუბრუნე რაიონის კომისარს, რომელიც ჩემი თანაკლასელის მამა იყო და ჩემი ოჯახის ტრაგედია კარგად იცოდა.

– რას და, ერთი წლით კი გადაგივადებ გაწვევას, მაგრამ შემდეგ მაინც წაგიყვანენ. შენ კი უმცროსი ძმა გყავს გზაზე დასაყენებელი. აბარებ წელს?

ჩამეცინა და ვუპასუხე:

– რის ჩამბარებელი ვარ, ძია რეზო. ატესტატში სამზე მაღალი ნიშანი მხოლოდ ფიზკულტურაში მაქვს. ბოლო სამი წელი წიგნი არ გადამიშლია.

– არადა, უმაღლესში რომ სწავლობდე, ჯარი გადაგედებოდა. ამასობაში კი იაშკასაც დააყენებდი ფეხზე.

– თუ ერთი წლით დამტოვებთ, მოვემზადები.

– ერთ წელიწადში რა მოხდება, ღმერთმა უწყის. ერთი წინადადება მაქვს შენთან და თუ დამიჯერებ, ვფიქრობ, არ წააგებ. რასაც ახლა გეტყვი, კარგად გაიაზრე. არც ნაჩქარევი დასტური მინდა და გულშიც ნუ დამცინებ.

– მითხარით, ძია რეზო. გულში რატომ უნდა დაგცინოთ?

– მილიციის სკოლაში ჩააბარე. უფროსი ჩემი ძმაკაცია და ყოველმხრივ გვერდში დაგიდგება. ჯარიდან ავტომატურად გათავისუფლდები. თუ კარგად ისწავლი და არ აურევ, კარიერას გაიკეთებ, ოჯახს ფეხზე დააყენებ. დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე.

ყველაფერი წამში გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ქუჩის ბიჭი ვიყავი და კრიმინალობამდე ნახევარი ნაბიჯიღა მაკლდა, ძმის სიყვარულმა გონება გადამიბრუნა და კომისარს იქვე მივუგე:

– თანახმა ვარ, ძია რეზო.

კომისარს გაეღიმა და მითხრა:

– ხომ გითხარი, არ იჩქარო-მეთქი. ხვალამდე მაინც რომ გეფიქრა?

– არა. საფიქრალი აქ არაფერია. მილიციის სკოლაში შევიტან საბუთებს, – მტკიცედ ვუთხარი კომისარს.

მილიციის სკოლაში ძია რეზოს რეკომენდაციითა და მისი ძმაკაცის დახმარებით ჩავირიცხე. მე თვითონაც არ მოველოდი, ისე კარგად დავიწყე სწავლა და დისციპლინასაც უმაღლეს დონეზე ვიცავდი. ამასობაში, იაშკა მეათე კლასშიც გადავიდა და სკოლას ამთავრებდა. მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი მასში, რომ თავს არ ვაბეზრებდი კონტროლითა და ზედმეტი შეკითხვებით. მაგრამ, თურმე, მიდი, გააკონტროლე და გაიგე, რას საქმიანობს. სასწავლებლიდან გვიან ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი და უთენია მივდიოდი. წასვლის წინ კი იაშკას გამზადებულ საუზმეს ვუტოვებდი. ჩვენ, როგორც ობლებს, სახელმწიფომ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია დაგვინიშნა. ამას ჩემი სტიპენდიაც ემატებოდა. ზოგჯერ ჩვენი მშობლების მეგობრებიც გვეხმარებოდნენ და ასე გაგვქონდა თავი. მე რომ მეორე კურსი დავხურე და იაშკამ კი სკოლა დაამთავრა, პირველი თავზარდაცემა მაშინ მივიღე. რომ მეგონა, იაშკა ოქროს მედალს აიღებდა და უმაღლესში მოეწყობოდა, გაირკვა, რომ თურმე, სკოლა ძლივს დაუმთავრებია, სამადლოდ. თანაც, ქუჩის ბიჭებში ყოფილა გარეული. ეს ინფორმაცია მე ქეთიმ მომაწოდა. ეს გოგონა იაშკას თანაკლასელი იყო და ჩემი ძმა სიგიჟემდე უყვარდა. იმ დღეს, როდესაც მეგონა, რომ ჩემი ძმა უმაღლესში აბარებდა და პირველ გამოცდაზე იყო წასული, ქეთი ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა:

– იაშკა სოჩაში გაემგზავრა.

გამეცინა და მივუგე:

– ხუმრობ, ქეთევან? პირველ გამოცდაზე წავიდა, მივყვებოდი, მაგრამ თავი გაიგიჟა, დამთარსავო და მარტო წავიდა.

– მარტო იმიტომ წავიდა, რომ არაფერი შეგეტყო. ბიჭებთან ერთად სოჩის მატარებელს გაჰყვა. იქიდან მოვედი.

– რას ამბობ, ქეთი, ხომ არ მაშაყირებ?

– არა. სიმართლეს გეუბნები. და, საერთოდ, იაშკა ძალიან ცუდად იქცევა. „შპანასთან“ ერთად ქუჩისბიჭობს.

– ადრე რატომ არ მითხარი?

– იაშკა არ მაძლევდა უფლებას.

– იაშკას რას უყურებდი, ჩემთან ვერ მოხვედი?

– ასე მეუბნებოდა, თუ ჩემს ძმასთან ჩამიშვებ, ჩვენ შორის ყველაფერი მორჩებაო. მე კი იაშკა სიგიჟემდე მიყვარს.

– გასაგებია. ყველაფერი ჩემი ბრალია. უპირობოდ ვენდობოდი, უნდა გამეკონტროლებინა... – ვუთხარი ქეთის და დავამატე, – ვაგონი თუ იცი?

– კი. მეექვსე ვაგონია. ერევანი-სოჩის მატარებელი და საღამოს იქ იქნება.

სულ რაღაც, 19 წლის ვიყავი, მაგრამ მილიციის სკოლაში სწავლის ორმა წელიწადმა, ასაკთან ერთად, გამოცდილებაც მომიმატა. სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მასწავლა და ჯერ ქეთი გავისტუმრე. შემდეგ ჩემს თანაკურსელს დავურეკე და ვუთხარი:

– გცალია, რომ მანქანით წამიყვანო?

– კი. საღამომდე მცალია. 8 საათზე კი, მშობლებთან ერთად, ჩემი საცოლის ოჯახი ვარ დაპატიჟებული. რა იყო?

– შენი მანქანა მჭირდება.

– რა პრობლემაა, წაიყვანე.

– სოჩაში უნდა გავემგზავრო სასწრაფოდ.

– ხომ მშვიდობაა?

– კი. უბრალოდ, სასწრაფო საქმე მაქვს და ახლავე უნდა გავემგზავრო.

– წაიყვანე. თუ გინდა, მე მოგიყვან.

– კი. კარგი იქნება.

თხუთმეტ წუთში მანქანა უკვე მე მყავდა. ჩემი მეგობარი მეტროთი დაბრუნდა სახლში. მე კი ადგილიდან მოვწყვიტე მანქანა და ერევანი-სოჭის მატარებელს დავედევნე. მატარებელი თბილისიდან 2 საათის გასული იყო და სამტრედიაში დავეწიე. უფრო სწორად, იქ დავხვდი. და როდესაც პირველ ლიანდაგზე შემოვიდა, საჭირო ვაგონი მოვძებნე, ავედი და იმ დროს წავადექი თავზე ჩემს ძმასა და მის ძმაკაცებს, როდესაც კუპეში მეორე არყის ბოთლს ცლიდნენ. იაშკამ რომ დამინახა, არყიანი ჭიქა ხელში გაუშეშდა.

– ადექი და წავედით, იაშკა!

– არა, გამორიცხულია! – მტკიცედ მითხრა იაშკამ. არყიანი ჭიქა მაგიდაზე დადო და დაამატა, – წადი! ორ დღეში მეც ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნი.

– ახლა ამიხსენი.

– აქ ამის დრო არაა.

– მაშინ გარეთ გავიდეთ. მატარებელი აქ 20 წუთს ჩერდება, – ვუთხარი იაშკას იმ იმედით, რომ ბაქანზე გავიდოდით. კისერზე მოვიგდებდი და ძალით წავიყვანდი.

იაშკა მიხვდა ჩემს ჩანაფიქროს, წამოდგა. პირველი გავიდა კუპედან შემდეგ კარი სწრაფად მიხურა და რომ გავაღე და გავედი, მისი კვალი არსად ჩანდა. ამასობაში მატარებელიც დაიძრა. სხვის მანქანას ხომ არ მივატოვებდი? მატარებლიდან ჩავხტი და თბილისში დავბრუნდი. იაშკა კი ორი დღის ნაცვლად ორ კვირაში დაბრუნდა უკან. თავდაპირველად ცემას ვაპირებდი, შემდეგ გადავიფიქრე და დალაპარაკება ვცადე. მაგრამ არ გამიჩერდა და სახლიდან გავარდა. მეორე დღეს კი მე ორკვირიან შეკრებაზე მივემგზავრებოდი. იმ ღამეს ჩემი ძმა სახლში არ მოსულა. დილით მას ფული და წერილი დავუტოვე და შეკრებაზე გავემგზავრე. ორი კვირის მერე რომ დავბრუნდი, მეზობელმა დამიძახა, დაბეჭდილი კონვერტი გადმომცა და მითხრა:

– ეს ფოსტალიონმა მოიტანა გუშინწინ. სოჭის მილიციის სამმართველოდანაა გამოგზავნილი.

გულმა რეჩხი მიყო და მეზობელს ვკითხე:

– იაშკასთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?

– შენ რომ გაემგზავრე, იმ დღეს ვნახე ბოლოს. სპორტული ჩანთა ჰქონდა მხარზე გადაკიდებული და მიდიოდა. არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ისე წავიდა.

კონვერტში სოჭის მილიციის სამმართველოდან გამოგზავნილი შეტყობინება იყო. იქ კი გარკვევით ეწერა, რომ ჩემი ძმა, სამ თანამზრახველთან ერთად, დაპატიმრებულია ქურდობისთვის. მიმდინარეობს გამოძიება და საჭირო იყო რამდენიმე საბუთი საქმეში ჩასართავად. მე ეს საბუთები ავიღე და სოჭში გავემგზავრე. იქ შევიტყე, რომ ჩემს ძმასა და მის სამ „პაძელნიკს“, სწორედ იმ სამს, ვისთან ერთადაც ის პირველად გაემგზავრა სოჭში, ადგილობრივი „ცეხავიკის“ ბინა გაუძარცვავთ. ჩემი ძმა ყველაფერს თავის თავზე იღებდა და დანარჩენ სამს არ ასახელებდა. თუმცა, ისინიც დაპატიმრებულები იყვნენ. თანაც, ჩემი ძმისგან განსხვავებით, უარყოფდნენ ქურდობაში მონაწილეობას. ერთ-ერთი თავის ჩვენებაში წერდა, რომ ვითომ არც არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. რომ ვითომ ჩემმა ძმამ მას ნაქურდალით სავსე ჩანთა ლამის ძალით „შეტენა“ და დაემუქრა... გამომძიებელმა რომ გაიგო მისი კოლეგა ვიყავი, ყველა ჩვენება წამაკითხა და მითხრა:

– შენი ძმა ამ კვარტეტში ყველაზე ახალგაზრდაა და ყველაზე ერუდირებული ადამიანი. ახლა რომ ის ციხეში ჩაჯდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების გზა გაუმრუდდება. იქნებ, ჩვენება შეცვალოს და დაწეროს, რომ საქმეზე ორნი იყვნენ. დანარჩენი ორი ისედაც „გამომძვრალი“ არიან. მე კი ისე შევკერავ ამ საქმეს, რომ ორივეს პირობითს მიუსჯიან და თავდებით გამოუშვებენ. შეგახვედრებ შენს ძმას და დაელაპარაკე.

იაშკამ რომ დამინახა, წამოწითლდა და თავი დახარა. მე კი პაუზის მერე ვუთხარი:

– გამარჯობა, ძამიკო. როგორ ხარ? თუმცა, როგორ იქნები.

– გამარჯობა, – თავაუწევლად ამოილუღლუღა იაშკამ.

მე მას გამომძიებლის სიტყვები ბოლომდე გადავეცი და ბოლოს ვუთხარი:

– ის შენი „პაძელნიკი“ მაინც შენ გამხელს და თუ იტყვი, რომ ორივე იყავით საქმეზე, ორივეს პირობითს მოგცემენ.

თავჩაღუნული, სახეწამოჭარხლებული იაშკა მოულოდნელად გარდაიქმნა. მან თავი ასწია, თვალები აენთო, ზიზღით შემომხედა და მითხრა:

– რას მთავაზობ, „ბოზობას“? ის თუ „გაბოზდა“, მეც „გავბოზდე“? ამას როგორ მაკადრებ?

ჩემთვის მოულოდნელი იყო იაშკას ასეთი მეტამორფოზა, მაგრამ მშვიდად მოვუსმინე ბოლომდე და ვუთხარი:

– შენ როგორ მაკადრე, რაც მაკადრე და ჩვენი მშობლების ხსოვნას როგორ აკადრე?

– მე ქურდი ვარ. ქურდულ გზაზე ვდგავარ და ქურდულად ვცხოვრობ, – სხაპასხუპით მითხრა იაშკამ გაზეპირებული ფრაზა.

– და მერე სწორ გზაზე დგახარ და ეს ეკადრება ჩვენს ოჯახს, ჩვენი მშობლების ხსოვნას?

– შენი გზა ეკადრებოდა ჩვენს ოჯახს?

– რა გზა?

– რა და „ძაღლი“ რომ გახდი და ბოზურ გზას დაადექი. ჩემთან აღარ მოხვიდე არასდროს. მე ძმა არ მყავს. შენ – შენთვის, მე კი – ჩემთვის. წავედი, – მითხრა იაშკამ და წავიდა.

სასამართლო სოჭში გაიმართა. მე, რა თქმა უნდა, ყველა სხდომას დავესწარი. ბრალდებულთა სკამზე იაშკა და მეორე იჯდა. დანარჩენი ორი კი სასამართლო სხდომას არ დასწრებიან. ის მეორე ბოლო, მესამე სხდომაზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. იაშკას კი 4 წელი მიუსაჯეს. საქმე კი ის იყო, რომ ამ სხდომების განმავლობაში ჩემს ძმას ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. ხოლო სხდომა რომ დასრულდა და ჩემი ძმისკენ გავემართე მისთვის ორიოდე სიტყვის სათქმელად, ის მკვეთრად შეტრიალდა და წავიდა.

შემდეგ ჩავაკითხე ჩემს ძმას კოლონიაში, მაგრამ ერთხელაც არ გამოვიდა პაემანზე. არცერთი ჩემი წერილისთვის არ უპასუხია, ხოლო როდესაც 22 წლის ასაკში ოთხწლიანი პატიმრობა ამოეწურა და ციხიდან გათავისუფლდა, თბილისში ფეხიც არ ჩამოუდგამს და გაუჩინარდა.

***

გავიდა წლები. მე მილიციის სკოლა დავამთავრე და სამძებროში დავიწყე მუშაობა. საკმაოდ წარმატებული ოპერი ვიყავი და 25 წლისას უკვე მაიორის ჩინი მქონდა. შავ სამყაროს კარგად ვიცნობდი და ისიც კარგად მიცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის „ძაღლი“ ვიყავი, მათ შორის პატივისცემით ვსარგებლობდი, იმიტომ, რომ არასდროს არაფრისთვის არაფერი ჩამიდევს – არც იარაღი და არც ნარკოტიკი. არც არავისთვის „შემიკერავს საქმე“ და მართალია, მკაცრი ვიყავი, მაგრამ არაკაცობასა და „ბესპრეძელში“ ვერავინ დამდებდა ბრალს. სიმკაცრის მიუხედავად, სისასტიკეში ვერავინ დამადანაშაულებდა. მართალია, ტყვიებისთვის არაერთხელ შემიშვერია თავი და გაქცეული ბოროტმოქმედისთვისაც ბოლომდე მიდევნია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ სუფთად, სისხლის გარეშე ამეყვანა და შეძლებისდაგვარად გამოზომილად ვმოქმედებდი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი