რომანი და დეტექტივი

ტყუილის ფასი

№33

ავტორი: ნია დვალი 20:00 26.08, 2022 წელი

ტყუილის ფასი
დაკოპირებულია

ირინკა

სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემი შეფიქრიანებული მეჩვენა. გამიკვირდა – არა იმიტომ, რომ დედაჩემისთვის ფიქრი უცხო იყო, უბრალოდ, არასდროს მინახავს ჩაფიქრებული. იქნებ იმ მიზეზით, რომ სულ საქმეს აკეთებდა და როდესაც საქმეს აკეთებდა, ყოველთვის ღიღინებდა. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, უბრალოდ, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, როდესაც გავიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ კარგ ხასიათზე დადგომას ცდილობდა და ამიტომაც ღიღინებდა. ყოველ შემთხვევაში, მე მისი ღიღინი მამშვიდებდა და ჩემი ცხოვრების ბუნებრივ ნაწილადაც მექცა დედა, რომელიც სულ ღიღინებდა. ასე მეგონა, რომ არც იღლებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარი ცხოვრებითაც კმაყოფილი იყო და არაფერზე დარდობდა. რაც მთავარია, დავიჯერე, რომ მას არაფერი არ უნდოდა; სურვილები არ გააჩნდა, იმას გარდა, რომ სახლში ეფუსფუსა და ჩემთვის მოევლო. მამა არ მახსოვდა, მხოლოდ მის ფოტოებს ვათვალიერებდი ხოლმე, უფრო ზუსტად, დედა მათვალიერებინებდა. წითელყდიანი ძველი ალბომი გვქონდა, რომელშიც საოჯახო ფოტოები, უფრო ძველები – ჩაკრული იყო, ხოლო უფრო ახლები (პრინციპში, რაღა ახლები?!) დასტა–დასტა იდო.

მამაჩემს ნათელი სახე ჰქონდა და რაღაცნაირად კეთილი გამომეტყველება, აი, რომ ამბობენ, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხსო. დედაჩემი ამბებს მიყვებოდა მამაჩემზე, რომელიც უცხოეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც მე ერთი წლის ვიყავი და, რა თქმა უნდა, მათ სიყვარულზეც. მამაჩემის მშობლები, ესე იგი, ბებია–ბაბუა არასდროს მინახავს. დედამ მითხრა, რომ ისინი მათი ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტეს და დედაჩემს მის საფლავზე მისვლაც აუკრძალეს. დედაჩემის მამას სხვა ოჯახი ჰქონდა, როგორც დედაჩემმა მითხრა, ბაბუაჩემი მთლად საღ ჭკუაზეც არ იყო, იმიტომ რომ იმ ქალმა (ბაბუაჩემის მეორე ცოლმა) სულ გამოაშტერა ჯადოებითო. ამ ვერსიას თითქოს ვიჯერებდი, რომ დედაჩემს არ სწყენოდა, რადგან თავად დარწმუნებული ვარ, იმთავითვე გამოშტერებული თუ უფრო გამოშტერდება, თორემ ნორმალურ ადამიანს რა გამოაშტერებს?! ამიტომ ბაბუჩემი ნოდარი მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და ერთ რამეში სრულად ვეთანხმებოდი დედაჩემს, გვარიანად გამოშტერებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

რაც შეეხება დედაჩემის დედას: ის, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, იმავე ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ და მე ის არასდროს მინახავს. ვიცი, რთული დასაჯერებელია, მაგრამ წმინდა წყლის სიმართლეს ვამბობ. დედამ მითხრა, რომ არც ის იწონებდა მათ ქორწინებას, ამიტომ შვილთან ურთიერთობა არ ჰქონდა, შესაბამისად, არც ჩემთან. ალბათ იკითხავთ, როგორ შეიძლება, ქალმა თავისი შვილი და შვილიშვილი არ ნახოსო, მაგრამ პირადად მე ამ ამბავს ასე ვხსნი: ოთხი ქალიშვილი ჰყავდა (რატომ – ჰყავდა? ჰყავს) და, ამდენად, საკუთარ თავს მისცა ერთ–ერთზე სამუდამოდ გაბრაზების უფლება. მოკლედ, ჩემს ოჯახს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი და იმდენჯერ მქონდა გადათვალიერებულ–გადმოთვალიერებული ის წითელყდიანი ალბომი და იმდენი რამ ჰქონდა მოყოლილი დედაჩემს, ვერავინ დამაჯერებდა, რომ მამაჩემს, ჩემს ბებია–ბაბუებსა და დეიდებს პირადად არ ვიცნობდი.

ამ ფიქრებმა წამიერად გამიელვა ჩაფიქრებული დედაჩემის დანახვაზე.

– ირინკა, ხომ მშვიდობაა? რატომ არ ღიღინებ? – უმეტესწილად სახელით მივმართავდი.

დედაჩემმა დაბნეულმა ამომხედა:

– უკვე მოხვედი?

– მე კი მოვედი, შენ რა გჭირს? – გავუმეორე კითხვა.

– არაფერი, ჩავფიქრდი, – გამიღიმა დედაჩემმა, – მშიერი ხარ?

– არა, მშიერი არ ვარ, მომიყევი, რა ხდება, – ვუთხარი და გვერდით ჩამოვუჯექი.

– ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი ჩამოვიდა, ამერიკაში ცხოვრობს და შევხვდეთო. ოთხნი ვიყავით, ვმეგობრობდით პირველი კურსიდან და... – დედაჩემი გაჩუმდა.

– და რა პრობლემაა? – გავიკვირვე მე.

დედაჩემმა არაფერი მიპასუხა. ამიტომ ჩემი ორივე ხელით მისი ორივე ხელი ავიღე, თვალები ჩავაშტერდი და ვთხოვე:

– მომიყევი, რატომ ხარ ჩაფიქრებული?

დედაჩემმა ამოიოხრა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა.

– ხომ გესმის, რომ ამით უფრო მაშინებ, ვიდრე იმით შემაშინებ, რომ არაფერს მეუბნები?

– შესაშინებელი არაფერია, – ირინკამ გამიღიმა, – უბრალოდ, წამიერი სისუსტე იყო, წარსული გამახსენდა, – ეს მითხრა და ისე ენერგიულად წამოფრინდა სკამიდან, თავად რომ არ შევსწრებოდი, ვერც მივხვდებოდი, რომ, სულ რაღაც, ერთი წუთის წინ სრულიად გატეხილი იჯდა ჩემ წინ.

– მოკლედ, ცოტა უნდა მომეხმარო.

– რა თქმა უნდა, დედა, – დედათი უნებლიეთ მივმართე, იმიტომ რომ გულის სიღრმეში მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება რაღაცას მალავდა და ეს მისი ღიღინი მაშველი რგოლი იყო.

– „ალბათ, მამაჩემზე დარდობს“, – გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ხმამაღლა ვუთხარი, – ჰოდა, ავარჩიოთ კაბა, ვარცხნილობა, აბა, ფრჩხილები და ხელები, ისედაც, სულ წესრიგში გაქვს, სახეც, – და ლოყაზე ვაკოცე.

დედაჩემი, თუმცა, ძირითადად, სულ სახლში იყო, თავს უვლიდა, დილიდანვე ისე გამოეწყობოდა, გეგონებოდა, შეხვედრაზე მიდისო. არადა სახლში მუშაობდა, პროფესია ხელს უწყობდა: ბუღალტერი იყო, საკმოდ საზრიანი და შემოსავალიც მსუყე ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს არაფერი მაკლდა და ჩვენც მივყვებოდით იმ ყოფით სქემას, რაც ქვეყანაში იყო.

მაინც შეგახსენებთ: გაზი რომ გაითიშა, მე თვეების ვიყავი (ეს ნაამბობებიდან ვიცი, არ მახსოვს), არც ჩვენ გვქონდა ასანთი და ნავთქურა; შემდეგ მწვანე ნავთქურა შევიძინეთ, შემდეგ – წითელი, შემდეგ – გაზის გამათბობელი (აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ დედაჩემი ღელავდა და სახლს სულ ანიავებდა), შემდეგ – „კარმა“ (უკვე ისეთი ასაკი მქონდა, სახელი დავიმახსოვრე), ბოლოს კი – ცენტრალური გათბობა და კონდიციონერიც. ისიც კარგად მახსოვს, როგორ იყიდა დედამ ჩვენი ბინაც და ისიც, რომ მიკვირდა, რატომ სეირნობდა დედა ჩემთან ერთად და არასდროს მინახავს მის სიახლოვეს არც ერთი მამაკაცი. ამის კითხვას მისთვის ვერ ვბედავდი, აი, რომ გავიზარდე, მერე გადამავიწყდა და აღარც მაინტერესებდა, დედაჩემი, მისი ღიღინი და ჩვენი ბინა ჩემს წარმოდგენაში ორგანულად შეეზარდნენ ერთმანეთს.

ირინკა ისევ ღიღინებდა და მეც გამეღიმა.

მარი

– თამაზ, თამაზ, – მარიმ ისეთი განწირული ხმით ჩასძახა ქმარს ტელეფონში, იფიქრებდი, ცეცხლი უკიდია ან მანიაკი მისდევსო, – რამდენი ხანია, გირეკავ და ტელეფონს არ პასუხობ. გული გამისკდა, – მიაყარა ტყვიამფრქვევივით.

– გისმენ, – თამაზს მშვიდი ხმა ჰქონდა.

– სასწრაფოდ მჭირდება ფული, თამრიკო ჩამოვიდა ამერიკიდან და გოგოები ვხვდებით. უნდა მოვემზადო, ერთმანეთი არ გვინახავს 27 წელია.

– რომელი თამრიკო, სოფლიდან რომ იყო და ბავშვი დატოვა? – მშვიდად დააზუსტა თამაზმა.

– რეებს ამბობ?! კი არ დატოვა, არ გაატანეს, – აღშფოთდა მარი.

– ჰო, არ გაატანეს და ახლა ამიტომაც სრულწლოვანს ვერ ნახულობს, – იქედნურად ჩაილაპარაკა კაცმა, რაზეც მარი კიდევ უფრო გაღიზიანდა.

– რა ჩვენი საქმეა, ვის ნახულობს და ვის არა?! თამრიკოსნაირ გულიან ადამიანს მეორეს არ ვიცნობ. შენ უნდა ნახო, როგორ უვლის თავის ქმარს. ფაქტობრივად, ეგ აცოცხლებს, ხომ იცი, როგორი მაღალი დონის ექიმია?!

– ჰო, ნუ, ქმარს თუ უვლის. შენი საქმის შენ იცი, სახლში არ მოიყვანო ოღონდ და შენ სადაც გინდა, წადი და ნახე. ფულს მოგცემ. ახლა საქმე მაქვს, – უთხრა თამაზმა ცოლს და უცერემონიოდ გათიშა ტელეფონი.

მარიმ მაშინვე გადაურეკა, ქმარმა ხმის ამოღებაც არ დააცადა: გირიცხავ ფულს.

– შენმა მძღოლმა წამიყვანოს, გთხოვ და შენ მომაკითხე.

– ტაქსით ვერ წახვალ და წამოხვალ? – გაიკვირვა ქმარმა.

– ისე, შენ რომ წამომიყვანო, რა მოხდება?! ერთხელ მაინც! ერთხელ! – მარის ხმაში ისტერიული ნოტები შეეპარა.

– არ მცალია და აღარ დამირეკო, საღამოს ვილაპარაკოთ, – თამაზმა ტელეფონი გათიშა.

მარიმ ჩანთიდან მარაო ამოიღო და ენერგიულად დაიწყო ქნევა. თან, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, სავარაუდოდ, ქმარს წყევლიდა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავდა, იმიტომ რომ დედამთილი გაიგონებდა, რომელსაც რძალი ისედაც არ ეპიტნავებოდა და, მარის ვერსიით, სისხლს განზრახ უშრობდა. თუმცა თავად ნათელას, ანუ დედამთილს სრულიად საპირისპირო ვერსიის სჯეროდა და დარწმუნებული იყო, რომ მარი რძლად იმ დიდი ცოდვის გამო მიესაჯა, რომელშიც საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ხოლმე, მაგრამ თვით უმნიშვნელო მომენტსაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ რძალი გაეკენწლა, იმიტომ რომ ჩვენ, ძირითადად, სხვების დადანაშაულება გვიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად მიგვიძღვის ბრალი.

ნათელა რძალს ამჯერადაც ჩრდილივით წამოადგა თავზე:

– ფული რისთვის გჭირდება?

– მიყურადებთ?! – მარი დედამთილს დღემდე „თქვენობით“ ელაპარაკებოდა, თუმცა, საცაა, სამი ათეული წელი შესრულდებოდა, რაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.

– ისე გაყვირი, მე კი არა გვერდითა სახლის მეზობლებსაც კი ესმით. ფული რაში გჭირდება? – ნათელამ მკაცრი ინტონაციით გაიმეორა კითხვა.

– მჭირდება, – უტიფრად უპასუხა მარიმ. მისი ამჟამინდელი სიმამაცე იმით საზრდოობდა, რომ ის ცოდვა, რომელიც ნათელას აწვალებდა, მარიმაც იცოდა; მეტიც, თითქმის თანამონაწილეები იყვნენ, თორემ ნათელა კარგა ხნის წინათ გააპანღურებდა სახლიდან, თავისი შეფასებით, უტიფარ რძალს.

– ჩემი შვილისგან ფულის მეტი არაფერი გჭირდება, ცოლად შენ ვერ ივარგე და დედად, რძლად, ხომ, საერთოდ და ენა დაიმოკლე, თორემ თეზიკოს ვეტყვი, როგორც მექცევი, – ნათელა შვილს თეზიკოთი მოიხსენიებდა.

– რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრებაა, მანიპულირებთ შვილით და ატრიალებთ თითისტარივით.

– შენ როგორი სიტყვები გისწავლია. თუ სოფლიდან ჩამოგყვა?! – გესლიანად გადახედა ნათელამ.

– რუსთავი სოფელი არაა, – არ შეეპუა რძალი.

– მაგდენსაც ვერ ხვდები, რომ რუსთავი არაფერ შუაშია, სადაც უნდა დაბადებულიყავი, მაინც სოფლელი ბოგანო იქნებოდი, – ჩაუსისინა რძალს დედამთილმა.

მარი საძინებელში შევიდა. ბორგავდა და ადგილს ვერ პოულობდა.

– რომ არც კვდება, მაგრამ მაგას რა მოკლავს? ისეთ ჯანზეა, მე მომინელებს! როგორმე უნდა დავიყოლიო, რომ მომაკითხოს, რომ იმ გომბიოს გული გაუსკდეს, – მარის თავში აზრები ქაოტურად ირეოდა: იქნებ არც წავიდე? როგორ არ უნდა წავიდე? ყველა გულზე უნდა გავხეთქო. თამაზი სწორს ამბობს, თამრიკო თუ ქალია და... შვილი თვალით არ უნახავს და იმ თავის გადაღძუებულ ქმარს თავს ევლება. ახლაც იმიტომ დაგვპატიჟა, გვანახოს, როგორი წარმატებული და ბედნიერია. აბა, ყველას კი არ გაუმართლებს, რომ მანჰეტენზე იცხოვროს და მანჰეტენზევე იმუშაოს! თან, ქირურგად და თან – სად?! ისე, ამ სოფლელებს, მართლაც, სასიკვდილო ჩაჭიდების უნარი აქვთ ცხოვრებაზე, ქვიდან წვენს გამოადენენ! უპატრონო და უთვისტომო! მომვლელად წავიდა ამერიკაში და ახლა, ნახე, რა დღეშია?! – მარის სიბრაზისგან სახე წამოეჭარხლა. ალბათ, უფრო შურისგან, რატომ? იმიტომ რომ, თუ თამრიკომ თვეების შვილი დატოვა და მას შემდეგ არც უნახავს, თუმცა ამის პრობლემა არ ჰქონია, ცხოვრებას მსხვერპლი მარიმაც შესწირა, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია. როგორ არ მიაღწია, როგორც უნდოდა, თამაზის ცოლი გახდა ნათელას ირიბი, მაგრამ მაინც მოკავშირეობით, მაგრამ დედობას ვერ ეღირსა.

მარი ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოაფხიზლა:

– დედა სახლშია? – ეკითხებოდა ბებიამისს.

– სახლშია, – ტკბილად უპასუხა ნათელამ. საერთოდაც, ნათელა შვილშვილთან და შვილთან არასდროს იჩნევდა, რომ რძალს დასანახავად ვერ იტანდა, თან, შვილიც და შვილიშვილიც ძალიან უყვარდა.

– აქ ვარ, რა მოხდა? – გასძახა მარიმ შვილს, რომელიც სკოლიდან ის-ის იყო დაბრუნდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი