რომანი და დეტექტივი

საიდუმლო რეესტრი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.07

საიდუმლო რეესტრი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #24 (1329)

ბოლო შემოწმება პოლკოვნიკმა გამატარა, ყურადღებით მისმენდა და მაკვირდებოდა. კითხვებს მისვამდა და განმარტებებს მაძლევდა.

– ამ ეტაპზე შენი ამოცანაა, „ხლისტის“ კლანში მოხვედრა, ნდობის მოპოვება და დამკვიდრება. შემდეგ კი ვნახოთ.

„ხლისტი“, ანუ მათრახი, სწორედ ის კაცი იყო, ვინც ავტორიტეტის ცოლმა საწოლში ჩაიგორა და ამის მეშვეობით განხორციელდა მისი გადმობირება. ამიტომ პოლკოვნიკს ვუთხარი:

– „ხლისტი“ ხომ ჩვენზე მუშაობს.

– კი. მასეა. შენ მასთან დაახლოება და ზედამხედველობა უნდა განახორციელო. არ უნდა გაიგოს, რომ ჩვენიანი ხარ. და არც ის, რომ საქმის კურსში ხარ მისი აგენტობის შესახებ. თუ საჭირო გახდა, „ხლისტთან“ რეკომენდაციას „ძია კოლია“ გაგიწევს.

– „ძია კოლია“? – გავიმეორე ლექტორი-სუპერჯიბგირის, ჩემი მასწავლებლის მეტსახელი.

– სწორედ ის. „ძია კოლია“ რომ ჩვენთან მუშაობს, ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცით. კოლეგებისთვის კი ის კვლავ ურყევი ავტორიტეტია და თავისი კოლეგა ქურდები მას პენსიას უხდიან.

– მაგარი ვინმეა! – ღიმილით ვუთხარი პოლკოვნიკს.

– ისიც იმავეს ამბობს შენზე. იძახის: ჯიბგირადაა დაბადებული და თავის პროფესიაში მწვერვალებს მიაღწევსო, – მამცნო პოლკოვნიკმა.

– ნეტავ რომელ პროფესიას გულისხმობს „ძია კოლია“, ჯიბგირობას თუ მილიციელობას?

– ორივეს, – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – იმედია, ჯიბგირის უნარ-ჩვევები არ დაგიკარგავს.

ამ საუბრის დროს მე და პოლკოვნიკი მრგვალ, დაბალ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ ვისხედის სავარძლებში. ეს კითხვა რომ დამისვა, შემთხვევით, მინერალური წყლის ბოთლს ხელი გავკარი და იატაკზე დავაგდე, დავიხარე, ავიღე, ისევ მაგიდაზე დავდგი და პოლკოვნიკს ვუთხარი:

– ბოდიშს გიხდით, ფიქრებმა გამიტაცა. რა მკითხეთ?

– ჯიბგირის ჩვევები ხომ არ დაგიკარგავს-მეთქი, – გამიმეორა პოლკოვნიკმა.

– რა თქმა უნდა, არა. აი, თქვენი მაჯის საათი, – მივუგე პოლკოვნიკს და საათი მაგიდაზე დავუდე, რომელიც მინერალური ბოთლის აღების დროს შევხსენი.

– კარგ ფორმაში ყოფილხარ, – მითხრა პოლკოვნიკმა. თან, საათი მაჯას დაუბრუნა და დაამატა, – ახლა კი ჩანერგვის ოპერაციის დეტალები განვიხილოთ, რაც უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო.

– შევასრულებ. რა უნდა გავაკეთო?

– „ხლისტის“ საყვარელს ჩანთიდან ბევრი ფული უნდა ამოაცალო. არბატზე რომ საიუველირო საკომისიო მაღაზიაა, ზეგ იქ მივა ანეტიკვარული სამკაულების საყიდლად და იაღლიში არ უნდა მოგივიდეს. ორი მცველი თან ეხლდება და შეძლებ?

– ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდები.

– კარგი. შენი იმედი მაქვს. იცოდე, იაღლიში არ მოგივიდეს, – გამიმეორა პოლკოვნიკმა.

– შემიძლია, წავიდე და საქმისთვის მოვემზადო, იაღლიში რომ არ მომივიდეს? – ვუთხარი პოლკოვნიკს და ჩამოსართმევად ხელი გავუწოდე.

პოლკოვნიკმა ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– თავისუფალი ხარ.

კაბინეტის კართან რომ მივედი, პოლკოვნიკს მივუბრუნდი. მისი მაჯიდან მეორედ მოხსნილი საათი კარის სახელურზე ჩამოვკიდე და ვუთხარი:

– იაღლიში არ მომივა.

პოლკოვნიკს ხარხარი აუტყდა და კარგა ხანს არ გაჩერებულა.

„ხლისტის“ საყვარლისთვის ჩანთიდან ფულის ამოცლა არც თუ ისე იოლი საქმე იყო. ძალიან სწრაფად, ზუსტად და შეუმჩნევლად უნდა მემოქმედა. ორი „ჟლობის“ ყურადღება უნდა მომედუნებინა და სანამ ქალი მანქანიდან საიუველიროში შევიდოდა, მაყუთი უკვე მე უნდა მქონოდა... ეს საქმე კი ასე მოეწყო: როდესაც ქალი და მისი ორი მცველი „ჟლობი“ საიუველირო მაღაზიის კარს მიუახლოვდნენ, მე მათ უკან კუსტარულად გაკეთებული ასაფეთქებელი კაფსულა ავამოქმედე, თავად კი მაღაზიიდან გამოვედი. აფეთქების ხმაზე ქალი და „ჟლობები“ ინსტინქტურად უკან მიტრიალდნენ. მეც, ვითომ ინსტინქტურად ქალს დავეჯახე და რომ არ წაქცეულიყო, ხელი შევაშველე. მეორე ხელით კი ძირს დავარდნილი ხელჩანთა მივაწოდე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას... ჩანთის აღებიდან მიწოდებამდე, სამი წამის განმავლობაში, ჩანთიდან 10 ათასი მანეთი შეუმჩნევლად ამოვიღე. როგორც შემდეგ პოლკოვნიკი ყვებოდა, საიუველიროში რომ შესულა და სამკაულების საყიდელი ვეღარ უნახავს, ქალი საშინელ ისტერიკაში ჩავარდნილა, ჭკუიდან კინაღამ შეშლილა. დიდი განხილვისა და ბჭობის შემდეგ იმ დასკვნამდე მისულან, რომ ფული ვიღაც უცნობმა ახალგაზრდამ მოიპარა საიუველირო მაღაზიასთანო. ეს ახალგაზრდა მე ვიყავი და უცნობი ჯიბგირის მოსაძებნად „ხლისტმა“ მთელი მოსკოვი ფეხზე დააყენა. დახმარებისთვის „ძია კოლიასაც“ მიმართა და შემდგომი ამბავი უკვე მისგან შევიტყვე. მან სიცილით მომიყვა:

– „ხლისტი“ სახლში მეახლა. ფულის დაკარგვის ამბავი მომიყვა და მითხრა:

– „ძია კოლია“, ასეთი კვალიფიკაციის ჯიბგირს მსოფლიოში მხოლოდ შენ გიცნობ და ნუთუ კონკურენტი გამოგიჩნდა.

– საქმეებზე აღარ დავდივარ. ზოგჯერ ხელი მიკანკალებს. ეს კი ჩვენს საქმეში არ გამოდგება. რაო, რა მითხარი ახალგაზრდა კაცზე გვაქვს ეჭვიო? – ვკითხე „ხლისტს“.

– ჰო. უეჭველად ის ბიჭი იქნებოდა, მაღაზიასთან რომ ხელჩანთა მიაწოდა ჩემს ქალს.

– ჩემი შეგირდი ხომ არაა, ნეტავ?

– რომ ვანახვო იცნობენ?

– კი, იცნობენ.

– ძალიან კარგი, – ვუთხარი „ხლისტს“, – დაამთავრა „ძია კოლიამ“ მოყოლა და და მე მომმართა:

– აბა, წავედით! ყოჩაღად იყავი! სიტყვა-პასუხი, იმედია, არ შეგეშლება, – მითხრა ძია კოლიამ და ერთ საათში უკვე „ხლისტის“ სახლში ვიყავით.

როგორც კი ოთახში შევედით, „ხლისტის“ საყვარელმა თითი გამოიშვირა ჩემკენ და თქვა:

– აი, ეს იყო. ამან მომპარა ჩანთიდან ფული.

ორივე „ჟლობმაც“ მიცნო. ისინი იქვე იდგნენ უხმოდ და კოპებშეკრულები მიმზერდნენ. ნება რომ ჰქონოდათ, ალბათ, ცოცხლად გამაძრობდნენ ტყავს. მე კი ქალს გავუღიმე. მოპარული ფული გავუწოდე და ვუთხარი:

– პარდონ, მადამ! რომ მცოდნოდა, ვის ინტერესებს წარმოადგენდით, სათოფეზეც კი არ გაგეკარებოდით.

ეს ფრაზა რომ დავასრულე, ქალს ხელზე ვეამბორე.

„ხლისტი“ ჩუმად მაკვირდებოდა და შესავალი რომ დასრულდა, მკითხა:

– მაინცდამაინც ასეთ რისკზე რატომ წახვედით ან, საიდან იცოდით, რომ ჩანთაში ამხელა ფოსტა იდო?

– პატივცემულო, რისკი ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ფოსტას, ნამდვილად არ ვიცოდი ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როდესაც ასეთ მშვენიერ ქალბატონს ორი სერიოზული ათლეტი ახლავს საიუველირო მაღაზიაში, ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიდ მაყუთზეა ბაზარი და მეც წინასწარ მომზადებული გაჯეტი ავამუშავე და ათასი პროცენტით გამიმართლა.

– ათასი კი არა და, მილიონპროცენტიანი ხარ, ძმაო, – მითხრა „ხლისტმა“. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და დაამატა, ხელიდან გასაშვები კადრი არ ხარ და თანახმა ხარ, რომ ჩვენს საძმოს შემოუერთდე? თუ, რა თქმა უნდა, ძია კოლიას არ აქვს რაიმე საწინააღმდეგო.

– პირიქით. კარგა ხანია, ვფიქრობდი, ეს ყმაწვილი საიმედო ხელისთვის გადამეცა და შენზე უკეთეს ვარიანტს ვერც მოვიფიქრებდი. მარტოხელა მგლობას საიმედო, ძლიერი საქმის წევრობა სჯობს.

– ისეთ წინადადებას მთავაზობთ და ისეთი კაცი მიწევს რეკომენდაციას, რომ უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ამიტომ თანახმა ვარ, – ვთქვი მე და იმ დღიდან „ხლისტის“ კლანს შევუერთდი.

ჩანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იმ დღიდან „ხლისტის“ კლანის წევრი გავხდი.

გადიოდა წლები. ორგანიზებული დანაშაული საბჭოთა კავშირში ფესვებს ღრმად იდგამდა. იქმნებოდა სხვადასხვა ტერორისტული თუ ნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფები და ქურდული სამყარო თანდათან ჭრელ შეფერილობას იღებდა. არაერთხელ შეიცვალა ქურდული კანონები და ნეპმანელი ქურდული კოდექსიდან მხოლოდ სახელწოდებაღა დარჩა. ეგრეთ წოდებულ, უძრაობის პერიოდში შავი სამყარო კალეიდოსკოპური სისწრაფით ამოძრავდა და „ობშჩიაკმა“ კოსმიურ ბიუჯეტს მიაღწია ამასობაში „პერესტროიკაც“ დაიწყო და ქურდულმა სამყარომ კოსმიური ფრთები შეისხა. მე კი ამ ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში ქურდული ტიტული მოვიპოვე. მნიშვნელოვანი გავლენა შევიძინე და საკავშირო მასშტაბით მეთქმოდა სიტყვა. „ხლისტს“ ჯანმრთელობა შეერყა, ხელი დარია პარკინსონის დაავადებამ. ბოლოს ლოგინად ჩავარდა და ექვს თვეში სულიც დალია. მე კლანის მეთაური გავხდი. „ხლისტი“ კი დიდი კრიმინალური პატივით დაავკრძალეთ. მის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა და პატივი მიაგეს მას. მაგრამ, თითქმის არავინ იცოდა, რომ გავლენიანი ავტორიტეტი მილიციის მიერ გადაბირებული აგენტი იყო და ორგანოს კურატორის მითითებებს ასრულებდა. რა თქმა უნდა, არც იმას წარმოიდგენდნენ, რომ „ხლისტის“ ადგილმონაცვლე, ანუ მე, ჩინიანი, პოგონებიანი მილიციის აგენტი ვიყავი, შავ სამყაროში ჩანერგილი და სპეციალურ დავალებას ვასრულებდი. ეს სპეციალური დავალება კი ორგანიზებული დანაშაულის კონტროლი იყო... ამ წლების განმავლობაში ჩემი კურატორი პოლკოვნიკი მილიციის გენერალ-პოლკოვნიკი გახდა, რაც ძალიან მაღალი პილოტაჟია. ის საკმაოდ ასაკოვანი იყო, როცა სამსახურიდან წავიდა. უბრალოდ, ფიზიკურად აღარ შეეძლო მუშაობა და ამიტომ. თან, საბჭოთა კავშირი ბოლო თვეებს ითვლიდა და ჰაერში უმართავი სოციალურ-პოლიტიკურ-კრიმინალური ქაოსის სასიკვდილო სუნი იდგა. გენერალ-პოლკოვნიკმა თავის აგარაკზე დამიბარა და მითხრა:

– რას იტყვი, როგორ მიდის საქმეები?

– კრიმინალური თუ სახელმწიფოებრივი? – კითხვა შევუბრუნე კურატორყოფილს.

– სახელმაწიფოსგან სულ მალე ნაფლეთებიღა დარჩება. აი თქვენმა სახელმწიფომ კი ყველა საზღვრები მოშალა და მსოფლიო სივრცეებშია გაჭრილი. საბჭოთა კავშირი აღარ ყოფნის.

– მართალია, მართალი. მინისტრი შევქმენით, რომელსაც უკვე ვეღარავინ აკონტროლებს, – დავეთანხმე გენერალ-პოლკოვნიკს.

– არც მთლად მასეა საქმე, – ორაზროვნად მითხრა ყოფილმა კურატორმა და დაამატა, – აქ, ტყუილად როდი დაგიბარე.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო.

– ყურადღებით მომისმინე. რასაც ახლა გეტყვი, ეს სახელმწიფო საიდუმლოება კი არაა, ესაა ზესახელმწიფოებრივი საიდუმლო და რადგან სულ მალე ქვეყანა არ იარსებებს, საზოგადოების უსაფრთხოების ფუნქცია კოლეგიალურმა ორგანომ აიღო საკუთარ თავზე. შენი მიმართულება კი ამ უხილავი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

– სიმართლე გითხრათ, თქვენი სიტყვების არსს თითქმის ვერ ჩავწვდი, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო. უფრო სწორად კი, საერთოდ ვერ ჩავწვდი.

– გასაგებია, – დამეთანხმა გენერალ-პოლკოვნიკი და დაამატა, – მარტივად, სქემატურად გეტყვი. ექვსი თვის შემდეგ დიდი კრიმინალური სხოდკა გაიმართება შვეიცარიის ერთ-ერთი მთიანი სოფლის სასტუმროში. იქ ყველა მთავარი ავტორიტეტი მოიყრის თავს და მთავრის არჩევნები გაიმართება. მთავრის ხელშია მილიარდობით ბიუჯეტის „ობშჩიაკი“ და ის, ანუ მთავარი, ავტომატურად ხდება კოლეგიალური ორგანოს წევრი. გასაგებია?

– დიახ. ეს სქემა გასაგებია. მაგრამ, როგორც ვხვდები, სულ ეს არ უნდა იყოს.

– ამ არჩევნებში შენ უნდა გაიმარჯვო. კოლეგიალური ორგანოს წევრი გახდე და საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაიცვა.

– რომ ვერ გავიმარჯვო? უმრავლესობის ხმები რომ ვერ მოვიპოვო? იქ, ალბათ, სხვა კანდიდატებიც იქნებიან?!

გენერალ-პოლკოვნიკმა წინ დამიდო სქელტანიანი ბლოკნოტი და მითხრა:

– აი, ამის შიგთავსს გაეცანი და ეს დაგეხმარება არჩევნებში გამარჯვებაში.

ბლოკნოტი ტყავის ჩანთაში შევინახე და საუბრის თემა შევცვალეთ. ჩემი ყოფილი კურატორის აგარაკიდან გვიან ღამით წამოვედი და რომ გამოვემშვიდობე, მითხრა:

– მშვიდობით! აბა შენ იცი, ამდენი წლის პატიოსანი შრომა წყალში არ ჩაყარო! გამოცდილი, გამოწრთობილი კაცი ხარ და მილიარდები კი არა და მთელი დედამიწის სიმდიდრე რომ მოგანიჭონ, იმედია, თავში არაფერი აგივარდება. აბა, ბედნიერი მგზავრობა!

ორი დღის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკი გარდაიცვალა და ის დიდი მხედრული პატივით დაკრძალეს. უამრავმა ადამიანმა გააცილა ის უკანასკნელ გზაზე. მე კი ამის საშუალება არ მქონდა. მილიციის გენერლის დასაფლავებაზე ჩემი გამოჩენა დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა და ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამიტომ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შევიკავე და ჩემი ყოფილი კურატორის შესანდობარი, წითელი ღვინით, სახლში შევსვი.

გენერალ-პოლკოვნიკის მიერ ნაბოძები ბლოკნოტის შიგთავსს ძალიან ყურადღებითა და გულდასმით ვეცნობოდი და შესაბამის ზომებსაც ვიღებდი. მომავალი არჩევნებისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი და ცოტა არ იყოს, ვღელავდი კიდეც. თუმცა, საბოლოო გამარჯვებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული. და ის 6 თვეც გავიდა. დიდ სხოდკაზე ჩავედი და არჩევნებშიც ტრიუმფალურად გავიმარჯვე. ფორმალური ოპონენტიც კი არ მყავდა და კლანების მეთაურებისგან ასპროცენტრიანი მხარდაჭერა მივიღე. და ეს არც იყო დიდად გასაკვირი. გენერალ-პოლკოვნიკის მიერ მოცემულ რვეულში ყველა კრიმინალური ავტორიტეტის დოსიე და საქმეები იყო თავმოყრილი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ორგანოსთან თანამშრომლობდა და ეს საიდუმლო რეესტრი მათ კომპრომატებს შეიცავდა. ამიტომ, არჩევნებში გამარჯვება სულაც არ გამჭირვებია. ასე გავხდი კოლეგიალური ორგანოს წევრი...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი