რომანი და დეტექტივი

არარსებულები

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.07

არარსებულები
დაკოპირებულია

– გაითვალისწინე, შენი ჯგუფი მექვემდებარება პირადად მე; ჩემ შესახებ იცი მხოლოდ შენ; ჩემს პირად არქივში თქვენი სახელწოდებაა „არარსებულები“. მე რომ მოვკვდე, თქვენ კურატორის გარეშე დარჩებით და თითქმის გამორიცხულია, რომ გამშიფროთ. კოდირებული მონაცემები ერთ ადგილზე მაქვს შენახული, მათი გასაღები კი – მეორეზე. ასეთივე პრინციპით ვინახავ თქვენი დავალებებისა და შესრულებული საქმეების აღწერილობასაც. გასახსნელად კი ყველაფერს ორმაგი შიფრი სჭირდება და საიმედოდ ხართ დაცულები. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო და გამჟღავნებისა თუ ღალატის არ გეშინოდეს, – მითხრა გენერალმა და დაამატა, – კითხვები თუ გაქვს?

– მაქვს.

– მკითხე.

– ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ, მოულოდნელად რომ გარდაიცვალოთ, ჩვენი საქმე როგორ იქნება?

– კარგად დაიმახსოვრე, მოულოდნელად არაფერი ხდება, მაგრამ რასაც შენ მოულოდნელობას უწოდებ, თუ ეგრე მოხდა, როგორც უკვე გითხარი, კურატორის გარეშე დარჩებით. და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებით დამოკიდებული. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება არ გაგიჭირდებათ.

– გასაგებია. კითხვები აღარ მაქვს. ნახვამდის!

– უფრო სწორად, მშვიდობით! ჩვენ ერთმანეთს, ალბათ, აღარ შევხვდებით. კონსტაქტები წინასწარ შეთანხმებული სქემით განხორციელდება და წარმატებას გისურვებთ!

– მშვიდობით, თქვენც წარმატებას გისურვებთ! – ვუთხარი გენერალს და კონსპირაციული შეხვედრა დავტოვე.

ჯგუფი „არარსებულები“ ხუთი ადამიანისგან შედგებოდა. მე და კიდევ ოთხნი. ეს სახელწოდება, მართლაც რომ, ზუსტი განსაზღვრებაა და ჩვენს სტატუსს ასი პროცენტით შეეფერებოდა. ყველა ჩვენგანი ცოცხლებში ოფიციალურად არ ვეწერეთ. თითოეულ ჩვენგანზე არსებობდა ოფიციალური ბეჭდით დადასტურებული ცნობა, ჩვენი დაღუპვის, იდენტიფიკაციისა და დამარხვის შესახებ. ასევე, თითოეულ ჩვენგანზე არქივში ინახებოდა დოსიეები ჩვენ მიერ გატარებული ცხოვრების შესახებ. ძირითადად, მათში ჩვენი კრიმინალური საქმეები იყო აღწერილი. ადრე ხუთივე, განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი ვიყავით. „სიკვდილის შემდგომ“ კი ბევრად უფრო საშიში ადამიანები. რადგან სპეციალური მომზადება გვქონდა გავლილი და მზად ვიყავით, შესაბამისი ბრძანების მიღების შემდეგ ნებისმიერ საქმეზე მოგვეწერა ხელი. ჩვენნაირები ყველა სახელმწიფოს ჰყავს, ზოგს – ბევრი, ზოგსაც კი – ცოტა. ასეთი ხალხის რაოდენობა სახელმწიფოს სიძლიერესა და ამბიციურობაზეა დამოკიდებული. შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს კი ასეთ რამეებში ხომ ბადალი არ ჰყავდათ და ჩვენც ამ მეორე ზესახელმწიფოს მიერ ვიყავით შობილები.

რაც შემეხება მე, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ. მშობლები გეოლოგები მყავდა, საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით და მეც არა მიშავდა რა. სკოლა ისე დავამთავრე, რომ მილიციისა თუ სხვა მსგავსი სტრუქტურების ინტერესების სფეროში არასდროს მოვხედრილვარ. ცუდად არ ვსწავლობდი, თუმცა არც თავი მისკდებოდა მეცადინეობისგან. სპორტსმენი ვიყავი. ძიუდოში ვვარჯიშობდი და საკმაოდ კარგი შედეგებიც მქონდა მწვრთნელები შესანიშნავ სპორტულ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. მეც ძალიან მონდომებული ვიყავი და დიდ ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. მიზნის მისაღწევად თავს არ ვზოგავდი. ყველაფერს ვაკეთებდი და რაც მთავარია, უმკაცრესად ვიცავდი რეჟიმს. ჩემთვის არც გართობა არსებობდა, არც სხვა რამ, რაც ჭაბუკურ ასაკში ჩემს თანატოლებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სკოლის გამოსაშვები გამოცდები არ ჩამიბარებია – ნაკრების წევრი ვიყავი და გამათავისუფლეს. თანაც, საწვრთნელ შეკრებაზე ვიმყოფებოდი. საერთაშორისო ტურნირისთვის ინტენსიურად ვემზადებოდი და მწვრთნელები ჩემზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. მე რომ შეკრებაზე გავემგზავრე, ჩემი დედ-მამა წინა დღეს გეოლოგიურ ექსპედიციაში გავაცილე – ურალში, სვერდლოვსკში მიემგზავრებოდნენ. მოსკოვამდე მატარებლით, რადგან სოჭში უნდა შეევლოთ და რამდენიმე კოლეგა წაეყვანათ. მოსკოვიდან კი უკვე – თვითმფრინავით განეგრძოთ გზა.

– აბა, შენ იცი, კარგად მოემზადე ტურნირისთვის. ჩემპიონი უნდა გახდე! – მითხრა მამამ, როდესაც თბილისის რკინიგზის ვაგზლის მორიგემ გამოაცხადა, რომ თბილისი-მოსკოვის მატარებლის გასვლამდე 5 წუთი იყო დარჩენილი და მგზავრებს ვაგონებში ასვლა სთხოვეს.

– თავს არ დავზოგავ, მამა, – მივუგე მამაჩემს.

დედა კი ჩამეხუტა და მითხრა:

– თავს გაუფრთხილდი, შვილო! აბა შენ იცი, ნახვამდის! – დედაჩემი ყველაზე ბოლოს ავიდა ვაგონში და მატარებელიც დაიძრა.

მე ბაქანზე ვიდექი და მშობლებს ხელს ვუქნევდი.

სახლში მეტროთი დავბრუნდი, ვივახშმე და დავიძინე. მეორე დილით კი ნაკრებ გუნდთან ერთად გავემგზავრე მოსამზადებელ შეკრებაზე, რომელიც ორ კვირაზე იყო განსაზღვრული. ჩემი მშობლების მივლინება კი სამთვიანი იყო და ისინი შემოდგომის დასაწყისში უნდა დაბრუნებულიყვნენ თბილისში. ამ პერიოდისთვის მე საერთაშორისო ტურნირი უნდა მქონოდა ნაჭიდავები და ჩემპიონობას ვგეგმავდი.

თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. ფორმაში ვიყავი კი არა, პიკში ვიმყოფებოდი. თბილისში შესანიშნავ ხასიათზე დავბრუნდი, თან შემატყობინეს, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩამრიცხეს. ამასობაში 18 წლის გავხდი. იმ დღეს სვერდლოვსკიდან მშობლებმა დამირეკეს და დაბადების დღე მომილოცეს. მამამ მკითხა:

– როგორ მიდის შენი საქმეები?

– დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, კარგ ფორმაში ვარ. ფიზკულტურის ინსტიტუტშიც დამსვეს.

– გამოცდები ჩააბარე?

– უგამოცდოდ, მამა.

– ძალიან კარგი. აბა, შენ იცი, ჩემპიონი უნდა გახდე!

გავხდები კიდეც. თქვენ რას შვრებით, როგორ მიმდინარეობს ექსპედიცია?

– ხვალ ტაიგაში მივემგზავრებით და ორი თვე იქ უნდა ვიყოთ.

– თავს გაუფრთხილდით. ნახვ... – ვეღარ მოვასწარი გამომშვიდობება, რადგან შეკვეთილი საუბრის დრო ამოიწურა და კავშირი გაწყდა.

როგორც მამამ მითხრა, ჩემი მშობლები ორი თვე ტაიგაში უნდა ყოფილიყვნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ ვერ დავუკავშირდებოდი. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. მიჩვეული ვიყავი და არც არასდროს განვიცდიდი. ყურმილი რომ დავკიდე, ვივახშმე და დასაძინებლად დავწექი. ზოგადად კი, რეჟიმით ცხოვრება გავაგრძელე და ტურნირისთვის მზადება გავაძლიერე. საზღვარგარეთ გასამგზავრებელი საბუთები მზად იყო. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე მწვრთნელმა საზღვარგარეთის პასპორტი გადმომცა და მითხრა:

– ხვალ ვისვენებთ. ზეგ დილით კი მოსკოვში მივფრინავთ. იქიდან – ტურნირზე და იცოდე, აეროპორტში არ დააგვიანო. აბა შენ იცი! კარგად დაისვენე, არ ჩაგეძინოს.

– არ ჩამეძინება. დროზე მოვალ, – ვუთხარი მწვრთნელს, პასპორტი გამოვართვი და სახლში წავედი.

მიუხედავად იმისა, რომ გამგზავრების წინა დღე დასასვენებელი იყო, მე დილით ადრე ავდექი, მსუბუქად ვივარჯიშე, ვისაუზმე და დღის პირველ ნახევარში კიდევ ერთხელ ვივარჯიშე. შემდეგ წამოვწექი და დეტექტივის კითხვას შევუდექი. ეს ჟანრი ბავშვობიდან მიყვარდა. ბევრი ასეთი წიგნი მქონდა წაკითხული და თავისუფალ დროს ყოველთვის კითხვას ვუთმობდი. საღამოს კვლავ მსუბუქად ვივარჯიშე, ვივახშმე და დასაძინებლად მოვემზადე. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე. ვინ ლაპარაკობსო, მკითხა უცხო ხმამ და როცა ვუპასუხე, ვინც ვიყავი, მითხრა:

– მე გეოლოგიის სამმართველოდან გირეკავთ. იცით, სად მდებარეობს ჩვენი სამსახური?

– დიახ. იქ ჩემი მშობლები მუშაობენ, – მივუგე მე.

მშობლების ხსენებაზე უცნობმა პაუზა გააკეთა და მითხრა:

– აქ უნდა მობრძანდეთ, გელოდებით.

– რა ხდება? უკვე ვიძინებდი... – ვთქვი მე.

პაუზის მერე მამაკაცმა თითქოს მკაცრად მითხრა:

– აუცილებლად უნდა მობრძანდეთ, გელოდებით.

– კარგი. მოვალ, – ვთქვი გაოცებულმა. ყურმილი დავკიდე და გეოლოგიის სამმართველოში წავედი.

გეოლოგიის სამმართველო სახლთან არც ისე შორს მდებარეობდა და მალევე მივედი. შენობაში მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა და მხოლოდ მეორე სართულის ფანჯრები იყო განათებული.

– მეორეზე ადი. გელოდებიან, – მითხრა დარაჯმა და მოკიდებულ „პრიმას“ ღრმა ნაფაზი დაარტყა.

უზარმაზარი, განათებული ოთახი სამმართველოს უფროსის კაბინეტი იყო. მასთან ერთად ოთახში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა. ყველას შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა და ოთხივე სიგარეტს აბოლებდა. კაბინეტში ისეთი კვამლი იდგა, რომ ხველება ამიტყდა. სული მოვითქვი. დამხვდურებს მივესალმე. სამმართველოს უფროსმა კი მითხრა:

– მე დაგირეკე. დაჯექი...

სკამზე დავჯექი. კაბინეტის მასპინძელს მზერა მივაპყარი. ის კი ნერვიულად აბოლებდა და ლაპარაკის დაწყებას წელავდა. მისგან ხელმარჯვნივ მჯდომი მამაკაცი წამოდგა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, სიგარეტი საფერფლებში ჩააჭყლიტა, შემდეგ მეორეს მოუკიდა და მითხრა.

– რამდენი წლის ხარ?

– თვრამეტის, – ვუპასუხე მე, თან გამიკვირდა, რაში სჭირდებოდათ ჩემი ასაკი.

– კაცი ხარ უკვე და ვაჟკაცურად უნდა შეხვდე ყოველგვარ გასაჭირს. აქ კი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ გითხრათ, შენი მშობლები დაიღუპნენ.

– დაიღუპნენ? – გავიმეორე მე ისე, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ მქონდა გააზრებული ეს ინფორმაცია.

როგორც შევიტყვე, ჩემი მშობლები ტაიგაში, გეოლოგიურ ბანაკში მდებარე კარავში უნახავთ დახოცილები. ორივეს ბასრი საგნებით ჰქონდათ მიყენებული რამდენიმე ჭრილობა. შემთხვევის ადგილზე ბრძოლის კვალიც აღმოჩნდა. როგორც ვარაუდობდნენ, მამამ წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ის მოკლეს. შემდგომ კი დედაც მიაყოლეს. გამოძიების ვარაუდით, მინიმუმ, ორი თავდამსხმელი იყო. მათ კარავიდან 10 კილოგრამი ოქრო გაუტაცებიათ. ბოროტმოქმედები არამც თუ ვერ დაიჭირეს, მათი სავარაუდო ვინაობაც კი ვერ დაუდგენიათ. ეს დეტალები მე მოგვიანებით შევიტყვე, როდესაც ჩემი მშობლების ერთ-ერთ კოლეგასთან ერთად სვერდლოვსკში ჩავედი და გამოძიების საქმეს გავეცანი.

სამმართველოს უფროსმა როგორც იქნა, მოიკრიბა ძალები და მითხრა:

– შენი მშობლები ამ საღამოს ჩამოასვენეს. ამჟამად პროზექტურაში არიან დასვენებული. დილით კი სახლში გადმოვასვენებთ. ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებს და ჩვენც გაგიწევთ დახმარებას.

მთელი ღამე პროზექტურაში გავატარე. მშობლების ცხედრების გადასვენება მხოლოდ დღის 2 საათისთვის მოხერხდა. ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, რომ აღარც კი მახსოვდა ტურნირისა და გამგზავრების შესახებ. როგორც შემდგომ გაირკვა, აეროპორტში რომ არ მივედი, ჯერ სახლში მირეკეს, შემდეგ ვიღაც გამოგზავნეს, რომ სასწრაფოდ წავეყვანე, მაგრამ რომ ვერ მიპოვეს მოსკოვში, უჩემოდ გაფრინდნენ. იქიდან კი – ერთ საათში საზღვარგარეთ.

მშობლები ისე დავასაფლავე, რომ სპორტკომიტეტიდან არავინ შემხმიანებია. ხოლო, როდესაც ნაკრები ტურნირიდან დაბრუნდა, მხოლოდ მაშინ დამიბარეს ჭიდაობის სამმართველოში და იმის ნაცვლად, რომ გაგებით მოჰკიდებოდნენ ჩემს მდგომარეობას, ახსნა-განმარტება მომთხოვეს, თანაც სამძიმარიც კი არ უთქვამთ.

– შენ ღალატი ჩაიდინე. შეარცხვინე მთელი რესპუბლიკა. ჩირქი მოსცხე პარტიას, რომელმაც ასეთი საპასუხისმგებლო მისია განდო, – ტლიკინებდა ჭიდაობის კურატორი, რომელსაც სულ ფეხებზე ეკიდა ჩემი უბედურება.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი