დედის ნაცვალი
ავტორი: ნია დვალი 20:00 17.07
– ოცდარვაში ბიჭებთან ერთად მივდივარ სანადიროდ, ღამისთევით, – ლექსოს ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია.
დეა მისკენ მიტრიალდა:
– დედაშენის დაბადების დღემდე სამი დღით ადრე?!
– მერე რა?! – გაიკვირვა ლექსომ, – შენ ხომ მაინც სახლში იქნები. ყველაფრის მომზადებას მოასწრებ.
უკვე მესამე წელი შესრულდებოდა, რაც დედამთილის დაბადების დღეს მათთან იხდიდნენ. ქმრის მრავალრიცხოვანი ნათესავები აუცილებლად იკრიბებოდნენ ამ დღეს. წარმოიდგინეთ, 20-30 ადამიანი ერთსაძინებლიან სტუდიოში. დეა ამზადებდა კერძებს, ალაგებდა, იღიმებოდა და სტუმრებს ემსახურებოდა. სტუმრები კი მოდიოდნენ, მიირთმევდნენ და უტოვებდნენ არეულ სახლს. ლექსო მათთან ერთად იჯდა, ღვინოს ასხამდა, მოლოცვებს იღებდა და მხიარულობდა. სტუმრობაში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ დეას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ამ დაბადების დღეებს მისი დედამთილი არა ნათესავებისადმი დიდი სიყვარულის გამო, არამედ მათ თვალში წარმოსაჩენად იხდიდა და, რაც მთავარია, დიდად არც ერთი არ უყვარდა, უბრალოდ, თავს იწონებდა მათთან.
– არ შეიძლება, რომ დედაშენმა ამჯერად თავის სახლში გადაიხადოს იუბილე და შენი და მიეხმაროს?
– რა მოგივა, წელიწადში ერთხელ დედაჩემს რომ ასიამოვნო?! თან, უკვე ყველანი დაპატიჟა, – თქვა ლექსომ უაპელაციოდ და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო:
– კინაღამ დამავიწყდა, ეს პროდუქტებისა და კერძების სიაა. დედაჩემმა ერთი კვირის წინ შეადგინა.
– დამღლელია ძალიან, – ამოიოხრა დეამ, – და შენ არც კი მეხმარები.
– კაი, რა, რა არის დამღლელი? – გაიღიმა ლექსომ, – ვიმხიარულებთ, ვიცინებთ, დროს გავატარებთ. ისეთი მოჟამული სახე გაქვს, თითქოს კატორღაში გაგზავნიდნენ სამუშაოდ.
დეას აღარაფერი უთქვამს, იმიტომ რომ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა. ლექსო ისევ ტელეფონს უკირკიტებდა და საერთოდ არ აინტერესებდა არც ცოლის აზრი და არც ის, დაიღლებოდა თუ არა.
– კარგი, წადი სანადიროდ, რამეს მოვახერხებ.
– რა თქმა უნდა. შენ ძალიან მოხერხებული მყავხარ, – შეაქო ქმარმა ცოლი, როგორც გულმოწყალე მასწავლებელმა სწავლაში ჩამორჩენილი ბავშვი წასახალისებლად.
მეორე დღეს დეამ გაიღვიძა მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ამ თამაშიდან გამოსვლას აპირებდა. ლექსო ადრიანად წასულიყო სანადიროდ, მაგიდაზე კი ისევ იდო ფურცელი პროდუქტებისა და კერძების სიით. დეა გაღიზიანდა, მაგრამ მაშინვე თავისი გადაწყვეტილება გაახსენდა და საკუთარ თავს გაუღიმა. როდესაც წაიხემსა და ყავაც დალია, მისმა ტელეფონმაც დაიწკრიალა:
– დეიკო, დღეს ბოულინგზე მივდივართ, შემოგვიერთდები? – მეგობარი სწერდა. დეამ მაგიდაზე დადებულ ფურცელს შეხედა, შემდეგ ცარიელ ბინას მოავლო თვალი. ერთხანს იჭოჭმანა, ბოლოს კი შეტყობინება აკრიფა:
„ირ, მოვალ აუცილებლად“.
საღამოს ექვსი საათისთვის მას ხელში უკვე ეჭირა ბოკალი წითელი, მშრალი ღვინით სავსე და მუსიკას ადგილიდან აყოლებდა ტანს. ხალხი იცინოდა, თამაშობდნენ, ერთობოდნენ. დეა, თავისდა გასაოცრად, თავს ძალიან მსუბუქად და თავისუფლად გრძნობდა, ერთგვარად მოდუნებულადაც კი.
– ლექსო სად არის? – ჰკითხა ირამ.
– სანადიროდ, მე კი 20-30 ადამიანისთვის სუფრა უნდა მოვამზადო. დედამისის დაბადების დღეა, – რატომღაც, ვერ შეიკავა თავი დეამ.
– მარტომ უნდა მოამზადო? – დააზუსტა ირამ. დეამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად:
– საერთოდ, გეხმარება ხოლმე? – ისევ დაინტერესდა ირა.
– არა, ამბობს, რომ ქალისთვის ეს დამღლელი არ არის, პირიქით.
ირამ წარბები აწია და შეიკურთხა. დეას გაეცინა. ბილწისტყვაობა არ უყვარდა, მაგრამ ირას რაღაცნაირად უხდებოდა, თითქოს მისი ნატურის ორგანული გაგრძელება იყო.
ირამ ტელეფონზე მიანიშნა, რომელიც რეკავდა, მაგრამ ხმაურში სატელეფონო ზარის ხმა არ ისმოდა. ეკრანზე ეწერა: „ლექსო“. დეამ ამოიოხრა და უპასუხა.
– სად ხარ? – ტელეფონში ლექსოს უკმაყოფილო ხმა გაისმა.
– ხომ მოგწერე, რომ ბოულინგზე, გოგოებთან ერთად.
– რა ბოულინგი?! უნდა ემზადებოდე! ხვალ საღამოს დავბრუნდები, სია უნდა შევადგინოთ და მაღაზიებში დავიაროთ!
– ლექსო, მე არაფრის მომზადებას არ ვაპირებ, შენ თუ გინდა, დაიარე მაღაზიები და მოამზადე, რაც გაგიხარდება, – დეამ ეს იმდენად მშვიდად და ბუნებრივად წარმოთქვა, რომ ლექსომ მაშინვე ვერც კი გაიაზრა სიტყვების შინაარსი.
– რას ჰქვია, არ მოამზადებ?! ხვდები რას ამბობ? ხალხი დაპატიჟებულია.
– მე ისინი არ დამიპატიჟებია, ვინც დაპატიჟა, მან იზრუნოს. შენ გიყვარს სტუმრები, ჰოდა, შენ მოამზადე. რა პრობლემაა?!
– შეიშალე?! – ლექსო უკვე ყვიროდა.
დეამ ტელეფონი გათიშა, მაგრამ ხელები მაინც უკანკალებდა.
– ყველაფერი რიგზეა? – ირა ყურადღებით აკვირდებოდა მეგობარს, თუმცა, როდესაც დეამ ტელეფონს უპასუხა, გაერიდა, რომ თავისუფლად ელაპარაკა.
– კი... ამ შაბათ-კვირას რამე გეგმა გაქვს? – ჰკითხა დეამ მოულოდნელად.
– ჩემმა ძმამ ქალაქგარეთ სახლი იქირავა, წვეულება იქნება. ქორწინების წლისთავი აქვთ. გინდა, წამოხვიდე?
დეას სახე გაუნათდა:
– ძალიან მინდა.
– მაშინ გადაწყვეტილია, მოდიხარ!
– და შენს ძმასთან უხერხული არ იქნება ან რძალთან? – გაახსენდა დეას ზრდილობის ნორმები.
– არა, რა უხერხული?! მოკლედ, მოდიხარ.
***
მეორე დღეს ლექსო ნადირობიდან დაბრუნდა, გაბრაზებული და მშიერი, მაგრამ ბინაში მხოლოდ სიცარიელე დახვდა. არც სადილის სურნელი იგრძნობოდა. ჯერ მაცივარი გამოაღო – კვერცხის, კარაქისა და ყველის გარდა, ვერაფერი აღმოაჩინა. კარი მიაჯახუნა და მაშინვე ცოლს დაურეკა. ზარები გადიოდა, მაგრამ დეა არ პასუხობდა. მესამე ცდაზე ცოლმა ქმრის ზარს უპასუხა.
– სად ხარ? – ლექსო ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა.
– ხომ გითხარი, რომ მე არაფერს მოვამზადებ-მეთქი?! – დეას გაბრაზება შეეტყო ხმაში.
– სად ხარ? – ლექსომ შეკითხვა გაიმეორა.
– ვისვენებ, – მშვიდად უპასუხა დეამ.
– ისვენებ?! – ლექსოს ხმა დაეძაბა, – ხვალ დედაჩემის დაბადების დღეა და 20 ადამიანი მოვა სტუმრად. რას აპირებ?
– რაც უნდა ვაპირებდე? – გაეცინა დეას, – ვაპირებ, აღარ ვიყო უფასო მოსამსახურე.
– ჩემი ოჯახის წევრების მასპინძლობა მოსამსახურეობაა?
– დიახ, შენი ოჯახის წევრების, რომლებიც ერთმანეთის ზურგს უკან ერთმანეთს ლანძღავენ და ვერ იტანენ. ასე რომ, შენ თვითონ უმასპინძლე.
დეამ ტელეფონი გათიშა და გამორთო. ლექსო ბორგავდა, ადგილს ვერ პოულობდა. ცოლმა პირველად გაუწია წინააღმდეგობა და ამან ძალიან იმოქმედა მის თავმოყვარეობაზე. მით უმეტეს, როდესაც დედამისის რეაქცია წარმოიდგინა. კიდევ სცადა ცოლთან დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. მესენჯერში მისწერა, იმ იმედით, რომ, ადრე თუ გვიან, წაიკითხავდა და უპასუხებდა.
საღამოს ცხრა საათისთვის დედამისმა დაურეკა:
– დეას უთხარი, რომ პურებიც გამოაცხოს. დავპირდი ჩემებს. ლექსო, გესმის ჩემი ხმა? რატომ არ მპასუხობ?
– არც პური იქნება და არც სხვა რამ, – გამოცრა კბილებში ლექსომ.
– რას ჰქვია, არ იქნება? – უცებ გაკაპასდა ქალბატონი ანა.
– იმას ჰქვია, რომ დეა არაფერს მოამზადებს.
– როგორ თუ არ მოამზადებს? რა უფლება აქვს?!
– ასე გადაწყვიტა, – ლექსოს უცებ ეჭვი შეეპარა, იქნებ მისი ცოლი მართალი იყო?! ეს აზრი თავადაც ეუცნაურა და ცოტათი დააფრთხო კიდეც ამან.
– და შენ კაცი არ ხარ?! ვინ ეკითხება ცოლს, რამე გადაწყვიტოს?! რა სირცხვილია და უპირველესად, შენი სირცხვილი.
***
ლექსო მარტო იჯდა ცარიელ ბინაში, რომელიც მხოლოდ მისი გაღიზიანებითა და დაბნეულობით იყო სავსე. დეა გვიან ღამით დაბრუნდა, როდესაც ლექსოს უკვე ეძინა და მაშინვე სახლის დალაგებას შეუდგა, არც სააბაზანოს გახეხვა დავიწყებია.
ბოლოს, ბინა მოათვალიერა: უნაკლოდ იყო დალაგებული, ყველაფერი ბზინავდა. ოღონდ ეს სტუმრებისთვის არ გაუკეთებია, არამედ საკუთარი თავისთვის. უნდოდა, რომ ბრძოლის ველი ღირსეულად დაეტოვებინა. ჩემოდანი, სულ რაღაც, ოციოდ წუთში ჩაალაგა. მისი ყველაზე საჭირო ნივთები ერთ ჩანთაში მოთავსდა. სამზარეულოს მაგიდაზე კი ლექსოს წერილი დაუტოვა:
„მეტი აღარ შემიძლია. შენ ცოლი კი არა, შენი ოჯახის მმართველი გჭირდება. ამიტომ მე წავედი“.
მაინც გადაიკითხა დაწერილი და ფურცელი დაკეცა. ისევ მოავლო თვალი ბინას: ფანჯრები ბზინავდა, მაცივარი სუფთა იყო, მაგრამ ცარიელი. ჩანთა აიღო, ქურთუკი ჩაიცვა და გავიდა.
***
ლექსომ სახლის სურნელით იგრძნო, რომ დეა იყო მოსული. ამან გულში იმედი ჩაუსახა. დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლი სამზარეულოში საუზმეს უმზადებდა. კმაყოფილებით გაიფიქრა, რომ ცოლს საყიდლებზე წაიყვანდა და შესაძლოა, კიდევ მოესწროთ რაღაცის შეძენა, რომ სტუმრებისთვის ტკბილი სუფრა მაინც გაეწყოთ. მტკიცე ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსკენ, მაგრამ იქ არც დეა დახვდა და არც საუზმე.
– დეა! – დაიძახა ხმამაღლა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. უცებ მაგიდაზე წერილი შენიშნა. წაიკითხა და ვერ დაიჯერა, ამიტომ კიდევ ერთხელ წაიკითხა.
– რას ნიშნავს წავედი?! სად წავიდა?! – ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა. ცოლის ნომერი აკრიფა – აბონენტი მიუწვდომელი იყო. მაშინვე შეტყობინება გაგზავნა:
– სად ხარ? სასწრაფოდ დაბრუნდი.
ბუნებრივია, შეტყობინებაზე არავის უპასუხია. ლექსო დივანზე დაჯდა. ხელში ისევ ფურცელი ეჭირა. ბრაზი თანდათან ერეოდა და დაბნეულობასა და წყენას ერწყმოდა. ის ბარათს ათვალიერებდა და მათი ოთხწლიანი ქორწინების განმავლობაში პირველად გააცნობიერა, რომ არ იცის, როგორ მოიქცეს. მეორე დღეს, საღამოს, მშობლების სახლში ტელევიზორის წინ იჯდა. მამა სავარძელში ფშვინავდა, დედა სამზარეულოში ოხრავდა და სალათას ამზადებდა. ეკრანზე ხალხი იცინოდა, მღეროდა, რაღაცას ხუმრობდნენ. მაგრამ ლექსო ვერაფერს ხედავდა და არც არაფერი ესმოდა.
– იქნებ კიდევ ერთხელ დაურეკო? – ქალბატონმა ანამ ოთახში შეიხედა.
– თუ მოუნდება, თავად დარეკავს, – უპასუხა დედამისს, მაგრამ ლექსოს ტელეფონი დუმდა. ამასობაში დეა ქალაქგარეთ, შემინულ ტერასაზე იჯდა. მუსიკა ხმადაბლა უკრავდა. სასიამოვნო საღამო იყო. დეა იმ ადამიანების უმეტესობას პირველად ხედავდა, ამიტომ აკვირდებოდა ახალ სახეებს და ცდილობდა, ამოეცნო, როგორი ცხოვრება ჰქონდათ, რას ფიქრობდნენ. ირა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო:
– აბა, როგორ ხარ? ხომ არ ნანობ?
დეამ გაუღიმა. არც ვნანობ და არც არ ვნანობ, არც კი ვიცი, რას ვგრძნობ. დეას სიამოვნებდა იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებისთვისაც არაფერი არ უნდა ემტკიცებინა. დეა, უბრალოდ, ისვენებდა და მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ მოეშვა, მოდუნდა, ესე იგი, აქამდე სულ დაძაბული იყო, რადგან ერთგვარ დანამატად გრძნობდა თავს. ზუსტად იმ დროს ლექსო თავისი მშობლების ბინის აივანზე იდგა და საღამოს ქალაქს უყურებდა. ისევ სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებულ წერილზე ფიქრობდა. ახლა ის სტრიქონები ცოლის ისტერიის გამოხატულებად აღარ ეჩვენებოდა. თავში უსიამოვნო აზრები უტრიალებდა. ლექსო ხვდებოდა, რომ დეა ასე იოლად აღარ დაბრუნდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ქმართან, როგორიც ლექსო იყო დღევანდლამდე.
– საერთოდ რომ არ დაბრუნდეს?! – უნებლიეთ ხმამაღლა თქვა ეს სიტყვები და თავადვე არ ესიამოვნა აზრთა ასეთი მდინარება.
***
– წავიდა და წავიდეს. ვის რაში სჭირდება რძალი, რომლისგანაც არანაირი ხეირი არ გვექნება? – დედამისის ხმა უცხოდ ჩაესმა ყურში ლექსოს.
– არ გაიგოს, უხერხულია, – შეაწყვეტინა ცოლს ლექსოს მამამ.
– გაიგოს, რა არის დასამალი?! ბოლოს და ბოლოს, მე გავზარდე და იმისთვის არ გამიზრდია, რომ, როდესაც ასაკში ვარ, პატივი არ მცეს.
ლექსო დაიბნა ამ სიტყვის გაგონებაზე – „გამიზრდია“! ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ოთახში შევიდა. ქალბატონმა ანამ უცებ შეიცვალა სახის გამომეტყველება:
– აივანზე იყავი? არც კი ვიცოდი.
– რას ნიშნავს „გამიზრდია“?! – ლექსო მამამისს უყურებდა, რომელიც ცდილობდა, თვალი აერიდებინა შვილისთვის. ლექსომ შეკითხვა გაიმეორა და შემდეგ თავადვე გასცა პასუხი, – მე თქვენი შვილი არ ვარ?
– რა სისულელეს ამბობ? – როგორც იქნა, გაუსწორა თვალი მამამისმა.
– მამაშენის შვილი ხარ, მაგრამ მე გაგზარდე, როგორც საკუთარი... – ქალბატონმა ანამ ნიშნის მოგებით შეხედა ლექსოს.
ლექსო უყურებდა თავის მშობლებს და თითქოს ტვინში რაღაც გაუნათდაო: ისინი მას ყოველთვის აღიქვამდნენ, როგორც კაპიტალდაბანდებას. ბავშვობიდან მათ მოვალედ გრძნობდა თავს, ერთგვარად დამნაშავედ, განსაკუთრებით ანას მიმართ. თავი უცხოდ იგრძნო სახლში, რომელშიც გაიზარდა. უხმოდ გავიდა შემოსასვლელში და კარი გაიხურა. ლიფტშივე გაუგზავნა შეტყობინება დეას: „მართალი ხარ, შენ არ ხარ მოსამსახურე. არასწორად ვიქცეოდი. მაპატიე. გელოდები ჩვენს სახლში. მიყვარხარ!“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





