რომანი და დეტექტივი

საქმიანი გაკვეთილი

№25

ავტორი: ნია დვალი 20:00 03.07

საქმიანი გაკვეთილი
დაკოპირებულია

– რაღაცნაირი ხარ, საწყალი, – ქმარმა თითქოს ერთგვარად ზემოდან დახედა ცოლს, რომელიც ქურასთან იდგა და გოგრის კრემ-სუპს ურევდა, რომელიც ქმარმავე შეუკვეთა. ამის გაგონებაზე ცოლს ხელი გაუშეშდა. ერთიანად გახევდა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– ძალიან საწყალი ხარ, არაამბიციური, არ გაქვს ჟინი და ნებისყოფა, რომ რამეს მიაღწიო, – გაიმეორა გაგამ ისე, რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია. ის სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა თავის იდეალურად დაუთოებულ კოსტიუმში, სამსახურის შემდეგ არც გამოუცვლია, იმიტომ რომ არ ენაღვლებოდა, თუ დაესვრებოდა, ლიკა იწვალებდა, გაწმენდდა და გარეცხავდა. ძველებურ პეწს დაუბრუნებდა.

– ოთხი წელია, რაღაც უმნიშვნელო შეკვეთებს იღებ. სავიზიტო ბარათებს, ბუკლეტებს ბეჭდავ. საბავშვო ბაღია, რა!

ლიკა ისევ ქმრისკენ ზურგით იდგა, ქურასთან და ქვაბს ურევდა. ხელები, როგორც იქნა, დაიმორჩილა. არ ბრუნდებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ თუ შებრუნდებოდა, გაგა დაინახავდა, როგორ უცახცახებდა ხელები მის ცოლს. აკანკალებული ხელები კი სისუსტის გამოვლენა იყო, იმ სისუსტის, რომელიც გაგას სძულდა და არც აპატიებდა.

– დღეს უმსხვილეს კომპანიასთან გავაფორმე კონტრაქტი, – გაგა განაგრძობდა საუბარს, მის ხმაში განსაკუთრებული ინტონაცია გაკრთა, რომლის ამოცნობაც ლიკას აღარ უჭირდა. მასში იმ ადამიანის ინტონაცია გამოსჭვიოდა, რომელმაც ახლახან მოიგო ჭადრაკის პარტია და ახლა დამარცხებულს უხსნიდა, თუ სად დაუშვა საბედისწერო შეცდომა.

– რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა. შენ კი ვინ ხარ? ბუკლეტებს უბეჭდავ პარიკმახერებს, რომლებსაც ახლა სტილისტები დაერქვათ.

– სალონების ქსელს, – ხმადაბლა დააზუსტა ლიკამ, – ხუთი სალონი აქვთ ქალაქში.

– ოჰ, ხუთი. მაპატიე, – გაგამ გადაიხარხარა, – უკაცრავად, რომ შემეშალა. დამავიწყდა, რომ შენ ახლა იმპერიებთან მუშაობ.

ლიკამ ათამდე დაითვალა, შემდეგ – ოცამდე, ქურა გამორთო და ქმრისთვის არც შეუხედავს, ისე შევიდა სააბაზანოში. კარი დაკეტა, წყალი მოუშვა და მხოლოდ მაშინ მისცა თავს უფლება მუშტები ისე ძლიერად შეეკრა, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო.

მისი სტამბა მართლაც პატარა იყო. მცირერიცხოვანი კოლექტივით: თავად ლიკა, მარინა, რომელიც დიზაინზე მუშაობდა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ვაჟი, რომლებიც ბეჭდავდნენ და რამდენიმე ქალი. ფართს გარეუბანში ქირაობდნენ და ადგილობრივ კლიენტებთან მუშაობდნენ. ბეჭდავდნენ სავიზიტო ბარათებს, ფლაერებს, ბუკლეტებს, ზოგჯერ — კატალოგებსაც, მაგრამ ისინი, ყველანი, ლიკას კლიენტები იყვნენ, სტამბა ახორციელებდა ლიკას პროექტებს. მუშაობდნენ ლიკას გეგმებით. არავინ ჰყავდა უფროსი, არავინ არაფერს უხსნიდა და ასწავლიდა, არ აკონტროლებდა. თავის ამ მცირე ბიზნესს ისე უყურებდა, როგორც თამაშს, აი, ბავშვობაში თოჯინებით რომ თამაშობდა, დაახლოებით, იმგვარად.

გაგამ კი ბოლო სამ წელიწადში შთამბეჭდავი კარიერული გზა გაიარა – უბრალო მენეჯერიდან თითქმის ტოპ-მენეჯერამდე და ყოველი დაწინაურების შემდეგ მასში თითქოს რაღაც იცვლებოდა. ან, შესაძლოა, ეს თვისებები მასში ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ადრე საჭიროდ არ მიიჩნევდა ამის ჩვენებას, ან საამისო გარემო პირობები არ არსებობდა.

ლიკამ სახიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა და სარკეში ჩაიხედა. სულ რაღაც, ოცდათორმეტი წლის იყო, მაგრამ საოცრად დაღლილი სახე ჰქონდა, თვალების უპეები ჩაშავებოდა, თმა დაუდევრად ჰქონდა აწეული. არანაირი მაკიაჟი არ ესვა და მართალიც იყო: ვისთვის ან რისთვის უნდა გაეკეთებინა მაკიაჟი, თუ მთელი დღის განმავლობაში სტამბაში ხარ, საღამოს კი სახლში მიდიხარ, იმიტომ რომ მოამზადო სადილი?!

– საწყალი, – ეს სიტყვა უროსავით ურტყამდა ტვინში.

ლიკამ ღრმად ჩაისუნთქა და აბაზანიდან გამოვიდა. გაგა უკვე მაგიდასთან იჯდა. სადილი თეფშზე გადაეღო და ჭამდა, ცოლს არც დალოდებია.

– გაცივდასავით, – განაცხადა გაგამ, როდესაც პირველი კოვზი დააგემოვნა, – მაშინვე უნდა გადმოგეღო.

ლიკამ არაფერი უპასუხა. თავადაც გადაიღო და მაგიდასთან დაჯდა. არ შიოდა, მაგრამ ცდილობდა, თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

– სხვათა შორის, – ისევ ალაპარაკდა გაგა, – ახალ კომპანიაში მთავაზობენ გადასვლას, „გეოგრუპში“, იცი ეს კომპანია?

ლიკამ თავი დაუქნია. იცოდა, რომ ეს კომპანია ქალაქის ერთ–ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია იყო.

– ხელფასი ნახევარჯერ მეტი მექნება, ამას ემატება წლიური ბონუსი. თითქმის დავთანხმდი. – გაგამ ცოლს ისე შეხედა, თითქოს მისგან მქუხარე აპლოდისმენტებს ელისო. მაგრამ ლიკა დუმდა, ამიტომ გაგამ ღვარძლის დოზას მოუმატა:

– ასე რომ, შენი სტამბა მალე საერთოდ აღარ იქნება საჭირო. მე მარტო გამოვიმუშავებ საკმარისს და შენ, ბოლოს და ბოლოს, ჯეროვნად მიხედავ სახლს.

– არ მინდა სტამბის დაკეტვა, – წარმოთქვა ლიკამ მშვიდად.

– არ გინდა თუ გეშინია აღიარო, რომ უპერსპექტივოა? – გაგა სკამის ზურგს მიეყრდნო, – ლიკ, მოდი, რეალისტები ვიყოთ. ოთხი წელი გაფლანგე და სად არის შედეგი? დღეში თორმეტ საათს მუშაობ რაღაც გროშებისთვის. ეს არ არის ბიზნესი. ეს ჰობია, რაშიც შენი ჯანმრთელობითა და დროით იხდი.

– ჩემი დროით და ჩემი ჯანმრთელობით, — დააზუსტა ლიკამ.

– არა, არა, – არ დაეთანხმა ქმარი, – ჩვენი დროით. თუ დაგავიწყდა, რომ ოჯახი ვართ? ბოლოს როდის მოამზადე ნორმალური ვახშამი. საღამოს ათ საათზე რაღაცის მოთუხთუხება არ ითვლება. ბოლოს როდის გავედით სადმე? სამსახურში ცხოვრობ.

მოთუხთუხება ლიკას ეწყინა, იმიტომ რომ მთელი სულითა და გულით უმზადებდა ხოლმე ქმარს კერძებს, მაგრამ, საერთო ჯამში, გაგას ნათქვამში იყო სიმართლის მარცვალი. სტამბა მართლაც ჭამდა ლიკას მთელ დროს. მაგრამ ეს მისი დრო იყო, მისი არჩევანი. ხოლო სახლში ის, უბრალოდ, წარმატებული მენეჯერის ცოლი ხდებოდა, რომელსაც დროულად უნდა მოემზადებინა ვახშამი და აღფრთოვანებულიყო ქმრის მიღწევებით.

– ვიფიქრებ, – უთხრა ლიკამ ქმარს, თუმცა იცოდა, რომ საფიქრალი არაფერი იყო, სტამბის გაყიდვას არ აპირებდა.

***

მეორე დილით ლიკა სტამბაში დილის რვა საათზე მივიდა. პოტენციურ კლიენტს უნდა შეხვედროდა, იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც ქვეკონტრაქტორს ეძებდა. მარინა ეჭვობდა, რომ ამ შეხვედრიდან რამე ხეირიანი გამოდნებოდა:

– ისინი ჩვეულებრივ დიდ სტამბებთან მუშაობენ, – უთხრა მან ლიკას, ჩვენ რაში ვჭირდებით? უბრალოდ, ფასს დაგვაგდებინებენ. მგონი, ბაზრიდან ჩვენი მოშორება უნდათ.

– იმიტომ ვჭირდებით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ხარისხიანად და სწრაფად, – უპასუხა ლიკამ, თუმცა, ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა ამ შეხვედრის შედეგიანობის.

კლიენტი ზუსტად ცხრა საათზე მოვიდა. ლიკა ელოდა თავდაჯერებული და თავმომწონე მენეჯერის დანახვას ძვირადღირებულ კოსტიუმში, მაგრამ ამის ნაცვლად ოთახში, დაახლოებით, ორმოცდახუთი წლის ქალი შემოვიდა, ჯინსებსა და უბრალო ბლუზაში. ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა ირგვლივ და გაიღიმა:

– ანა, – გაუწოდა ხელი ჯერ ლიკას, შემდეგ მარინას და წარმოთქვა კომპანიის სახელი, რომელსაც წარმოადგენდა: „გეოგრუპის“ შესყიდვების დირექტორი. თქვენ ლიკა ხართ, ხომ?

ლიკა დაიბნა. ეს სწორედ ის კომპანია იყო, რომელშიც გაგა აპირებდა სამუშაოდ გადასვლას. დაიძაბა, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.

– დიახ, მე ლიკა ვარ, ეს მარინაა. ძალიან სასიამოვნოა. მობრძანდით, დაბრძანდით.

ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისაუბრეს, შესაძლებლობებს განიხილავდნენ. ანა საკმაოდ უბრალო ადამიანი აღმოჩნდა ურთიერთობაში: სვამდა კონკრეტულ კითხვებს, ყურადღებით ათვალიერებდა ნამუშევრების ნიმუშებს, ინტერესდებოდა ვადებითა და ფასებით. მასში არ ჩანდა არანაირი სნობიზმი და არანაირი ქედმაღლობა.

– ლიკა, გულახდილად უნდა გითხრათ, ჩვენ დავიღალეთ დიდი სტამბებისგან. იღებენ შეკვეთას, თავს გიქნევენ, გპირდებიან, შემდეგ კი იკარგებიან. თუ რამის სასწრაფოდ გამოსწორებაა საჭირო, კვირაობით ველოდებით. ბევრი შეკვეთა აქვთ, გამადლიან. თქვენთან კი... – თვალი მოავლო პატარა შენობას, – ადამიანები არიან და არა კონვეიერი.

– ვცდილობთ, – ლიკა გაწითლდა, არ ელოდა შექებას.

– მშვენიერი. ამიტომ მინდა, დავიწყო საცდელი შეკვეთით. არაფერია გრანდიოზული: კორპორაციული კატალოგები, საპრეზენტაციო საქაღალდეები, ბლანკები. თუ ყველაფერი დაგვაკმაყოფილებს, ამის შემდეგ უკვე წლიურ კონტრაქტს გავაფორმებთ. – ანამ ხელი გაუწოდა ლიკას, – შევთანხმდით?

ლიკამ ნერწყვი გადაყლაპა და ხელი ჩამოართვა: იგრძნო, როგორ უცემდა გული სადღაც ყელის არეში:

– დიახ, შევთანხმდით.

საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, გაგა უკვე სახლში დახვდა. კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც ჩანდა, მისმა დღემ წარმატებით ჩაიარა.

– დღეს ყველა საბუთს მოვაწერე ხელი, – გამოუცხადა ცოლს საზეიმო ხმით და ვისკი დაისხა, – ოფიციალურად მივდივარ ჩემი ძველი სამსახურიდან და ორ კვირაში უკვე „გეოგრუპში“ ვიმუშავებ.

– გილოცავ! – უთხრა ლიკამ და საძინებლისკენ გაემართა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა.

– დეტალებს არ მკითხავ? – გაგას ხმაში ჯერ იმედგაცრუება გაისმა, შემდეგ გაღიზიანება.

– ვიცი, რომ თავად მოყვები ყველაფერს და გელოდები.

და გაგა ენად გაიკრიფა. დაწვრილებით უყვებოდა ცოლს ყველაფერს, ეტყობოდა, რომ ცოტას აზვიადებდა. ალამაზებდა. უხსნიდა, როგორი იქნებოდა მისი ახალი კაბინეტი, რა პერსპექტივები ელოდა... ლიკა გულგრილად უსმენდა, თუმცა შიგადაშიგ თავს უქნევდა, თავში კი ციფრები უტრიალებდა: ითვლიდა, რამდენი ქაღალდი ჰქონდა შესაძენი, რამდენ დროს წაიღებდა ბეჭდვა, როგორ სჯობდა სამუშაოს გადანაწილება.

– მისმენ? – ჰკითხა უცებ გაგამ, თუ სადღაც დაფრინავ? რაზე ფიქრობ?

– გისმენ, – ლიკამ ქმარს თვალებში შეხედა, – შენ კორპორაციული გაყიდვების განყოფილებაში იმუშავებ.

– უბრალოდ კი არ ვიმუშავებ. განყოფილებას ვუხელმძღვანელებ, – გაგამ ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე, – აი, ხედავ? შენ ვერც კი იაზრებ, რას გეუბნები. ალბათ, ისევ შენს სავიზიტო ბარათებზე ფიქრობ.

– არა, – იცრუა ლიკამ, – უბრალოდ დავიღალე.

– შენ ყოველთვის დაღლილი ხარ, – გაგამ ამოიოხრა, – იცი, იქნებ მართლა დადგა გაჩერების დრო? მე საკმარისს გამოვიმუშავებ, რომ...

– გაგა, გთხოვ, – ლიკამ ქმარს სიტყვა გააწყვეტინა და მის ხმაში პირველად გაისმა სიმტკიცის ნოტები, – არ არის საჭირო ასე ლაპარაკი. ბავშვი არ ვარ, ვიცი, რას ვაკეთებ და რა მინდა.

გაგამ გაკვირვებულმა შეხედა, შემდეგ ხელი ჩაიქნია.

– კარგი. აკეთე, რაც გინდა. მაგრამ მერე ნუ იწუწუნებ, რომ არ გამიფრთილებიხარ.

***

შემდეგმა ორმა კვირამ გიჟურ რიტმში ჩაიარა. ლიკა თავის გუნდთან ერთად თავგადაკლული მუშაობდა „გეოგრუპის“ შეკვეთაზე. ეს სრულიად არ ჰგავდა ჩვეულებრივსა და ადრინდელ შეკვეთებს. კომპანიას მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, ვადები მკაცრი იყო, მაგრამ სწორედ ეს ახელებდა ახალგაზრდა ქალს. ეს იყო გამოწვევა, ნამდვილი პროფესიული გამოწვევა, რაც მის ცხოვრებაში პირველად ხდებოდა.

მარინა ბუზღუნებდა, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აიღეს. მბეჭდავი ჩუმად მუშაობდა ზეგანაკვეთურად, მანქანას უამრავჯერ ასწორებდა, რომ ფერი იდეალურად დამჯდარიყო. ლიკა კი თითქოს გაცოცხლდა – დიდი ხნის შემდეგ პირველად.

სახლში თითქმის არ ჩნდებოდა. გაგა რეკავდა, ბრაზობდა, ახსნა-განმარტებებს ითხოვდა. ლიკა მოკლედ პასუხობდა:

– ვმუშაობ. მაპატიე, დამაგვიანდება, – და ისევ აგრძელებდა მუშაობას.

როდესაც შეკვეთა მზად იყო, ლიკა, მარინა და გივი იდგნენ და შედეგს უყურებდნენ. კატალოგები გამოვიდა ლამაზი, სტატუსური, საპრეზენტაციო საქაღალდეები – ელეგანტური და მოსახერხებელი. უბრალო ბლანკებიც კი სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

– ძალიან მაგრები ვართ! – თქვა მარინამ კმაყოფილებით და ორი კვირის განმავლობაში პირველად გაიღიმა.

– დიახ, ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, – დაეთანხმა ლიკა.

ქალბატონმა ანამ შეკვეთა ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩაიბარა.

– მშვენიერია! – თქვა მან, როდესაც კატალოგის ფურცვლა დაამთავრა, – სწორედ ისაა, რაც მინდოდა, – და ლიკას ხელი მაგრად ჩამოართვა.

– რადგან საცდელი შეკვეთა კარგი გამოვიდა, ხინჯის გარეშე, მინდა, თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვიხილო. ჩვენ მუდმივად გვჭირდება პოლიგრაფიული ნაწარმი ყველა ჩვენი სამშენებლო ობიექტისთვის, ოფისებისთვის, ინვესტორებისთვის პრეზენტაციებისთვის. თუ მზად ხართ გახდეთ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი...

– რა თქმა უნდა, მზად ვარ, – ლიკამ არც კი დაამთავრებინა წინადადება.

– მშვენიერია. მაშინ თქვენს კონტაქტებს მომარაგების განყოფილებას გადავცემ, ისინი დაგიკავშირდებიან დეტალების განსახილველად, – ანა ერთხანს შეყოვნდა.

ლიკამ ისარგებლა ამ პაუზით და შესთავაზა:

– ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მუყაოს ან უფრო მყარი მასალის მაკეტები. ძალიან შეღავათიან ფასებში დავამზადებინებთ და მოგართმევთ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი