საქმიანი გაკვეთილი
ავტორი: ნია დვალი 20:00 10.07
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #25 (1330)
ანას სახეზე გაკვირვება გამოეხატა:
– გაქვთ ამის საშუალება?
– დიახ, – ჩვენ გვყავს უცხოელი პარტნიორები და ყოველგვარი ფასნამატის გარეშე გაგიწევთ მომსახურებას, – აქ ლიკამ ცოტა იეშმაკა, იმ მხრივ, რომ ფასნამატი იქნებოდა, მაგრამ ამას შემკვეთი ვერ იგრძნობდა.
– მშვენიერია, – თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ანამ, – ვარიანტები შემოგვთავაზეთ და შემდეგ ერთი საცდელი ნიმუში. თუ მოგვეწონა, ამ მიმართულებითაც შეგვიძლია, გავაფორმოთ ხელშეკრულება.
– დიახ, – თავი დაუქნია ლიკამ, – თვალსაჩინოება სჯობს ნებისმიერ პრეზენტაციას. უფრო უკეთ წარმოიდგენს ადამიანი თავის მომავალ საცხოვრებელ გარემოს, ხელშესახებად და ზუსტად ისეთს, როგორიც დახვდება.
ანამ თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ლიკას, შემდეგ თითქოს გაახსენდაო:
– მინდოდა, მეკითხა: გავიგე, რომ თქვენი ქმარი ახლახან შემოგვიერთდა.
ლიკა არ ელოდა ამ შეკითხვას და ცოტა დაიბნა:
– დიახ, „გეოგრუპში“ გადმოდის.
– გაგა ნოზაძე?! – მაინც დააზუსტა ანამ.
ლიკამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად:
– კორპორაციული გაყიდვების განყოფილებაში.
ამჯერად ანამ დაუქნია თავი.
– რეკომენდაციების მიხედვით, შესანიშნავი სპეციალისტია. უნდა ამაყობდეთ თქვენი ქმრით.
– ძალიან ვამაყობ, – მექანიკურად უპასუხა ლიკამ, მაგრამ გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაჰკრა. მინდა, მისთვის სიურპრიზი იყოს ჩვენი თანამშრომლობა.
ანამ შეთქმულივით დაუკრა თავი.
***
ზუსტად ერთ კვირაში „გეოგრუპიდან“ დაურეკეს. მამაკაცს საქმიანი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა, თუმცა ოდნავ ხისტი. წარუდგა, როგორც შესყიდვების მენეჯერი.
– ქალბატონმა ანამ დაგვავალა, რომ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმოთ. გამოგიგზავნით ხელშეკრულების ეგზემპლარს. დამიდასტურეთ მიღება ელფოსტაზე.
ლიკამ მაშინვე გახსნა ელფოსტა და ხელშეკრულება წაიკითხა, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულებას მიადგა, თვალებს არ დაუჯერა, სამჯერ გადაიკითხა, შემდეგ ხმამაღლა გაიმეორა და მაშინვე დარეკა იმ საქმიან და სასიამოვნოხმიან მამაკაცთან.
– თანხა სწორად ამოვიკითხე?
– დიახ, – დაუდასტურა ხმამ, ეს მოიცავს ჩვენს ყველა საჭიროებას, თავიდან აგვაცილებს ტენდერებს, მთელი წლის განმავლობაში უამრავი ნაბეჭდი პროდუქცია გვჭირდება, დოკუმენტები და ჩვენი გამორჩეული ტიტრიანი ქაღალდები. თუ თანახმა ხართ ჩვენს პირობებზე, წერილობით მოგვწერეთ, შემდეგ კი ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს.
ლიკამ ტელეფონი გათიშა. ხმას ვერ იღებდა. კედელს მიშტერებოდა. ეს იყო კონტრაქტი, რომელიც ყველაფერს ცვლიდა. მისი სტამბა აღარ იქნებოდა „პატარა“. შესაძლებელი გახდებოდა გაფართოება, ხალხის აყვანა, ახალი აღჭურვილობის შესყიდვა. შესაძლოა, უფრო დიდ შენობაშიც გადასულიყვნენ, გაცილებით მისადგომსა და მოსახერხებელ ადგილას.
– რამე მოხდა? – მარინას შეშფოთებულმა ხმამ გამოაფხიზლა, – ადამიანის ფერი არ გადევს, თითქოს შოკში ხარ.
– წლიური კონტრაქტი გვაქვს „გეოგრუპთან“, – წარმოთქვა ლიკამ და ხმა აუკანკალდა, – უზარმაზარი თანხაა.
მარინა სკამზე ჩამოჯდა.
– ხუმრობ თუ სერიოზულად ამბობ?
– რა დროს ხუმრობაა?! აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ.
მარინა წამოხტა და ლიკას გადაეხვია. ხან იცინოდნენ, ხან ტიროდნენ. დღის დარჩენილმა ნაწილმა სრულ ეიფორიაში ჩაიარა.
ლიკამ გადაწყვიტა, გაგასთვის არაფერი ეთქვა. უფრო ზუსტად, ჯერ არ ეთქვა, უნდოდა, რომ კონტრაქტისთვის ოფიციალურად მოეწერათ ხელი. ბებიისგან ახსოვდა, რომ გეგმები წინასწარ არ უნდა გაემჟღავნებინა, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ისინი რეალობად იქცეოდნენ. ამასთან, გაგას სახის დანახვაც აინტერესებდა, როდესაც კონტრაქტის ამბავს ეტყოდა.
***
თავად გაგამ კი დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა „გეოგრუპში“. ყოველ საღამოს ბაქიაობდა ცოლთან ახალი პროექტებით. ახარბებდა, თუ როგორ წარმატებით გააბა ურთიერთობები კოლეგებთან, რა სამომავლო გეგმები ჰქონდა. ლიკა უსმენდა, თავს უქნევდა და ხანდახან კითხვებს უსვამდა. თავად კი ისევ ამზადებდა ვახშამს, ისევ ინარჩუნებდა წესრიგს ბინაში. მაგრამ აშკარა იყო ერთი რამ: მასში რაღაც შეიცვალა, ის თავს აღარ გრძნობდა პატარად და დანამატად.
კონტრაქტის ხელმოწერა პარასკევს, საღამოს, დაინიშნა. ლიკამ თავისი საუკეთესო საქმიანი კოსტიუმი ჩაიცვა, სალონში გაიკეთა ვარცხნილობა და მაკიაჟი. იმდენად გარდაისახა და ეს მხოლოდ მაკიაჟისა და სამოსის დამსახურება არ იყო – თვალები უბრწყინავდა და ერთიანად ანათებდა, რომ მისი დანახვისას მარინამ თვალები აატრიალა.
– გამოტყდი, მოლაპარაკებებზე მიდიხარ თუ პაემანზე?
– ომში, – გაიცინა ლიკამ.
„გეოგრუპში“ დათქმულ დრომდე თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა. შენობა შიგნიდან, მართლაც, შთამბეჭდავი იყო. მისაღებში ელოდნენ. „ბეიჯი“ მისცეს და საკონფერენციო დარბაზში ააცილეს.
ქალბატონი ანა უკვე იქ იყო, იურისტთან და კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად.
– პუნქტუალობა მეფეთა თავაზიანობაა, – გაუღიმა ლიკას და წამოდგა, – მშვენივრად გამოიყურებით, – არ დაუშურა კომპლიმენტი.
ლიკამ ხელი ჩამოართვა, თავი დაუკრა, გაუღიმა.
– შეუდარებელი ხართ, როგორც ყოველთვის. – მაშინვე შეაგება საპასუხო კომპლიმენტი, თუმცა არ თვალთმაქცობდა. ქალბატონი ანა მართლაც შეუდარებელი ქალი იყო.
– მობრძანდით, დაბრძანდით, – უთხრა ლიკას და სკამზე მიუთითა, – ახლა გაყიდვების განყოფილების წარმომადგენელიც შემოგვიერთდება, ისინი ჩამოაყალიბებენ შეკვეთების ძირითად ნაწილს.
კარი გაიღო და გაგა შემოვიდა.
ლიკა იღიმებოდა და ხედავდა, როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება მის ქმარს – მორიგე და საქმიანი ღიმილიდან დაბნეულობამდე, რაც ბოლოს ცუდად შენიღბულ თავზადმაცემამდე მივიდა. გაგა ზღურბლზე გაჩერდა და ლიკას მიაშტერდა.
– ლიკა? შენ... აქ რას აკეთებ? – ვერ შეიკავა თავი.
– იცნობთ ერთმანეთს? ძალიან კარგი. ესე იგი, წარდგენა საჭირო აღარ არის. ეს ლიკა სახვაძეა. სტამბა „ლამპრის“ ხელმძღვანელი, რომელთანაც ერთწლიან კონტრაქტს ვაფორმებთ ჩვენი ყველა პოლიგრაფიული საჭიროების მომსახურებაზე და არა მხოლოდ. დიდი ალობათობით, გვექნება მეორე კონტრაქტიც, რომელიც ჯერ დამუშავების ფაზაშია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისიც წარმატებით დასრულდება. ხომ ასეა? – ქალბატონი ანა ლიკას მიუბრუნდა.
ლიკამ თავი დაუქნია და გაუღიმა:
– რა თქმა უნდა, ქალბატონო ანა.
გაგა ნელა მივიდა მაგიდასთან და დაჯდა. ლიკა გრძნობდა, როგორ ცდილობდა მისი ქმარი ნანახის გადახარშვას, როგორ ცვლიდა მის თვალებსა და გამომეტყველებას სხვადასხვა ემოცია.
– ერთწლიანი კონტრაქტი? – გაიმეორა გაგამ ხმადაბლა.
– დიახ, დიახ, – დაეთანხმა ქალბატონი ანა და საქაღალდე გადახსნა, – თქვენმა მეუღლემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მუშაობის ხარისხითა და პასუხისმგებლიანი მიდგომით. მოხარული ვართ, რომ ასეთი სანდო და პროფესიონალი პარტნიორი გამოგვიჩნდა.
ლიკა ვერ მიხვდა, რატომ არ შეიმჩნია ქალბატონმა ანამ, რომ იცოდა, ვინ იყო გაგა მისთვის, მაგრამ ამაზე ფიქრით თავი არ დაუღლია.
შემდეგმა საათმა კონტრაქტის დეტალების განხილვაში ჩაიარა. გაგა თითქმის მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა, მხოლოდ ხანდახან ჩაურთავდა ხოლმე რეპლიკას. ლიკა გრძნობდა მის მზერას, მაგრამ არ იმჩნევდა, კონტრაქტზე იყო კონცენტრირებული და თავი თავდაჯერებულად ეჭირა.
როდესაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ქალბატონმა ანამ ლიკას კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი მომწოდებლების გუნდში. ბატონი გაგა იქნება ერთ–ერთი ძირითადი პირი, ვისთანაც გექნებათ ურთიერთობა მიმდინარე შეკვეთებზე, ასე რომ, შეძლებთ, ოჯახურ ტანდემში მუშაობას, – ანამ გაიღიმა, – ვფიქრობ, ეს მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.
– დიახ, ძალიან, – დაეთანხმა ლიკა, – ჩემი ქმარი ყოველთვის მიჭერს მხარს. ძალიან ნერვიულობს ხოლმე და ამიტომ ბოლო წუთმდე არაფერი ვუთხარი, – ლიკა შეეცადა, ჰარმონიული წყვილის სურათი შეექმნა
სახლში, ბუნებრივია, გაგას მანქანით წავიდნენ, მაგრამ გზაში ორივე დუმდა. გაგა გზას თვალს არ აშორებდა. კრიჭა შეკვროდა, ლიკა კი ფანჯარაში იყურებოდა, მის გულში ტრიუმფისა და უხერხულობის ნაზავი დუღდა. არც ლიფტში ამოუღია ხმა არც ერთს.
***
როდესაც ლიკამ გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა, გაგამ, როგორც იქნა, დააღრვია დუმილი:
– რატომ არ მითხარი?
– დაიჯერებდი? – ლიკა ქმრისკენ მიტრიალდა, – რომ მოვსულიყავი და მეთქვა, მოლაპარაკებები მაქვს „გეოგრუპთან“ ერთწლიანი წლიური კონტრაქტის გაფორმებაზე–მეთქი, რას მიპასუხებდი?
გაგა დუმდა.
– მეტყოდი, რიმ ფანტაზიორი ვარ, არაფრის მაქნისი და გააუფასურებდი ჩემს სამუშაოს, ჩემს გეგმებს. რომ ცხოვრების არაფერი მესმის და ვთამაშობ, რომ ბიზნესი ჩემი საქმე არ არის, სამზარეულოა ჩემი ადგილი...
– ლიკა...
– ნუ მაწყვეტინებ, – შეუბღირა ლიკამ, შენ მე საწყალი მიწოდე, გახსოვს? – მაგრამ ლიკას ეს არ შეუხსენებია ნიშნის მოგებით, მშვიდად წარმოთქვა, ბოღმის გარეშე, უბრალოდ, ფაქტი აღნიშნა, – და რატომ ვარ საწყალი? გონებასუსტი ვარ?!
– ეს არ მიგულისხმია...
– სწორედ ეს იგულისხმე, – ლიკა ფანჯარასთან მივიდა – იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? მე თითქმის დაგიჯერე. თითქმის დაგეთანხმე, რომ ჩემი სტამბა სისულელეა, საბავშვო ბაღია, ჰობია, გასართობია და დროს ფუჭად ვკარგავ.
– მე შენზე ვზრუნავდი, უბრალოდ, მინდოდა, რომ გროშებისთვის არ დაღლილიყავი, – გაგა ხმადაბლა ლაპარაკობდა.
– ეს არ იყო გროშები. ეს ჩემი გზა იყო. და ახლა ამ გზამ მიმიყვანა იქ, სადაც ჩვენ საქმიანი პარტნიორები ვართ, გაგა, თანასწორი საქმიანი პარტნიორები. და თუ გინდა, რომ შენმა განყოფილებამ მთელი საჭირო პოლიგრაფია ხარისხიანად და დროულად მიიღოს, მოგიწევს ჩემთან მუშაობა.
გაგამ უხერხულად გაიღიმა.
– არ ვიყავი მართალი. ვაღიარებ. ქედმაღალი იდიოტივით ვიქცეოდი.
– იქცეოდი და კინაღამ იქეცი ქედმაღალ იდიოტად, – ლიკამ მაინც დაინდო ქმარი, იმიტომ რომ ისევ ბებიამისის ნათქვამი გაახსენდა, კაცი უნდა აქო კიდეც, როდესაც აკრიტიკებო.
– და ახლა რა იქნება? – იკითხა დაბნეულლმა გაგამ.
ლიკამ მხრები აიჩეჩა.
– ახლა რა უნდა იყოს? ორივენი ვმუშაობთ. ორივენი კარიერას ვიკეთებთ და, შესაძლოა, ვისწავლოთ ერთმანეთის შრომის პატივისცემა.
– მე პატივს გცემ, – მაშინვე თქვა გაგამ, – მე, უბრალოდ... ვერ ვხვდებოდი, თუ სერიოზული იყო შენი ბიზნესი.
– იმიტომ, რომ ოჯახში სერიოზული, საქმიანი და უნარიანი მხოლოდ შენ იყავი, – გაიღიმა ლიკამ, – მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ორშაბათისთვის დამჭირდება პირველი შეკვეთის მაკეტების შეთანხმება. შენ ხომ ახლა ჩემი საკონტაქტო პირი ხარ?
– დიახ, ქალბატონო ლიკა, – გაგამ, გულწრფელად გაუღიმა ცოლს, – ვეცდები, მუშაობის კომფორტული პირობები შეგიქმნა... და დღეს რომ ძალიან ლამაზი ხარ, თუ იცი?
– ვიცი, – უთხრა ლიკამ და გაიღიმა, ესიამოვნა ქმრისგან ამის მოსმენა...
***
ლიკა თანდათან აფართოებდა თავის სტამბას: აიყვანეს კიდევ ორი დიზაინერი და შეკვეთები ერთ დიდ ტალღად მოდიოდა. მათ სხვა მსხვილი კლიენტებიც მოჰყვნენ. გაგა მართლაც ცდილობდა, ყოვილიყო ყურადღებიანი და ოპერატიული. ხანდახან ჩხუბობდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ პროფესიული უთანხმოებები იყო. გაგა ზემოდან აღარ უყურებდა ცოლს და ლიკასთვის გასაოცრად, ახერხებდა, რომ პირადი და საქმიანი ურთიერთობები გაემიჯნა. ერთ საღამოსაც, როდესაც ორივენი მისავათებული ისხდნენ დივანზე, გაგამ ცოლს უთხრა:
– დღეს ანამ მითხრა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი საუკეთესო მომწოდებელი ხარ.
– მართლა? – ლიკას თვალები გაუბრწყინდა და არა იმიტომ, რომ ანას შეფასება გაუხარდა, არამედ ესიამოვნა, რომ ქმარმა ეს არ დაუმალა.
– მართლა... და რომ მომდევნო კვარტალში შეკვეთის მოცულობის გაზრდას გეგმავენ, – გაგამ ცოლს გაუღიმა, – ძალიან ვამაყობ შენით.
ლიკას თვალები ცრემლით აევსო, იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სითბო სხეულში და გაგას მკერდზე მიადო თავი.
– გმადლობ, კარგი ბიჭი ხარ.
– რაღაცნაირად ვერ გხედავდი, ვერ ვაფასებდი შენს შესაძლებლობებს, სანამ გარედან არ შემოგხედე და საკუთარი თავიც გარედან არ დავინახე.
ლიკა კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა ქმარს. თუმცა ყველას დაუმტკიცა, რომ უნარიანი და წარმატებული იყო, უფრო ის აბედნიერებდა, რომ გაგამ მიიღო ის, როგორც საქმიანი ქალი. ისევ ბებიამისის ნათქვამი გაახსენდა: „არავის უყვარს მასზე დამოკიდებული. შენს ფეხებზე უნდა იდგე, როდესაც თავს ისაცოდავებ, ამით სიბრალულს იწვევ. გამთლიანება კი მხოლოდ სავსეს შეგიძლია. შენს სიცარიელეს მხოლოდ შენ თუ ამოავსებ და როგორც კი ამოავსებ, შენს მეორე ნახევარსაც იპოვი, რომელიც, ასევე, აუცილებლად იქნება სავსე“...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





