რომანი და დეტექტივი

სიკვდილით გამოცდა

№19

ავტორი: ნია დვალი 20:00 20.05, 2022 წელი

სიკვდილით გამოცდა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17-18(1114)

ღამით მაინც ფხიზლად ეძინა. თავადაც ვერ ხსნიდა, რატომ იყო დაძაბული, მეგი ნამდვილად არ დააპირებდა ზაქროს ლიკასთან გაყოფას და ის ზაქროც, მაინცდამაინც, ვერ ტოვებდა სექსგიგანტის შთაბეჭდილებას. მაგრამ ერთი ისაა, რომ, სანამ მეორე დილით მეგიმ კარი არ შეუღო, თავად ოთახის კარს არც მიახლოებულა.

– წავიდა, გამოდი უკვე, გეყოფა მალვა, – მეგიმ ეს ძალიან კმაყოფილი ხმით უთხრა, რამაც ლიკა კიდევ ერთხელ შეაძრწუნა, ზაქროსნაირ კაცთან ერთ ოთახში ჯაჭვებივით თუ დააბამდნენ, არათუ მასთან დაწვებოდა. ბუნებრივია, ის კითხვა არ გასჩენია, თავად ზაქრო რას ფიქრობდა ლიკასთან ერთად ერთ ოთახში დარჩენაზე.

– მე მკვდარი ვიყავი, თქვენ ასე დათვლილ წუთებში როგორ დაახლოვდით? ან სახლში როგორ გარისკე უცხო კაცის მოყვანა? – ჰკითხა ლიკამ.

– შენ გგონია, მანქანის ფული მივეცი? უბრალოდ ჩემზე გადმოაფორმა. ფულს მერე მივცემ. – დაამშვიდა მეგიმ.

– ნატურით იხდი? – ლიკამ ენაზე იკბინა, მაგრამ ამ ფრაზამ უკვე მოასწრო პირიდან გამოფრენა.

– რატომაც არა? – გაიცინა მეგიმ: მაგრამ ფულის ნახევარს მივცემ. არაა ცუდი კაცი, მე მომეწონა.

– ვაჰ, მოსწონებია კიდეც?! – მთლად გადაირია ლიკა, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ, თქვა, – ძალიან მიხარია. მძღოლს რა ვუყოთ?

– მძღოლი უკვე შერჩეული მყავს. მეზობელი, მისმა სიდედრმა მთხოვა, უმუშევარია და რამე სამსახურს ხომ ვერ უშოვიო. რაღაც შეემთხვა, მომიყვა, მაგრამ აღარ მახსოვს. ჩაიცვი, გაემზადე, გავუაროთ და სამსახურში წავიდეთ.

ერთ საათში ორივენი, მეგიც და ლიკაც, მეგის მეზობლის კართან იდგნენ. კარი როლანდის ცოლმა გააღო, ახალგაზრდა ქალი იყო, ლიკაზე უმცროსიც კი იქნებოდა. მეგის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა: როლანდ, მოვიდნენ უკვე, როგორი მადლიერი ვარ თქვენი, რომ იცოდეთ.

– არ ღირს მადლობის სათქმელად. ჩვენ მანქანაში დაველოდებით, – მოკლედ მოუჭრა მეგიმ.

ორივენი მანქანაში ჩასხდნენ: მეგი – წინ, ლიკა – უკან.

– რა შტერი ქალია, წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპები ვართ და ასეთი სიხარულით გვატანს თავის ქმარს, – ლიკამ ეს ფრაზა ზოგადად თქვა, თორემ როლანდისადმი არანაირი გეგმები არ ჰქონია და, საერთოდაც, მისთვის სამსახურებრივი რომანები მიუღებელი იყო. დამავიწყდა მეთქვა, რომ ლიკას პრინციპებიც ჰქონდა, რომლებსაც იცავდა, იმას გარდა, რომ ისეთი ადამიანიც ჰყავდა, ვინც უყვარდა. და თუმცა უყვარდა და სახლშიც მარტო იყო, არასდროს მიჰყავდა თავის სახლში, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს კაცის მოსაგვარებელი საქმე იყო და იქ, სადაც მისი შვილი ცხოვრობდა, უცხო კაცის ადგილი არ იძებნებოდა.

– რატომაა შტერი? შენ უპირებ რამეს როლანდის? – გადმოხედა მეგიმ.

– ღმერთმა დამიფაროს! – გურული დედაკაცივით შეიცხადა ლიკამ.

რამდენიმე წუთში როლანდიც გამოვიდა. ალბათ. ლიკას ასაკის იქნებოდა, საშუალო სიმაღლისა და კეთილი სახის კაცი. ორივეს მიესალმა და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მეგი და ლიკა საუბრობდნენ საქმეებზე.

ამასობაში ზაფხულიც გავიდა და თითოეული დღე მეორეს დაემსგავსა, იმ განსხვავებით, რომ მეგი და როლანდი ხშირად გაუჩინარდებოდნენ ხოლმე. ლიკას მახვილ მზერას არ გამოჰპარვია ეს მოძრაობა, მაგრამ იცოდა, რომ მისი საქმე არ იყო და ამიტომ დუმილს ამჯობინებდა. ერთ დღეს მაინც ჰკითხა მეგის:

– თქვენ ბინა იქირავეთ?

მეგის პასუხი არ გაუცია. რადგან დუმილი თანხმობას ნიშნავდა, ლიკას სახეზე შეეტყო, რომ არ მოეწონა თავისი ეჭვის დადასტურება.

– ორი შვილი ჰყავს, ტეხავს.

– მე სამი შვილი მყავს, მესამე სულ პატარა და მამა სჭირდება. საერთოდაც, მე ცხოვრებისგან ყველაფერს ვიღებ ნებისმიერ ფასად, შენ კი ამხელა პოტენციალი გაქვს და ვიღაცას გადაეკიდე, მიყვარსო და ვირივით მუშაობ.

ლიკას არ შეუხსენებია მეგისთვის, რომ სწორედ მეგი არჩენდა როლანდის ოჯახსაც, საკუთარ თავსაც, საკუთარ ოჯახსაც და დარწმუნებული იყო, დაქირავებული ბინის ქირასაც მეგი იხდიდა. სწორედ იმიტომ არ შეახსენა, რომ ყოველთვის ტკბებოდა საკუთარი კეთილშობილებითა და სულგრძელობით, უბრალოდ, მაშინ არ იცოდა, რომ ამ ტკბობას ჯობდა, ნაღდი სულმოკლე ყოფილიყო.

– როლანდის ცოლმა მითხრა, რომ უნდა, ჩემს დაბადების დღეზე მომეხმაროს. ხომ მოხვალ და გიოსაც მოიყვან? – საუბრის თემა შეცვალა მეგიმ.

ლიკა ისევ შეძრწუნდა: ანუ მეგი თავისი საყვარლის ცოლს გააშლევინებდა თავისი დაბადების დღის სუფრას, მაგრამ საკმაოდ მშვიდად უთხრა, – რა თქმა უნდა, მოვალ...

ლიკამ კარგად იცოდა, რომ არავის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო და ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია, მაგრამ მეგისა და როლანდის ისტორიას წყობიდან გამოჰყავდა. ისე აღიზიანებდა, გრძნობდა, რომ ამას დიდხანს ვერ გაუძლებდა. შეიძლება, იმიტომ რომ ასე ასწავლეს; შეიძლება, იმიტომ რომ ეს, მართლაც, უზნეო საქციელი იყო; შეიძლება, იმიტომ რომ მეგის შეეძლო ნებისმიერ უცოლო ბრიყვის „გამოჭერა“ და იმ საწყალ ქალს ქმარი შერჩებოდა. სიყვარულის ვერსიას გამორიცხავდა, ვინაიდან მეგის მხოლოდ ფული უყვარდა, იქნებ სხვა ვინმეც, მაგრამ ლიკამ ეს არ იცოდა, მხოლოდ იმას მიხვდა, რომ მეგის არ იცნობდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე, მაგრამ უკვე იცოდა, რომ კარგ ფასად ლიკასაც სიამოვნებით გაყიდიდა, თუნდაც, მონების აუქციონზე, ახლა რომ შუა საუკუნეები ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, რომ ლიკა ცდებოდა, მაგრამ ინტუიციით ამას გრძნობდა.

***

იმდენად თბილი და ტკბილი შემოდგომა იდგა იმ წელს, რომ ლიკას მონების ბაზარზე გაყიდვის პერსპექტივა გულიდან მალევე გადაეყარა. თავის ალეკოს ისევ ხვდებოდა, სამსახურშიც დადიოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგის დაბადების დღეზეც კი იყო, სადაც როლანდის ცოლი ციბრუტივით ტრიალებდა, ცეკვავდა და მხიარულობდა კიდეც. როლანდიც იქ იყო, მისი შვილებიც იქ იყვნენ, მეგის შვილებიც, მეგის გარდაცვლილი ქმრის ნათესავებიც და თვით როლანდის სიდედრიც კი. ლიკაც ცეკვავდა და მხიარულობდა და თავადაც ვერ ხვდებოდა, როგორ მოხვდა ამ ფარსში. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ყველა კმაყოფილი ჩანდა, ვინაიდან მეგი არჩენდა ყველას: თავისი გარდაცვლილი ქმრის ნათესავებს, თავისი მოქმედი საყვარლის ოჯახს, თავის სამ შვილს, ყველაზე უმცროსი, სულ რაღაც, 2 წლის იყო... ამ სანახაობამ ისევ გულისრევის შეგრძნება გაუჩინა და სამზარეულოში გავიდა.

ვერც შეამჩნია, როგორ შემოვიდა მეგი.

– ხედავ, იმ საცოდავს, როგორ ცეკვავს?

– ვინ ცეკვავს? – დააზუსტა ლიკამ.

– როლანდის ცოლი.

– მერე იცეკვოს, შენ რაში გიშლის ხელს? არც იცეკვოს, ქმარი აახიე თვალსა და ხელს შუა, – ლიკა სიტყვებს აღარ არჩევდა.

– მე შენსავით თავდადებული არ ვარ. კაცი ჩემ გვერდით უნდა იყოს და იქნება.

– შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ეს დიდი უზნეობა მგონია და როლანდიც დიდი ასოა, რომ ამაში გაეხვა. – სხვა დროს ლიკა ასეთ რამეს ხმამაღლა არავის ეტყოდა.

– მგონი, ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, – შეუტია მეგიმ.

– მე არა, შენ აძლევ ბევრის უფლებას შენს თავს, მე მიხდი გროშებს, იმიტომ რომ აი, ისინი, ყველანი, ვინც ახლა იმ ოთახში არიან, არჩინო და თავს აჯერებ, რომ კაცი შენ გვერდით უნდა იყოს. რომელი კაცი?! შენ გარეშე ცარიელი ადგილი რომ არის?!

– და შენ როდის მერე გახდი კაცების ექსპერტი?

– ყოველ შემთხვევაში, მე არავის ვარჩენ.

– არც შენ გარჩენენ, – არ შეარჩინა სიტყვა მეგიმ.

– ისიც კარგია, რომ თავის ოჯახს არ მარჩენინებს.

– როლანდის ვუყვარვარ. ეს ფაქტია და მისი ცოლი შვილებით სპეკულირებს.

– როლანდის კარგი ცხოვრება უყვარს, კომფორტი და ბევრი ფული და შენ კიდევ გიყვარს ხელის ბიჭები. ჭკვიანი ქალი ხარ და ტეხავს ფრაზა: შვილებით სპეკულირებს. და ისიც გავიგე, როგორ აპირებდი ზურაბ მინდაძისთვის ფულის გამოძალვას იმ ამბის გამო, მე რომ საიდუმლოდ მოგიყევი, გთხოვე, არავის უთხრა–მეთქი და შენ ფულის გამოძალვა დაუწყე.

– აა, ესე იგი, ამიტომ თქვა უარი იმ გარიგებაზე? – გაცეცხლდა მეგი.

– დიახ, მე ვუთხარი, რომ არაფერს დავუდასტურებდი და ვიტყოდი, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, რითაც გამოჭერილი გყავდა. ამიტომაც ჩაგეშალა ის გარიგება.

– ეს როგორ გამიკეთე?! – მეგის ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდნ.

– მე გაგიკეთე?! შენ როგორ იკადრე, რომ, ჯერ ერთი, გაგემხილა ჩემი საიდუმლო და მეორეც, ისეთი ხარბი ხარ, გროშებად „მტენიდი“ იმ სამუშაოს, რაშიც ათეული ათასები უნდა აგეღო. გეთქვა, იქნებ გავდიოდი საქმეში?! მე კიდევ უფრო მეტი დეტალი ვიცი და უფრო მეტ ფულს „ავახევდით“.

– არც ახლაა გვიან, შენ თქვი და შუაზე გავიყოთ, – უცებ დატკბა მეგი.

– შენი აი, ეს თვისება მაგიჟებს, ფულის ხსენებაზე რომ იცვლები. არაფრის თქმას არ ვაპირებ შენთვის და, საერთოდ, ძალიან მრცხვენია, რომ მეც ვარ ამ ფარსის მონაწილე. მოკლედ, მე წავედი და საერთოდ წავედი. წარმატებას გისურვებ სამსახურებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! – ბოლო წინადადება ლიკამ ფეხზე წამომდგარმა და პათეტიკურად წარმოთქვა.

– ყველაფერი ისწავლე ჩემგან და ახლა მიდიხარ? – მეგის ბრაზი ერეოდა.

– დიდი მადლობა, ჩათვალე, რომ ამ სწავლებაში ბლომად ფული აიღე, 20 პროცენტზე მეტი არ გემეტებოდა, არადა, რაც მე ფული მომიტანია არაფერში, არასდროს არაფერი დამიმალავს და შენ აზრადაც არ გაგჩენია თანაბრად გაყოფა. იმიტომ რომ აგერ რამდენი გყავს სარჩენი?! ასე რომ, დიდი მადლობა და მშვიდობით. იმედი მაქვს, ერთმანეთს არასდროს და არსად გადავეყრებით.

დანარჩენებს არც დამშვიდობებია, ისე გამოიხურა მეგის სახლის კარი და წავიდა. რამდენი ხანია, ამის გაკეთება უნდოდა და ვერ ახერხებდა. მეგის ვერ ტოვებდა, მაგრამ იმ დღეს, რაც ნახა, ეს ბოლო წვეთი იყო. ლიკა პირველად მოიქცა უპასუხისმგებლოდ, ანუ ჯერ სამსახური არ ჰქონდა შეგულებული და სამსახურიდან წამოვიდა, მაგრამ იქ დარჩენა უკვე აღარ შეეძლო, მისი პრინციპები მაჯლაჯუნებივით აწამებდნენ, როდესაც როლანდის ცოლის საცოდაობას უყურებდა.

***

ლიკამ სამსახური მალევე იშოვა, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ფულის საბეჭდი მანქანა იყო, იქნებ ფულს ის ისე უყვარდა, რომ თავისიც უვარდებოდა ხელში. ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ იმაზე მეტს ახერხებდა, ვიდრე მეგისთან მუშაობისას. და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე გაიარა ათმა წელმა. ლიკა არც პატარა იყო, არც ასაკიანი, მაგრამ უკვე – საკმაოდ გამოცდილი. საკუთარი წონაც ჰქონდა დაგროვებული და კაპიტალიც. ერთი ის იყო უცვლელი, რომ ისევ ალეკოს ხვდებოდა მალულად, რადგან პრინციპები არ შეუცვლია. ცხოვრება არც ისე მდორედ, მაგრამ დათვლილ-დავარცხნილი მიედინებოდა, სანამ...

ერთ დილას, რომ გაიღვიძა, პირში უცნაური მჟავე გემო ჰქონდა. თავს ცუდად კი არა, უფრო უსიამოვნოდ გრძნობდა. თავი უბჟუოდა, თითქოს წყალქვეშ იწვა და ქვების ერთმანეთზე მიჯახუნების ექო ესმოდა (ბავშვობაში ყვინთვა იმიტომ უყვარდა, რომ ქვები ეჭახუნებინა ერთმანეთისთვის, ვინაიდან ეს ხმა მოსწონდა). თითქოს მოთენთილიც იყო. გულმა რეჩხი უყო (ისე სულ აინტერესებდა, ნეტავ, რა გრძნობას გამოხატავდა ეს გამონათქვამი?!), არადა საფუძვლიანი მიზეზი არც ჰქონია: თავს იცავდა, მაგრამ აფთიაქში მაინც გაიარა და „კალცი გლუკონატის“ ერთი ამპულა იყიდა, 5–გრამიან შპრიცთან ერთად. გზად პირველივე კლინიკაში შეიარა. გინეკოლოგიის განყოფილება მოიკითხა და ექთანი მოითხოვა. გვერდზე გაიხმო, ამპულა აჩვენა და პრეპარატის გაკეთება სთხოვა. ექთანმა ცოტა იყოყმანა, მაგრამ ლიკამ დაამშვიდა:

– ნემსის გაკეთება მეც ვიცი, უბრალოდ ახლა მეჩქარება, სამსახურში მივდივარ, ისეთი უვარგისი უფროსი მყავს, თუ დავაგვიანე, ხელფასიდან გამომიქვითავს ფულს. სანამ ტესტით ვნახავ, ვარ თუ არა ფეხმძიმედ, მინდა, რომ დროულად გამიკეთოთ. „კალცი გლუკონატი“ საშიში არ არის, ვერაფერს მავნებს, თქვენ კი ცოტა ფულსაც იშოვით.

ლიკამ დამაჯერებლად და კატეგორიულად ლაპარაკი იცოდა, ამიტომ ექთანი დათანხმდა: საპროცედუროში შემოდი, ვითომ ჩემი დისშვილი ხარ. მეორე ნემსსაც დაგიმატებ, საშვილოსნოს უცებ კუმშავს და თუ იქ რამეა, ეგრევე გამოაგდებსო (ზუსტად ასე უთხრა: იქ თუ რამეა, გამოაგდებსო).

ლიკას ეს სიტყვა „გამოაგდებს“, რატომღაც, ეწყინა. თუმცა ეს გრძნობა მეტისმეტად უადგილო იყო, ვინაიდან ის გაწაფული ექთანი, რომელსაც ვინ იცის, რამდენი არასასურველი ვინმე თუ რამე „გამოეგდო“ და რამდენის საშვილოსნოდან, სწორედ ლიკამ აქცია თავისი ბინძური ზრახვის თანამოაზრედ და რომ არა ლიკასნაირები, შეიძლება, იმ ექთანს ჭიანჭველაც კი არ გაეგდო საკუთარი სამზარეულოდან.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი