ნუცა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
(უშიშროების მაიორის მონათხრობი)
ამ მოთხრობას ვუძღვნი ჩემი მეგობრების, რუსი იგორისა და რუმინელი მარიუსის ნათელ ხსოვნას.
ჩემი ნუცა მოსკოვში გავიცანი. ავღანეთში ხუთწლიანი სამსახურის შემდეგ მოსკოვში გამომიძახეს. ჩვენი ჯგუფი საბჭოთა სამხედრო შენაერთის ბოლო ნაწილს გამოჰყვა და უკანასკნელებმა დავტოვეთ ეს ქვეყანა. ძალიან მინდოდა თბილისში ჩამოსვლა და ჩემი ოჯახის ნახვა, მაგრამ მკაცრად მქონდა ნაბრძანები, რომ ლუბიანკაზე გამოვცხადებულიყავი. ბრძანება ბრძანებაა და ვერ დაარღვევ, მით უმეტეს – ჩვენს სისტემაში. ამიტომ, როგორც კი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში შევდგი ფეხი, მაშინვე ძერჟინსკის სახელობის მოედნისკენ ავიღე გეზი, სადაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობდა.
ანტიტერორისტული განყოფილების ოფიცერი ვიყავი, უფროსი ლეიტენანტის ჩინით. ახლად დანიშნულმა უფროსმა მიმიღო. გენერალი იყო. კეთილგანწყობილად შემხვდა და მითხრა:
– გილოცავ დანიშვნას! ბალაშიხაში იმსახურებ და შენნაირ არწივებს მოამზადებ. აღარ მოგიწევს ხანგრძლივი მივლინებები და თუკი რაიმე საგანგებო გამოჩნდება, მხოლოდ მაშინ მიგავლენთ, ისიც მცირე ხნით. ერთი სიტყვით, კაპიტანო, შენი საბრძოლო გამოცდილება და ორი ორდენი საუცხოო კაპიტალია და მჯერა, რომ მას კიდევ უფრო გაზრდი.
მილოცვა რომ დაასრულა, ახალ უფროსს ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო გენერალო, მაგრამ მე ერთი ორდენი მაქვს და უფროსი ლეიტენანტი ვარ.
გენერალმა ღიმილით განმიმარტა:
– რიგგარეშე კაპიტნობა და საბრძოლო წითელი დროშის ორდენი გაქვს მონიჭებული. კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინწინ მოაწერა ხელი ბრძანებას. თვითონ წასულია რამდენიმე დღით, თორემ პირადად შეგხვდებოდა. ამიტომ, მე დამავალა შენი მიღება და სიამოვნებით ვასრულებ ამ მისიას. თავად კი მოკითხვა და მადლობა შემოგითვალა.
გენერალმა მაიორის სამხრეები გადმომცა. წითელ ყუთში ჩადებული ორდენი მომაწოდა და ხელი ჩამომართვა.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს.
– ორ კვირაში ბალაშიხაში გელოდებიან. მანამდე კი დაისვენე. რაც არ უნდა იყოს, ხუთი წელი იმ „მიასარუბკაში“ იყავი და ადაპტაცია გჭირდება.
უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, ძალიან ხალისიანად წამოვედი. მიხაროდა, რომ სამსახური მიფასდებოდა და 24 წლის ბიჭს ასეთი საპასუხისმგებლო დანიშნულება მომცეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ, საიმედოდ დაცულ უწყებაში.
ბალაშიხა მოსკოვთან ახლომდებარე ადგილია. იქ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებენ ანტიტერორიზმის დარგში, ასევე, საუკეთესო ტერორისტებსაც. სწორედ იქ დავეუფლე ჩემს სპეციალობას და ახლა უკან ვბრუნდებოდი მასწავლებლად, ანუ გამოცდილ ინსტრუქტორად, როგორც ეს ტერმინი ჩვენს სისტემაშია მიღებული.
სახლისკენ ფეხით გავემართე. ნელი ნაბიჯით მივდიოდი. ყველაფერს ვაკვირდებოდი და მიკვირდა, რომ ხუთ წელიწადში ქალაქი რადიკალურად იყო შეცვლილი. ყოველ ათ მეტრში უგემოვნებოდ აშენებული სავაჭრო ჯიხურები იდგა. სადღა იყო ძველებური სისუფთავე. აგრეთვე, ქუჩები გადაჭედილი იყო უცხოეთიდან ჩამოყვანილი, ნახმარი მანქანებით... მე, ეგრეთ წოდებულ, დიპლომატთა და „კომიტეტჩიკთა“ (უშიშროების კომიტეტი – „კაგებე“) სახლში ვცხოვრობდი, კუტუზოვის ქუჩაზე. იმ სახლიდან, სულ რაღაც, ორასიოდე მეტრში, სადაც ადრე ბრეჟნევი, ანდროპოვი და საბჭოთა პოლიტბიუროს სხვა წევრები ცხოვრობდნენ. ჩემი ხუთოთახიანი ბინა რვასართულიანი სახლის მეხუთე სართულზე მდებარეობდა. წითელი ხის ავეჯით გაწყობილი, ორ უზარმაზარაივნიანი ბინა მამაჩემს მთავრობამ 1963 წელს აჩუქა, როდესაც ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. მამაჩემი პროფესიით ეკონომისტი იყო, შემდგომ კი დიპლომატიური აკადემია დაამთავრა მოსკოვში და იქვე დატოვეს სამუშაოდ. მოსკოვის ბინა თითქმის ყოველთვის ცარიელი იყო. მამა მუდმივად უცხოეთში მუშაობდა, საბჭოთა საელჩოებში, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. დედაჩემს კი თბილისიდან ვერსად გადაადგმევინებდი ფეხს. დედა პროფესიით ექთანი იყო, მაგრამ უმაღლესზე უმაღლესი კვალიფიკაციის და ბევრ კვალიფიციურ ექიმს სჯობდა. მამაჩემი, როგორც კი საბჭოეთში ჩამოსვლას მოახერხებდა ხოლმე, მაშინვე თბილისში ჩადიოდა დედასთან. მამა ინტელიგენტი, ბრიტანული გარეგნობის ადამიანი იყო. ჩაცმულობაც შესაბამისი ჰქონდა და უჰალსტუხოდ ის სახლშიც კი არ მინახავს. ლორდს ჩამოჰგავდა. ცივი, გამჭოლი მზერა ჰქონდა. დინჯად, დამაჯერებლად საუბრობდა. ლაპარაკის დროს ხელებს არასდროს იშველიებდა და თუ მაინც მოუწევდა ამის გაკეთება, მხოლოდ სავარძელში მჯდომარეს და თანაც საყრდენებს არ აცილებდა. ერთი სიტყვით, მკაცრი დიპლომატიური სკოლა ჰქონდა გავლილი თან, მრავალმხრივ განათლებული იყო. ქართულისა და რუსულის გარდა, ექვსი უცხო ენა იცოდა სრულყოფილად. მისი ბაგეებიდან ერთ ჟარგონს ან არალიტერატურულ სიტყვას ვერ გაიგონებდი. გინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ორი გატაცება ჰქონდა – ჭადრაკი და ფეხბურთი. უამრავი პარტია იცოდა ზეპირად. საუცხოოდ თამაშობდა. თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარი იყო და ძველ და ახალ ყველა ვარსკვლავს პირადად იცნობდა. ოთხი კი განსაკუთრებით უყვარდა – ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანი. ემოციებს თითქმის არასდროს გამოხატავდა. მხოლოდ ერთხელ – „დინამომ“ რომ თასების თასი მოიგო. მამა მაშინ თბილისში იმყოფებოდა. მთელი ჩვენი ეზო ჩვენთან იყო შეკრებილი და გერმანიიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ფერად ტელევიზორში ვუყურებდით ამ ტრიუმფს. თამაში რომ დასრულდა, მამაჩემი ამაყად წამოდგა ფეხზე, მუშტი ზეაღმართა და ომახიანად თქვა: ყოჩაღ, ბიჭებო! ყველას გილოცავთ ამ დიად გამარჯვებას! ჩვენს უზარმაზარ სახლში თითქმის ოცი ადამიანი იყო შეკრებილი და ყველანი გაოცებით შესცქეროდნენ მას, რადგან არ იყვნენ მიჩვეული მის ასეთ ემოციერ საქციელს. მოკლედ, დაფასებული, ავტორიტეტული ადამიანი იყო. საიდუმლო დოსიეებში რომ წერენ – კეთილსაიმედო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პრივილეგიებითაც სარგებლობდა. ამის დასტური იყო ჩვენი ფეშენებელური ბინაც და სწორედ იმ ბინას მივადექი ლუბიანკიდან წამოსვლის მერე საათ-ნახევარში. კარი ჩემი გასაღებით გავაღე, შევედი და სვლა შევანელე. უზარმაზარ მისაღებ ოთახში სინათლე ენთო. მამაჩემი სავარძელში იჯდა, მის წინ კი გოგონა, რომლის მხოლოდ ზურგს ვხედავდი. ისინი დინჯად საუბრობდნენ ფრანგულ ენაზე. მამამ რომ დამინახა, გოგონას მოუბოდიშა, წამოდგა, მომიახლოვდა და გადამეხვია. შემდგომ კი გოგონას ინგლისურად უთხრა, ჩემი ვაჟიშვილიაო... გოგონა მობრუნდა და რომ დავინახე, უნებურად თვალები გამიბრწყინდა, ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი იყო. მან თავი დამიკრა და გამიღიმა. მამამ ორივეს ჟესტით მიგვითითა, დასხედითო და სამივე სავარძლებში მოვკალათდით. მამამ გოგონას ესპანურად რაღაც უთხრა. შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა:
– როდის ჩამოხვედი?
– დილით. სამსახურში გავიარე და იქიდან მოვდივარ. როგორ ხარ?
– შენ როგორ ხარ?
– კარგად.
– ეს ლამაზი გოგონა, ალბათ, შენი თანაშემწეა?
– არა, – გაეღიმა მამას და დაამატა, – მეზობელია.
– უცხოელები გადმოსახლდნენ მეზობლად?
– არა, – მითხრა მამამ. შემდეგ გოგონას მიუბრუნდა და გერმანულად უთხრა:
– გაიცანი – ჩემი ვაჟი.
გოგონა წამოდგა. ხელი გამომიწოდა და ჩემთვის მოულოდნელად გამართული ქართულით მითხრა:
– ნუცა.
– ქართული იცით? – დავიბენი მე.
ნუცამ ღიმილით მითხრა:
– დიახ.
მამაჩემი ირონიულად მიმზერდა და დაამატა:
– ქართულ-რუსულის გარდა კიდევ ოთხი ენა იცის. ორსაც სწავლობს.
– კარგი, ბატონებო, მე წავალ, – თქვა ნუცამ. წამოდგა და კარისკენ გაემართა.
მამაჩემმა გოგონა გააცილა. ელეგანტურად გააღო კარი. დაემშვიდობა და ოთახში დაბრუნდა.
– ვინაა ეს გოგონა მამა? – ვკითხე მამაჩემს.
– ჩვენი მეზობელია. შარშან გადმოსახლდნენ. უნიჭიერესი ბავშვია. აქ რომ ვარ ხოლმე, ჩემთან საკონსულტაციოდ შემოდის და სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.
– სადაურია.
– ქართველია, – მითხრა მამამ და დაამატა, – შენი ამბავი მითხარი. როგორ ხარ, როგორ მოიარე ავღანეთი?
მამას მოკლედ მოვუყევი ჩემი ამბები. თუმცა ნუცაზე ვფიქრობდი. მამამ საათს დახედა და მითხრა:
– ორ საათში თბილისში მივფრინავ. დედაშენი მელოდება. ხომ არ წამოხვალ?
– ბილეთი?
– წამოხვალ?
– კი.
მამამ სადღაც დარეკა და მითხრა:
– მოემზადე. ბილეთებს დაგვახვედრებენ. არ დავაგვიანოთ.
როგორც მე, მამასაც ორი კვირა თავისუფალი ჰქონდა და მთელი ეს დრო ოჯახში გაატარა. მე კი სამსახური მოვიმიზეზე და ხუთ დღეში მოსკოვში დავბრუნდი. უკვე მენატრებოდა ნუცა და ერთი სული მქონდა, კვლავ მეხილა ეს ულამაზესი, უსათნოესი გოგონა. მამაჩემს რას გამოაპარებდი?! თვითმფრინავში ჩასხდომის წინ მითხრა:
– ჭკვიანად იყავი. აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ!
სანამ მოსკოვში მივფრინავდი ნუცას გაცნობისა და მასთან დაახლოების გეგმას ვადგენდი. ცხრა დღე მქონდა თავისუფალი და მინდოდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ეს დრო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საღამო იყო. ნუცას ბინის კარზე დავაკაკუნე. კარი ძალიან ლამაზმა, დაახლოებით, 45 წლის ქალმა გააღო და მივხვდი, რომ ნუცას დედა იყო. გავუღიმე და ვუთხარი:
– საღამო მშვიდობის! მე თქვენი კარის მეზობელი ვარ. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ასანთს ხომ ვერ მათხოვედბთ, რომ გაზი ავანთო. თბილისიდან ახლახან ჩამოვედი და არ გვქონია.
ქალმა სახლში შემიპატიჟა. გამეცნო და მითხრა:
– თქვენ ავღანეთში მსახურობდით, ხომ?
– დიახ, – ვუთხარი, თან აქეთ-იქით ვიხედებოდი, რომ ნუცასთვის მომეკრა თვალი.
სახლში მხოლოდ ნუცას დედა იყო. ის ყავითა და ნამცხვრით გამიმასპინძლდა. მესაუბრა. მისი ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ მეუღლე კოოპერატორი ჰყავდა და მთელ დროს თავის ფირმას ახმარდა, ნუცას დედა კი სამკერვალო ატელიის მფლობელი იყო. მათი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, „მიმოში“ (საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი) სწავლობდა და ამჟამად ერთკვირიან პრაქტიკაზე იმყოფებოდა ლენინგრადში.
– ამ დილით გაემგზავრა ჩემი ნუციკო. ამჟამად დიპლომზე მუშაობს და ხშირად უწევს ასეთი გასვლები.
– თქვენი ქალიშვილი უკვე გავიცანი. რომ ჩამოვედი ჩვენთან იყო, მამაჩემთან გადიოდა კონსულტაციას.
ნუცას დედამ მამაჩემი აქო, ადიდა და ორსაათიანი სტუმრობის შემდეგ დავემშვიდობე, ასანთი გამოვართვი და ჩემს ბინაში დავბრუნდი.
ცხრა დღე ისე გავიდა, რომ არავის დავკონტაქტებივარ. სახლში ვიყავი და წიგნებს ვკითხულობდი. არც მეზობლები ჩანდნენ. სამსახურში გამოცხადების დღე რომ დადგა, უთენია ავდექი. გამოვეწყვე და ეზოში ჩავედი. იქ კი ნუცას დედა შემხვდა. მანქანაში ჯდებოდა და მითხრა:
– აეროპორტში მივდივარ. იქით ხომ არ გაქვთ გზა? მიგიყვანთ.
მე მეტრომდე მივაყვანინე თავი და გავიგე, რომ ის თავისი სამკერვალო ატელიისთვის საჭირო საქმეებზე ორი კვირით თბილისში მიფრინავდა. ისიც მითხრა, ნუცა დღეს ბრუნდება პრაქტიკული მეცადინეობებიდანო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ორი კვირა მაქსიმალურად გამოვიყენე. ნუცა არა მარტო კარგად გავიცანი, არამედ ძალიან დავახლოვდით. თითქმის ყოველ საღამოს ერთად ვატარებდით. ხან მე ვიყავი მასთან, ხან ის – ჩემთან...
დღისით მე ვმუშაობდი. ნუცა კი მეცადინეობდა. საღამოს კი ერთმანეთს ვხვდებოდით. ათას რამეზე ვსაუბრობდით, გარდა ჩემი სამსახურისა და ნუცას სწავლისა. მან იცოდა, რომ მე სამხედრო ვიყავი, მე კი ის, რომ ნუცა სულ მალე დიპლომატის დიპლომს აიღებდა. ასე გავიდა ნახევარი წელი და ერთ დღეს ნუცამ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ისე გამიხარდა, რომ სიხარულისგან ადგილზე ვხტუნავდი. ფრთხილად ავიყვანე ხელში და ვუთხარი:
– რაც შეიძლება, მალე უნდა ვიქორწინოთ. მე ჩემებს შევატყობინებ. დედაშენი ხომ ხვალ ჩამოდის და ოფიციალურად ვთხოვ შენს ხელს.
ნუცას მიტკლის ფერი დაედო. მიზეზი რომ ვკითხე, კარგა ხანს დუმდა. ბოლოს კი ყველაფერში გამომიტყდა. როგორც აღმოჩნდა, 19 წლის ნუცა სადაზვერვო სკოლის კურსანტი იყო და მას საზღვარგარეთ სამუშაოდ ამზადებდნენ. ქორწინება და ბავშვის გაჩენა კი შესაბამისი ბრძანების გარეშე აკრძალული ჰქონდა... ეს რომ გავიგე, მიტკლის ფერი უკვე მე დამედო. მაგრამ ნებისყოფა მოვიკრიბე და შევპირდი, რომ ყველაფერს მოვაგვარებდი.
ეშმაკურად მოვიქეცი და ნუცას პროფესიას ვითომ არ ვიცნობდი (ნუცამ მკაცრად გამაფრთხილა, არავისთვის მეთქვა, რომ ის სადაზვერვო სკოლაში სწავლობდა), სამსახურში უფროსობას სიხარულით ვამცნე: ცოლს ვირთავ! დიპლომატია და „მიმოს“ ამთავრებს-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ნუცას კურატორებმაც შეიტყვეს და მთავარი ამბები მაშინ დატრიალდა (ეს მე და ნუცამ წინასწარ დავგეგმეთ. იმ მიზნით, რომ დარტყმა შეგვემსუბუქებინა, პირველ რიგში, ნუცაზე და რა თქმა უნდა, ჩემზეც).
ნუცა კურატორმა დაიბარა და უთხრა, რომ მეცადინეობიდან დროებით გაათავისუფლა. უსურვა ბედნიერება, მშვიდობიანი მშობიარობა და რაც მთავარია, არავისთან გაამხილო შენი პროფესიაო და გაუთქმელობის ხელწერილიც ჩამოართვეს.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





