რომანი და დეტექტივი

სამკუთხედის მეოთხე კუთხე

№52

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.01, 2022 წელი

სამკუთხედის მეოთხე კუთხე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49-51(1095)

***

ლაშამ გვიან, შუადღისკენ, გაიღვიძა. სახლში მხოლოდ ნანა იყო: შვილები – სკოლაში, ცოლი – სამსახურში. ტელეფონი ჩართო და გამოტოვებული ზარები ნახა. არც ერთი – ეკასგან: მესიჯები შემოიყრება ახლა და ისევ ეს, „შენი ცოლი, შენი ცოლი“, – გაიფიქრა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. მაგრამ გამოტოვებული ზარების გარდა არანაირი მესიჯი არ მისვლია. „ვაიბერიც“ გახსნა, არც იქ იყო არაფერი: ფოტოს მაინც ელოდა. მაგრამ იქაც სიცარიელე დახვდა ეკასგან.

– რამე ხომ არ აუტეხა თავს? – შიშიც კი შეეპარა, მაგრამ გაეღიმა, ისე უყვარს საკუთარი თავი, არაფერს დაუშავებს, ეს კი გაიფიქრა, მაგრამ უჩვეულო შფოთს გრძნობდა: სულ გადამიყვანა ჭკუიდან: რა უნდა მოუვიდეს?! ზის ახლა და მლანძღავს გულში, მაგრამ როგორ მოითმინა, რომ ამდენ ხანს არ დამირეკა? ამის გაფიქრება და ეკას ნომერიც დაიწერა ეკრანზე. ლაშამ უყურა ერთხანს და ტელეფონი უკუღმა დადო ლოგინზე. ვიბრაცია არ გამოურთავს.

– თუ დაიწყო, არ გაჩერდება და მართლაც, ეკამ იმდენი ზარი გამოუშვა, სანამ ქსელმა თავად არ გათიშა. ცოტა ხანში ტელეფონი ისევ აბზუილდა. ლაშას არც დაუხედავს, იცოდა, ეკა ურეკავდა. ადგა. ნანა სამზარეულოში ფუსფუსებდა;

– როგორ გეძინა?

– კარგად, დედა. ბევრი ვიმუშავეთ წუხელ, – უთხრა ლაშამ და აკოცა.

– მოდი, ჭამე, ჩემი ოქროს ბიჭი. ისევ მოწყენილი მეჩვენები. არ მეტყვი, რა გჭირს? – შეაპარა ნანამ.

– არაფერი ახალი. წუხელ მითხრა, შენს რომელიმე ქალიშვილს უსურვებდი ისეთ ურთიერთობას, როგორიც ჩემთან გაქვსო და მე პასუხი ვერ გავეცი.

– რა სისულელე უთქვამს?! ბავშვები რა შუაში არიან ან როგორ შეიძლება შვილების ხსენება?! – გაბრაზდა ნანა.

– ნანა, შენ ხომ სამართლიანი ქალი ხარ, სწორად თქვა. სწორად ამბობს ყველაფერს...

– რას ამბობს სწორად, რომ 16 წლის ოჯახი უნდა დაანგრიო 10-წლიანი ურთიერთობის გამო?! – კიდევ უფრო აღშფოთდა ნანა და მერეღა მიხვდა, რა თქვა, ამიტომ ლაშას არაფრის თქმა არ აცალა და მიაყარა, – თეკო არაჩვეულებრივი ცოლია, მე თავს მევლება, გადასარევი დედა, ჭკვიანი, სანდომიანი. ყოველთვის გვერდით გედგა და არ დაგავიწყდეს, გოგონები გყავს, შეგიძულებენ, მათი დედა რომ მიატოვო. არ გაპატიებენ და ყველას დაკარგავ. ღირს ამად ის ქალი? და მე? მე როგორ უნდა ვიცხოვრო, თეკოსთან შეჩვეული ვარ, აბა, რა ვიცი, როგორ შევეწყობი მას? – ნანას ცოცხალი თავით არ უნდოდა ეკას სახელის ხსენება: თან, რა პრობლემაა?! შვილი ჰყავს, კარგი სამსახურიც აქვს, შენნაირ არაჩვეულებრივ ბიჭს უყვარს (გაუჭირდა ნანას ამ სიტყვების ამოთქმა, მაგრამ მაინც თქვა, რომ შვილისთვის ესიამოვნებინა). მეტი რა უნდა უნდოდეს ქალს?! არც არაფერი. მე, მაგალითად, მეტს არაფერს მოვითხოვდი, გათავხედდა შენი ყურადღებითა და სიკეთით.

ლაშამ არაფერი უპასუხა, იმიტომ რომ თვითონაც ეძებდა თავის გასამართლებელ საბაბებს, ნანა კი ასე უხვად უყრიდა ცხვირწინ. ლაშას დუმილმა ნანა შეათამამა:

– ლაშუნ, იქნებ, შენ და თეკო სადმე წასულიყავით ერთად. ბავშვებიც ხვდებიან უკვე, რომ ცალ-ცალკე გძინავთ. პატარები ხომ არ არიან?! ერთ ოთახში რომ დაიძინოთ?! – შეაპარა ნანამ.

ლაშამ დედამისს ახედა. ნანა გაჩუმდა (თუმცა გულში ეკა დედაბუდიანად მიაწყევლა) და საუბრის თემა შეცვალა: საღამოს გცალია? გამიყვან თეზიკოსთან (თეზიკო ნანას ძმა იყო), კაი ხანია, არ მინახავს. იქნებ თეკოც წამოვიდეს, ბავშვებიც.

– თუ გინდა, შენ წაგიყვან და მერე გამოგივლი.

– როგორც მოგიხერხდება.

ლაშა ისევ თავის ოთახში დაბრუნდა. წუხანდელ პროექტს უკირკიტებდა, ასწორებდა, იმიტომ რომ ამ პროექტის წარმატებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. საბოლოო ვარიანტის გადაგზავნა ეკასთვისაც უნდოდა – კარგი ალღო ჰქონდა და საჭირო რჩევას მისცემდა, მაგრამ ახლა ამას ვერ გააკეთებდა, ამიტომ თავად კითხულობდა გულდასმით. ორიოდ საათში სამუშაო დაასრულა, გიოს გადაუგზავნა, მისგან პასუხს დაელოდა და შემკვეთს გაუგზავნა.

– რა საზიზღარი გოგოა, როგორ მომიშალა ნერვები, რამდენი მლანძღა, თორემ ხომ ვნახავდი დღეს, სანამ ნანა თეზიკოსთან იქნებოდა. გავუვლიდი და მოვეფერებოდი. მაგრამ ყველაფერი უნდა გააფუჭოს, იმიტომ რომ აუტანელი და უხასიათოა. წამოუვლის სიგიჟე და ვერ ჩერდება. ახლა. ალბათ, ზის კმაყოფილი და გაფხორილი.

მოსაღამოვდა. ყველამ თავი მოიყარა სახლში და ლაშას ბინაც აგუგუნდა. ნანა ჩასაცმელად გაემზადა. ლაშას ტელეფონმა დარეკა, დახედა: ისევ ეკა იყო. ლაშამ გაუთიშა. რამდენიმე წამში მესიჯი მოჰყვა: „შენს სახლთან ვარ, 5 წუთით ჩამოდი, რაღაც უნდა გითხრა“.

ლაშა გაღიზიანდა: ეს რამ მოაფიქრა?! ჩემს სახლთან მოსვლა?! ავტომატურად აკრიფა პასუხი: „ახლავე წადი!!!“

რამდენიმე წამში ისევ დაიწკაპუნა ტელეფონმა: „მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა, გთხოვ, ჩამოდი“.

ლაშა ბრაზდებოდა ეკას სითავხედით, ბოდიშიც არ მოუხდია, რამდენი შეურაცხყოფა მომაყენა და, ჩამოდიო: „შენი დანახვაც არ მინდა. აღარ დამირეკო და არც მომწერო, სანამ არ გაიაზრებ, რაც გუშინ გააკეთე და მილიონ ბოდიშს არ მომიხდი და არ დამპირდები, რომ იმავეს არასდროს გაიმეორებ“.

ეკა არ ნებდებოდა: „მილიონჯერ გიხდი ბოდიშს და გპირდები, დეას გეფიცები, რაც წუხელ მოხდა, ის აღარ განმეორდება“.

ამ პასუხმა ლაშა უფრო მეტად გააბრაზა, თან ნანა თავზე დასდგომოდა, გამომეტყველებით: „წავედით“, ხელით ანიშნა, ცოტა ხანს მაცალეო.

სწრაფად აკრიფა ტექსტი: „ახლავე დაძარი მანქანა და წადი, თუ გინდა, გაპატიო. თუ არ წახვალ, შვილებს გეფიცები, ცხოვრების ბოლომდე არ გაგცემ ხმას და აღარასდროს გნახავ. არ შეიძლება, დაუსრულებლად ისარგებლო იმით, რომ უშენოდ ვერ ვძლებ. იცოდე, გავძლებ. უბრალოდ გადაგაგდებ“.

ეკას პასუხმა დაიგვიანა, მაგრამ ტელეფონმა სამიოდ წუთში დაიზუზუნა: „კარგი.“

ლაშამ ამოისუნთქა, იცოდა, რომ ეკა სიტყვას ასრულებდა. ცოტა ხანს დრო გაწელა – სვიტრი გამოიცვალა, კაი ხანს ეძება ვითომ შესაფერისი ფეხსაცმელი და ნანასთან ერთად სახლიდან გამოვიდა.

მანქანაში ჩასხდნენ და ვაკისკენ დაიძრნენ. შემოვლით გზამდე „საცობი“ დახვდათ.

– ამ დროს „საცობი“?! – გაიკვირვა ნანამ.

– ავარიაა, ალბათ, – ჩაილაპარაკა ლაშამ: ნუ მიაშტერდი, დედა.

– იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება, – ნანამ მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და თავი გადაყო.

ლაშამ ავარიის ადგილისკენ გაიხედა და ეკას მანქანა იცნო, გაახსენდა, რომ ეუბნებოდა, მგონი, მუხრუჭი ცუდად იჭერსო. მანქანა შუა გზაში მკვეთრად გააჩერა და თითქმის გადაფრინდა. „სასწრაფო“ ჯერ არ მოსულიყო, არც „საპატრულო პოლიცია“, მხოლოდ ხალხი იყო შეგროვილი. ლაშას უფრო იმის იმედი ჰქონდა, რომ ეკამაც ცნობისმოყვარეობის გამო ან დასახმარებლად გააჩერა მანქანა. ახლოს რომ მივიდა, ჯერ ეკას წვივები დაინახა, მილიონ წვივში გამოარჩევდა. ვიღაც ყვიროდა: გაიწიეთ, ჰაერი მიუშვით. შემდეგ მუხლები, ოდნავ წაწვეტებული და მოგრძო. თავადაც ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ეკას სხეულთან და თავისკენ მიიზიდა: არ გაანძრიოთ, იქნებ მოტეხილობები აქვს და უფრო დააზიანებთ, – ძალიან შორიდან ჩაესმა ვიღაცის ხმა; რა ახალგაზრდაა; ან საიდან გამოხტა ის ველოსიპედისტი; მას ააცილა და ბოძს შეასკდა.

ლაშა ჩაიმუხლა და ეკას ხელზე ხელი მოჰკიდა, ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. ეკამ თვალები გაახილა. შეეცადა, გაეღიმა და რაღაცის თქმას ცდილობდა: ლაშამ ყური ტუჩებთან მიუტანა: მაინც ჩამოხვედი. მიყვარხარ. ბოლო მესიჯი ნახე? ამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მინდოდა, ამ დროს შენი თვალები დამენახა.

ეკამ გონება ისევ დაკარგა და ამასობაში „სასწრაფოც“ მოვიდა. ეკა საკაცეზე დააწვინეს. ნანა იდგა, შვილს თვალს არ აშორებდა და ტიროდა: ლაშას სახეზე ამდენი ტკივილი და სინანული არასდროს უნახავს. „სასწრაფოს“ ექიმმა ლაშა შეაჩერა. უცხო ვერ შემოვა. ლაშამ დაუფიქრებლად უპასუხა: ქმარი ვარ. როგორც კი „სასწრაფო დახმარების“ მანქანა დაიძრა, ეკა გონს მოვიდა. ლაშამ ყური ისევ ტუჩებთან მიუტანა: გეუბნებოდი, რომ ცოტა დრო გვაქვს, შენ არ მიჯერებდი. ახლა ბევრი დრო გექნება. არ წაიკითხო ბოლო მესიჯი, ეგრევე წაშალე.

– გული გაუჩერდა. მოამზადეთ ელექტროშოკი! გაიწიეთ, ხელს გვიშლით, – ექიმმა ლაშა უხეშად მოაშორა ეკას საკაცეს.

ლაშას აღარაფერი აღარ ესმოდა, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ეკას წვივები ედგა თვალწინ.

– სიკვდილის დრო 20:20, – თითქოს სხვა სამყაროდან ჩაესმა ხმა: ვწუხვარ, – ლაშამ უაზროდ ახედა თეთრხალათიან მამაკაცს და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო: „მე და შენ შვილი გვეყოლება. უბრალოდ გეუბნები, იმიტომ რომ იცოდე. მე მინდა, ეს ბავშვი, იმიტომ რომ შენ მიყვარხარ და გავაჩენ აუცილებლად. მშვიდობით“.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი