რომანი და დეტექტივი

საბედნიერო შეცდომა

№38

ავტორი: ნია დვალი 20:00 04.10

შეცდომა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #37 (1290)

ჩვილს ისევ ეძინა. ინგასა და მარინას არც წასვლა გაუგია და არც მოსვლა. მარინამ მობილურს დახედა: არავის გამოტოვებული ზარი არ იყო. ამიტომ რძალს დაურეკა.

– ო, როგორ მრცხვენია, დამირეკა სანდრომ, მაგრამ დამავიწყდა, მეთქვა, რომ თქვენთან დაერეკა. რაღაც გიჟური დღე იყო დღეს და თავიდან ამომივარდა.

მარინამ გაიფიქრა: „ნეტავ, იცოდე, მე როგორი დღე მქონდა“.

– შეეცადე, ხვალ მაინც არ დაგავიწყდეს, – მშრალად უთხრა მარინამ რძალს, საუბარი მალევე დაუმთავრა და გადაწყვიტა:

– ხვალვე დავრეკავ პოლიციაში!

ინგა წავიდა. მარინამ ბავშვი გვერდით მიიწვინა და ჩაეხუტა. როგორც კი თვალები დახუჭა, იმ ახალგაზრდა ქალის მზერა ამოუტივტივდა, რომელშიც ერთმანეთში იყო აზელილი უიმედობა, შიში, სასოწარკვეთილება... მარინას ფხიზლად ეძინა, უფრო სწორად, არც ეძინა, ბავშვის ყოველ გაფაჩუნებაზე წამოხტებოდა ხოლმე. დილის ოთხ საათზე ბავშვს აჭამა. გამთენიისას კი ორივეს ჩეძინა და ორივე სატელეფონმო ზარმა გააღვიძა. მარინას დედა რეკავდა:

– ფეხი როგორ გაქვს? მოხვალ?

მარინამ ფანჯარაში გაიხედა, შემდეგ ბავშვს დახედა.

– მოვალ.

– ატამი არ დაგავიწყდეს.

– არა, არ დამავიწყდება, – უპასუხა მარინამ და ჩვილს წაუჩურჩულა:

– ჰაერზე გასეირნება ნამდვილად არ გაწყენს, – გამოუცვალა და მარკეტში ერთად წავიდნენ. სასიამოვნოდ ათბობდა პატარა სხეული, რომელიც, როგორც ჩანდა, მარინას გარდა, არავის უნდოდა. მარინას სიამოვნებდა პატარა გოგონასთან ურთიერთობა, თუმცა, ხუთი სართულის ფეხით ავლა რომ გაახსენდა, ცოტა მოიუღუშა.

– ეს რა არის? – მარინას დედა გაოცებული აცეცებდა თვალებს, ხან შვილს უყურებდა, ხან – ბავშვს.

– რა კი არა – ვინ, – დააზუსტა მარინამ, – გამომართვი პარკები. – მარინა ოთახში შევიდა, რომ ბავშვი დაეწვინა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.

– საიდან მოიყვანე ეს ბავშვი? – არ მოეშვა დედამისი.

– მეზობელმა მთხოვა, ცოტა ხანს დავრჩენილიყავი ბავშვთან, თვითონ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა.

– და შენი ფეხის პატრონს შეუძლია ამხელა ტვირთით სიარული?!

– უკვე გამიარა, – დაამშვიდა მარინამ და გაიფიქრა, – ჩემს ფეხს არც მეხუთე სართულზე ამოსვლა და ჩასვლა შეულია.

– რა ჰქვია? – დაინტერესდა მარინას დედა.

– არ მიკითხავს, სულ ერთი საათით გადმომცა ბავშვი.

– სახელი როგორ არ ჰკითხე?! – უსაყვედურა დედამისმა.

მარინამ არაფერი უპასუხა, მიჩვეული იყო დედამისის შენიშვნებს.

***

სახლში დაბრუნდა თუ არა, მარინამ ბავშვის სახელზე დაიწყო ფიქრი: „ნეტავ, თუ დაარქვა სახელი დედამისმა? რას დაარქმევდა? ან სად იმშობიარა?!“ – ამ ფიქრებით იყო გართული და, თან, ტელეფონს ათვალიერებდა და უცებ დაინახა, რომ მისი შვილის ნომერი მწვანედ ანათებდა.

მარინამ მაშინვე დაურეკა და ერთი ამოსუნთქვით უამბო ყველაფერი, რაც თავს გადახდა, რა თქმა უნდა, არც თავისი ეჭვები დაუმალავს.

– ეს როგორ იფიქრე ჩემზე, დედა?! – უსაყვედურა შვილმა.

– ბავშვი მომაჩეჩეს და მეც ვიფიქრე, რომ შენ ისევ რამე...

– მე ხომ სანდრო მქვია. ანდრო რატომ გავხდებოდი?! ან თუ შენი მისამართი ვუთხარი, სახელს რატომღა მოვატყუებდი?! ბარემ ყველაფერს მოვატყუებდი, – სანდროს გაეცინა: დაურეკე პოლიციას, შარში გაეხვევი. რაღაც შეცდომაა. თუ გინდა, მე დავრეკავ.

– არა, მე დავრეკავ. ახლა მშიერია, უნდა ვაჭამო, – აარიდა პასუხს თავი მარინამ.

– დედა, დარეკე პოლიციაში!

– ბებიაშენს ნუ დაემსგავსები კატეგორიულობაში. არ ინერვიულო, მე მოვაგვარებ ყველაფერს, თითქოს ლოდი ჩამომეხსნა გულიდან, რაკი შენ არ ხარ გარეული ამ საქმეში. ინგა მოვა, ერთად დავბანთ პატარას და ხვალ დავრეკავ.

– ხვალ არა, დღესვე დარეკავ! – ისევ კატეგორიულად მოსთხოვა შვილმა.

– კარგი, ახლავე დავრეკავ. შენ როდის ჩამოდიხარ? – მარინამ საუბრის თემა შეცვალა. მიეჩვია, რომ მისი დედა და შვილი მუდამ ჭკუას არიგებდნენ. ადრე ამის გამო ბრაზობდა, მაგრამ მერე და მერე მიხვდა, რომ უბრალოდ, თავი უნდა დაექნია მათთვის და ისე მოქცეულიყო, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.

მარინამ ბავშვს გამოუცვალა, აჭამა და ისევ დააწვინა. თვითონაც გვერდით მიუწვა. იცოდა, რომ გოგონას დაბრუნება მოუწევდა და იმასაც ხვდებოდა, რომ რომელიმე ბავშვთა სახლში წაიყვანდნენ ან გააშვილებდნენ. მაგრამ, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ არსად იქნებოდა ეს პაწაწინა არსება იმაზე უკეთ, ვიდრე მასთან.

მარინას ბავშვთან ერთად ჩაეძინა, მაგრამ კარზე ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა. ვიღაც ისტერიულად აბრახუნებდა. მარინამ უცებ გაიფიქრა, რომ პოლიცია იქნებოდა და გული აუჩქარდა, ფრთხილად მივიდა კართან და ჭუჭრუტანაში გაიხედა.

კართან პატარა გოგონას დედა იდგა და ნერვულად აბრახუნებდა. ახალგაზრდა ქალი გიჟივით შევარდა მარინას სახლში:

– სად არის?! რატომ მაშინვე არ მითხარით?! ბავშვთა სახლში წაიყვანეთ?!

– რა უნდა მეთქვა? – ჰკითხა გაკვირვებულმა მარინამ.

– რომ ეს თქვენ არ იყავით?! რომ არ იყავით ბებიამისი?!

– ჯერ ერთი, როდის უნდა მომესწრო და, მეორეც, მე მე ვარ. ისე სწრაფად გაიქეცით, სიტყვაც ვერ დაგაწიეთ, – გაახსენა მარინამ.

– სად არის?! სხვებს მიეცით? – ახალგაზრდა ქალს საცაა, ისტერიკა დაემართებოდა.

– შემოდი, – უკან დაიხია მარინამ და გზა დაუთმო:

– არავისთვის გადამიცია.

– აბა, სად არის?! – ახალგაზრდა ქალს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.

– აქ არის, – მშრალად უთხრა მარინამ.

– კონკრეტულად? – როგორც ჩანს, სტუმარი არ უჯერებდა მარინას.

– კონკრეტულად, საწოლზე სძინავს, – და მარინა საძინებლისკენ გაუძღვა, თუმცა მაშინვე შეყოვნდა, – საგარეო ფეხსაცმლით ბავშვთან ვერ შეგიშვებთ.

ახალგაზრდა ქალმა მაშინვე გაიხადა ფეხსაცმელი და საძინებლისკენ გაიქცა, მარინამ ვერც კი მოასწრო ბახილების გამოღება. ახალგაზრდა ქალი საწოლთან, იატაკზე ჩამოჯდა და ატირდა. მხრები უცახცახებდა. მარინამ წყალი მოუტანა. შემდეგ კი წამოაყენა:

– ეძინოს, შენ კი წამომყევი, ყავას დაგალევინებ ან იქნებ გშია?

– არაფერი მინდა. ვინმესთვის ხომ არ გითქვამთ? მე მეგონა, რომ უკვე ჩამომართვეს დედობის უფლება. შემეშალა. სახლიც შემეშალა და ისეც შემეშალა.

– რა ჰქვია პატარას? – ჰკითხა მარინამ.

– ელე, მე დავარქვი.

– და მიატოვე, – გაიფიქრა მარინამ, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამ იკითხა, – შენ რა გქვია?

– ია, – და იამ მარინას სლუკუნ–სლუკუნით უამბო თავისი, ალბათ, ძალიან ბანალური, მაგრამ მისთვის საკმაოდ მტკივნეული ისტორია.

***

იამ ანდრო გასულ ზაფხულს გაიცნო, ანდრო მარინას მსგავს გვერდითა კორპუსში ცხოვრობდა, ია მასთან ერთადერთხელ იყო ნამყოფი სტუმრად, ცოტა ხნით. ანდროს რაღაც დაავიწყდა და ასაღებად დაბრუნდა. როგორც ხდება ხოლმე, იას ანდრო შეუყვარდა, თავდაპირველად, ისე ჩანდა, რომ ანდროც არ იყო გულგრილი იასადმი. ია პროვინციული ქალაქიდან იყო და დეიდასთან ცხოვრობდა, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ჩააბარა და დიდი გამოწვევებისთვის ემზადებოდა.

იასთვის ყველაფერი უჩვეულო იყო: დიდი და ხმურიანი ქალაქი, ანდროს ყურადღება და გალანტურობა, საღამოობით სეირნობა. თუმცა, სახლში ზუსტად 10 სათზე უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ დეიდა მკაცრად აკონტროლებდა, ოღონდ მას, რაც შეგიძლია, გააკეთო ღამით, იმავე წარმატებით ჩაიდენ დღის შუქზეც.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და ერთ დღესაც იამ ყურებში უცნაური წუილი იგრძნო. თითქოს ბურანში იყო და თავბრუ ეხვეოდა. ჯერ შეეშინდა, იფიქრა, რომ ავად ხდებოდა, მაგრამ დეიდამისისთვის არაფერი უთქვამს. როდის-როდის გაიაზრა, რომ შეიძლებოდა, ფეხმძიმედ ყოფილიყო. თავის ეჭვებს ვერავის უზიარებდა, იმიტომ რომ ეშინოდა, რაც მთავარია, ეშინოდა ანდროს რეაქციის. მაგრამ მაინც მოუწია თქმა და მისდა გასაკვირად, ანდროს გაუხარდა. ია მეცხრე ცაზე დაფრინავდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, თუმცა ამ ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ერთ მშვენიერ დღეს ანდრო გაუჩინარდა: ია ურეკავდა, მაგრამ მისი მობილური ტელეფონი გამორთული იყო და იამ აღმოაჩინა, რომ არაფერი იცოდა ანდროს შესახებ.

– რატომ არ გამაცნო მისი არც ერთი მეგობარი? – მხოლოდ ახლა დაფიქრდა ია.

ანდრო თითქოს მიწამ ჩაყლაპა და იას უკვე იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, საერთოდაც ხომ არ გამოიგონა ანდრო, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული მუცელი ამ ეჭვს აქარწყლებდა.

იცოდა, დიდხანს ამ ამბავს ვერ დამალავდა, მაგრამ ია დროს წელავდა: ადრე თუ გვიან, დეიდამისი ყველაფერს მიხვდებოდა და ია შიშობდა, რომ ქუჩაში დარჩებოდა, იმიტომ რომ სახლში უბრალოდ ვერ დაბრუნდებოდა.

ასეც მოხდა: ერთ დღესაც დეიდამისი ყველაფერს მიხვდა, ოღონდ რეაქცია, სულაც, არ ჰქონია ისეთი, როგორსაც ია მოელოდა.

– დედაშენს და მამაშენს რომ ეს ვუთხრათ, ხომ იცი, რომ შენც მოგხვდება და მეც? – ჰკითხა დეიდამისმა. იამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

– კარგია, რომ ამდენს ხვდები, რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ ამჯერად აღარაფერი უნდა დამიმალო, – ია ამჯერადაც დაეთანხმა დეიდამისს.

მოხერხებულმა დეიდამ საქმე ისე მოაწყო, რომ იას ფეხმძიმობამ ყველასგან შეუმჩნევლად ჩაიარა. გინეკოლოგიც, ვინც იას ფეხმძიმობას აკვირდებოდა, დეიდამისის მეგობარი იყო. სწორედ მაშინ, როდესაც პატარა უნდა დაბადებულიყო, დეიდამ დისშვილს უთხრა:

– მოკლედ, ასეთი ამბავია. ბავშვს კარგი მშობლები ვუპოვე. იშვილებენ და წაიყვანენ.

ია დაიბნა:

– სად წაიყვანენ?!

– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! პრობლემას გადაწყვეტ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

ია დაფიქრდა და საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ, მართლაც, ასე აჯობებდა, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა.

– ბავშვის ცოტა ხნით წამოყვანა მოგვიწევს, რაღაც პრობლემა შეექმნათ მის მომავალ მშობლებს, ცოტა მოგვიანებით ჩამოვლენ, – უთხრა დისშვილს.

ია ცდილობდა, ბავშვს არ შეჩვეოდა და ერთგვარად უცხოდაც კი ეჩვენებოდა, თან, ძალიან იღლებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის წაიყვანდნენ. ერთ ღამესაც მოულოდნელად გაეღვიძა, სიმწრის ოფლში ცურავდა: ცუდი სიზმარი ესიზმრა. წყლის დასალევად ადგა. დეიდამისის ჩურჩული შემოესმა, ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. იას ყურში მოხვდა ფრაზა:

– სანამ ფულს არ ჩარიცხავენ, არ გავატან. თან, არც კი ვიცი, რისთვის მიჰყავთ, მაგრამ ეს მათი საქმეა. გადაეცი, მსურველი ბევრია, ჯერ ფული მოიტანონ. ჯანსაღი ბავშვია და ღეროვანი უჯრედებიც შევანახინე.

ია უცებ ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა დეიდამისის სიტყვები და თანდათან გონებაში ყველაფერი დაულაგდა. რომ არ ეყვირა, ხელი პირზე აიფარა: მიხვდა, რომ დეიდამისმა ბავშვი გაყიდა და, როგორც ჩანს, არც თუ კარგი საქმისთვის. შეეშინდა და მთელი ღამე ფიქრობდა, რა მოემოქმედა.

– ანდროს დედის ფოტოები მის ფეისბუქზე მქონდა ნანახი, თქვენ რაღაცნაირად მას ჰგავხართ. შემეშალა კორპუსი და ბავშვი თქვენ მოგაჩეჩეთ. ვიფიქრე, რომ გაყიდვას ისევ მშობელ ბებიასთან გაზრდა ჯობდა, – ია ასლუკუნდა.

მარინამ თავზე ხელი გადაუსვა: იტირე და მერე აპატიე შენს თავს.

– ბავშვი რომ აქ დავტოვე, კინაღამ გავგიჟდი, ვერ ვიძინებდი, სულ ელე მელანდებოდა. ჩემს კურსელთან გადავედი. ბინას ქირაობს, იმიტომ რომ დეიდაჩემთან ვერ დავრჩებოდი. ძალიან გაბრაზდა, ბავშვი რომ არ მივიყვანე და ვუთხარი, სადღაც დავტოვე–მეთქი...

– ძალიან ცუდი ვარ, ხომ?! – იამ საწყალი გამომეტყველებით შეხედა.

– ყველანი ცუდები ვართ, უბრალოდ, როდესაც მივხვდებით, უკეთესები ვხდებით... და სად უნდა წახვიდე, გაქვთ წასასვლელი? – ჰკითხა მარინამ ახალგაზრდა ქალს.

– მოვიფიქრებ რამეს.

– ჯერჯერობით აქ დარჩით, მე ნათლია გავხდები ელესთვის, თუ წინააღმდეგი არ ხარ, – სიამოვნებისგან გაეღიმა მარინას.

– უხერხულია, თქვენთან ვერ დავრჩები, – იუარა იამ.

– არაფერი არაა საუხერხულო. სანამ რამეს მოიფიქრებ, ჩემი სტუმრები იყავით, უარი არ მიიღება.

მარინა დარწმუნებული იყო, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და თუ ეს ორი დაუცველი და შეშინებული ადამიანი საშველად მის კარს მოადგა, ესე იგი, მას შეეძლო მათი დახმარება. მართალია, ჯერ არ იცოდა, როგორ შეხვდებოდნენ ამ ამბავს მისი შვილი, მშობლები, რძალი და, რაც მთავარია, შვილიშვილი, მაგრამ მარინამ იცოდა, რომ ქუჩაში ვერ გააგდებდა ვერც იას და ვერც ელეს. ცხოვრება კი, რომელსაც თავისი გეგმები ჰქონდა, აუცილებლად საუკეთესო სცენარით შეცვლიდა იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა