ტკივილი, როგორც წამალი
ავტორი: ნია დვალი 20:00
– ძალიან მოიმატა წონაში, ფორმა დაკარგა და ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა, – ჩემი ქმრის ხმაზე კართანვე გავშეშდი და მივაყურადე. ის კი განაგრძობდა წუწუნსა და ჩემს განხილვას, – არ ვიცი, რატომ ვითმენ...
გასაღები ისევ ხელში მეჭირა და წვიმის წვეთები ჩემი ლაბადიდან იატაკზე უხმაუროდ ეცემოდა. ქოლგის ასაღებად დავბრუნდი და უნებლიეთ შევესწარი ნოდარისა და მისი დის საუბარს.
– როგორიც აარჩიე, ისეთია, – ჩაეცინა ლანას, – ნამდვილად შეეძლო, უკეთ მიეხედა თავისთვის.
– ნუ მიხედავდა, უბრალოდ აღარ ეწუწუნა, – დააზუსტა ჩემმა ქმარმა.
ჩემმა ქმარმა, ვისთან ერთადაც 21 წელი ვიცხოვრე... ის ახლა ჩემს ნაკლოვანებებს განიხილავდა.
ქოლგა არც გამხსენებია. შევტრიალდი და ისევ გარეთ გავედი. ქუჩაში მივდიოდი და ვერ ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა ფეხსაცმელი წყლით, იმიტომ რომ გუბეებს გვერდს არ ვუვლიდი. თავში მათი საუბარი მიტრიალებდა. ჩემი ქმრის დამცინავი ტონი და მულის ჩუმი სიცილი.
ჩემი სხეულის ფორმები არ მოსწონს, თურმე. დიახ, ბოლო წლებში მოვიმატე. მაგრამ ამის გამო უნდა დამცინონ?! ჩვენ, ორივეს მოგვემატა წლები. მას ღიპი დაედო და თმა გასცვივდა, მაგრამ მისი გარეგნობა არასდროს განმიხილავს არც ჩემს დაქალებთან და არც ჩემს მშობლებთან.
„ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა“... როდის ვწუწუნებდი?! როდის მომითხოვია რამის შეცვლა?! უსიტყვოდ ვუვლიდი მას, ჩვენს შვილს, სახლს, ვამზადებდი, ვრეცხავდი. ვმუშაობდი... კომფორტული ცოლი ვიყავი. არასდროს მომითხოვია ფუფუნების საგნები, მოგზაურობა, ძვირად ღირებული საჩუქრები...
„არ ვიცი, რატომ ვითმენ“... არ სცოდნია და სწორედ ეს არცოდნაა მთავარი. ესე იგი, ითმენს. ესე იგი, მე მისთვის ტვირთი ვარ. ოცდაერთი წლის ქორწინება მისთვის სასჯელია.
სკამთან გავჩერდი და ჩამოვჯექი. ხალხი ქოლგებით მიდი-მოდიოდა, ხანდახან გამომხედავდნენ, იმიტომ რომ მე წვიმის ქვეშ უძრავად ვიჯექი და ვსველდებოდი. ცრემლები თავისით ჩამომდიოდა, მაგრამ ვერავინ არჩევდა, ეს ჩემი ცხელი ცრემლები იყო თუ წვიმის ცივი წვეთები. მე კი ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ამის მოსმენის შემდეგ...
„დავბრუნდე და სკანდალი მოვაწყო?! ვიყვირო? თეფშები დავასმხვრიო?! ახსნა-განმარტება მოვითხოვო?! – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, – და რა შედეგს მივიღებ?! აქეთ დამადანაშაულებენ: საიდან მოიტანე? გაგიჟდი? ექიმთან უნდა წახვიდე. ჩვენ ვხუმრობდით, შენ კი ტრაგედიას აცხობ.“
არ ვიცოდი დაზუსტებით, ასე მეტყოდნენ თუ არა, მაგრამ მე ვიცნობდი ჩემს მულს, მის მუდამ დამტკბარ ხმასა და ღიმილიან სახეს, რის მიღმაც იმალებოდა მისი ნამდვილი არსი. ისე გამოგითხრიდა ძირს და ისეთი მიამიტი გამომეტყველებით მოგატყუებდა, რომ აქეთ შეგრცხვებოდა.
– არა, რაღაც სხვა გზა უნდა მოვნახო, ყოველგვარი სკანდალის გარეშე! – გადავწყვიტე და სკამიდან ავდექი. ერთიანად გალუმპილი ვიყავი, მაგრამ ამას არ ვდარდობდი: თუ წვიმამ დაგასველა, აუცილებლად გაშრები. სხვაგვარად წარმოუდგენელია. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, უფრო ზუსტად, მომავალი ჩემი ქმედების მიმართულება ავირჩიე, რაღაცნაირად დავმშვიდდი და შეგრძნებებიც დამიბრუნდა. მივხვდი, რომ შემცივდა. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, სახლში წავედი.
ისინი ისევ სამზარეულოში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ლანა რაღაცას ყვებოდა, ნოდარი თავს უქნევდა და იცინოდა. ჩვეულებრივი სურათი დამხვდა, ოღონდ ახლა უკვე ვიცოდი, რაზე ლაპარაკობენ ისინი, როდესაც მე იქ არ ვარ ხოლმე.
– სად იყავი? ასე მალე დაბრუნდი? – მკითხა ნოდარმა.
– გავისეირნე, – მოკლედ ვუპასუხე მე.
– წვიმაში? – ლანამ თვალები გადმოქაჩა.
– ჰო, ასე მომინდა. ყოველდღე უნდა ვისეირნო. კარგია ჯანმრთელობისთვის.
ისევ გავედი სამზარეულოდან და აბაზანაში შევედი. სველი ტანსაცმელი გავიხადე. შემდეგ სრულიად გავშიშვლდი. გამახსენდა სადღაც ამოკითხული: დადექით სარკის წინ და თქვენი სხეული ყველა მხრიდან შეათვალიერეთ, არ დაუმალოთ თავს საკუთარი ნაკლოვანებები. კარგად დაიმახსოვრეთ, რა არ მოგწონთ და შემდეგ ისინი გამოასწორეთ.
სწორედ ასე მოვიქეცი: დაღლილი სახე მქონდა. მხრები ჩამოშვებული მქონდა და ოდნავ მოხრილიც ვიყავი. წელი თითქმის აღარ მეტყობოდა და მუცელიც გადმომწეოდა. ხელი მოვკიდე: ქონს არ ჰგავდა, რაღაცნაირად მოშვებული იყო და უაზროდ ეკიდა საცვლის ზემოდან. ჩვეულებრივი ქალი ვიყავი, რომელსაც ადრინდელი ფორმა დაკარგული ჰქონდა.
– წონაში მოვიმატე, მაგრამ მე ხომ შვილი გავაჩინე? – თავი ვიმართლე საკუთარ თავთან.
– ყველა ქალი აჩენს შვილს, მაგრამ ფორმას არ კარგავს, – იქვე შევეწინააღმდეგე ჩემსავე თავის მართლებას.
– ძალიანაც არ მომიმატია, მაქსიმუმ, 10 კილო თუ იქნება. – მეორე არგუმენტი მოვიშველიე.
– მით უმეტეს, თუ ძალიან არ მოგიმატია, დაემშვიდობე იმ ათ კილოს. გაიშალე მხრებში და გაიმართე, – იქვე მივეცი რჩევა საკუთარ თავს.
– კარგი, – ეს უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი.
ცხელი წყალი მესიამოვნა და გამახსენდა, რომ თავს არასდროს ვაძლევდი ფუფუნების უფლებას – არ ვყიდულობდი იმ დასაბან გელებსა და ტანის ლოსიონებს, რომლებიც მომწონდა, ვერ ვიმეტებდი ფულს ბრენდულ სახის კრემებსა და პროცედურებში.
– ესეც უნდა შეცვალო, – მივეცი ჩემს თავს ბრძანება. კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი სხეული სარკეში და თვალი გავუსწორე ყველა ნაკლს. სააბაზანოდან კმაყოფილი გამოვედი. ხალათი მოვისხი და სამზარეულოში შევედი. და-ძმა გაკვირვებული მიყურებდა, ბოლოს სიჩუმე ჩემმა ქმარმა დაარღვია:
– ჩაის ხომ არ დალევ?
– არ მინდა, გმადლობ.
– თეო, უცნაურად იქცევი, – მითხრა ლანამ
– რატომ? – ვკითხე და შევხედე თვალებში. ლანა შეიშმუშნა.
– დასველდი, ჩუმად ხარ...
– უბრალოდ, დავიღალე.
საძინებელში შევედი და კარი გადავკეტე. საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე.
***
სამი დღე მთვარეულივით დავდიოდი. ადრე ვდგებოდი და ნოდარს საუზმეს ვუმზადებდი, შემდეგ – სადილებს. ბინას ვალაგებდი. ნოდარის კითხვებს მოკლედ ვპასუხობდი.
– ნამდვილად კარგად ხარ? – დღეში რამდენჯერმე მეკითხებოდა.
მე თავს ვუქნევდი. მაგრამ გამუდმებით ვფიქრობდი. მოქმედების ვარიანტებს ისევ ვარჩევდი:
– იქნებ უნდა ვაპატიო? თავი მოვიკატუნო, თითქოს არაფერი გამიგია?! ან იქნებ ჯობია, გულახდილად დაველაპარაკო?
მაგრამ თავში უროსავით მირტყამდა ჩემი ქმრის ფრაზა: „არ ვიცი, რატომ ვითმენ”.
ნოდარი მიტანდა მე. ოცდაერთი წელია, მიტანდა. თავის დასთან განიხილავდა ჩვენს ურთიერთობას და ორივენი დამცინოდნენ. ამის გაფიქრებაზე ცრემლები და ბრაზი მახრჩობდა და ასე გრძელდებოდა ძილშიც კი. იმ ღამით გამეღვიძა. სააბაზანოში შევედი და ისევ გავიხადე. შიშველი დავდექი სარკის წინ. აშკარად არ მომეწონა საკუთარი თავი. ის–ის იყო, თავში მომაფრინდა: ნოდარიც ვერაა კარგი სანახავი გახდილი... მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი: ის თუ ვერაა კარგი სანახავი, მე უარესი უნდა ვიყო?!
შემრცხვა და გავწითლდი, თუმცა იქ ჩემ გარდა არავინ იყო. სამზარეულოში გავედი და მწვანე ჩაი დავიყენე. ტელეფონში გამალებით დავიწყე დიეტოლოგის ძებნა, ვისი ნომერიც ჩემმა დაქალმა მომცა ორიოდე წლის წინ, როდესაც წონაში მომატება დავიწყე. დიდი ხნის ძიების შემდეგ ვიპოვე, არ მინდოდა, ნატასთვის დამერეკა, იმიტომ რომ ჩემი გეგმების შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, – ასე გადავწყვიტე.
ჩავეწერე მიღებაზე და რამდენიმე დღეში უკვე მასთან ვიყავი საჭირო ანალიზებით ხელში. ვარჯიში დამეზარა, ამიტომ მასაჟზე ჩავეწერე. სამსახურში კი 24-დღიანი შვებულება ავიღე – რაც მეკუთვნოდა, ოღონდ ნოდარისთვის არაფერი მითქვამს.
სახლში მისვლამდე აფთიაქში შევიარე და რაც ყოველთვის მომწონდა, სახის კრემების ის ნაკრებები ვიყიდე. ნოდარი უკვე მისულიყო და შემოსასვლელში საყვედურით შემეგება:
– სადილი ვერ ვიპოვე.
– დღეს არ მომიმზადებია, ბევრი საქმე მქონდა, – ვუპასუხე და საძინებელში შევედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
– როგორ არ მოგიმზადებია? – ნოდარიც უკან მომყვა.
– აი, ასე. არ მომიმზადებია. გამოიძახე რამე, მე დიეტაზე ვარ და არ მინდა, გემოს რეცეპტორები გავიღიზიანო ზედმეტად.
ნოდარი დაიბნა, იმიტომ რომ მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა. ერთხანს იწრიალა და გავიდა.
მე კმაყოფილებით გავუღიმე საკუთარ თავს და ჩავები საკუთარი თავის გარდაქმნის ორომტრიალში.
24 დღის შემდეგ ჩემი შვებულებაც დასრულდა და სარკიდანაც სრულიად სხვა ქალი მიცქეროდა. წონაში ნელ-ნელა ვიკლებდი, იმიტომ რომ დაკლება სტაბილური ყოფილიყო და სამუდამო. სახისა და სხეულის კანის რეგულარული მოვლის შედეგი 21-ე დღეს უკვე შესამჩნევი იყო, მაგრამ მთავარი მაინც თვალები იყო – მასში ნაპერწკლები აკიაფდა, რომლებიც კარგა ხანია, მინავლულიყო.
ახლა უკვე ჩემი შურისძიების მეორე ეტაპი იწყებოდა. ბევრი არ მიფიქრია, ჩემს დაქალს დავურეკე:
– მაკო, ჩემს თანამშრომელს სჭირდება, აი, იმ ადვოკატის ნომერი, შენი ქმრის ახლობლის, განქორწინებას აპირებს და უნდა, იცოდეს, რის იმედი შეიძლება, ჰქონდეს.
მაკოს ეჭვიც არ აუღია, ტელეფონის ნომერი მომწერა. როგორც კი სახლში მარტო დავრჩი, დავრეკე. თანაშემწემ მიპასუხა, მესამე დღეს ჩამწერა მიღებაზე და გამაფრთხილა:
– თან იქონიეთ, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და საბუთები ყველა იმ უძრავ ქონებაზე, რომლებსაც ფლობთ თქვენ და თქვენი ქმარი. საბუთები დავასკანერე და ტელეფონშიც შევინახე და ელფოსტაზეც. რადგან შეხვედრა საღამოს ჩამინიშნეს, ნოდარს ბარათი დავუტოვე სამზარეულოს მაგიდაზე:
„დაქალთან წავედი, რაღაც პრობლემა აქვს. ცოტა დამაგვიანდება. რაც გიყვარს, გამოიძახე. მე ნუ გამითვალისწინებ. სწორ კვებაზე ვარ.“
ადვოკატს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა ოფისი და ჩემდა გასაოცრად, ის 60 წელს მიტანებული ქალი აღმოჩნდა. შეიძლება, უფრო მეტისაც, თუმცა ასაკი არ ემჩნეოდა.
– თეო?! – მკითხა და ხელი გამომიწოდა.
– დიახ.
– მობრძანდით. მე ქეთევანი ვარ. – მასპინძელი წინ გამიძღვა და მანიშნა, გამომყევითო.
კაბინეტი პატარა იყო, მაგრამ მყუდრო: მაგიდა, ორი სავარძელი, კარადა – საქაღალდეებით გამოტენილი და აკურატულად დაწყობილი. ოთახში ყავის, ქაღალდისა და პარფიუმის სასიამოვნო სურნელი იდგა.
– დაბრძანდით და მომიყევით თქვენი ამბავი.
მე მოვუყევი. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები.
ქალბატონი ქეთევანი მისმენდა. არ მაწყვეტინებდა და პერიოდულად რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში. როდესაც დავასრულე, შეკითხვები დამისვა:
– რამდენი ხანია, დაქორწინებული ხართ?
– ოცდაერთი წელია.
– შვილები?
– ვაჟი. ოცი წლის. უცხოეთში სწავლობს.
– ბინა?
– ჩემს ქმარზეა გაფორმებული, მაგრამ ქორწინების დროს ვიყიდეთ თორმეტი წლის წინ.
– ბინის გარდა გაქვთ რამე უძრავ-მოძრავი საკუთრება?
– აგარაკი და მანქანა.
– ვის სახელზეა?
– აგარაკი ჩემს სახელზეა, მანქანა – ქმრის სახელზე.
– დანაზოგი?
– მაქვს.
– რამდენი?
თანხა დავუსახელე.
– მოამზადეთ ყველა საბუთის ასლი: ქორწინების მოწმობის, საკუთრების. და არაფერი შეიმჩნიოთ.
მე გავიკვირვე და ადვოკატმა დაამატა:
– მისთვის ეს მოულოდნელი უნდა იყოს.
მე ისევ გავიკვირვე.
– მან ვერ უნდა მოასწროს მომზადება. თუმცა სასამართლო მაინც მისცემს დროს, მაგრამ მაინც მოულოდნელობა ჯობია. და, რაც მთავარია, თუ გაჯიუტდება და თქვენს შემორიგებას შეეცდება. წესით, უნდა შეეცადოს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით...
ამ სიტყვების გამგონეს სახეზე ცეცხლი მომეკიდა: ქალმა მითხრა კომპლიმენტი, ესე იგი, ჩემს მცდელობებს ამაოდ არ ჩაუვლია.
– ნაადრევი კლიმაქსი გაქვთ? – მოულოდნელად მკითხა ქალბატონმა ქეთევანმა.
– არა, – გამეცინა, – თქვენი კომპლიმენტი მესიამოვნა, – ვუპასუხე გულწრფელად.
ახლა უკვე პირქუშ ქალბატონ ქეთევანსაც გაეღიმა.
– ნუ იქნებით ასეთი თავმდაბალი, – და განაგრძო, – თუ განქორწინება გადაწყვიტეთ, არ დანებდეთ, ბოლომდე მიიყვანეთ საქმე და აჩვენეთ თქვენი სიმტკიცე. თუ ის სისუსტეს დაინახავს, ამას თქვენზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.
ქალბატონმა ქეთევანმა ჩემკენ ფურცელი გამოაცურა:
– აი, იმ საბუთების სია, რაც უნდა შეაგროვოთ. ჩემი ტელეფონის ნომერი გაქვთ. როგორც კი მზად იქნებით, დამირეკეთ. შევიტანთ სარჩელს.
– გმადლობთ, – მადლიერებით შევხედე.
– ჯერ სამადლობელი არაფერია. და ნუ დაღონდებით, – მსგავს კი არადა, უარეს ისტორიებს ვისმენ ყოველდღე და გეტყვით, რომ სწორად იქცევით. თუ ადამიანი არ გაფასებთ, მასთან არ უნდა დარჩეთ.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





