რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№21

ავტორი: ნია დვალი 20:00 03.06, 2022 წელი

სხვა მე
დაკოპირებულია

უცებ გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ წყალში იყო, საითაც გაიხედა, ყველა მხრიდან წყალი ერტყა, ამღვრეული, მუქი, სადღაც ლურჯსა და რუხს შორის, ცაც ჩამუქებული ეჩვენა. ვერ მიხვდა, ღრუბლების გამო თუ, უბრალოდ, საღამოვდებოდა.

გაიფიქრა: როგორ უნდა გავაღწიო აქედან?

წყალზე გაჩერება არ უჭირდა, ერთ ადგილას ტრიალებდა, გაცურვას აზრი არ ჰქონდა, ნაპირი არც ერთ მხარეს არ ჩანდა, მხოლოდ წყლით ამოვსებული უსაზღვრო სივრცე ერტყა გარს. უცებ თვალი მოჰკრა უზარმაზარ შავ ტალღას, ცაზე მუქს, რომელიც მთელ სიგრძეზე ფარავდა წყლიან სივრცეს. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ეფარებოდა ცას. მიხვდა, რომ ტალღა დაახრჩობდა, თუმცა, ადრე თუ გვიან, ამ წყალში მაინც დაიხრჩობოდა. გაახსენდა, ტალღამ რომ არ გაბურთაოს, მასში უნდა შეხვიდე. დაძაბული უყურებდა, როგორ უახლოვდებოდა უზარმაზარი წყლის მასა, თვალები დახუჭა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და როგორც კი ტალღა მიუახლოვდა, მასში ჩაყვინთა.

თვალები რომ გაახილა, მზე ანათებდა. პატარა მინდორზე იდგა. მთიანი ადგილი იყო, ამწვანებული, უცნობი ადამიანები დადიოდნენ, ყველა რაღაცას აკეთებდა. თბილოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო ან ეს ადამიანები ვინ იყვნენ. უფრო მეტიც, არც ის იცოდა, თავად ვინ იყო, რა ერქვა ან აქ როგორ მოხვდა. დაბნეული იდგა და თვალებს აცეცებდა. მერე ნაბიჯი გადადგა და შეეცადა, ვინმეს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას: თითქოს ვერც ამჩნევდნენ. მოულოდნელად მის წინ მოღიმარი ადამიანი გაჩნდა, ვეღარ იხსენებდა, ქალი თუ მამაკაცი, მხოლოდ იმას ხედავდა, რომ ადამიანი იყო: ნუ გეშინია, თანდათან გაგახსენდება, ვინ ხარ, არ იჩქარო. აქ ყველას უყვარხარ და არავინ არაფერს დაგიშავებს. პასუხად უცნობს გაუღიმა და...

გაეღვიძა: ტელეფონის მაღვიძარა რეკავდა.

– ისევ სიზმარში გავიღვიძე, – ხმამაღლა უთხრა თავის თავს. მერე უცებ წყლის მასა გაახსენდა და ის შავი უზარმაზარი ტალღა, სუნთქვა შეეკრა, ამიტომ თვალები ფართოდ გაახილა და ფარდა გადასწია. ნამდვილად სახლში იყო და მზე ცხადშიც ანათებდა. უცებ ადგომა არ უყვარდა, იმიტომ რომ ახალგამოფხიზლებულზე არავის დანახვა არ უნდოდა, სიჩუმეს არჩევდა, ტელეფონიც კი გამორთული ჰქონდა ხოლმე, რომ არავის დაერღვია მისი მყუდროება. ოთახში ცოტა ხანს იბოდიალა და გავიდა.

– აბრძანდა, როგორც იქნა, – მოესმა დედამისის ჩალაპარაკება, ვითომ ვერ გაიგო და გაუღიმა: აბა, როგორ ხასიათზე ვართ დღეს?

– შენ რატომ არ იქნები კარგ ხასიათზე, არაფერსა და არავისზე ფიქრობ საკუთარი თავის გარდა, – ისევ ჩაილაპარაკა დედამისმა.

– რა თქმა უნდა, აბა, შენსავით სხვებზე ნერვიულობას ხომ არ მოვაკვლევინებ თავს? – ნახევრად ირონიულად, მაგრამ თბილად უთხრა დედას. იცოდა, რომ წლებს თავისი მიჰქონდათ და ერთ დროს ძალიან თბილი და მოსიყვარულე დედამისი თვალსა და ხელს შუა ჯუჯღუნა მოხუცს ემსგავსებოდა, თუმცა სიბერემდე ჯერ შორი გზა ედო: მშვენივრად აზროვნებდა და ყოჩაღად არა მხოლოდ გამოიყურებოდა, არამედ თავსაც გრძნობდა, მაგრამ თავის მოსაწყლება უყვარდა, იმიტომ რომ ეს შვილით იოლად მანიპულირების საშუალებას აძლევდა. შვილი უთმობდა, ოღონდ უკვირდა, რატომ იქცეოდა დედამისი ასე ეგოისტურად. ადრე ეცოდებოდა, იმიტომ რომ ნაადრევად დაქვრივდა. თავის ცხოვრებაზე უარი თქვა და მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. როდესაც ელე პატარა იყო, მოსწონდა დედის სრული ყურადღების ქვეშ ცხოვრება, იმიტომ რომ საკმარისი იყო, რამე მოესურვებინა, ირინა მაშინვე გაუჩენდა ხოლმე გაუჩენელს.

ირინა, მართალია, ადრე დაქვრივდა, მაგრამ მშობლები ჰყავდა, რომლებიც ყველაფრით უზრუნველყოფდნენ, თუმცა ირინაც მუშაობდა და ხშირად ამბობდა, ადამიანად თავს მხოლოდ სამსახურში ვგრძნობო. რატომ გრძნობდა თავს ადამიანად მხოლოდ სამსახურში, ეს ელემ არ იცოდა და არც არასდროს დაინტერესებულა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ირინასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, რაზედაც უნდა დაგეწყო ლაპარაკი, აუცილებლად გადაიტანდა საკუთარ თავზე და ჩასვამდა სქემაში, როგორი უბედური იყო, რაზედაც აუცილებლად უნდა დაგეკრა კვერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ირინა წყობიდან გამოდიოდა და ტირილს იწყებდა, ამიტომ ელე დედამისთან ზედაპირულ ურთიერთობას არჩევდა, სულ უღიმოდა და მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა.

ელემ ხმაამოუღებლად ისაუზმა, შხაპი მიიღო და მომზადებას შეუდგა.

– ვერ ვხვდები, ვის დაემსგავსე ასეთი გულქვა? – მაინც ვერ მოითმინა ირინამ.

– მე მეუბნები?! – გაიკვირვა ელემ.

– შენ, აბა, ვის?! ბავშვი სახლიდან გააგდე და ვითომც არაფერი!

– აბა, გაგდებული ბავშვი?! – გაიკვირვა ელემ.

– არ იცის, ვინ გააგდო?! დიდი ამბავი, ეცხოვრათ აქ, რაში გიშლიდნენ ხელს? – ირინას ხმა დაეძაბა, – მაგრამ შენ არ გინდა, რომ ბედნიერი ვიყო, საკუთარ თავზე ფიქრობ და იმ კაცზე, ფეხებზე რომ ჰკიდიხარ. ვერ ხვდები, რომ ფეხებზე ჰკიდიხარ!

– ვინ კაცს ვკიდივარ ფეხებზე? – ისევ გაიკვირვა ელემ.

– შენ გგონია, ვერავინ ხვდება?! ყველა დაგცინის! – ირინამ ხმა გაამკაცრა.

– ვინ დამცინის? – ელე მშვიდად სვამდა კითხვებს, იმიტომ რომ თვალებზე ისრებს იხატავდა. ხელის ოდნავ არასწორი მოძრაობა და ამდენი შრომა წყალში ჩაეყრებოდა,

– შენ ყოველთვის ფეხებზე გეკიდა ყველა, ბავშვობიდან ასეთი იყავი, აუტანელი.

– აუტანელი როგორ ვიყავი? გიჯერებდი, არაფერი დამიშავებია, სულ მაქებდნენ და შენც გაქებდნენ ამის გამო.

– მიჯერებდა! – ირინამ შვილის ინტონაციით გაიმეორა ეს სიტყვა: კი არ მიჯერებდი, შენიშვნას ვერ იტანდი! არანორმალურობა იმაზე გეტყობოდა, რომ არც კი ტიროდი, ენაც არ მოგიჩლექია, იმიტომ რომ არც ბავშვი იყავი და ადამიანადაც ვერ გაიზარდე. – მოხსნა ირინამ გუდას პირი.

– ბევრი საქმე მაქვს და კარგ ხასიათზე მინდა, გავიდე სახლიდან, ნუ გამიფუჭებ დღეს, უფრო ზუსტად, არ გაგაფუჭებინებ, – მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უთხრა ელემ.

– დავურეკავ გოგას და ვეტყვი, რომ დღეს მოვიდნენ და აქ დარჩნენ, – შეაპარა ირინამ.

– არავისაც არ დაურეკავ, მე არ ვარ ვალდებული, ვარჩინო სრულწლოვანი კაცი, რომელმაც ჩემი აზრი არც კი იკითხა, ისე მოიყვანა ცოლი, – ელეს კატეგორიული ხმა ჰქონდა, – ბინა მივეცი, მუშაობს.

– შენ მიეცი?! – თეატრალურად წარმოთქვა ირინამ, – შენ რამე გაგაჩნია საერთოდ? მამაშენმა დაგიტოვა ბინა და შენ როგორ მიეცი?!

– დიახ, მე დამიტოვა და არა ვინმე სხვას, – ეს წინადადება ელემ გარკვევით და დამარცვლით წარმოთქვა. რომ ნდომებოდა, შენ დაგიტოვებდა, – და დედას გაუღიმა.

– ჯერ ერთი, მამაჩემმა მიაღებინა ის ბინა და მეორეც, მე ვიტანდი იმ აუტანელ კაცს, იმისთვის, რომ შენ მამა გყოლოდა. იმედია, ჯოჯოხეთში იწვის!

– მამა როგორ მყავს, კი მაგრამ, ხომ გარდაიცვალა?! თუ შენ დაატოვებინე ჩემთვის ძალით? – დააზუსტა ელემ, ისევ და ისევ, მშვიდად.

– შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, ისევე, როგორც მამაშენთან ლაპარაკი იყო შეუძლებელი, ოღონდ მე მომაყენოთ შეურაცხყოფა, – ირინა როლში შედიოდა და ამიტომ უცებ შეცვალა „ფირფიტაც“: რა თქმა უნდა, გოგა რაში გაინტერესებს, იმ კაცს ანაცვალე ყველა, – ირინა უკვე სისინებდა.

– ჰო, ვანაცვალე, მართალი ხარ. გითხარი გასაგებად, ცუდ ხასიათზე ვერ დამაყენებ და ვერც დღეს გამიფუჭებ, – მტკიცედ უთხრა ელემ, საკუთარ გამოსახულებას სარკეში თვალი კიდევ ერთხელ შეავლო, ფეხსაცმელები ჩაიცვა და კარი გამოიკეტა.

ხასიათი მაინც გაუფუჭდა, ძალიან დიდ ძალას ართმევდა ირინასთან ურთიერთობაში სიმშვიდის შენარჩუნება. იცოდა, რომ ირინა მაშინვე დაწყნარდებოდა, როგორც კი გოგასა და მის ახალშერთულ ცოლს ნებას დართავდა, მათთან ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი ზარავდა: რძალი არ მოსწონდა, თუმცა არ ერეოდა, რაკი გოგას მოსწონდა, ჰოდა, თუ მოსწონდა, ყოფილიყვნენ ერთად. ერთხანს კი იფიქრა, ირინას გამოსვლებს მაინც ავიცილებ თავიდანო, მაგრამ დედამისს მოხარშულს იცნობდა და, ამდენად, იცოდა, რომ ირინა რამეს კიდევ მოიფიქრებდა, რომ ელეს ცხოვრება აუტანელი გაეხადა. მეორე მხრივ, შესაძლოა, ირინა, სულაც, არ ცდილობდა ელეს გამწარებას, მას, უბრალოდ, ასე ასწავლეს – ოჯახის დედა უნდა იყოს შვილზე გადამკვდარი და ეს აუცილებლად გულისხმობს, რომ იმის გარდა, შვილმა რა ჭამა, როგორ ეძინა, როგორ ხასიათზე იყო და მისთანანი, არაფრით დაინტერესებულიყო. ელე უყოყმანოდ გაიღებდა თავის სიცოცხლეს გოგასთვის, მაგრამ შვილის დანამატად ქცევს არ აპირებდა. თან, გოგას მამაც ჰყავდა და შეეძლო, მამასთან ეცხოვრა, ელეს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ პრობლემაც ის იყო, რომ ირინა უფუნქციოდ დარჩა და ამიტომაც უნდოდა, შვილიშვილსა და მის ცოლს მათთან ეცხოვრათ, საჭმელს მოუმზადებდა, დაელაპარაკებოდა და საკუთარ მნიშვნელოვნებასაც იგრძნობდა და, აბა, რა იცოდა ირინამ, რომ ელე სულმოუთქმელად ელოდა გოგას გაზრდას, რომ, ბოლოს და ბოლოს, ისე ეცხოვრა, როგორც უნდოდა; სადაც და როცა უნდა წასულიყო ან მოსულიყო, როცა მოესურვილებოდა, მაშინ ამდგარიყო და დაწოლილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი ისაა, ვერ მოიშალა შვილისთვის დღეში რამდენჯერმე დარეკვა, ან კი როგორ მოიშლიდა, როდესაც, ფაქტობრივად, გოგასთან ერთად გაიზარდა და დაქალდა. გოგა უკვე უხალისოდ პასუხობდა ხოლმე და ელე გრძნობდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის გაუთიშავდა ტელეფონს.

მანქანაში რომ ჩაჯდა, ტელეფონი ჩართო და უნებლიეთ გაეფიქრა: რამეზე ხომ არ არის გაბრაზებული? – თავადაც არ იცოდა, საიდან მოუფრინდა ეს აზრი ან რატომ უნდა ყოფილიყო გოგა მასზე გაბრაზებული, მაგრამ, ვინაიდან იცოდა, რომ აზრები უსაფუძვლოდ არ ჩნდებინ, ცოტა შეფიქრიანდა და საკუთარ თავთან ჩვეული ხმამაღალი დიალოგი გააბა:

– ირინამ ხომ არ მოუროშა რამე?

– და რა უნდა ეთქვა? ან რომც ეთქვა, ამხელა კაცს საკუთარი ტვინი არ აქვს?!

– რაც უნდათ, ის უქნიათ, – დაასკვნა ელემ და გამოტოვებული ზარების თვალიერება დაიწყო, მაგრამ თავში ისევ ის აზრი უტრიალებდა და, საერთოდაც, ვერ ხვდებოდა, რატომ განიხილავდნენ ირინაც და გოგაც ელეს, როგორც მათ საკუთრებას?!

– რაღაც არაჯანსღია ამაში და მიზეზიც უნდა ჰქონდეს, წესითა და რიგით, – უთხრა საკუთარ თავს.

ელეს საკუთარ თავთან ლაპარაკი უყვარდა და, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ხანდახან ამას ხმამაღლა აკეთებდა, ყურსასმენებს იკეთებდა ხოლმე, რათა უცხო თვალს ჰგონებოდა, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა.

ახლაც ყურსასმენები გაიკეთა, ოღონდ დასარეკად.

– უკვე გაიღვიძე? ხომ მშვიდობა გაქვს? – მხიარულად ჩასძახა მეგობარს.

– შენგან განსხვავებით, დიდი ხანია, მღვიძავს, – უპასუხა ინგამ. ინგა კარგი გოგო იყო (რაღა გოგო, მაგრამ მაინც), უბრალოდ, ცოტა უხასიათო და შურიანისმაგვარი, ზედაც, ცოტა ტრაგიკულიც. თუმცა ბედისწერაც რაღაცნაირი ტრაგიკული ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ჰყვებოდა და მნიშვნელობა მართლაც არ ჰქონდა, იგონებდა ამას თუ სინამდვილეს ამბობდა, იმიტომ რომ თავად ინგა ასე ხედავდა თავის ცხოვრებას, ჩვენი ცხოვრება კი ისეთია, როგორადაც მას ვხედავთ და განვიცდით. ინგას წუწუნი უყვარდა, ვერ ხვდებოდა (და ძალიან გულწრფელი იყო ამ თავის ვერმიხვედრაში), რატომ იღებდნენ სხვები იმას, რაც, მისი აზრით, მას ეკუთვნოდა, საკუთარ თავს კი უსამართლოდ ჩაგრულად მიიჩნევდა, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ინგა საკმაოდ საზრიანი, განათლებული და ერთობ მარიფათიანი ადამიანიც იყო. ელეს ინგა უყვარდა, ამიტომ უტაქტო გამოხდომებს იოლად პატიობდა.

– ჰო, მე დილით ძილი მიყვარს, შენ კი ტოროლა ხარ და ფუტკარივით მშრომელი, – ელე უცებ მიხვდა, რომ ინგა საოცრად ჰგავდა ირინას, მსხვერპლის როლის მორგებით და, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ინგა იზიდავდა და იმავდროულად, განიზიდავდა კიდეც:

– რა არის შენკენ ახალი და საინტერესო?

– რა უნდა იყოს? დღეს ვისვენებ, თითქოს, მაგრამ დილიდან სახლს ვალაგებ, სამი უსაქმური მხოლოდ ჭამს და ანაგვიანებს, – დაიწყო ინგამ თავისი ჩვეული მონოლოგი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი