რომანი და დეტექტივი

ს ქ ე მ ა

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.01, 2022 წელი

სქემა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #52(1096)

ფიშს გაეცინა და მინისტრს უთხრა:

– ასე ძალიან ნუ განიცდით, ლევან. დაზვერვაში არც თუ ისე იშვიათი რამაა ეს. და ჩვენც გვქონია ჩავარდნები. ოლდრიჯ ხაიზენ ეიმსზე თუ გსმენიათ?

– სამწუხაროდ, არა, – თავი გააქნია მინისტრმა.

– ეს ადამიანი, ანუ ეიმსი ამჟამად ციხეშია და იქიდან ვერასდროს გამოვა. ის „ცეერუს“ საბჭოთა მიმართულებას ხელმძღვანელობდა და „კაგებეზე“, შემდეგ კი „ფეესბეზე“ მუშაობდა. მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა თავის სამშობლოს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამის გამო „ცეერუს“ დირექტორი რიჩარდ ჯეიმს ვულსი გადადგა. ასე რომ, გოგლიძე ეიმსთან შედარებით ანგელოზია, – თქვა ფიშმა.

– მეც ხომ არ გადავდგე, მისტერ ფიშ? – იკითხა მინისტრმა.

– არა, რას ამბობთ, ლევან? რუსებსაც, სწორედ, ეგ უნდათ. პირიქით, უფრო უნდა გააქტიურდეთ, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნები მტრებისგან. კავკასია შეერთებული შტატების პრიორიტეტია და მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ, სწორედ, აქ წყდება. რუსები კბილებით არიან ჩაჭიდებული ამ რეგიონს. ამ ბოლო დროს პოზიციებს თმობენ და სწორედ, ამიტომ უნდათ აქ სიტუაციის არევა, რომ უმალვე „გამშველებლის“ როლში მოგვევლინონ და კიდევ უფრო ღრმად გაიდგან ფესვები. მათი სტილია ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა და წყალი არ უნდა ავამღვრევინოთ.

– სანამ მე თქვენს სამშობლოში ვიმყოფებოდი, ტყუილად არ კარგავდით დროს, – ნახევრად ხუმრობით თქვა მინისტრმა და დაამატა, – ისე ლაპარაკობთ, რომ გეტყობათ, კარგად დამუშავებული გეგმა უნდა გქონდეთ.

– მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. ლევან, ზოგადი გეგმის კონკრეტული ფრაგმენტები, კონკრეტული გეგმის შედგენას აზრი არ აქვს. ბევრი რამ რუსების მოქმედებაზეა დამოკიდებული და იქიდან გამომდინარე ვაკონკრეტებთ ხოლმე ცალკეულ პასაჟებს. ამიტომ, სწორედ, ეს პასაჟები უნდა გავიაროთ, – თქვა ფიშმა.

მინისტრმა კი მიუგო:

– გავიაროთ, მე მზად ვარ, მისტერ ფიშ.

ფიშმა ჩაახველა და თქვა:

– ოპერაცია „კავკასია“ ჯერ კიდევ „პერესტროიკის“ დროს „კაგებეში“ შეიმუშავეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო. მას მერე ეს ოპერაცია დროდადრო მცირე ხნით შეჩერდებოდა ხოლმე, შემდგომ კი კვლავ განახლდებოდა. იცვლებოდა. გეგმის ცალკეული პასაჟები, თუმცა, ჩონჩხი, მისი არსი ყოველთვის უცვლელია და ესაა რუსეთის მყარი ყოფნა კავკასიაში. ერთი სიტყვით, ოპერაცია „კავკასიის“ ტემპებზე რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობები ახდენს გავლენას. როგორც კი ჩვენმა ახალმა პრეზიდენტმა მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ, ხელადვე ამოხეთქა „კავკასიურმა ვულკანმა“. ახლად დასრულებულმა ყარაბაღის ომის შედეგებმა გვიჩვენა რუსეთის მთელი ვერაგობა და უძღები ამბიციები. ახლა ჯერი საქართველოზეა და რუსეთმა საქართველოსთვის მოიცალა. გადავიდეთ პასაჟებზე – მინასიანის მკვლელობა იმისთვის გახდა საჭირო, რომ მის სახლში ეს ყალბი ლიტერატურა, ეგრეთ წოდებული, საიდუმლო საბუთები აღმოგეჩინათ, რომელიც ნამდვილი იარაღების საწყობებითაა გამყარებული. მიზანი ისაა, რომ დაიწყოთ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრებები და ამ საქმის გასაჯაროება, რასაც რუსების გეგმით, არნახული ბუნტი უნდა მოჰყვეს, რომელიც აჯანყებაში უნდა გადაზრილიყო. სინამდვილეში, რუსეთის პატრონაჟით მართლა არსებობს საქართველოში იატაკქვეშა სომხური ორგანიზაცია და მათ ბევრად უფრო მრავალმხრივი და ძლიერი შეიარაღება აქვთ, რაც არაერთ საიდუმლო სამალავშია. ამიტომ, როგორც კი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება, რუსული სადესანტო არმია საქართველოში გადმოისხმება და ახალი ოკუპაციის კერას მიიღებთ. ეს ამ საქმის, ეგრეთ წოდებული, „სომხური ნაწილია“. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს „აზერბაიჯანული ნაწილიც“ და უახლოეს საათებში ველოდებით ინფორმაციას ამის თაობაზე. ერთი სიტყვით, ბატონო ლევან, ტიტანური, დაძაბული სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. საიმედო და პროფესიონალი ხალხი კი ბევრი არ გვყავს. ამიტომ ჩვენი უწყების ორი ოცეულის გამოძახება გახდა საჭირო და თვითმფრინავი ორმოც წუთში დაეშვება ვაზიანში.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ამერიკელების კაცი იყო და ფიშს დიდ პატივს სცემდა, მაინც არ ესიამოვნა ის, რომ მას წინასწარ არ შეატყობინეს. „ფებეერელების“ დიდი ჯგუფის ვიზიტის ამბავი. ლევანს სახეზე აღებეჭდა ეს უკმაყოფილება. თუმცა, სიტყვით არაფერი გამოუხატავს. ფიშს ეს არ გამოჰპარვია და მინისტრს უთხრა:

– ბატონო ლევან, მეც სულ რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს ეს ამბავი დაშიფრული ტექსტით მობილურზე. იმ დროს, როდესაც უჩა გოგლიძე მოხსენებას აკეთებდა. მე ვაშინტონში მოხსენებითი წერილი გავგზავნე „კავკასიასთან“ დაკავშირებით და ჩვენების თბილისში გამოგზავნის გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიუღიათ. ჩვენი შეფი „თეთრ სახლში“ სწვევია პრეზიდენტს და საბოლოო ვიზა, სწორედ, მან გასცა.

– გასაგებია, მისტერ ფიშ. სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა, რომ თამაშგარე პოზიციაში ვდგებოდი.

– რას ამბობთ, ლევან. ეს გამორიცხულია. თქვენ გარეშე არაფერი გამოვა, – ფიშმა მხარზე მოუთათუნა ხელი მინისტრს და დააყოლა, – მოდი, ახლა უვე დაწვრილებით გაგაცნობთ, თუ რას აპირებენ „ფებეერელი“ არწივები თბილისში.

***

ვაშინგტონიდან თბილისში სასწრაფოდ ჩამოფრენილ „ფებეერელთა“ საუკუეთესო კონტინგენტს პირადად დირექტორისგან ჰქონდათ დავალებული, რომ თამამად ემოქმედათ და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი ზომებიც მიეღოთ. დირექტორს კი ეს მანდატი თავად პრეზიდენტმა მიანიჭა, რომელიც საგარეო პოლიტიკის ასი იყო და გლობალურ პოლიტიკაში კავკასიას უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებდა. საქართველოს კი კავკასიის ცენტრად მიიჩნევდა, ურომლისოდაც ამ რეგიონში არაფერი წყდებოდა. „ფებეერელთა“ ბრიგადის თბილისში გამოგზავნის პარალელურად, პრეზიდენტმა მოსკოვში აფრინა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. მას კრემლი უნდა დაერწმუნებინა, რომ ხელი აეღოთ მოსალოდნელი კავკასიური ავანტიურისგან. ხოლო თუ ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ შეერთებული შტატები თავის „ჯოკერს“ გამოიყენებდა ამ თამაშში და რუსეთს მაინც გააჩერებდა. თუმცა, „ჯოკერის“ გამოყენება ვაშინგტონს იმიტომ არ უნდოდა, რომ მთავარ მოთამაშეს დახარჯავდა და მისი საპირწონეს მოპოვების დრო და შესაფერი პირობები სჭირდებოდა. „ჯოკრის“ კონკრეტული ვინაობა მხოლოდ პრეზიდენტმა, დირექტორმა და მისმა კოორდინატორმა იცოდნენ. ამ პიროვნების არსებობა ფიშმაც უწყოდა, თუმცა, ვინ და სად იმყოფებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. თბილისში ჩამოფრენილ საუკეთესო „ფებეერელებს“ პიტერ გალვანი მეთაურობდა. მათ ფიში და მინისტრი ვაზიანში დახვდნენ და მას მერე, რაც „არწივები“ ბარაკებში დაბანაკდნენ, რომ ორიოდე საათი დაესვენათ და შემდგომ სამუშაოს შესდგომოდნენ, გალვანი დამხვდურებთან განმარტოვდა და მათ უთხრა:

– უმკაცრესი მოქმედების მანდატი გვაქვს. იმის ნებაც კი დაგვრთეს, რომ თუკი ამის საჭიროება დადგება, ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც კი გადავიდეთ და იქ ვიმოქმედოთ.

ამ სიტყვებზე მინისტრი გაფითრდა, თუმცა თავი მოთოკა და გალვანს უთხრა:

– იმედია, რომ ასეთი საჭიროება არ დადგება, მისტერ გალვან. თორემ დიდი ალბათობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადმოვლენ და მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი იქნება.

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო მინისტრო, ჩვენ უჩინრად ვმოქმედებთ და რომც გავიშიფროთ, ისეა ეს ოპერაცია გათვლილი, რომ რუსი ოკუპანტები მილიმეტრითაც კი ვერ წამოვლენ წინ.

გალვანის თავდაჯერებულობა ნორმან გრანტის დიპლომატიური მისიიდან გამომდინარეობდა. გრანტი იყო სწორედ ის პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტმა სასწრაფოდ მიავლინა მოსკოვში.

გრანტს აეროპორტში ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი დიპლომატი დახვდა და პირდაპირ კრემლში წაიყვანა. რუსული პოლიტიკის „მექაში“ ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო და პირისპირ სასაუბროდ მიიპატიჟა. მან სტუმარს უთხრა:

– რამ შეგაწუხათ, მისტერ გრანტ, რომ ასე მოულოდნელად გვესტუმრეთ?

ამერიკელმა კი ცივად უპასუხა:

– ბატონო ჩემო, მოდი, ყოველგვარი დიპლომატიური ნიუანსების გარეშე გეტყვით ჩემს სათქმელს.

– მოდი, – თქვა რუსმა.

– აქ ასე სასწრაფოდ ამიტომ ჩამოვფრინდი, რომ პრეზიდენტს კავკასიაში უახლოეს მომავალში მოსალოდნელი აფეთქება აღელვებს, მას ამის შესახებ ძალიან საგანგაშო ინფორმაცია აქვს, – თქვა გრანტმა.

– მე მსგავსი ინფორმაცია არ მიმიღია, – მოკლედ მოჭრა რუსმა.

გრანტი გაღიზიანდა. ის მიხვდა, რომ „ჯოკერის“ გამოყენება მოუწევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ჯოკერის“ ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. თუმცა, სცადა, ჯერ „უჯოკროდ“ ემოქმედა და მასპინძელს უთხრა:

– ბატონო ჩემო, თბილისში დაკავებულები არიან თქვენი „ეფესბეს“ თანამშრომლები ტანია გრიშინა და საქართველოს უშიშროების მაღალჩინოსანი უჩა გოგლიძე. ისინი დაგეგმილი ოპერაციის ფიგურანტები არიან. ეს ოპერაცია კი სომხური მოსახლეობის აბუნტებასა და საქართველოში დიდ არეულობას გულისხმობს. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ქართველმა ძალოვანებმა ეს ოპერაცია გაშიფრეს და ცრუ კვალზე არ წავიდნენ. ახლა, როდესაც მე თქვენ გელაპარაკებით, საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია და აკავებენ ნამდვილ სეპარატისტებს და მათი დაკონსერვებული შეიარაღების ამოღება ხორციელდება. გარწმუნებთ, რომ სომხური ბუნტი საქართველოში აღკვეთილია. თქვენთან კი იმიტომ ჩამოვედი, რომ შევთანხმდეთ. ოპერაცია „კავკასიის“ გაუქმებაზე თუ არა, შეჩერებაზე მაინც. დანამდვილებით ვიცით, რომ ასეთი ოპერაცია არსებობს და რომ „სომხური ბუნტის“ ჩაშლის შემთხვევაში აზერბაიჯანული და სხვა ბუნტებია მოსალოდნელი.

კრემლის მასპინძელი გარეგნულად მშვიდად უსმენდა გრანტს. თუმცა, იცოდა, რომ ამერიკელი აბსოლუტურ სიმართლეს ლაპარაკობდა და მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ კონკრეტულად რა იცოდა მან. ეს კონკრეტიკა კი კრემლის მასპინძელს ამერიკელების აგენტს გააშიფრინებდა. ამიტომ მას უთხრა:

– მისტერ გრანტ, თქვენი სიტყვები ზოგად ჩარჩოებს არ სცდება და იქნებ კონკრეტული რამ თქვათ, რაც ჩემი აზრით, არ არსებობს და ვფიქრობ, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი.

ნორმან გრანტი კრემლის მასპინძელზე არანაკლებ „შებერტყილი“ ვინმე იყო. ამიტომ მას უთხრა:

– კეთილი, ბატონო ჩემო. წარმოგიდგენთ უტყუარ საბუთებს. საამისოდ კი საელჩოში უნდა დამარეკინოთ, რომ ჩემს თანაშემწეს ვთხოვო საბუთების მოტანა.

რუსმა ტელეფონების გროვაზე მიუთითა ამერიკელს და უთხრა:

– კი ბატონო, აი, ტელეფონები. თეთრი ფერის ტელეფონით დარეკეთ.

გრანტი ტელეფონთან მივიდა. ამერიკის საელჩოში დარეკა და თავის თანაშემწეს უთხრა:

– ჯიმ, ჩემი თეთრი ფერის ტყავის საქაღალდე მოიტანე კრემლში. დაგხვდებიან და ამოგაცილებენ.

ამ სიტყვებს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა და მეორენაირად ნიშნავდა: სასწრაფოდ „კრაზანას“ ევაკუაცია განახორციელეთ და სამშვიდობოზე გაიყვანეთო. „კრაზანა“, ამერიკელების უძვირფასესი წყარო, ის „ჯოკერი“ იყო, რომლის გამჟღავნების ფასად კავკასია აფეთქებას გადაურჩებოდა. ეს ადამიანი რუსეთის „ფეესბეს“ დირექტორის მოადგილე იყო და მასში იოტისოდენა ეჭვიც კი არავის ეპარებოდა. კრემლის მასპინძელი ყველაფერს წარმოიდგენდა, მისი ღალატის გარდა... გრანტის ზარის შემდეგ „კრაზანას“ ევაკუაცია ელვისებურად განხორციელდა და სანამ ჯიმმა კრემლში თეთრი საქაღალდე მიტანა, სანკტ-პეტერბურგში მყოფი „კრაზანა“ ფინეთში შეუმჩნევლად გადავიდა... ჯიმი კრემლის მასპინძლის კაბინეტში მიიყვანეს. მან გრანტს მარცხენა ხელით მიაწოდა საქაღალდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ „კრაზანა“ ევაკუირებული იყო. ჯიმი უკან გააცილეს და როდესაც რუსი და გრანტი კვლავ მარტონი დარჩნენ, ამერიკელმა საქაღალდიდან ფლეშკა ამოიღო და რუსს უთხრა:

– აი, ეს შეუერთეთ კომპიუტერს და დამამტკიცებელ საბუთსაც იხილავთ.

რუსმა ფლეშკა შეაერთა და ეკრანზე „კრაზანა“ გამოჩნდა, რომელმაც თქვა:

– მე ახლა წარმოგიდგენთ ოპერაცია „კავკასიის“ სქემას...

რუსს სახე აელეწა. კომპიუტერი გათიშა და სტუმარს უთხრა:

– იმედია, შეთანხმდებით და კავკასია არ აფეთქდება. ახლა კი გთხოვთ, მცირე სასადილოში გამომყვეთ, სადაც სუფრაა გაშლილი და ერთად აღვნიშნოთ რუსულ-ამერიკული ძმობა.

– სიამოვნებით, – მიუგო გრანტმა რუსს და ორივე კარისკენ გაემართა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი