რომანი და დეტექტივი

პატიების ძალა

№49

ავტორი: ანი რევია 20:00 13.12

რომანი ნია
დაკოპირებულია

– ათი წელია, ვვარჯიშობ, მორბენალი ვარ, – საზეიმო ხმით განაცხადა ახალგაზრდა ვაჟმა.

– სად სწავლობ? – ჰკითხა რეზომ მას ისე, რომ არც კი შეუხედავს.

– სპორტის აკადემიაში. მთელ თავისუფალ დროს ვარჯიშს ვუთმობ.

– სად მუშაობ? – დაკითხვას განაგრძობდა რეზო.

– ფორმალურად, არსად, იმიტომ რომ მთელ ჩემს თავისუფალ დროს ვვარჯიშობ.

– შესანიშნავია, – სარკაზმით ჩაილაპარაკა რეზომ და ტაში შემოჰკრა, – ჩემი შვილი ცოლად მიჰყვება უიღბლო სპორტსმენს. და როგორ აპირებ ოჯახის რჩენას, თუნდაც, მაშინ, როდესაც სირბილს ვეღარ შეძლებ? – დააზუსტა მომავალმა სასიმამრომ, რომელსაც ეს სამომავლო როლი აშკარად არ მოსწონდა.

მარიმ მამამისს ნაწყენი თვალებით შეხედა. ის წინასწარ შეუთანხმდა მშობლებს, რომ თავის საქმროს გააცნობდა, მაგრამ არ ელოდა, რომ მისი ყოველთვის ძალიან ზრდილობიანი და კულტურული მამა ასე უტაქტოდ მოიქცეოდა.

მთელი საღამოს განმავლობაში რეზოს ერთხელაც არ შეუხედავს ახალგაზრდა ვაჟისთვის სახეში, მთელ მის გამომეტყველებასა და ჟესტიკულაციას ეტყობოდა, რომ მტრად აღიქვამდა და მუდმივად უხეშ კომენტარებს აკეთებდა. იკა იმდენად დაიბნა, რადგან არ ელოდა ასეთ დახვედრას, ბევრისგან სმენოდა მარის მშობლების შესახებ და მხოლოდ კარგი, ამიტომ არც კი იცოდა, როგორ მოქცეულიყო და რა ეთქვა. მაგრამ მარიმ ვერ მოითმინა:

– მამა!

მამამისის ბოლო ფრაზამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მარი მზად იყო, ახლავე ამდგარიყო და წასულიყო ამ სახლიდან, იმდენად უხერხულად გრძნობდა თავს და ძალიან რცხვენოდა იკასი.

– რეზო, მომეხმარე, რაღაც მაქვს გამოსატანი, მარტო ვერ შევძლებ, – მარის დედამ უხერხულობის განმუხტვა სცადა, – თქვენ კი მიირთვით, მალე მოვალთ, არ მოიწყინოთ, – გაუღიმა შვილსა და სტუმარს.

თამარმა თითქმის ძალით გაიგდო წინ ქმარი და ისე გაიყვანა მისაღები ოთახიდან. საძინებლისკენ უბიძგა და კარი სასწრაფოდ მიიხურა:

– კი მაგრამ, რა დაგემართა? როდის იყო, ასე ექცეოდი ადამიანებს? თან, სტუმარს? ვერ გცნობ! – ჩაუსისინა ქმარს.

– მე ნორმალურად ვარ, – არ შეეპუა რეზო ცოლის საყვედურს, – ჩვენი შვილისთვის კარგი მინდა, ამიტომ არ დავუშვებ, რომ უმაქნისს გაჰყვეს ცოლად.

მაგრამ თამარი საკმაოდ კარგად იცნობდა ქმარს საიმისოდ, მიმხვდარიყო, რომ რაღაც სხვა მიზეზი არსებობდა და არ აპირებდა ქმრის საძინებლიდან გაშვებას, სანამ სიმართლეს არ გაიგებდა. თამარს იკა მოსწონდა. ახალგაზრდა ვაჟი ვარჯიშობდა, ჰქონდა მიზანი, რომლისკენაც მიდიოდა, არ ეწეოდა, არ სვამდა და, რაც მთავარია, ნამდვილად უყვარდა მარი, რაც აშკარად ეტყობოდა თვალებში. ეს კი მისთვის, როგორც დედისთვის, სავსებით საკმარისი იყო, რომ შვილის საქმრო მოსწონებოდა.

რეზო მიხვდა, რომ საძინებლიდან თავს ასე იოლად ვერ დააღწევდა, ამიტომ ერთხანს იფიქრა, ამოიოხრა და ხელები ასწია: გნებდებიო.

– გახსოვს ფრიდონი? – მოღუშული სახით ჰკითხა ცოლს. ცოლმა თავი დაუქნია, – ჰოდა, აი, ჩვენს მისაღებში მისი შვილი ზის.

თამარმა გაოცებისგან ლამის წამოიყვირა და ხელები პირზე აიფარა. ფრიდონი ერთ დროს რეზოს საუკეთესო მეგობარი იყო. სტუდენტობიდან მეგობრობდნენ. ფრიდონი რეზოს მეჯვარეც კი იყო და იმდენად სამაგალითო იყო მათი მეგობრობა, რომ ლამის თამარსაც კი შურდა მათი.

მაგრამ ერთხელაც ფრიდონმა რეზო კინაღამ დაღუპა. ისინი ერთსა და იმავე საწარმოში მუშაობდნენ, ფრიდონი კი, როგორც შემდეგ გაირკვა, საწყობიდან საქონელს იპარავდა და დაბალ ფასად ჰყიდიდა. რეზო, რა თქმა უნდა, ხვდებოდა და არაერთხელ გააფრთხილა მეგობარი. ფრიდონი ჰპირდებოდა, რომ ბოლოჯერ იქცეოდა ასე, მაგრამ იმავეს განაგრძობდა.

საბოლოოდ, მეპატრონე ყველაფერს მიხვდა და საწყობი შეამოწმა, თუმცა ფრიდონმა ყველაფერი იუარა და რეზოს დააბრალა. რეზო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მან არ იკადრა მეპატრონისთვის სიმართლის თქმა, თუმცა შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უჭირდა ნორმალური სამსახურის პოვნა.

მათი ურთიერთობა შეწყდა და ამდენი წელია, ფრიდონის სახელიც კი აღარ უხსენებიათ ოჯახში. რეზომ ცოლს ფოტოების გადაყრაც კი სთხოვა.

– ამას ვერ წარმოვიდგენდი! – თამარი გაოგნებული იყო, – დაუჯერებელია...

თამარმა იცოდა, როგორი იარა დაუტოვა ფრიდონმა რეზოს, ამიტომ ცდილობდა, ტაქტიანად მოქცეულიყო.

– რეზო, ფრიდონი მოიქცა, როგორც უკანასკნელი ნაძირალა. ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მისმა შვილმა რა დააშავა? ეს ბავშვი უდანაშაულოა, ისიც ეყოფა, რომ ასეთი კაცის შვილია.

რეზო აღშფოთებისგან ფეხზე წამოდგა:

– რას ჰქვია, რა დააშავა?! და თუ ისიც მოატყუებს ჩვენს შვილს?! ამაზე იფიქრე?! ბოლოს და ბოლოს, მამაა, მეზობელი ხომ არა?!

– პავლიკ მოროზოვი ხომ არაა, მამა უარყოს?! შვილები მშობლებს არ ირჩევენ. – თამარი ხავსს ჩაეჭიდა, მაგრამ ქმრის თვალებს რომ წააწყდა, მიხვდა, რეზოს აზრს ვერაფერი გადაათქმევინებდა, ამიტომ უსიტყვოდ ადგა და ქმარს თვალებით ანიშნა, გავიდეთო, იმ იმედით, რომ უფრო უარესი აღარ მოხდებოდა.

მაგრამ თამარი შეცდა. რეზომ, დაბრუნდნენ თუ არა მისაღებ ოთახში, არც კი დამჯდარა, ისე მიახალა სტუმარს:

– მე არ ვრთავ ნებას ჩემს ქალშვილს, ცოლად გამოგყვეს.

– რატომ? – სახე მოეღუშა იკას, – მე მიყვარს მარი. ბატონო რეზო, ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ტვინცარიელი და სქელშუბლა სპორტსმენი ვარ. მე თექვსმეტი წლიდან ვმუშაობ, ამიტომ ოჯახის რჩენა ჩემთვის პრობლემა არ არის. გამაჯანსაღებელ ტურებს ვატარებ და მალე ვაპირებ, რომ ჩემი ბიზნესი ოფიციალურად დავარეგისტრირო. საკმაოდ კარგად მიდის ჩემი საქმეები.

– შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ჩვეულებრივი მატყუარა ხარ! – კბილებიდან გამოცრა რეზომ.

– მამა, რა გემართება?! – მარი სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა, – რა დაგიშავა იკამ? რატომ გძულს ასე ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობ?! – ვერ შეიკავა თავი და ამოთქვა, რასაც ფიქრობდა.

მამამისისთვის წინააღმდეგობა არასდროს გაუწევია, იმიტომ რომ არასდროს შექმნიათ პრობლემა ურთიერთობისას. მარის ცოტაღა აკლდა ისტერიკამდე. არადა, დარწმუნებული იყო, რომ საღამო კარგად ჩაივლიდა და არც კი ნერვიულობდა, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ მთელი მისი იმედები ნაცარტუტად იქცა.

რეზო ქალშვილს მიუახლოვდა, მისი სახე თავისკენ მიიტრიალა, თუმცა მარიმ თვალები დახარა, უბრალოდ, არ შეეძლო მამამისისთვის შეხედვა. რეზო შეეცადა, რაც შეიძლება, მშვიდად ეთქვა:

– დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთესს იპოვი და ბედნიერი იქნები. მარიკუნა, ის შენი ღირსი არ არის.

მარი შეკრთა. მამამისის ხელი უხეშად მოიშორა, წამოდგა და უკან გადადგა ნაბიჯი.

– მამა, მე მიყვარს იკა და შენ მოგიწევს, ამას შეეგუო. მის გარდა არავინ მჭირდება, – მტკიცე ხმით წარმოთქვა მარიმ. იკას მიუახლოვდა და ხელი მხარზე დაადო. იკა ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო და უძრავად იჯდა.

ქალიშვილის ასეთმა ქცევამ რეზოზე ისე იმოქმედა, როგორც ხარზე წითელი ნაჭრის აფრიალებამ.

– კარგი, მარიამ, მაშინ სხვანაირად ვილაპარაკოთ, – რეზოს ხმა თითქოს გაეყინა, რამაც ყველა კიდევ უფრო დაძაბა, – თუ შენ ამ ადამიანს აირჩევ, დაივიწყე, რომ მამა გყავს. აქ ვეღარასდროს მოხვალ.

თამარმა უნებურად წამოიყვირა და ქმარს გაფართოებული თვალებით უყურებდა, მაგრამ რეზოს გამომეტყველება მოწმობდა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა.

მარი მთელი ცხოვრება მამიკოს გოგო იყო: რეზო სულში იძვრენდა, ხელისგულზე ატარებდა და ასეთი ახლო ურთიერთობა მარის დედამისთანაც კი არ ჰქონდა. ამიტომ მამამისის სიტყვები გულს უკლავდა, მარი ცდილობდა, თვალებთან მოწოლილი ცრემლები რამენაირად შეეჩერებინა.

სიჩუმე ჩამოწვა, რომელმაც რამდენიმე წუთს გასტანა, მაგრამ იქ მყოფებს ეგონათ, რომ უსასრულოდ გაიწელა. მამა-შვილი ერთმანეთს თვალებში უყურებდა. მარიმ, როგორც იქნა, მოახერხა ხმის ამოღება:

– კარგი, როგორც იტყვი, – გაბზარული ხმით თქვა მარიმ. იკას გადახედა, თვალებით ანიშნა, მივდივართო, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და კარისკენ წავიდნენ.

***

იმ საღამოს შემდეგ მამა–შვილის ურთიერთობა შეწყდა. თამარი სთხოვდა ქალიშვილს, პირველი ნაბიჯი გადაედგა მამამისისკენ და შერიგებოდა, მაგრამ მარი შეუვალი იყო.

თამარი ქმართან დალაპარაკებასაც ცდილობდა, მაგრამ რეზო ისე გაცეცხლდებოდა ხოლმე, რომ თამარი მაშინვე ჩუმდებოდა. ასე იყო ქალი ორ ცეცხლს შუა და არ იცოდა, რა ეღონა.

მარისა და რეზოს არასდროს არათუ უჩხუბიათ, არც კი უკამათიათ. ხასიათით ერთმანეთს ჰგავდნენ და ორივე იმპულსური და ფეთქებადი იყო. არც ერთს არ ჰქონდა უნარი, ეღიარებინა საკუთარი შეცდომა, რის გამოც ორივე იტანჯებოდა ხოლმე.

მარი ბავშვობიდან ოცნებობდა, როგორ იცეკვებდა მამამისთან ერთად თავის ქორწილში, მაგრამ ახლა იძულებული გახდა, შეეცვალა თავისი ყველაზე ბედნიერი დღის სცენარი. გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ შინაგანად უდიდეს სიცარიელეს გრძნობდა. ბედნიერი იყო, მაგრამ მის ბედნიერებას რაღაც აკლდა.

ყოველღამე მამამისზე ფიქრობდა. მისი ხმა მოენატრა და მასთან ჩახუტება, ტელეფონიც ხშირად აუღია ხელში, მაგრამ მაშინვე უკან დებდა ხოლმე. წრეგადასული პატივმოყვარეობა მამამისისგან გამოჰყვა და თავს ვერაფერს უხერხებდა.

თავის მხრივ, რეზოც დაცარიელდა; მთელს მის ცხოვრებას მარი ავსებდა, მარის კისკისი, ხმა, რაც საოცარი სიხალისით აჯერებდა და აბედნიერებდა. რეზოს ეს ყველაფერი ძალიან დააკლდა და კიდევ უფრო დიდი სიძულვილი მოეძალა ფრიდონის მიმართ, რომელმაც უკვე მეორედ დაუნგრია ცხოვრება.

თავს არ უტყდებოდა, თორემ ქალიშვილი ძალიან აკლდა. სინდისიც ქენჯნიდა იმის გამო, როგორც მოექცა შვილს, მაგრამ ხვდებოდა, რომ დროს უკან ვეღარ დააბრუნებდა.

თავში სცენარის სხვა ვარიანტებსაც ატრიალებდა, როგორ შეეძლო, უფრო რბილად, დაყვავებით ეთქვა ქალიშვილისთვის სათქმელი, ასე უხეშად არ მოქცეოდა, აეხსნა, ამ დროს გული თითქოს ულბებოდა, მაგრამ გაახსენდებოდა თუ არა მარის გააფთრებული თვალები და გაკაპასებული ხმა, მაშინვე ისევ ბრაზდებოდა და თავს ირწმუნებდა, რომ სწორად მოიქცა. მეტიც, ნანობდა, რატომ არ უთხრა უფრო მწარე სიტყვები და ის იკა სახლიდან კინწისკვრით არ გააგდო, როგორც კი დაინახა.

მისმა ქალიშვილმა მისი მტრის შვილი ამჯობინა, ესე იგი, პატიებას არ იმსახურებდა, – ასე იმშვიდებდა თავს და ისევ ბრაზდებოდა, იმიტომ რომ ფრიდონი უკვე მეორედ მოერია მას, თუმცა პირველად რეზომ შეძლო სახის შენარჩუნება და მხოლოდ მისმა ცოლმა იცოდა, როგორ დაუდო ფეხი ფრიდონმა რეზოს და რამდენი პრობლემა შეუქმნა. ამ ფიქრებით რეზო იტანჯებოდა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა.

***

– რეზო, ნახე, რა ელეგანტური ჰალსტუხი გიყიდე, – უთხრა თამარმა ქმარს და წინ ლამაზი ყუთი დაუდო. რეზომ არც კი დახედა საჩუქარს.

– ცდილობ, მომატყუო? – იფეთქა უცებ, – ხომ გითხარი, რომ არსადაც არ წამოვალ?! არ ვაპირებ, გვერდით მივუჯდე ფრიდონს, ვითომც არაფერი მომხდარა.

თამარი ცდილობდა, რამე გამოსავალი ეპოვა. ქორწილამდე ერთი კვირა რჩებოდა და თამარმა აღარ იცოდა, რა მოეფიქრებიდა, რომ ქმარი როგორმე დაეყოლიებინა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ისევ იკა დარჩა ქალის ერთადერთ იმედად.

იკამ ფერდაკარგულმა მოისმინა ამბავი, რომელიც მომავალმა სიდედრმა უამბო.

– არ იდარდოთ. მამაჩემი ჩვენს ქორწილში არ იქნება. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.

– მაპატიე, შვილო, – ეუხერხულა თამარს, – არ ვიცოდი. ნათელში იყოს!

სახლში დაბრუნებულმა კი ყველაფერი ქმარს უამბო. რეზოს მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. ფრიდონი სძულდა იმ დღის შემდეგ, მაგრამ მისი სიკვდილის ამბავმა, რატომღაც, დაასევდიანა, ყველაფერი ამოუყირავა, რეზოს წყენა სადღაც უწონადობაში გაიჭედა.

***

ქორწილის დღეს თამარმა უხმოდ ჩაიცვა, რეზოსკენ არც კი გაუხედავს და სახლიდან გავიდა. გული მაინც დამძიმებული ჰქონდა, რადგან ვერც სიკვდილმა მოულბო მის ქმარს გული. მარიმ დედას გაუღიმა, მაგრამ დედამისის სიმძიმე მასაც გადაედო, როდესაც მის გვერდით მამა ვერ დაინახა – გულის სიღრმეში ბოლო წამამდე სჯეროდა, რომ მამა ასეთ დღეს არ მიატოვებდა.

რეზო კი სახლში მარტო იჯდა და ყველაფერს იხსენებდა, უწვრილმანეს დეტალამდე, თავის ბრაზსაც, პირველად ვერც კი დაიჯერა, რომ ფრიდონმა ასეთი რამ გაუკეთა. ამას ვერც კი წარმოიდგენდა. მაშინვე გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, თუმცა ფრიდონი ცდილობდა მასთან დაკავშირებას, მაგრამ რეზოს არაფრის გაგონება არ უნდოდა და მხოლოდ ახლა დაფიქრდა, ნეტავ, რის თქმა უნდოდა მის მეგობარს?! იქნებ რა მიზეზი ჰქონდა, ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა?! იქნებ ნანობდა?!

რეზომ უცებ სულ სხვა მხრიდან შეხედა მომხდარს და თუმცა ამპარტავანი იყო და უზომოდ პატივმოყვარე, არც გონიერებას უჩიოდა. საიდანღაც თავისი ღრმად მოხუცი დიდედის სიტყვები ამოუტივტივდა. მაშინ მათ აზრს ვერ მიხვდა, იმიტომ რომ პატარა იყო საამისოდ: ყოველთვის აპატიე ადამიანს, რაც უნდა ცუდად მოგექცეს, იმიტომ რომ მან შეიძლება, გულით მოინანიოს ისე, რომ შენ არც კი იცოდე და ღმერთმა აპატიოს, შენ კი შენი არპატიებით სული დაიმძიმო და ცოდვილად იქცე. დაიმახსოვრე, შენი პატიება არავის სჭირდება შენ გარდა. რეზოს ის ამბავიც გაახსენდა, რატომაც უთხრა ეს დიდედამ, მეზობლის ბიჭმა ახალი მანქანა გაუფუჭა... რეზოს გაეღიმა. მერე უცბად წამოვარდა, საათს დახედა, სასწრაფოდ ჩაიცვა, თან, თამარს ურეკავდა:

– ჩამიგდე ადგილმდებარეობა. მოვდივარ...

მარის თვალები კარისკენ მიურბოდა. მამამისი რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა: მადლობა, მამა და მაპატიე!

– შენ მაპატიე, ჩემო პრინცესა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა