რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№49

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 18.12, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #46-48 (1144)

მარშალი აწრიალდა.

– ვიმუშავებდი და მასაც ვარჩენდი, სერ.

ოთახში ჯეფრი კინი შემოვიდა.

– მესიე პუარო, პოლიციელები მოვიდნენ. თქვენი ნახვა სურთ.

– მოვდივარ.

ლიჩემ როშის კაბინეტში ინსპექტორი და პოლიციის ექიმი შესულიყვნენ.

– მესიე პუარო? – მიმართა ინსპექტორმა, – ბევრი გვსმენია თქვენზე, მე კი ინსპექტორი რივზი ვარ.

– სასიამოვნოა, – მიუგო პუარომ და გამოწვდილი ხელი ჩამოართვა, – ჩემი დახმარება არ გჭირდებათ, ხომ ასეა?

– ამჯერად არა, სერ. უბრალო საქმეა.

– მაშასადამე, მარტივი საქმეა? – ჰკითხა პუარომ.

– წყალი არ გაუვა. კარი და ფანჯარა დაკეტილი იყო, ოთახის გასაღები ჯიბეში ედო, ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა... რამ უნდა დაგვაეჭვოს?

– ხომ არ შეგიმჩნევიათ რამე უჩვეულო?

ექიმმა ჩაიცინა.

– ძალზე სულელურ პოზაში იჯდა. სხვაგვარად ტყვია სარკეს ვერ მოხვდებოდა. თუმცა თვითმკვლელობა თავისთავად უცნაური საქმეა.

– ტყვიას მიაგენით?

– დიახ, აი, – ექიმმა პუაროს ტყვია გაუწოდა, – კედელთან ეგდო, სარკის ქვეშ. პისტოლეტი განსვენებულისაა. ამ მაგიდის უჯრაში ინახავდა. დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც საიდუმლო იმალება, თუმცა გავბედავ და ვიტყვი, რომ ვერასოდეს გავიგებთ.

პუარომ თავი დააქნია.

ცხედარი საძინებელში გადაიტანეს. პოლიციელები წავიდნენ. სადარბაზო კართან მდგომმა პუარომ მათ თვალი გააყოლა. უეცრად ზურგს უკან ხმაური მოესმა და შეტრიალდა. გვერდით ჰარი დეილჰაუსი ედგა.

– მეგობარო, შემთხვევით კარგი ფარანი ხომ არ მოგეძევებათ? – ჰკითხა პუარომ.

– რასაკვირველია. ახლავე მოვიტან.

ჰარი ჯოან ეშბისთან ერთად დაბრუნდა.

– თუ გნებავთ, შეგიძლიათ კომპანია გამიწიოთ, – დიდსულოვნად შესთავაზა პუარომ, სახლის მარჯვენა მხარეს გაუყვა და კაბინეტის ფანჯრებქვეშ გაჩერდა. კედელსა და ბილიკს შორის ექვსიოდე ფუტი სიგანის გაზონი იყო. პუარო დაიხარა და ბალახი ფარნით გაანათა. შემდეგ გასწორდა და თავი გადააქნია.

– არა, – თქვა მან, – აქ არა.

გაჩუმდა, ფარანი ასწია და უეცრად გაშეშდა. გაზონს ოთხივე მხრიდან ყვავილნარი შემორტყმოდა, სადაც ასტრები და გეორგინები იზრდებოდა. პუარომ ფარნის შუქი მიწას მიუშვირა, ყვავილების წინ. ნოტიო ნიადაგს ნაკვალევი ემჩნეოდა.

– ოთხი, – ჩაილაპარაკა პუარომ, – ორი ფანჯრისკენ და ორიც უკან.

– მებაღე იქნებოდა, – ივარაუდა ჯოანმა.

– არა, მადმუაზელ, არა. ყურადღებით დააკვირდით, ეს პატარა, მსუბუქი, მაღალქუსლიანი, ანუ ქალის ფეხსაცმლის კვალია. მადმუაზელ დიანამ თქვა, რომ საღამოს ბაღში გავიდა. ხომ ვერ გაიხსენებთ, მადმუაზელ, დაბლა თქვენზე ადრე ჩამოვიდა თუ არა?

ჯოანმა თავი გადააქნია.

– არ მახსოვს. როდესაც გონგი გავიგონე, ავჩქარდი... მე ხომ მეგონა, რომ ეს უკვე მეორე გონგი იყო. მის საძინებელს სირბილით ჩავუარე. მგონი, კარი ღია იყო, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, აი, მისის ლიჩემ როშის კარი კი ნამდვილად მიხურული იყო.

– გასაგებია, – თქვა პუარომ.

კართან დიანა ქლივზი შემოხვდათ.

– პოლიციელები წავიდნენ. ყველაფერი დასრულდა, – თქვა და ამოიოხრა.

– მადმუაზელ, შეიძლება რაღაც გითხრათ პირისპირ?

ქალიშვილი სასადილო ოთახში შევიდა. პუარო შეჰყვა და კარი მიხურა.

– გისმენთ, – უთხრა გაოცებულმა მის ქლივზმა.

– მხოლოდ ერთი შეკითხვა, მადმუაზელ, დღეს საღამოს კაბინეტის ფანჯრებქვეშ ყვავილნართან ხომ არ მისულხართ?

– მივედი, – მიუგო დიანამ და თავი დააქნია, – ჯერ შვიდი საათისთვის, შემდეგ კი სადილობის წინ.

– გაუგებარია, – თქვა პუარომ.

– ვერ ვხვდები, რა არის გაუგებარი, – ცივად უთხრა ქალიშვილმა, – ასტრები შევაგროვე სუფრისთვის. ყოველთვის ასე ვიქცევი. დაახლოებით შვიდი საათი იქნებოდა.

– შემდეგ, მოგვიანებით?

– ოჰ, მოგვიანებით! საქმე ის არის, რომ თმის ზეთი კაბაზე დამეწვეთა – აი, აქ, მხარზე. უკვე ქვევით ჩასვლას ვაპირებდი. კაბის გამოცვლა არ მინდოდა. გამახსენდა, რომ ყვავილნარის კიდესთან ვარდის კოკორს მოვკარი თვალი. გავიქეცი, მოვწყვიტე და მივიმაგრე. შეხედეთ... – ქალიშვილი პუაროს მიუახლოვდა და ყვავილი ასწია. დეტექტივმა ნამცეცი ცხიმის ლაქა დაინახა. დიანა ისე ახლოს იდგა მასთან, თითქმის ეხებოდა თავისი მხრით.

– ეს რომელ საათზე მოხდა?

– დაახლოებით, ცხრის ათ წუთზე..

– და ხომ არ გიცდიათ სახლში დაბრუნება... ფანჯრიდან?

– ცხადია, ვცადე. გავიფიქრე, რომ უფრო სწრაფად შევიდოდი, მაგრამ ფანჯარა დაკეტილი იყო.

– სად იყავით, როცა გასროლის ხმა გაისმა? ჯერაც ყვავილნართან?

– არა, გასროლა ორი-სამი წუთის შემდეგ გავიგონე, როდესაც სახლში გვერდითი კარიდან შევედი.

– ეს თუ გეცნობათ, მადმუაზელ?

პუაროს ხელისგულზე, რომელიც წინ გაიწვდინა, აბრეშუმის პატარა ვარდის კოკორი იდო. დიანამ მას მშვიდად შეხედა.

– როგორც ჩანს, ჩემი ხელჩანთისაა. სად იპოვეთ?

– მისტერ კინის ჯიბეში, – ცივად მიუგო პუარომ, – თქვენ მიეცით, მადმუაზელ?

– მან გითხრათ, რომ მე მივეცი?

პუარომ გაიღიმა.

– როდის მიეცით, მადმუაზელ?

– წუხელ.

– გაგაფრთხილათ, რომ ასე გეთქვათ, მადმუაზელ?

– რას გულისხმობთ? – გაბრაზებით ჰკითხა ქალიშვილმა.

მაგრამ პუარომ არაფერი უპასუხა, შეტრიალდა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა. იქ ბარლინგი, კინი და მარშალი ისხდნენ. პუარო მათთან მივიდა.

– ჯენტლმენებო, – თქვა მკაცრად, – კაბინეტში ხომ ვერ გამომყვებით?

პუარო ჰოლში გავიდა და ჰარისა და ჯოანს მიმართა:

– თქვენც შემოგვიერთდით. ვინმე მადამს ხომ არ დაუძახებს? გმადლობ. აჰ, აი, ჩვენი შეუდარებელი დიგბიც.

დიგბი თქვენთან პატარა, ძალზე მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს. მის ქლივზმა მართლა მოიტანა ასტრები სადილობის წინ?

მსახურთუფროსი დაიბნა.

– დიახ, სერ, მოიტანა.

– დარწმუნებული ხართ?

– სავსებით დარწმუნებული ვარ, სერ.

– ახლა კი ყველანი წამობრძანდით.

კაბინეტში პუარო ისე დადგა, რომ ყველა დაენახა.

– აქ კონკრეტული მიზნით მოგიწვიეთ. საქმე დაიხურა. საყოველთაო აზრით, მისტერ ლიჩემ როშმა თავი მოიკლა. მაგრამ მე, ერკიულ პუარო, ვამბობ, რომ საქმე ჯერ არ დამთავრებულა.

ყველანი გაოცებით მიაჩერდნენ. ამ დროს ოთახში აუჩქარებლად შემოვიდა მისის ლიჩემ როში.

– მადამ, სწორედ ახლა ვამბობდი, რომ ეს საქმე ჯერ არ დამთავრებულა. ყველას დაავიწყდა ფსიქოლოგია.

მისტერ ლიჩემ როშს ლამის ღმერთკაცად მიაჩნდა თავი. ასეთები თავს არ იკლავენ.

ასეთი ადამიანი რომც გაგიჟდეს, თავს მაშინაც არ მოიკლავს. მისტერ ლიჩემ როშს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.

– მოკლეს? – მარშალს ჩაეცინა, – ცარიელ ოთახში, რომლის კარიც და ფანჯარაც ჩაკეტილი იყო?

– დიახ, – მტკიცედ მიუგო პუარომ, – მოკლეს.

– შემდეგ მკვლელს წასვლა აცადა, ადგა და კარი და ფანჯარა დაკეტა? – დამცინავად ჰკითხა დიანამ.

– რაღაცას გაჩვენებთ, – თქვა პუარომ და ფანჯრისკენ გაემართა.

მან ფანჯრის ფრანგული სახელური მოატრიალა და ფრთხილად უბიძგა საგდულს.

– ხომ ხედავთ, ღიაა. ახლა ფანჯარა მივხურე, მაგრამ სახელური არ გადავატრიალე. ახლა ის დაკეტილია, ოღონდ არა ურდულით. ახლა კი... – მან ხელისგული ჩარჩოს მიარტყა და ურდული თავის ადგილას დაეშვა.

– ხედავთ? – ხმადაბლა იკითხა პუარომ, – აქ დიდი ხანია, ყველაფერი მოყანყალებულია. ასე რომ, მისი დაკეტვა გარედანაც ადვილად შეიძლება. ცხრის თორმეტ წუთზე, როდესაც გასროლა გაისმა, ოთხი თქვენგანი ჰოლში იყო. ამ ოთხეულს ალიბი აქვს, მაგრამ სად იყო დანარჩენი სამი? თქვენ, მადამ? თქვენს ოთახში. თქვენ, მესიე ბარლინგ? თქვენც თქვენს ოთახში იყავით?

– დიახ.

– თქვენ კი ბაღში, მადმუაზელ. ეს თვითონ თქვით.

– არ მესმის... – დაიწყო დიანამ.

– მოითმინეთ, – პუარო მისის ლიჩემ როშს მიუბრუნდა, – მითხარით, მადამ, ხომ არა გაქვთ რამე მოსაზრება, თუ როგორ აპირებდა თქვენი ქმარი ფულის განკარგვას?

– ჰუბერტმა ანდერძი წამიკითხა. ფიქრობდა, რომ ეს უნდა მცოდნოდა. მე პროცენტი მიანდერძა უძრავი ქონებიდან – წელიწადში სამი ათასი გირვანქა სტერლინგი, დამატებით – ან ამ სახლის ნაწილი, ან ქალაქის სახლი მთლიანად, ჩემი შეხედულებისამებრ. დანარჩენი დიანას უნდა დარჩენოდა, იმ პირობით, თუ გათხოვდებოდა და მისი ქმარი ლიჩემ როშის სახელის აღებას დასთანხმდებოდა.

– აჰა!

თარგმნა ნინო წულუკიძემ

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი