რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 11.12, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #46-47 (1143)

– როგორ გითხრათ... ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ხალხი რას არ ამბობს, თუმცა არა მგონია, მათ შორის რამე სერიოზული ხდებოდეს.

პუარომ თავი დააქნია.

– დავუშვათ, იმ ჭორებში სიმართლის მარცვალიც არის. სხვათა შორის, ვინ არის ის ახალგაზრდა მისტერ დეილჰაუსი?

– დისშვილი.

– მემკვიდრე, ხომ?

– ჰუბერტის დისშვილია და, პირველ ყოვლისა, ცხადია, გვარს მიიღებს. ჰუბერტი ლიჩემ როშების უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.

– გასაგებია.

– ლიჩე მქლოუზი მაიორატი არ არის, თუმცა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მამიდან ვაჟიშვილზე გადადიოდა. ვფიქრობდი, ჰუბერტი სახლს ცოლს დაუტოვებდა, ქალის გარდაცვალების შემდეგ კი, ვთქვათ, დიანას დარჩებოდა იმ პირობით, რომ ღირსეულ ადამიანს გაჰყვებოდა ცოლად. მაშინ გვარი მის ქმარს გადაეცემოდა.

– გასაგებია, – თქვა პუარომ, – ძალზე თავაზიანი ხართ და ძალიან დამეხმარეთ, მესიე. ხომ არ შეგიძლიათ, კიდევ ერთი თხოვნის შესრულება? გადაეცით მადამ ლიჩემ როშს, რაც ახლა გითხარით, და თუ შეუძლია, ერთი წუთი დამითმოს.

ოთახში მისის ლიჩემ როში შემოვიდა. იგი აუჩქარებლად მივიდა სავარძელთან.

– მისტერ ბარლინგმა ყველაფერი ამიხსნა, – თქვა მან, – ბუნებრივია, სკანდალი არ მჭირდება. თუმცა ადამიანი ბედს ვერსად გაექცევა, არა? სარკეს ვგულისხმობ.

– სარკე?

– დავინახე თუ არა, მივხვდი: ეს ნიშანია. ჰუბერტის ნიშანი. წყევლის ნიშანი. როგორც ჩანს, რაც უფრო ძველია გვარი, მით უფრო სავარაუდოა, რომ დაწყევლილია. ჰუბერტი ყოველთვის უცნაური იყო, მაგრამ ბოლო დროს აუტანელი გახდა.

– მაპატიეთ, რომ გეკითხებით, მადამ, მაგრამ ფინანსური პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

– ფინანსური? ფულზე არასოდეს ვფიქრობ.

– გმადლობ, მადამ, – უთხრა პუარომ და საუბარი ამით დასრულდა.

მალე ზღურბლზე დიგბი გამოჩნდა.

– რამდენიმე შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ, – მიმართა პუარომ, – მე კერძო დეტექტივი ვარ და თქვენმა ბატონმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მომიწვია. თუ შეიძლება, შეკითხვებზე მიპასუხეთ. ჯერ რაც შეეხება გასროლას... მაშასადამე, ჰოლში ოთხნი იყავით?

– დიახ, სერ: მისტერ დეილჰაუსი, მის ეშბი და მისტერ კინი, რომელიც სასტუმრო ოთახიდან გამოვიდა.

– მისის ლიჩემ როში და მისტერ ბარლინგი მოგვიანებით ჩამოვიდნენ, სერ.

– მის ქლივზი?

– ვფიქრობ, მის ქლივზი სასტუმრო ოთახში იყო, სერ.

პუარომ მსახურთუფროსს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, გაუშვა და მის ქლივზის მოყვანა უბრძანა.

ქალიშვილი დაუყოვნებლივ მოვიდა და პუარო აკვირდებოდა, რათა ნანახი ბარლინგის ნათქვამთან შეედარებინა. მის ქლივზი მართლაც ძალიან ლამაზი იყო. თეთრი ატლასის კაბა ეცვა, მხარზე ვარდი მიემაგრებინა.

პუარომ აუხსნა, რატომ ჩამოვიდა ლიჩემქლოუზში. მის ქლივზი ამ სიახლეს არ შეუცბუნებია, მხოლოდ ოდნავ გაოცდა. მარშალი კარგად დაახასიათა, ოღონდ მასზე მშვიდად, გულგრილადაც კი ლაპარაკობდა. სამაგიეროდ, ბარლინგის სახელის გაგონებაზე წამოენთო.

– ბარლინგი თაღლითია, – თქვა მკვახედ, – მოხუცს არაერთხელ ვუთხარი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა და მის სულელურ კონცერნებში ფულის დაბანდებას განაგრძობდა.

– დაგამწუხრათ თქვენი... მამათქვენის სიკვდილმა, მადმუაზელ?

დიანამ გაოცებით შეხედა პუაროს.

– რა თქმა უნდა. მე თანამედროვე ადამიანი ვარ, მესიე პუარო, ქვითინს და მისთანებს არ დავიწყებ. მაგრამ მამა მიყვარდა, თუმცა მისთვის უკეთესიც კია, რომ ასე მოხდა.

– უკეთესია?

– დიახ, სხვაგვარად მალე საავადმყოფოში გამოკეტავდნენ. მას სერიოზულად სჯეროდა, რომ ლიჩემ როშების უკანასკნელი წარმომადგენელი და ყოვლისშემძლე იყო.

პუარომ ჩაფიქრებით დააქნია თავი.

– გასაგებია, გასაგები... დიახ, სულიერი აშლილობის აშკარა ნიშნები... მის ქლივზ, ნებას მომცემთ თქვენი ხელჩანთა შევათვალიერო? საუცხოოა. ეს აბრეშუმის ვარდებიც მშვენიერია. მაპატიეთ, რას ვამბობდი? დიახ, გამახსენდა. გასროლა თქვენც გაიგონეთ, არა?

– რა თქმა უნდა. თუმცა გავიფიქრე, ან მანქანაა, ან ბრაკონიერი, ან რაღაც ამგვარი-მეთქი.

– იმ მომენტში სასტუმრო ოთახში იყავით?

– არა, ბაღში.

– გასაგებია. გმადლობ, მადმუაზელ, ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, მინდა მისტერ კინს შევხვდე.

– ჯეფრის? ახლავე მოვძებნი და გამოვგზავნი.

ჯეფრი კინი მალე მოვიდა. მის სახეზე ცნობისმოყვარეობაც იკითხებოდა და შეშფოთებაც.

– მისტერ ბარლინგმა უკვე შემატყობინა თქვენი ჩამოსვლის მიზანი. მე ისეთი არაფერი ვიცი, რაც დაგაინტერესებთ.

– თქვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა, მისტერ კინ, – გააწყვეტინა პუარომ, – ერთი საათის წინ, როდესაც ყველანი სასტუმრო ოთახიდან გამოვედით და კაბინეტისკენ გავემართეთ, თქვენ დაიხარეთ და იატაკიდან რაღაც აიღეთ. უნდა ვიცოდე, რა.

მოულოდნელობისგან კინი კინაღამ შეხტა, თუმცა მალევე მოერია თავს, – ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, – თქვა მშვიდად.

– ვფიქრობ, ხვდებით. თქვენგან ზურგშექცევით ვიდექი, მაგრამ ჩემი ზოგიერთი მეგობრის აზრით, კეფაზეც მაქვს თვალები. თქვენ რაღაც აიღეთ და პიჯაკის ქვედა მარჯვენა ჯიბეში ჩაიდეთ.

პუარო გაჩუმდა. ჯეფრი კინს ლამაზ სახეზე ეჭვი აღებეჭდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო.

– მართალი ხართ, მესიე პუარო, – თქვა მან, წინ გადაიხარა და ჯიბე ამოიტრიალა. მაგიდაზე აღმოჩნდა პორტსიგარი, ცხვირსახოცი, აბრეშუმის პატარა ვარდის კოკორი და მოოქრული ასანთის კოლოფი.

– აი, ეს იყო, – მან ასანთის კოლოფი აიღო, – უფრო ადრე დამივარდა.

– ვფიქრობ, სიმართლეს არ ამბობთ, – უთხრა პუარომ, – მე მეთოდური ადამიანი ვარ და წესრიგი მიყვარს. იატაკზე დავარდნილ ასანთის კოლოფს დავინახავდი.

ვფიქრობ, რაღაც უფრო პატარა აიღეთ... შესაძლოა ეს, – მან მაგიდიდან აბრეშუმის ვარდის კოკორი აიღო, – თუ არ ვცდები, მის ქლივზის ჩანთიდანაა, არა?

კინი ერთხანს დუმდა, შემდეგ გაიცინა და თქვა: – დიახ, ასეა, მან... წუხელ მომცა.

– გასაგებია, – თქვა პუარომ.

ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი ქერა კაცი შემოვიდა.

– კინ, რას ნიშნავს ეს? ლიჩემ როშმა თავი მოიკლა? ვერ ვიჯერებ, მეგობარო. წარმოუდგენელია.

– ნება მიბოძე წარმოგიდგინო – ერკიულ პუარო, – უთხრა კინმა. ამ სახელის გაგონებაზე შემოსული მამაკაცი შეკრთა.

– მესიე პუარო თვითონ აგიხსნის ყველაფერს.

ამ სიტყვებით კინი ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.

– მესიე პუარო, – ენერგიულად თქვა ჯონ მარშალმა, – ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. რა კარგია, რომ აქა ხართ. ლიჩემ როშს არავინ გაუფრთხილებია, რომ მოხვიდოდით. თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, სერ.

– პოლიცია...

– ისინი უკვე აქ არიან, სერ. მათთან ერთად მოვედი, ვინაიდან გავიგე, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებით არავის გაჰკვირვებია. ცხადია, მოხუცი ჭკუაზე შეიშალა, მაგრამ მაინც...

– მაგრამ თქვენც გაგიკვირდათ, როდესაც შეიტყვეთ, რომ თავი მოიკლა?

– გულწრფელად გეტყვით, გამიკვირდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი... რომ ლიჩემ როშს შეეძლო ეს სამყარო ბედის ანაბარა მიეტოვებინა.

– თუ არ ვცდები, ბოლო დროს მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, არა?

მარშალმა თავი დააქნია.

– მოდი, პირდაპირ გკითხავთ, – მშვიდად თქვა პუარომ, – ხომ არ მოგეჩვენათ, რომ მისტერ ლიჩემ როშს ანგარიშების გაყალბებაზე ეჭვი თქვენზე აღეძრა?

მარშალმა პუაროს ისეთი გულწრფელად გაოცებული მზერა მიაპყრო, რომ დეტექტივს უნებურად გაეღიმა.

– კაპიტანო მარშალ, როგორც ვხედავ, ჩემმა შეკითხვამ საგონებელში ჩაგაგდოთ.

– დიახ, უცნაური აზრია.

– ჩინებულია! ახლა მომდევნო შეკითხვა: იმაზე ხომ არ აღეძრა ეჭვი, რომ შვილობილის წართმევას უპირებდით?

მარშალმა დარცხვენით გაიცინა და თავი დააქნია.

– მაგრამ მოხუცმა ეს არ იცოდა. დიმ მითხრა, არ უთხრაო. ვფიქრობ, მართალი იყო. მოხუცმა აფეთქება იცოდა... ხელყუმბარებით სავსე ყუთივით. მყისვე გამაგდებდა სამსახურიდან.

– მაშ, რას აპირებდით?

– რომ არ დაგიმალოთ, სერ, არც ვიცი. გადავწყვიტე, დის დავყოლოდი. მითხრა, ყველაფერს მე მოვაგვარებო. სხვა სამსახურის ძებნაც კი დავიწყე. როგორც ვიშოვიდი, მაშინვე წავიდოდი აქედან.

– და მადმუაზელი ცოლად გამოგყვებოდათ? მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისტერ ლიჩემ როშს შეეძლო მისთვის სარჩო აღარ მიეცა, მადმუაზელ დიანას კი, ჩემი აზრით, ფული უყვარს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

დეტექტივი
მეორე გონგი

20:00 27.11, 2022 წელი

დეტექტივი
მეორე გონგი

20:00 04.12, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი