რომანი და დეტექტივი

ქორწინება სიმამრთან

№10

ავტორი: ნია დვალი 20:00 18.03, 2022 წელი

ქორწინება სიმამრთან
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #9(1105)

ნათია ვერანდზე გავიდა. გიოს მეგობართან უნდა გაევლო და საღამომდე არ მოვიდოდა სახლში. ტელეფონს დასწვდა და ნიკას დაურეკა. ნიკამ, ჩვეულებისამებრ, გაუთიშა.

– ისევ თათბირობს, – ნაღვლიანად გაიფიქრა ნათიამ და უცნაური მარტოობა იგრძნო. ცხოვრობდა და თითქოს არც ცხოვრობდა; სუნთქავდა და თითქოს არც სუნთქავდა; უხაროდა და თითქოს არც უხაროდა; უამრავი ადამიანი ეხვია გარშემო და თითქოს სრულ სიცარიელეში იმყოფებოდა. მას ასწავლეს, რა არის კარგი და რა ცუდი, როგორ უნდა მოქცეულიყო და არ მოქცეულიყო, როდის რა ეთქვა და არ ეთქვა. დაუწესეს ჩარჩოები და იმ ჩარჩოებს მიღმა გასვლა აუკრძალეს. არა, მშობლებს არაფერში ადანაშაულებდა. ალბათ, მათაც ასე ასწავლეს თავიანთმა მშობლებმა და ასე დაუსრულებლად უკან და, თუ წარსულიდან დაუსრულებლად მოდის წესები, წინ როგორღა უნდა წახვიდე?!

ნათია თავადაც უფრთხოდა ამ აზრებს, რომლებიც საიდანღაც მოდიოდნენ და ძალიან აშინებდნენ, იმიტომ რომ გალიას იყო მიჩვეული. იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდა: დილით ქმარს სამსახურში აცილებდა, შემდეგ ვაჟიშვილს – სკოლაში, შემდეგ ურეკავდა დედას და მოიკითხავდა, შემდეგ მამას და თუმცა მამამისს ნიკაზე მეტი საქმე ჰქონდა, მაინც ყოველთვის პასუხობდა ნათიას ზარს. მართალია, მხოლოდ ორიოდ სიტყვას ეტყოდა: მიყვარხარ, ჩემო პატარა გოგო, ახლა კი საქმე მაქვს, მაგრამ არასდროს უთიშავდა ტელეფონს. ამის შემდეგ ქალბატონ ლამარასთან დააზუსტებდა, რა ექნებოდათ ვახშმად, რომელზედაც ნიკა თითქმის არასდროს მოდიოდა – ძირითადად, საქმიანად ვახშმობდა. ნათიას არასდროს უფიქრია, რატომ აირჩია ნიკამ ის თავის მეწყვილედ, ისევე, როგორც არასდროს შეუტანია ეჭვი მის გულწრფელობაში (ნათიას ეჭვიც კი არასდროს გასჩენია, რომ ნიკას სწორედ ნათიას მამის სიძეობა უნდოდა და არა ნათიას ქმრობა). ნათიას მამა – ბატონი გივი, საკმაოდ გავლენიანი კაცი იყო და ნათიას გარდა მემკვიდრე არ ჰყავდა. ესე იგი, ბატონი გივის საქმიანი და არასაქმიანი მემკვიდრე ნიკა გამოდიოდა.

„და ვითომ ამიტომ იყო ასეთი დაჟინებული და გულისხმიერი, რომ როგორმე ჩემი გული მოენადირებინა?“ – ესეც უნებლიეთ გაეფიქრა, თუმცა ნიკაზე ვერ დაიჩივლებდა, დაქორწინების შემდეგაც კარგად ექცეოდა ცოლს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ „კარგად ექცეოდა“, აი, ზუსტად ისე, როგორც ნათია ადგენდა ყოველდღე ქალბატონ ლამარასთან ერთად ვახშმის მენიუს.

უცებ გულში ჭვალმა გაუარა და თავი გააქნია – ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა. მერე მაკა გაახსენდა: როგორი ლაღია და მხიარული?! და ცოტათი შეშურდა. ბოლოს მერაბი წარმოუდგა თვალწინ და ისევ შეშურდა მაკასი. არადა, ღმერთმა ხომ იცოდა, რომ ნათიას მერაბზე არასდროს უფიქრია, კარგადაც კი არასდროს შეუთვალიერებია.

– ქალბატონო ნათია, არ შევადგინოთ ვახშმის მენიუ? – ვერანდაზე ლამარა გამოვიდა.

– დიახ, დიახ, ახლავე მოვდივარ, – მექანიკურად უპასუხა ნათიამ, მაგრამ უცებვე გადაიფიქრა, – თქვენთვის მომინდვია ეგ საქმე. თქვენ გაცილებით უკეთ გამოგდით.

– მაგრამ... – წინააღმდეგობის გაწევა სცადა ქალბატონმა ლამარამ, მაგრამ ნათიამ შეაწყვეტინა, – მე სხვა საქმე მაქვს და მაშინვე იგრძნო, როგორ გაიფიქრა სანდომიანმა ქალბატონმა ლამარამაც კი, რა საქმე უნდა ჰქონდეს ისეთ უსაქმურსა და უმაქნისს, როგორიც ნათია იყო?!

აუხსნელი ძალით, ქალბატონ ლამარას მოეჩვენა, რომ ნათიამ მისი ფიქრები გაიგონა და უხერხულად ჩაილაპარაკა: მსგავსი არაფერი მიფიქრია...

ნათიამ ქალბატონ ლამარას თავისი ჩვეული, ანუ ყალბი ღიმილით შეხედა.

– ვერ ვხვდები, რას ამბობთ.

ლამარამ ისევ დარცხვენილმა უპასუხა: არაფერი, ჩემთვის რაღაც გავიფიქრე. რა თქმა უნდა, თქვენს საქმეებს მიხედეთ და მე მოვახერხებ რამეს, – და ვერანდა ნაჩქარევად დატოვა.

მზე სასიამოვნოდ ათბობდა ნათიას. თავის ყვავილებს უყურებდა, ტკბებოდა მათი სილამაზით და სიახლოვითაც. ყვავილებს ელაპარაკებოდა ხოლმე, ოღონდ ეს არავინ იცოდა. ხმამაღლა ამის თქმის ერიდებოდა, გიჟად არ შემრაცხონო. უცნაური დღე იყო.

– ალბათ, ზუსტად ასე ანათებდა მზე, როდესაც მარგარიტა თავის ოსტატს შეხვდა, – ნათიამ ეს ფრაზა ხმამაღლა თქვა. დღემდე, ვიდრე, აი, ასეთი მზე ამოვიდოდა, ნათიას ეგონა, რომ სწორედ ნიკა იყო მისი ის „ოსტატი“, როგორზეც ოცნებობდა. არა, ოცნება ხმამაღლა ნათქვამია. ნათიას, როგორც უკვე გითხარით, ბავშვობიდან ასწავლეს წესებით ცხოვრება, ამდენად, იქ რაინდებისა და ოსტატების ადგილი არ იყო, არც თავგანწირვის, მხოლოდ კეთილდღეობის, გარეგნული ბედნიერების, ხელოვნური კეთილგანწყობისა და წარმატების. წარმატება, ბუნებრივია, გავლენასა და ბევრ ფულს ნიშნავდა. ნათია ვერაფრით ხსნიდა, რატომ არ ასწავლა მამამისმა თავისი საქმე, მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ? ან რატომ არ ჰყავდათ ნათიას გარდა სხვა შვილიც მის მშობლებს? ნათიამ იცოდა, რომ მამამისს ბიზნესიც ჰქონდა, ნათიას დედის სახელზე (ჩემს სახელზეც კი არ გააფორმა ფორმალურად, მართლა შტერი ვგონივარ?!).

– ვის უნდა დაუტოვოს, ნეტავ? – ნათიამ მზეს ახედა, თითქოს იქიდან ელოდა პასუხს. – ალბათ, ნიკას, – უპასუხა მეორე ნათიამ.

– და ნიკამ ამიტომ მომიყვანა ცოლად? – ისევ მზეს ახედა ნათიამ.

– არ ვიცი, გაარკვიე, – უპასუხა მეორე ნათიამ.

– როგორ? – ისევ იკითხა პირველმა ნათიამ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ნათია სამზარეულოში შევიდა, სადაც ლამარა ფუსფუსებდა.

– ცოტა ხნით უნდა გავიდე. საქმე მაქვს.

ლამარამ გაოცებულმა შეხედა.

– თქვენს ქმარს რა ვუთხრა?

– დამირეკავს, თუ დააინტერესებს, სად ვარ.

ნათია სარკესთან მივიდა და საკუთარი გამოსახულება არ მოეწონა, რაღაცნაირი უსიცოცხლო სახე ჰქონდა და ჩამქრალი თვალები.

– აუცილებლად უნდა ჩავეწერო სახის პროცედურებზე.

მობილურს დასწვდა, მოძებნა „ოქროსხელება ნანიკო“ და ღილაკს თითი დააჭირა.

– როგორც იქნა, არც მეგონა, რომ ოდესმე დამირეკავდი. როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? – ჩვეულებისამებრ, მხიარულად და გულიანად უპასუხა ნანამ.

– სილამაზეს ცოტა დავშორდი, ამიტომ უნდა მოვიდე შენთან. დღეს ადგილი გაქვს?

– ბედი მაქვსო, შენ უნდა თქვა, ამ წამს დამირეკეს, ვერ მოდის 2 საათზე ჩაწერილი. მოასწრებ?

– რა თქმა უნდა.

ნათიამ უცებ ჩაიცვა და ქალბატონ ლამარას არც დამშვიდობებია, კარი ისე გაიჯახუნა.

ნანასთან ჯერ გული მოიოხეს ჭორაობით, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ.

– ძალიან მიგიშვია კანი, ამიტომ ასე მოვიქცეთ, ჯერ გავიწმინდოთ, დავატენიანოთ, მივაყოლოთ „ერ ეფი“ და ბიორევიტალიზაცია. სულ მცირე, 5–ჯერ მაინც უნდა მოხვიდე დღეჩაგდებით, – უთხრა ნანამ.

– არის! – მხიარულად უპასუხა ნათიამ.

ორი საათი უცებ გავიდა. ნათიამ ძალიან ისიამოვნა, პროცესი არც მტკივნეული იყო და მუსიკაც სასიამოვნო ჩაურთო ნანამ. ერთი ისაა, სახე ალაგ–ალაგ ჩაუწითლდა: ეს გაგივლის საღამომდე, მაგრამ ხვალაც უნდა მოხვიდე და მერე უკვე – დღეჩაგდებით, – უთხრა ნანამ.

– მადლობა, საყვარელო, – ნათიამ ნანას მაგიდაზე ფული დაუდო.

– ეს ბევრია, – შეიცხადა ნანამ.

– არა უშავს, მაქვს. ხვალაც ორზე მოვიდე?

– იყოს ორზე, – შესცინა ნანამ.

– გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ტაროლოგს ვიცნობო, – გაახსენდა ნათიას.

– კი, ვიცნობ, მაგრამ შენ ხომ მსგავსი რამეების არ გჯერა?

– არც ახლა მჯერა, ასე სახეაწითლებული ვერსად წავალ, ამიტომ ტაროლოგთან გავერთობი, ქალია, ხომ?! – გაუცინა ნათიამ, ოღონდ გულით.

– კი ქალია და, თან ქალები არ უყვარს, კაცები ურჩევნია, – ნათია და ნანა ერთად ახარხარდნენ.

– მაგრამ ერთი პრობლემაა, ამ კოვიდობანას გამო სახლში არ იღებს კლიენტებს, ტელეფონით მხოლოდ.

– და რა პრობლემაა, მანქანაში ჩავჯდები და დავურეკავ, – უთხრა ნათიამ: ოღონდ ჯერ შენ დაურეკე, რომ ახლავე მიმიღოს, თუ დავურეკო, თუ როგორცაა, უთხარი, ქმარი ღალატობს და თავის მოკვლას აპირებსო.

– ვაი, რას ამბობ?! არ გადამრიო?! – ფერი წაუვიდა ნანას.

– არა, ჩემი თავი შეაცოდე, არც თავის მოკვლას ვაპირებ და არც ღალატი შემიმჩნევია და, რომც მღალატობდეს, თვითმკვლელობას სულაც არ ვგეგმავ, იქით ექნება თავი მოსაკლავი, – ნათია საკუთარ თავს ვერ ცნობდა.

– კარგი, საყვარელო, ახლავე დავურეკავ, – ნანამ საქმე უცებ გაჩარხა და თხუთმეტიოდ წუთში ნათია თავის მანქანაში იჯდა მოყუჩებულ მოსახვევში და ტაროლოგს უსმენდა.

პირველი, რაც თამუნამ (ასე ერქვა ტაროლოგს) ჰკითხა, ნათიას დაბადების თარიღი იყო. ნათიას ესმოდა, რომ თამუნა რაღაცას ხაზავდა. ბოლოს ხმაც ამოიღო: როდესაც დაიბადე, საგვარეულოს შენთვის არანაირი დაცვა, მფარველი ანგელოზი არ გამოუყვია, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, გვარი არ გიცავს. მაგრამ კარგი ისაა, რომ ახლა შენს ცხოვრებაში აღმავალი პერიოდი იწყება, თუ გამოიყენებ, დედოფალი გახდები, თუ არადა ისევ ნარჩენებით მოგიწევს დაკმაყოფილება.

– რის ნარჩენებით? – ვერ მიუხვდა ნათია.

– ცხოვრების ნარჩენებით, საყვარელო, – დაუყვავა ტაროლოგმა: ახლა კი მკითხე, რაც გაინტერესებს და დავიწყოთ. ნახაზს კი „ვაიბერში“ გამოგიგზავნი. წითელი პასტით შენი ენერგეტიკის ხაზია დახაზული, ლურჯით – ბედისწერის. წლებიც ქვემოთაა მითითებული. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, იცოდე, თუ გონივრულად არ მოიქცევი, ქუჩაში დარჩენა გელის. უსახლკაროთა თავშესაფარში იცხოვრებ.

ნათია ცოტა დაიბნა.

– ეს როგორ?!

– არ ვიცი, მაგრამ ასე გიჩანს, ახლა კი დამისვი შეკითხვები.

ნათია ისევ დაიბნა, ეგონა, რომ თვითონ ჩუმად იქნებოდა და ტაროლოგი ყველაფერს თავისით მოუყვებოდა. დუმილი ჩამოწვა.

– ნათია, აქ ხართ? თუ გაითიშა?

– კითხვებზე ვფიქრობ.

– იფიქრე, არსად გვეჩქარება, ნანამ მითხრა, რომ სრული გაშლა გინდა, ასე რომ, შენი ვარ.

– ნიკას ვუყვარვარ? – იკითხა ნათიამ და შვება იგრძნო, რომ ტაროლოგს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ვინაიდან პირისპირ ამის კითხვა მოერიდებოდა.

– ვთანხმდებით, რომ მხოლოდ სიმართლეს გეუბნები, არაფერს ვალამაზებ. შენ არაფერი გწყინს, იმიტომ რომ ტარო რჩევებს იძლევა, მერე უკვე შენი ნებაა, დაუჯერებ თუ არა.

– კარგი, – დაეთანხმა ნათია.

ოთხმა საათმა ისე გაიარა, ნათიამ ვერც კი შენიშნა, ტაროლოგის საუბარს იწერდა, რომ მერე გულდასმით მოესმინა. როდის–როდის შენიშნა, რომ დაღამებულიყო.

– დიდი მადლობა, ანგარიშის ნომერი მომწერეთ და თანხას ახლავე გადმოგირიცხავთ, – უთხრა დამშვიდობებისას.

– კარგი, ჩემო კარგო, არ იჩქარო, ახლავე გადმოგიგზავნი. აბა, ბედნიერად, ხომ გახსოვს: ვინც იცის, ის უკვე შეიარაღებულია.

– დიახ, – უპასუხა ნათიამ და ტელეფონი გათიშა. მაინც დახედა, ვინმეს ხომ არ ჰქონდა დარეკილი, არც ერთი შემომავალი ზარი არ იყო.

– რომ გავქრე, ვერც ვერავინ შემამჩნევს, ჭაღის გაქრობაზე უფრო იდარდებენ, – გაიფიქრა ნათიამ და გულზე დარდი შემოაწვა. ტაროლოგის ნათქვამმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ადგილიდან ვერ იძვროდა. გაახსენდა, რომ ასეთ დროს სუნთქვითი ვარჯიშები უნდა გააკეთო: ცხვირით ნელ–ნელა შეისუნთქო ჰაერი ისე, რომ მუცელი გაიბეროს და მხრები დაეშვას, ცოტათი შეიკავო სუნთქვა და შემდეგ პირით ამოისუნთქო: მუცელი დაცალო და მხრებში გაიშალო. 20–ჯერ გააკეთა ეს ვარჯიში და სრულად დაწყნარდა. როგორც კი დამშვიდდა, გონებაში ბავშვობის დროინდელი ერთი ეპიზოდი ამოუტივტივდა: ცემში ისვენებდა დედასთან ერთად. სასაფლაოზე ეკლესია იყო, კვირაში ერთხელ ამოდიოდა მამაო, მისი სახე ნათიას ახლაც ახსოვდა. დედამისი მიდიოდა ხოლმე და ნათიაც თან მიჰყავდა. ერთხელ მათ საუბარს, უფრო ზუსტად, დედამისის აღსარებას მოუსმინა, უბრალოდ, ახლოს იჯდა და გაიგონა. ლიას, ნათიას დედას, ძალიან ეშინოდა, რომ მისი ქმარი საყვარელს გაიჩენდა და ამიტომ სულ მკითხავებთან დადიოდა (ამიტომ არ უყვარდა მკითხაობა ნათიას, საათობით ელოდებოდა დედამისს მკითხავების კეთილმოწყობილი ბინების მოსაცდელებში). სწორედ ამ ცოდვას ინანიებდა ლია მოძღვართან და ნათიას, რატომღაც, დაამახსოვრდა მისი სიტყვები: ბუნებრივია, რომ ადამიანს აინტერესებს მომავალი, უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ამაზე დამოკიდებული არ იყოთ და თქვენი ცხოვრების სახელმძღვანელოდ არ გაიხადოთ, იმიტომ რომ, რაც ხდება, ღვთის ნებაა და ერთ წამში შეიძლება, თავდაყირა დადგეს ყველაფერი.

– ჰოდა, ჩავთვალოთ, გავერთე, სულ ესაა, – გაიმხნევა თავი ნათიამ: კარტს კი არ, ადამიანებს არ მოეკითხებათ ჭკუა, მაგრამ გულს მაინც ეჭვი უღრღნიდა. ეჭვი კი დიდი ვერაგი რამაა, თუ დაიბუდა, ვერაფრით მოიშორებ.

– ახლა ამას დაივიწყებ, სანამ ნანასთან ყველა პროცედურას არ ჩაამთავრებ და შემდეგ მაკასთან ერთად აიწყვეტ, – უთხრა მეორე ნათიამ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი