კომიტეტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.09

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36 (1289)
იმავე დღეს ერთთვიანი შვებულება ავიღე და სახლში ჩავიკეტე. აბებს ვიღებდი, მეძინა და არავის ვეკონტაქტებოდი. ტელეფონიც გამორთული მქონდა. ვიკამ რამდენჯერმე მომაკითხა, მაგრამ კარი არ გავუღე. მინდოდა, სრულიად ჯანმრთელი შევხვედროდი მას და შესაძლოა, ცოლადაც კი მომეყვანა. ერთი სიტყვით, განდეგილი ვიყავი და ახალი ცხოვრებისთვის ვემზადებოდი. დეიდა კირასთვის კი, რომელმაც აბები მომცა, დიდი კუშის მიცემას ვაპირებდი ჩემი ხელმეორედ დაბადებისთვის. ორი კვირის თავზე, როდესაც მკურნალობის ორი მესამედი უკან მქონდა მოტოვებული და შვიდი წითელი აბიღა მქონდა დარჩენილი, ის მოხდა, რამაც ყველაფერში გარდატეხა შეიტანა და დიდი საიდუმლოს ერთგვარი გასაღები გახდა... წითელი აბები იმავე ყუთში მქონდა მოთავსებული, რომელიც დეიდა კირამ გამომატანა. მკურნალობის მეთხუთმეტე დღეს მორიგი აბი მივიღე და მან ჩვეულებრივზე ბევრად მეტად დამახვია თავბრუ. ეს უბრალო გაბრუება არ ყოფილა. არამედ ტვინის დაბინდვას უფრო ჰგავდა. საწოლში უნდა ჩავწოლილიყავი და დამეძინა, მაგრამ ტუალეტი მომინდა და მოსაშარდად გავედი. როგორც შემდეგ გავიხსენე, ბარბაცით მივედი უნიტაზთან და საქმეს რომ ვაკეთებდი, უცებ აბებიანი ყუთი უნიტაზში ჩამივარდა და კანალიზაციამ გაიტაცა... თურმე, წამლიანი ყუთი ისევ ხელში მეჭირა და ისე ვიყავი გაბრუებული, რომ ამას ვერ ვგრძნობდი. აბების დაკარგვამ უმალვე გამომაფხიზლა, მაგრამ რას ვიზამდი. დავღონდი, თუმცა მივხვდი, რომ დეიდა კირას უნდა ვხლებოდი და ყველაფერი მომეყოლა, აბები გამომერთმია და მკურნალობა დამესრულებინა. თან, რამდენიმე ათასი ლარიც წავიღე, რათა დეიდა კირასთვის მიმეცა, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა. ჩემს ბედად იმ კორპუსში ლიფტი კვლავ გაფუჭებული იყო და ფეხით მომიწია ასვლა. ისევე, როგორც მაშინ, პირველი შეხვედრის დროს. მეთორმეტე სართულზე რომ ავედი, მობილურის ხმა გავიგონე, ინსტინქტურად შევჩერდი და მივაყურადე.
– დიახ, გისმენთ, ბატონო ვარლამ, – მომესმა დეიდა კირას ხმა.
შემდგომში ყველაფერი გავაანალიზე და საუბრის შინაარსი ამგვარი იყო. კირამ ვარლამს უთხრა, რომ „ჩულანში“ იმყოფებოდა და ანაშას ხსნიდა, რომ აბები დაემზადებინა. კირამ სამი ადამიანის სახელი ჩამოთვალა, მათ შორის, როკოსიც და უთხრა, რომ ერთს ათ დღეში უმთავრდებოდა ვადა, მეორეს – რვა დღეში, როკოს კი – ექვს დღეში. ქალმა, ასევე, დაამატა: როკო „მეშოკში“ იქნება და უკვე მასთან მეორე ეტაპის სამუშაოს ჩატარება იქნება შესაძლებელი. კირამ, როგორც ეტყობა, დაასრულა თავისი საქმიანობა და სახლში შევიდა. ის ქალი ელიტურ კორპუსში ცხოვრობდა. თითო სართულზე ერთი ბინა იყო განთავსებული და ასე თამამად იმიტომ საუბრობდა. მე ფრთხილად დავეშვი ქვევით. ასიოდე მეტრში მდებარე სკვერში დავჯექი და მოსმენილის გაანალიზებას შევუდექი. სახელი ვარლამი მეცნო და გამახსენდა, თუ როგორ შეცბა რენტგენოლოგი, როცა ვუთხარი, – ექიმს სურათს მე თვითონ ვუჩვენებ-მეთქი. მაშინ მას წამოსცდა, – ვარლამი გამანადგურებსო... ეს შესაძლოა, დამთხვევა იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მეჩვენა, რომ კირა ვარლამს ჩემზე ელაპარაკებოდა და ამას წყალი არ გაუვიდოდა. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მე ვიღაცების რაღაც დამუშავებაში ვიმყოფებოდი იმ ორთან ერთად და ამაში წითელ აბებს იყენებდნენ. ეს ყოველივე კი ძალიან საეჭვო იყო...
კირას კორპუსთან რომ დავბრუნდი, ლიფტი ჩართული იყო. მეცამეტე სართულზე ავედი. კირას კარზე ზარი დავრეკე, ქალმა ჯერ „გლაზოკში“ გამოიხედა, შემდეგ კარი გაიღო და რომ დამინახა, მითხრა:
– მოხდა რამე?
– დიახ.
– შემოდი და მომიყევი.
– მარტო ხარ?
– დიახ.
– დეიდა კირა, თქვენთან ვარლამმა გამომგზავნა.
– ვინ ვარლამმა? მასეთს არავის ვიცნობ, – მითხრა კირამ, – თან, კარადისკენ გაემართა.
კირამ უჯრა გამოაღო, ხელი ჩაჰყო და სწორედ იმ დროს დავუჭირე მაჯა, როდესაც იქიდან „ვოლტერის“ სისტემის პისტოლეტს იღებდა. იარაღი წავართვი, სავარძელთან მივათრიე, დავაგდე და პისტოლეტი შევამოწმე. დატენილი იყო. მივუშვირე და ვუთხარი:
– აბა, შე ბებერო კუდიანო, ყველაფერი მომიყევი, თორემ შუბლს გაგიხვრეტ!
კირას სახე დაეღრიჯა და თავის გაშტერება სცადა. შემდგომ გულის წასვლაც გაითამაშა. ბოლოს მუდარაზე გადავიდა, – შემიბრალე, გამანადგურებენო. მაგრამ არაფერმა რომ არ გაჭრა, მითხრა:
– ამის ცოდნა ძალიან სახიფათოა, თანაც, ყველაფრის საქმის კურსში არ ვარო.
– რაც იცი, ის მომიყევი, თორემ ახლავე გაგათავე, შებებერო კუდიანო!
კირას შეეშინდა, დარწმუნდა, რომ არ ვხუმრობდი და მითხრა, რომ ვარლამის დავალებით მოქმედებდა. ვარლამი კი სწორედ იმ კლინიკის დირექტორი იყო, სადაც პირველად გამაშუქეს რენტგენზე. კირას თქმით, მე ნარკოტიკებით შერეულ აბებს მაძლევდა და ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ კიბოსგან განკურნების იმიტაცია შეექმნა ჩემთვის. სინამდვილეში კი არანაირი კიბო არ მჭირდა. მისივე თქმით, ვიკაც ვარლამის მიერ იყო ჩემთვის მოჩენილი და მას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა ამ საქმეში.
– რა როლი? – ვკითხე კირას.
– მეთვალყურისა და მიმართულების მიმცემის.
– რის მიმართულების?
– არ ვიცი.
კირას იარაღი თვალზე მივაჭირე და კბილებში გამოვცერი:
– თქვი, თორემ ჩაგაძაღლე!
– რას დაგავალებენ, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, რაღაცისთვის რომ სჭირდები, ფაქტია.
– ვის ვჭირდები და საერთოდ, რა ხდება?
– ვარლამს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ვიღაც მართავს.
კირას თქმით, ვისაც შეხება ჰქონდა ჩემთან, თითქმის ყველა ერთი ჯაჭვის რგოლი იყო და ეს ჯაჭვი ვარლამთან მიდიოდა.
– შენ რა ფუნქცია გაკისრია? – ვკითხე კირას.
– დამბოლებლის. ვითომ მკურნალი ექიმბაში ვარ.
– როგორ გადაგიბირეს?
– ნარკოტიკებზე.
– ნარკოტიკებზე?
– ჰო. ვვაჭრობდი და პოლიციამ ფაქტზე ჩამავლო. ვარლამმა კი დახმარება შემომთავაზა და ეს ფუნქცია მომენიჭა.
– ეს ელიტური ბინაც ვარლამმა გიყიდა?
– არა, ბარიგობით შევიძინე. ვარლამი კი ფულს მიხდის.
– კიდევ რა იცი?
– მეტი არაფერი.
კირას კვლავ პისტოლლეტით დავემუქრე:
– ყველაფერი ჩამოყაჭე, შე ბარიგა ნაბოზარო, თორემ გაგათავე!
– მომკალი, თუ გინდა. მეტი არაფერი ვიცი.
კირას პისტოლეტი მოვაშორე, ჩავფიქრდი და ვუთხარი:
– ვარლამს დაურეკე და უთხარი, აქ მოვიდეს.
კირა გაფითრდა და მითხრა:
– ამას ვერ ვიზამ. მომკლავენ.
– მაშინ, მე მოგკლავ.
– მომკალი. ვერ ვიზამ...
კირა სკამზე მივაბი, თავზე ცელოფნის პარკი ჩამოვაცვი და ვუთხარი:
– უნდა გიყურო, როგორ ჩაძაღლდები.
როდესაც კირას ჰაერი გაუთავდა, მანიშნა, – მომხსენიო და რომ მოვხსენი, მითხრა:
– ეს რომ გავაკეთო, მარტო მე კი არა, შენც არ გაცოცხლებენ.
– ჩემზე ნუ დარდობ. დაურეკე, – ვუთხარი კირას და დავაყოლე, – იცოდე, რაიმე ნიშანი რომ მისცე, სასტიკი წამებით მოგკლავ.
– რა ვუთხრა?
– რა და, რომ სახლიდან ვერ გადიხარ, რომ ტელეფონში ვერ ეტყვი და მალე მოვიდეს.
კირას ხელები გავუხსენი. ტელეფონი მივაწოდე და დარეკა.
– გისმენ, კირა.
– ბატონო ვარლამ, სასწრაფო სალაპარაკოა. მე ვერ გამოვდივარ, მე მგონი, ფეხი მოვიტეხე. იქნებ, მოხვიდეთ?
– მაინც, რაშია საქმე?
– კარადის უჯრაში რომ ნივთი მედო, ის დამჭირდა და მანამდე ფეხიც მოვიტეხე.
– გასაგებია. მოვდივარ, – თქვა ვარლამმა და ტელეფონი გათიშა.
დაშიფრული საუბრით კირამ ვარლამს უთხრა, რომ პისტოლეტით ვიღაც მოკლა თავის სახლში და თავადაც დაზარალდა.
კირა გავაფრთხილე, რომ ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინა. შემდეგ ფანჯარასთან დავდექი და ვარლამს დაველოდე. თხუთმეტი წუთის მერე ვარლამიც გამოჩნდა. მარტო იყო, მანქანა სადგომზე გააჩერა და კირასთან ამოვიდა.
– იცოდე, არაფერი მიჰქარო, თორემ დაგადუღებ, – კიდევ ერთხელ გავაფრთხილე კირა და ლიფტის გაჩერების ხმაც გავიგონე..
ოთახში რომ შემოვიდა, კეფაზე პისტოლეტი მივადე. გავჩხრიკე და „ბერეტა“ ამოვუღე. ოთახში შევაგდე და ვუთხარი:
– თუ ჭკვიანად არ იქნები, ტრაკიდან გულს გამოგიღებ.
ვარლამი ორმოცდაათიოდე წლის, საშუალოზე მაღალი, ძლიერი მამაკაცი იყო. ცინიკური გამოხედვა ჰქონდა და არც ლაჩრობა ეტყობოდა. მივხვდი, რომ მასთან გამკლავებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა დამჭირდებოდა, ვიდრე კირასთან, რომელიც მისაღების კუთხეში შეყუჟულიყო. მე ვარლამისთვის კეფაში პისტოლეტის ჩარტყმა დამჭირდა, რომ გამეთიშა. კირას კი ვასულიერებდი და გონებაზე რომ მოვიდა, სავარძელში ჩაესვენა. ვარლამი რომ გამოფხიზლდა, ზიზღნარევი მზერა მესროლა და მითხრა:
– რა გინდა?
– აბა, ამოღერღე ყველაფერი: ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა.
– ეს სასიკვდილო ცოდნაა.
– თქვი! გისმენ.
– რომ მოგიყვე, ორივეს გაგვანადგურებენ.
– ჩემზე ნუ დარდობ. თუ არ იტყვი, წამებით მოგკლავ.
– მაინც, რა გაინტერესებს?
– ჩემგან რა გინდათ?
– რა და ჩვენს ორგანიზაციაში შემოყვანა.
– რა ორგანიზაციაში?
– „კომიტეტი“ ეწოდება.
– „კომიტეტი“? და რას საქმიანობთ?
– ზემოთ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ მე „სასტავის“ შეკრების ფუნქცია მაკისრია.
– მე რაში გჭირდებით.
– შემსრულებლად.
– ესე იგი, მკვლელად?
– კი.
– ისეთები ვინ ხართ, რომ ქილერებიც გჭირდებათ?
– ეს არ ვიცი და, საერთოდ, გირჩევ, ამაზე გაჩერდე. გპირდები, რომ არაფერი დაგემართება, თუ გამიშვებ.
– მე კი მეტი მაინტერესებს და შენი მუქარის არ მეშინია. აბა, გისმენ!
– მეტი არაფერი ვიცი.
– თქვი, თორემ უარესს გიზამ!
– მეტი არაფერი ვიცი...
ვარლამს კბილებში პისტოლეტის ტარი ჩავცხე და წინა კბილები ჩავულეწე, თან დავაყოლე:
– გაიხსენე, თორემ ყველა კბილთან ერთად თავის ქალაც ჩაგიტყდება.
– მაინც, რა გაინტერესებს, – აჩიფჩიფდა ვარლამი
– შენი ზემდგომები ვინ არიან.
– მომკლავენ, რომ ვთქვა.
– მაშინ მე მოგიღებ ბოლოს, – ვუთხარი ვარლამს და პისტოლეტის ტარი მოვიმარჯვე.
– გეტყვი, არ დამარტყა.
– თქვი!
– ძმები კვაშალები.
– ვინ?
– ფსიქოთერაპიის პროფესორი და უშიშროების გენერალი.
ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო და ვთქვი:
– იტყუები!
– სულაც არა. გენერალი თავის ძმას ობიექტების სრულ დოსიეს აძლევს. პროფესორი კი მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს. გეგმავს, როგორ უნდა გადმოვიბიროთ და მე ვასრულებ ჩემი ხელქვეითების ხელით.
– მიზანი.
– ეგ უკვე არ ვიცი. უბრალოდ ის ვიცი, რომ კვაშალები საზღვარგარეთიდან იმართებიან. მაგრამ, რა ამოძრავებთ, ჩემთვის გაუგებარია.
– ჩემი დამუშავების მეორე ეტაპზე, რა უნდა გექნათ?
– ვიკასთან ერთად პროვოკაციას მოგიწყობდით. ჩხუბში ვინმეს მოგაკვლევინებდით და ამით დაგაბამდით.
– რომ არ მომეკლა?
– სხვა მოგკლავდა და შენ დაგბრალდებოდა. ეს სქემა კარგადაა დამუშავებული.
– ესე იგი, უცხოეთია ამაში ჩარეული?
– კი.
– მაინც, ვინ?
– ეგ უკვე ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, აქ კვაშალები არიან მათი წარმომადგენლები.
– ესე იგი, ორგანიზაციას „კომიტეტი“ ეწოდება, ხომ?
– კი.
– ყველაფერი გასაგებია, – ვთქვი, მე წიგნებს შორის დამალული მობილური ტელეფონი ავიღე და დავამატე, – აი, ეს კადრები დღესვე გავრცელდება.
ვარლამი ველურივით წამოხტა ტახტიდან, ჩემკენ გამოქანდა, რომ ტელეფონი წაერთმია, მაგრამ ძლიერი მუშტით ფანჯრისკენ მივაგდე. ის ერთხანს კედელზე იყო მიყუდებული. შემდეგ წამოდგა, ჩემკენ ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა, უცებ შეტრიალდა, ფანჯრისკენ გაქანდა, შუშა გაანგრია და მეცამეტე სართულიდან გაფრინდა.
გენერალ კვაშალს მეორე დღეს შევხვდი. თავაზიანად მიმიღო. მე კი მას ფლეშკა დავუდე წინ და სანამ ავდგებოდი და მის კაბინეტს დავტოვებდი, ვუთხარი:
– ორიგინალი საიმედო ხელშია და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა მსვლელობა, თუკი მე რაიმე მომივა. თავისუფალი ადამიანი ვარ, არც სხვის საქმეში ვყოფ ცხვირს და არც ჩემსაში ვაყოფინებ. არც „საბჭოები“ მაინტერესებს და არც „კომიტეტები“ და გაუმარჯოს სიცოცხლეს და თავისუფლებას.
– მშვიდობით! – მითხრა გენერალმა და წამოვედი. ერთი კვირის მერე ამანათი მივიღე, რომ გავხსენი, მასში ასი ათასი დოლარი იდო. თან, პატარა ბარათი ახლდა, რომელზეც ეწერა: „გაუმარჯოს თავისუფლებას და სიცოცხლეს!“
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან