რომანი და დეტექტივი

კომბინაცია

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.07, 2022 წელი

კომბინაცია
დაკოპირებულია

– ქართველო, კარგად დაიმახსოვრე, რომ ჩვენ ყველგან მიგვიწვდება ხელი და თუკი ჩვენს გაცურებას მოინდომებ, მიწიდან ამოგიღებთ. იცოდე, გაქცევა არ გაბედო და თუკი შეეცდები, ჩემი ბიჭები იქვე დაგადუღებენ. შეთანხმებისამებრ იმოქმედე და გახსოვდეს, რა დღეში გვყავდი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მოცემულ პირობას პირნათლად შევასრულებთ. „ქორსაც“ ცოცხალს დავტოვებთ, შენც და ასი ათას დოლარსაც გაგატანთ, გასაგებია? – უთხრა ვლადიმირ მეშიკმა ლევან უბილავას და გამომცდელად შეხედა. ქართველმა კი მიუგო:

– გასაგებია. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შევთანხმდით. გიჟი ხომ არ ვარ, იგივე ჯოჯოხეთი გავიარო.

– ჰოდა, ძალიან კარგი. დროა, წადი! – უთხრა მეშიკმა ლევან უბილავას და გაისტუმრა.

40 წლის ლევან უბილავა სანქტ-პეტერბურგის ცნობილი ციხის „კრესტების“ ეზოში ჩავიდა. საბადრაგო მანქანაში ჩაჯდა და ღამის 2 საათზე საპყრობილე დატოვა. საბადრაგო ფურგონმა სამიოდე კილომეტრი გაიარა და გრიბოედოვის არხთან გაჩერდა. უბილავა თეთრ „ჯიპში“ გადაჯდა და ავტომობილმა ახალი დასახლებისკენ აიღო გეზი და ლევანი კონსპირაციულ სახლში მიიყვანა. საშუალო ზომის აგარაკზე ორსართულიანი სახლი იდგა და ირგვლივ იმდენი ფიჭვი, იმდენი მწვანე ნარგავი ჰქონდა შემორტყმული, რომ არც პერიმეტრზე შემოვლებული სამი მეტრის სიმაღლის ღობე ჩანდა, არც სახლი და ყველაფერი იდეალურად იყო შენიღბული. ირგვლივ კი უზარმაზარი ფიჭვების ტყე იყო და ალაგ-ალაგ ჩადგმული აგარაკები ჩანდა. ღამის ოთხი საათი სრულდებოდა. აგარაკზე ლევანის მეტი არავინ იყო. თუმცა უბილავას წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ახლომახლო მეშიკის „გალავარეზები“ იქნებოდნენ ჩასაფრებულები. აგარაკი კი – ფარული ვიდეოთვალებითა და „ჟუკებით“ გაძეძგილი.

ლევან უბილავამ „კრესტებში“ 6 თვე გაატარა. 40 კილოგრამი დაიკლო და იქიდან 60 კილო გამოვიდა. უფრო სწორად კი, უბილავა ციხიდან გააქციეს და ამ საქმეში 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. ლევან უბილავა სულ რაღაც 6 თვის წინ ათლეტური აღნაგობის ძლიერი მამაკაცი იყო და ვლადიმირ მეშიკის პირადი დაცვის ცვლის უფროსად მუშაობდა. 62 წლის მეშიკი, ეგრეთ წოდებული, „შავი იუველირი“ იყო, ანუ ნებისმიერი წარმოშობის ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და ამ დარგში მას მთელ ევროპაში ბადალი არ ჰყავდა. მართალია, მეშიკი გეი გახლდათ, მაგრამ მას ეს არატრადიციული ორიენტაცია ხელს არ უშლიდა, რომ თავზეხელაღებული კრიმინალები მუჭში ჰყოლოდა გამომწყვდეული, რომლებიც ყველა მის ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდნენ. უბილავა კი „კრესტებში“ „ნაკოლშჩიკობის“ გამო მოხვდა: ლევან უბილავამ თავის დეიდაშვილს, „მედვეჟატნიკს“, ლევან ქორიძეს, მეტსახელად „ქორს“, მეშიკის სეიფის ადგილმდებარეობა აცნობა. თავად შეუწყო ხელი იქ მოხვედრაში და „ქორმა“ სეიფიდან სამასი ძვირფასი ქვა მოიპარა. მათი ღირებულება „შავ ბაზარზე“ მილიონ დოლარს აჭარბებდა. დეიდაშვილებმა ეს ოპერაცია ისე დაგეგმეს, რომ უბილავაზე ეჭვი არავის მიეტანა. ამიტომ, ძარცვის ღამეს ლევან უბილავა სანკტ-პეტერბურგის ცნობილ იახტა-ბარ „კრონვერაზე“ იმყოფებოდა „ნაშასთან“ ერთად და იქ ჩხუბის პროვოცირება მოაწყო, პოლიციას თავი დააჭერინა და ამგვარად უნდოდა, ალიბი გაეკეთებინა. თუმცა, მეშიკმა კვალიფიციური კერძო დეტექტივები დაიქირავა და მათ სულ რაღაც ოთხ დღეში დაუდეს მეშიკს დასკვნა, რომ „ნაკოლშჩიკი“ ლევან უბილავა უნდა ყოფილიყო. ამიტომ, მეშიკმა უბილავას „კაპეზეში“ მიაკითხა. კერძო დეტექტივების დასკვნა გააცნო და ქვების დაბრუნება მოსთხოვა. უბილავა, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, ათდღიანი პერმანენტული წამების შემდეგ, მან აღიარა, რომ ძარცვა „ქორმა“ ჩაიდინა, თან დაამატა:

– „ქორმა“ შენი ქვები ერთ-ერთ საზღვარგარეთულ ბანკში შეინახა და მათი იქიდან წამოღება მხოლოდ მას შეუძლია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფეისკონტროლსა და თითების ანაბეჭდების იდენტიფიკაციას გაივლის. ასე რომ, „ქორი“ თუ მოიხელთეთ კიდეც, ვერ აიძულებთ „ტავარის“ დაბრუნებას. ცოლ-შვილი მას საიმედოდ ჰყავს გადამალული. ხოლო მე რომ მომკლათ, ჯაჭვი ჩემზე გაწყდება და ნურაფრის იმედი ნუღა გექნებათ.

– რას გვირჩევ? – მშვიდად იკითხა მეშიკმა.

– რას და თავად გამოვა კავშირზე და უნდა მოელაპარაკოთ, – უპასუხა ლევან უბილავამ მეშიკს.

„შავი იუველირის“ მეფემ ერთი კვირა ითმინა. შემდგომ კი „კრესტების“ დირექტორს თანხა მიუტანა და უბრძანა:

– ისეთ დღეში ჩააგდეთ, რომ მშობელმა დედამ ვერ იცნოს. მაგრამ არ შემოგაკვდეთ. ყველა მასთან დაკონტაქტებულზე კი დაუყოვნებლივ მაცნობეთ და კონტაქტს ხელი არ ახლოთ. საკანში კი ფარული ვიდეოკამერები და „ჟუკები“ დაამონტაჟეთ:

– გასაგებია, – მორჩილად თქვა „კრესტების“ დირექტორმა და იკითხა, – რას იტყვით, ხომ არ გავაუპატიუროთ, რომ უფრო მორჩილი გახდეს?

– არავითარ შემთხვევაში! – იღრიალა თვალებანთებულმა მეშიკმა და კბილებში გამოსცრა, – ეს რომ ქნათ, შეიძლება თავი მოიკლას და ხახამშრალი დავრჩები. უბრალოდ, თქვენებურად აწამეთ, რომ ჯოჯოხეთი გაიაროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შემოგაკვდეთ. გასაგებია?

– გასაგებია, – მორჩილად მიუგო მეშიკს „კრესტების“ დირექტორმა.

ბუნებით სადისტი და ფულის მოყვარული „კრესტების“ დირექტორი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა მეშიკის ბრძანებას და სულ რაღაც სამ თვეში უბილავასგან ძვალი და ტყავი დატოვა. პატიმრობის მეოთხე თვეს უბილავასთან ცნობილი ადვოკატი ლეონიდ გროსმანი მივიდა და გაძვალტყავებულს უთხრა:

– მე თქვენს დასაცავად ამიყვანეს და ძალიან მალე გაგიყვანთ აქედან. თან, დამაბარეს, რომ ყველაფერს უნდა გაუძლოთ. „სვაბოდაზე“ კი მოგხედავენ და იმაზე უკეთესად იქნებით, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ.

გროსმანი „ქორმა“ დაიქირავა და საკმაოდ მსუყე ავანსიც გადაუხადა. მეშიკმა ცნობილი ადვოკატი უბილავასთან ვიზიტის შემდეგ დაიმარტოხელა და უთხრა:

– თქვენი ანგარიში „გავჩითე“ და ვიცი, რომ 20 ათასი დოლარი ჩაგირიცხეს კლიენტის მომსახურებისთვის. მე ორჯერ მეტს გადაგიხდით, თანახმა ხართ?

გროსმანმა შესანიშნავად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და არც ის ესწავლებოდა, რომ მეშიკთან ხუმრობა არ ღირდა. ამიტომ ჰკითხა:

– სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთო?

– დამქირავებლის შესახებ გვაცნობოთ ყველაფერი. ასევე, არ დაგვიმალოთ არაფერი, რასაც დამქირავებელი დაგავალებთ, – განუმარტა მეშიკმა გროსმანს, მან კი თქვა:

– დამქირავებელს თავისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ის „ბორიად“ გამეცნო და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით მეკონტაქტება. მე თანახმა ვარ, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენოთ. თანხას როდის მივიღებ?

– თანხა ათ წუთში თქვენს ანგარიშზე იქნება და შეგიძლიათ, შეამოწმოთ, – უთხრა მეშიკმა ადვოკატს და გამოემშვიდობა.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ლეონიდ გროსმანმა და „კრესტების“ დირექტორმა ერთდროულად აცნობეს მეშიკს, რომ დამქირავებელმა, ანუ, „ქორმა“ გროსმანს 60 ათასი დოლარი ჩაურიცხა და „კრესტების“ დირექტორის მოსყიდვა დაავალა 30 ათასად, რომ მას ლევან უბილავა ციხიდან გაექცია.

მეშიკს გაეცინა და თქვა:

– ყოჩაღ, ბიჭებო! ერთგულად მემსახურებით. ეს ფული გაიყავით, ოპერაციის დასრულების მერე კიდევ მაგდენს მიიღებთ, – შემდეგ გროსმანს მიუბრუნდა და უთხრა:

– მისწერე, რომ დირექტორი, პრინციპში, თანახმაა, მაგრამ დრო მოითხოვა, რომ გაქცევისთვის საჭირო მომენტი შეარჩიოს. მან კი ის მოგწეროს, თუ სად უნდა მიიყვანო ციხიდან გაქცეული უბილავა დასამალად.

– „ქორმა“ გროსმანს მისწერა, რომ დამატებით ინფორმაციას მაშინ შეატყობინებდა, როდესაც უბილავას გაქცევის თარიღი და დრო დაზუსტდებოდა. თან გააფრთხილა, რომ ღალატის შემთხვევაში მას თვალის დაუხამხამებლად მოსპობდა.

– ვინ ვის მოსპობს, მაგასაც ვნახავთ, კბილებში გამოსცრა მეშიკმა, როდესცა ადვოკატის მორიგი „დაკლადი“ მოისმინა, გროსმანს კი უთხრა:

– ნურაფრის გეშინია. შენ ჩემი დაცვის ქვეშ ხარ და თავიდან თმის ღერიც არ ჩამოგივარდება.

ლევან უბილავას გაქცევა ამ საუბრიდან ორი თვის შემდეგ განხორციელდა. მანამდე კი, მეშიკის ბრძანებით, უბილავას მეთოდურად აწამებდნენ, თან მეშიკი მას შეჰპირდა, რომ თუკი „ქორს“ დააჭერინებდა, მაშინ ორივეს ცოცხალს დატოვებდნენ, თან ასი ათას დოლარსაც ჩაუდებდნენ ჯიბეებში და მშვიდობით გაუშვებდნენ. სწორედ ეს შეთანხმება შეახსენა მეშიკმა უბილავას ციხიდან გაქცევის წინ. თუმცა, „შავი იუველირი“, სინამდვილეში, ორივე ლევანის უსასტიკეს წამებასა და განადგურებას გეგმავდა, მაგრამ ეს – მერე, როგორც კი გატაცებულ ქვებს დაიბრუნებდა. მეშიკის „გალავარეზები“ ახალი დასახლების მთელ პერიმეტრზე იყვნენ ჩასაფრებულები. რვა შეიარაღებული ადამიანი ოთხ ცვლად მორიგეობდა და ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლადმზად იყვნენ. მეშიკის ბიზნესს მთავრობის ყველაზე მაღალ ეშელონებში მფარველობდნენ, რადგან „იუველირის მეფე“ მათ დიდ „მაყუთს უმაზავდა“ და ყველა კმაყოფილი იყო. მეშიკის იმპერიაში აბსოლუტური წესრიგი მეფობდა და იქ სუბორდინაციას უმკაცრესად იცავდნენ. თითოეულ თანამშრომელს მეშიკი პირადად არჩევდა და ახალბედას მხოლოდ მისი თანხმობის მერე იღებდნენ სამსახურში. მეშიკი კარგი ორგანიზატორი იყო და თავისი „უწყების“ სტრუქტურები საათის მექანიზმივით ჰქონდა აწყობილი. მას მძიმე ბავშვობა და სიჭაბუკე ჰქონდა. სამი წელიწადი არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში გაატარა და ორიენტაცია სწორედ იქ შეაცვლევინეს ძალადობით. ციმბირში, ჩელიაბინსკის ოლქში მდებარე უსასტიკეს ზონაში 15 წლის მეშიკი მამინაცვლის მკვლელობის ბრალდებით მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვოვას წინააღმდეგ პირდაპირი სახმილები არ არსებობდა და ცემა-ტყეპის მიუხედავად, არც მას უღიარებია დანაშაული, მეშიკს 10 წელი მიუსაჯეს. ვლადიმირ მეშიკის მამინაცვალი დარიშხანით იყო მოწამლული, რომელიც არყის ჭიქაში აღმოჩნდა ჭიქაზე კი პატარა ვოვას თითების ანაბეჭდები დაფიქსირდა და ძიება და სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ამ ირიბ სამხილს დაეყრდნო. თანაც, მთელმა დაბამ, სადაც მეშიკი ცხოვრობდა, იცოდა, რომ მამინაცვალი, პატარაობიდან მოყოლებული, სასტიკად სცემდა ვოვას და ეჭვი არავის ეპარებოდა მეშიკის ბრალეულობაში. „მალალეტკებში“ გამწესებულმა ვოვა მეშიკმა 2 წლის განმავლობაში შეძლო თავის გატანა და არ „გაძუკნებულა“. თუმცა, კოლონიის ადმინისტრაციამ საშუალება არ მისცა მეშიკს, რომ ბოლომდე სუფთად მოეხადა სასჯელი. ამიტომ მეშიკის სრულწლოვანობამდე ორი თვით ადრე, როცა სულ რაღაც 60 დღის მერე მას „ვზროსლების“ ციხეში გადაიყვანდნენ, მძინარე ბიჭი „ძუკნებმა“ „დაითრიეს“, პირი აუკრეს, გაკოჭეს, ტუალეტში შეათრიეს და შუააზიელ „შამოს“ გააუპატიურებინეს, რომელიც თანაკლასელი გოგონას გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს და კოლონიაში მოხვედრამდე ციხეში „გაძუკნეს“. „გაძუკნულმა“ მეშიკმა ორივე ხელზე გადაიჭრა ვენები და სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და ძლივს გადაარჩინეს. კოლონიის ადმინისტრაცია უკიდურესად შეშინებული იყო და მეშიკს გაურიგდნენ, რომ თუკი ის არ იჩივლებდა, მაშინ მის საქმეს გადახედავდნენ და დარჩენილ 7 წელიწადს მოუხსნიდნენ. ვოვა დათანხმდა, გაიმართა სასამართლო და 18 წლის ვლადიმირ მეშიკი, როგორც ინვალიდი და სანიმუშო პატიმარი, გაათავისუფლეს. თუმცა, ორწლიანი პირობითი სასჯელი გამოაყოლეს.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი